ნინო ვაშაყმაძე – ქართულ-სომხური ურთიერთობები და სახელმწიფოებრივი საზღვრების საკითხი ევროპაში 1919-1920 წლებში
პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა და რუსეთის იმპერიის ნგრევამ 1918 წლის მაისში სამხრეთ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა. ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს გლობალური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომ, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრივი საზღვრების და საერთოდ მათი მომავალი ბედის საკითხი დაკავშირებული იყო ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის გეგმებთან.
პირველი მსოფლიო ომის შედეგების გაფორმებისა და შემდგომი პრობლემების მოგვარების მიზნით 1919 წლის 18 იანვარს მუშაობას შეუდგა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. მასში მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ კავკასიიდან გაემგზავრა სამივე რესპუბლიკის დელეგაცია. მათ მიზანს წარმოადგენდა ამ საერთაშორისო ფორუმის მხრიდან იურიდიული ცნობის მიღწევა, რაც ახლადფორმირებულ სახელმწიფოებს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემდა და უცხო სახელმწიფოთა მხრიდან აგრესიის თავიდან ასაცილებლად გარკვეული საფუძველის შექმნას უზრუნველყოფდა.
საქართველოს მთავრობამ სპეციალური დელეგაცია შეადგინა, რომლის შემადგენლობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული პარტიული კუთვნილება, კომპეტენტურობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამა თუ იმ საკითხში, ევროპის დიპლომატიურ და ფინანსურ წრეებთან კავშირის ქონა და ა. შ.
1918 წლის 4 დეკემბრის მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით დელეგაცია ამგვარი შემადგენლობით დამტკიცდა: “ნ. ჩხეიძე _ თავჯდომარე, დელეგატები ი. წერეთელი, გრ. რცხილაძე, ნ. ჯაყელი. მოთათბირენი _ ივ. ჯავახიშვილი, გენ. ი. ოდიშელიძე, ვლ. მგელაძე, ვახ. ღამბაშიძე, სეკრეტარიატი _ ივ. ზურაბიშვილი, ი. გოგოლაშვილი, ა. დეკანოზიშვილი, ე. წერეთელი, თავჯდომარის მდივანი _ დ. შარაშიძე, საინფორმაციო ნაწილი _ ი. ნაკაშიძე, გ. რობაქიძე, სამეურნეო ნაწილის გამგის თანაშემწე _ ა. გვათუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელე გ. ნაზარიშვილი, რადიოს სპეციალისტი _ ე. წვერავა”. [10.12]
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო პროგრამა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, სომხეთთან ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით დელეგაციისთვის მიცემული ინსტრუქციები. ქართველი პოლიტიკოსები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ სომხეთის ტერიტორიულ გაფართოებას ოსმალეთის ხარჯზე და ვარაუდობდნენ, ეს ხელს შეუწყობდა სომეხთა მაძიებლობის შემცირებას საქართველოს სამხრეთ რაიონების მიმართ. დელეგაციისთვის მიცემულ ინსტრუქციაში აღნიშნული იყო: “სომხებთან დაახლოება ჩვენთვის საჭიროა მეტად, თუ ჩვენ, ორი საქრისტიანო ერი, ვერ შევთანხმდით, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო ვერ შეძლებს საკუთარ არსებობას; და ეს გარემოება, გარდა ამისა, ევროპაშიც ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენს; ჩვენი მიზანი უნდა იყოს: ორი სომხეთის _ ოსმალეთისა და რუსეთისა _ შეერთება. უნდა ვეცადოთ საოსმალო სომხეთისკენ გადაიხაროს სომხეთის პოლიტიკურმა ცენტრმა. ჩვენ ამ მიზნით, იმაშიაც უნდა დავეხმაროთ სომხებს, რომ მათ გასავალი იპოვონ შავი ზღვის პირით, თუ ასე გაგრძელდა საქმე, მაშინ სომხეთი აღარ მოაწვება საქართველოს და ადვილად გადაწყდება სომეხ-ქართველთა გამწვავებული ურთიერთობა”[10.12].
საქართველოს მთავრობის მიერ პარიზის საზავო კონფერენციის წინაშე დასმული სახელმწიფოებრივი საზღვრების სამართლიანობის დასაბუთება უნდა მოეხდინა ივ. ჯავახიშვილს. მას დეტალურად ჰქონდა შესწავლილი საკითხი და გაანალიზებული მონოგრაფიაში: “საქართველოს საზღვრები ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული”. ივ. ჯავახიშვილი მთავრობის სხდომებზე აღნიშნავდა ტერიტორიულ გამიჯვნასთან დაკავშირებით სომხეთთან მოსალოდნელი დაპირისპირების შესაძლებლობას: “ჩვენ გათვალისწინებული უნდა გვქონდეს თუ ვისი მხრით იქნება იერიშები მოტანილი. შევჩერდებით, უპირველეს ყოვლისა, სომხებზე სამხრეთით საზღვრებიდან: ბორჩალო-ახალციხე-ახალქალაქის მაზრებიდან… არის ეთნოგრაფიული მოსაზრებანი, ეკონომუკური, ასახელებენ ისტორიულსაც, მაგ., ძეგლები”[10. 16].
მთავრობის სხდომენზე მიმდინარეობდა მსჯელობა ქ. თბილისზე სომეხთა მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გამოთქმის შესაძლებლობის შესახებ: “უეჭველია, სომხები წამოგვედავებიან თბილისზე სტატისტიკის მხრივ. ჩვენ გვეგონა, რომ თბილისში 70% არაქართველი იყო. უკანასკნელმა საარჩევნო სტატისტიკამ, რომელიც ხატისოვის და მის მომხრეთა მიერ არის შედგენილი, დაგვიმტკიცა, რომ ქართველებს ფრიად საპატიო ადგილი უჭირავთ. ეს სტატისტიკა უეჭველად საჭიროა”[10. 15].
ამგვარად, სათანადო სპეციალისტებითა და შესაბამისი ინსტრუქციებით აღჭურვილი დელეგაცია კონსტანტინეპოლის გავლით გაემგზავრა პარიზში სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ იგი ერთი თვის მანძილზე დააყოვნეს კონსტანტინოპოლში და პარიზში ჩასვლის ნებართვა მხოლოდ დელეგაციის ორ წევრს – ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს მისცეს.
საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობდა 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამდეგამდე. იგი ცდილობდა მიეღწია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის, უგზავნიდა ნოტებსა და მემორანდუმებს სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებს, მათ დელეგაციებს კონფერენციაზე. დაკავებული იყო ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტით. დელეგაციის მრავალმხრივი საქმიანობის გაანალიზება ცალკე თემაა. ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს, ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას და ამ მიმართებით, ევროპაში გაწეულ მუშაობას შეეხება.
სომხური საკითხის გადაწყვეტის მიზნით პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამაც მიავლინა თავისი დელეგაცია. 1019 წელს პარიზში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ა. აგარონიანი, მ. პაპანჯანიანი, ა. ოჰანჯანიანი. იმავდროულად, პარიზში იმყოფებოდა სომხეთის ეროვნული დელეგაცია პოღოს ნუბარის მეთაურობით. ეს დელეგაცია ჯერ კიდევ 1912 წელს გააგზავნა ევროპაში ეჩმიაძინის კათალიკოსმა ოსმალეთის სომხეთის ავტონომიის მისაღწევად.
სომხეთის მთავრობის დავალებით ა. აგარონიანი მოლაპარაკებას აწარმოებდა ეროვნულ დელეგაციასთან, რათა ერთდროულად მიეღოთ მონაწილეობა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში. მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ მოხერხდა. “ევროპაში დარჩა მხარდამხარ ორი სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა რესპუბლიკის დელეგაცია და ეროვნული დელეგაცია, რომლებიც მოწოდებულ იყვნენ ერთსა და იმავე ადგილს, ერთსა და იმავე სფეროში, ერთი და იგივე საკითხის დასაცავად… გართულდა შეთანხმება ამ ორი ორგანოსი, რომლებიც ერთმანეთს შორის უფლებამოსილებისთვის ეწეოდნენ ბრძოლას”[12. 34] _ აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ოვ. ქაჯაზნუნი.
სამხრეთ კავკასიისა და საერთოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ სახელმწიფოთა დელეგაციები კონფერენციაზე არ დაუშვეს. ახლადფორმირებულ სახელმწიფოთა საკითხი “რუსეთის საკითხის” შემადგენელ ნაწილად ჩაითვალა და ამ უკანასკნელის გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული მათი ბედი. “რუსეთის საკითხის” ირგვლივ მსჯელობა ძალზე გაჭიანურდა, პრობლემა კონფერენციაზე პირდაპირ არც კი დასმულა.
1919 წლის 14 მარტს ქართულმა დელეგაციამ პარიზის საზავო კონფერენციას გადასცა მემორანდუმი, რომელშიც დაასაბუთა საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. მემორანდუმში განსაზღვრული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრები. საქართველოს ტერიტორიად უნდა ეცნოთ: “თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის, ზაქათალისა და ბათუმის ოლქები, ორი ოლქი ყარსის დასავლეთით (ოლთი და არდაგანი) და შავიზღვისპირეთის ოლქის რამდენიმე ნაწილი, აგრეთვე ტრაპეზუნის ვილაიეთი (ტრაბიზონი)”[4. 8-9].
იმავდროულად, 1919 წლის გაზაფხულზე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ ნაციონალურ დელეგაციასთან ერთად, მოკავშირე სახელმწიფოებს პარიზში წარუდგინა მემორანდუმი, რომლის მიხედვით სომხური სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო: 1) შვიდი ვილაიეთი _ ვანის, სივასის, დიარბექირის, ხარფუთის, ერზერუმის, ტრაპეზუნდის (1914 წლის რეფორმების აქტის თანახმად) ტიგროსის სამხრეთით და ორდუ _სივასის ხაზის დასავლეთით მდებარე ოლქების გამოკლებით. 2) კილიკიის ოთხი სანჯანყი, მარაში, სისი, ჯებელ-ბერეკეტი და ადანა ალექსანდრეტათი. 3) კავკასიის სომხეთის რესპუბლიკის მთელი ტერიტორია, რომელიც მოიცავს ერევნის გუბერნიას, ყოფილი ტფილისის გუბერნიის სამხრეთ ნაწილს, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს განძაკის, ყარსის ოლქს (არდაგანის სამხრეთით მდებარე ოლქების გარდა)” [11. 7].
მემორანდუმს ერთვოდა ისტორიული მიმოხილვა, რომლითაც სომხური მხარე მოთხოვნების სამართლიანობის დასაბუთებას ცდილობდა. მასში ახსნილი იყო სომეხთა ისტორიული უფლება თურქეთის 7 ვილაიეთზე. მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით: “ომის დასაწყისში სომეხთა საერთო რიცხვი 2 მილიონამდე აღწევდა, ამ რიცხვიდან სომხეთის წილზე მოდიოდა 1. 403000” [11. 21].
პირველ მსოფლიო ომში სომეხთა გენოციდმა და მოსახლეობის ემიგრირებამ თურქეთის სომხური ვილაიეთების დაცარიელებას შეუწყო ხელი. მაგრამ თურქეთის ვილაიეთების ტერიტორიული კუთვნილების გასარკვევად სომხეთის დელეგაცია მოითხოვდა ისტორიული სამართლიანობის პრინციპის გამოყენებას და არა მარტო ცოცხლად დარჩენილ, არამედ ბრძოლის ველზე დახოცილ სომეხთა ხსოვნის ნათელსაყოფად, მათი ინტერესების გათვალისწინებას: “არსებობს მხოლოდ ერთი სერიოზული საფუძველი, რომელიც მხედველობაში იქნას მიღებული. ესაა ისტორიული უფლება მისი ყველა ელემენტით”[11. 20] _ აღნიშნული იყო მემორანდუმში.
“დიდი სომხეთის” პროექტის ავტორები მიზნად ისახავდნენ აღედგინათ სომხური სახელმწიფო მის ისტორიულ საზღვრებში, თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის სომხური ოლქების ხარჯზე. იმ ტერიტორიების მიმატებით, სადაც დევნასა და შევიწროებას გამოქცეული სომხები დასახლდნენ და დროთა განმავლობაში მოსახლეობის უმრავლესობა შეადგინეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის თბილისის გუბერნიის სამხრეთ ნაწილზე, რომლის კუთვნილების განსაზღვრისთვის სომხები უკვე ეთნოგრაფიულ პრინციპს იშველიებდნენ. ამგვარად, დასახული მიზნის მისაღწევად მათ ერთდროულად აამოქმედეს ორი სხვადასხვა, ისტორიული და ეთნოგრაფიული პარამეტრი.
სომეხთა სურვილს შეექმნათ “ზღვიდან ზღვამდე” გადაჭიმული სახელმწიფო, ხელსაყრელ გარემოს უქმნიდა პარიზის საზავო კონფერენციაზე გამოთქმული თვალსაზრისი ამერიკული მანდატის შესახებ “დიდ სომხეთზე”. ომის დროს ანტანტის სახელმწიფოებს შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულებების მიხედვით ოსმალეთის იმპერია დაყოფილი იყო გავლენის სფეროებად. ომიდან რუსეთის გამოსვლამ და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებამ მის წილზე მოსული ტერიტორიების მომავალი “მფარველ-მესაკუთრის” საკითხი დააყენა დღის წესრიგში. ომის ხარჯზე არნახულად გამდიდრებულ აშშ-ს ყველაზე მეტი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა ახლო აღმოსავლეთში ექსპანსიისთვის.
ამერიკული მანდატის იდეა მეტწილად ლოიდ ჯორჯის მთავრობისგან მომდინარეობდა. როგორც ცნობილია, ინგლისის “აღმოსავლური პოლიტიკის” ღერძს ყოველთვის წარმოადგენდა კოსტანტინეპოლისა და სრუტეებისადმი უზარმაზარი ინტერესი. მაგრამ ინგლისის მთავრობას შესანიშნავად ესმოდა, რომ ამ უკანასკნელზე კონტროლის დაწესება მოკავშირეთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამიტომ, წამოყენა მან ამერიკული მანდატის იდეა როგორც სრუტეებზე და კონსტანტინეპოლზე, ასევე ვანის, ბითლისის, ერზერუმის, ტრაპეზუნტის ვილაიეთებით შემოფარგლულ სომხეთზე. ინგლისის დიპლომატია ვარაუდობდა, რომ აშშ გეოგრაფიული სიშორის, ევროპულ საქმეებში გამოუცდელობისა და საგარეო პოლიტიკაში ტრადიციული იზოლაციონისტური ტენდენციების გამო, ვერ შეძლებდა აქტიური როლის შესრულებას ახლო აღმოსავლეთში. ბრიტანულ ფლოტსა და არმიაზე დაყრდნობილი ამერიკული ადმინისტრაცია, სავსებით უზრუნველყოფდა ბრიტანეთის გავლენას ამ რეგიონში.
1919 წლის 14 მაისს აშშ-მ ოფიციალურად მიიღო მანდატი შავი ზღვის სრუტეებსა და სომხეთზე საზღვრების მიუთითებლად. ამერიკელთა გეგმით, “დიდ სომხეთში” უნდა შესულიყო ე. წ. რუსეთის და თურქეთის სომხეთი, ტერიტორიები კილიკიამდე და არზრუმ-ტრაპიზონის ზონა, რათა სომხეთს გასასვლელი ჰქონოდა შავ ზღვაზე. გამოთქმული იყო თვალსაზრისი სომხეთთან აზერბაიჯანისა და საქართველოს გაერთიანების შესახებ.
სამხრეთ კავკასიაზე ერთიანი მანდატის მიღების სურვილი გამოთქვეს აშშ-ს წარმომადგენლებმა სმითმა და მურმა, რომლებიც 1919 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდნენ თბილისში. ისინი შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევ. გეგეჭკორს და შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს. სმითი და მური ყურადღებას ამახვილებდნენ საქართველოსთვის რომელიმე დიდი სახელმწიფოს დახმარების მიღების აუცილებლობაზე და განმარტავდნენ ამ დახმარება-მფარველობის ფორმას: “მანდატი არ არის პროტექტორატი, სახელმწიფოს საქმის სიახლე, ზუსტი ეკონომიკური მდგომარეობა. აი, მანდატის მფლობელი ქვეყნის საქმიანობის სარბიელი, ყველას ეძლევა უფლება გამოაცხადოს სურვილი ამის თაობაზე, თუ ვის შეუძლია მიეცეს ეს მანდატი. მე მიმაჩნია, რომ ამიერკავკასიისთვის საჭიროა ერთი საერთო მანდატი მისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო”. [5. 49].
ამერიკული მანდატის საკითხი სომხეთზე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს ამ პრობლემასთან აკავშირებდა. აშშ-ს მეშვეობით “დიდი სომხეთის” შექმნა სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ კლიმატს საგრძნობლად შეცვლიდა. ამ შემთხვევაში საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობის შესაძლო განვითარების, ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის პროგნოზირება, ძალზედ რთული არის, მაგრამ რეგიონის ერთი ნაწილის ქცევა ამერიკის გავლენის სფეროდ, პოზიტიურ როლს ითამაშებდა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკათა განვითარებასა და მათ მომავალზე.
შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით, სომეხთა იმედები თითქოს სათანადოდ დასაბუთებული იყო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სომხეთის დელეგაცია განზე იდგა იმ პროცესებისგან, რომელიც რუსეთის იმპერიიდან გამოყოფილი სხვა ხალხებისთვის მნიშვნელოვანი იყო. იგი სხვა დელეგაციებთან ერთად საერთო გამოსვლებში არ მონაწილეობდა და, რაც მთავარია, არც ცდილობდა შეთანხმებას თავის უშუალო მეზობლებთან _ საქართველოსა და აზერბაიჯანთან. რომელიმე დიდი სახელმწიფოს დახმარებით სახელმწიფოებრივი საზღვრების სასურველად გადაჭრაში დარწმუნებულმა სომხეთის დელეგაციამ საერთოდ ზურგი შეაქცია სამხრეთ კავკასიის ერთა სოლიდარობის იდეას და შეაფერხა ევროპაში ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ მათ შორის რაიმე შეთანხმების მიღწევა.
სომეხთა ილუზიებისა და იმედების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ზ. ავალიშვილი შენიშნავს: “დიდი სომხეთი” , აი ზმანება, რომელსაც თითქოს აქეზებდა დიდი სახელმწიფოები, რომელსაც კურთხევას უგზავნიდა, როგორც მაშინ ეგონათ, ყოვლისშემძლე პრეზიდენტი ვილსონი. ამ წარმტაც ოცნებას შეუძლებელი იყო არ გადაებირებინა სომეხი ერის ცოცხალი მისწრაფება კავკასიის ორიენტაციიდან. სომხებს ეგონათ, თუმცა აზრი თავიდანვე შემცდარი იყო, რომ ევროპა და ამერიკა, კონფერენცია და საერთოდ ყველა, ვინც კი განაგებდა მსოფლიოს ბედს, განსაკუთრებულად მოეპყრობოდა მათ, და რომ მათი კითხვა არ შეიძლება გარეული ყოფილიყო მაგ., ქართულ კითხვაში და სხვა” [1. 191].
სომხური საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით ევროპის პოლიტიკური წრეები ცდილობდნენ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებში გარკვევას და ამ დაპირისპირების მოგვარებას. ქართულ და სომხურ დელეგაციებს შორის არსებული უთანხმოების შესახებ განმარტების მიცემა მოსთხოვა ფრანგმა სოციალისტმა ალ. ტომამ ირ. წერეთელს. ამ უკანსკნელმა 18-20 ივნისს საქართველოს დელეგაციის მიერ პარიზში გამართულ სხდომაზე ალ. ტომასთან წარმოებული საუბრის შინაარსი გააცნო ქართველ დელეგატებს: “ვუპასუხე, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება აქაურ დელეგაციასთან ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, რადგან ჩვენ ამ მხრივ ყოველი ღონე ვიხმარეთ და დავრწმუნდით, რომ მათ გადაჭრით არს სურთ მორიგება…თბილისში ჩვენ და სომხების მთავრობებს შორის კონფერენციაა გამართული და მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ მორიგებაა შესაძლებელი იქ მოხდება, რადგან იქ სომეხი ხალხი ყველაფერს თვალყურს თვითონ ადევნებს და მათი წარმომადგენლები იძულებული არიან უფრო თავდაჭერით მოიქცნენ. აქ კი ზურგი იმით აქვთ გამაგრებული კულისებში ალიებთან (იგულისხმება მოკავშირეები) გვაქვს საქმეო., მდგომარეობასაც არავინ სწორად არ იცნობსო და თავი ისე უჭირავთ, რომ მათთან ლაპარაკი შეუძლებელია”[3. 181-182].
სომხეთის დელეგაცია ევროპაში და საერთოდ სომხური ემიგრანტული წრეები აქტიურად იღწვოდნენ თავიანთი გეგმების რეალიზებისთვის. ცდილობდნენ, მოეხდინათ საქართველოს ხელისუფლების კომპრომენტირება მოკავშირეთა თვალში და ფაქტების არასწორი კონსტატაციით მცდარი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოს შესახებ ევროპის საზოგადოებაში. ამ მხრივ, ძალზე საყურადღებოა ინგლისში საქართველოს წარმომადგენლის დ. ღამბაშიძის კერძო წერილი, სადაც იგი აღნიშნავდა: “სომხებმა ყველა საშუალება იხმარეს, რომ დაერწმუნებინათ საზოგადოებრივი აზრი აქ და საფრანგეთში, რომ ჩვენი “ღალატი” არ ყოფილიყო “გმირი” სომხები არამც თუ შეაჩერებდნენ გერმანელების ლტოლვას აღმოსავლეთისაკენ, არამედ თავიანთი ჯარებით გაანადგურებდნენ ოსმალებს და დაიპყრობდნენ მთელს მცირე აზიას” [9].
1919 წელს პარიზში გამოვიდა მ. ვარანდანიანის წიგნი სომეხ-ქართველთა კონფერენცია და კავკასიის ომი”. ამ წიგნის სულისკვეთება და შინაარსი მიმართული იყო იქეთკენ, რომ ქართველები გაესაღებინა გერმანიის მოკავშირედ და ყურადღებას ამახვილებდა ქართველ ნაციონალისტთა მუშაობაზე გერმანელებთან ომის დროს [2. 206].
მსგავსი შინაარსისაა გრ. ჩალხუშიანის რედაქციით 1919 წელს დონის როსტოვში გამოსული “წითელი წიგნი”. იგი წარმოადგენს კოლექტიურ ნაშრომს, სხვადასხვა პუბლიკაციების კრებულ, რომელიც ითარგმნა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე სომხური ეკლესიის ხელშეწყობით და გადაეცა პარიზში ეროვნული დელეგაციის მეთაურ ნუბარ-ფაშას.
წიგნში გამოთქმული არის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ლორე-ახალქალაქის მიტაცების, სომეხ ლტოლვილთა ბედისადმი გულგრილობის გამო. საქართველო წარმოდგენილია, როგორც ომში დამარცხებული გერმანიისა და თურქეთის მოკავშირე. ავტორების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით: “თურქეთმა ივალდებულა საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი უფლება რეალურ ისტორიულ მიწებზე” [14. 36].
“წითელი წიგნის” ავტორები მიზნად ისახავდნენ მოკავშირეთა ერთგულების გამო გოლგოთის გზაგავლილი სომეხი ხალხის პრესტიჟის აწევას ევროპის საზოგადოების თვალში. სურდათ, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ კონფერენციის მონაწილეთათვის სომეხთა მიერ გაღებული საფასური პირველ მსოფლიო ომში; “ჩვენი მეგობრები რუსები, ინგლისელები, ფრანგები გვეუბნებოდნენ _ შეეცადეთ მორიგება თათრებთან და ქართველებთან, უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ქართველებთან, მაგრამ ეს ჩვენი ხალხის შესაძლებლობებს აღემატებოდა, რამეთუ ამ ორი ხალხის ინტერესებს შორის იყო უფსკრული და ეს უფსკრული იწოდებოდა ორიენტაციად. ისინი კი მიიღებდნენ ამიერკავკასიაში მეზობლებს, მაგრამ მაშინ მოკავშირეებს ეყოლებოდათ ზურგში მტრები” [14. 35].
საკმაოდ მდიდარი, ევროპისა და ამერიკის ფინანსურ და პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული სომხური დიასპორის საქმიანობა ხშირად სასურველ შედეგს აღწევდა. საქართველოს საზავო დელეგაციის ზემოთხსენებულ 18-20 ივნისის სხდომებზე ირ. წერეთელი სომეხთა ამგვარ საქმიანობას შეეხო: “ალ. ტომას…განმარტება მივეცი ყველა იმ ჭორის შესახებ, რომელიც მისთვის სომხებს გადაეცათ. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენ თითქოს გერმანელების მომხრე ვიყავით. ავუწერე ის გაჭირვებული მდგომარეობა, რომელმაც გვაიძულა მათთვის მიგვემართა და გავუმჟღავნე ისიც, რომ გაჭირვების დროს თვით სომხებმაც მიმართეს მათ”[3. 182].
ქართველი პოლიტიკოსები შესანიშნავად გრძნობდნენ ევროპულ ასპარეზზე სომეხთა ერთგვარ უპირატესობას და ეძებდნენ “სომხური საკითხის” გადაწყვეტის გზებს, ამიტომ, საქართველოს მთავრობამ სომხეთთან ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ბორჩალოს მაზრის კუთვნილი ლორეს რაიონის დათმობის შესაძლებლობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთის დელეგაცია პარიზის კონფერენციაზე ახალქალაქის მაზრასა და ბათუმის ოლქის პროვინციებთან დაკავშირებით პრეტენზიებს მოხსნიდა: “ტერიტორიული დათმობა ლორეში დადასტურებული იქნას სვ. მდივნის მოხსენების თეზისების თანახმად, მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ სომხეთის დელეგაციამ წინასწარ გამოაქვეყნოს დეკლარაცია, რომ საკითხი საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის გადაწყდება სავსებით ქართველ-სომეხთა კონფერენციაზე და სრულებით მოიხსნება პარიზის კონფერენციის დღის წესრიგიდან” [7.10] _ აღნიშნულია დოკუმენტში.
სომხური მხარე მსგავს დათმობაზე არ წავიდა და ტერიტორიული დავა კვლავ გადაუჭრელი დარჩა.
აშშ-ს მიერ სომხეთზე მანდატის აღებისთვის აქტიურ საქმიანობას აწარმოებდა საზავო კონფერენციაზე სომხეთის კომისრად დანიშნული პოლკოვნიკი ჰასკელი, რომელმაც 1919 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოითხოვა უფლებამოსილების გავრცელება საქართველოსა და აზერბაიჯანზე. ჰასკელის წინადადებას ინგლისის წარმომადგენლის კროუს წინააღმდეგობა შეხვდა. 14 ნოემბრითვე დათარიღებულ ნოტაში ლორდი კერზონი საქართველოს აღიარებასთან დაკავშირებით ინგლისის პოზიციას აფიქსირებდა: “საქართველოს აღიარების საკითხი დაკავშირებულია ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების საკითხთან, ეს უკანასკნელი კი რუსეთის საკითხის გადაწყვეტასა და თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან”[6. 381].
როგორც ვხედავთ, აშშ მიზნად ისახავდა მთელი სამხრეთ კავკასია ექცია თავის გავლენის სფეროდ, რაც ნაკლებად შეესატყვისებოდა საკითხთან მიმართებაში ინგლისისა და საფრანგეთის გეგმებს. ისინი დაინტერესებული იყვნენ რუსეთის მთლიანობის შენარჩუნებით და არ მიიჩნევდნენ მიზანშეწონილად აშშ-ს სამანდატო ზონის გაფართოებას. “დიდ სომხეთზე” მანდატის პროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავდა აშშ-ი. ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებულს პრეზიდენტ ვილსონს ამერიკის საზოგადოებრივი აზრის მისამხრობად და კონგრესის წინააღმდეგობის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. საქმე იმაშია, რომ სამშვიდობო კონფერენციის დაწყებამდე აშშ-ს დიპლომატიას ფართო მიზანდასახულება გაჩნდა. მაგრამ მან ვერ შეძლო ევროპულ დიპლომატიაზე გამარჯვების მოპოვება, ვერ მიაღწია დიდი ბრიტანეთისგან ზღვების თავისუფლებისა და ორი ქვეყნის ფლოტის გათანაბრების პრინციპის ცნობას. ვილსონის ინიციატივით შექმნილი “ერთა ლიგის” სათავეები დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელში აღმოჩნდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამერიკის გარკვეული პოლიტილური წრეები ნეგატიურად განეწყვნენ სამშვიდობო კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართ. სენატში ჩამოყალიბდა ვილსონის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო ოპოზიცია იზოლაციონისტური კურსის მომხრეთა სახით. საკითხის ირგვლივ გამართულ მწვავე დებატებში იზოლაციონისტი სენატორი პოინდექსერი აღნიშნავდა: “სომხეთის დასაცავად საჭირო იქნება 150 000-იანი ჯარი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჯდება მილიარდი დოლარი”[15. 22-23].
სენატის წინააღმდეგობის დასაძლევი მყარი არგუმენტი ვერ გამოდგა ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი ამერიკული მისიების _ კინგ-კრეინის და ჰარბორდის დასკვნები.
საქართველო-სომხეთს შორის დაპირისპირება განსაკუთრებული სიმწვავით გამოჩნდა ანტანტის უმაღლესი საბჭოს ლონდონის კონფერენციაზე, როცა მზადდებოდა თურქეთთან საზავო ხელშეკრულების პირობები.
დღის წესრიგში დადგა აშშ-ს სამანდატო “დიდი სომხეთის” საზღვრების შემოხაზვისა და შავ ზღვაზე გასასვლელის მიცემის საკითხი. ამასთან დაკავშირებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელი მიეცა შავ ზღვაზე ბათუმის ოლქის ფარგლებში. იმავდროულად, გამოითქვა თვალსაზრისი ქ. ბათუმის თავისუფალ ქალაქად გამოცხადებისა და ბათუმის ოლქის დაყოფის შესახებ. ოლქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილი მიეკუთვნებოდა საქართველოს, სამხრეთ ნაწილი, ართვინის რაიონი _ სომხეთს. სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო აგრეთვე ლაზისტანი ავტონომიური ერთეულის სახით.
საქართველოს დელეგაციამ უსამართლოდ მიიჩნია უმაღლესი საბჭოს პოზიცია ბათუმის ოლქის დაყოფისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებთან დაკავშირებით. 16 მარტს მან საპროტესტო ნოტით მიმართა უმაღლეს საბჭოს, რომელშიც პრობლემის მოგვარების ქართული ვარიანტი იყო ჩამოყალიბებული: “ბათომის ოლქი, ბათომისა და ართვინის მაზრების შემადგენლობით, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველი მუსულმანები არიან, უნდა შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიას…თუკი იქნება დამტკიცებული, რომ გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და სხვა რაიმე პირობების გამო ზღვაზე გასავალმა სომხეთის გზამ აუცილებლად უნდა ჩაიყოლიოს იმ ტერიტორიების ნაწილი, რომელსაც ხალხი თავის ეროვნულ საკუთრებად თვლის და რომლის მიღებას ამ საბუთებით სცდილობს _ ქართველი ხალხის უფლებები უნდა იქნეს შეწყნარებული და ზღვისკენ ზემორეხსენებული გასავალი, ე. ი. სომხეთის რკინიგზის მიბჯენა შავ ზღვაზე განზრახულ გასავალზე, შესაძლებელია მოეწყოს სპეციალური შეთანხმების საფუძველზე და ვნება არ მიეცეს ამ ტერიტორიების მიმართ საქართველოს სუვერენობას” [1.215].
მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს სან-რემოს კონფერენციაზე 1920 წლის აპრილში ბათუმის საკითხის განხილვა გაგრძელდა. სომხეთის დელეგაციამ ბათუმის ოლქზე საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის სანაცვლოდ მოითხოვა მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეზე რკინიგზის გასაყვანი ადგილისა და სარკინიზო ხაზის სრულ საკუთრებაში გადაცემა, რაც ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი იყო.
ინგლისი და საფრანგეთი ცდილობდა ახლო აღმოსავლეთის საქმეებში აქტიურად ჩაერთო აშშ. თავიანთი დამოკიდებულება მათ გამოხატეს აშშ-ს პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ნოტაში, სადაც სან-რემოს კონფერენციის მონაწილენი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამერიკა მიიღებდა მანდატს სომხეთზე, გაუწევდა მას მატერიალურ და სამხედრო დახმარებას. ამავე დროს პრეზიდენტს ეკრძალებოდა საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენაში არბიტრის როლის შესრულება.
ამგვარი პოზიცია გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაში არსებული წინააღმდეგობისა და ინტერესთა დაპირისპირების შედეგს წარმოადგენდა, რაც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკათა საზიანოდ მოქმედებდა. ზოგადად, ევროპის სახელმწიფოები ნაკლებად ხელმძღვანელობდნენ არმენოფილური, ფილანტროპული მოსაზრებებით და მხოლოდ თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური ამოცანების განხორციელებისთვის იღწვოდნენ. მომავალო “დიდი სომხეთის” ბედის, მისი საზღვრების შესახებ სან-რემოს კონფერენციაზე გამართული მსჯელობების შედეგების შეჯამებისას ანტანტის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა კლემანსომ განაცხადა: “საფრანგეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. დაგვრჩენია მხოლოდ დაკვირვება ყოველივე ამის შემდეგ დარჩებიან თუ არა სომხები” [13. 317].
მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ თანდათან გააფერმკრთალა სომხეთზე აშშ-ს მანდატის იმედები, რადგან ქვეყნის სენატმა უარყო მანდატი სომხეთსა და კონსტანტინეპოლზე და საერთოდ არ მოახდინა ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიკაცია. სამოქალაქო ომში ბოლშევიკთა წარმატებისა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შედეგ ინგლისი საბჭოთა რუსეთთან გარიგებაზე წავიდა და მცირე მონაკვეთით ამოტივტივებული იდეა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკათა ბუფერულ სახელმწიფოებად ქცევის შესახებ, წარსულს ჩაბარდა. ბათუმის ოლქიდან ჯარების ჯარების გაყვანის პარალელურად ინგლისის მთავრობამ იზრუნა რომ ბათუმის პორტში დაცული ყოფილიყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები. 28 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო: საქართველოს მთავრობა ამით აძლევს კონცესიას რკინიგზის ხაზის გაყვანისა სომხეთს მდ. ჭოროხის ველის გავლით შავ ზღვამდე”[8. 63-68].
არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად ევროპის სახელმწიფოებმა ახლო აღმოსავლეთის გადანაწილება მაინც მოახერხეს. 1920 წლის 10 აგვისტოს ოსმალეთის სულთანმა სევრში ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც მან ცნო სომხეთის დამოუკიდებლობა სხვა მრავალრიცხოვანი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად. სომხეთმა მიიღო ფართო ტერიტორია, რომლის საზღვრები სამხრეთით და აღმოსავლეთით უნდა განესაზღვრა აშშ-ს პრეზიდენტს. აშშ-ს სევრის ზავზე ხელი არ მოუწერია, მაგრამ 1920 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ვილსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სომხეთს უნდა მიკუთვნებოდა 130კვ/კმ ტერიტორია და საზღვარი გაივლიდა ერზრუმ, ვანი, ტრაპეზუნდ, ბითლისის რაიონში. ეს საზღვარი ემთხვეოდა 1917 წელს რუსეთის მაქსიმალური წინსვლის ხაზს და ატარებდა “ვილსონის ხაზის” სახელს. ამ დროისთვის ე. წ. კავკასიის სომხეთი საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა.
ამგვარად, 1919-1920 წლებში ევროპულ ასპარეზზე სომხური საკითხი საკმაოდ აქტუალურად იდგა და იქ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში არსებულ პრობლემათა მოგვარების შანსი ძალზე მცირე იყო. თავის აშკარა უპირატესობაში დარწმუნებული, დიდი ამბიციების მქონე სომხური დელეგაცია არავითარ შეთანხმებაზე არ მიდიოდა. იმ პოლიტიკურ მომენტში, ძნელი იყო სომხეთის რესპუბლიკისთვის გათვლა, რომ წამყვან სახელმწიფოთა პოლიტიკურ კომბინაციებში, იგი უბრალო პაიკის როლს ასრულებდა და “დიდი სომხეთის” შექმნაც, ახლო აღმოსავლეთში ამ სახელმწიფოთა გეგმების რეალიზაციის ნაწილი იყო.
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
1. ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1929.
2. ალ. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1994.
3. ავ. მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის “მაცნე”, 1993, №3-4.
4. ავ. მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია პარიზის 1919 წლის საზავო კონფერენციაზე, გაზ., ”სახალხო განათლება”, 1990, №4.
5. ავ. მენთეშაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, ჟურნ. “საქართველოს კომუნისტი”, 1990, №11.
6. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, რ. მეტრეველის რედაქციით, ნაწილი II, თბ., 1992.
7. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1833,ანაწ. 1, საქმე 235.
8. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1866, ანაწ.1, საქმე 25.
9. გაზ., “საქართველო”, 1919, №22.
10. Georgian Archive. Harvard University. Reel 68, box 20.
11. Армянский вопрос перед мирной конференцией, перевод с армянского А. Качеджиева, Екатеринодар, 1919.
12. Ов. Качазнун, Дашнакцутюн, больше нечего делать, Зак. 1923.
13. Дж. Киракосян, младотурки перед судом истории, Ер.,1989.
14. Гр. Чапхушян, Красная книга, Ростов – на Дону, 1919.
15. А. Чохели, Вопрос о мандате США и Турецко-Закавказские территории в Американском сенате в августе и сентябре 1919, ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, ტ. III, თბ.,1993.