ლიტერატურა

მარიო ვარგას ლიოსა – „ჩემმა შემოქმედებამ გაიმარჯვა“

პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი– მარიო ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წლის 28 მარტს ქ. არეპიკში.

მარიო ვარგას ლიოსა ლიტერტურის ასპარეზზე 1960 წელს გამოვიდა და სულ მალე მოიპოვა აღიარება მწვავე პოლიტიკური თემებითა და მოდერნისტული სტილით. მანამდე მწერალი ერთი ხანობა მუშაობდა როგორც ენის მასწავლებელი და „ფრანს პრესის სააგენტოს“ ჟურნალისტი. მისი ავტობიოგრაფიული რომანი, “ქალაქი და ძაღლები” (La ciudad y los perros), რომელიც 1963 წელს გამოიცა, ენობრივი დახვეწილობის, ტექნიკისა და ტექსტის საინტერესო სტრუქტურის გამო, მკითხველმა თავიდანვე აღფრთოვანებით მიიღო. ავტორის პოპულარობა ნაწარმოების მწვავე სოციალურმა თემატიკამ განაპირობა. თუმცა ისეთი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია, რომ რომანი საჯაროდ დაწვეს.  რომანი „ქალაქი და ძაღლები“ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მკითხველი აუდიტორიისთვის საკულტო წიგნი გახდა. საბჭოთა კავშირში 1986 წელს განახორციელეს რომანის ეკრანიზაცია. ფილმი გადაიღეს აშშ-ც.

1967 წელს გამოვიდა მოთხრობა „ლეკვები“, რომელშიც ლათინური ამერიკის საზოგადოებაში სოციალური წყობის ელემენტის მიერ ცხოვრების ძალადობის გამოვლენაა ასახული.

1968 წელს გამოდის რომანი “მწვანე სახლი” (La casa verde) და მასში ხუთი ურთიერთგადამკვეთი სიუჟეტის ფონზე ძალადობასა გაუცხოებას იკვლევს. რომანმა მარიო ვარგას ლიოსას სახელი ლათინოამერიკულ ლიტერატურაში თვალსაჩინო გახდა. მარიო ლიოსს კრიტიკოსებმა „ჰემინგუეის მემკვიდრე“ უწოდეს.

მისი რომანი “დეიდა ხულია” არის ამბავი თვრამეტი წლის სტუდენტი ბიჭისა, რომელსაც 32 წლის დეიდა ხულია შეუყვარდება. ცნობილია, რომ რომანში ავტორი საკუთარ ურთიერთობებზე ყვება. წიგნი ლიოსას პირველ ქორწინებაზე მოგვითხრობს. თუმცა საინტერესოა, რომ მოგვიანებით, ხულია ურქუიდიმ – ლიოსას ყოფილმა ცოლმა დაწერა მემუარები სახელწოდებით “რა არ თქვა პატარა ლიოსამ”, სადაც ის მწერალთან მისი ურთიერთობის საკუთარ ვერსიას ყვებოდა.

მარიო ვარგას ლიოსას მსოფლიო აღიარება სხვა რომანებმაც მოუტანა: „ომი და სამყაროს დასასრული“ და „საუბარი ‘ტაძარში’“.

რომანზე „ომი და სამყაროს დასასრული“ მწერალი დიდხანს მუშაობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: ’’ბრაზილიას არც კი ვიცნობდი, ამიტომ თავი მოვალედ ჩავთვალე ამ გიგანტური ქვეყნის ისტორია აღმომეჩინა. ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ იმავდროულად საოცრად საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალი”.

მარიო ლიოსას ნაწარმოებების ძირითადი ხაზი გახლავთ პერუ – სამშობლო. მისი ბუნება, მითები, ადამიანები, პერუს და მთელი სამხრეთ ამერიკის ისტორია. ისტორია, რომელიც ალბათ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომელთა ცხოვრებაც დიქტატურულ რეჟიმში ტრაგიკული ხდებოდა. მის ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებში „ცუდი გოგოს თავგადასავალი“, დრო გაჩერებულია, მოქმედების ადგილი – მთელი სამყარია, ცხოვრება კი – ზეიმი და ფეიერვერკია.

2010 წლის ნოემბერში დღის სინათლეს ნახავს მარიო ვარგას ლიოსას ახალი რომანი “კელტის სიზმარი”, ბიოგრაფიული რომანი ირლანდიელი რევოლუციონერის – როჯერ კეისმენტის შესახებ. ნაწარმოების მთავარი გმირი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ირლანდიელია, რომელიც კონგოში და ამაზონის ნაპირებზე სახლობდა.

1995 წელს მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა სერვანტესის პრემია, რაც ყველაზე დიდ ლიტერატურულ ჯილდოდ ითვლება ესპანურენოვან მსოფლიოში.
2010 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა. შვედური აკადემიის მოტივაციაში ნათქვამია, რომ ეს უმაღლესი წოდება 74 წლის ავტორს მიენიჭა „ძალაუფლების სტრუქტურების განსაზღვრისა და პიროვნების წინააღმდეგობის გამჭოლი სურათის, მისი ბუნტისა და დამარცხებისათვის“.

კითხვაზე, თუ რატომ არგუნეს ნობელის პრემია, მწერალმა უპასუხა: „მინდა მჯეროდეს, რომ პრემია ჩემი შემოქმედებისათვის და არა გარეგნობისათვის მომანიჭეს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემმა შემოქმედებამ გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვისურვებდი“.

მარიო ვარგას ლიოსა ითვლება ასევე ლიტერატურის თეორიის სპეციალისტად, ავტორია ლიტერატურულ შემოქმედებაზე გამოცემული რამდენიმე წიგნის და ესეების კრებულისა.

ლიოსას ერთადერთი გატაცება არასოდეს ყოფილა ლიტერატურა. 1990 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული ფრონტიდან. მაგრამ, მიუხედავად დიდი პოპულარობისა, წინასაარჩევნო კამპანიის დროსვე დამარცხდა. ამის შემდეგ, 1993 წელს მან დატოვა პერუ და ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე ესპანეთში დასახლდა. “თავს მოვალედ ვთვლი გავიხსენო და მადლობა გადავუხადო ესპანეთს, რადგან მწერლად თავს სწორედ ესპანეთის წყალობით და ესპანეთში ვგრძნობ” – წერდა მწერალი.

მიუხედავად ესპანეთში ცხოვრებისა, მარიო ლიოსა დღემდე მონაწილეობს პერუს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვენესუელაში მიმდინარე ფორუმზე ”სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია” გამოსვლისას, განაცხადა, რომ ვენესუელა კუბის სოციალიზმის მოდელზე დაყრდნობილ სახელმწიფოს აშენებს. “არ არის არანაირი ეჭვი იმაში, რომ ვენესუელას მიერ არჩეული გზა, 21-ე საუკუნეში სოციალიზმის მშენებლობისა, კუბის რეჟიმის მოდელის დამყარების მცდელობაა. ყველა დროში ტოტალიტარული რეჟიმები თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის უტოპიურ იდეებს გვთავაზობდნენ ”არასრულყოფილი დემოკრატიის” ნაცვლად, თუმცა ასეთი ტიპის დაპირებები მხოლოდ დიქტატურით სრულდებოდა”. ცნობილი მწერლის აზრით, დღეისათვის მსოფლიოს მხოლოდ ორი ქვეყანა – კუბა და ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკა – რჩებიან უტოპიური სოციალიზმის პოზიციებზე.

ლიოსას ვაჟიშვილი, ალვარო ვარგას ლიოსა – ცნობილი პუბლიცისტი და პოლიტიკური კომენტატორია, ხოლო ახლო ნათესავმა, რეჟისორი კლაუდია ლიოსამ გსაულ წელს “ოქროს დათვი” მიიღო ბერლინის კინოფესტივალზე ფილმისთვის “გლოვის რძე” (La teta asustada), რომელიც “ოსკარზე” იყო ნომინირებული.

თენგიზ ვერულავა

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button