რატომ უნდა ვეძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობები სასულიერო მწერლობაში
დამეთანხმებით, ძნელია ზღვარის გავლება იდეოლოგიათა ფუნდამენტურ ფასეულობებს შორის, რადგან არსებობს მარადიული და ზოგადადამიანური ღირებულებები, რომლებსაც ვერც ერთი რელიგიის თუ პოლიტიკური იდეოლოგიის კუთვნილებად ვერ მივიჩნევთ. დღეს ბევრს ვსაუბრობთ გენდერული თანასწორობის თემაზე “ვეფხისტყაოსანში” და ვეყრდნობით აფორიზმს “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”, თუმცა არაერთხელ აღინიშნა, რომ ამ ფრაზაში ძუ და ხვადი ლეკვების “სწორობაში” არა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეაა აკუმულირებული, არამედ ხაზგასმულია,რომ ლომის (მეფის) ნაშიერთა შორის ძუ და ხვადი (ქალი, მამაკაცი) არ განირჩევა. ამდენად, თითოეულ ფრაზას სიღრმისეული ანალიზი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა სჭირდება.
რამდენად ლიბერალური – თავისუფალია ქართული მწერლობა ან ეფუძნება თუ არა ის ცალკეულ ლიბერალურ ღირებულებებს – ამ საკითხების კვლევისას უმთავრესად უნდა გადაგველახა დილემა – საჭიროა თუ არა ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების კვლევა არადემოკრატიულ კულტურაში ან იმ ეპოქებში, როდესაც “ლიბერალიზმი”, როგორც იდეოლოგია ჯერ არც დაბადებულიყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ განსახილველად წარმოდგენილი მაგალითების გარკვეულ ნაწილში მოვიაზრებთ არა ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, არამედ ცალკეულ ფასეულობებს (რომლებიც, გარკვეულ ეტაპზე, თანხვდება ქრისტიანულ სათნოებებს). ხოლო კვლევის მიზანია, მის ბენეფიციარებს აჩვენოს, რომ ეს ფასეულობები ვითარდებოდა ქართულ კულტურაში, როგორც იმანენტური და თვითმყოფადი და არა მხოლოდ დასავლური კულტურების მიერ გადმოცემული.
ამდენად, მოვიხმობთ რამდენიმე მაგალითს შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურიდან, სადაც ყველაზე ნათლად იკვეთება ლიბერალური ფასეულობების არსებობა:
შუშანიკის წამება
ინდივიდის არჩევანის თავისუფლება – დედოფალი არ არის შვილების არჩევანზე ძალადობის მომხრე.
ეთნიკური შემწყნარებლობა – წმინდა შუშანიკი, რომელსაც მისი პიროვნული თვისებების და ღვაწლის გამო სამაგალითოდ პერსონად წარმოგვიდგენს ნაწარმოების ავტორი, ეროვნებით სომეხია.
საყოველთაო თანასწორობის იდეა – ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მხოლოდ პიროვნული თვისებების მიხედვით განიკითხება. ამ აზრს განავრცობს წმინდა შუშანიკი, როდესაც ამბობს: “განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ… სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა… სადა მე და მან სწორი სიტყვა ვთქვათ წინაშე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა”.
აბო თბილელის მარტვილობა
ეთნიკური შემწყნარებლობა – არაბი მოწამე იმდენად შეითვისა ქართულმა ეკლესიამ, რომ საეკლესიო კალენდარში “თბილელის” სახელით მოიხსენიება.
წმინდანთა ცხოვრებებსა და მარტვილობებში მთავარი პოზიცია ხშირად უკავიათ ეროვნებით არაქართველებს (წმინდა ნინო, წმინდა ევსტათი მცხეთელი, ცამეტი ასურელი მამა და ა.შ.). მე–5–8 საუკუნეების ლიტერატურაში ეთნოსის ცნებას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა, როგორიც მომდევნო, მე9–12 საუკუნეებშო. ამ მოვლენას აქვს თავისი ლოგიკა – ნაციონალობა იდენტიფიცირებულია რელიგიურ კუთვნილებასთან. ქართულ საეკლესიო კალენდარში ქართველ წმინდანთა შორის თანასწორად მოიაზრებიან ეროვნებით სომეხი, სპარსი, კაბადოკიელი და სხვ., “სომეხად”, “ფრანგად”, სპარსად” კი მოიხსენიებოდა მონოფიზიტი, კათოლიკე, მუსლიმანი.
ყურადღებას იმსახურებს ის მოვლენა, რომ ქართული ქრისტიანობა განვითარების საწყის ეტაპებზეც ადგილობრივი კულტურის მიმართ არ ავლენს განსაკუთრებულ “სიმკაცრეს”. მეტიც, ის ერწყმის ლოკალურს და ამ ღიაობით ახერხებს უფრო მნიშვნელოვანს – საბოლოოდ დამკვიდრებას და კულტურის სიღრმისეულ შრეებში შეღწევას. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული გალობის სტილისტური მსგავსება; ქართული ჰიმნოგრაფიის მიერ სარგებლობა ქართული შაირის სალექსო საზომით, რომელიც იამბიკოსგან განსხვავებით, არ მოიაზრებოდა საკრალურ სალექსო საზომთა ე.წ. “ხმათა” შორის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჰიმნი სწორედ შაირის საზომით არის შესრულებული. საინტერესოა წარმართული საკულტო სიმბოლოების ათვისება და გადააზრება ქრისტიანობის მიერ (მზე, ვაზი და სხვ.) (რ. სირაძე). გავიხსენოთ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, როდესაც წმინდანი არმაზის კერპის მსხვრევის შემდეგ მისგან იღებს ბივრილის თვლებს და ინახავს. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს ეპიზოდი სწორედ ტოლერანტობის ალეგორიზებაა, რაც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე გამოავლინა ქრისტიანობამ საქართველოში.
როგორც ცნობილია, პავლე მოციქული დამასკოში ქადაგების დროს ბერძენ ხალხს აუწყებდა, რომ უქადაგებდა ღმერთზე, რომელიც მათს პანთეონში არსებობდა და “უცნობი ღმერთის” სახელით იყო ცნობილი. ამით იგი, ერთი მხრივ, გამოხატავდა საკუთარ პატივისცემას უცხოთა მიმართ, მეორე მხრივ კი კეთილგანწყობითა და ღიაობით იწვევდა ქრისტიანობისადმი ინტერესს მათ შორის. პავლე მოციქულის ქადაგების ამ სტილზე საუბრობს იოანე ღვთისმეტყველი ერთ-ერთ ჰომილიაში. იგი სვამს კითხვას, თუ რატომ ეჩვენა შობის ღამეს ღმერთი მოგვებს ვარსკვლავის სახით და აღნიშნავს: “პავლეცა მოციქულმან ქმნა, ეტყოდა რაი ათინელთა; დაწყებაი სიტყვისა თვისისაი წესისა მისგან იყო, რომელსა იგინი ჩუეულ იყვნეს და ბომონნი სამსახურებელთა მათთა ახსენა და სიტყვანი მათთა მათ სიტყვის მოქმედთანი ახსენა წამებად თვისისა მის ქადაგებისა… რამეთუ ვინაითგან კაცადკაცადისა საყუარელ არს ჩუეულებაი და წესი თვისი, ამისთვის ღმერთიცა და მის მიერ მოვლინებულნი მოციქულნი ცხორებისათვის სოფლისა ამით სახითა განაწესებენ ქადაგებისა დაწყებასა.”
ზემოთ ვახსენეთ ქართული საეკლესიო გალობა, რომელმაც შეინარჩუნა ხალხურ სიმღერასთან სიმჭიდროე და ფორმა, რომელიც არ გააუცხოებდა მსმენელს ლოცვასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუასაუკუნეებშივე ყალიბდება საეკლესიო კედლის მხატვრობისა და იკონოგრაფიის თავისებური, თავისუფალი სტილი, რომელიც არ ექვემდებარება სასულიერო ხელოვნების მკაცრად განსაზღვრულ ნორმებს. ხალხური ხაზი განვითარებას პოვებს ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში. ეს დემოკრატიულობა წარმოაჩენს, რომ ქართული ქრისტიანობისთვის იყო ღირებული თითოეული ადამიანი, იქნებოდა იგი ღრმად რელიგიურად განსწავლული პიროვნება თუ უბირი გლეხი. შუასაუკუნეების ქართული კულტურის ეს თვისება სასიკეთოდ წაადგება დღესაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესს.