ფაქტები კომეტებსა და ასტეროიდებზე
ასტეროიდები, იგივე მცირე პლანეტები, ქვის უჰაერო ობიექტები არიან, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, თუმცა ძალიან პატარები საიმისოდ, რომ სრულყოფილი პლანეტები ეწოდოთ. კომეტები კი – ყინულოვანი სხეულები, რომლებიც მზესთან მიახლოებისას ხურდებიან და მტვერსა და აირებს აფრქვევენ გიგანტური მანათობელი ბურთის სახით. ეს ბურთი ბევრ პლანეტაზე დიდი ზომისაა, მისი შემადგენელი მტვერი და აირი მოგვიანებით კუდის ფორმას იღებენ და მილიონობით კმ-ის სიგრძეზე ვრცელდებიან.
● ასტეროიდების უმეტესობა გარს უვლის მზეს მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ სივრცეში, რომელსაც მთავარი ასტეროიდული სარტყელი ეწოდება. მასში ათი ათასობით ასეთი ობიექტია თავმოყრილი.
● ცერერა, ყველაზე ადრე აღმოჩენილი (1801 წელს ჯუზეპე პიაცის მიერ) და ამავე დროს უდიდესი ასტეროიდი, მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ჯუჯა პლანეტაცაა. მასზე მოდის ასტეროიდული სარტყლის ჯამური წონის მესამედზე მეტი.
● ხანმოკლე ორბიტის მქონე კომეტები (რომლებიც მზეს 200 წელზე ნაკლებ დროში უვლიან გარს) იმყოფებიან ყინულოვან რეგიონში, სახელად კოიპერის სარტყელში, რომელიც ნეპტუნიდან 30-55 ასტრონომიული ერთეულითაა (1 აე = 150 მლნ კმ) დაშორებული. ხანგრძლივი ორბიტის მქონე კომეტები სათავეს იღებენ ოორტის ღრუბელში, რომელიც მზისგან 5,000-100,000 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მდებარეობს.
● თუკი ყველა ასტეროიდს გავაერთიანებთ ბურთის მსგავსად, მათი ზომა მთვარეზე მცირე იქნება. მზე რომ სახლის კარის ზომის იყოს, დედამიწა ამერიკული ხურდა ფულივით პატარა იქნებოდა, მთვარე – მუხუდოს მარცვლის მსგავსი, ჯუჯა პლანეტა პლუტონი კი – ქინძისთავის თავისა. ცერერა შირბახტის მარცვლის ზომამდე დაპატარავდებოდა, ხოლო კოიპერის სარტყლის უდიდესი კომეტა (100 კმ დიამეტრით, ანუ პლუტონის მეოცედი ზომის) – ქვიშის მარცვლამდე.
● თითოეულ ასტეროიდსა და კომეტაზე დღე და წელი განსხვავებულია. მაგალითად, ასტეროიდ იდაზე დღე (ანუ ღერძის გარშემო სრული ბრუნვის პერიოდი) 4.6 საათი გრძელდება, ხოლო მზის გარშემო სრულ ორბიტას იდა დედამიწის 4.8 დღეში ასრულებს. ჰალეის კომეტაზე ერთი დღე 2.2-7.4 დედამიწის დღის ტოლია, წელი კი – 76 დედამიწური წლის.
● ასტეროიდები მყარი, ქვის არარეგულარული ციური სხეულები არიან, კომეტები კი – გაყინული აირების, ქვისა და მტვრისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც ზომით პატარა ქალაქს უტოლდებიან.
● ასტეროიდებს არ გააჩნიათ ატმოსფერო, მზესთან მიახლოებისგან გამთბარ კომეტას კი უჩნდება ჰაერის გარსი, ანუ კომა. კომის დიამეტრი შეიძლება ასობით ათას კილომეტრს შეადგენდეს.
● ცნობილია 150-ზე მეტი ასტეროიდი, რომლებსაც პატარა თანამგზავრი ჰყავთ (ზოგს ორიც კი). პირველი ასტეროიდულ-თანამგზავრული სისტემა, რომელიც აღმოაჩინეს, იყო იდა და დაქტილი 1993 წელს.
● ასტეროიდს, სახელად ჩარიკლოს, ორი, სქელი და ვიწრო რგოლი აქვს გარშემო. ერთის სიგანე 6-7 კმ-ია, მეორის – 2-4 კმ.
● კომეტებს არ ჰყავთ თანამგზავრები და არ აქვთ რგოლები.
● მზის ქარების გამო კომეტის კუდი ყოველთვის მზის საპირისპირო მხარესაა მიმართული, მიუხედავად იმისა, როგორია კომეტის ორიენტაცია.
● ათზე მეტ კოსმოსურ ხომალდს აქვს გამოკვლეული ასტეროიდები. „NEAR Shoemaker”-მა დაჯდომაც კი მოახერხა ერთ-ერთ მათგანზე (ეროსზე). „Dawn” არის პირველი მისია, რომელმაც მთავარი სარტყლის ასტეროიდს (ვესტას) გარს შემოუარა (2011 წელს). ხოლო კომეტები სხვადასხვა დანიშნულებით 20-ზე მეტმა მისიამ გამოიკვლია.
● მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ 5000-მდე კომეტა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ოორტის ღრუბელში შეიძლება კიდევ ასობით მილიონი აქამდე უცნობი კომეტა იყოს.
● ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმები ვერც ასტეროიდებზე გადარჩებიან და ვერც კომეტებზე. თუმცა წყალი და ორგანული ნაერთები – სიცოცხლის საშენი ბლოკები – შესაძლოა სწორედ კომეტებმა შემოიტანეს დედამიწასა და მზის სისტემის სხვა სხეულებზე ჩამოვარდნისას.