განხილვალიტერატურა

ცხოველთა უფლებები ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობაში

ხატაური ჩემია

      სვიმონიანთ ეზოში გაზაფხულის ერთს მშვენიერ დილას საიდგანღაც გამოღონღიალდა პატარა გამხმარი, ტურტლიანი, თვალებამოწირპლული კატის კნუტი. შიმშილისაგან ძლივს დალასლასებდა.ივანიანთ სანზარეულოდგა მწვადის სუნი ეცა და იქითკენ გაემართა, მზარეულს საცოდავად შეჰკნავლა, მოწყალება სთხოვა, მზარეულმა ქაფქირი მოუღერა და ეს საცოდავი მშიერი კარში გაუძახა. კნუტი მეორე მეზობლის ღია ფანჯარასთან აკნავლდა, დიასახლისმა საშინელი, მწუხარე, მისუსტებული კნავილი რომ გაიგონა, ფანჯრიდან გამოიხედა, მაგრამ წირპლიანი, ტუტყიანი კნუტი რომ დაინახა, ზიზღით გააფურთხა და შეჰყვირა.
       __ აცხა, აცხა, შე ოხერო! იქით დაიკარგე, ქეციანი იქნები…
ციცუნა ახლა სხვა ღია კარს მიადგა, მაგრამ იქაც დაუტატანეს და გამოაგდეს. თავჩაღუნული, შეწუხებული, შიმშილისაგან ილაჯგაწყვეტილი დაჯდა უკანა ფეხებზედ შუა ეზოში და საშინელი კნავილი გააბა.
       მაღლა აივანზედ პატარა მარო იდგა, გემრიელი ნაზუქის ყუას ძმუძნიდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თან რაღაცას ღიღინებდა. კნავილზედ დაბლა ჩაიხედა, დაინახა საბრალო მშიერი არსება და თავისის ბავშვურის გულით მიხვდა იმისს მწუხარებას. საჩქაროდ მოუტეხა ნახევარი თავისის ყუისა და გადაუგდო. კნუტი გიჟივით მივარდა ლუკმას. ფაცაფუცით, თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა და ისევ შეჰკნავლა თავისს პატარა მოწყალეს. მარო მზარეულ დედაკაცთან გაექანა, პატარა ხორცის ნაჭერი სთხოვა კატისთვის. დედაკაცმა გადახედა ,,ქეციანს“ და დაუტატანა:
       __აცხა, აცხა!შე ოხერო!
      მერე მარიკოს დარიგება მისცა:
       __ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო, გენაცვალე, თორემ კატისაგან ხელებზედ ქეცი გადაგედება, შენც ქეციანი შეიქნები და ახლო აღარავინ მოგეკარება!
       მარო დაღონდა, ქეცის გადადებამ შეაშინა და შინ შებრუნდ.
       მეორე დილით “ქეციანი“ კიდევ აკნავლდა სვიმონიანთ ეზოში, კიდევ ყველამ შეთათხა და უმოწყალოდ გააგდო. მარომ კი ვერ მოითმინა, დედის და მზარეულის ჩუმად ერთი დიდი ნაჭერი, გუშინდელი სადილის ნარჩენი, შემწვარი ხორცი გამოიღო განჯინიდგან და სამბრალო მშიერს გადაუგდო.
       კნუტი ხორცის დანახვაზედ სიხარულით გადაირია. მოიტაცა და ისე დაბღუჯა, თითქო ართმევს ვინმეო, ბრჭყალებში მოიგდო, თვალები გიჟსავით დააჭყიტა, აიბურძგნა, ფხუკუნ-ბღუილი დაიწყო, უკან-უკან დაიწია და მერე საშინელი სისწრაფით სახლის სახურავზედ შეხტა და თავისის ძვირფასის ნაშოვნით მიიმალა.
       მესამე დღესაც ეწვია ციცუნა ეზოს, მაგრამ ახლა სხვას აღარავის მიმართა,__პირდაპირ აივნის წინ ჩაცუცქდა და კნავილი დაიწყო. მარო მალე გამოვიდა თავისის მოწყალე ხელით სავსე ლამბაქი რძე და ქადის ნატეხი გამოუტანა.
       მთელი ორი კვირა კნუტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს აკნავლდებოდა და მაროც მაშინვე საზრდოთი იქ გაჩნდებოდა.
       პატარა ქეციანი გასუქდა, თეთრი და მოწითალო ზოლებიანი ბეწვი დაეწმინდა, წირპლიანი თვალები სრულებით მოეწმინდა. თავჩაღუნული აღარ იყო და, სუსტი ლასლასის მაგივრად სულ კუნტრუში დაიწყო; მაროს დანახვაზედ გაექანებოდა, შეახტებოდა, დაუწყებდა თამაშობას, კრუტუნით მიუს-მოუსვამდა და თავს მაროს ხელებზედ და თვალებში შეაჩერდებოდა ხოლმე სიხარულით გაბრწყინვებულის მწვანე თვალებით. მაროს ჯერ ეშინოდა ქეცის შეყრისა, მორიდებით იყო, ვერ ბედავდა ხელში აეყვანა. მაგრამ კატის ალერსმა მალე დაავიწყა სიფრთხილე. კატა და ბავშვი დიდად დამეგობრდნენ.
      ციცუნა ახლა უფრო ხშირად მოდიოდა, მერე აღარც კი იმალებოდა სახლის სახურავში და ერთს მშვენიერ დღეს მაროს ოთახშიაც კი გაბედა შესვლა. მარომ სიყვარულით აიყვანა ხელში, ყელზედ ლურჯი ლენტი შეაბა, მაგიდაზედ ლამბაქით რძე დაუდგა და იმისს სლაპასლუპით რძის თქვლეფას სიხარულით შეჰყურებდა. მერე ძაფზედ დახვეული ქაღალდი გამოაბა, გაუქნივ-გამოუქნია. კატა წამოხტა, გამოეკიდა ქაღალდს, დაიჭირა, მერე მაღლა ააგდო თათებით და ისევ დაიჭირა. იმისი ყველა მოძრაობა ისეთი ცქვიტი და მოხდენილი იყო, რომ მარო ხმამაღლა ხარხარებდა.
       __რა ამბავია, რა გახარხარებს, გოგონაჯან!__ამ სიტყვებით შევიდა მაროს ოთახში დედა და თვითონაც პირს ღიმილი მოუვიდა მშვენიერი ხატაურის ცელქობაზე.
       __ რა კარგი ციცუნიაა, რა მშვენიერი ზოლები აქვს, სწორედ ვეფხვსა ჰგავს! ვინ გაჩუქა, გენაცვალოს დედა?
       __ ხატაური ჩემია! მე თვითონ ვიპოვნე, მოვარჩინე! ხედავ, დედაჯან, ქეციანი აღარ არის, აღარც თვალები სტკივა! ახლა ხომ შეიძლება ყოველთვის ჩემთან იყოს?!
       __ “ქეციანი!“ ნუთუ ეგ ის წირპლიანი, მოთხუპნულიკნუტია, მთელ ეზოს კნავილით აბეზრებდა თავს?
       __ ის არის, დედა, ის! ხომ ხედავ, როგორ გავასუქე, როგორ გავახარე. ახლა აღარ კნავის, აღარ დალასლასებს! სულ ხტის, თამაშობს, მალაყებს გადადის. არა, ჩემო ფისო, ჩემო ციცუნია?! აბა, ერთი ჰეი, გელდი. აბა, ერთი! __ შეჰყვირა მარომ, ძაფგამობმული ქაღალდი გადაუგდო და ციცუნიაც შეხტა, შეითამაშა, გაიქც-გამოიქცა, გადმოხტ-გადახტა და თავისი კეკლუცი მოძრაობით და ქესკუმობით მაროსთან ერთად იმის დედაც გაახარა.
დედამ შვილი გულში ჩაიკრა და ტკბილი ალერსით წაუტუტუნა:
       __ ღმერთმა ქნას, ჩემო მშვენიერო, რომ ბოლომდის შეგრჩენოდეს ეგ მოწყალე გული!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button