ნინო დარბაისელი – “ძვირფასი ქვა” (მცირე მოგონება თამაზ ჩხენკელზე)
გუშინ ეს სამწუხარო ამბავი რომ გავიგე, გავიხსენე:
ახალგაზრდობაში ძალზე კადნიერი ვიყავი. (ეს თვისება იქნებ არც ახლა მაკლდეს). მიმაჩნდა, რომ რაკი ჩემი თანატოლებისათვის და არა მხოლოდ მათთვის მითოსური საბურველით შემოსილ თამაზ ჩხენკელს პირადად მე ისე ახლო ვიცნობდი, რომ სალამზე ღიმილით მპასუხობდა, იმის უფლებაც მქონდა, სადმე, რედაქციაში თუ შევხვდებოდი, თამამად წამეკითხებინა ჩემი ლექსი და ისიც მოვალე იყო, აზრი დაუყოვნებლივ გამოეთქვა, თანაც – აღტაცებული!
არადა, ის ლექსი მართლა უმწეო გამომივიდა. ჩანაფიქრი თავისთავად ცუდი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ვიყავი იმისათვის, რომ თემა და ფორმა დამეძლია.
წაიკითხა.
დუმს.
მე ლოდინით გული ყელში მირტყამს.
აი, მაგიდაზე მისი ზამთარ-ზაფხულ დაკაპიწებული მკლავი შეირხა, მორკალული საჩვენებელი თითი ნიკაპს შეეხო, მერე ჰაერში არტისტულად ატრიალდა…
და როგორი საუბარიც იცოდა, მშვიდად, დაგემოვნებით დაიწყო:
– რობერტ ფროსტი…კარგია რობერტ ფროსტი! ხომ იცი…
ნინო თავს უქნევს, უხარია: ბატონ თამაზს მისმა ლექსმა ვინ მოაგონა? ვინ და – რობერტ ფროსტი!
ის კი განაგრძობს:
– რას ამბობს, თუ გახსოვს? …ლექსი უნდა იყოს მკვრივი და მძიმე, როგორც ქვა და კარგია , ეს ქვა ძვირფასიც თუ იქნება. კარგია ფროსტი! შენ გაქვს რობერტ ფროსტი?
ცხადია, ის ლექსი დაუყოვნებლივ დავივიწყე.
ბატონი თამაზის გაკვეთილს კი რა დამავიწყებს!
– – – – – – – – – – – – – –
ბოლოს ბატონი თამაზ ჩხენკელი ამ ზაფხულს ვნახე. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი” გამოსაცემად ამზადებდა კრებულ “გალაკტიონოლოგიას”. კრებულში მისი მცირე მოგონება იბეჭდებოდა გ.ტაბიძის შესახებ და ბოლო კორექტურისთვის უნდა გადაევლო თვალი. შემოვიდა და შემოანათა… მართლა ჰქონდა რაღაც ნათება. სივრცე, სადაც ის იმყოფებოდა, უჩვეულოდ ამაღლებული ხდებოდა. არ ვაზვიადებ. ვინც იცნობდა, მჯერა, ყველა დამეთანხმება. გულდასაწყვეტია, რომ ინტერნეტში მეტი სურათი ვერ ვიპოვე მისი. ეს კი, რომელიც გადმოვაკოპირე, წარუმატებელია ფოტოა, მის ჩრდილსაც ვერ ასახავს. ულამაზესი იყო.
ეს – ალბათ მისი ბოლო პუბლიკაციაა.
სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულიდან “გალაკტიონოლოგია”,
რა ფუჭი იმედი მქონია, რომ 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს, წიგნის პრეზენტაციაზე ძველებურად ჩვენთან იქნებოდა….
*************
თამაზ ჩხენკელი – არაერთხელ მინახავს
1. უძოდან მოვდივარ. ზემო წყნეთს გამოვცდი და მოსახვევში დავინახე გალაკტიონი, რაღაცას მისჩერებოდა. მივიხედე, რას უყურებს-მეთქი. ის იყურებოდა ბავშვთა ბანაკის მიმართულებით, რომლის ჭიშკარზე გამოკრული იყო ლოზუნგი: ბედნიერი ბავშვობისთვის მადლობა კომუნისტურ პარტიას… ახლა ვფიქრობ, რომ გალაკტიონის მაშინდელ გამომეტყველებას შეიძლებოდა დარქმეოდა სარკასტული. მაგრამ სინამდვილეში? სინამდვილეში ჩემს ხსოვნაში ჩარჩენილი გალაკტიონის სახის გამომეტყველების მიახლოებითი ახსნაც კი შეუძლებელია.
2. თავისუფლების მოედანზე შორიდანვე შევნიშნე გამზირიდან მომავალი გალაკტიონი. ჩემს წინ, მხარმარცხნივ გოგო-ბიჭი მიდიოდა. ბიჭი გოგოს მხარზე ხელგადახვეული მოდიოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ჩანდა, რომ მთელი ქვეყანა ფეხებზე ეკიდა. მოახლოებულმა გალაკტიონმა თვალების ოდნავი ღიმილით მანიშნა – რა უდარდელია, რა მშვენიერია და რა გულუბრყვილოა მათი სიყვარულიო. ამ წინასწარ ნაგულისხმევი შინაარსის უნდა ყოფილიყო გალაკტიონსა და ჩემს შორის ეს წამიერ-ხალისიანი კონტაქტი.
3. გვიანი ღამეა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოსთან” ჩამოვედით მე და რამაზ პატარიძე. ამ დროს უნივერმაღის (ახლა ბანკია) მოსახვევიდან ჩქარი ნაბიჯით გამოიჭრა გალაკტიონი. ქუჩაში სხვა არავინ იყო და ჩვენ მოგვმართა ნერვიული ხმით: წარმოგიდგენიათ, ყმაწვილებო, დედას იგინებიან (შესახვევიდან რაღაც ჩოჩქოლი მოისმოდა). ვიტრინების სინათლის ზოლში რომ შევედით, გალაკტიონი ნელა მოგვიახლოვდა, თავზე ორივეს თავისი ვეებერთელა ხელები დაგვადო, ცერები წარბებზე გადაგვისვა: რა კარგი წარბები გაქვთ, რაღაცნაირი ინტონაციით თქვა და მოგვშორდა, იქვე, თავისი სახლისკენ გადაჭრა ქუჩა.
4. აკადემიის (პ. ინგოროყვას ქუჩაზე) ერთ-ერთი ოთახიდან რომ გამოვედი, კიბის თავში მდგარმა თვალი მოვკარი გალაკტიონს. მან ამოათავა მეორე სართულზე ამოსასვლელი კიბის ნახევარი, ბაქანზე მოაჯირს ხელშეჭიდებულმა შეისვენა და ამოიხედა. შემოდგომის მზიანი ამინდი იყო, სინათლიანი. გალაკტიონმა ამოიხედა და მე დავინახე მისი დიდი სხივოსანი თვალები, მზით და სიყვარულით სავსე. ერთხანს ასე მიმზერდა (ჩემს გარდა იქ არავინ იყო), მერე, როგორც ჩანს, იაზრა, რომ მე არ დავეშვებოდი კიბეზე, სანამ ის არ ამოვიდოდა… და დაიძრა.თუ რა მოხდა ამის შემდეგ, რომც მახსოვდეს, არ ვიტყვი.
5. არჩილ სულაკაურს თავის წიგნში (1951 წ.) ჰქონდა ასეთი სტრიქონები: “თეთრი ნიჟარა ჩამომჯდარიყო გალაკტიონის გადაშლილ წიგნზე”. ეს წაეკითხა გალაკტიონს და უნებებია ავტორის ნახვა, რაც მისი გერის მონაწილეობით განხორციელდა კიდეც. არჩილის თხოვნით მეც აღმოვჩნდი ამ სტუმრობაში ჩართული. იქ მე ვნახე “ტანჯვით და რეფლექსიით” გაწამებული კაცი, რომელიც უხერხულად მოძრაობდა, აბურდულად ლაპარაკობდა და მა-შინდელი ჩემი შეგრძნებით სასაცილო იყო და მე ძლივს ვიკავებდი სიცილს, რის გამოც მისი არცერთი სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ როცა გარდაიცვალა და მწერალთა სასახლის ბაღში თავი შევიყარეთ მეგობრებმა, ჩემდაუნებურად ტირილი ამივარდა, რადგან მომეჩვენა, რომ ნათლის უზარმაზარმა ჩქერალმა სამუდამოდ მიატოვა საქართველო.