– „პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოების – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების მთავარი გმირი ქალია, შუშანიკი. მართალია, ის სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასულია, მაგრამ ის, იმავდროულად, ქართლის დედოფალია, ოთხი ქართველი შვილის დედა, ქართული ქრისტიანული რწმენისთვის თავდადებული. ის არის ქალი, რომლის ცხოვრებაც ნათლად გვიჩვენებს, რომ ძალაუფლება, სიმდიდრე, ფიზიკური ძალა არაფერია სულიერ სიძლიერესთან, ნამდვილ რწმენასთან შედარებით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულად კითხულობენ იაკობ ხუცესის გენიალურ თხზულებას და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად აფასებენ ამა თუ იმ პერსონაჟს, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: აღფრთოვანება იაკობ ხუცესის მხატვრული ოსტატობით, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნებით და შუშანიკის სულიერი სიმტკიცით, რწმენისადმი ერთგულებით. „შუშანიკის წამება“ შეიქმნა 476-482 წლებს შუა; ავტორი – იაკობ ხუცესი – თვითმხილველი და მონაწილეა ნაწარმოებში ასახული ამბებისა, ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენს თვალწინ წარმოსდგება არა ქრისტიანობისათვის წამებული დედოფლის სქემატური სახე, არამედ ცოცხლდება სისხლითა და ხორცით სავსე, ტემპერამენტიანი, ენერგიული, საკუთარი პიროვნული ღირსებისა და რწმენის დაცვისათვის მებრძოლი ქალი. აგიოგრაფი ხელშესახებად ხატავს შუშანიკის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, უშუალოდ გვაგრძნობინებს იმ დიდ ვნებათღელვას, დაძაბულობას, ტრაგედიას, რომლის აქტიური მონაწილე თვითონ იყო – შუშანიკ დედოფლის სულიერი მოძღვარი, მისი მხარდამჭერი და, ფაქტობრივად, მისი იდეური შთამაგონებელიც ვარსქენ პიტიახშთან დაპირისპირების პირველი დღიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე. იაკობ ხუცესისა და შუშანიკის მრავლისმეტყველი დიალოგებიდან ნათლად ჩანს: რომ არა ხუცესის თანადგომა, მისი ბრძნული, თან უაღრესად გულწრფელი და გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან წარმოებული საუბრები, მრავალი წლის მანძილზე გვერდით დგომა, დედოფლის ყველა ტკივილისა და სიხარულის გაზიარება-გათავისება, ვფიქრობ, წმინდა შუშანიკს გაუჭირდებოდა აუტანელ ტანჯვა-წამებასთან გამკლავება, პიტიახშის მომხრეთა მხრიდან მუდმივი წნეხის ატანა. გავიხსენოთ შუშანიკისა და იაკობ ხუცესის პირველი დიალოგი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ პიტიახშის სასახლის კარზე არა მარტო ოჯახური, არამედ სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი მწიფდებოდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რჯულისა და ქვეყნის დამცველი დედოფალი და ქრისტიანობისა და სამშობლოს მოღალატე განდგომილი ფეოდალი, სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელი ვარსქენ პიტიახში. იაკობ ხუცესი სულიერად ამზადებდა დედოფალს ამ საბედისწერო შერკინებისთვის. თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც სიმართლეს უმალავდა შუშანიკს: აფრთხილებდა მომავალი განსაცდელის, ტანჯვა-წამების შესახებ, რასაც რჯულშეცვლილი, გაბოროტებული მეუღლისგან უნდა მოელოდეს. ამასთან ერთად, მოუწოდებდა სიმტკიცისაკენ, რათა ეშმაკმა არ შეაცდინოს ქრისტესთვის წამების გზაზე დამდგარი დედოფალი. იაკობის სიტყვებით, შუშანიკს ვარსქენის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულგრძელობა დასჭირდებოდა. მოძღვარი აქვე ანუგეშებდა დედოფალს და არწმუნებდა, რომ ის ამ ბრძოლისას მარტო არ დარჩებოდა, ყველა გაიზიარებდა მის გასაჭირს. იაკობი შუშანიკს სთხოვდა: გაემხილა თავისი გულისნადები, განცდები, გეგმები, რათა შემდეგ აღეწერა მისი ღვაწლი. „შუშანიკის წამებაში“ ასახულია მეხუთე საუკუნის საქართველოს სოციალურ- პოლიტიკური ცხოვრება. ცნობილია, რომ 337 წელს ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ უდიდესი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე. მეცნიერები მეხუთე საუკუნეს ვახტანგ გორგასლის საუკუნეს უწოდებენ. ის იყო დიდებული მხედართმთავარი, აღმშენებელი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი. შუშანიკის მამა, ვარდან მამიკონიანი იყო მისი ერთგული თანამებრძოლი და ის სწორედ სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლისას დაიღუპა. იაკობ ცურტაველი დიდებულად გვიხატავს ქრისტიანობისათვის წამებული დედოფლის სახეს; გვიჩვენებს იმ შინაგან ბრძოლას, რაც შუშანიკის პიროვნებაში მიმდინარეობს. ის არ არის ტიპური ასკეტი, ვინც იოლად თმობს სიცოცხლეს, ვისაც სძულს ეს ქვეყანა, პირიქით, შუშანიკს უყვარს ეს წუთისოფელი, უძნელდება მასთან განშორება, უფრო მეტიც, თავის ტანჯვას, თავისდაუნებურად, მკრეხელურად „ჭირსაც“ უწოდებს, როცა ამბობს: „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე“. ასევე, გავიხსენოთ დედოფლის გოდება ფიზიკური მშვენიერების დაკარგვის გამო: „მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერება სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა.“ მართლაც, შთამბეჭდავად, გულწრფელად გადმოსცემს თავის განცდებს შუშანიკი. ჩვენ ვხედავთ, რომ შუშანიკი არ ქცეულა ფერმკრთალ, უსიცოცხლო, დაძაბუნებული ასკეტის ლანდად, ის უაღრესად მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ღრმა სევდითა და ტკივილით დასტირის თავისი მშვენიერების უდროოდ დაკარგვას. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად დასაფასებელი ქართლის დედოფლის მსხვერპლი. ის ხომ დიდი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის შედეგადაა გაღებული. რა სჭარბობს შუშანიკის ცხოვრებაში: ტრაგედია თუ ბედნიერება? ალბათ, ერთიც და მეორეც. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედოფალი თავსდატეხილ უბედურებას შინაგანად მომზადებული შეხვდა. ამაზე მიგვანიშნებს მისი სიტყვები: „დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე“ და „სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა.“ ის მზადაა, მოიხადოს ერთგულების ვალი ღვთისა და ქვეყნის წინაშე. უფრო მეტი, შუშანიკი კარგად იცნობდა მეუღლის გაიძვერულ ხასიათს, ხვდებოდა, რომ ძალაუფლებისმოყვარე ერისთავი უკან არაფერზე დაიხევდა, ოღონდ მიზნისთვის მიეღწია. ის წინასწარ გრძნობდა, რომ ვარსქენს რჯულისა და ქვეყნის ღალატი ჰქონდა განზრახული, ამიტომაც სთხოვდა ყველას: ელოცათ, რათა პიტიახში სწორ გზაზე დამდგარიყო. ქართველი ხალხი კი შუშანიკს შესცქეროდა, მისგან იღებდა რწმენისათვის თავდადების მაგალითს, სწავლობდა საკუთარი ღირსების დაცვისათვის ბრძოლას. ეს იყო დედოფლის ბედნიერების წყაროც. თუმცა, სავსებით ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი განიცდიდა სილამაზის უდროოდ დაჭკნობას. ვფიქრობ, შუშანიკის ტრაგედია ყველაზე მეტად გამოვლინდა არა ვარსქენის მიერ მისი წამების ეპიზოდებში (ამ დროს დედოფალს ერთი კვნესა და ვაიც არ ამოხდენია!), არამედ მისი შვილების დედასთან ურთიერთობის პროცესში. ფაქტობრივად, მისი ოთხივე შვილი დაემორჩილა მამის კატეგორიულ მოთხოვნას, უღალატა ქრისტიანობას და, შესაბამისად, დედას. შემთხვევითი არაა, რომ ისინი – „სირცხვილეულნი“ – ვეღარ ენახვებოდნენ შუშანიკს. ამ უკანასკნელსაც „სძაგდა მათი ხსენება.“ ეს, მართლაც, ტრაგედიაა დედისთვის. ქართლის დედოფალმა იცოდა, რომ რწმენისა და ხალხის მოღალატის სიცოცხლეს ისევ სიკვდილი სჯობდა. სწორედ ამ შეგნებამ აატანინა ფუფუნებაში გაზრდილ, ნაზსა და სიყვარულისთვის გაჩენილ ქალს უზომო ტანჯვა-წამება. ის, უდაოდ, უდიდესი ნებისყოფისა და სულიერი ძალის მქონე ადამიანი იყო. ეს ძალა კი მას რწმენის ერთგულებამ და ხალხის მხარდაჭერამ შესძინა. შუშანიკის ტრაგედია საყოველთაო-სახალხო ტრაგედიად იქცა, ის გრძნობდა, რომ მარტო არ იყო ამ წმინდა ბრძოლაში. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ნაწამები დედოფალი ვარსქენმა ციხეში გადაყვანისას ქუჩაში თავდაუხურავი და ფეხშიშველი გაატარა, შუშანიკს უკან ტირილით მიყვებოდა ხალხი: „და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაი, სიმრავლეი ურიცხვ… და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთვის.“ შუშანიკი არცერთ ეპიზოდში არაა უსიტყვო, პასიური მონა-მორჩილი თავისი ხვედრისა. მას გააჩნია პიროვნული ღირსება და ბოლომდე იცავს თავის რწმენას, პრინციპებს. მასზე ნამდვილად ვერ იტყვი სპარსი კაცივით: „დედათა ბუნებაი იწრო არსო.“ ბევრისმთქმელია ისიც, რომ შუშანიკი ოცნებობდა იმ დროზე, როცა ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანები იქნებოდნენ: „განვისაჯენით მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“. მართალია, ეს „მუნ“ მას ზეცაში ეგულებოდა, რადგან დედამიწაზე ამის განხორციელების რეალურ საფუძველს ვერ ხედავდა, მაგრამ საკითხის ამ კუთხით დასმაც უკვე დედოფლის ხასიათსა და მისწრაფებებზე მიგვითითებს. შესაძლოა, შუშანიკის ზემოთმოყვანილი აზრის საწინააღმდეგოდ მოგვეჩვენოს დედოფლის მოქმედება, როცა მან, განრისხებულმა, ჯოჯიკის ცოლს ღვინით სავსე ჭიქა შეალეწა სახეში ამ სიტყვებით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური.“ ჩემი აზრით, ეს ფრაზაცა და ქმედებაც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გავაანალიზოთ. შესაძლოა, შუშანიკი მიხვდა, რომ „ერთად პურის ჭამით“ მის მაზლსა და რძალს სურდათ, შემოერიგებინათ ოჯახიდან განდგომილი ქალი; მოღალატე მეუღლესთან რაიმე კომპრომისზე წასვლის სურვილი კი დედოფალს არ ჰქონდა. ამით აიხსნება მისი, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რეაქცია. როგორც ვნახეთ, შუშანიკის სახით იაკობ ხუცესმა დახატა ქრისტიანობისათვის თავდადებული დედოფალი. იმ პერიოდში ეს სამშობლოსათვის თავგანწირვის ტოლფასი იყო, რადგან სარწმუნოების საფარქვეშ მიმდინარეობდა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლა. ქართლის პიტიახშის მეუღლე ცხოვრებამ არჩევანის წინაშე დააყენა: რწმენისადმი ერთგულება და წამება ან დედოფლის გვირგვინი და ამქვეყნიური უზრუნველი ცხოვრება. მან ქრისტიანობისა და ქვეყნის ღალატს ნებაყოფლობით პატიმრობა, დამცირება და ტანჯვა ამჯობინა. მან გვიჩვენა, რომ ბრძოლაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის ფიზიკური ძალა, მთავარია სულიერი სიმტკიცე და რწმენა, სწორედ ამით დაამარცხა სუსტმა ქალმა ძლიერი ვარსქენი, ამიტომაც იქცა ის წმინდანად და იმ პიროვნებად, ვისგანაც ხალხი ქვეყნის ერთგულებას სწავლობდა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close