რა არის მეექსვე გრძნობა?
სულ 5 გრძნობა არსებობს: მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება ადამიანს გარემომცველ ფიზიკურ სამყაროში ორიენტირებაში ეხმარება, მაგრამ არსებობს მეექვსე გრძნობაც, აღქმის ერთგვარი შინაგანი ძალა, რომელსაც ინტუიციას ვუწოდებთ. სიტყვა “ინტუიცია” ლათინური intueri-დან მოდის და “შინაგან ხედვას” ნიშნავს. ინტუიცია ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის გამოყენების გარეშე ცოდნისა და გაგების უნარია და თითოეული ადამიანის აღქმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინტუიცია – რაღაც ისეთის “წინაცოდნა” ან “წინათგრძნობაა”, რაც ადრე არ ვიცოდით. 2006 წელს ჟურნალში “GEO PRWeek/Burson-Marsteller” გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, დაწესებულებათა ხელმძღვანელების 62% გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ხშირად, ინტუიციას ეყრდნობა და არა – მსჯელობას. ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი ამბობდა: “ინტუიციის ძალა ბოროტებისგან სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავთ”. ალბერტ აინშტაინსაც მიაჩნდა, რომ “ინტუიცია ყველაფერზე ძვირფასია”. რა არის ინტუიციის სათავე, საიდან მიდის იგი? ადამიანის თავის ტვინის შესწავლამ ცხადყო, რომ ამ კითხვის სავარაუდო პასუხი ეპიფიზში (Corpus pineale) უნდა ვეძებოთ. თანამედროვე ფილოსოფიის მამა, რენე დეკარტი ეპიფიზს “ცნობიერების ადგილმდებარეობას” უწოდებდა. ძველი აღმოსავლეთის ბრძენებსაც მიაჩნდათ, რომ ინტუიცია ეპიფიზიდან მოდის და ვარაუდობდნენ, რომ იგი ცოდნისა და იდეის, გამონათებისა და სულის სახით გამოვლინდება.