საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
– ე –
ეგზარქოსი (ბერძ. – „თავი უფროსი“) – 1) ძვ. ბერძენთა ქურუმთუფროსი; 2) ბიზანტიაში ბარბაროსთაგან წართმეული, ოლქის მმართველი; 3) ბიზანტიაში ეკლესიის ეპისკოპოსი (III ს-მდე); 4) მართლმადიდებლური ეგზარქატის თავი; 5) ეგზარქატი – მართლმადიდებელი ეკლესიის ოლქი, რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი, რომლის უფროსი – ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს.
ეგზეგეტიკა – ღვთისმეტყველების დარგი, რომლის მიზანია საღმრთო წერილის – ბიბლიის ახსნა-განმარტება.
ეგზორცისტი – საეკლესიო ლოცვებით ეშმაკთა და ბოროტ სულთა განმდევნელი.
ეგუტერი (ეკვდერი) – რომელიმე წმინდანის სახელზე, ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო.
ედემი (ნეტარება, სიტკბოება) – ღმერთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი წალკოტი – ედემის ბაღი, სადაც ადამიანი ყოველგვარ გასაჭირს, ავადმყოფობის და სიბერის გარეშე ცხოვრობდა სრულ ნეტარებაში.
ევანგელია – ხარება, კეთილი სასიხარულო ამბავი. ევანგელია შედგება ოთხი წიგნისაგან: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებისაგან.
ევლოგია (ბერძ. – დალოცვა) – სეფისკვერი, რომელიც ურიგდება მორწმუნეებს ეკლესიაში, წირვის დამთავრების შემდეგ.
ევქარისტია (ბერძ. – მადლობა) – ზიარება, ქრისტიანული ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი – მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების წირვის (იხ. ლიტურგია) დროს, პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება.
ეკლესია – ღმერთის მიერ დადგენილი ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც აერთიანებს მართლმადიდებლური რწმენა. ეკლესიას განეკუთვნებიან არა მარტო ცოცხალი მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ გარდაცვლილებიც, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენაში და სიწმინდეში იყვნენ. მოციქული პავლე გვამცნობს: „თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზების კრებულს და პირმშოთა ეკლესიას ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს, და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს (პავ. ებრ. 12, 22-24).
ეკლესიარქი – აღმოსაველთის ეკლესიაში, განსაკუთრებული თანამდებობა, რომელსაც ევალება ეკლესიაში წესრიგის დაცვა.
ემანუელი (ჩვენთან არს ღმერთი) – იესო ქრისტეს წინასწარმეტყველური სახელი. „აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს“ (მათე 1, 23) (ესაია 7, 14).
ემბაზი (ბერძ. – შესვლა) – ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის ჭურჭელი. „ემბაზის“ შვილი ნიშნავს მონათლულს.
ენკრატისი – მოწესე დედა, მონაზონი.
ენქერი – გვერდზე ჩამოსაკიდი რომბისებური, სამღვდელმთავრო საკმაული, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს: ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, სიკვდილზე გამარჯვებას. ასევე ენქერი აღნიშნავს სულიერ მახვილს, რომელიც იარაღის მსგავსად მარჯვენა მხარეს დაიკიდება.
ეპარქია – საეკლესიო ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი.
ეპისკოპოსი (ბერძ. – მეთვალყურე, ზედამხედველი) – ღვთის-მსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. მართავს ეპარქიას, სადაც მისი პრეროგატივაა საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება, დაქვემდებარებული სამღვდელოების ქიროტონია (ხელთდასხმა) და სხვ.
ეპიტიმია (ბერძ. – სასჯელი) – მორალურ-გამასწორებელი სასჯელი, რასაც სულიერი მამა დაადებს მორწმუნეს (ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა და სხვ.).
ეპიტრაქილი – იხ. ოლარი.
ეპიფანია (ბერძ. – „გამოცხადება“ ღვთისა) – ქრისტეს გამოცხადება, ნათლობა იორდანეს წყალში.
ერგასი – ძველ ქართულად 50-ს ნიშნავს. ქართული ლიტურგიკული ტრადიციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომიდან სულთ-მოფენობამდე. სახელწოდება ამ დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. იხ. ზატიკი.
ერგასის განზოგება (განახევრება) – დღესასწაული, ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე.
ერესი – მწვალებლობა, ეკლესიის დოგმების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრებანი.
ერესიარქი – მწვალებლური სწავლების დამმარსებელი.
ერეტიკოსი – მწვალებელი.
ერთდღიანი მარხვები – 1) ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი (გარდა ხსნილისა); 2) ნათლისღების წინა დღე 5(18) იანვარი; 3) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 4) ჯვართამაღლების დღე 14(27) სექტემბერი.
ესქატოლოგია (ბერძ. – უკანასკნელი მოძღვრება) – რელიგიური მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე.
ექტენია – იხ. კვერექსი.
– ვ –
ვარდის წყალი – გამოიყენება ტრაპეზის კურთხევის დროს.
ვარსკვლავი – ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.
ვნება – 1) ცოდვა, რომელიც მავნე ჩვევად იქცა; 2) გულისწყრომა, გულისთქმა; 3) ხორციელი სნეულება, წყლული, ჭრილობა.
ვნების კვირა – აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა.
– ზ –
ზარი – ხარების ქრისტიანული სიმბოლო ღვთისმსახურებაში. პირველად შემოღებულ იქნა მე-4 საუკუნეში, ნოლანის ეპისკოპოსის – პავლინის მიერ.
ზატიკი – 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, – ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7); 2) საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები; 3) პასექის დღესასწაული, იგივე ერგასი, ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდანთა კვირამდე. ამ პერიოდში უდიდესი საუფლო დღესასწაულებია: მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდს საეკლესიო მსახურება განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესები.
ზატიკი მცირე – საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულში წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები.
ზედაშე – ყურძნის სუფთა წვენისაგან დამზადებული წითელი ღვინო. გამოიყენება ლიტურგიის დროს.
ზესკნელი – ზევით, უმაღლესი კიდე, ანგელოზთა სამყოფელი.
ზიარება – იხ. წმ. ზიარება.
– თ –
თანამდები – მევალე.
თანანადებნი (მათე 6, 12) – ვანდებული.
თბე – გაფუებული ცომი.
თეოკრატია – სახელმწიფო წეს-წყობილება, სადაც, უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის უშუალოდ ღმერთს, ღმერთი განაგებს ასეთ სახელმწიფოს სასულიერო პირთა მეშვეობით.
თვენი – 1) საეკლესიო წიგნები, რომლებიც შეიცავს ლოცვებსა და საგალობლებს, თითოეული დღისათვის ცალკე; 2) წიგნი, რომელიც შეიცავს ეკლესიის კალენდარში ხსენებულ წმინდათა ცხოვრებას.
თვითავაჯნი – საგალობელი, რომელსაც საკუთარი მელოდია აქვს და არ არის დამოკიდებული ძლისპირზე.
– ი –
იადგარი – ძველ ქართულ მწერლობაში ჰიმნებისა და საგალობლების კრებული.
იაჰვე (ებრ. იეჰოვა) – ძვ. აღთქმით ღვთის გამომხატველი სიტყვა – „მე ვარ რომელი ვარ“.
იბაკო – მცირე ფორმის საგალობლების სახეობა. იგალობება კვირა დღეებში, ცისკრად, 118-ე ფსალმუნის შემდეგ, სრულდება ფეხზე დგომით ე.ი. საზეიმოდ; იბაკო მოთავსებულია კანონის მესამე გალობის შემდეგ.
იერარქი (ბერძ. – ჰიეროს – წმინდა, არქე – საწყისი, საფუძველი ძალაუფლება) – ქრისტიანული სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი. არქიელი).
იერარქია საეკლესიო (ბერძ. – სასულიერო ძალაუფლება) – ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ – საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა.
იერეი – მღვდელი.
იეროკირიქსი – ღვთის სიტყვის მქადაგებელი, საეკლესიო კათედრიდან.
იერომნიმონი – დავიწყებული სამღვდელო საქმის მომგონებელი.
იერუსალიმს დიდებით შესვლა უფლისა – იხ. ბზობა.
იკოსი – კონდაკთან საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა). დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც იკოსს უწოდებენ.
იპოსტასი (ბერძ. – პიროვნება, პირი) – სამების თითოეული პირი, ჰიპოსტასი.
ირმოლოგიონი – ღვთისმსახურების წიგნი, რომელშიც მოცემულია მოძრავი და უძრავი დღესასწაულების საგალობლები.
ირმოსი (ბერძ. – დაკავშირება) – ქართ. ძლისპირი – ყოველ კანონში პირველი მუხლის სახელწოდება, ის აკავშირებს ერთიმეორესთან მომდევნო ტროპარებს.
ისიხაზმი – XIV საუკუნის ბერძენი ბერების მიერ ათონის მთაზე ჩამოყალიბებული მისტიკური სწავლა-მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მარადიული შეუქმნელი ღვთიური ნათელის (რომელიც ღვთის ფერისცვალების დროს მოევლინა თაბორზე) ხილვის მიღწევა შესაძლებელია განსაკუთრებული ასკეტური მოღვაწეობით.
იღუმენი – მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი.