თეიმურაზ პეტრიაშვილი – “სოლომონ პირველი“
1752 წლიდან 1784 წლამდე, იმერეთის სამეფოს სოლომონ I ედგა სათავეში, სოლომონი, იმერეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლის, ალექსანდრე V -ის ვაჟი იყო. დაიბადა 1735 წელს.
რუსი ისტორიკოსი ბუტკოვის ცნობით (რომელიც ერეკლე მეორეს გონიერ, პირადი სულიერი სიძლიერის და სიკეთის მქონე უშიშარ და მამაც პიროვნებად მიიჩნევდა), “იმერთა მეფე ერეკლეს არც სიჩაუქით, არც სიქველით და არც გონებით არ ჩამორჩებოდა”.
ანტონ მურავიოვი აღნიშნავდა, რომ “სოლომონი სანდომიანი სახისაა,
ულვაშებიანია, წვერს იპარსავს, ყველაზე გამბედავი და მამაცი მეომრის იერი
აქვს, უბრალო იმერელებთან ურთიერთობაში განსხვავებას არ ავლენს და ვინც
მას პირადად არ იცნობს ქვეშევრდომთაგან ვერ განასხვავებს”.
სოლომონ I ძლიერი, ჭკვიანი პიროვნება, უშიშარი მებრძოლი და სარდალი იყო. თავგამოდებულ ქრისტიანს, ერის მოყვარულს და ერთპიროვნული, ცენტრალური მმართველობის მომხრეს, უნდოდა გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა მთელი დასავლეთ საქართველო. ბოლო 100 წლის განმავლობაში თურქეთისათვის მისი მსგავსი წინააღმდეგობა არვის გაუწევია. საოცრად მტკიცე ხასიათი და გამჭოლი მზერა ჰქონია სოლომონს, ამბობდნენ შეხედვით ქვასაც ხეთქავდაო, ამიტომ ქვახეთქიასაც ეძახდნენ.
სოლომონ II თავის ბიძას და წინამორბედს ახასიათებდა როგორც “ქართველებისათვის მრავალგზის სისხლდათხეულს და იმერთა მეორე აღმაშენებელს”.
სოლომონ I იმერეთში 1752 წელს, 17 წლის ასაკში გამეფდა. სამეფო ამ დროს არეული და დაუძლურებული იყო.
საუკუნის დასაწყისიდან სოლომონის გამეფებამდე, იმერეთში მეფე სულ ცოტა 15-ჯერ შეიცვალა, ამათგან სამი მოკლული იქნა. სოლომონს გარე დამპყრობელთა გარდა, ხშირად მოუწია ბრძოლამ შინაურებთანაც, რომელთა შორის იყო ბაბუა, ლევან აბაშიძე და საკუთარი დედა, თამარიც. ბრძოლა უწევდა გურიელთან, რაჭის ერისთავთან. სოლომონს ცოლად კაცია დადიანის ქალიშვილი ჰყავდა და სამეგრელო ამ დროს მხარს მას ხშირად უჭერდა.
სოლომონმა შიდა ბრძოლების შემდეგ ტახტი დაჰკარგა კიდევაც, მაგრამ ისევ დაიბრუნა და მდგომარეობაც განიმტკიცა.
მალე სოლომონი დაუფარავად და უშიშრად შეებრძოლა თურქებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს თავის სამფლობელოდ თვლიდნენ, ხოლო იმერთა მეფეს კი “ხონთქრის ყმად” მიიჩნევდნენ. მისი სურვილი დასავლეთ საქართველოს სრული განთავისუფლება, გაძლიერება და გაერთიანება იყო. მან ერთგული თანამებრძოლები შემოიკრიბა და ე.წ. “ფიცის კაცთა” გაერთიანება შექმნა.
ათასობით ქართველი იყიდებოდა სპარსეთის თუ ოსმალეთის ბაზრებზე. შარდენის ცნობით, მარტო სამეგრელოდან ყოველწლიურად 12 ათასი კაცი გაჰყავდათ გასაყიდად. არც გურიასა და იმერეთში იყო ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა.
სოლომონმა შეუპოვარი ბრძოლა დაიწყო ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ.
ეს კი თურქი მმართველების და ზოგიერთი ქართველი ფეოდალის სურვილებს არ შეესაბამებოდა, სამაგიეროდ გლეხობა მეფეს ემხრობოდა.
ამ დროს შავი ზღვის მიმდებარე თითქმის ყველა ციხეში თურქების ჯარი იდგა. გონიო, ბათუმი, ანაკლია, ფოთი თუ სოხუმი, თურქებს ეპყრათ. იმერეთშიც _ ცუცხვათის, ბაღდათის, შორაპანის და ქუთაისის ციხეებიც მტრის ხელში იყო. ოკრიბაში, ხრესილის მინდროზე თურქების საკმაოდ დიდი ძალა იყო თავმოყრილი.
მტრის გვერდით სამწუხაროდ ბევრი ქართველი იდგა, თურქული გარნიზონების ძირითადი ნაწილების მრავალი მებრძოლი და მეთაურიც გამაჰმადიანებული ქართველი იყო.
სოლომონმა გადაწყვიტა პირველი შეტევა ხრესილის მინდროზე გამაგრებულ მტერზე მიეტანა. ამ მიზნისთვის ჯარი შეკრიბა და 1757 წლის 14 დეკემბერს, წინასწარ ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ, ხრესილის მინდორს მიადგა. მის გვერდით იყვნენ გურიის, სამეგრელოს და სამურზაყანოს მებრძოლი რაზმებიც. რომლებიც ფაქტიურად დამოუკიდებელ სამთავროებად ითვლებოდნენ.
სოლომონის პირისპირ თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი იდგა ახალციხის ფაშას მეთაურობით. მტრის რაზმში იყო ლევან აბაშიძე, რაჭის ერისთავის ჯარის ერთი ნაწილი.
22 წლის სოლომონი, ერეკლესი არ იყოს, თავად სარდლობდა ჯარს და შუაგულ ომში უშიშარი ლომივით იბრძოდა. თურქთა სარდალიც თავად, პირისპირ, ხმალდახმალ შეტაკებისას მოკლა. ამ ბრძოლაში ლევან აბაშიძეც დაიღუპა. მტერი სასტიკად დამარცხდა.
მის გვერდით მდგომი ოდიშლები, გურულები და აფხაზები თავგამოდებით იბრძოდნენ. სამურზაყანოს აფხაზური რაზმის მეთაურმა ხუტუნია შერვაშიძემ თექვსმეტი თურქი აკაფა ხმლით და გმირული სიკვდილით თავადაც დაეცა ბრძოლის ველზე.
თურქეთის თავკაცობა ამ მარცხმა იმდენად გააღიზიანა, რომ დამარცხე¬ბული ახალციხის ფაშა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მის შემცვლელ ფაშას კი იმერეთის განადგურება დაავალეს. მანაც აღარ დააყოვნა და იმერეთში დამსჯელი ლაშქრობები დაიწყო.
1758 წელს, ოსმალთა წაქეზებით ხუნძახის ბატონი შემოუძღვა ლეკებს და იმერეთი ააოხრეს, გელათი აიკლეს, სოლომონმა ვერ შესძლო მრავალრიცხოვან ლეკების რაზმების მოგერიება, მაგრამ, მაინც არ შეეპუა მტერს, ცოტა ხანში ძალა მოიკრიბა, აქტიურად შეუტია და საკმაოდ დააშინა თურქები და ლეკები.
1759 წელს სოლომონმა ჩაატარა საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც მთელი დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებამ კატეგორიულად დაგმო და აკრძალა ტყვის სყიდვა. ტყვის გამყიდველს სიკვდილით დასჯა ელოდა.
დიდად სამწუხაროდ ზოგიერთი ვაი – ქართველიც თავისი საზომით უდგებოდა ამ საკითხს. აი, რას მოგვითხრობს იოანე ბატონიშვილი “კალმასობაში”:
მოკალმასე სასულიერო პირი, იოანე ხელაშვილი იმერეთში, ცნობილი გვარის თავადების ოჯახში მოხვდა. სტუმარმა ეზოში მდგარი პატარა კოშკიდან ტირილისა და მოთქმის ხმა გაიგონა, როდესაც იოანემ იკითხა, თუ ვინ ტიროდა, უპასუხეს:
მამაო, ტყვეები არიანო. მასპინძლებს ცხრა ტყვე ჰყოლიათ კოშკში ჩაკეტილი და გასაყიდად გამზადებული.
შეწუხდა და აღშფოთდა იოანე დიაკვანი დატყვევებულთა ბედით _ “მაგაზე მეტი უბედურება რა იქნება, რო სულით უნდა წარწყმდეს და ხორცით თავის მშობლის მამულითგან დაიკარგნენო” _ მიმართა მასპინძლებს.
მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ცინიკურად უპასუხეს _ იმათი მწუხარება ბოლოს მხიარულებით შეიცვლებაო, თუ არ გათათრდებიან, ცხონდებიან იმ ქვეყნად, ხოლო თუ სატანჯველს ვერ გაუძლეს და გათათრდნენ, მაშინ ფაშობას მზად მიიღებენ, მისირში (ეგვიპტეში) ხომ ბეგებად სულ ქართველები არიანო.
თანაც დაემუქრნენ შენც თან არ მიგაყოლოთ, ბარემ ათიც შესრულდება, “ამათ ერთი დიაკვანიც ჭირდებათ და მეტადრე შენისთანა მოქადაგე რომ არღა გათათრდენო”.
თურქები თავისას არ იშლიდნენ, “ტყვეს თუ არ გაყიდით არ იქნებაო” და იმერთა მეფეს და მის სამეფოს განადგურებით ემუქრებოდნენ.
1760 წელს თურქებმა ოფიციალურად მიმართეს სოლომონს თხოვნით, რომ აღედგინა ტყვეთა სყიდვა. სოლომონის უარი და 20 ათასიანი ლაშქრის შემოჭრა ერთი იყო. სოლომონმა მოახერხა მტრის დამარცხება და განდევნა.
1763 წელს 13 ათასი თურქის შემოტევაც მოიგერია სოლომონმა. ამ ბრძოლას მალე კიდევ მოჰყვა მტრის რამდენიმე დიდი ლაშქრობა.
აღმოსავლეთის მხრიდან მომხვდურ თურქებს ერეკლემ გზა გადაუჭრა და იმერეთში არ გადაუშვა.
ამბობდენ 100 ათასი კაცი შეაგროვეს თურქებმა, რათა “დიდი და პატარა საქართველო” _ ქართლ-კახეთი და იმერეთი ერთიანად გაენადგურებინათ.
1765 წელს თურქებმა გურია დაიპყრეს.
1766 წელს იმერეთს შეესიენ, სვერის ციხე აიღეს, სოლომონი ტახტიდან გადააყენეს, მის ნაცვლად მეფედ მისი ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს, რომელიც თურქებს შეპირდა, რომ “ტყვის სყიდვას” ხელს არ შეუშლიდა. სოლომონმა “მოდინახეს” ციხეს, წერეთლებთან შეაფარა თავი.
1767 წელს თეიმურაზი მიხვდა, რომ მის წინაამღდეგობას ამჯერად აზრი არ ჰქონდა და იმერეთი დატოვა. თუმცა 1768 წელს ისევ დაიბრუნა ტახტი. მალე ხარკის გადახდაც შეწყვიტა.
იმავე წელს სოლომონმა შეკრიბა ერთგული ჯარი. ჩხარის მახლობლად, ცხრაწყაროსთან დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგენი. თეიმურაზი დაატყვევა და მუხურის ციხეში ჩაკეტა.
1768-69 წლებში სოლომონმა ორჯერ გაილაშქრა რაჭაში, როსტომ ერისთავის შესაპყრობლად. მაგრამ “მინდა ციხეში” გამაგრებული ერისთავი ხელიდან დაუსხლტა და გაექცა.
1769 წელს რაჭის ერისთავი როსტომი, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ გავლენიანი, მდიდარი და განათლებული პიროვნება იყო, მაგრამ სოლომონის მტრობას არ იშლიდა, სოლომონმა შერიგების მიზნით ვარციხეში სანადიროდ მიიპატიჟა, სტუმრად მისული როსტომი დაიჭირა, თვალები დასთხარა და რაჭის საერისთავო გააუქმა.
1770 წელს ერეკლემ ასპინძის ომში გაიმარჯვა და ტოტლებენი, რომელმაც ერეკლეს უღალატა, იმედგაცრუებული, იმერეთისაკენ წავიდა.
სოლომონმაც შეუტია მტერს და ცუცხვათის და შორაპნის ციხეებიდან გაყარა თურქები. მალე ქუთაისშიც შევიდა, ბაღდადის ციხეც გაანთავისუფლა რუსების ჯარის ნაწილებთან ერთად. მრავალი დამპყრობელი თურქი, 500 კომლზე მეტი, გაყარეს ქუთაისიდან. გაწმინდეს მეჩეთებისგან იმერეთი, ბევრი გამაჰმადიანებული ისევ ქრისტიანად მოინათლა.
1771 წელს რუსების ჯარმა, სოლომონთან შეუთანხმებლად ფოთის ციხის აღება დააპირა, ბევრი დრო დაკარგეს, მაგრამ ციხე ვერ აიღეს და ალყა მოხსნეს.
ამ დროს ოსმალებმა დიდძალი მაშველი ძალა გამოგზავნეს რუსების წინააღმდეგ. რუსის ჯარი განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. მათი ოფიცრების თხოვნით, სოლომონმა გზა გადაუჭრა თურქებს და შეტევაზე გადასვლის საშუალება არ მისცა. რუსები, რომლებიც ტრაბახით ბევრ გამარჯვებას ურცხვად თვითონ მიიწერდნენ, სოლომონმა სრულ განადგურებას გადაარჩინა. თუმცა მადლიერი არვინ დარჩა.
1772 წელს რუსის ჯარმა, თავის ახალ მეთაურ სუხოტინთან ერთად საქართველო დატოვა.
სოლომონს ისევ მოუწია შიდა ომებში ბრძოლამ, გააქტიურდნენ ოსმალებიც.
1772 წელს ქობულეთს შეესიენ თურქები. მოურავი მამუკა თავდგირიძე შეებრძოლა მტერს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და და ადრე მიტაცებულ აჭარისა და გურიის მიწებს თურქებმა ქობულეთიც მიუერთეს. მაქსიმე თავდგირიძეს სარწმუნოება შეაცვლევინეს და ბეგად დანიშნეს.
1973 წელს ერეკლე მეორემ და სოლომონმა ჯარი გააერთიანეს, ოსების და ინგუშების მცირე რაზმიც იახლეს და ჯავახეთისაკენ დაიძრნენ რათა ორგული ფაშები დაესაჯათ. წარმატებული ბრძოლით არტაანამდე მივიდნენ, მაგრამ სოლომონი ავად გახდა და ქართველებმა წინსვლა შეაჩერეს.
ერეკლესა და სოლომონის ერთობლივი ლაშქრობების შემდეგ გაღიზიანებული თურქები და ლეკები 1774 წელს 4000-იანი ჯარით შეესივნენ იმერეთს, ამჯერად დადიანი და შარვაშიძეც მათ მხარეს იყვნენ.
თუმცა კი ერეკლეს თხოვნით მისი “მოყვარე” დადიანი სოლომონის წინააღმდეგ ომში არ ჩაება.
სოლომონი მდინარე ჩხერიმელას ხეობის ვიწროებში დახვდა მტერს, შეუტია და დამარცხებულებს ჩხერიდან ვახანამდე მისდია, თითქმის მთელი ჯარი გაუწყვიტა, როცა თავად სულ 50 მებრძოლი დაეღუპა.
ათასგვარ ხერხს ხმარობდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში. ვ.მაჭარაძეს ისტორიული მასალებიდან ამოღებული ასეთი მაგალითი მოჰყავს ქართველთა საბრძოლო ეშმაკობისა; იმერეთში, ერთ-ერთ ციხეში იმერლები ყოფილან გამაგრებული. ციხეს თურქები მიესიენ. თურქები რომ დაუნახავთ, ქართველები უეცრად, განგებ, გარეთ გამოვარდნილან ციხიდან და გაქცეულან, ნადავლს დახარბებული თურქები უცებ შეცვენილან ციხეში. ციხე, რომელიც დანაღმული ყოფილა, აფეთქებულა და ხუთიათასი თურქი იქვე განადურებულა.
1774 წელც რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი დაიდო და ოსმა¬ლეთ¬მაც ნაწილობრივ დაკარგა საქართველოზე გავლენა. თურქეთი თანდათან სუსტებოდა.
სოლომონს ქედი მოუხარეს და მის გვერდით დადგნენ ოდიშის და გურიის მთავრებიც. გაძლიერდა და გამრავლდა მოსახლეობა, თითქმის მთლიანად აღიკვეთა ტყვეთა სყიდვა. სოლომონი ახლა უკვე შიდა სახელმწიფო საქმეებს, ეკლესიის გაძლიერებას, ტაძრების მშენებლობას, ხალხის კეთილდღეობას აქცევდა დიდ ყურადღებას.
1778 წელს სოლომონს ისევ მოუწია ბრძოლით დაემორჩილებინა აჯანყებული მოწინააღმდეგე თავადები. მას მართალია უკანონო, მაგრამ შვილი, ალექსანდრე ბატონიშვილიც კი აუჯანყდა, სოლომონმა დაამარცხა და დასაჯა აჯანყებულები.
1779 წელს თურქთა ძლიერი და კარგად შეიარაღებული ჯარი მოიწევს დასავლეთ საქართველოსაკენ, მათ გვერდით არიან – ყირიმელი თათრები, ბალყარელები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები და სამწუხაროდ აფხაზთა ნაწილი. მტრის რაოდენობა თორმეტი ათასს აღემატებოდა. მათ პირველ რიგში სამეგრელოს დაპყრობა და განადგურება უნდოდათ.
პოეტი ბესარიონ გაბაშვილი _ ბესიკი, რომელიც იმ პერიოდში ერეკლესა და მის ოჯახს შორის ურთიერთობის გამწვავების გამო იმერეთში იყო გადასული, აღნიშნავდა, რომ ექვს ენაზე მოლაპარაკე ხალხი ყოფილა მტრის ჯარში.
მტრის ურიცხვი ჯარი მოულოდნელად შეესია სამეგრელოს. კაცია დადიანმა_ სოლომონს სთხოვა დახმარებოდა, რადგან მრავალრიცხოვან დამყრობლებს მარტო სამეგრელო ვერ გაუმკლავდებოდა. სოლომონმა იმერეთისა და გურიის ლაშქარი გააერთიანა და სამეგრელოსაკენ დაიძრა.
ქართული ჯარი ზუგდიდში შეიკრიბა და ენგურზე გადმოსულ მრავალ-რიცხოვან და დაუნდობელ მტერს მეგრელები, იმერლები და გურულები რუხის ციხესთან გადაუდგნენ წინ.
აქ კი გაიგეს გაერთიანებულ ქართველთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის გემო მტრებმა. სასტიკად დამარცხდა მტრის დიდი ჯარი. უამრავი ტყვე და სხვა მრავალი ნადავლი დარჩათ ქართველებს.
თურქები ახლა სამხრეთიდან იწყებენ შეტევას, კინტრიშის ციხე გაამაგრეს და შიგ თურქები და ქურთები ჩაასახლეს. აქედან ხშირად ესხმოდნენ თავს დასავლეთ საქართველოს.
სოლომონს დიდი გეგმები ჰქონდა, მას უნდოდა, რომ აჭარა და ქვემო გურია, რომლებიც თურქების მიერ იყო დაპყრობილი, გაენთავისუფლებინა და დედა სამშობლოსთვის შემოეერთებინა. სოლომონი რუსეთთან კავშირის დამყარებასაც ცდილობდა, რისი სასტიკი წინაამღდეგიც თურქეთი იყო. Dდასუსტებული სულთანი სოლომონს ელჩებს და საჩუქრებსაც უგზავნიდა, ამით უნდოდა თავისი პოლიტიკა მოეხვია თავს.
შარდენის ცნობით, აჭარა მე-17 საუკუნის 70-იან წლებში მთლიანად ქრისტიანული იყო და მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს თურქებმა მისი ძალით გამაჰმადიანება.
1784 წლის მარტში, სოლომონი 6 ათასიანი ლაშქრით გურიაში შევიდა, გურულების და ქობულეთლების ჯარი შეიერთა და ქობულეთის ციხე აიღო, ჩაქვს გაშორდა და ბათუმამდე მივიდა, თურქები ამ მხარიდან გარეკეს და დაპყრობილ ადგილებზე მარილი მოაყარეს, რომ მტერს აქ მეტად აღარ გაეხარა. მაგრამ არ დაგვავიწდეს, თურქეთს მთლიანობაში იმდენი ჯარი ჰყავდა, რომ რაოდენობით მთელ საქართველოს მოსახლეობას თუ არ აღემატებოდა, არც არაფერი აკლდა. თურქეთის იმპერია, თუნდაც დასუსტებული, ასეთ ლაშქრობას ქართველებს არ აპატიებდა.
თურქული გარნიზონები ქართველებს ჩაუსაფრდნენ და უკან მობრუნებულ სოლომონს ნაჭიშკრევთან გადაუდგნენ წინ, ალყაში მოაქციეს, სროლა აუტეხეს, სასტიკად დაამარცხეს მისი ჯარი, სოლომონმა დიდი ბრძოლით ძლივს გამოასწრო ცოცხალმა. თურქებმა ქვემო გურია და აჭარა ისევ დაიკავეს და აიკლეს.
სოლომონი დამარცხებული და დამცირებული დაბრუნდა ქუთაისში. მან ამ მარცხით მიღებული სულიერი დარტყმა, ფაქტიურად ვერც გადაიტანა.
ორი თვეც არ იყო გასული, რომ სოლომონი ხონისაკენ აპირებდა სალოცავად წასვლას გიორგობის დღესასწაულზე. მეფემ ცხენის უზანგში ფეხი შედგა, თავისებური სიჩაუქით აიწია და … უეცრად, ცხენზე შეჯდომის ნაცვლად მიწას დაენარცხა მისი დაღლილი სხეული.
32 წლიანი მეფობის შემდეგ, სოლომონი 49 წლისა გადაიცვალა – 1784 წელს, 23 აპრილს.
სიკვდილამდე მართლაც არ მოუსვენია ერის მოყვარულ და მტრის უშიშარ მეფეს. მან დიდი წვლილი შეიტანა, რომ მიწიდან პირისა არ აღგვილიყო მისი სამეფო, გააძლიერა ეკლესია, აკრძალა “ტყვის სყიდვა”, არ შეეპუა დამპყრობლებს და ბევრჯერ გადააფიქრებინა ქართველთა დამონება. მას თავი ხონთქრის ყმად კი არა _ “ლომებრ მყეფე და მტერთ სისხლ მჩქეფე მეფედ მიაჩნდა”.
ამიტომაც უწოდა ხალხმა სოლომონს ”დიდი”, იმერეთის განმანათლებელი, მხსნელი. მადლიერებმა, სახელოვანი წინაპრის _ დავით აღმაშენებლის სიახლოვეს, გელათის ღვთისმშობლის ტაძარში მიუჩინეს სამარადისო განსასვენებელი.
თურქეთში სოლომონის გარდაცვალებას ზეიმი მოჰყვა.
სოლომონ I-ს შვილი არ დარჩა. სიცოცხლეში მას უნდოდა, რომ მის შემდეგ, იმერეთის მეფე, თავისი ძმის _ არჩილის შვილი – დავითი ყოფილიყო. რომელიც ამავე დროს ერეკლე II-ის შვილიშვილი გახლდათ. ვინ იცის, ორივე მეფისგან იმერეთში დავითის გამეფების სურვილს, საქართველოს გაერთიანების ცდაც რომ არ ედო საფუძვლად.
არჩილს ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ს ქალიშვილი ელენე.
ეს ის არჩილ ბაგრატიონია, რომელიც ერთხელ თავის სიმამრს _ მეფე ერეკლეს ესტუმრა თბილისში. დაღლილი, ძილმოწყურებული და წინა დღით შეიძლება ნაქეიფარიც კი, გამთენიისას რაღაც ხმამ გააღვიძა. მოლას ლოცვის ხმა შეიცნო, “ამ დილა – ადრიან შუა თბილისში ამას რა უნდაო”, ალბათ, იფიქრა არჩილმა, თავი ვერ მოთოკა და თბილისის შუაგულში მდგარი მეჩეთიდან მოლა თოფის ერთი გასროლით ჩამოაგდო ძირს.
ერეკლე განარისხა ამ ამბავმა, რადგან ის თავის მოქალაქეებს მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა ერთნაირად ეპყრობოდა.
არჩილის გარდაცვალების შემდეგ ელენე, ქიზიყის მოურავის, ზაქარია ანდრონიკაშვილის ცოლი გახდა. მათ ადრეც უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ერეკლემ მაშინ ჩაშალა ეს ქორწინება და ელენე არჩილს გააყოლა ცოლად.
არჩილის და ელენეს პატარა ვაჟი, დავითი, თავის ბავშვობას თბილისში, ერეკლესთან, სამეფო კარზე ან ქიზიყში, ანდრონიკაშვილებთან ატარებდა.
დრო გავიდა და დავითი იმერეთის მეფობას შეუდგა, დიდი წინამორბედის პატივსაცემად სოლომონ მეორე დაირქვა.
თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.