5 მიზეზი, თუ რატომაა ნელამავალი ყველაზე გამძლე ცხოველი
დედამიწაზე მობინადრე ყველაზე შეუპოვარ არსებას შეუძლია იცხოვროს ადუღებულ წყალში, ყინულში და კოსმოსის ინტენსიურ რადიაციაში. მას შეუძლია, ათი წელი გაძლოს უდაბნოში წყლის ერთი წვეთის გარეშე ან მოკალათდეს ზღვის ყველაზე ღრმა ორმოებში.
გაიცანით ნელამავალი.
დოკუმენტურ სერიალში „კოსმოსი: ოდისეა დროსა და სივრცეში” ნილ დეგრას ტაისონმა მაყურებლებს გააცნო ნელამავალი, იგივე წყლის დათვი. წყლის ეს პატარა უხერხემლო ცხოველები თითქმის უჩინარები არიან, შეუძლიათ აიტანონ ისეთი პირობები და ტემპერატურა, რომელიც თითქმის ნებისმიერ ცოცხალ არსებას მოკლავდა. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 200 წელია და ბინადრობენ ყველგან, უმაღლესი მთებიდან ოკეანეების ფსკერამდე. თავს მშვენივრად გრძნობენ როგორც თითქმის აბსოლუტური ნულის (−273.15°) დონის ყინვაში, ისე +200° სიმხურვალეში.
რა ანიჭებს პატარა ნელამავლებს წარმოუდგენელ ძალას?
1. ნელამავალი იცვლის ფორმას, რათა წყლის გარეშე იარსებოს.
ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენისას ნელამავალი შეიძლება მთლიანად გამოშრეს და სხეულში არსებული წყალი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლოს შაქრით, რომელსაც ტრეგალოზა ეწოდება. შედეგად ისინი ახერხებენ, გადარჩნენ ისეთ გარემოში, სადაც სხვანაირად დაიხოცებოდნენ.
2. ნელამავლის მინიატურული სხეული მტაცებლებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
გარდა ელასტიკურობისა, ნელამავალი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქმნილებაა. ის ძლივს უტოლდება ყაყაჩოს მარცვალს, სიგრძეში 1.5 მილიმეტრზე ნაკლებია და ამიტომ შეუძლია, ნალექსა და ზღვაში უჩინარი იყოს, პოტენციური მტაცებლებისთვის შეუმჩნეველი.
3. ნელამავლის პირი შეიცავს ბასრ გამონაზარდებს.
შეიძლება პატარაა, მაგრამ მძვინვარე! ნელამავლის პირი სერიოზული იარაღია, მისი ხანჯლის მსგავსი კბილები წყალმცენარეების და ზოგჯერ პატარა ცხოველების დასაგლეჯადაც კი გამოიყენება.
4. ნელამავლები გაემგზავრნენ კოსმოსში – და გადარჩნენ.
ნელამავლების ამტანობის ბოლომდე გამოსაცდელად შვედმა მკვლევარმა ინგმარ იონსონმა კრისტიანშტადტის უნივერსიტეტიდან ისინი კოსმოსში გაუშვა ორბიტაზე მოძრავ FOTON-M3 ხომალდზე 2007 წელს. ღია კოსმოსის პირობებში აღმოჩენისას ნელამავლების უმეტესობა გადაურჩა ვაკუუმისა და კოსმოსური სხივების გავლენას, ზოგმა კი ულტრაიისფერი რადიაციის სასიკვდილო დოზებს გაუძლო. ნელამავალი იტანს გამა სხივების 1000-7000 და მძიმე იონების 1000-8000 გრეის, როცა ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა 5-10 გრეია.
5. ისინი თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმზე დიდი ხანია, არსებობენ.
ნელამავლები დედამიწაზე და ზღვებში ადამიანებზე გაცილებით დიდი ხნით ადრე ხეტიალობდნენ და დიდი ალბათობით, ჩვენზე დიდხანს დარჩებიან აქ. მათი არსებობა 500 მილიონ წელს ითვლის და გამოიარეს სახეობების 5 მასიური გადაშენება. იქნება თუ არა ნელამავალი ბუნებაში ყველაზე დიდხანს მყოფი ცოცხალი ორგანიზმი? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.