ჩემი ვედრება – განხილვა
ლექსი „ჩემი ვედრება“ დაწერილია 1893 წელს. როგორც ვაჟას პოეზიისთვისაა დამახასიათებელი, არც ამ ლექსშია სტროფები გამოკვეთილი, ნაწარმოების სტროფებად დანაწილება ვაჟას ლექსებასა და პოემებში აზრობრივ-ემოციური ფაქტორებით არის პირობადადებული.
ნაწარმოების პირველი სტროფი – ლირიკული დასაწყისი (პირველი საფეხური კომპოზიციის) ერთი რითმით შეკრული ოთხი ტაეპი ლექსის ლოგიკურ და ემოციურ გასაღებს წარმოადგენს. ამდენად, მის კარგად გააზრებაზეა დამოკიდებული ტექსტის სწორად გაგება. ლექსი იწყება უფლისადმი მიმართვით:
„ღმერთო, ისმინე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია…“
მეორე სტრიქონი აზუსტებს და ემოციურად ამძაფრებს პირველ ტაეპში მოცემულ სათქმელს. მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ ლექსი წარმოადგენს არა უფლის სადიდებელ ლოცვას, არამედ თხოვნას, „მოცემის ვედრებას“(საბა), ხოლო რის მოცემას შესთხოვს პოეტი უფალს, ამავე სტროფში ირკვევა:
„არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!“
პოეტი ღმერთს რწმენის სიმტკიცესა და უფლის სიყვარულს გაუნელებლობას შესთხოვს. ესაა ლექსის ძირითადი თემა, ხოლო ის, რაც შემდგომ მოსდევს ამ თემას, მის საფეხურებრივ განვითარებას წარმოადგენს და შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქვეთემები. ისიც უნდა ითქვას, რომ ის, რაც ამ ლექსშია თავმოყრილი და „ვედრების“ ფორმით წარმოდგენილი, სხვადასხვა სახით ვაჟას მთელ შემოქმედებაშია გაბნეული და ეყრდნობა როგორც საღვთო წერილს, ასევე თავისი წინამორბედების: დავით გურამიშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა თუ ილია ჭავჭავაძის – ამავე თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. ლირიკული დასაწყისის შემდეგ, სადაც ლექსის თემა გაცხადდა, პარალელური და საფეხურებრივი კომპოზიციით აგებულ სტროფებში მოცემულია ლირიკული გმირის კონკრეტული სათხოვარი უფლის მიმართ. მომდევნო ოთხსტრიქონიან სტროფში ტანჯვაში გულგაუტეხელობას, მუდმივ მღვიძარებასა და მოყვასისთვის თავგანწირვის უნარს შესთხოვს ვაჟა ღმერთს.
მუდმივი მღვიძარება, მოყვასის საკეთილდღეოდ მაშვრალობა, ტანჯვის გაძლება, სიკეთით ბოროტების ძლევა ის ჭეშმარიტი, მაგრამ „იწრო და საჭირველი“ გზაა, რომელიც უფალმა მოუნიშნა ადამიანს.
ვაჟა ევედრება უფალს, შთაგონების სიხარული არ დაუძვიროს, რადგან პოეტი ამის გარეშე „მადლდაკარგულია“, მას ფუნქცია აღარ აქვს ამქვეყნად, უგრძნობია, სიყვარულს მოკლებული, ღმერთს დაცილებული ცოცხლად მკვდარია და როგორც „ბახტრიონში“ იტყვის:
„ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთ წამს ტრფობისა მთაზედა“.
როგორც ვხედავთ, ლექსში განვითარდა ვედრების თემა, რამაც თავისი დასრულებული სახე ბოლო სტროფში უნდა მიიღოს. კომპოზიციის მნიშვნელოვანი ელემენტი, დასასრული, როგორც ცნობილია, მზარდი ემოციური დაძაბულობის გახსნაა. იგი აზოგადებს კერძო მოვლენას, რაზეც მანამდეა საუბარი. ლექსში ყველა გრძნობა და აზრი მიემართება დასასრულისკენ, იგი, როგორც ფოკუსში, აერთიანებს მთელ ენერგიას, თითქოს მთელი ლექსი დასასრულისათვის იწერება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საანალიზო ლექსშიც ბოლო სტროფში, რაც დასკვნას წარმოადგენს, ზოგადდება ყველა ის საკითხი, რაზედაც ლექსში იყო საუბარი და ერთი შეხედვით, კერძო, პიროვნული ხასიათი ჰქონდა. ეს სტროფიც კონსტრასტული სახეებითაა აგებული და ერთგვარ მოულოდნელ დასასრულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს:
„სული – შენ, ლეში – მიწას,
აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,
შვილი – დედას და მამასა“.