მკითხაობა აპლიკაციის მეშვეობით? KAAVE AND GYPSY
მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით და ვისთან ერთად ხართ. თურქული ყავა თუ მიირთვით, გლორია და მისი მეგობრები თქვენს სამსახურში არიან. გლორია ელექტრონული მკითხავია, ისევე, როგორც დეიდა სოფია და ჟასმინი. ისინი ყავაზე მკითხაობენ და გეუბნებიან იმის შესახებ, რა გელოდებათ და როგორ შეიცვლება თქვენი ბედი მომდევნო კვირების განმავლობაში. როცა ყავას დალევთ და ჭიქას ამოაბრუნებთ, მობილურით ნალექს ფოტოებს გადაუღებთ და აპლიკაცია KAAVE-ში ატვირთავთ. ამის შემდეგ იწყება თავგადასავალი. მობილური აპლიკაცია წინასწარ ამუშავებს თქვენს მონაცემებს. მან იცის, დაქორწინებული ხართ თუ ძიების პროცესში, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად, ვინ გიყვართ და ვინ გძულთ. ამ ლოგიკაზე დაყრდნობით, გლორია და მისი მეგობრები თქვენს მომავალზე ყვებიან. მომხმარებლების გამოხმაურება სხვადასხვანაირია. ნაწილი ადამიანებისა აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით ჟასმინს ემადლიერებიან. მსგავსი აპლიკაცია Gypsy. ბანქოთი მკითხაობა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ამ შემთხვევაში აპლიკაცია გაფრთხილებთ, რომ მკითხაობა არ შეიძლება, თუ ავად ხართ ან ვინმემ გაგაბრაზათ და აგრესიული გახდით. ასევე იკრძალება მანიპულირება და ერთი და იგივე შეკითხვის რამდენჯერმე დასმა. აპლიკაცია ერთსა და იმავე შეკითხვაზე რამდენიმე პასუხს გაძლევთ და შესაძლოა, ეს პასუხები ურთიერთგამომრიცხავი იყოს. სიყვარულის თემაზე კარგად მკითხაობს Clairvoyance Ball. მას მომხმარებლები ძალიან ემადლიერებიან. მთელი მსოფლიოს ქალები და მამაკაცები აპლიკაციას იმას ეკითხებიან, თუ როდის გაუმართლებთ მათ სიყვარულში და როდის იპოვიან ბედს. ძირითად უკმაყოფილებას რევიუებში მამაკაცები გამოთქვამენ და ამ სახით მკითხაობას არასანდოდ მიიჩნევენ. ხელისგულზე მკითხაობაც საკმაოდ გავრცელებულია მობილური აპლიკაციებით. აპლიკაცია სიცოცხლის ხაზს დაგიდგენთ და განსაზღვრავს რამდენი წელი იცხოვრებთ, რამდენჯერ დაქორწინდებით და რამდენი შვილი გეყოლებათ, ან საერთოდ, დაქორწინდებით თუ არა. აპლიკაციები გეხმარებათ დეტალურად განსაზღვროთ, თქვენს ხელზე არსებული თითოეული ხაზი რას ნიშნავს და რამდენად ბედნიერი იქნებით მომავალში. აპლიკაციების აღწერაში იმაზეც კია საუბარი, თუ როგორი საფუძვლიანია ხელზე მკითხაობის აპლიკაცია და ის, როგორც მეცნიერების დარგი, ისეა აღწერილი.