ყოველ წელს ავტორები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუდენტები ინტერესდებიან შიმშილსა და საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული სტატისტიკით. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად შეადგინა სასარგებლო ფაქტებისა და რიცხვობრივი მაჩვენებლების სია.
● მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს არ გააჩნია საკმარისი საკვები საიმისოდ, რომ აქტიურ ჯანმრთელ ცხოვრებას მისდიოს. ეს დაახლოებით ყოველი მეცხრე ადამიანია მსოფლიოს მასშტაბით.
● მოშიმშილე ადამიანთა დიდი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 13.5% არასაკმარისად იკვებება.
● კონტინენტებიდან ყველაზე მეტი მშიერი მოსახლე აზიას ჰყავს – მათი 2/3 აქაა თავმოყრილი. სამხრეთ აზიაში მცხოვრები მოშიმშილე ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა დასავლეთ აზიაში მცირეოდენად მოიმატა.
● სუბსაჰარული აფრიკა არის რეგიონი, სადაც შიმშილი ყველაზე მეტადაა გავრცელებული (მოსახლეობის პროცენტული წილით). აქ ყოველი მეოთხე ადამიანი გამოუკვებავია.
● 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის შემთხვევებიდან თითქმის ნახევრის (45%) მიზეზია ცუდი კვება. რიცხვობრივად ეს არის 3.1 მილიონი ბავშვი ყოველ წელს.
● განვითარებად ქვეყნებში ყოველი მეექვსე ბავშვი – დაახლოებით 100 მილიონი – საკმარისზე ნაკლები წონისაა.
● მსოფლიოში ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება შეფერხებები განვითარებაში. განვითარებად ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა შეიძლება ყოველ მესამეს მიაღწიოს.
● თუკი ქალ ფერმერებს რესურსებთან ისეთივე წვდომა ექნებოდათ, როგორიც მამაკაცებს, მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა შესაძლოა 150 მილიონით შემცირებულიყო.
● განვითარებად ქვეყნებში დაწყებითი სკოლის 66 მილიონი მოსწავლე გაკვეთილებს მშიერი ესწრება, აქედან 23 მილიონი კი მხოლოდ აფრიკაზე მოდის.
● მსოფლიო სასურსათო პროგრამის გამოთვლით, ამ 66 მილიონი მშიერი მოსწავლის გამოსაკვებად ყოველწლიურად 3.2 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.
● შიმშილს უფრო მეტი ადამიანი ეწირება, ვიდრე შიდსს, მალარიასა და ტუბერკულოზს ერთად აღებულს.