წერილები

ნიკო ნიკოლაძე ნახევარკაპიკიანი გადასახადი

წინასიტყვაობა
დარწმუნებული ვარ, საქმე, რომელსაც მე ვექომაგები, ადგილობრივ ინტერესებზე მაღლა დგას და აქვს უფრო მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ვაქვეყნებ განმარტებებით პატარა ბროშურას ნახევრაკაპიკიანი გადასახადის შესახებ იმ საქონელზე, რომელიც ფოთის პორტში შემოდის. ეს აზრი დაიბეჭდა 1908 წლის «ბათუმის გაზეთში», ახლა იგი შევავსე გამოუქვეყნებელი სტატიით – «ოცნება და ცხოვრება». ახალ სტატიაში ვეხები უკვე არა მხოლოდ გადასახადის მოწინააღმდეგეებს, არამედ იმ ნიადაგს, რომელზედაც აღმოცენდნენ და რომელსაც ეყრდნობიან კიდეც, რითაც გამოწვეულია ჩვენი ცრუინტელიგენციის შეცდომები, რომლის წყალობითაც ქვეყნის უმთავრესი საქმე და უმნიშვნელოვანესი ინტერესი უყურადღებოდ რჩება, რადგან გაუცნობიერებელ მოღვაწეთა გავლენას განიცდიან. თავს სრულიად არ ვინუგეშებ იმით, რომ ჩემი ხმაური დაანგრევს «ლამაზ გამონაგონთა მიმზიდველობას», ცხოვრების ნამდვილ მოთხოვნებს მოსწყვეტს საზოგადოების ყურადღებას, ვწერ და ვაქვეყნებ ამ სტრიქონებს არა უკვე გამობრძმედილ მეუფეთათვის, არამედ მათთვის, ვინც ახლა გამოფხიზლდა, ან საღი ცოდნა გამოაფხიზლებს. დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და იმაშიც, რომ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნას ეკუთვნის, სწორედ მცოდნეთა განსასჯელად გამომაქვს ჩვენი ეს დავა.
ოცნება და ცხოვრება
ოცნება და ცხოვრება მკითხველის განწყობაზე თუ იმ ბეჭდვითი სიტყვის შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც მას ეძვირფასება, მაშინ ამ ბროშურაში წარმოდგენილმა საკითხებმა არ უნდა მიიქციოს ვინმეს ყურადღება. ვისა აქვს იმის თავი, იფიქროს რაღაც კაპიკებზე, დაგროვებაზე, ფრახტებსა და ტარიფებზე ჭუჭყიანი მარგანეცის გამო ისეთ მნიშვნელოვან დროს, როცა აზროვნება მაღლა-მაღლა თავისუფლებისაკენ, ცხოვრების ახალი ფორმებისაკენ, ოჯახის და საზოგადოების გარდაქმნისაკენ მიჰქრის? საზოგადოება დაკავებულია უშიშარი სათარ-ხანის გმირობით, რომელმაც თავრიზში ველურად დაამარცხა რეაქციის ჰიდრა, ხოლო თქვენ მას დატვირთვა-გადატვირთვის ანგარიშებს სთავაზობთ პორტის მიდამოებში. განა ახლანდელ მკითხველს, ან პუბლიცისტს მამონასადმი ასეთი სამსახურისათვის სცხელა?
რასაკვირველია, ურთიერთ ბრძოლის კორიანტელში დრო არ არის, იფიქრო ასეთ წვრილმანებზე, მაგრამ ჭკვიან ბელადებს გახურებული ომის დროსაც არ ავიწყდებათ, რომ საზრდოს გარეშე არ არსებობს ჯარი, ხოლო ყველა ის ინტერესი, რისთვისაც წარმოებს ბრძოლა და იღვრება სისხლი, სწორედ ამ კაპიკებისა და წვრილმანებისაგან შედგება, თანაც ახლა ჩვენში ნამდვილი ბრძოლა არც მიმდინარებს, ჩვენი ახლანდელი ინტერესი სათარ-ხანისა და ახალგაზრდა თურქებისადმი გამოცდილი თვალისათვის სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი აზრის უდღეური სიღატაკე და გაწირვა. არ აღსრულდა მგზნებარე იმედები, სრული მარცხით დამთავრდა ჩვენი პოლიტიკურ ასპარეზზე «უიარაღო შეიარაღება», როგორც ყოველთვის მძიმე წარუმატებლობის შემდეგ ხდება ხოლმე. სუსტი გონების ადამიანებმა, რომ დაეთრგუნათ საკუთარი სირცხვილი, ქეიფსა და სიმთვრალეს მიჰყვეს ხელი, რადგან თუ აქაურ ბოროტებისა და სიბნელის საუფლოზე ოცნებებმა არ გაამართლა, ეგებ სადღაც, ნათელი გარემო სამარეში, ან საზღვარგარეთ მოვიპოვოთო, სადაც ბატონობენ იდეალები, სადაც ფასდება კეთილშობილური აზრები, მიუხედავად იმისა, თუ რა დადგა ამ უბადრუკისგან. ჯერ კიდევ ფოიერბახმა მიგვითითა, რომ ადამიანში ჩანერგილია თვითმოტყუების გრძნობა, რომელიც მას უნებურად აღმოაჩნდება და გადაარჩენს უსახური ცხოვრების მძიმე სინამდვილისაგან. ეს თვისება მას მისტიციზმის ათასწლეული ბატონობის, სიღატაკის და ძალადობისაგან აქვს ჩანერგილი: ხალხს უთითებდნენ ნეტარების სრულ და მარადიულად მიუღწეველ იდეალს, რათა დაევიწყა «არსობის პურის» ძალა, სამომავლოდ ამ ცხოვრებაში მორჩილებისა და ტანჯვის სანაცვლოდ უსასრულო ბედნიერებას ჰპირდებოდნენ.
ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ასეთ ტყუილს ადამიანისადმი სიბრალული, მისი ტკივილის შეუძლებელი შველა ბადებს. გახსოვთ, ალბათ, რას წერდა ნეკრასოვი იმ საბრალო დედაზე, რომელიც შუაგულ შემოდგომაზე, სიცივეებშიც კი, ღია სარკმელთან ელოდა დიდი ხნის წინ ციხეში გარდაცვლილ ერთადერთ შვილს:
«ვინ ეტყვის ნეტავ: «ის აღარ არის»!
სარკმელი შენი მაგრად მოკეტე,
ცრემლებითა გაქვს სავსე ეგ გული,
გამოეთხოვე ჯიუტ იმედებს
და გზას შემშრალი თვალით გახედე,
ღმერთსაც იმედით შესწირე სული!»,…
მოხუც ქალს, რომელმაც მოჭამა თავისი დრო, შეიძლება მართლა არ გააჩნდა სხვა ინტერესები, მაგრამ როგორი უნდა იყოს, ჯანღონით სავსე ადამიანისათვის აირჩიოს: ან «ამაო ფიქრებში მერყეობა, ან სამარის გათხრა»? ჯანმრთელი ორგანიზმი ასეთ ალტერნატივას ვერ შეურიგდება. პეტრე არავითარ კომბალსა და წკეპლას, არავითარ დამარცხებას არ შეეძლო გამოეყვანა მდგომარეობიდან მისტიციზმის სასარგებლოდ, რათა დაევიწყა რეალური ცხოვრება, ის თავისი დამამარცხებლისაგან სწავლობდა და თავისი წარუმატებლობისაგან შექმნა სკოლა. ჩვენ რომ საკუთარი საქმის სიმართლის დაუოკებელი რწმენა გვქონდეს, სამშობლოსადმი თავგანწირული სიყვარულის მისეული იმედი ცოცხლობდეს, ჩვენც დღეს აღარ ვივაგლახებდით, არ მიმოვფანტავდით აზრებს, არ გამოვაწყობდით სათარ-ხანს ვაშინგტონის კოსტუმში, არამედ დავიწყებდით ჩვენი მარცხის მიზეზებისა და ჩვენი ბედის გაუმჯობესების გზების ძიებას.
მაშინ ჩვენ დავინახავდით, თუ რაოდენ გარდუვალი იყო ჩვენი უმწიფარი, მეცნიერებისაგან დიდი ხნის წინათ უარყოფილი გაუმართლებელი გეგმებისა და პროგრამების უცილობელი ჩავარდნა. სად გაგონილა, ან როდის ყოფილა, რომ საღად მოაზროვნე ხალხს მიზნად დაესახოს ერთი ნახტომით, თანაც პირველით, ყოველგვარი შემზადების გარეშე, გადამხტარიყო ხელშეუხებელი ფეოდალური წყობიდან ისეთში, რომელიც დედამიწის ზურგზე ჯერ არსად დაწესებულა თუნდაც ცდის სახით მაინც? მართალია, ორმოცდაათიანი წლების გერმანულმა მეტაფიზიკამ და სამოცდაათიანი წლების რუსებმა ბევრი მელანი დახარჯეს პროგრესის გზაზე მიმავალი ხალხების მიერ ასეთი ნახტომების შესაძლებლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ამ სასწაულის თვალნათელი მაგალითი არავის მოუყვანია. იყო დრო, როცა მეტაფიზიკური მიდგომისათვის დასაშვები იყო, გეფიქრათ, თითქოს ხალხისა და კაცობრიობის ცხოვრება შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა გულახდილობას, შთაგონებას, ჰიპნოზს, მიბაძვას და ა.შ. ოკულტიზმი კიდევ უფრო შორს მიდიოდა: იგი მონდომებით ამტკიცებდა, რომ ხელოვნურად შეიძლებოდა ქარიშხალების, მიწისძვრების, გადატრიალებათა მოხდენა. ზუსტმა მეცნიერებებმა დიდი ხანია განთავისუფლებული აზრის ეს ცთომილება არქივს ჩააბარეს. ხალხის ცხოვრება წინ მიიწევს შეუდარებლად უფრო მძიმე პროცესით, უცილობელი მოთხოვნით იმ საშუალებებზე, რომელთა მოპოვებაც მიწის წიაღიდან თუ მზის სხივებიდან ხდება, რაც ადამიანებს აძლევს უფლებას მათი გონების და წარმოების განვითარებისათვის. შთაგონება, დამრიგებლობა, გმირობა ფესვებს იდგამენ ან დუმდებიან იმისდამიხედვით, შეესაბამებიან თუ არა ისინი ქვეყნის შესაძლებლობის და განვითარების დონეს. ხალხის პროგრესი, მისი თავისუფლების, ოჯახის და სახელმწიფოს ფორმის ხარისხი საფეხურია აღმოცენებული მოვალეობისა და ცონდის ხარისხისა. როგორც ოდესღაც ვწერდი, ამ ქვეყნად პოლიტიკური განვითარება რეალური ინტერესების პარალელურად მიემართება, რომელთაც, ბუნებრივია, ახასიათებთ თავიანთი ადამიანური ღირსების დაცვა ძალმომრეობისა და თვითნებობის შემოტევებისაგან. ასე რომ არ იყოს, პოლიტიკური თავისუფლება გაღატაკებულ ხალხებში – უგანდის უღრანებში, ან ხივის უდაბნოს ხალხებშიც გამეფდებოდა და არა შეერთებულ შტატებსა და ინგლისში. ვისთვისაც მართლა სანუკვარია თავისუფლება და ძვირფასია პროგრესი, იგი არ ართულებს ხალხის ყოველდღიურობას და არ უსახავს მას შეუძლებელს, რომლის მისაღწევადაც ჯერ არ გამოფხიზლებულა ძალები, პოლიტიკურ სფეროშიც ისევეა, როგორც კერძოში, – მიდებმოდება ნიშნავს შეამზადო საკუთარი გაკოტრება.
ეს მეტად რთული მიზნები – ამქვეყნიური ძირითადი წესების დავიწყება, – ისტორიის არასწორი გაგების პროდუქტია. შორიდან ზერელედაც რომ შეხედო ცხოვრებას, მოგეჩვენება, რომ იგი ნახტომებით მიემართება ძალადობიდან ძალადობამდე და გადატრიალებიდან გადატრიალებამდე. ომები, აფეთქებები, რევოლუციები – აი, რას ხედავს შეუიარაღებელი თვალი. ხოლო საუკუნეები რომ სჭირდებოდა დაუფასებელ შრომას და სისტემატური ბრძოლა რომ უნდოდა იმ ძალთა დაგროვებას, რაც ამ შედეგს გამოიწვევდა, ეს შორიდან შეუიარაღებელი თვალით როდი ჩანდა. ასე ბავშვს შეუძლია მოეჩვენოს, რომ კვერცხს გატეხავს თუ არა, იქიდან მაშინვე გამოხტება სიცოცხლით სავსე წიწილა, მან არ იცის, რომ ამ მოვლენისათვის საჭიროა კვერცხი იყოს საღი, განაყოფიერებული და მკაცრად დადგენილი დღეების მანძილზე ფიზიკურ კანონს ემორჩილებოდეს. მას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სითბო, ჰაერი და ა.შ. განვითარების ყველა ამ აუცილებელი კანონის დაცვის შემდეგ არავითარი ძალდატანება აღარ დასჭირდება ნაჭუჭის გატეხვას და წიწილის გამოჩეკვას. მაგრამ საკმარისია, ბუნებრივ ვადამდე თუნდაც ერთი დღით ადრე გაიბზაროს კვერცხი, მისგან გამოიჩეკება ან მკვდარი, ან უდღეური ჩასანახი, სწორედ ასეთია ევოლუციისა და რევოლუციის ურთიერთდამოკიდებულებაც. ომები, რევოლუციები, შემოსევები მხოლოდ იმ ხალხებს ემარჯვებათ, რომლებიც ბრძოლის დაწყებამდე დიდი რაოდენობით იმარაგებენ საბრძოლო იარაღს. ხოლო ეს საშუალებები მიიღება მეომარი ქვეყნის გონებრივი და ეკონომიკური ძალების დაძაბული განვითარებით და ყაირათიანი ხარჯვით. ვინც ამის გარეშე აღმართავს ხმალს, მისგანვე დაიღუპება.
მეცნიერების პროგრესმა, თავიდან ბოლომდე რომ შეაიარაღა განათლებული ხალხები და არსებობისათვის შეუბრალებელი ბრძოლა გაუიოლა მათ, მონობისათვის გასწირა ჩამორჩენილი საზოგადოება და ჩამორჩენილი ქვეყნები. ან უნდა დავეწიოთ მოპირისპირეს, ან უნდა მათი მსხვერპლი გავხდეთ. მეტაფიზიკის უკანასკნელ მოჰიკანებს მოეჩვენებათ, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დამანგრეველი ძალის შემდგომ, კლასობრივი წყობის მკვდრეთით აღდგომა შეიძლება. ეს შეიძლებოდა მხოლოდ დიდ გარდაქმნებამდე ოცდაათი წლის წინათ რომ განხორციელდა მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც გამოიგონეს ძლიერი ტექნიკა, რამაც არნახულად გააიაფა ტრანსპორტით გადაზიდვის ხარჯები, პირველმა გემმა, რომელმაც ოკეანის გაღმიდან ევროპაში ნახევარმილიონიანი ფუთის მოცულობის პროდუქტები ჩამოიტანა და ბაზრებში გასაყიდად გაიტანა, რაც გაცილებით იაფი იყო, ვიდრე ადგილობრივი ნაწარმი, ამან გამოააშკარავა კასტური კარჩაკეტილობისა და ადგილობრივი შეთქმულების ზეწოლის შედეგები. ფასები, ხელფასები, მოგება, – როგორც ჰაერის ტემპერატურა ან ოკეანეთა სიღრმეები თურმე სრულებით არ ყოფილა დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ პირობებზე. სერიოზულად რომ იმოქმედო მათზე, აუცილებლად უნდა განახორციელო ალექსანდრე დიდის ოცნება მსოფლიო ბატონობისა, ან მის მთლიანობაზე, რაც ჯერ კიდევ ამერიკისა და პოლინეზიის აღმოჩენამდე იყო. ტექნიკის პროგრესმა ურყევად გააცხადა ეს შეჭმარიტება ყველასთვის, ვისაც თვალი და ყური აქვს. ეს აიძულებს დამოუკიდებლობის მაძიებელ ქვეყნებს გაზარდონ ტექნიკური დანადგარები და წარმოების ხარისხი მეტოქე ქვეყნების დონემდე. ყველა ქვეყანამ უნდა ისწავლოს საქმიანობა ისევე კარგად და იაფად, როგორც კონკურენტუნარიანმა განვითარებულმა ქვეყნებმა, რომ მათ მეხარკეებად არ გადაიქცნენ.
ქვეყნის მრეწველობის განვითარება ემსახურება მის პოლიტიკურ ძლიერებას, რაც წარმოუდგენელია პროდუქტის, შრომისა და ცოდნის დაგროვების გარეშე. პოლიტიკური გადატრიალებები თითქმის იგივეა, რაც ქვეყნის შიგა ღრმა სამრეწველო ცვლილებები, ის ხომ ეკონომიკის განვითარებას მოჰყვება. სხვანაირად რომ ვთქვათ, საუკუნის პოლიტიკური ზრდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია. ქვეყნის პროგრესისა და მისი გავლენის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ ეს ეკონომიკა საბოლოოდ იძლეოდეს დადებით, და არა უარყოფით შედეგებს. ის ქვეყნები, რომელთა მრეწველობაც წამგებიანი ხდება, არა მხოლოდ ეკონომიკურად ზარალდება, არამედ პოლიტიკური დაცემისა და მონობისაკენ მიექანება, მრეწველობა რომ წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, იგი ბედის ანაბარა არ უნდა მივატოვოთ. ამჟამინდელი მრეწველობა, დაწყებული ხორბლის თესვიდან, ჰაერიდან გვარჯალის მიღებამდე, უკვე ვეღარ იარსებებს ზუსტი მეცნიერებისა და საუკეთესო მანქანა-იარაღების გარეშე. ყველა საკითხი, რაც წარმოება-მრეწველობის ბედს ეხება, უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი დაკვირვების, ფიქრისა და შემოქმედების შედეგი, და არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა, არამედ ყველასი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის სამშობლოს ბედი და მისი სიკეთე. ეს არის სახელმწიფოს მაჯისცემის, სიცოცხლისუნარიანობის, მისი განვითარების, ურთიერთობის და ღირსების დასტური. ჩვენ კი ეს იოლ საქმედ მიგვაჩნია, რომელიც ღირსი არ არის იმ შეგნებული ადამიანების ყურადღებისა ავტონომიასა და სოციალურ ცვლილებებს რომ გამოდევნებიან.
ახლა გაუთვითცნობიერებლობის შესახებ: როგორც მოლიერის გააზნაურებულ მდაბიოს სურდა ხელი მოეკიდა პროზის თეორიის შესწავლისათვის და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მთელი სიცოცხლე პროზად ლაპარაკობდა, ახლანდელი ჩვენი მეშჩანებიც სოციალიზმში (სულ ერთია ფედერალურსა თუ დემოკრატიულში) ვერ გრძნობენ, რომ ავტონომია და ცვლილებები ისევე იზიდავენ მათ, როგორც ჟურდანს არ ეგონა, რომ პროზა უბრალო ფრაზებისაგან შედგებოდა, იმ იაფფასიანი ინტერესებისაგან, ბავშვობიდან დაწყებული თან რომ სდევს ადამიანსა და სიკვდილამდე მიჰყვება.
ავტონომია და ცვლილებები? დავიწყოთ უკანასკნელით: ჩვენს თვალწინ ყოველდღე შეუმჩნევლად იზრდებიან ხეები, დაბლდებიან მთები, ბიბინებენ მინდვრები… ჩვენს თვალწინ უდიდესი სოციალური გარდაქმნები ხორციელდება, რაც ოდესღაც მომხდარა მსოფლიოში. პირადად მე ბავშვობაში მინახავს ჩვენს ირგვლივ შუასაუკუნეობრივი ფეოდალური წყობილება, მთელი თავისი ხელშეუხებელი ველურობით, ხოლო სიცოცხლის ბოლოს ვხედავ ამ ფეოდალთა შთამომავლებს თავიანთი ყოფილი ყმების სამსახურში, რაც მოხდა ყოველგვარი რევოლუციის გარეშე.
როდესაც მე ჟურნალისტურ ასპარეზზე გამოვედი, ოპტიმისტად ვითვლებოდი იმის მტკიცების გამო, რომ მჯეროდა, ჩვენი შვილები და შვილთაშვილები უთუოდ მიაღწევდნენ პოლიტიკურ თავისუფლებას, ხალხის მმართველობას, თუ ინტელიგენციის სამი-ოთხი თაობა გულდასმით იმუშავებდა ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის. სინამდვილეში კი ჩვენ თვითონ მივაღწიეთ ამ ბედნიერებას. გეოლოგია დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დედამიწაზე უმთავრესი გარდაქმნები მოხდა არა კატაკლიზმების გზით, არამედ შეუმჩნეველი (ძლივს შესამჩნევი) ატმოსფერული და ჰიდრავლიკური ზემოქმედების შედეგად.
რაც შეეხება ავტონომიას, ამ შემთხვევაშიც ჩვენს საუკუნეს ბევრი რამის სწავლება შეუძლია, თუკი თვალი უჭრით. ჩემს დროს გაგვაჩნდა ბევრი არც თუ უბრალო ავტონომია, რომ აღარაფერი ვთქვათ სვანეთისა და სამეგრელოს თითქმის სრულუფლებიან ავტონომიაზე. გავიხსენოთ ჩვენი სამიწადმოქმედო ბანკების ავტონომია: ეს ძლიერი იარაღი იყო მიწის საკუთრების უმტკივნეულოდ გადასვლისათვის მომაკვდავი თავადაზნაურობიდან მიწადმოქმედთა ხელში. არავის უფიქრია ჩვენს შიგა მეურნეობაში სხვისი ფულებით შემოჭრილიყო. როგორ მოვექეცით ამ ავტონომიას? შევძელით კი გვესარგებლა ამ სიკეთით? რად ვაქციეთ იგი ჩვენ? ყველა ქვეყანაში სოციალური განახლების იარაღიდან (უძრავი ქონების თანდათანობითი დემოკრატიზაციის ნაცვლად) ჩვენ იგი წვრილმანი ვნებების სათამაშოდ, ხეიბართა თავშესაფარ სახლად, დათხოვნილ მოხელეთა თბილ ადგილად ვაქციეთ, რითაც, ცხადია, გავძარცვეთ თვით ბანკები და ვაიძულეთ მთავრობა, კონტროლი დაეწესებინა მათზე, ანუ მივაღწიეთ ჩვენი ავტონომიის შეზღუდვას. იგივე ბედი ერგო ყველა ჩვენს ავტონომიას, ან ნახევრად ავტონომიას (ურთიერთკრედიტები, ქალაქის მმართველობა, დეპუტატთა თავყრილობები და ა.შ.), მათ საქმიანობაში არანაირ მთავრობას არასოდეს არ უფიქრია ჩარევა, ვიდრე ჩვენ საზოგადოებრივი საქმის გაძღოლის უცოდინარობის გამო, მილიონების დაუოკებელი მოპოვების სურვილის გამო, კაპიკების ტალახში ამოთხვრით ის დავივიწყეთ, რომ მილიონები სწორედ კაპიკებისაგან შედგება, რითაც საქმე მივიყვანეთ იქამდე, რომ ყველა სფეროზე ზედამხედველობა დაგვიწესეს, თვით კერძო საქმეზეც კი. უნდა აღინიშნოს, რომ გონიერი ადამიანები თავისუფლებასა და ავტონომიას აღწევენ ჯერ საშინაო საქმეების ყაირათიანი გაძღოლით, წარმოების აღორძინებით, საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებით და ბოლოს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით, რისთვისაც ისინი აერთიანებენ ძალებს უმაღლესი სახელმწიფო ამოცანების გადასაწყვეტად.
საიდან მომდინარეობს ჩვენი წარუმატებლობა? იძულებული ვარ გავიმეორო 36 წლის წინათ დაწერილი განმარტება, როცა ამაოდ ვცდილობდი ჩვენი საადგილმამული ბანკებისათვის რაიმე სიცოცხლისუნარიანი დატვირთვა მიმეცა: «ფეხსაცმლის, ან შარვლის შეკერვას ჩვენ არაფრით არ ვანდობთ იმათ, ვისაც ეს ხელობა არ შეუსწავლია, ხოლო ბანკების მმართველობა მზად ვართ გადავცეთ იმ პირებს, რომლებმაც იციან მხოლოდ «ბანკის მოხსნა», – არ ვითვალისწინებთ, საბანკო საქმე რამდენად განსხვავდება ჭრა-კერვისაგან!». მას შემდეგ დიდ წარმატებას მივაღწიეთ: ახლა სოციალური და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტას ველოდებით იმ პირებისაგან, ვინც შორს არის განათლებულობისაგან. ღმერთმა ქნას, ჩვენმა ბატკნებმა მგლები დაიჭირონ!
ახლა ამ ზოგადი მსჯელობიდან ჩვენს უშუალო საქმეს დავუბრუნდეთ. ვამბობთ, ცხოვრება გართულდა, მეცნიერების პროგრესმა აიძულა თანამედროვე წარმოება შეუჩერებლივ წინ წასულიყო, ამასთან არცოდნის მიუხედავად, მისთვის ეხელმძღვანელა, რადგანაც ცოდნის დაუფლების პერიოდში განუწყვეტელი შეფერხება მრეწველობისა უკვე შეუძლებელია. ვერც ვაჭრები და ვერც მეწარმეები ვერასდ ვერ წაუძღვებიან წარმატებულად საქმეს, თუ სხვისი მიღწევების და კონკურენტობის ხარისხს არ გაითვალისწინებენ. რატომ ერთიანდებიან ისინი ყველგან, ერთად კისრულობენ გადასახადებს, ირჩევენ სავაჭრო პალატებს და საბირჟო კომიტეტებს, რათა საერთო ძალებით და მცოდნე ადამიანების ხელმძრვანელობით მეტი ისწავლონ, მეტად დაიცვან თავი, მეტ წარმატებას მიაღწიონ. ახლა მარტო კაცი ბრძოლაში ვერც მეომარია, ვერც ვაჭარი, ვერც მეწარმე-ხელოსანი და მხვნელ-მთესველიც კი არ არის. ასეა საქმე ამ ცისქვეშეთში.
პოლემიკა, რომელსაც ეს ბროშურა მიეძღვნა, აშკარად ადასტურებს, რომ ჩვენი საქმე სულ სხვაგვარია. ბევრს არც კი ესმის, რომ დავა ნახევარკაპიკიან ასაკრებზე ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. თვით პოლემიკის წარმოშობა და მიმდინარეობა იმის დასტურია, რომ ჩვენი მხარის მრეწველობის სერიოზული დარგები იმ ადამიანების ხელში მოექცა, ვინც სრულებით არ იცნობს მათზე დაკისრებული საქმის ელემენტარულ ვითარებას. ვინც ტყუილად გაილაშქრა ქალაქის მიერ დაწესებული გადასახადის წინააღმდეგ, ის თვით დარწმუნდა, რომ არა თუ მთავრობამ, მრეწველთა და ვაჭართა გაერთიანებულმა წარმომადგენლობამ აღიარა ამ გადასახადის აუცილებლობა. მოწინააღმდეგეებმა დამსახურებული მარცხი დააბრალეს პიროვნებათა უგერგილობას, ჭორებს, სხვის წამხდარ საქმეებში ჩარევას, ეს უღონოთა ჩვეულებრივი თვისებაა, – სული მოითქვან გინებითა და ცილისწამებით. ეთიკის გარეშე ლაპარაკი არა საკუთარ თავზე, არამედ მთელს მხარეზე, მთელს ქვეყანაზე, – არ შეიძლება! ნუთუ ვეღარ გავიგეთ ეს? ამით საქმეს ვერ უშველი, იგი იღუპება უცოდინართა და უგერგილოთა ხელში. ის დრო, როცა რომელიმე ქვეყნის საზოგადო საქმეების მართვა შეეძლოთ მნათეებს, მამასახლისებს, ცერემონმეისტერებს, – ისტორიას ჩაბარდა. ამასთან საუკუნოდ წავიდა ის დროც, როცა შეიძლებოდა მხოლოდ ხმლითა და ხანჯლით ომი. ვისთვისღა არ არის ცნობილი, რომ ჩვენს ირგვლივ სამყარო გარდაიქმნა არა ბრძოლების შედეგად, არამედ ზუსტ მეცნიერებათა აღმოჩენებით. ამ აღმოჩენების გამოყენებაც ახალი ცხოვრებისთვის მომზადებულ ადამიანებს შეუძლიათ განათლებული ხალხის წინამძღოლებთან ერთად. განა ჩვენმა თანამედროვე ინტერესებმა როგორც რუსეთის, ისე უცხოეთის პარლამენტის დებატებმა თვალნათლივ არ დაგვანახა, რომ კამათში უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ხალხის ინტერესებს აქვს? ეს საკითხები ნასულდგმულებია ზუსტი მეცნიერების მონაპოვართა გამოყენებით და არა თეოლოგიური, ან მეტაფიზიკური წარმოშობის მისტიკური რწმენით, რომელსაც აუცილებლად მივყევართ აბსურდამდე. კიდევ უფრო უცნაური ის არის, რასაც მკაცრად და თანამიმდევრულად იყენებენ ცხოვრებაშო დოგმატიკოსები.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი თვალით ვიხილეთ ერთ-ერთი ასეთი დოგმატიკოსის საქმიანობის მაგალითი: ჩვენ ბრმად დავღუპეთ გაფიცვების თამაშით მთელი დასავლეთ ამიერკავკასიისათვის ფრიად მნიშვნელოვანი მრეწველობა – ბათუმიდან ნავთის ფუთობრივი გატანა. ეს საქმიანობა ჩვენს რაიონს ყოველწლიურად ერთნახევრიდან ორ მილიონამდე მოგებას აძლევდა. ერთ პეშვ თამბაქოს მსხვერპლად შევწირეთ ოქროს კვერცხისმდები ქათამი. არავინ იცის, რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ ქვეყანამ ეს ისტორია მოინელოს, ან რითიმე აღადგინოს. ან რით და როგორ მოინელოს? ამ მდგომარეობაში ასევე მძიმე გულით ჩვენ დაუღალავად მიგვყავდა მსგავსი დოგმატიკოსების მათრახის ქვეშ მეორე ჩვენი მარჩენალის – მარგანეცის მრეწველობა, ვიდრე ისიც ბოლოს და ბოლოს დაღუპვის პირას არ აღმოჩნდა. ისიც ყოველწლიურად ჩვენი მხარის სახელმწიფო შემოსავალში ხაზინის გარდა ტოვებდა 3-დან 6 მილიონამდე მანეთს. ასეთი განსაცდელი ჩვენს ღატაკ სამშობლოს კი არა, უმდიდრეს ინგლისს ან საფრანგეთს რომ დასტყდომოდა თავს, სადაც ამგვარი საქმეების გვერდით ათასი სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, მაშინ იმ საზოგადოებაში, ბეჭდვით ორგანოებში, მთავრობაში, პარლამენტში ვაივაგლახი წლობით გაგრძელდებოდა. ჩვენთან აბა თუ ერთ სტრიქონს იპოვით 1902-1905 წლების ადგილობრივ პრესაში, მიძღვნილს ამ უბედურებისადმი, თუნდაც დღევანდელი ჟურნალ-გაზეთები თუ წერენ რამეს, მაშინ, როდესაც მათი ფურცლები სავსეა პირადი კინკლაობით, გონებაუმწიფარი ადამიანების სამედიატორო მაბეზღარობით, თითქოს ისეთი მილიარდერები ვიყვეთ, რომ ნახევარი დუჟინი მილიონის დაკარგვა მისაფურთხებელ საქმედ მიგვაჩნდეს. განა შეიძლება ადამიანის დაბნეულობა (ხედავთ? მე ვწერ «დაბნეულობას» და არა უჭკუობას) ამაზე შორს წავიდეს? რა მომავალი აქვს ქვეყანას, რომლის არა მხოლოდ ინტელიგენციას, არამედ მეთაურებსაც კი არ ესმით, რომ ასეთი ცხოვრება სამომავლოდ შეუძლებელია? ვის, ან სად აქვს წარსული წლების დანაზოგი, ძველი თაობების მიერ შეგროვებული ის სიმდიდრე, რომელსაც შეეძლო გადაეფარა ხალხის ბიუჯეტის ასეთი დეფიციტი? კიდეც რომ მოვაქუჩოთ აქამდე შეგროვილი ჩვენი სიმდიდრე, ის ხომ ორი-სამი წელიც არ გვეყოფა? საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელზედაც ამდენს ვლაპარაკობთ ისე, რომ არც კი ვიცნობთ კარგად, ისევე გაკოტრდებოდა, როგორც მისი კარიკატურები, საფრანგეთს ყველა დამშეულისათვის თანაბრად რომ გაენაწილებინა მთელი ფრანგული სიმდიდრე. როგორც ახალ ზუსტად დაიანგარიშეს, ფრანგებსაც მხოლოდ ორ წელს თუ ეყოფოდა სახელმწიფო დოვლათი. მისი სიდიადე სულ სხვა რამეშია. დაამსხვრია რა შუასაუკუნეობრივი კლასობრივი წყობა თავისი წესებით, კორპორაციებით, პრივილეგიებით, მაიორატებით და ა.შ., რევოლუციამ კანონის წინაშე გაათანაბრა ყველა, ყოველგვარ ნიჭს მისცა გაქანების, განათლების, მოღვაწეობის, ხელისუფლებაში მოსვლის უფლება და ამასთან წესრიგის დამყარებით ქვეყანას მისცა საშუალება კიდევ უფრო ნაყოფიერი გაეხადა მისი შემოქმედებითი ძალები, ამასთან, შრომის ნაყოფით ესარგებლა მშრომელებს და არა მუქთამჭამელებს. საფრანგეთის რეალური სიმდიდრე მოკლე ხანში კი არ დანაწილდა, არამედ ათმაგი შეიქნა, რაც რევოლუციის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი იყო. ჩვენში კი ჰგონიათ, რომ ყოველივე ეს დასჯითა და კონფისკაციებით მოხდა. სიტყვამ მოიტანა და, ყველას ქონების კონფისკაცია როდი მოხდა, ქონება ჩამოერთვათ მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვინც იარაღით ხელში თავს დაესხა საკუთარ სამშობლოს.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ის, რომ მან ისტორიის არქივს ჩააბარა ის ბობოლები, ვისაც საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტები ეჭირა, რომელთაც არაფერი ესმოდათ იმ საქმისა, რასაც ხელმძღვანელობდნენ. შემდეგ ამ თანამდებობებზე ყველაზე გამორჩეული ადამიანები დანიშნეს, ვინც ცონდით, გამოცდილებით, ენერგიით, ტალანტით ყველასაგან განსხვავდებოდნენ. თუ რევოლუციაში უნდა მივბაძოთ ვისმეს, უნდა დავიწყოთ უმთავრესით: ჩვენი საქმე საქმიან ადამიანებს უნდა მივანდოთ. მსოფლიო განახლდა და განთავისუფლდა არა წყევლა-კრულვის შედეგად, არა მისტიკოსების და ოკულტისტების მიერ, არა ძალადობის წაყლობით, არამედ გონებისა და ცოდნის საფუძველზე. რობესპიერებსა და ბაბეფებს კი არ დაუდევთ ახალი წყობის ქვაკუთხედი, მათ შემდეგ, მათივე წყალობით შექმნა ნაპოლეონის დესპოტიზმი, რომელთან შედარებითაც ადრინდელ მეფეთა თვითმპყობელობა ბავშვური გართობა იყო, მსოფლიოს განახლება იმ სწავლული ქიმიკოსების, მექანიკოსების, ბიოლოგების, ინჟინრების, ფინანსისტების და სამართალმცოდნეთა წყალობა იყო, რომელთაც განსწავლულ ადამიანს მანამდე არარსებული ძალაუფლება მიანიჭეს ბუნებაზე ზემოქმედებისა, ასწავლეს მისი გამოყენება, სრულიად ახალი პირობები შეუქმნეს მრეწველობის განვითარებას და ბუნებრივ საიმდიდრეთა ათვისებას. თავის ნამდვილ განმანთავისუფლებლად, ახალი ცხოვრების შემქმნელად გამოფხიზლებული კაცობრიობა მიიჩნევს კარნოს, ლავუაზიეს, პურტალს, ფულტონს, სტივენსონს, ლესეფს, პასტელს და არა იმ მარიონეტებს, რომლებიც კრიზისის დღეებში მომწიფებული ძალებისა და ინტერესების შემთხვევით წარმომადგენლებად გამოჩნდებიან ხოლმე.
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ჩვენი დროის მეცნიერებამ დაასამარა რა მისტიკის ქიმერები და მეტაფიზიკის დოქტრინები, ადამიანთა გონებრივი ჰორიზონტი შეავიწროვა და კაცობრიობის ნათელი მომავლის იმედი გააფერმკრთალა. პირიქით, ძველი დროების ყველაზე თამამი უტოპიაც კი ვერ შეედრება იმას, რაც ზუსტმა მეცნიერებებმა მოუტანა დღევანდელ სინამდვილეს არა მარტო ცდებით, არამედ ყველასათვის ხელმისწვდომობით. ადამიანი სავსებით გათავისუფლდა ბუნებაზე დამოკიდებულებისაგან, – გემის, რკინიგზის, ავტომობილის, უმავთულო ტელეგრაფის, ტელეფონის, ჰაერში ფრენისა და ტექნიკის სხვა ასეთი სასწაულის წყალობით. მაგრამ სოციალ-დემოკრატების ყველაზე თამამი და დღემდე არსად არ განხორციელებული იდეალი – სიმდიდრის კოლექტიური წარმოება, როგორც კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართული საშუალება, შეიძლება შევადაროთ ელექტროტექნიკის თანამედროვე სასწაულს, რასაც დღეს ყველა ხედავს, შეიგრძნობს და სარგებლობს კუსტარულ წარმოებასთან შედარებით. ეს ხომ პასკალ დეპრეს (1886-1887 წწ.) უდიდესი აღმოჩენის პირდაპირი შედეგია, იმ აღმოჩენისა, რასაც ელექტრო ენერგიის მანძილზე გადაცემა ჰქვია, რომლის უდიდეს ეკონომიკურ შედეგებზე, რამდენადაც მახსოვს, მაშინვე მივუთითე და განვმარტე, თანაც სიფრთხილის გამო ნახევრად ფანტასტიკურ სტილში.
ახლა დღემდე სამყაროში ცნობილი «ეს უდიდესი გადატრიალების ჩანასახი», ხელშესახებ რეალობად იქცა და ალპების გარშემო მდებარე ყველა ქვეყანა გაამდიდრა, რომლებიც ოციოდე წლის წინ ევროპისათვის უღარიბეს ქვეყნებად ითვლებოდნენ. ეს ხომ მშრომელი კაცის უკიდეგანო დამოუკიდებლობაა, მისი სრული განთავისუფლებაა არა მხოლოდ კაპიტალის ექსპლუატაციისაგან, არამედ საერთო საქმისათვის მისჯილი შრომის ყაზარმული ტირანიისაგანაც, სადამდინაც უცილობლად მიიყვანდა სოციალისტური იდეალის განხორციელება. ეს უკვე რვა საათიანი სამუშაო დღის კუდშეკვეცილი ბედნიერება კი არ არის, არამედ თავისუფალი შრომაა საკუთარ სახლში, ახლობლებს შორის, საკუთარი ოჯახისთვის მაშინ, როდესაც გინდა და რამდენიც გინდა ნებისმიერ ამინდში მიწათმოქმედებიდან დაწყებული, საფაბრიკო შრომით დამთავრებული. ამ უკვე განხორციელებულმა იდილიამ დაიმორჩილა ისეთი ავტორიტეტული სკეპტიკოსი, როგორიც ცნობილი ეკონომისტი მელინი იყო (რამდენჯერმე საფრანგეთის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) თავის უკანასკნელ შრომაში «მიწასთან დაბრუნება», რომელიც 1905 წელს დაიბეჭდა, მან სავსებით აღიარა იმ გარდაქმნის განუსაზღვრელი მნიშვნელობა, რაც მოჰყვა მსოფლიოს ხალხების ეკონომიკურ გარდაქმნას – შორ მანძილზე ელექტრო ძალის გადაცემას (ანუ, როგორც მოკლედ იტყვიან, «თეთრი ნახშირის» წარმოებას – ელექტროენერგიის შექმნას).
აი, გზები და ჰორიზონტები გახსნილი მეცნიერების მიერ თანამედროვე ადამიანის ფხიანობისათვის, სხვაზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ და თუნდაც ტრესტების შექმნა აღვნიშნოთ, რომლებიც ქმნიან კონკურენციას, რამაც ჩვენს თვალწინ აშკარა გადატრიალებები მოახდინა, – გადაზიდვების კოლოსალური გაიაფება, მანძილზე ელექტროენერგიის გადაცემა, – ნათელყოფენ, რომ კაცობრიობის ეკონომიკური საქმიანობა სინამდვილეში სულ სხვა მიმართულებით მიჰქრის, ვიდრე წინასწარმეტყველებდნენ ოკულისტები და მეტაფიზიკოსები გასული საუკუნის შუა ხანებში.
მსხვილმა კაპიტალისტურმა წარმოებამ არამც თუ მარტო ჩაყლაპა წვრილი წარმოება, არამედ ყოველდღიურად რაღაცით შეავსო კიდეც იგი, წვრილი მეურნეობისა და საწარმოს რიცხვი და წარმადობა მსხვილთან შედარებით ინტენსიურად იზრდება კიდეც. მაგრამ ხელით შრომამ კი არ აჯობა მექანიკურსა და ინტელექტუალურ საქმიანობას, არამედ თანდათან გაუქმდა. მეცნიერება წინ მიუძღვის მანქანებითა და რეაქტორებით განვითარებულ წარმოებას, რომელშიც მხოლოდ ინჟინრებს ექნებათ საქმე და არა ხელით მშრომელს. აი, ფაქტები, რომლის დაუნახაობა სიბრმავეს ნიშნავს. ეს შეიძლება არ ეწამათ სოხუმის მახლობლად მდებარე ათონის მონასტრის ბერებს, ვის ვის და ამ მონასტრის მნათეებს მართებდათ მათი მისტიკური და მეტაფიზიკური დრომოჭმული დოქტრინათა დაცვა, მაგრამ ჩვენს მხარეში სწორედ მათ პირველებმა და ერთადერთებმა გაითავისუფლეს თავი ხელით შრომის სიმძიმისაგან, ბუნებით დაწესებული შავი სამუშაოსაგან. ჩვენი ცრუ პროგრესისტები, რომლებიც ჯერ კიდევ 1848 წლის ჩამორჩენილობას ებღაუჭებიან და ვერ ამჩნევენ, რომ დიდი ხანია მსოფლიოში ყველაფერი გარდაიქმნა, არ ითვალისწინებენ ამ ცოტახნის წინანდელი სიველურეს. ჩვენს ქვეყანას ყველაფერი აქვს ამ სიველურისგან თავის დასაღწევად, უფრო მეტად შეუძლია ხელით შრომისა და პრიმიტული ტექნიკის შეცვლა, ვიდრე სავოიასა და დოფინოში, რომლებიც გამდიდრდნენ რაღაც მეოთხედ საუკუნეში.
იმათთვის, ვინც იცნობს მეცნიერებისა და წარმოების უკანასკნელ მიღწევებს, მე ახალი, რასაკვირველია, არაფერი მითქვამს. მაგრამ განა ბევრი გვყავს ასეთი ადამიანი? არა მარტო განათლებულ არამედ მოწინავე ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი იმ ილუზიებისა და ვარაუდებისათვის 60 წლის წინ რომ პროგრესულად ითვლებოდა. ისინი ახლაც წამდაუწუმ იმეორებენ ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლემიკის პათოსს, – თითქოს ასაკრების აღება შუასაუკუნეობრივი ხარკია. ესეც ორმოციანი წლებიდან გადმოსული გადმონაშთია, როცა სიტყვა ბატონობდა აზრზე და უარყოფდა ცხოვრების რეალური ფაქტების სერიოზული შესწავლის საჭიროებას. ახლანდელი ზუსტი მეცნიერება კი სრულიად სხვა რამეს გვასწავლის, მან მათემატიკურად დაასაბუთა, რომ შუასაუკუნეების ბოროტება ასაკრების შემოღებაში კი არ მდგომარეობდა, არამედ უხეში ხელით შრომის გაბატონებაში, მაგრამ იგი თანდათან შეცვალა ქალაქისა და მისი თვითმმართველობის მიერ შემოღებულმა გადასახადების წესმა. ქალაქების მიერ დამკვიდრებული ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებისათვის შემოღებული გადასახადები ერთადერთი საშუალებაა ხალხის ეკონომიკური ყოფის გასაუმჯობესებლად, რომ აფრიკის სიღრმეში არსებულ ველურ ტყეებში, სადაც უხსოვარი დროიდან ბატონობს ცემა-ტყეპა და კაციჭამიობა, არავითარი გადასახადი დაწესებული არ არის, ხოლო ინგლისსა და საფრანგეთში ღარიბი გლეხიც კი ყოველწლიურად ასობით მანეთს იხდის, ანუ ათჯერ მეტს, ვიდრე მისი წინაპრები იხდიდნენ შუასაუკუნეებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავის ბედს მაინც არ გასცვლის წინაპართა ხვედრზე. ამიტომ ვისაც თავისი ქვეყნის სიკეთე და პროგრესი სურს, მან გადასახადს ბრძოლა კი არ უნდა გამოუცხადოს, არამედ მის გაძლიერებასა და განმტკიცებაზე უნდა იფიქროს, რასაკვირველია, ეს გადასახადები, ხალხის წარმომადგენელთა კონტროლის წყალობით, უნდა მოხმარდეს საკუთარი ქვეყნის საჭიროებას, ტექნიკურ შეიარაღებას და ხალხის განათლებას.
გული მტკივა, რომ ამ აქსიომების მტკიცება მჭირდება არა ბავშვებისათვის, არამედ ბელადებისათვის. ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად, მისი საჭიროების გამომხატველად, მისი ენერგიის წარმმართველად თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს? თუ მას ელის დაღუპვა ისე, რომ ვერ ეღირსოს ნათელს და იმ მეთაურთა მსხვერპლი შეიქნეს, ვინც ვერც კი ხვდება თავის გონებრივ სიბნელეს ქვეყანას უფსკრულისაკენ რომ მიაქანებსი.
ნიკო ნიკოლაძე
1908 წელი
«ოცნება და ცხოვრება» ( გამოუქვეყნებელი ნარკვევი; მ. ტუღუშის სტამბა, ფოთი).

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button