ნიკო ლორთქიფანიძე ქორწილი – ანალიზი
მოთხრობაში სიყვარულის თემა გარკვეულ, მკაფიოდ დახატულ სოციალურ გარემოშია განფენილი. ნაწარმოების დასაწყისშივე მინიშნებულია, რომ თავადაზნაურობას პოზიტიური საზოგადოებრივი ფუნქცია და სამოქმედო სარბიელი დაკარგული აქვს, მისი ღირებულებები და ინტერესები დაკნინებულია. ძირითად ასპარეზად, სადაც თავის ენერგიას ხარჯავს და თავის ამბიციას იკმაყოფილებს, მას სუფრა, ქეიფი დარჩენია.
მოთხრობის პერსონაჟის ბესოს სახეში შეგვიძლია დავინახოთ, როგორ არის გამრუდებული ახალ დროში და პირობებში (საქართველოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევის შემდეგ) ძველი, რაინდულ-არისტოკრატული იდეალი და ფასეულობები. სერიოზული აზრის, მიზნების და საქმეების ადგილს პარაზიტული უსაქმურობა და სულიერი გამოფიტულობა იკავებს. პიროვნული ღირსება იქცევა წვრილმან პატივმოყვარეობად , უსაგნო ამპარტავნობად, რომელიც სხვა ადამიანების ღირსების უტიფარი დამცირებით ისხამს ხორცს. რაინდული ვაჟკაცობის უბადრუკ ნაშთად უაზრო აგრესია, ჩხუბისთაობა გვევლინება. ღრმა რაინდული მეგობრობა შენაცვლებულია ამფსონობით, კომპანიონობით დროსტარებაში და დებოშების მოწყობაში. რჩეული ქალისადმი მზრუნველობას და ერთგულებას გალანტურობით ზერელედ შენიღბული გულგრილობა და უპატივცემულობა, სასტიკი ეგოიზმი ცვლის.
შინაგანად ბესო შორს არის რაინდობისგან, ის მხოლოდ თამაშობს რაინდს. ქეთო კი, ეტყობა, მასში ნამდვილ რაინდს ხედავს. ეს არის ამ ბავშურად სუფთა და წრფელი, მიმნდობი ადამიანის ტრაგიკული ილუზია.