ლიტერატურა

ხათუნა მაისაშვილი – “ჰიპერტექსტუალური თამაში ანუ ჩვენ ვეძებთ პროპის ადამიანებს”

ერთი მეთოდური ექსპერიმენტის შესახებ

შესავალი

სტატია შეეხება ერთ კონკრეტულ დავალებას კომუნიკაციათმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. დავალება ჩაფიქრებულია, როგორც მრავალმხრივიპროფესიული უნარების გამომცდელი და შესამოწმებელი ამოცანა: ლინგვისტური უნარის, ვიზუალურ-სივრცობრივი ორიენტაციის უნარის და ინტერპერსონალურ-ინტრაპერსონალური კომუნიკაციის უნარისა. დავალება საკამათოც ჩანს, მხიარულიც, პარადოქსულიც. ამიტომ მისი შესრულება თამაშის სახეს იღებს.

კომუნიკაციათმცოდნეობის მიმართულების ლექტორი და 300 სტუდენტი თავშესაქცევ კომუნიკაციურ თამაშს თამაშობენ. ლექტორი სტუდენტებს უკითხავს მათთვის ძალიან ნაცნობ პოპულარულ ზღაპარს და აძლევს დავალებას:

შინაარსს „ჩამოუშალონ” ზღაპრის ფორმა (ანუ „გატეხონ“ ზღაპრის ტექსტური და ფუნქციური კოდები) და იგი ახალი ტექსტის სახით დაუბრუნონ გამგზავნს (ლექტორს).

მიზანზე ზემოთ მოგახსენეთ. ამ მეთოდური ექსპერიმენტის ამოცანა კი ის არის, სტუდენტს განუვითაროს ინტერტექსტური ნავიგაციისა და ტექსტის მოხმარების უნარ-ჩვევები, წყაროს (ადრესანტის) შეტყობინების შენარჩუნება-ინტერპრეტაციის ჩვევები, ემპირიულად გამოსცადოს შეტყობინების დეკოდირების ჟანრობრივი (დისკურსული) დიაპაზონი კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ გარემოში.

ეს ექსპერიმენტი შედგა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „კომუნიკაციათმცოდნეობის შესავლის“ მსმენელ სტუდენტთა წრეში (2008 წელს). ექსპერიმენტში მონაწილეობდა 300 სტუდენტი. საექსპერიმენტო ტექსტურ მასალად შეირჩა შარლ პეროს ზღაპრები: „ჩექმებიანი კატა“ და „ცეროდენა“. ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები დაიყვნენ სამ ჯგუფად. დავალების მიღების შემდეგ ახალი ტექსტის შესაქმნელად მიეცათ 2 საათი.

ექსპერიმენტის წინაპირობა

ექსპერიმენტის მომენტისთვის სტუდენტებს მოსმენილი აქვთ ლექციები: კომუნიკაციის კონცეპტის შესახებ; კომუნიკაციის ძირითადი ელემენტების შესახებ (ფერდინანდ დე სოსიურის, როლან ბარტის, ჩარლზ პირსის, რაიმონდ ფირტის, უმბერტო ეკოს ნაშრომების მიმოხილვის სახით), კომუნიკაციური პროცესის მოდელების შესახებ (არისტოტელე, ლასუელი, შენონ-უივერი, გერბნერი, მალეცკე), შეტყობინების ტექსტის, დისკურსის მაკრო- და მიკროფორმების შესახებ (მხატვრული ლიტერატურა და მისი ჟანრები, ტექსტური ფორმები, ჟურნალისტიკა და მისი ჟანრები, პიარი და პიარრეპრეზენტაციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები და სხვა).

ექსპერიმენტის სპეციფიკა კომუნიკაციური მოდელის პრიზმაში

კომუნიკაციური პროცესი ექსპერიმენტის ფარგლებში განეკუთვნება ციკლურ მოდელს. ამ პროცესის ჯაჭვი შეკრულ წრეს ქმნის: გამგზავნი – შეტყობინება – მიმღები(გამგზავნი) – შეტყობინება’ – მიმღები(გამგზავნი). კომუნიკაციური პროცესი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე შეტყობინების გამგზავნი, ადრესანტი ლექტორია. მის მიერ გავრცელებული შეტყობინება ორნაწილიანია: პირველი, ეს არის საკუთრივ ზღაპრის ტექსტი, რომელსაც იგი წიგნიდან უკითხავს სტუდენტებს, და მეორე გახლავთ ინსტრუქცია-გასაღები, რომლის მეშვეობითაც მიმღებმა, ადრესატმა (სტუდენტებმა) უნდა შექმნას ახალი ტექსტი, ახალი შეტყობინება (დავალების შინაარსი). შეტყობინების მეორე ნაწილი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპონენტი-ინტერპრეტანტი, რომლის გარეშეც მთლიანად კომუნიკაციური პროცესი კარგავს აზრს. კომუნიკაციური პროცესის მეორე ეტაპს შეიძლება ვუწოდოთ უკუკავშირის ეტაპი, რომელზედაც გამგზავნი (წინა ეტაპზე – მიმღები) ახდენს მიღებული ორი შეტყობინების დეკოდირებას, ქმნის ახალს და უგზავნის მიმღებს (რომელიც წინა ეტაპზე გამგზავნი იყო). ამ ეტაპზე ლექტორს უწევს თავის შეტყობინებაზე განხორციელებული უკუკავშირის პერცეფცია: როგორც საკუთრივ ტექსტზე, ისე ამ ტექსტის შიგნით დაფარულ კოდებზე. თავდაპირველი შეტყობინების გამგზავნი მოელის, რომ მის მიერ გადაცემული შეტყობინების დეკოდირება მიმღების მიერ არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის მიერ გადაცემულ ინსტრუქცია-გასაღებზე, ანუ იგი ბოლომდე და აბსოლუტურად ვერ მართავს კომუნიკაციის პროცესს. თავად ინსტრუქციის აღქმა და გახსნა, ისევე, როგორც ძირითადი შეტყობინებისა, დიდად არის დამოკიდებული მიმღების სოციალურ-კულტურულ გარემოზე, ტექსტის ცოდნისა და მოხმარების ამ გარემოში მიღებულ გამოცდილებაზე, კომუნიკაციის ინტუიციურ უნარზე, ფანტაზიაზე. ეს ფაქტორები გასაღების ფუნქციას ასრულებს ექსპერიმენტში.

რატომ ზღაპარი?

ზღაპარი ერთგვარი მახეა. ერთი მხრივ, ზღაპარი, როგორც ბავშვობიდან ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ტექსტური ფორმა, სტუდენტისთვის „საყვარელი“ ტექსტია, რაც მას, ემოციური თვალსაზრისით, დადებითად განაწყობს დავალებისადმი. მაგრამ, მეორე მხრივ, ზღაპრის ნარატივისა და პერსონაჟების უნიკალური კოდები ის წყალქვეშა რიფებია, რომელთა მსხვრევაც სტუდენტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კერძოდ, ნარატივის მახასიათებლების მხრივ, ახალი ტექსტის შექმნისას სტუდენტს მოუწევს: ა) დაშალოს ზღაპრის ნარატივის მჭიდრო ტექსტური ქსოვილი; ბ) დაარღვიოს თხრობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა; გ) თხრობის ენაში დასვას ლოგიკური ან ემოციური მახვილები და სხვა. გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი სირთულეა, კერძოდ: შეტყობინების გადაცემა პერფორმერიდანაუდიტორიისთვის დეკლამაციის, ანუ ბგერითი ხელოვნების მეშვეობით ხდება – სპეციფიკური ინტონაციით, რაც სტუდენტის სმენითი უნარების, მისი „ბგერისმიერი ინტელექტის“ შემოწმებას ისახავს მიზნად. იმავდროულად, ექსპერიმენტის მეშვეობით მოწმდება სტუდენტის ინტრაპერსონალური კომუნიკაციის უნარი, ვინაიდან წინასაექსპერიმენტი დაშვებაა, რომ მიღებული შეტყობინება გამოავლენს, რამდენად იცნობენ სტუდენტები თავიანთ თავს, თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოტივაციებს, მიზნებს, გრძნობებს. სხვა დროსა და სივრცეში ამბის გადატანით კი მოწმდება სტუდენტების ვიზუალურ-სივრცობრივი ორიენტაცია.

ზღაპრის პერსონაჟების კოდების ასპექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ექსპერიმენტში. კერძოდ, სემიოლოგიაში ცნობილია, რომ რუსული ხალხური ზღაპრების შესწავლისას მეცნიერმა ვლადიმირ პროპმა შეადგინა ზღაპართა ნარატივის უმრავლესობაში წარმოჩენილი პერსონაჟების კლასიფიკაცია (Propp, V. (1968) Morphology of the Folk Tale. University of Texas Press). პროპისეული რანჟირების მიხედვით, აღწერილ იქნა არქეტიპური ისტორიის (თხრობის) პერსონაჟები (როგორც გარკვეული ფუნქციის მატარებლები, რომელთა (ანუ ფუნქციის) გარეშეც თხრობა ვერ განვითარდებოდა): 1. გმირი/სუბიექტი, რომლის ფუნქციაა ძებნა, ძიება, პოვნა, მოპოვება; 2. ობიექტი, რომელსაც ეძებენ და მოიპოვებენ; 3. ობიექტის დონორი; 4. მიმღები, რომელთანაც გმირს აგზავნიან; 5. მშველელი, მხსნელი, რომელიც ეხმარება მოქმედების განვითარებაში, და 6. არამზადა, რომელიც აფერხებს, ბლოკავს მოქმედებას. ექსპერიმენტის წინ სტუდენტებს შეგნებულად არ აწვდიან მასალას ვლადიმირ პროპის ამ ნაშრომის შესახებ. ექსპერიმენტის მიზანი სწორედ, ის არის, გაირკვეს, რომელი ფუნქციური დატვირთვის მატარებელი პერსონაჟი იქნება შენარჩუნებული, ფუნქციურად გამძაფრებული, გაძლიერებული ან, პირიქით, დაკარგული, შესუსტებული და დაკნინებული მიმღების მიერ; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელი პერსონაჟი აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი სტუდენტის სოციალურ-კულტურულ გარემოში, როგორ მანიპულაციას დაექვემდებარება ზღაპრის ფუნქციები ახალ (არაზღაპრულ) ტექსტში. „კარიბჭის მცველები“ და ამბის ღირებულებითი კოდები ზღაპრის ფაბულა – შესაბამისი დეკოდირების შემთხვევაში – სრულიად პასუხობს ჟურნალისტური ნაწარმოების კონსტრუირების წინაპირობებსადა პრინციპებს. ზღაპარში არის კონფლიქტიც, ძლიერი პიროვნებაც, გამონაკლისი (ან მისტიკური) შემთხვევაც, სენსაციაც, – ანუ ყველაფერი
ის, რაც მოვლენას მედიურ მოვლენად აქცევს.

ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტი თვითონ ხდება „კარიბჭის მცველი” – ნარატივისა და დისკურსის შერჩევაში იგი სრულიად თავისუფალია. იგი თვითონ ირჩევს:

– აქცენტს;

– მოქმედებაში შესვლის მომენტს, რომლითაც იგი შეძლებს, გაშალოს მთელი ისტორია და მიმზიდველი გახადოს მიმღებისთვის;

– დროსა და სივრცეს, რომელშიც გადააქვს მოქმედება;

– თხრობის ტონსა და ტონალობას;

– ისტორიის ნაჯერობის ხარისხს.

რას ირჩევენ? ანუ ექსპერიმენტის შედეგები

დავალების შესრულებაზე უარი არც ერთ სტუდენტს, ექსპერიმენტის მონაწილე არც ერთ პირს არ უთქვამს.

ვიზუალურ-სივრცობრივი ორიენტაციის მხრივ, სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეძლო დროით-სივრცობრივი ბარიერის გადალახვა. მოქმედების ადგილი თანამედროვე სამყაროა. ანუ, მათი აზრით, ზღაპარი ღირებული ამბავია, რომელიც დღეს ხდება და რომელიც ახალია. რაც შეეხება დისკურსულ ასპექტებს, აქ შედეგები იყოფა: მაკროდისკურსისა და მიკროდისკურსის მხრივ. მაკროდისკურსის მხრივ, ექსპერიმენტის მონაწილე სტუდენტების 70% პროცენტმა ამჯობინა, შეექმნა ჟურნალისტური ტექსტი, 3 % – პიარტექსტი, 27 %-მა -მხატვრული ტექსტი.

მიკროდისკურსის მხრივ ვაწყდებით ასეთ რანჟირებას: ჟურნალისტურ ტექსტში ჭარბობს მძიმე სოციალური პირობებით გამოწვეული კრიმინალური ისტორია (გადმოცემული საინფორმაციო შენიშვნის, ან რეპორტაჟის ჟანრით), ან წმიდა წყლის კრიმინალური ამბავი, რომელშიც აქცენტი კრიმინალური შემთხვევის ანატომიაზე დაისმის და არა – მის გამომწვევგარემოებებზე. ორივე ტიპის ტექსტისთვის დამახასიათებელია შესაბამისი ლიდი, რომელშიც გადმოცემულია ამ შემთხვევით დაინტერესების მოტივაცია. მხატვრულ ტექსტში ვხვდებით მოთხრობის, ეპისტოლარულ ან დღიურის დისკურსზე აწყობილ ნარატივს, გალექსილ ისტორიას. პიარტექსტები პაროდიული (უფრო მეტიც – ირონიულ-პაროდიული) ჟღერადობით გამოირჩევა, ისინი თავიანთი ტონალობით ძალიან ჰგვანან პოლიტიკური კამპანიის პროპაგანდისტულ რგოლებს.

პერსონაჟების სტრუქტურა და ფუნქციური დანიშნულება ექსპერიმენტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საგულისხმო ასპექტია. ჟურნალისტური ტექსტების 72 %-ში საერთოდ არ ფიგურირებს მხსნელი,სამაგიეროდ, არამზადების ფუნქცია გამძაფრებულია. იქამდეც კი, რომარამზადა ჩრდილავს მთავარ გმირს, როგორც მისთვის დათმობილი ტექსტის მოცულობით, ისე აღწერის დინამიზმით, ექსპრესიით. შესაბამისად, მოქმედებაც იცვლის განვითარების გეზს. სტუდენტების მიერ შეთხზულ ტექსტში მოქმედება წყდება კონფლიქტის მწვავე ფაზაში. ტექსტი მთავრდება საინფორმაციო გამოშვებებში დამკვიდრებული კლიშეთი: “ამ მომენტისთვის სულ ეს იყო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას”. ამგვარდისკურსში ცხადად იკითხება ქართული მედიაგარემოს გემოვნებისა და სტილის გავლენა. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ პირველადი შეტყობინების დეკოდირების დავალებაში სტუდენტებმა ამოიკითხეს, იგულისხმეს, რომ ზღაპრის ნარატივის „ჩამოშლა“ გულისხმობდა „კეთილი დასასრულის“ „ჩამოშლასაც“, რადგან, მათი აზრით, კეთილი დასასრული, „ჭირი იქა, ლხინი აქა“-თი, მხოლოდ ზღაპარში გვხვდება, ან სტუდენტთა ჰიპოთეტურ აუდიტორიას არ აინტერესებს კეთილი დასასრული. ნამუშევართა უმრავლესობაში ამბავი ღირებული ხდება მასში ასახული კონფლიქტის გამო (თითქმის ყველა ნამუშევარში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტი უსამართლობის შედეგია). რეალური ისტორია ასევე „კარგავს“ მისტიკურ გმირებს, ანუ ამბავი ღირებული არ ხდება გამონაკლისი ან ჯადოსნური შემთხვევის, ძლიერი პიროვნების, ანუ გმირის წყალობით. ზოგადად, შეიძლება ვთქვათ, რომ ექსპერიმენტის მონაწილე სტუდენტებმა აქცენტი დეპერსონალიზებულ კონფლიქტზე დასვეს.

ლიტერატურა

Galtung, J., Ruge, M. (1973). Structuring and Selecting News, in Stanley Cohen and Jock Young (eds.), The Manufacture of News (UK: Constable).

Gardner, H. (1993a). Frames of Mind: The Theory of Multiple ntelligences. New York: Basic Books.

Gardner, H. (1999). The Disciplined Mind: What all students should understand. New York: Simon&Schuster.

Propp, V. (1968) Morphology of the Folk Tale. University of Texas Press.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button