პუბლიცისტიკა

მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელი სასამართლო

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო არსებობს, ყოველ მთავრობას სამნაირი დანიშნულება აქვს: საკანონმდებლო, სამმართველო და სამოსამართლო. სადაც არ არის კანონმდებლობა, მმართველობა და სასამართლო, იქ არც სახელმწიფოა. როგორც უნდა იყოს წარმომდგარი სახელმწიფო: დაპყრობით, უზურპაციით თუ კავშირით, სულ ერთია, იქ უეჭველად უნდა იყოს სამივე დარგი მთავრობისა. შეიძლება მათ შორის გაბატონდეს ერთი რომელიმე დარგი, რომელმაც, შეიძლება, დაიმორჩილოს მეორე მხარე, ან თავის უფლებას გადააჭარბოს, შეიძლება სამივე დარგის დანიშნულება ერთმა დაწესებულებამ მიითვისოს, მაგრამ ყოველთვის სჩანს მთავრობის ამა თუ იმ მოქმედებაში ან კანონმდებლობა, ან მმართველობა, ან მოსამართლეობა. ჯერ კიდევ არისტოტელმა შენიშნა ეს მოვლენა, მაგრამ იმაზე კი არაფერი სთქვა, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს მათ შორის. ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთის მოაზრეებმა და მეცნიერებმა, რომელნიც გულდასმით შეუდგენ იმის ძიებას, თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო, რაგვარი ურთიერთობა უნდა დამყარდეს მთავრობის სამნაირ დარგთა სორის, რომ შეიძლებოდეს უზრუნველყოფა მოქალაქეთა თავისუფლებისა და მმართველ წრეების ალაგმვა.

დიდებულ რევოლუციამდის საფრანგეთში მთავრობის ბოროტმოქმედებამ, თვითნებობამ და ძალმომრეობამ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია და აზრი მთავრობის ალაგმვისაც პირველად იქ დაიბადა. ეს საკითხი საუცხოვოდ და დაწვრილებით შეიმუშავა მონტესკიემ თავის განთქმულ თხზულებაში “კანონების სული”. მონტესკიე ბრწყინვალედ ამტკიცებს, რომ როცა ერთი და იგივე დაწესებულება ორნაირ დანიშნულებას ასრულებს, როცა იგი კანონმდებელიც არის და მისი აღმასრულებელიც, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თავისუფლება შეუძლებელია. თავისუფლება შეუძლებელია აგრეთვე იქ, სადაც სასამართლო გამოყოფილი არ არის საკანონმდებლო და აღმასრულებელ მთავრობისგან. თუ მოსამართლეც და კანონმდებელიც ერთი და იგივე პირია, მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე მოელის, რადგან მოსამართლეს ყოველთვის შეუძლიან ამა თუ იმ შემთხვევაში კანონი შესცვალოს და ისეთი კანონი გამოსცეს, როგორიც საჭიროა მისთვის. სასამართლო და აღმასრულებელი დაწესებულებანი რომ ერთად აურიოთ, ყოველ მოსამართლეს შეუძლიან ტირანად გადაიქცეს, _ მმართველობის დროს ის ყოველ ნაბიჯზე დაარღვევს კანონს და სასამართლოში თავის თავს თვითონ გაასამართლებს.

მონტესკიეს იდეა სავსებით შეითვისა საფრანგეთის რევოლუციის დროის მოწინავე თაობამ და 1791 წელს, როცა გამოცხადებულ იქმნა მოქალაქისა და ადამიანის უფლებები, ეროვნულმა კრებამ დაადგინა, რომ ის “საზოგადოება კონსტიტუციური არ არის, სადაც უზრუნველყოფილი არაა უფლებები და დანაწილებული არ არის მთავრობა”, ესე იგი ასეთ საზოგადოებას არა აქვს თავისუფალი დაწესებულებანი.

იდეა სასამართლოს დამოუკიდებლობის თანდათან ფეხს იკიდებდა და ეხლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს. სასამართლოს დამოუკიდებლობა დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ ყველა სადავო საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს. მთავრობის არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლიან სასამართლოს საქმეში ჩაერიოს. არ შეიძლება დაარსება ისეთ განსაკუთრებულ სასამართლოეების, რომელნიც ჩვეულებრივ სასამართლოს ექიშპებიან, არც ერთ მოქალაქეს არ უნდა წაერთვას უფლება მიმართოს ჩვეულებრივ სასამართლოს იმ შემთხვევაში, როცა მისი უფლება დარღვეული და შელახულია. ყოველნაირ დავას არჩევს ჩვეულებრივი სასამართლო და ყველა მოქალაქენი თანასწორნი არიან მის წინაშე. – ეს არის საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოსი ყოველ განათლებულ და თავისუფალ ქვეყანაში.

სასამართლოს მთავარი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი – ტოკვილისა არ იყოს –  შუამავალია მოდავეთა შორის. იგი შუამავალია აგრეთვე მთავრობისა და ხალხის შორის, იგი არკვევს და ანიჭებს უფლებას ამა თუ იმ მხარეს, როცა უფლება სადავო ხდება, იცავს ამ უფლებებს, როცა იგი ვისიმე მხრით დარღვეულია და არ დასდევს იმას, თუ ვინ დაარღვია უფლება, – მთავრობამ თუ ხალხმა.

სასამართლო, მოქალაქეთა კერძო უფლებების გარდა, იცავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებას და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენელი სასამართლოსგან თხოულობს უფლების დამრღვევის დასჯას და დარღვეულ უფლების აღდგენას. მაგრამ ხშირად თვითონ მთავრობაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არღვევს მის თავისუფლებისა და პიროვნების ხელუხლებლობის უფლებას და სხ. ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნება უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართოს და სთხოვოს მისი უფლების აღდგენა და მთავრობის წარმომადგენელის დასჯა.

იქ, სადაც ზემოხსენებული სამი დარგი სასამართლოსი ჩაბარებული აქვს ჩვეულებრივ სასამართლოს, იგი დამოუკიდებელ სასამართლოდ უნდა ჩაითვალოს. ასეთ ქვეყანაში სასამართლო დამცველია კანონიერებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებისა. ასეთი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ინგლისსა და ამერიკაში. ეს უფლება ხალხმა მედგარ ბრძოლის შემდეგ მოუპოვა სასამართლოს. ფეოდალურ წესწყობილების დროს მოსამართლის დანიშნულებას თვითონ მეფეები ასრულებდენ. შემდეგ ეს უფლება გადასცეს თავის მოხელეებს, რომელნიც მეფის სახელით ასამართლებდენ ხალხს. აქედან წარმოსდგა მეფის უფლება შესახებ განსაკუთრებულ სასამართლოების დანიშვნისა. სწორედ აქედანვე იწყება აუარებელი ბოროტმოქმედება სასამართლოს მხრივ. XVII საუკუნეში ინგლისში გაძლიერდა საიდუმლო სასამართლო, რომელიც თავზარს სცემდა ხალხს. ასეთ სასამართლოს ხალხმა იმით დაუწყო ბრძოლა, რომ იგი უარჰყოფდა მეფის მხრით გასამართლების უფლებას და თხოულობდა მუდმივ და ჩვეულებრივ სასამართლოს.

ერთხელ მეფემ იაკობ I-მა მოინდომა სასამართლოს საქმეში ჩარევა. მოსამართლე კუკმა ასეთი პასუხი გასცა მის წარმომადგენელს: “პირადათ მეფეს არ შეუძლიან არც სისხლისა და არც სამოქალაქო საქმის გარჩევა, რადგან ყოველი სადავო საქმე უნდა გაარჩიოს მოსამართლემ თანახმად ინგლისის კანონებისა და ჩვეულებისა. მეფეს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს კრებას, მაგრამ საქმეს მაინც ის კი არ გაარჩევს, არამედ სასამართლო”. რევოლუციის შემდეგ ინგლისის პარლამენტმა დაადგინა, რომ არც მეფესა და არც მის საბჭოს არავისი გასამართლება არ შეუძლიანთ და ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ ჩვეულებრივ სასამართლოს.

საფრანგეთის კონსტიტუციამ 1791 წელს უფრო ნათლად აღნიშნა სასამართლოს მოვალეობა. მაშინდელ კონსტიტუციაში ნათქვამი იყო, რომ ვისიმე გასამართლება არ შეუძლიან არც კანონმდებელ დაწესებულებას და არც მეფეს. მოქალაქეთა გასამართლების უფლება აქვს მხოლოდ კანონით დაწესებულ სასამართლოს და არც ერთი მოსამართლე არ უნდა დაემორჩილოს რომელიმე სხვა განსაკუთრებულ სასამართლოსაო.

ევროპის კონტინენტზე სასამართლოს ერთი მხრით არა აქვს ისეთი ფართო უფლება, როგორც აქვს ინგლისისა და ამერიკის სასამართლოს. ევროპაში სასამართლოს უფლება არა აქვს მთავრობის აგენტებიც ისეთივე წესით გაასამართლოს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ასამართლებს. ზოგ სახელმწიფოში მოხელეთა გასამართლებისათვის განსაკუთრებული დაწესებულება არსებობს, ზოგში კი მოხელის გასამართლებისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა, ურომლისოდ სასამართლოს უფლება არა აქვს მოხელე გაასამართლოს. ჯერ კიდევ რევოლუციის დროს საფრანგეთში ისეთი წესი შემოიღეს, რომ სასამართლოს არ შეეძლო სახელმწიფო საბჭოს ნებადაურთველად მოხელის გასამართლება ისეთი მოქმედებისათვის, რომელიც იმის სამსახურს შეეხებოდა. ეს წესი საფრანგეთში დღესაც არსებობს. სხვათა შორის აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ითხოვს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ინგლისში მთავრობის უმაღლეს მოხელეთა წინააღმდეგ სამოქალაქო დავის აღძვრა კანონით შეიძლება მხოლოდ მეფის ნებართვით, ფაქტიურად კი ასეთ ნებართვას მეფე ყოველთვის იძლევა. ხოლო სხვა მოხელეთა წინააღმდეგ დავის აღძვრა ყველას შეუძლიან უნებართვოდ. ყველა მოხელე ერთნაირად აგებს პასუხს იმ დანაშაულობის გამო, რომელიც მან ჩაიდინა კერძო ცხოვრებაშიაც და სამსახურშიაც. ორივე შემთხვევაში პირადად ის არის პასუხიმგებელი და არ შეუძლიან თავი იმით იმართლოს, ვითომ მე მხოლოდ ჩემი უფროსის ბრძანება შევასრულეო. თუ სალდათმა აფიცრის ბრძანებით მოკლა კაცი, მას არ შეუძლიან თავის გამართლება ბრძანების ასრულებით: ის პირადად აგებს პასუხს და ვერავითარი ბრძანება ვერ იხსნის მას. თუ პოლიციელმა უფროსის ბრძანება შეასრულა და უკანონოდ დააპატიმრა ვინმე, ის პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე პიროვნების ხელუხლებლობის კანონის დარღვევისთვის. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ინგლისის სასამართლო მტკიცედ იცავს. ინგლისში იშვიათია სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენის მაგალითი, რადგან ყველა მოხელემ კარგად იცის, რომ ის სასტიკად დაისჯება დანაშაულობისთვის და ამიტომ ერიდება კანონის დარღვევას, მაგრამ ინგლისის სასამართლოს ყოველ წლობით უხდება მაინც ისეთ საქმეების გარჩევა, რომელიც შეეხებიან პოლიციისა და ადმინისტრაციის მხრით კანონის დარღვევას, და დამნაშავეს სასტიკად სჯის.

ამას წინად მანჩესტერში ნაფიც ვექილთა სასამართლომ გაარჩია საქმე პირველ მინისტრის სოლსბიურისა, რომელსაც დეპუტატი ბრიენი დიფამაციას უჩიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტმა სიმსმა საჩივარი აღძრა დედოფლის ძმისწულისა და ბრიტანიის ჯარების მთავარსარდლის, კემბრიჯის ჰერცოგის წინააღმდეგ, რომელმაც უცაბედად ხელი ჰკრა სიმსს. მოსამართლემ უარი უთხრა სიმსს, საკმარისი საბუთი არა გაქვსო, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ საჩივარი მიიღო და მისმა თავმჯდომარემ ასე დაასაბუთა სასამართლოს გადაწყვეტილება: “საჭიროა ინგლისელებმა იცოდენ, რომ კანონის წინაშე დედოფლის ყველა ქვეშევრდომნი, რაც უნდა მაღლა იდგენ ისინი წოდებითა და ხარისხით, თანასწორნი არიანო”. თუ ადმინისტრაცია რაიმე უსამართლობას ჩადის, სასამართლო აფრთხილებს მას, და თუ ამან არ გასჭრა, კანონის დამრღვევს სასამართლო ბრალსა სდებს იმაში, რომ ის არ დაემორჩილოს დადგენილებას, და აპატიმრებს.
ერთხელ ინგლისის მატროსი, ვინმე ფლოიტი სამსახურიდან გაიქცა, პოლიციამ მის მაგივრად შეცდომით ვინმე ტომსონი დააპატიმრა და გაგზავნა ერთ სამხედრო გემზე, რომლის უფროსმა მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და დააპატიმრა. სასამართლომ მაშინვე ბრძანება გაუგზავნა გემის უფროსს, პატიმარი წარმოადგინეთ და მისი დაპატიმრების ბრძანების ქაღალდიც მოიტანეთო. გემის უფროსმა ტომსონი სასამართლოში გაგზავნა, თვითონ კი არ მივიდა. სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ბრძანება, საადმირალოს წარმომადგენელს კი მხოლოდ მისი პირი ჰქონდა. ამის გამო მოსამართლეთა და მას შორის ასეთი დიალოგი მოხდა:

მოსამართლე. ჩვენ გვსურს ტომსონის დაპატიმრების ბრძანება მივიღოთ.
მეორე მოსამ. თქვენ არ ემორჩილებით ბრძანებას. თქვენ დოკუმენტი პასუხთან ერთად უნდა მოგეტანათ. თქვენ ამბობთ, არა მაქვსო და არც პასუხს იძლევით. რატომ? თქვენ შეურაცხყოფთ სასამართლოს.
ადმინისტრაციის წარმომადგ. ბრძანება თან არა მაქვს.
მოსამართლე. ამ შემთხვევაში სასამართლოში არ უნდა მოსულიყავით და ასეთი სისულელე არ გეთქვათ. ჩვენ ეხლავე დავაპატიმრებთ გემის კაპიტანს. არ შეიძლება ინგლისის კანონების არ ცოდნით იმართლოთ თავი და ასე მასხარად აიგდოთ მოქალაქობრივი თავისუფლება.

მეორე დღეს გემის კაპიტანი, ჰერცოგი ველიგტონი დააპატიმრეს და, როცა სასამართლოში გაგზავნეს, მოსამართლემ უთხრა: “თქვენი წარმომადგენელი იმით გამართლებდათ, რომ თქვენ თქვენი უფროსის ბრძანებით მოქმედებდით. ეგ საბუთი არ არის თქვენ დიდად შეურაცხყავით სასამართლო. ჩვენ შეგვეძლო თქვენი დაპატიმრება, მაგრამ ჯერ 12 000 მანეთით გაჯარიმებთ”.

ინგლისის სასამართლოს უფლება აქვს სატუსაღოში ჩასვას ის კაცი, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს. კანონში ნათქვამი არ არის დაპატიმრების ვადა, ასე რომ სასამართლოს შეუძლიან თავის შეურაცხმყოფელს უვადო დაპატიმრება გადაუწყვიტოს. ეს სასჯელი იმით არის საშინელი დასჯილთათვის, რომ მეფესაც კი არ შეუძლია მას სასჯელი აპატიოს.

მაგრამ სასამართლო ისე დამოუკიდებელი და დემოკრატიულად მოწყობილი არსად არ არის, როგორც ამერიკაში. იქ სასამართლო ორ ნაწილად იყოფება: შტატებისა და საერო, ფედერატიული, რომელიც ისეთ საქმეებს არჩევს, რომელნიც შეეხებიან ფედერატიულ კანონების დარღვევას. ორივე სასამართლოს უფლება აქვს მთავრობის მოხელეთა საქმეები გაარჩიოს და ვისიმე დაუკითხავად დასაჯოს. ყველა მოქალაქეს შეუძლიან ყველა დიდ და პატარა მოხელეს ბრალი დასდოს და სამართალში მისცეს. ამერიკის სასამართლო იმით განსხვავდება სხვა ქვეყნების სასამართლოებისაგან, რომ მას უფლება აქვს იხელმძღვანელოს უფრო კონსტიტუციით, ძირითად კანონებით, ვიდრე უბრალო საკანონმდებლო დაწესებულების მიერ გამოცემულ კანონებით, რომელნიც, შეიძლება, კონსტიტუციას არ ეთანხმებოდენ. ეს უფლება ამერიკის სასამართლოს გარდა არც ერთ სხვა სასამართლოს არა აქვს. დიდი უფლება აქვს მინიჭებული კავშირის სასამართლოს, რომელიც ხშირად შტატების დავასაც არჩევს ხოლმე. “როგორღაც მეხამუშა, – ამბობს ერთი ფრანგი, რომელიც დაესწრო ამ სასამართლოში საქმის გარჩევას, – როცა სასამართლოს ბოქაულმა განაცხადა: ნიუ-იორკის შტატი ოგაიოს შტატს დავას უცხადებსო”. ერთ შტატში ერთი მილიონი მცხოვრებია, მეორეში –  ორი. აქედან ცხადია, თუ რა დიდი პასუხის მგებლობა აწევს სასამართლოს. კავშირის სასამართლო აერთებს შტატებს და უზრუნველ ჰყოფს ფედერაციის არსებობას. მას ხშირად მიჰმართავს ხოლმე მთავრობა, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად სცნობს; მას მიჰმართავს ხოლმე საკანონმდებლო დაწესებულება, როცა მისი უფლება ირღვევა ვისიმე მხრით.

სასამართლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ მისი წევრები ყოველ მხრით დამოუკიდებელი იყვენ. ამისთვის დაწესებულია: 1) წესი მოსამართლის არჩევისა, 2) მოსამართლის გამოცვლა არავის არ შეუძლია სასამართლოს გარდა 3) მოსამართლის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ ის სავსებით მიუდგომელი იყოს. ამისთვის მას არ შეუძლიან სხვა რაიმე საქმე იკისროს, სხვაგან იმსახუროს, საჩუქარი მიიღოს ვისიმე მხრით. მას ნება არა აქვს მთავრობის მხრით მიიღოს ხარისხი, ჯამაგირი, ჩინი და სხ.; მას ეძლევა საკმაოდ დიდი ჯამაგირი.

მოსამართლეს თვითონ ხალხი ირჩევს, მაგრამ იქ, სადაც სავსებით არ არის აღიარებული საზოგადოდ ხალხის უმაღლესი უფლება, მოსამართლეთა არჩევაც ხალხს არა აქვს მინდობილი. ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის მოსამართლეებს ირჩევენ, მაგრამ ხალხი კი არა, არამედ მისი წარმომადგენელნი – ფედერატიული კრება. მოსამართლეთა არჩევანი დემოკრატიული წესით განხორციელებულია ავსტრალიის ფედერატიულ რესპუბლიკაში და ამერიკის დეფერაციის ზოგიერთ შტატებში. იქ თვითონ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს და ისეთივე უფლებებს აძლევს მათ, როგორც პარლამენტის წევრებს. მაგრამ ინგლისშიაც მოსამართლე ავსტრალიისა და ამერიკის მოსამართლეზე ნაკლებად არ არის დამოუკიდებელი. ეს იმით აიხსნება, რომ ინგლისში მტკიცედ არის დაცული მოსამართლის გამოუცვლელობის პრინციპი და მისი უზრუნველყოფა. უწინ ინგლისის სასამართლო პირველი მონა და მოსამსახურე იყო გაბატონებულ კლასისა, ეხლა კი, როცა ორივე პალატის გარდა არავის არ შეუძლიან მოსამართლის გამოცვლა, როცა მოსამართლემ სრული ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ხალხის თვალში და როცა მოსამართლე საპატიო პირად ითვლება საზოგადოებაში, სასამართლო ძირიან-ფესვიანად შეიცვალა და მისი ავტორიტეტი იმდენად გამტკიცდა, რომ ინგლისის სასამართლოს ვერავინ უსაყვედურებს მიდგომას და ამა თუ იმ კლასის მოსამსახურეობას.
ინგლისის მოსამართლეს არ შეუძლიან სამსახურში წინ წაწევა და ჯილდოს მიღება. ის ქონებრივად უზრუნველყოფილია, ხოლო უფლებით შეუზღუდველი. ამერიკის სასამართლოზე ვიღამაც ასეთი აზრი გამოსთქვა: “პრეზიდენტის შეცდომა ზარალს ვერ მიაყენებს სახელმწიფოს, რადგან მისი უფლება შეზღუდულია. შეიძლება კონგრესიც შესცდეს. ამის გამო ფედერაცია არ დაიღუპება, რადგან კონგრესის შეცდომას გაასწორებს საარჩევნო კრება, რომელიც გამოსცვლის მის წევრებს, მაგრამ, თუ ამერიკის უმაღლეს სასამართლოში უგუნური და უზნეო მოსამართლენი მოხვდენ, ფედერაციას ან ანარქია მოელის, ან სამოქალაქო ომიო”.

ასეთი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ შეგვეძლო რუსეთსაც შევხებოდით, მაგრამ მეტად მიგვაჩნია იმის განმეორება, რაც ყველამ იცის. რუსეთის სასამართლო, რომელიც, მინისტრიეს ლანსკისა არ იყოს, “შეკაზმული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს”, ნიმუშია ფეოდალურ დროის სასამართლოსი. აუარებელი სამხედრო, საეკლესიო, სავაჭრო და საგლეხო სასამართლოების არსებობა საკმაოდ ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთში ყოველ წოდებისთვის და კლასისთვის ცალკე სასამართლო არსებობს.

ჯავახიშვილი მიხეილ: დამოუკიდებელი სასამართლო: გაზ. “ივერია” 1906, # 20: გვ. 10-13

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button