წერილები

გარეშე კაცის თვალსაზრისი წარსულისადმი პატივისცემა აროდეს გვიზამს ზიანსა

თავადი აკაკი როსტომის ძე წერეთელის წერილი, რომელიც დაიბეჭდა “ნოვოე ობოზრენიეს” (1894 წ. 4 მაისს), მაიძულებს (ჩემი გულწრფელი სინანულის მიუხედავად) არსებითი შესწორება შევიტანო პატივცემული ავტორის განცხადებაში. თ-დ წერეთელს რომ სდომოდა თავისი ამჟამინდელი შეხედულების გამომზეურება ჩვენებური საადგილმამულო ბანკების როლისა თუ მიმართულების შესახებ, მაშინ მე (მიუხედავად ჩემი უსაზღვრო სინანულისა, მისი ამ მცდარ შეხედულებათა გამო) ნამდვილად არ ჩავერეოდი ამ პაექრობაში, მაგრამ თავადმა აკაკი როსტომის ძე წერეთელმა რატომღაც ინება, რომ თავისი ახლანდელი დამოკიდებულება ამ ბანკების პრაქტიკული საქმიანობისადმი, გადაიტანოს მაინცდამაინც 70-იანი წლების დასაწყისში, მაშასადამე, იმ ეპოქაში «როდესაც გაჩნდა აზრი შეექმნათ ჩვენში საადგილმამულო ბანკები», – აცხადებს თ-დი აკაკი წერეთელი. მაგრამ იმ გარდასულ ხანაში თ-დი აკაკი წერეთელი სავსებით სოლიდური გახლდათ ადგილობრივი ჟურნალისტიკის წამყვან წარმომადგენლებთან და ფრიად მჭიდროდაც უკავშირდება ჩვენებური ბეჭდვითი სიტყვის შეხედულებებს საბანკო საკითხზე. ამიტომ ამ ბეჭდვითი სიტყვის მოღვაწენი და მათ შორის მეც სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებულნი, რომ ჩვენი იმდროინდელი აზრი და ქადაგებანი მართებულად შუქდებოდეს და ისე მიეწოდებოდეს ახალ თაობებს.
თ-დი აკ. წერეთელი თავის განცხადებაში წერს: “ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც გაჩნდა აზრი, შეექმნათ ჩვენში საადგილმამულო ბანკები, მე იმთავითვე წინააღმდეგი ვიყავი ამ განზრახვისა და ამის შესახებ, სხვათა შორის, კიდევაც ვწერდი და ვაცხადებდი შემდეგს: «ჩვენი ხალხისათვის ამგვარი დაწესებულების ბოძება იგივეა, რომ მცირეწლოვან ბავშვს ხელში მისცე ბასრი სამართებელი. მართალია, ამჟამად აღფრთოვანებულები ვართ დარბაისლური ოცნებებით, რასაც მომავალი გვიქადის, მაგრამ ეს მომავალი დაგვიმტკიცდებს, რომ ჩვენ თვითონ დავუგეთ ჩვენს ხალხს მახე და «რულეტკა». ბოლოს ჩვენი მემამულე-მიწისმესაკუთრენი გაკოტრდებიან, ჩვენი ცხოვრების ზნეობრივი ფიზიონომია დაჰკარგავს-მეთქი თავის პატრიარქალურ იერს. თუ რამდენად გამართლდა ჩემი სიტყვები, ამის განსჯა სხვისთვის დამითმია”.
უთუოდ თ-დი აკაკი წერეთელი ამგვარ აზრებს ან სიტყვიერად, ანდა თავის კერძო წერილებში თუ უზიარებდა ხოლმე იმდროინდელ საზოგადოებას, მაგრამ არამც და არამც ბეჭდვითი პრესის საშუალებით, ამას მით უფრო დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ იმ დროს თ-დ აკაკი წერეთელს მართლაც რომ ეთქვა მსგავსი რამ ჩვენ პერიოდიკაში, ადგილობრივი ბეჭდვითი სიტყვა, თავის მხრივ, უეჭველად გაკიცხავდა მას ამგვარი აზრების გამო, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელი პრესის შეხედულებებს. ვიმეორებ, მე ნამდვილად არ გამიძნელდება იმის დამტკიცება, რომ საადგილმამულო ბანკების დადებითი როლისა და მნიშვნელობის შესახებ 70-იან წლების დასაწყისში აღარავის ეპარებოდა ეჭვი ადგილობრივ ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლებს შორის საადგილმამულო საზოგადოებრივი საკრედიტო ბანკების სასარგებლო, საჭირო და კეთილისმყოფელ მნიშვნელობაში, პირიქით, ეს დაწესებულებები, სავსებით სამართლიანად მიაჩნდა ჩვენებურ პერიოდიკას ერთ-ერთ ყველაზე არსებით ფაქტორად და ჩვენი ქვეყნის არა მარტო სამრეწველო, არამედ საზოგადოებრივი პროგრესის საწინდრადაც.
სწორედ იმის გამო, რომ ადგილობრივ ბეჭდვით სიტყვას იმთავითვე ცხადად ესმოდა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკების უდიდესი როლი მთელი ჩვენი საზოგადოებრიობის ყოველმხირვი განვითარების საქმეში, აიხსნება მის (ე.ი. ბეჭდვითი სიტყვის – ლ.ჩ.) მესვეურთა უმკაცრესი (ხშირად დაუნდობელიც კი!) დამოკიდებულება თვით უმცირესი შეცდომების მიმართ, რომლებიც გაიპარებოდა ხოლმე ამ უმნიშვნელოვანესი საქმის წამოყენებისა თუ განხორციელების დროს.
მე არც იმის დამტკიცება გამიძნელდება, რომ პირველივე სიტყვა, რომელიც ჩვენებურმა პრესამ მიუძღვნა საადგილმამულო ბანკებს (იხ. გაზეთ “დროება”, 1870 წ.) შეიცავდა ამ მომავალი საკრედიტო დაწესებულების ქებას და არა ძაგებას. მეტაფორაც სამართებლის შესახებ, რომელიც თ-დ აკაკი წერეთელს მოჰყავს თავის ზემოხსენებულ წერილში, უთუოდ «დროების» ამ პირველი სტატიიდან არის ამოღებული, მაგრამ დღეს იგი ავტორს სრულიად გადაუსხვაფერებია და ისე გამოუყენებია თავის რუსულ თარგმანში. ქართული ვარიანტის ავტორი წერდა, რომ ბანკი ჰგავსო დანას, რომლის გარეშე შეუძლებელია მოქმედება, რადგან მას ნაირნაირი სიკეთე მოაქვსო, მაგრამ თუ მას არამართებულად ვიხმართ, შესაძლებელია თითები წაგვათალოსო. დამეთანხმებით, რომ ამ მეტაფორის მორალი სულაც არ არის ის, რაც გამომდინარეობს სამართებელთან შედარებისას, რადგან ეს ბოლო შედარება, ღმერთმა უწყის, რა ვადით და რა მიზეზით უკანონებს მთელ ქართველ საზოგადოებას ბავშვურ მიამიტობას.
ადგილობრივი ბეჭდვითი სიტყვის დამოკიდებულება ჩვენებური საადგილმამულო ბანკების საქმიანობისადმი სრულიადაც არ გამოიხატებოდა ზოგადი ფრაზებით თუ ეჭვნარევი შენიშვნებით, რომელთა მეშვეობითაც თ-დი აკაკი წერეთელი ჩვენს დარწმუნებას ლამობს. პირიქით, იმდროინდელ ჩვენებურ პერიოდიკას ახასიათებდა უდავო და სავსებით კონკრეტული ფაქტებით მსჯელობა, რადგან იგი ეხებოდა როგორც წესდებათა ნაკლოვანებებს, ასევე ბანკების მმართველობის მიერ ჩადენილი შეცდომების გამომზეურებას, რათა მტკიცედ დაეცვა ბანკების დადებითი როლი: თ-დი აკაკი წერეთელი მაშინაც სავსებით მართალია, როდესაც ამბობს, რომ მემამულეთა გაუმიწაწყლოება იმთავითვე ვიწინასწარმეტყველეთ, როგორც კი ბანკებმა თავიანთი საქმიანობა გააჩაღესო. დიახ, მაგრამ ამასთანავე თ-დ აკაკი წერეთელს ისიც უნდა დაემატებინა თავის ამ განცხადებისათვის, რომ ვიმეორებ, ადგილობრივმა ბეჭდვითმა სიტყვამ, რომელმაც ყველაზე ადრე აღნიშნა ბანკების საქმიანობის ამგვარი შედეგის გარდუვალობა. ამის გამო სრულებითაც არ უარუყვია საადგილმამულო ბანკების დადებითი როლი. კიდევ მეტი, მას გადაკრული სიტყვითაც კი არ მიუნიშნებია იმ «მავნე» შედეგებზე, რომელთა გამო ახლა საყვედურობს თ-დი აკაკი წერეთელი. ეს პრესა იმ დროს აშკარად ამტკიცებდა, რომ ქართველი თავადაზნაურობის უმიწაწყლოდ დარჩენის პროცესი თავისთავადაც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს პროცესი არ იყო დამოკიდებული მარტოოდენ საადგილმამულო ბანკების საკრედიტო საქმიანობაზე. კიდევ მეტი: ადგილობრივი პერიოდიკა არა მხოლოდ წინასწარმეტყველებდა თავადაზნაურთა მიწების დაკარგვას, არამედ ცდილობდა რაიმე გამოსავალი მოეძებნა შექმნილი მდგომარეობიდან და დაწვრილებით მსჯელობდა იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა შეეტანათ საადგილმამულო საზოგადოებრივი კრედიტის დაწესებულებათა წესდებებში, რომლებიც გაუადვილებდა ჩვენს უმიწაწყლო გლეხობას, შეიძინონ თავიანთ საკუთრებაში თავადაზნაურთა ბანკში დაგირავებული და ახლა უკვე გასაყიდად გათვალისწინებული მამულები. ამ ღონისძიებათა სასარგებლო რეკომენდაციებს ადგილობრივი ბეჭდვითი სიტყვა საადგილმამულო ბანკების ვიწრო ინტერესების გამო კი არ სთავაზობდა ქართველ საზოგადოებრიობას, არამედ ვალებში ჩავარდნილ მემამულეთათვის დახმარების გასაწევადაც (მყიდველის შოვნა) და კიდევ სხვა უფრო მაღალი მიზნებისათვისაც: სახელდობრ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ძალთა და სიმდიდრეთა განაწილება-რეგულირებისათვის. ადგილობრივი ბეჭდვითი სიტყვა თავადაზნაურთა უმიწაწყლოდ დარჩენის პერსპექტივას იმისათვის როდი იყენებდა, რომ მათთვის ბანკების საქმიანობა მტრის ხატად წარმოეჩინა, ანდა საარჩევნო ილეთად გამოეყენებინა: ცნობილია, რომ 1873 წელს არც ამგვარი ბანკები არსებობდა სადმე და არც მათი წესდებები იყო დამტკიცებული, ასე რომ არც ვინმე იყო ასარჩევი. ჩვენი პერიოდიკა იმხანად მარტო იმას ისახავდა მიზნად, რომ მომავალი წესდებები შევსებულიყო დადგენილებათა ორი განსხვავებული ციკლით: ერთი მხრივ, ეს დადგენილებები მოწოდებული იყო რამენაირად შეემსუბუქებინა იმ მემამულეების საგადასახადო ვალდებულებათა ტვირთი, რომელთა მამულები ბანკში იყო დაგირავებული, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეეწყოთ ცალკეულ გლეხთათვის, ანდა სულაც გლეხთაგაერთიანებულ საზოგადოებათათვის მონაწილეობა მიეღოთ ბანკის მიერ გასასყიდი მიწების ყიდვა-გაყიდვაში. ათი წლის შემდეგ ზუსტად იგივე ძირითადი დებულებები, რომლებიც წამოყენებული იყო ჩვენებური ბეჭდვითი სიტყვის მიერ, გამოიყენეს რუსეთში და იმგვარად გაიუმჯობესეს საადგილმამულო კრედიტის მდგომარეობა შიდა გუბერნიებში, რომ ჯერ დააარსეს გლეხთა საადგილმამულო ბანკი, ხოლო შემდეგ სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკიც კი…
შეუძლებელია დავეთანხმოთ თ-დ აკაკი წერეთელს, რომელიც ახლა ცდილობს ადგილობრივი პერიოდიკის მთელი იმდროინდელი შემოქმედებითი აღტყინება, რომელშიც თვითონ მონაწილეობდა თავისი მგზნებარე აქტიურობით და უბადლო, ბრწყინვალე ნიჭიერებით, რამენაირად დაიყვანოს ბანკების დადებითი როლის მტკნარ უარყოფამდე. ეს ხომ, სხვა რომ არა ვთქვათ რა, უსამართლობაა?
მე მიძნელდება იმ საბაბის წარმოდგენაც კი, რომელმაც ჩაუნერგა თ-დ აკაკი წერეთელს ამგვარი მცდარი აზრი, ჩვენი ბეჭდვითი სიტყვის გარდასულ დროთა შეხედულებების ასეთი დამახინჯება რომ აზრად მოსვლოდა რომელიმე ყოყლოჩინა მოკალმეს, მაშინ ყოველივე გასაგები, ცხადი იქნებოდა, მაგრამ იმის ახსნა, თუ როგორ ასახიჩრებს საკუთარი ხელით 1870-1876 წწ. ქართული საგაზეთო პროპაგანდის ერთ-ერთი კორიფე და უმთავრესი ხელმძღვანელი თავის შეხედულებათა საფუძვლებს, თავის ამაგსა და ღვაწლს – ეს ყოველივე ჩემთვისაც ვერ ამიხსნია, არამცთუ მკითხველისათვის.
ხოლო ის, რომ თ-დი აკაკი წერეთელი ამჟამად გაუკუღმართებულად გადმოგვცემს თავის ძირითად შეხედულებებს ბანკების დანიშნულებაზე, – მაშასადამე 1870-1876 წლების შეხედულებებს, რომლებიც ჩვენ სავსებით იდენტური გვქონდა, – ეს დასტურდება არა ერთი ფაქტით და ამ ფაქტების ამოძირკვა თ-დ აკაკი წერეთელს არ ძალუძს არც თავისი და არც საზოგადოებრივი მეხსიერებიდან. ამ შემთხვევაში კი მთავარია ის ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც აღმოცენდა თ-დ აკაკი წერეთლის ამჟამინდელ განცხადებასა და მის მიერ წარსულში შესრულებულ როლს შორის. ყველა-ყველა და ის როგორღა მოხდა, რომ კაცი, ვინც საადგილმამულო ბანკებს არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ მავნე დაწესებულებადაც კი მიიჩნევდა, ეგოდენ აქტიურად და მისთვის ჩვეული ბრწყინვალებით მონაწილეობდა ყველა იმ პოლემიკასა თუ აგიტაციაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ დროს? დაბოლოს, როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან ის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომ ჩვენებური ბანკების მავნე როლის მაღიარებელი თ-დი აკაკი წერეთელი სარგებლობს 1500 მან. წლიური პენსიით, რომელიც მას დაუნიშნა ქუთაისის ბანკმა თავისი მოგებიდან. მაშასადამე, ამ ბანკს მოგებაც კი ჰქონია? მერედა განა აკაკი წერეთელი ის კაცია, რომ ფული მიიღოს იმ დაწესებულების მოგებიდან, რომელიც სამშობლოსათვის დამაქცეველია? რა თქმა უნდა, არა!
მაშასადამე, თ-დი აკაკი წერეთელი, ეტყობა, მხოლოდ ამ ბოლო ხანს მისულა ასეთ დასკვნამდე ჩვენებური ბანკების შესახებ.
მაგრამ, რაკი თ-დი აკაკი წერეთელი ამათუიმ მიზეზით მაინც მივიდა ამ დასკვნამდე, ხოლო ამაზე აშკარად მეტყველებს მისი მანიფესტი, რომლის გაჩენას მის მრავალრიცხოვან მიმდევართა გაუთვალისწინებელი წერილობითი შეკითხვები მეტყველებს, მაშინ აქ ან თ-დ აკაკი წერეთლის მანიფესტი სცოდავს, ან ამ მანიფესტის ავტორი. იგი აშკარად ამჟღავნებს არათანამიმდევრობას: თუ ბანკი ბოროტების წყაროა, ანდა თუნდაც მარტოოდენ უსარგებლო დაწესებულება, მაშინ ყოველი კეთილსინდისიერი მოძღვარი ვალდებულია პირდაპირ და აშკარად განაცხადოს, რომ მას სცხვენიან მონაწილეობის მიღება ბანკის (ამ ურგებელი და მავნე დაწესებულების) არჩევნებში, მის საქმეებსა თუ შრომებში, რომ ამგვარი საქციელი არ ეკადრება ჭეშმარიტ მამულიშვილებს, რომლებიც თავიანთ ძალღონეს მხოლოდ სამშობლოსათვის სასარგებლო საქმეებისათვის უნდა ხარჯავდნენ და არა ფუჭი და უსარგებლო მიზნებისათვის.
თუ ბანკები სხვა არა არის რა, თუ არა სამართებელი, ხოლო ქართველი საზოგადოება – მიამიტი ბავშვი, – მაშინ ამ წანამძღვრებიდან ლოგიკურად მხოლოდ და მხოლოდ ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ან სამართებელი უნდა ჩავკეტოთ ცხრაკლიტულში, ან არადა სამართებელსა და ბავშვს შორის უნდა ჩავაყენოთ არა ესა თუ ის, ნებისმიერი ბუღალტერი, არამედ გონიერი და დიდი ცოდნით აღჭურვილი მოაზროვნე, თუ გნებავთ მოღვაწეთა მთელი ჯარი, რომელიც კეთილ გავლენას მოახდენს ბავშვის საქციელსა და განვითარებაზე, ხოლო თუ ამპარტავანი ბავშვი გაგვითამამდა და გაგვიჯიუტდა, ამ მცოდნე კაცთა ხსენებულმა ლეგიონმა უნდა შთააგონოს მას სათანადო მოკრძალება სამართებლისადმი და მისი დანიშნულებისადმი. თუ ავტორი მაინც ამტკიცებს, რომ ბანკი – სამართებელია, ხოლო საზოგადოება მცირეწლოვანი ბავშვიო და ამას კიდევ იმას დასძენს, რომ ასეთი საშიში დაწესებულება შეიძლება ჩავაბაროთ ყოვლად უნიჭო, უნიათ და უმეცარ პირებსო, რომელთაც იმის უნარიც კი არ გააჩნიათ, რომ სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი მოთხოვნები ბანკის მმართველების მიმართ, ეს ღმერთმანი, ხალხის დამოძღვრება კი არა, პირიქით მათ რიგებში არეულობისა და პანიკის შეტანაა: თქვენამდი იმედით მოსულ ადამიანებს თქვენ სწორ გზას და ჭეშმარიტ გამოსავალს კი არ უსახავთ, არამედ მათ შორის სთესავთ შიშსა და უიმედობას!
თავისი წერილის დასასრულს თ-დი აკაკი წერეთელი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს ვინმეს განკარგულებას დაემორჩილოს, ანდა მიჩქმალოს თავისი შეხედულებანი რაიმე იდუმალი მიკერძოების გამო. ერთი სიტყვით, არ აპირებს არც თავის საკუთარ შეხედულებათა უარყოფას, და არც ბანკის გამო მებრძოლ ამათუიმ მხარისადმი თავის სიმპათიებისა თუ ანტიპათიების გამოხატვას. ღმერთო ჩემო, ამას რას მოვესწარი! რაოდენ დაშორდა ერთმანეთს ამ ყბადაღებულ საქმეზედ ორი ადამიანის შეხედულება, რომელთა შორის ოდესღაც სრული თანხმობა და ერთსულოვნება სუფევდა ადგილობრივი პრესის ფურცლებზე! სახალხო საქმე, რომლის ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვაზე დამოკიდებულია მთელი ქვეყნის სიკეთე თუ დაღუპვა, საქმე, რომლისთვისაც მე და თ-დი აკაკი წერეთელი ოდესღაც ვივიწყებდით საკუთარ სიმპათიებსაც, ნათესაობასაც, ახლა მას სიმპათიებისა თუ ანტიპათიების საკითხად მიაჩნია! თითქოს საუბარი ეხება იმას, თუ რა ფერის თავსაბურავი შევურჩიოთ ჩვენ ჩვენს სატრფოებს.
ვახ, დრონი, დრონი! ხომ იყო ისეთი დრო, როდესაც თ-დი აკაკი წერეთელი მხარში ედგა ადგილობრივი ჟურნალისტიკის მოღვაწეებს და ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით იმას ამტკიცებდა, რომ ჩვენში საქმე ეხებოდა არა პირდაპირ სიმპათიების თუ ანტიპათიების საკითხს, არამედ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელთა ოდნავი დარღვევაც კი უმძიმესი შედეგების მომტანია მთელი ჩვენი ქვეყნისათვის.
პირადი სიმპათიებითა თუ ანტიპათიებით კი არა და მარტოოდენ საყოველთაო კეთილდღეობისაკენ სწრაფვა, მისი ინტერესების დაცვა ფრიად კონკრეტული საზოგადოებრივი მოთხოვნების განხორციელება შეადგენდა ჩვენი იმდროინდელი ადგილობრივი პერიოდიკის ძირითად და ერთადერთ მიზანს. სწორედ ამ იდეალის განხორციელებისათვის არ ზოგავდა იგი არც უახლოეს მეგობრებს (მათ შორის თანამოაზრეებსაც კი), რომლებიც ამ პერიოდიკის ხელმძღვანელების დაჟინებითი მოთხოვნით იყვნენ მოწვეულნი მომავალი ბანკის მესაჭეებად, მაგრამ არ ზოგავდა მათ უმცირესი გადახრისთვისაც კი ქვეყნის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი პროგრესის ფუძემდებლური დებულებებისაგან, ამ პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების გამო. მაშ, ახლა რაღა იქნა თ-დ აკაკი წერეთლის იმდროინდელი რიტორიზმი, მისთვის ჩვეული სარკაზმი, თუ ძალუმად მოქნეული მათრახი მათ მიმართ, ვინც იკადრებდა საზოგადოებრივი ნდობის ღალატს, საარჩევნო ეთიკისა და პრინციპების გაყალბებას, საარჩევნო ზნეობის გარყვნას, ახლა კი საკითხავია, რა იქნა თ-დ აკაკი წერეთლის პირდაპირობა, მისი ყველა მოქმედების გამჭვირვალება და მიზანში აუცდენელი სროლა? ახლა მას ლამის პირისახე დაუფაროს თავიდან განზრახ ჩამოფხატულმა მუზარადმა (არავინ მიცნოსო), ხოლო მისი აზრები და შეხედულებანი მხოლოდ ერთი მცნების – სიმპათიებისა და ანტიპათიების გარშემო ტრიალებენ. ამ პარადოქსის გაგება შეუძლებელი და მიუღებელია ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრისათვის, განა ამას მოელოდა გაოგნებული თანამოქალაქე თავისი მოძღვრისაგან?
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მე რა ვალდებული ვარ გავარჩიო თ-დ აკაკი წერეთლის მსჯელობათა არათანმიმდევრობა, ანდა თუნდაც მათი მცდარობა? ეს ხომ მისი საქმეა, რადგან საუბარია არა ჩემს, არამედ მის ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე, როგორც თანამედროვეთა, ისე შთამომავალთა წინაშე? მე მხოლოდ უნდა გამესწორებინა ის უზუსტობანი მის განცხადებაში, რომელთა გამოისობით ადგილობრივი პერიოდიკის როლი ჩვენი ბანკების დაარსებისა და მათი მიმართულების განსაზღვრაში შეიძლებოდა უაღრესად მცდარი სახით წარდგენილიყო მომავალ თაობათა წინაშე, რომლებიც ვეღარ ჩასწვდებოდნენ ჩვენეული საგაზეთო ბატალიების ნამდვილ არსსა და მიზეზებს.
ჩემი მოვალეობა იყო მეჩვენებინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თ-დ აკაკი წერეთელს 1870-1876 წწ. მართლაც, რომ ჰქონოდა განსხვავებული აზრი საადგილმამულო ბანკების როლისა და მნიშვნელობის შესახებ, ეს ამას როდი ნიშნავს, თითქოს იგი იმდროინდელი პრესის აზრსა და შეხედულებებს გამოხატავდა. უთუოდ ამით უნდა აიხსნას ის, რომ ადგილობრივი ინტელიგენციის უდიდესი უმრავლესობა სწორედ იმდროინდელი პერიოდიკის თვალსაზრისის ერთგული დარჩა. ამ შეხედულებათა გაზიარების უეჭველი მაჩვენებლია ის მოვლენა, რომ მოსახლეობის მოაზროვნე უმრავლესობას, საადგილმამულო უმრავლესობას, საადგილმამულო ბანკები მიაჩნია ადგილობრივი განვითარების უმნიშვნელოვანეს ბერკეტად. ამიტომაა, რომ ჩვენებური ინტელიგენცია მგზნებარე აქტიურობით მონაწილეობს ამ ბანკების საქმეებში, მათი ბედ-იღბლის გარჩევასა თუ არჩევნებში. ჩვენი ინტელიგენციის უმრავლესობას საადგილმამულო ბანკების საქმიანობაში რაიმე მონაწილეობის მიღება, ამ ბანკის ხელმძღვანელობის არჩევნებში ჩარევა (ადგილობრივი ბეჭდვითი სიტყვის შეხედულებათა პლატფორმიდან) მიაჩნია საერთო სარგებლობისათვის თავდადებად, იმ სასწაულმოქმედების აღსრულებაში მონაწილეობის მიღებად, რომელსაც ისინი თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდნენ, იცავდნენ ყოველგვარი ჯადოსაგან, ავი თვალისაგან, ანგარებისაგან, თუ არა და თავს ვერ დავაღწევთ “ნათლიმამობას”-ო.
მე დამრჩენია მხოლოდ სინანული იმის გამო (ხოლო თ-დ აკაკი წერეთელს ყველაზე ნაკლებად გაუჩნდება ეჭვი ჩემს გულწრფელობაში), რომ იგი კარგა ხანია აღარა ჩანს უმრავლესობის შემადგენლობაში. სრულებითაც არ არის მისაბაძი მაგალითი ინტელიგენციისათვის, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს თავისი შეხედულებანი საადგილმამულო საკრედიტო ბანკზე.
მოწინააღმდეგეთა ბანაკში გახიზვნა, რომლის შესახებ აქ ვსაუბრობთ, სრულებითაც არ არის ისეთი უწყინარი რამ, როგორც ეს ჰგონია თ-დ აკაკი წერეთელს. ფაქტების ლოგიკა ულმობელია. თავის ამ ახალ გზაზე თ-მა აკაკი წერეთელმა ხომ უნდა ფატალურად ყველა საფეხური გაიაროს, – თუ იგი ახლა აუკუღმართებს წარსულს, რისთვისაც სოფიზმებს მიმართავს და ერთმანეთს უპირისპირებს “ჩოხიანებსა” და “ფრაკიანებს”, – მაშასადამე, სოფლელ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას, საკმარისია შემდეგი ნაბიჯი გადადგას და ჩვენი ბრწყინვალე თ-დი აკაკი წერეთელი “ოხოტნი რიადის” ჰანგებსაც მისცემს ბანს. ასეთია გარდაუვალი დასასრული იმ ყოველგვარი უიდეო ბრძოლისა, რომელიც ნაკარნახევია არა საზოგადოებრივი მოთხოვნების, მიზნებისა თუ პრინციპების, არა რაიმე ახალი საზოგადოებრივ მიმდინარეობათა ან მისწრაფებათა აღმოცენების გამო, არამედ საკუთარ, წვრილმან, პირადულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ახლა კი, რაკი მძაგს ყოველგვარი ინსინუაციები, უნდა მოგახსენოთ ჩემი განსაზღვრული დასკვნა: თ-დი აკაკი წერეთლის ყველა ზემოთ ხსენებული განცხადებისა თუ მის მიერ წარმოჩენილი როლის ერთად-ერთი მიზანი რომ სხვა რამ ყოფილიყო და არა მისი პირადი, მოუხელთებელი “სიმპათიებისა” და განსაკუთრებით “ანტიპათიების” ნათელყოფა, მაშინ იგი ამ ბრძოლას, რომელშიც ოდესღაც თვითონ ეგოდენ აქტიურად მონაწილეობდა, დიდი ხნის წინ მიანიჭებდა პრინციპულობის რაიმე ნიშანკვალს მაინც და დროულად მოახერხებდა მის მომარჯვებას იმ კონკრეტული საკითხის გამო, რომელიც ახლა გაჩაღებულია ჩვენში საადგილმამულო კრედიტის საკითხებზე.
კი ბატონო, იბრძოლეთ, ვინ გიშლით აშკარა, შეუნიღბავ, პრინციპულ ბრძოლას, ნუ დაზოგავთ თქვენს იმ მოწინააღმდეგეებს, ვისადმიც ანტიპათიითა ხართ განწყობილი, მაგრამ თუ ბრძოლაა, იბრძოლეთ აშკარად, გულღიად და უმუზარადოდ. თავს დაესხით თქვენი მოწინააღმდეგის იდეებსა და ქმედებებს და გასაგებად დაუპირისპირეთ მათ თქვენი სანუკვარი შეხედულებანი, მოთხოვნები, თუნდაც მხილებანი, არადა, განა ჩვენს ეპოქას, ჩვენს მდგომარეობას შეშვენის მოლჩალინის აზრებით ხელმძღვანელობა? ყველაზე საჭირბოროტო, ცხოვრებისეული საკითხები განზე დავტოვოთ და ერთმანეთს ვეკვეთოთ რაღაც მოუხელთებელი წკიპურტებისა თუ ინსინუაციების საშუალებით, რომელთა ჭეშმარიტებას ვერც ერთი მიუკერძოებელი კაცი ვერც გაიგებს და ვერც შეამოწმებს.
მახვილი ჰკარ მაგასა, მახვილი, შიგ გულში ჰკარ მახვილი, ნაცვლად ბუკისა და ნაღარისა, რომლითაც აპირებ გააპო სიცარიელე!
1894 წელი 4 მაისი
გაზეთი “ნოვოე ობოზრენიე”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button