იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება
იაკობ გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედება დიდაქტიკურ ლიტერატურას მიეკუთვნება. მისი პროზის მიზანი გარკვეული სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანების მხატვრული გადაჭრაა. ეს ამოცანები განსაზღვრავენ იაკობ გოგებაშვილის მწერლობის როგორც იდეურ სამყაროს, ისე მის ესთეტიკურ ფორმებს, მის ლიტერატურულ სტილს.
იაკობ გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების განხილვამდე საჭიროა გავითვალისწინოთ, რა ამოცანებს უსახავდა იგი საბავშვო ლიტერატურას, როგორც პედაგოგი და ლიტერატურის კრიტიკოსი, და შემდეგ გავარკვიოთ, რა გზით ჭრიდა ამ ამოცანებს, როგორც საბავშვო მწერალი.
იაკობ გოგებაშვილი მატერიალისტური ესთეტიკის მიმდევარია. ამ თავლსაზრისით წყვეტს იგი საბავშვო ლიტერატურის საერთო დანიშნულებას. საბავშვო ლიტერატურის ამოცანები, მისი აზრით, ბავშვთა საზოგადოებრივი აღზრდის საერთო მიზნებიდან გამომდინარეობს. უკეთუ ბავშვთა აღზრდის მიზნები მათს ყოველმხრივ განვითარებაში მდგომარეობს, საბავშვო ლიტერატურაც უმთავრეს მიზნად უნდა ისახავდეს ახალგაზრდობის ზოგადი კულტურის ამაღლებას ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
“საყმაწვილო ლიტერატურას, – წერს იაკობი, – დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, მის წარმატებაში. ეს არის საუკეთესო საძირკველი, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა”. საბავშვო მწერლობა ბევრ სიკეთეს დათესავს მოზარდ თაობაში, ბევრ მაღალს აზრს ჩანერგავს მის გონებაში. ბევრი კეთილშობილური ჰუმანიური მისწრაფებით შეამკობს და სხვა ფაქტორებთან ერთად სამშობლოს მოუმზადებს ბევრს მხნეს და გულწრფელს მამულისშვილსა”[1].
იაკობ გოგებაშვილი მშვენივრად გრძნობდა, რომ ადრეული პერიოდის განცდები ქმნიან ამ ნიადაგს, რომელზეც შენდება მომავალი მისწრაფებანი და აზრის მიმართულება. ის იმოწმებს გოეთეს სიტყვებს – “არავის არ შეუძლია განთავისუფლდეს პატარაობის დროის შთაბეჭდილებათაგან”, იმ აზრის დასასაბუთებლად, რომ ბავშვობის პერიოდი განსაკუთრებული და ყველა სხვა პერიოდზე უფრო რთულია. ამიტომ მთელი საზოგადოება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მომავალი თაობის აღზრდა თავიდანვე იქნეს დამკვიდრებული მეცნიერულ საფუძველზე. საბავშვო ჟურნალის “მნათობის” გამოსვლას (1883წ.) იაკობი თვლიდა ჩვენი ხალხის წარმატებისა და წინმსვლელობის ნიშნად, საზოგადოების სასახელო საქმედ. ასევე შეხვდა იგი “ჯეჯილის” გამოსვლას (1889წ.), სრულიად დარწმუნებული, რომ ეს ჟურნალი ხელს შეუწყობდა ჩვენი ახალთაობის გონებრივ განათლებასა და ზნეობრივ განვითარებას.
საბავშვო ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა ახალი თაობის საუკეთესო აღმზრდელად ადრეული ასაკიდანვე. ბავშვს ესაჭიროება ენის შესწავლა, სწორი მეტყველების დაწყება – უკითხეთ მას კარგი საბავშვო წიგნები, ასმინეთ სწორი ლიტერატურული საუბარი; ეს იქნება მისთვის ენის საუკეთესო მასწავლებელი. ბავშვს ესაჭიროება აზროვნების განვითარება, მსჯელობის უნარის გამომუშავება – უკითხეთ მას კარგი საბავშვო წიგნები, აუხსენით და გააგებინეთ წაკითხულის შინაარსი; ეს იქნება მისი აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალება. გოგებაშვილი სრულიად სამართლიანად ფიქრობს, რომ ბავშვს არ შეუძლია თავიდანვე დაიწყოს სამეცნიერო წიგნებისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ადრეული ასაკის ბავშვთა ცოდნასა და მეცნიერულ-მხატვრულ აზროვნებას შორის კარგა მანძილია, “მათ შორის მოზრდილი ხევი ძევს”, საჭიროა ხიდი და ამ ხიდად და “საუკეთესო ხიდადაც” იაკობ გოგებაშვილს, პირველ ყოვლისა, საბავშვო ლიტერატურა მიაჩნდა. “თუ თქვენს შვილს, – წერს იაკობი, – პატარაობისასვე მარჯვედ დაწერილი საბავშვო ნაწარმოებნი მიიზიდავენ თავისკენ, აგრძნობინებენ სიამოვნებას, გულს საამურად უღელავენ და კითხვის მოთხოვნილებას უღვივებენ და უმტკიცებენ, იცოდეთ, რომ თქვენ გეზრდებათ ყრმა, რომელიც დიდობაში გამოიჩენს დაუღალავის გონებითს მოქმედებას, რომლისათვისაც ჭკუის მოძრაობა, ვარჯიშობა, წიგნის კითხვა, აზროვნება, მსჯელობა იქნება ისეთივე მიუცილებელი ყოველდღიური საჭიროება, როგორიც არის წყალი თევზისათვის, ჰაერი ფილტვებისათვის”[2].
საბავშვო მწერლობის ამ დიდი საზოგადოებრივი ფუნქციის ესოდენ ნათლად შეგნება ავალებდა იაკობ გოგებაშვილს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა მას და ყოველი საბავშვო მწერლისათვის მოეთხოვა ბავშვის ინტერესების, მისი განცდების თავისებურებათა და საერთოდ ბავშვის ბუნების ღრმა და ყოველმხრივი ცოდნა.
საბავშვო მწერალმა და საბავშვო ლიტერატურამ ჩვენი ნორჩი თაობა, პირველ ყოვლისა, უნდა აღზარდოს მეცნიერულად, მაგრამ “ბავშვებში, – წერს იაკობი, – ჰუმანიური მხარე, კაცთმოყვარეობაც ძლიერია და ყოველმა საბავშვო მწერალმა უნდა აძლიოს შემთხვევა ბავშვებს, აღმოაჩინონ ეს საუკეთესო მხარე თავიანთ ბუნებისა და დაბადონ პატარა მკითხველში სურვილი მიბაძვისა”[3].
ბავშვის ბუნების საუკეთესო მხარეების აღმოჩენა მეტად რთული და მძიმე ამოცანაა. ეს ამოცანა დააყენა იაკობ გოგებაშვილმა საბავშვო მწერლის წინაშე და მართლაც, მისი გადაჭრა მხოლოდ მოწინავე მეცნიერებით შეიარაღებულ, მწერლობის ნიჭით დაჯილდოებულ და მაღალი მხატვრული აზროვნების მქონე მწერალს შეუძლია. ამაში მდგომარეობს მხატვრული ლიტერატურისა და პედაგოგიკის, საბავშვო მწერლისა და პედაგოგის ურთიერთდამოკიდებულება და თანამშრომლობა ბავშვის აღზრდის, მისი ბუნების გარდაქმნის საქმეში. საბავშვო მწერალი, ისე როგორც პედაგოგი, კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის ბუნებას, მის ფსიქოლოგიას; საბავშვო მწერლისა და პედაგოგის საბოლოო ამოცანა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში პრინციპულად ერთგვარია, განსხვავება მხოლოდ მიზნის მიღწევის გზებსა და ფორმებში მდგომარეობს.
იაკობ გოგებაშვილს, როგორც საბავშვო მწერალსა და ლიტერატურის კრიტიკოსს, მშვენივრად ესმის საბავშვო ლიტერატურის გზებისა და მხატვრული ფორმების სპეციფიკურობა. ის გამოდის პატარა მკითხველის აღზრდის ინტერესებიდან, ითვალისწინებს მის ასაკობრივ თავისებურებებს, ესთეტიკურ განვითარებას.
იაკობ გოგებაშვილისათვის, როგორც რეალისტი მწერლისათვის, მთავარია სიმართლის სამსახური. “უკეთესი ღონისძიება კარგი აღზრდისათვის ჭეშმარიტებაა, სინამდვილეა”, – ამბობს იგი და, ბუნებრივია, ცხოვრების სინამდვილის სწორად ასახვა მიაჩნია მწერლის მთავარ ამოცანად.
მწერლის მხატვრული სიტყვა უნდა იყოს, პირველ ყოვლისა, მართალი სიტყვა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მწერლის სიტყვას დამაჯერებლობა და შემოქმედების რეალური ძალა. აზრის ან იდეის გადმოცემისათვის საჭიროა მწერალმა მიაღწიოს ისეთ მხატვრულ ფორმას, რომელიც არ დაარღვევს აზრის (იდეის) სისწორეს, მის სიმართლეს.
საბავშვო მწერლის ენა, გოგებაშვილის აზრით, უნდა იყოს ხალხური, მარტივი (მსუბუქი), კეთილხმოვანი, სურათოვანი, მდიდარი. ენის ლექსიკურ მარაგს, იაკობის აზრით, უმთავრესად ქმნის ხალხი და მხოლოდ იმ მწერალს შეუძლია შეიტანოს თავისი მშობლიური ენის ლექსიკაში სათანადო წვლილი, რომელმაც კარგად იცის ხალხის ენა. ასეთ მწერლებად, პირველ რიგში, იაკობს მიაჩნია ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რ. ერისთავი, ეკ. გაბაშვილი და სხვ. აკაკის შესახებ გოგებაშვილი ამბობს, რომ “იშვიათი
გონების სიმახვილე და მშვენიერი ცოდნა ხალხური ენისა შეძლებას აძლევენ აკაკის გაამდიდროს ჩვენი ლიტერატურა…”[4].
ახალგაზრდა მკითხველში ემოციის გამოწვევისა და მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად საბავშვო მწერალი, სალიტერატურო ენასთან ერთად, მიმართავს აგრეთვე გადმოცემის სათანადო მეთოდს. როგორი უნდა იყოს ეს მეთოდი, რა მხატვრულ ხერხებს უნდა იყენებდეს საბავშვო მწერალი თავისი ნაწარმოების შინაარსის გადმოსაცემად?
იაკობ გოგებაშვილის აზრით, საბავშვო ნაწარმოების ზეგავლენის ძალა ცოცხალ და მხატვრულ სიტყვაზეა დამოკიდებული. “უამბეთ ბავშვებს ცოცხლად და სურათულად, და თქვენ მათს ნორჩ გულში ჩასახავთ ღრმასა და მეტად ნაყოფიერს შთაბეჭდილებასა”[5], – წერს იგი.
რამდენადაც იაკობისათვის სავსებით გარკვეულია, რომ საბავშვო ლიტერატურა ახალი თაობის აღზრდის მიზნებს ემსახურება, ამდენად გარკვეულია აგრეთვე ამ ლიტერატურის თემატიკაც. ყოველი საკითხი, რომლის შესწავლასაც ბავშვის მეცნიერული და მორალური განვითარება შეუძლია, შეიძლება ამავე დროს გახდეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურის თემადაც.
საბავშვო მწერლობის თემები, იაკობის აზრით, პირველ ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდნენ ბუნების, შრომისა და ადამიანთა საზოგადოების გაცნობას. იაკობმა, როგორც საბავშვო მწერალმა, სწორედ ამ თემატიკაზე ააგო “ბუნების კარი”, “დედა ენა” და სხვა ცალკეული მოთხრობები; მაგრამ ბავშვთა მიერ ამ თემების უფრო ეფექტიანად შეთვისების მიზნით, ავტორი მათი დამუშავების პარალელურად წერს მთელ რიგ მოთხრობებს სწავლა-განათლების დიდი მნიშვნელობისა და მისი შეძენის აუცილებლობის საკითხებზე.
მეცნიერული ცოდნის მისაღებად, პირველ ყოვლისა, საჭიროა მისდამი ინტერესის გაღვივება, სწავლის სურვილის გამოწვევა და განმტკიცება. ამ სურვილისა და ინტერესის აღზრდა სკოლამდელ ასაკშივე უნდა დაიწყოს, მაგრამ სასკოლო პერიოდში, როდესაც ბავშვი სწავლას იწყებს და გარკვეული შრომითი რეჟიმისადმი დაქვემდებარებით სწავლის პირველ სიძნელეებს ხვდება, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო სწავლის ინტერესისა და სურვილის გასაძლიერებლად. იაკობ გოგებაშვილი, როგორც პედაგოგიკის თეორეტიკოსი, გრძნობს ამ აუცილებლობას და, როგორც საბავშვო მწერალი, იშვიათი დაკვირვებით წერს პატარა, მიმზიდველ და საინტერესო საბავშვო მოთხრობებს ამ თემაზე.
აი მაგალითად, მისი “ვანო და ფრინველები”. ქალაქის სკოლაში სწავლობს პატარა სოფლელი ვანო, რომელმაც პირველად დატოვა დედა და მთელი ოჯახური გარემოცვა, დატოვა სოფელი და სოფლის მეგობრები. ძნელია მისთვის ნაცნობი გარემოს მოშორება, ყველაზე უფრო ძნელი უდედობაა. ხშირად აღონებს მას დედის მოგონება და თვალცრემლიანი იცქირება თავის სოფლისაკენ. ჩიტებს – მერცხალს და ბულბულს მოაქვთ ვანოსთან დედის ამბავი. ეს საყვარელი ფრინველები ატყობინებენ პატარა მოსწავლეს, რომ დედას იგი არასოდეს არ ავიწყდება და ქალაქში გასაგზავნად უქსოვს წინდებს, უკერავს ახალუხს და უკრეფს წითელ ვაშლებს. ვანო გახარებულია, ცდილობს კარგად ისწავლოს და საყვარელ დედას ასიამოვნოს.
იაკობ გოგებაშვილს ასეთი მოთხრობებით სურს შთაუნერგოს ბავშვებს, რომ სწავლა და ცოდნა ყველაფერზე ძლიერ უნდა იზიდავდეს ახალგაზრდობას. ასეთი მოთხრობებით იგი აფრთხილებს პატარებს, რომ სწავლას სათანადო სიძნელეები ახლავს, მაგრამ ყველა მათგანი ადვილად დასაძლევია, თუ გამოვიჩენთ სწავლის მტკიცე სურვილსა და მონდომებას. აქვე იაკობ გოგებაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მშობლებს მუდამ ახსოვთ და ძალიან უყვართ ისეთი შვილები, რომლებიც კარგად სწავლობენ.
სწავლა-განათლების დიდი მნიშვნელობა იაკობს მოცემული აქვს არა მარტო მისდამი ინტერესებისა და მისწრაფების გამომხატველი ფაქტებით, არამედ აგრეთვე უსაქმურობის, ცუღლუტობისა და სიზარმაცის დამღუპველი შედეგების ნათელი ეპიზოდებით, უცოდინარობისა და ჩამორჩენილობის ნამდვილი სახის გაშიშვლებით და იმ დიდი ზიანის ჩვენებით, რომელიც მოაქვს უწიგნურობას როგორც საზოგადოების, ისე პიროვნებისათვის.
დაპირისპირება ცოდნისა და უვიცობისა, კონტრასტი ნასწავლსა და უსწავლელს შორის ყველგან ისეთი ოსტატობით აქვს გადმოცემული იაკობ გოგებაშვილს, რომ პატარა მკითხველს აღუძრავს უსაქმურობისადმი სიძულვილსა და სწავლის სიყვარულს.
რამდენადაც ბავშვის აზროვნების განვითარება კონკრეტული შემეცნებით იწყება, ამდენად გოგებაშვილისათვის ნათელია, რომ ბავშვის ცნობიერება ადრეულ ასაკში კონკრეტული ცოდნით უნდა გამდიდრდეს. აქედან გამომდინარე, სწავლის პირველი წლებისათვის როგორც საბუნებისმეტყველო, ისე საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მორალის საკითხებს. იგი კონკრეტულ მასალაზე აგებს. ასეთია “დედა ენის“ ორივე ნაწილის მოთხრობების დიდი უმრავლესობა. ეს მოთხრობები ამდიდრებენ რა ბავშვის კონკრეტულ აზროვნებას, ამავე დროს ამზადებენ მას აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადასასვლელად. სწავლის შემდგომი წლებისათვის, როდესაც ახალგაზრდა უკვე მომზადებულია აზროვნების ახალი საფეხურისათვის, გოგებაშვილს განკუთვნილი აქვს “ბუნების კარი” და ცალკე გამოცემული მოთხრობები. აგრეთვე, თარგმანები, რომლებიც მის მიერ არის შესრულებული, და ხალხური შემოქმედების ნიმუშები: იგავ-არაკები, ზღაპრები და ლექსები, რომლებიც იაკობის მიერვეა გადმოკეთებული, – ისეთ მხატვრულ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნებიან, რომლებიც თავისი ესთეტიკური ღირსებითა და ემოციური სიძლიერით ღრმად სწვდებიან მოზარდის სულს, რაღაც ინტიმური სითბო შეაქვთ მის განცდებში და აკეთილშობილებენ მის გრძნობებს.
იაკობ გოგებაშვილის მხატვრული ნაწარმოებების უმრავლესობა საბუნებისმეტყველო თემებზეა აგებული. ეს იმიტომ, რომ ბუნების შესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვთა მიერ მას მიაჩნდა ყველაზე უფრო სასარგებლოდ მათი რეალისტური მსოფლმხედველობის შემუშავებისათვის. ამასთან ითვალისწინებდა იმ გარემოებასაც, რომ ბუნების დაპყრობისა და მასზე გაბატონებისათვის აუცილებელია მისი ღრმა ცოდნა.
იაკობ გოგებაშვილისათვის ცხადია, რომ საბუნებისმეტყველო თემებზე დაწერილი მოთხრობები მხოლოდ მხატვრული ღირსებებით მიაღწევენ თავის მიზანს და ამიტომ გაურბის მშრალ აღწერილობას. მცირეოდენ შემთხვევათა გამოკლებით, იგი მართლაც აღწევს გარკვეულ მხატვრულ ეფექტს მეტად “პროზაული” თემების დამუშავების დროსაც კი.
იაკობ გოგებაშვილი მოწადინებულია საბუნებისმეტყველო-ბიოლოგიური თემები, შეძლებისამებრ, საზოგადოებრივ-ეკონომიურ ცხოვრებას დაუკავშიროს და ამით უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მისდამი. მოთხრობა “დევნილი მეგობარი, ანუ ზღარბი” სწორედ ამგვარად არის დაწერილი. ამ მოთხრობის ძირითადი მიზანია ზღარბის თვისებების გაცნობა. იმისათვის, რომ მოთხრობა მშრალ ბიოლოგიურ აღწერას არ დაემსგავსოს, იაკობი იყენებს მასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ფაბულას და გარკვეული სასოფლო-სამეურნეო ცხოვრების ფონზე შლის მას.
მკითხველის ინტერესი სათაურიდან იწყება: ზღარბი – მეგობარი, ზღარბი – დევნილი მეგობარი! რატომ ითვლება ზღარბი ადამიანის მეგობრად, და თუ მეგობარია, რატომ არის ის დევნილი? იაკობი ნამდვილი ხელოვნების ოსტატობით ავითარებს შინაარსს და მარტივი თხრობით აცნობს პატარა მკითხველს ზღარბის როგორც ბიოლოგიურ აგებულებასა და საოცარ თვისებებს, ისე მის როლს სოფლის მეურნეობაში. მკითხველისათვის ნათელი ხდება, რატომ არის ზღარბი ჩვენი მეგობარი, როგორ დევნის მას ზოგიერთი ადამიანი თავისი უცოდინარობით და როგორ უნდა მოვუაროთ ამიერიდან ასეთ სასარგებლო ძუძუმწოვარს.
საბუნებისმეტყველო თემების მხატვრული გადმოცემის მთავარ ხერხად იაკობი, უფრო ხშირად საუბარს მიმართავს. საუბარი ისეა აგებული, რომ მოუბართაგან ერთ-ერთს იგივე სურვილი აქვს, რაც მკითხველს. ამგვარად, მკითხველი არ არის პასიური აღმქმელი მოთხრობის სიუჟეტის და მისი გმირების მოქმედებისა. ის თვითონაა საუბრის ერთ-ერთი ინიციატორი და გრძნობს თავის აქტიურობას.
იაკობ გოგებაშვილი მართებულად ამტკიცებს, რომ უმცროსი ასაკის ყმაწვილებს კონკრეტული საგანი უფრო იზიდავს და აინტერესებს, მაგრამ არა ყოველი კონკრეტული საგანი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელსაც “პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებასთან”[6]. ამ თითქოს უბრალო დებულებაში მოჩანს იაკობის დიდი ნიჭი და იშვიათი დაკვირვების უნარი. მართლაც, ტრადიციული მტკიცება იმისა, რომ ბავშვს იზიდავს ყოველი კონკრეტული საგანი ან მოვლენა, მიუხედავად იმისა, თუ რა კავშირი აქვს ამ საგნებსა და მოვლენებს ბავშვის ყოფასთან, უეჭველად მცდარი, მიუღებელი აზრია. “ბუნების კარის” მასალას სწორედ ამ პრინციპით არჩევდა იაკობი: “ჩვენ ვცდილობდით, – წერს იგი, – ყოველი განყოფილება ისეთი შინაარსით გაგვევსო, რომელიც პასუხს უგებს ყმაწვილს მისთვის საინტერესო საკითხებზე და რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის, ქართველის ცხოვრებასთან”[7]. ჩვენი ავტორის ეს ცდა, როგორც ვიცით, დიდი წარმატებით დამთავრდა. როგორც საკუთარი, ისე ნათარგმნი მოთხრობები იაკობ გოგებაშვილისა მეტად აქტუალურ საგანმანათლებლო ამოცანებს ემსახურებიან და ხელს უწყობენ მკითხველთა საბუნებისმეტყველო ინტერესის განვითარებას.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების თემაა აგრეთვე ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ-ეკონომიური მდგომარეობა და მისი წარსული. იაკობ გოგებაშვილს, როგორც ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, სურდა ჩვენი თაობა პატრიოტულ-დემოკრატიული სულისკვეთებით აღეზარდა და საამისო მასალას იგი, პირველ ყოვლისა, ხალხის ისტორიაში პოულობდა.
იაკობ გოგებაშვილი, ისე როგორც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ქართველი ხალხის სხვა დიდი მოამაგენი, საქართველოს წარსულს მეტად აქტუალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხალხის ისტორიას ისინი იყენებდნენ თავისი დროის სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად. ერთ-ერთ საამისო ხერხად მიაჩნდათ საქართველოს წარსულიდან რომელიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის ან გამოჩენილ მოღვაწეთა როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო თვისებებისა და ღირსების კაზმულ ფერებში აღწერა და მიმზიდველი დასურათება, რაც ხშირად იდეალიზაციის ხასიათს იღებდა. მოვლენის ან მოღვაწის შესახებ მოთხრობილი ხშირად აჭარბებდა უტყუარ, ისტორიულ ცნობებს, მაგრამ ეს კეთდებოდა სრულიად შეგნებულად.
ჩვენს მწერლებს ამით სურდათ დაენახვებინათ რუსეთის მეფისა და კაპიტალის მონობაში მყოფი ქართველი ხალხისათვის “რანი ვიყავით გუშინ”, და რანი ვართ დღეს, რომ ასეთი მიმზიდველი წარსულის მქონე და თავისუფლების მოყვარულ ხალხს არ შეუძლია შეურიგდეს მონობასა და ჩაგვრას, რომ მან უნდა მიბაძოს თავის ეროვნულ გმირებს, დიდ მოღვაწეებს და “კვლავ აღიდგინოს დიდების დღენი”. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს და მათ სახელოვან პლეადას სურდა იდეალური წარსული დაეპირისპირებინა დაძაბუნებული აწმყოსათვის და ცხოველი კონტრასტის შექმნით აემხედრებინა ჩვენი ხალხი მის ღირსებათა დამამცირებელი მეფის რეჟიმის წინააღმდეგ. აღნიშნული ქართველი მწერლების განზრახვა იყო თორნიკე ერისთავის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი სააკაძის, ერეკლე მეორის და სხვა ისტორიულ პირთა მიმზიდველი სახეების შექმნით, მათი საგმირო საქმეებისა და სახელმწიფოზე ჭეშმარიტი ზრუნვის ჩვენებით, უფრო ნათელი გაეხადათ რუსეთის მეფისა და მისი მოხელეების ჟანდარმული ტირანია და პარაზიტობა, რომ ამით უფრო გაეძლიერებინათ ქართველი ხალხის საბრძოლო ენერგია თავისი ნაციონალური განთავისუფლებისათვის.
იაკობ გოგებაშვილი სწორედ ამ მიზნით წერდა ისეთ ისტორიულ მოთხრობებს, როგორიც არის: “ასპინძის ომი”, “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”, “თავდადებულნი ქართველნი”, “სამასი თავდადებული გლეხი”, “სხივი წარსულისა” და სხვ.
“ისტორიულ მოთხრობებს, – აღნიშნავდა ი. გოგებაშვილი, – დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდაში. საუკეთესო მამულიშვილების მხურვალე სიყვარული თავისი ქვეყნისა, თავისი სარგებლობის დავიწყება მის სიკეთისათვის და თავდადება მამულის ბედნიერებისათვის, უპირველეს ღონისძიებად ირიცხებიან ჩასანერგად და აღსაზრდელად მოზარდ თაობას შორის მაღალი ზნის პრინციპებისა”[8].
ისტორიული მოთხრობების მთავარ ზნეობრივ პრინციპად იაკობს, პირველ ყოვლისა, მიაჩნია პატრიოტიზმი, რასაც ახალგაზრდობის სულიერი ფორმირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პატრიოტიზმი, როგორც მაღალი ზნეობრივი პრინციპი, იაკობის მიხედვით, მუდამ თან ახლდა ძველად ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. “ამგვარი მაღალი ზნის მასწავლებელი ეპიზოდებით, – წერს იაკობი, – სავსეა ჩვენი ხანგრძლივი და მღელვარე ისტორიული წარსული”[9]. და მას, როგორც მწერალს და პედაგოგს, მიზნად ჰქონდა, ხელი შეეწყო ჩვენს ხალხსა და ახალგაზრდობაში ამ ეპიზოდების ფართო პოპულარიზაციისათვის.
მოთხრობა “ასპინძის ომი” მკითხველის წინაშე აცოცხლებს საქართველოს ისტორიის ერთ შესანიშნავ ფურცელს. ქართველი მცირერიცხოვანი მხედრობის მიერ 1770 წელს ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ჯარის განადგურება ერეკლე მეორის მეთაურობით მეტად მდიდარ მასალას შეიცავს არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, არამედ პატრიოტულ-აღმზრდელობითი თვალსაზრისითაც, და სწორედ ამ მიზანს ისახავს ავტორი.
ი. გოგებაშვილი გადმოგვცემს ქართველი ჯარის და მისი ხელმძღვანელობის სამხედრო სტრატეგიას, თავდაჭერილობას, სიდინჯეს, გმირობასა და ტექნიკურ გაწვრთნილობას. ამასთან, არ ივიწყებს იგი ჩვენი ჯარის ჰუმანურობას, სიამაყეს და თავისი ღირსების შეგნების დამახასიათებელ მომენტებს. პატარა მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს იაკობის მიერ მარტივად, მაგრამ ცოცხლად აღწერილი ეპიზოდები მასობრივი და ორთაბრძოლებისა (განსაკუთრებით ერეკლესა და კოხტა ბელადის შერკინება), სოლიდარობის ფაქტები ქართველ ჯარში და ის ძლიერი პატრიოტული აღტყინება, რომელიც ახასიათებდა ჩვენს მხედრობას.
ამ მოთხრობაში ავტორს არ შეეძლო გვერდი აეხვია გენერალ ტოტლებენის მუხანათური ღალატისათვის და ფრთხილად, მაგრამ მაინც სავსებით გარკვეულად იწვევს მკითხველში აღშფოთებას და ზიზღს ეკატერინე II–ის მლიქვნელური პოლიტიკისა და მისი თვალთმაქცი სატრაპის მიმართ.
“ერეკლე მეფე და ინგილო ქალი” ისტორიული ხასიათის მოთხრობად შეიძლება ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც აქ გადმოცემულია საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული ფაქტები (ერეკლეს მიერ ლეკების რამდენჯერმე დამარცხება და კრწანისის ომი 1795 წელს), მაგრამ მოთხრობის მხატვრული კვანძი და ფაბულა, როგორც თვით ავტორიც აღნიშნავს, ხალხურ თქმულებას ეყრდნობა.
ამ მოთხრობის მიზნად ავტორს დაუსახავს მეფისა და ხალხის ურთიერთობის რამდენიმე მომენტის მხატვრული ასახვა. იაკობ გოგებაშვილი მოწიწებით ახასიათებს ერეკლეს, როგორც სამხედრო სტრატეგს და დიდ სარდალს. მოხიბლულია მისი დემოკრატობით და თავმდაბლობით. ჩვენს ამოცანას არ შეადგენს ამჟამად იმის გარკვევა, თუ როგორ ესმის გოგებაშვილს ერეკლეს დემოკრატობა და მისი თავმდაბლობა, მაგრამ რამდენადაც მოთხრობის ეს მომენტები ხალხურ თქმულებაზეა აგებული, არც კია აუცილებელი მოვთხოვოთ ავტორს ამის ფართო ინტერპრეტირება.
მოთხრობის მიხედვით, ერეკლე მეორე ძალიან დაახლოებულია ხალხთან, ყურადღებით და გულისხმიერად ეპყრობა მას და სათანადო ინტერესსაც იჩენს მისი შინაური ცხოვრებისადმი. ხალხიც აფასებს ერეკლეს, მოსწონს და უხარია მისი გმირობა, სიმამაცე და მზად არის გაჰყვეს მას პირველსავე მოწოდებაზე. ამ მოთხრობის მიხედვით, მხედრობა თავს სწირავს მეფისათვის, რადგან ეს არის თავგანწირვა სამშობლოსათვის. სამშობლოს მგზნებარე სიყვარულით და მისთვის თავდადებით იბრძვის ქართველი ხალხი დიდძალი მტრის წინააღმდეგ კრწანისის ველზე. უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ორი მამაცი ინგილო ვაჟკაცის პატრიოტი დედა მხურვალე მადლობას უხდის უფალს: “მან აღირსა (მის) შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა”. მას კიდევ ჰყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი: “მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველ დედებთან აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროსა და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერ გზაზე”.
ასეთია იაკობ გოგებაშვილის “ინგილო ქალი”, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ერთი შტრიხიც. იაკობ გოგებაშვილს ესმის ქართველი დედის ვალი სამშობლოს წინაშე, მაგრამ კარგად იცის ისიც, რომ უდიდესია დედის სიყვარული შვილისადმი, ინგილო ქალი გახარებულია თავისი შვილების გმირობით და თავგანწირვით, ესაა მისი ნუგეში, მაგრამ ამით არ იფარება მისი პიროვნული ტრაგედია. ავტორი სწვდება მის სულს და მღელვარებით აღნიშნავს, რომ დედის ხმაში “დიდ ნუგეშთან უღრმესი და უმწარესი დედობრივი სიმწუხარე ცხადად ისმოდა”. ასეთია ქართველი ქალი, როგორც პატრიოტი-მამულიშვილი და როგორც დედა.
ნამდვილი სახალხო პატრიოტიზმის ბრწყინვალე ასახვა იაკობ გოგებაშვილმა მოგვცა აგრეთვე მოთხრობაში “სამასი თავდადებული გლეხი”. ქართველი მხედრობის მტკიცე ისტორიული დევიზი: ან გამარჯვება ან სიკვდილი ბრძოლის ველზე, იყო მათი გამაერთიანებელი ლოზუნგი, და მართლაც, კრწანისის ველზე ერეკლეს დამარცხების დროს გმირულად შესწირა თავი სამშობლოს სამასმავე თავდადებულმა გლეხმა.
ისტორიულ-პატრიოტულ მოთხრობათა ციკლიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოთხრობები საერთო სათაურით: “თავდადებულნი ქართველნი” და “თავდადებული ქართველი ეჯიბი”. ეს თხზულებანი იძლევიან მამაცობისა და თავგანწირვის იშვიათ ნიმუშებს და სოლიდარობის მრავალ მისაბაძ მაგალითს. ამ ისტორიულ-პატრიოტულ მთხრობათა შესახებ ჩვენ შეგვეძლო გაგვემეორებინა იაკობ გოგებაშვილის სიტყვები პლუტარქის შესახებ: “პლუტარქის გმირების ცხოვრების მოთხრობებს მრავალი პირი აღუვსია მამულის მხურვალე სიყვარულით, კაცობრიობის ბედნიერებისათვის თავდადებულობით”[10].
ალ. ხახანაშვილი იაკობ გოგებაშვილის აღნიშნული მოთხრობის შესახებ წერდა: “ამ მხატვრული ენით დაწერილ მოთხრობებში ავტორი უღვიძებს მკითხველს მამულიშვილობის გრძნობას და აშუქებს მის სულს მაღალის ზნეობითის მოვალეობის შეგნებით”[11].
საკმარისია მოვიგონოთ “თავდადებულ ქართველთა” გმირობისა და გამბედაობის ფაქტები, რომ ზემოთ ნათქვამი უეჭველი გახდეს. იოთამ ზედგენიძე თავს სწირავს საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი გიორგი მეფის გადასარჩენად, ისე როგორც თავდადებული ეჯიბი – ავაგ ათაბაგისათვის. კეთილშობილ თევდორე მღვდელს, ივანე სუსანინის მსგავსად, უდაბურ ტყეში შეჰყავს და გზას უბნევს თათრებს, რომელთაც სურთ საქართველოს მეფის დატყვევება და ქვეყნის დარბევა. თევდორემ იცის, რომ მას ელის “გამოუთქმელი ტანჯვა-წამებით სიკვდილი, ცოლ-შვილის დაობლება”, მაგრამ მისთვის სამშობლოს აოხრება უფრო მეტი ტანჯვაა, ხალხის ღალატია და, მაშასადამე, უმძიმესი დანაშაული. აქ გოგებაშვილს არ დავიწყებია ერთი ფსიქოლოგიური დეტალი: როცა თევდორე მღვდელმა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, სამშობლოსათვის ენაცვალებინა თავისი თავი, “უცებ წელში გასწორდა, სახე გაუნათდა, დიდებული გამომეტყველება მიიღო”. სწორი და სავსებით დამაჯერებელია ეს დეტალი. დიდი სახალხო და საგმირო საქმისათვის პიროვნული ინტერესების შეწირვას შეუძლია მიანიჭოს ადამიანს ასეთი კმაყოფილება და ნამდვილი სიხარული.
გულწრფელი პატრიოტი ცოტნე დადიანი ამხანაგური თანაგრძნობისა და იშვიათი კოლეგიალობის განსახიერებაა, ის უყოყმანოდ, ყოველგვარი იძულების გარეშე, იზიარებს ერთი მიზნისათვის მებრძოლი ამხანაგების ტრაგიკულ ბედს. იაკობ გოგებაშვილის “ცოტნე დადიანში” მაღალი ემოციითაა გადმოცემული ისტორიული ამბავი; მეგობრული სოლიდარობა და პირადი კეთილშობილება აქ აგებულია ჭეშმარიტი პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპზე.
სამშობლოს სიყვარულის და გმირობის მტკიცე საფუძველზე აქვს გაშლილი იაკობ გოგებაშვილს სხვა ისტორიული მოთხრობებიც. ცხრა ძმა ხერხეულიძენი, საჩინო ბარათაშვილი (“საშინელი სასჯელი მოღალატისა”), გლეხი ბოსტაშვილი და სხვა ნამდვილი მამულიშვილები, რომელთა სამაგალითო საქციელმა ჩვენი სახელოვანი პედაგოგისა და მწერლის მხატვრულ შემოქმედებაში ჰპოვა ჯეროვანი ასახვა, ღირსეულად ამკობენ სამშობლოსა და ხალხისათვის თავდადებულ გმირთა სახელოვან კრებულს.
საქართველოს ისტორიულ წარსულს ეხება აგრეთვე იაკობის “სხივი წარსულისა”, “საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა” და სხვ. ეს მოთხრობები უდავოდ ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობისა და საერთოდ ქართველი მკითხველის მეხსიერებაში მტკიცედ აღიბეჭდოს მისი ხალხის წარსულის ესოდენ მღელვარე ეპიზოდები.
იაკობ გოგებაშვილს აქვს აგრეთვე მოთხრობები ფსიქოლოგიურ და ეთიკურ საკითხებზე. ამ მოთხრობებს ახასიათებს განსაკუთრებული ექსპრესიულობა და მხატვრული ოსტატობა. ეს გასაგებიცაა, მორალური მოტივი ი. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი მოტივია, ისევე როგორც მის პედაგოგიკურ იდეათა შორის მთავარია ახლგაზრდობის ზნეობრივი განვითარება.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მორალურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა განუზომელია. ეთიკის პრინციპები ფართოდ არის წარმოდგენილი მის მხატვრულ შემოქმედებაში. მშობლიური ენის სწავლებასაც კი, იგი უმთავრესად, მორალურ-დიდაქტიკური ხასიათის მხატვრულ მასალაზე აფუძნებს და სწორედ ამით აიხსნება ამ მასალის სიჭარბე “დედა ენასა” და “ბუნების კარში”.
აღნიშნულ წიგნებში ჩვენ ვხვდებით მრავალი ზნეობრივი პრინციპის პოპულარიზაციას ამა თუ იმ მხატვრული სიუჟეტის მთავარი იდეის სახით. სიმართლე, პირდაპირობა, პატიოსნება, მეგობრობა, პატივისცემა, დახმარება, ადამიანის ღირსების დაფასება, მოყვასისათვის თავგანწირვა, გამბედაობა, თანაგრძნობა, გულწრფელობა, ფრინველებისა და ცხოველების სიყვარული და სხვ. მრავალი საყოფაცხოვრებო ხასიათის ზნეობრივი ნორმა დაამუშავა იაკობმა ახალგაზრდობისათვის საინტერესო და მიმზიდველ მოთხრობებსა და ნარკვევებში.
ეს პოზიტიური, მისაღები და გასავრცელებელი ზნეობრივი პრინციპებია. იაკობ გოგებაშვილი ასევე ზედმიწევნით დაკვირვებულია ნეგატიური და აღსაკვეთი ზნეობრივი ნორმების გამოვლინებისა და მათი დამღუპველი როლის ჩვენებისას. მის მოთხრობათა კაზმულ სიტყვას საკმაოდ მახვილი ძალა აქვს იმისათვის, რომ სავსებით გააშიშვლოს ამორალური ქცევის ყოველგვარი სახე და დაარწმუნოს თავისი პატარა მკითხველი ამ ქცევის საწინააღმდეგო მოქმედების აუცილებლობაში.
ბავშვში ჯანსაღ სიცილს იწვევს სიზარმაცისა და მუქთამჭამელობისათვის აბუჩად აგდებული ბიჭი, რომელსაც ჰგონია ახალუხის მაგივრად სერთუკის ჩაცმით პატივი დაედება. ბავშვი დასცინის მას და რწმუნდება იმაში, რომ ხალხის პატივისცემა შეიძლება დაიმსახურო მხოლოდ გარჯა-შრომითა და კარგი ხასიათით (”მუქთამჭამელა”).
“მჩხავანა კატას” ამბავი არწმუნებს მკითხველს, რომ საქმეს ის კი არ აკეთებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ჩუმად და წყნარად მუშაობს. ბავშვი გრძნობს, რომ ვარდის კონაში ჩადებული უსუნი ყვავილს ვარდის საამური სუნი მიეცა და ამბობს: “ოჰ, ახლა კარგად მივხვდი, რად მირჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო” (“უსუნო ყვავილი”).
ბავშვებს მოსწონთ კეთილი გლეხები ივანე და პავლე, რომლებმაც თავის მეზობლებს ბოროტი კეთილით გადაუხადეს, მეზობლებს შერცხვათ ბოროტი საქციელისა და ივანეს და პავლეს ისევ მეგობრობა სთხოვეს (“ცუდი მეზობელი, ბოროტისათვის სიკეთე”), ასევე მოსწონთ პატარა ელამი კატო, რომელსაც ვაროსაგან დაცინვის მეტი არაფერი ახსოვს, მაგრამ როდესაც ვაროს უბედურება შეემთხვევა, სამაგიეროს კი არ უხდის, არამედ ეფერება, ანუგეშებს და მწუხარებას უქარვებს (“სიკეთე ბოროტისათვის”). მკითხველი ასეთი მოთხრობებით რწმუნდება ივანეს, პავლეს და კატოს საქციელის სიკეთეში და თვითონაც სურს მიჰბაძოს მათ საჭირო შემთხვევაში.
ყმაწვილები ხედავენ, რომ “ცრუპენტელა” და მკვეხარა” ბიჭებს ყოველთვის დასცინიან, აბუჩად იგდებენ და სურთ ერიდონ ტყუილის ლაპარაკსა და კვეხნა-ტრაბახს. ბავშვებს აცინებს თავნება თაგვის უბედურება, რომელმაც გამოცდილ თაგვებს არ დაუჯერა. ისინი რწმუნდებიან, რომ მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა უფროსების დარიგებით ბევრ ხიფათს აიცდენენ (“თავნება თაგვი”).
პატარა სანდრომ თავისი მოუთმენლობითა და სულწასულობით სამარცხვინო საქმე ჩაიდინა, მაგრამ სინდისმა ქენჯნა დაუწყო და თვითონვე გაამჟღავნა დანაშაული (“სირცხვილის აშორება”). არც გოგებაშვილის პატარა მკითხველები არიან დაზღვეული უნებლიე და სანანებელი საქციელისაგან. მათ უნდა შეიგნონ იგი და უნდა შესწევდეთ გამბედაობა, სანდროს მსგავსად, თვითონვე გამოასწორონ თავისი ცუდი საქციელი. ვინც არ შრომობს, არ არის პატიოსანი, არც ის არის პატიოსანი, ვინც გულუხვობს და ხელგაშლილობს სხვისი შრომის მონაგარით და ვინც სხვის ნაწყალობევს შესცქერის მაშინ, როცა მას თვითონ შრომა შეუძლია. პატიოსანი მხოლოდ მშრომელი ადამიანია. უპატიოსნესი კი ისაა, ვისაც ესმის შრომის გამაპატიოსნებელი მნიშვნელობა და თავისი შრომის მაგალითით სხვებსაც აქეთკენ მოუწოდებს (“პატიოსანი და უპატიოსნესი”); ყმაწვილი კითხულობს ამ ჭეშმარიტებას და უეჭველად გრძნობს შრომის აუცილებლობას და იმ სიამოვნებასაც წარმოიდგენს, რომელსაც მას საკუთარი შრომა მოუტანს.
ბავშვის სულიერი ცხოვრების მრავალი საიდუმლოება და ინტიმური მხარე გააშუქა იაკობ გოგებაშვილმა თავის მხატვრულ შემოქმედებაში, მაგრამ მის ფსიქოლოგიურ მოთხრობათა შორის განსაკუთრებულია “იავნანამ რა ჰქმნა?” ეს შესანიშნავი მოთხრობა დამსახურებული საყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდობაში.
მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?” შეიცავს ბავშვის ფსიქოლოგიური არსის კანონზომიერების ღრმა ესთეტიკურ ანალიზს. მისი მთავარი პერსონაჟი ქეთო რეალური სახეა, რომელიც ასევე რეალური ურთიერთობისა და სიტუაციის ფონზეა ნაჩვენები, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მხატვრულად. ამ მოთხრობით ავტორის განზრახვაა, გვიჩვენოს ბავშვის ბუნების ცვალებადობა გარემოსა და გარემოების ცვალებადობის მიხედვით და მუსიკალური ემოციების მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური გარდაქმნის საქმეში.
ქეთოს ადამიანური ჩამოყალიბება დაიწყო ერთ სოციალურ გარემოში; კახეთის ბუნება და ხალხი ზრდიდა მას ქართული ნაციონალური იერითა და სულისკვეთებით, მაგრამ შეცვლილ სოციალურსა და ნაციონალურ პირობებში იგი სხვა ხალხის ზნე-ჩვეულების გავლენის ქვეშ მოექცა. ეს პროცესი არ არის ხანგრძლივი. ბავშვზე აწმყო უფრო ეფექტიანად მოქმედებს, ვიდრე წარსული. აწმყო უფრო ძლიერია და ადვილად ფარავს ბავშვის ცნობიერებაში მის წარსულს. ამიტომ მართალია იაკობი, როდესაც წერს “წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად, განუყოფლად”.იავნანამ რა ჰქმნა, მხატარი ოსკარ შმერლინგი
შეცვლილმა სოციალურმა ყოფამ და გარემომ “ქართველი ქალი გადააქცია ლეკ ქალად, კახეთის შვილი – დაღესტნის შვილად”. ქეთოს ჩამოყალიბება, როგორც ადამიანისა, დაღესტანში არ დამთავრებულა, მისი განვითარება არ შეწყვეტილა, ამიტომ სრულიად დასაშვებია მისი ხელახალი გარდაქმნა როგორც სოციალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ასეც ხდება. ქეთოს აბრუნებენ მშობლიურ გარემოცვაში, კახეთის ხალხსა და ბუნებაში, სადაც იგი მოტაცებამდე იზრდებოდა. კვლავ შეიცვალა მისი ცხოვრების პირობები და შეიქმნა მისი ხელახალი გარდაქმნის საფუძველი.
მეორედ გარდაქმნის პროცესი უფრო ხანგრძლივი და რთულია. რატომ? ქეთო ახლა უფრო დიდია, მასზე ახლა უფრო მეტად მოქმედებს წარსული, ვიდრე ეს იყო ნორჩი ასაკის პერიოდში; ძველი შთაბეჭდილებანი ახლა უფრო დიდხანს ინარჩუნებენ თავის ძალასა და ეფექტს. წარსული მაგრად ზის ჭაბუკის არსში, აწმყოს უხდება მასზე გაბატონება ბრძოლით, წინააღმდეგობითა და, მაშასადამე, ნელი ტემპით და ასე, შედარებით ნელი პროცესით ხდება ადამიანის ხელახალი გარდაქმნა.
იაკობ გოგებაშვილს მშვენივრად ესმის ეს გარემოება. პირველ ხანებში ქეთოზე არავითარ გავლენას არ ახდენდა ძველი მშობლიური გარემოცვა. ცივად და უგრძნობლად შეხვდა იგი დედის მხურვალე ალერსსაც. უფრო მეტიც, დედის მშობლიური ალერსი ისე უცხოდ, ნაძალადევად და თვალთმაქცურად მოეჩვენა, რომ მასში სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. “მაგდანას ალერსმა ცოცხლად წარმოუდგინა თვალწინ ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი. ვარამი კიდევ უფრო გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან”. ასეთივე განცდა აღეძრა ტანსაცმლისაგან; მშობლების მიერ შეკერილი მშვენიერი ქართული ტანსაცმელი “ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი”.
“ბუნებაც შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა”. ქეთო თანდათან იყრის ნაღველს და იწყებს დაკვირვებას ახალ ცხოვრებაზე. მან პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენს სიყვარულს უცხო ადამიანები და რად სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო”. და ეს იყო პირველი მომენტი მისი ხელახალი გარდაქმნის დასაწყისისა. აწმყომ სძლია ახლო წარსულს და რადგანაც ეს აწმყო მას ძველ, ქორფა ბავშვობის დროს წარსულს აგონებდა, ამდენად აწმყო და ძველი წარსული მის ცნობიერებაში გაერთიანდა. ამ გზით შესაძლებელი შეიქმნა ახლო (ანუ დაღისტნის პერიოდის) წარსულის დაძლევა. ქეთოს ცვლილება დაეტყო. მას თანდათან აგონდებოდა სამშობლოს არემარე, გარემოცვა, გადამწყვეტი როლი “იავნანას” მშობლიურმა ჰანგმა ითამაშა.იავნანამ რა ჰქმნა, მხატვარი ოსკარ შმერლინგი
რა ჰქნა იავნანამ? დედის საამურმა იავნანამ მოხიბლა ქეთო. მას “აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამალული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძნა. გონების ძირიდან რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქასა, მაგრამ ზევიდან კეც-კეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა”.
ასე ზუსტი დაკვირვებითა და სიმართლით აქვს გადმოცემული იაკობ გოგებაშვილს ის დიდი ფსიქოლოგიური კოლიზია, რომელსაც განიცდიდა ქეთო აწმყო და ძველ მოგონებათა ჭიდილში.
“მაგდანამ კარგად შეამჩნია შვილის გამოფხიზლების ნიშნები და თავის ხმას საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა მისცა… მაგდანას ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის. შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის სანატრელი ნაშთნი და საგონებელნი. მაგდანა თან ხმას აძლევდა მომხიბლავ ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქოს სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა ამ სახეზე ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა”.
საიდუმლოება ამოიხსნა. ძველი წარსულის პირველი გადამწყვეტი მოგონება ცნობიერების ზედაპირზე ამოიზიდა. “იავნანამ” ქეთოს თავისი პიროვნება აპოვნინა. “მისი აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა. პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი. განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით “დედავ”, სწრაფად მივარდა მაგდანასთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა”.
ასეთია მშობლიური “იავნანა”, ასეთია მისი მელოდიის ემოციური ძალა. თუ მივიღებთ მხედველობაში ბუნების გარემოცვას და იმ სოციალურ პირობებს, რომელმაც შეამზადა ქეთოს ცნობიერება პირველი გადამწყვეტი მოგონებისათვის, სავსებით მართალია გოგებაშვილი, როცა იგი ფიქრობს, რომ “იავნანას” საოცარი მუსიკა ამ შემზადებულ ნიადაგზე გადაიქცა იმ დამატებით სტიმულად, რომელმაც გამოიწვია გადამწყვეტი მოგონება – დედა. პირველი მოგონება იწვევს მეორეს, მეორე – მესამეს და ასე, ასოციაციის კანონის მიხედვით, ქეთომ აღადგინა თავისი ადრეული ბავშვობის პერიოდი, აღადგინა იგი სრულიად ახალ ფსიქოლოგიურ საფუძველზე.
მშობლიური გარემოცვა, იაკობის აზრით, დიდ ეფექტს იწვევს ადამიანის (ბავშვის) არა მარტო სოციალურ-ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ გარდაქმნაშიც. ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში – “ხატის მიზეზით” იაკობი გადმოგვცემს სრულიად დამაჯერებელ ფსიქოლოგიურ სიმართლეს სამშობლო კუთხის სიყვარულის გამაჯანსაღებელი ძალის შესახებ.
იაკობ გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების მორალური მოტივების გარჩევისას ჩვენ ვხვდებით მრავალ პროგრესულ იდეას, მაგრამ აქ ყველას ვერ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ იაკობის დამოკიდებულებას ინტერნაციონალიზმისა და რელიგიის საკითხისადმი. საკმარისია ამისათვის მოვიგონოთ სათანადო ადგილები ორი ზემოხსენებული მოთხრობიდან “იავნანამ რა ჰქმნა?” და “ხატის მიზეზით”.
იაკობ გოგებაშვილი გულმოდგინედ იცავდა ინტერნაციონალიზმის იდეას. ის ოცნებობდა იმ დროზე, როცა “დამყარდება სოლიდარობა, ძმური თანხმობა ერთა შორის”. ერების ძმური თანხმობისა და სოლიდარობის პრინციპს ემსახურებოდა იაკობ გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედებაც. ეს პრინციპი, პირველ ყოვლისა, გატარებული აქვს მას მოთხრობაში “იავნანამ რა ჰქმნა?”
იაკობ გოგებაშვილი მუდამ იბრძოდა ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ. ამ მიზნით აქვს მას დაწერილი “ჭოტი” და სხვ. ამ მიზნით შეიტანა მან “დედა ენაში” ლევ ტოლსტოის “მენავეები” და ამავე ხასიათის სხვა მოთხრობები.
თავის მხატვრულ შემოქმედებაში ი. გოგებაშვილი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმაღლემდე არ ასულა, მაგრამ ეჭვს გარეშეა, რომ საბუნებისმეტყველო-ბიოლოგიურ და საზოგადოებრივ-ისტორიულ თემებზე დაწერილი მისი მშვენიერი მოთხრობები, აიარაღებდნენ რა მკითხველს მეცნიერული ცოდნითა და რეალური წარმოდგენებით, ხელს უწყობდნენ მათ რელიგიისა და ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც.
რამდენიმე სიტყვა იაკობ გოგებაშვილის მხატვრული სტილის შესახებ.
იაკობ გოგებაშვილს, როგორც საბავშვო მწერალს, მშვენივრად ესმის, რომ “ერთფერობა სიკვდილია, მრავალფერობა სიცოცხლე. ეს აზრი, მართალი დიდებისათვის, ორკეც და სამკეც მართალია პატარებისათვის, რომელთა ბუნებაც ითხოვს სხვადასხვა გვარს შთაბეჭდილებას”[12]. ამის გამო იაკობი ცდილობს თავის მწერლობასაც მისცეს “მრავალმხროვანი და მრავალფეროვანი სახე”. უმეტეს შემთხვევაში ეს ცდა წარმატებით სრულდება.
იაკობ გოგებაშვილის პროზის კომპოზიცია მეტად მარტივია. მისი მითხრობების იდეა, კვანძი და ფინალი შეკრულია სტრუქტურული მთლიანობითა და განვითარების ერთიანი რიტმით. კომპოზიციის ერთი მომენტი განპირობებულია მეორე მომენტით ისე, რომ თვით პერიპეტიებიც კი მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრულ ფონზე იშლებიან.
გოგებაშვილის მოთხრობის იდეა ხშირად შეიძლება უფრო ფართო პერსპექტივით გაიშალოს, მაგრამ ავტორს სურს მხოლოდ მის ერთ მომენტზე გაამახვილოს პატარა მკითხველის ყურადღება და ცდილობს სწორედ ეს მომენტი გამოჰყოს “შეკუმშული სურათის” სახით და მასზე ააგოს მოთხრობის როგორც კვანძი, ისე პერიპეტიის ყოველი ელემენტი. მხატვრული პროზა, იაკობის აზრით, მკითხველის ფანტაზიას უნდა ავითარებდეს, და ამიტომ თავის საბავშვო მოთხრობებში იგი ძალიან ერიდება როგორც სახასიათო, ისე პერიფერიულ დეტალებს, რათა თვით პატარა მკითხველმა შეძლოს მათი წარმოდგენა საკუთარი ფანტაზიით. სამაგიეროდ, მოთხრობის იდეა მას ძალიან ხშირად გარკვეულ ყალიბში აქვს მოქცეული – წინასწარ აღებული პრინციპის სახით მოთხრობის დასაწყისში, ანდა გარკვეული მორალურ-სენტენციური დასკვნის სახით – მოთხრობის ბოლოში. ეს უმთავრესად ეხება “დედა ენასა” და “ბუნების კარში” მოთავსებულ მოთხრობებს, მაგრამ არც მის სხვა მოთხრობებში უძნელდებათ ბავშვებს მთავარი იდეის მიგნება.
იაკობ გოგებაშვილი საბავშვო მწერლისაგან მოითხოვდა სიუჟეტის გაშლას “მოქმედების დახატვით”, ე.ი. მოქმედების ფონზე და, მართლაც, მის მოთხრობებს უეჭველად ახასიათებს დინამიკურობა. ეს მოჩანს არა მარტო ნაწარმოების გმირთა ურთიერთდამოკიდებულებაში, არამედ შინაარსის იდეურ განვითარებაშიც. მოვლენების სწრაფი განვითარება, მოძრავი ეპიზოდები, ბუნების აქტიური როლი გმირის ხასიათის ცვალებადობის საქმეში და მღელვარე სურათები მის მოთხრობებს ცხოველ ინტერესსა და ზემოქმედების მკვეთრ ძალას მატებს.
პეიზაჟს იაკობის მოთხრობებში უბრალო დეკორატიული დანიშნულება როდი აქვს. პეიზაჟი აქ ნაწარმოების მოქმედი ფაქტორია, ის იწვევს პერსონაჟის ხასიათისა და განცდების ცვალებადობას. “ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა” – ამბობს გოგებაშვილი და მართლაც, მის მხატვრულ ნაწარმოებებში ბუნება ადამიანის სულიერი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ამიტომაცაა, რომ იგი დიდ ოსტატობას იჩენს ბუნების სურათების გადმოცემაში.
გოგებაშვილის ენა მდიდარია, მდიდარია იგი ლექსიკით, მხატვრული სახეებით, კეთილხმოვანებით, სიმარტივით. ხალხური მეტყველება წარმოადგენს მისი ლიტერატურული ენის მთავარ ნაკადს.
იაკობის ფრაზა ემოციურია, გამოირჩევა თავისი მწყობრი რიტმითა და ფაქიზი მელოდიური ბგერით. მისი ენობრივი სტილი ჭარბად შეიცავს მხატვრული გამოსახვის საშუალებებს, იდეის ყოველი ნიუანსი პოულობს აქ თავისი გამოვლინების შესაფერ და მახვილ ფორმას. გოგებაშვილის სიტყვა გულწრფელი, დამაჯერებელი და მიმზიდველია. იაკობი წერს მთელი გულით, მოგვითხრობს დიდი გრძნობით, გატაცებულია თავისი მართალი საქმით და გჯერათ მისი. ძალიან უყვარს მას თავისი შემოქმედების თემები, გმირები და ასეთივე სიყვარულით წერს მათ შესახებ.
როგორია იაკობ გოგებაშვილის დამიკიდებულება მხატვრული ლიტერატურის მასალისადმი?
პირველ ყოვლისა, იაკობმა მშვენივრად იცოდა, რომ თემის მასალის მხატვრული დამუშავება და მისი გამოყენება გარკვეული პედაგოგიური მიზნისათვის სრულებითაც არ ნიშნავს ამ მასალის არსებითად შეცვლას, გადაკეთებას. განსაკუთრებული სიზუსტით იცავდა ამ პრინციპს იგი ისტორიული თემების დამუშავებისას.
ასეთი სიფრთხილე ზოგჯერ გადაჭარბებულიც იყო. ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ იაკობს ისტორიულ მოთხრობათა ზოგიერთი მასალა, ამოღებული “ქართლის ცხოვრებიდან” და სხვა პირველწყაროებიდან, ნედლი სახით აქვს გამოყენებული. ზოგჯერ იმდენად ნედლია იგი, რომ ავტორს უკრიტიკოდ გადმოაქვს ჟამთააღმწერლების შეცდომები, გულუბრყვილო რელიგიური მოსაზრებანიც კი, ზოგ მოთხრობას აშკარად აკლია მხატვრული დამუშავება (“სხივი წარსულისა”).
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იაკობის დამოკიდებულება ფოლკლორული მასალისადმი. ასეთ მასალას იგი ფართოდ იყენებდა “დედა ენასა” და “ბუნების კარში”, მის გადამუშავებასაც პედაგოგიური თვალსაზრისით უდგებოდა. “დიდი რაოდენობა ჩვენი შეკრებილი ლექსებისა და ზღაპრებისა დავბეჭდეთ სწორედ ისე, როგორც გავიგონეთ ხალხისაგან. ზოგში კი ცვლილება შევიტანეთ. ეს ცვლილება გამოიწვია იმ გარემოებამ რომ ზოგ ლექსს, ფორმით მშვენიერს, შეუსაბამო და მავნე შემეცნება აფუჭებს და უვარგისად ჰხდის ბავშვისათვის. ჩვენ ეს შემეცნებანი პედაგოგიური მოსაზრებით გამოვტოვეთ და მათ მაგიერ ჩავურთეთ შესაბამისი და სასარგებლო შემეცნებანი”[13].
იაკობს მოჰყავს ხალხური შემოქმედების ასეთი გადამუშავების რამდენიმე ნიმუში. ჩვენ მხოლოდ ორი მაგალითით დავკმაყოფილდებით:
1. “ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი?”
ხალხური რადაქცია
ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი?
დაურჩი დედაშენსაო.
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბენდე ჩვენსაო.
მოგიხდი წითელ ღვინოსა,
მეც მოგიჯდები გვერდსაო.
დავლევ და დაგალევინებ,
პატარა აზარფეშსაო.
იაკობის რადაქცია
ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი?
დაურჩი დედაშენსაო,
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბენდე ჩვენსაო.
გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ძველსაო,
ვიმღერ და შენცა გამღერებ,
ლექსებს გასწავლი ბევრსაო.
2. “ყაყაჩოსა სიწითლითა”
ხ ა ლ ხ უ რ ი რ ე დ ა ქ ც ი ა
ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
წითელ ნუნუას ვაჟკაცის
გული გაუხარებია.
ი ა კ ო ბ ი ს რ ე დ ა ქ ც ი ა
ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
ყმაწვილსა კარგი სწავლითა
სახლი გაუხარებია.
ამავე პრინციპით აქვს გადაკეთებული იაკობ გოგებაშვილს ხალხური ზღაპარ-არაკებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მათში ძირითადი ცვლილებები მოუხდენია, იაკობი თავისი რედაქციით მოყვანილ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს არასდროს არ თვლიდა საკუთარ ნაწარმოებად, ყოველთვის მოჰყავდა ისინი, როგორც ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და, ბუნებრივია, მათ აქ არც ჩვენ ვეხებით. ზემოაღნიშნული მაგალითები მოვიყვანეთ მხოლოდ, როგორც იაკობის რედაქტორული მუშაობის ნიმუში.
იაკობ გოგებაშვილი თავისი ორიგინალური მოთხრობებისათვის იყენებდა აგრეთვე ცნობილ ისტორიულ და ფოლკლორულ სიუჟეტებს. “განთქმულმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ, – წერს გოგებაშვილი, – შექმნა მთელი სერია საბავშვო მოთხრობებისა, რომელნიც აგებულნი არიან რუსულს ანდაზებზე, მსგავსად ამისა, ჩვენც ქართულ სახალხო ანდაზებზე დავსწერეთ თორმეტიოდე მოთხრობა და მოვაქციეთ დედა-ენაში”[14]. ყველა ეს მოთხრობა იაკობს დამუშავებული აქვს სრულიად ორიგინალური ფაბულის ფონზე, ახალი კომპოზიციითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით.
ქართული მხატვრული ლიტერატურისა და პედაგოგიკის ისტორიაში იაკობ გოგებაშვილი იყო პირველი ქართველი საბავშვო მწერალი. თავისი ლიტერატურული შემოქმედების აღმზრდელობითი იდეებით, თემატიკითა და მხატვრული ფორმით მან პირველად შექმნა ჩვენში საბავშვო მწერლობა, როგორც მხატვრული ლიტერატურის გარკვეული დარგი.
[1] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, 1940, გვ. 169-170.[2] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, 1940, გვ. 169.
[3] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, გვ. 187.
[4] იქვე, გვ. 186.
[5] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, გვ.. 175.
[6] ი. გოგებაშვილი, “ბუნების კარი”, 1900, გვ. 11.
[7] იქვე.
[8] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, გვ. II, 175.
[9] იქვე.
[10] ი. გოგებაშვილი, რჩეული ნაწერები, II, გვ. 175.
წყარო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი 4. იაკობ გოგებაშვილი