ისტორიალიტერატურა

გიგი ხორნაული – “ორიოდე სიტყვა მიხა ხელაშვილზე”

ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი _ “ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი იყო ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის და უსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში.

უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირედ, ტყიანი გორის თავზე არის ერთი ულამაზესი სოფელი ახადი. აქ ყოფილა გოდერძაულთ თემის სამკვიდრო. შევაკებული სოფლის ბოლოდან დღესაც გადმოსცქერის არაგვს გოდერძის ციხის ნაშალი, მომხდურ მტრებთან უთანასწორო, გმირული ბრძოლების მოწმე. ის იყო ჩამკეტი პანკისის ხეობიდან გადმოსასვლელი გზისა, პირველი დარტყმის თავის თავზე მიმღები. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში შემონახულია ახადელთა ბრძოლის ერთი ეპიზოდი:

“ახადს, გოდერძის ციხეო, ქვამც ნუ გდებია ქვაზედა,
მოგიხდენ ქისტის შვილები, ალი აგხვიეს ტანზედა.”

აი, აქ, ამ გარემოში, დაიბადა მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს. დაწყებითი განათლება თამარ-მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია, რომელიც ახადის გამოღმა გორზეა დაბრძანებული, მისრიათ მხარეს. უფრო სწორად, წერა-კითხვა უსწავლებია თამარ-ღელის საყდარში მოღვაწე მღვდელს, მოსანთლიშვილს. მას განსაკუთრებული ნიჭი შეუმჩნევია პატარა მიხასათვის და მამამისისთვის, ზურაბისთვის ურჩევია, სასწავლებლად წაეყვანა. ჩანს, სასულიერო, სადიაკვნო სასწავლებელზე კარგი ვერაფერი წარმოედგინა _ თბილისის ორწლიანი სადიაკვნო სასწავლებელი მიუსწავლებია. ზურაბს ხა რები გაუყიდია სწავლის ფულისათვის, რასაც იმდროინდელ ფშავ-ხევ სურეთში იშვიათად თუ ვინმე გააკეთებდა, რადგან ბალღის “ქაღალდისად ჩახედვა” დედაჭუაობად მიაჩნდათ.

1915 წელს, სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მიხა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში გაუმწესებიათ დიაკვნად, სადაც დიდი სიყვარული დაუმსახურებია, როგორც წესიერ, ნიჭიერ და მამაც ახალგაზრდას. თითქმის ხუთი წელი იმსახურა ხევსურეთში. იმთავითვე კი სურვილი ჰქონია თავის მშობლიურ კუთხეში სამსახურისა. ჩანს, ადგილი არსად გამოჩნდა.

1919 თუ 1920 წელს ჩარგლის ეკლესიაში მღვდლად უკურთხებიათ მიხა ხელაშვილის დის ქმარი, სოფელ აფხუშოში (ჩარგლის ფუძე სოფელში) მცხოვრები თევდორე ჟამიაშვილი და ცოლის ძმაც თავისთანგად მოუყვანია. მიხა უცებ აღმოჩნდა სასიამოვნო გარემოში. აქ, ჩარგალში, მასწავლებლად იყო მოვლინებული შემდეგში ცნობილი ეთნოგრაფის _ სერგი მაკალათიას ძმა ნიკო მაკალათია, ასევე დიდი ეროვნული მოღვაწე (მოგ ვიანებით თავის ცოლის ძმასთან ლადო ბალიაურთან ერთად ყარაგანდაში იყო გადასახლებული ათი წლით); აქ იყვნენ ვაჟა-ფშაველას შვილი ლევანი, ვახტანგ რაზიკაშვილი, ვანო ხორნაული (მეზობელ სოფელ კაწალხევიდან), ლუკა მარცვალაშვილი, ლევან გარსევანაშვილი. ამ განათლებული საზოგადოების სული და გული გახდა თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავი მიხა ხელაშვილი. აქვე გამოუჩნდა ულამაზესი, გულით საყვარელი დედუნა ბაჩიაშვილი. გალაღებული მიხა ამ ხანებში წერდა: “რად შემიყვარდა მეტადა მე ჩარგლის არემარეო?”

დიდხანს არ გაგრძელებულა ეს სიამტკბილობა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ათეისტური მთავრობისაგან პირდაპირი მითითება იყო ეკლესიებისა და ხატ-სალოცავების ძარცვა-ნგრევისა. დამპყრობი რუსისაგან ზურგგამაგრებული `პარტიელები~ და კომკავშირლები ძალად კრეჭდნენ სასულიერო პირებს, აწერინებდნენ ღვთის საგმობ წერილებს, ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა ან თას-განძს გადამალავდა, თავისი ხელით ათხ რევინებდნენ სამარეს. ასეთ ძალადობასა და ბოროტებას, ცხადია, ვერ შეეგუებოდა ისეთი ვაჟკაცი, როგორიც მიხა ხელაშვილი იყო. მით უმეტეს, რომ მას დავალებულიც ჰქონია ფშავ-ხევ სურეთის განძის მეთვალყურეობა. ამის გამო “მაუზერსაც” ატარებდა თურმე.

ერთ დღეს ჩარგალში ასულა ფშავის, მაღაროსკარის კომისარი კოლა ჯაგნელიძე თავისი მილიციელებით. მათ ცხენები ფოცხვერ ბაჩი აშვილის ყორუღში შეუყვანიათ. ფოცხვერის ქალებს ჩხუბი დაუწყიათ. მიხა გამო სარჩლებია თავის სამოყვროებს. ჯაგნელიძეს “მაუზერი” წაურთმევია მიხასათვის და დაპატიმრებაც დაუპირებია, მაგრამ მიხას ტყეში შეუსწრია. იქიდან დაიწყო მისი დევნა. აწიოკებდნენ, იჭერდნენ მის მფარველებს, ხელის შემწყობებს, მაგრამ ხალხის სიყვარულისა და თავისი სი მარდის წყალობით ყოველთვის მოუხელთებელი რჩებოდა.

სწორედ იმხანად დაიქუხა კახეთის მხარეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელმა. სამშობლოს ხსნისათვის შეფიცულთა მცირე რაზმმა ცხვრის ფარასავით დაირეკა კომუნისტების ჯარი. გამარჯვების იმედი გაუღვივდა გულში ეროვნულ ძალებს. იგულისხმება, რომ, თუკი ვინმეს გაუწევდა მათკენ გული, პირველ რიგში მიხა ხელაშვილიც იქნებოდა. ქაქუცას რაზმ თან მისი შეერთების ამბავს იხსენებს თავის მოგონებაში შეფიცულთა ერთ-ერთი აქტიური წევრი ალექსანდრე სულხანიშვილი: “რაზმში ერთი ფშაველი გვყავდა, მიხა ხელაშვილი, რომელიც მაღაროსკარის ბრძოლაში შემოგვიერთდა. იგი სოფლის ყოფილი დიაკვანი გახლდათ, დაახლოებით ოცდაერთი თუ ოცდაორი წლისა, დიდი ნიჭის პატრონი და შესანიშნავ ლექსებსაც წერდა. ის ვაჟა-ფშაველას სოფლიდან იყო და ძალიან ბაძავდა მას. ზაფხულში, როცა კარგი, მზიანი ამინდი იდგა, იგი ბინის მახლობლად წამოწვებოდა მდელოზე და სულ ორი-სამი საათის შემდეგ ახალ ლექსებს მოგვიტანდა ხოლმე. მიხა მუდამ თან ატარებდა ერთ აბგას, რომელშიც ქაღალდები და, საერთოდ, სხვა საწერი მასალები ელაგა. ჩვენ მისი ბევრი ლექსი დავტოვეთ საქართველოში, თუ ისინიც ისევე უმოწყალოდ არ დაიღუპა, როგორც მისი ახალგაზრდა, ზებუნებრივი მადლით დაჯილდოვე ბული ავტორი. იმდენად ნიჭიერი იყო მიხა, რომ ყველას გვაკვირვებდა. ამი ტომ იყო, რომ ერთხელ ქაქუცამ მითხრა: “თუ მშვიდობა იქნა, მიხას აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა დავამთავრებინო. ცოდოა, ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო.” მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინო დაო! 1923 წელში, როცა დუშეთის ტყეში ვტრიალებდით, მიხამ ბელადს სთხოვა: ორი-სამი დღით სახლში წავალო, დედასა და ნათესავებს ვნახავო. როგორც ჩანს, საბედისწეროდ დართო ნება ქაქუცამ და ალბათ ის იყო მისი შუბლისწერაც… იმ დროისათვის ჩვენ უკვე რახანია დუშეთის მაზრის მილიციის უფროსის ხელში ჩაგდება გვინდოდა. ის იმდენად საძაგელი პიროვნება იყო, რომ აუცილებლად უნდა მოგვეშორებინა თავიდან, მაგრამ ხელში ვერასგზით ვერ ჩავიგდეთ. სანამ მიხა თავის სოფელში იმყოფებოდა, გაუგია, რომ ეს მილიციის უფროსი ფშავში, მგონი, მის სოფელში აპი რებდა ასვლას თავისი მილიციელებით. მას გადაუწყვეტია ბელადს ვასი ამოვნებო, გზა შეუკრავს და ბრძოლა დაუწყია მათთვის. ამ სროლაში მას ორი კაცი მოუკლავს, მაგრამ რად ღირს, თვითონაც ზედ წააგო თავი. აბა, რა გაუვიდოდა მარტოკას რვა თუ ათ კაცთან. ასე დაიღუპა ეს შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა და ამასთან არაჩვეულებრივი პატრიოტი ქართველი. მე მიხას ორი ლექსი მახსოვს და ისინი ჩემს მოგონებაში მექნება მოყვა ნილი.” (ბატონი ალექსანდრე თავისდაუნებურად არაზუსტ ცნობებს გვაწვ დის. ჯერ ერთი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1924 წელს გავიდა საზღვარგარეთ, მიხა კი 1925-ში მოკლეს. მეორეც, ალექსანდრეს ყურამდე, ჩანს, “ჩეკა”-ს მიერ შეთითხნლმა ვარიანტმა მიაღწია. როდის იყო, ყაჩაღი მილიციას მოეკლა. თუ როგორ მოკლეს მიხა ხელაშვილი, ამას ქვემოთ ვნახავთ-გ.ხ.).

ალ. სულხანიშვილი ერთ საიდუმლო სტუმრობას იხსენებს ვიღაცის ოჯახში: (მასპინძელს-გ.ხ.) “მადლობა მოვახსენეთ გულითადობისათვის და მოვითხოვე, ჩონგური თუ გაქვთ-მეთქი. “როგორ არაო”, _ მითხრა და მაშინვე მომირბენინეს. მე საკმაოდ კარგად ვუკრავდი, ჩამოვკარი სიმებს და თან ჩვენი მიხა ხელაშვილის ლექსი დავძახე, რომელიც იმან მაღაროსკარის ბრძოლაზე დაწერა 1922 წლის აგვისტოში. აი ისიც:

“ჯერ კიდევ არი ზაფხული, არ დათოვლილან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნივა ჰქონან ფხანია.
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონატანია:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს, როგორც ქარია,
თან ახლავს ქართვლის შვილები, თითო ლომისა დარია,
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროსკარია.
პურისჭამაზე ნასხდომებს დახვიეს თოფის ალია;
ჰაგიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსი, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შაჰყარე მკვდარზედა, როგორც მთის საბანდარია.
ზენაისაკენ წამოხველ, მკვდრები რო გადასთვალია,
თან ექვსი პოლკი შამოგყვა, პულიმეტ-ზარბაზანია.
სიკვდილზე ნუ დაღონდები, ყველა იქ წამავალია,
იქ დაგხვდებიან გმირები, სამშობლოსათვის მკვდარია.”

ქაქუცას მოწოდებაზე აჯანყდა მთელი ხევსურეთი. მათ მოთავეობდა ქაქუცას ძმადნაფიცი, მენშევიკური მთავრობისა და შემდეგ თეთრი გვარდიის (ჩრდილო-კავკასიაში) ოფიცერი თომა ბალიაური. პირველ ხანებში სძლიეს მტერს, მაგრამ შემდეგ ვერ გაუმკლავდნენ ყოველი მხრიდან შესეულ რუსთა დივიზიებს. ქაქუცას რაზმი იძულებული გახდა გასცლოდა. ისინი შეუმჩნევლად გაიკრიფნენ ახმეტის მხარეს. თვით ქაქუცას გადაცილებაში ლევან რაზიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ამაზე შინაურებმა დააბეზღეს “ჩეკაში”. ლევანს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი მალევე სისრულეში მოიყვანეს. სხვებსაც დაუნდობლად უსწორდებოდა მთავრობა. ხელაშვილსაც იგივე ბედი ელოდა.

ახმეტის ჩრდილოეთით, ილტოსა და პანკისის ხეობებს შუა არის ტყიანი, უდაბური ხეობა, სადაც იმ დროს ყოფილა სოფელი ხევისჭალა. ძირითადად იქ მცხოვრები ფშაველ-ხევსურნი ამარაგებდნენ მთაწმინდის უღრანში დაბანაკებულ ქაქუცელებს. კლდის ძირში გამომდინარე წყაროს დღესაც “ქაქუცას წყალს” ეძახიან _ ქაქუცას გამოუმტვრევიაო რკინის კეტით. კლდეზე კი ქაქუცას რაზმელთა სახელი და გვარი ყოფილა ამოკაწრული.

ხევისჭალაში ქაქუცას და მიხა ხელაშვილსაც საიმედო ხალხი ჰყოლიათ. ჩოლოყაშვილს იმიტომ, რაკი მატნის თავადი იყო, სადაც ხევისჭალაც შედიოდა, თანაც ჩოლოყაშვილები ძირად ხევსურებად ითვლებიან და ხევსურები აქედან ბიძაშვილობდნენ. მიხას კიდევ იმიტომ, რომ ერთ-ერთ იქაურ კაცს, ლევან ხავაზურს, მიხას ბიძაშვილი, ახადელი ქალი ჰყოლია ცოლად. ხევისჭალელები სასმელ-საჭმელთან ერთად ქაქუცას აწვდიდნენ ცნობებსაც მილიციის მოძრაობისა და მათი სადამსჯელო საქმიანობის შესახებ. ჩეკისტებს, თავის მხრივ, ჯაშუშები ჰყოლიათ შეპარებული ქაქუცას რაზმში. ისინი ატყობინებდნენ იმათ ვინაობას, ვინც ქაქუცას რაზმს ამარაგებდა. მილიცია აწიოკებდა მათ ოჯახებს, სახლ-კარს უწვავდა. მამაკაცები ჩამოჰყავდათ მატანში და ეკლესიის გადაღმა ხვრეტდნენ. დაუპა ტიმრებიათ ლევან ხავაზურიც. სანამ მილიცია მის ოჯახს არბევდა, სანამ მის საქონელს აგროვებდა გასარეკად, ქაქუცასთვის ვიღაცას შეუტყობინებია. ისიც მაშინვე გამოქცეულა და თან მხოლოდ მიხა წამოუყვანია. მოუსწრია გზის შეკვრა. გამოჩენილა მარბიელი მილიციაც. ხელ-ფეხ შეკრული ლევანი უფროსს ჰყოლია ცხენის გავაზე შემოსმული და წელზე თოკით მიბ მული. ქაქუცას მიხასათვის მიუნდვია სროლა, რადგან საშიში იყო ლევანი არ შემოკვდომოდა. მიხას შიგ თავში დაუკრავს “ბელადისათვის”. გაქცეული მილიციელები სათვის აღარ უსვრიათ. ლევანისთვის მოუხსნიათ გმირობის მომლოდინე მკვდარი და თავისთან წაუყვანიათ ბანაკში. ჯაშუშის მეშვეობით “ჩეკას” ეცოდინებოდა ქაქუცას რაზმის ადგილსამყოფელი, მაგრამ ვეფხვების ბუნაგს ეგრე იოლად ვერ შებედავდნენ, იცოდნენ, ეს დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ. ქაქუცამაც აღარ იცოდა, რა ექნა. ქართველი ხალხი და მთელი კავკასიის ხალხები ვერ აიყოლია, არც ევროპის დახმარება ჩანდა. ბრძოლა წაგებული იყო. ამიტომ მიიღო კომუნისტების შეთავაზებული წინადადება _ გზას მისცემდნენ და მშვიდობიანად გადასულიყო თავისი რაზმით თურქეთში. მიხა ხელაშვილმა, ზოგიერთ სხვასთან ერთად, უარი შებედა ბელადს, _ მეც ვიცი, აქ რომ სიკვდილი მელის, მაგრამ ისევ აქ სიკვდილი მირჩევნიაო. დარჩა მიხა ტყეში გასულ “ყაჩაღად”. დარჩა სიკვდილის პირისპირ. ხვადი მგელივით უტრიალებდა ჩარგალს, სადაც ეგულებოდა თავისი სალოცავი დედუნა და უკვე ქვეყანას მოვლენილი პატარა გოგონა. ტყიდან ჩამოსცქეროდა ჭოგრიტით, უგერიებდა თავის ჯვარდაუწერელ მეუღლეს ირგვლივ მობორიალე თაყვანისმცემლებს. ერთ-ერთი მათგანი მექალთანეობით ცნობილი ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. მისთვის დაუბარებია ტყიდან:

“ეგრე უთხარით ვახტანგსა: ხელაშვილ დაგმდურებია.
ჩემგან რა გინდა, რას მეძებ, რაისთვი მიმზირდებია?
იცოდე, იქ ნუ გაივლი, სადაც ხელაის გზებია!
თავის გვარდავიწყებულო რაზიკაშვილი ხდებია!”

სერგი მაკალათიამ მიამბო, თუ როგორ გადაეყარა მიხა ხელაშვილს 1924 წელს: “ძალიან არეული დრო იყო. ხალხს ძარცვავდნენ, ხოცავდნენ, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა ფშავ-ხევსურეთის ეთნოგრაფიული აღწერისა, რომ გაფრთხილებების მიუხედავად მაინც გადავწყვიტე წასვლა. ცოტა ისიც მაიმედებდა, რომ ჩემ ძმა ნიკოს იქ დიდ პატივს სცემდნენ. ავედი დუშეთში და იქიდან ნაქირავები ცხენით დავემგზავრე მთაში მიმავალ ფშაველ-ხევსურებს. იმ დღეს მაღაროსკარამდე ავედით. მეორე დღეს, კოპალისქვას რომ გავცდით, თოფმოღერებული ყაჩაღები გადაგვიდგნენ, წაგვართვეს ყველაფერი და თვალებახვეულნი შეგვრეკეს ხეობის სიღრმეში, ტყეში. ხეტებ-ხეტებით გვატარეს და თვალები რომ ამიხსნეს, დავინახე კოცონის ირგვლივ ჩამომსხდარი თოფ-იარაღიანი ხალხი. ერთი ლამაზი სახის, შავწვერმოშვებული ახალგაზრდა კაცი მომაშტერდა. მკითხა: შენ ჩვენი ნიკო მაკალათიას ძმა ხომ არ ხარო? თანხმობა რომ მიიღო, ჩვენ დამტყვევებლებს უთხრა: ამ კაცს რაც წაართვით, ყველაფერი დაუბრუნეთ, გზაზე გაიყვანეთ და ყველამ იცოდეს, _ არავინ რამე დაუშაოს, თორემ ჩემთან ექნება საქმეო! რომ გაიგო, რა საქმეზეც მივდიოდი, წამოიწია, ხელი ჩამომართვა და წარმატება მისურვა. ისე მოვიარე ფშავ-ხევსურეთი, ლამის ყველანი თანა მყვებოდნენ. ახადში მიხას ოჯახში ვიყავი, სურათები გადავუღე და ეს სურათები ჩემს წიგნში შევიტანე. ეს რომ გაეგოთ ჩემთვის, ციმბირს აქეთ დამატოვებინებდნენო.” (ბატონ სერგისთან ორმაგი ნათესაობა მაკავშირებდა. ერთი _ მის ძმას, ნიკოს, ჩემი დეიდა მელანო ბალიაური ჰყავდა ცოლად; მეორე _ მას ცოლად ჰყავდა ჩემი მეუღლის, ნანა კოტეტიშვილის, მამიდა, ვახტანგ და ლადო კოტეტიშვილების და ივლიტა, ამიტომ ძალზე შინაურულად ვიყავი მასთან.) იცოდა ხელაშვილმა, კომუნისტები რომ დიდხანს არ აცოცხლებდნენ. ჯერ ვაჟა-ფშაველას შვილს არ აპატიეს თავისი გიმნაზიელი მეგობრის, ქაქუცას ფშავიდან გაცილება. მას კი აშკარა თანამებრძოლობას, იარაღით ხელში ბრძოლას რას აპატიებდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებას შეეწირა ვაჟა-ფშაველას სიძე, უფროსი ქალიშვილის, თამარის ქმარი შალვა ბეწუკლიშვილი. მას პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონია დამთავრებული და ბრწყინვალედ სცოდნია გერმანული ენა. ერთხელ შალვა ერწოდან თიანეთში მიდიოდა ცხენით. ივრის პირას თიანელ კომუნისტ-კომკავშირლებს სუფრა ჰქონიათ გაშლილი. მიუწვევიათ და უთხოვიათ:

_ ერთი ისეთი სადღეგრძელო გვითხარი, ჩვენ რომ არა გვქონდეს ნათქვამი. ნასწავლი კაცი ხარ, ჭკვიანურ რამეს გვეტყვიო.

_ მოდი, მაშინ ქაქუცა ჩოლოყაშვილს გაუმარჯოს. ვიცი, თქვენ იმის სადღეგრძელოს არ იტყოდით, _ შეუთავაზებია სადღეგრძელო შალვას.

მეორე დღესვე დაუპატიმრებიათ შალვა ბეწუკლიშვილი და ისე გადაუკარგავთ, როგორც ბევრი სხვა.

ასევე არ აპატიეს, თუმცა დიდხანს (1934 წლამდე) ვერ მისწვდნენ არხოტს, თავის სოფელ ახიელში თავშეფარებულ ქაქუცას ერთ-ერთ ძმად ნაფიცსა და არამარტო შეფიცულს თომა ბალიაურს. ის მანამდეც რისხვა ყოფილა ჩრდილოეთ კავკასიაში წითლებისა, როგორც თეთრგვარდიელთა ოფიცერი. მიგზავნილმა მკვლელებმა როცა ვერაფერი მოუხერხეს, არხოტელსავე მოსყიდულს მოაკვლევინეს. ბიძაშვილის სისხლი მწერალმა ლადო ბალიაურმა აიღო. “დაღუპვამდე სამი წლით ადრე, როგორც ბალიაურთა ოჯახების უფროსმა თაობამ იცოდა, თომას სახლის კედელში ჩაუშენებია ბოთლი, რომელშიც რაღაც ხელნაწერი ყოფილა ჩადებული. დაუბარებია, ჩემი გარდაცვალების შემდეგ, შესაფერისი დრო რომ დადგება, მაშინ გაიხსნასო. ამ დოკუმენტის მიმართ თომას ახლობლებში საკრალური დამოკიდებულება იყო და ამიტომ არავინ გაჰკარებია. 1990-იან წლებში ადგილობრივ ახალგაზრდებს (ციცქა ჯაბუშანურის შვილებს კაკოს და ომანს _ გ.ხ.) სამალავი გაუხსნიათ და ხელნაწერი ამოუღიათ. იგი აღ მოჩნდა ძალზე ლაკონურად დაწერილი ავტობიოგრაფია.” (თინა ოჩიაური).

ავტობიოგრაფია ასე მთავრდება: “გზაში გავაცილე ბათუმისაკენ საქართველოს სიმდიდრე… ვიღებდი მონაწილეობას არალეგალურ მუშაობაში. გამიგეს. დაპატიმრებამდე რვა კაცით, შეიარაღებული, 1921 წ. ბზობა ღამეს, გამოვედით თფილისიდან ერწოს მიმართულებით. ერწოში დავყავით ერთი თვე. ამხანაგებს გული გაუტყდათ და რაზმი ჩაიშალა. გადმოვედით მე და სულხანიშვილი აწყურში. გავიგეთ ჩოლოყაშვილის გასვლა, შევუერთდით ალვანის თავში. ვიღებდი მხურვალე მონაწილეობას ხევსურეთის აჯანყებაში. 1924 წ. ვხელმძღვანელობდი მოხევეებს. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ხევსურებმა სთხოვეს ჩემთვის პატიება. გზა აღარსაით იყო, ან თვითმკვლელობა, ან შერიგება.. მთელმა კომისართა კრებამ აღუთქვა პატიება. ჩაველ. მოვტყუვდი. მიპირებდნენ დახვრეტას. მეორე დღესვე გამოველ ტფილისიდან. აღარ ჩავსულვარ. ამავე წელს ხანჯლით მოვკალ ჩიქოვანი ასის ხეობაში, რომელიც იყო მთავრობისაგან გამოგზავნილი ხევსურეთის დასამორჩილებლად და ბოლშევიკური მოძრაობის გასაღვივებლად. ისევ გაველ. მთავრობა შეშფოთდა. შემომითვალეს, არ გავსულიყავ. ჩავრჩი არხოტში. მდევდნენ ყო ველმხრივ, ვერ ჩამიგდეს ხელად. ბოლოს რითი დამთავრდება, არ ვიცი. ჩემი სალამი ჩოლოყაშვილს, რომლის როგორც ბელადის სახელი არ შე მირცხვენია, არ დამიყრია იარაღი და არც დავყრი სიკვდილამდის. იყავ ძლიერი ქართველო ერო, მომავალი შენია! სამუდამო ხსოვნა ქართველ მებრძოლთა!

თომა ბალიაური, დაბადებიდან 33 წელი.”

იარაღი არც ხელაშვილს დაუყრია და არც საქართველოდან გადახვეწილა, თუმცა იცოდა, რომ დღეები დათვლილი ჰქონდა. პირიქით, ისევ მტერს უტევდა და ცდილობდა ვაჟკაცურად მომკვდარიყო, მტრის ჯავრი არ წაეყოლებინა. ჯაგნელიძეს, ხალხის საძულველ პიროვნებას უბარებდა: ჩემი “მაუზერი” გამომიგზავნე და მოშორდი ფშავს, თუ თავისთვის კარგი გინდაო. ჩანს, გულში ჰქონდა ჩარჩენილი იარაღის აყრით მიყენებული წყენა. ასეთი რამ მთიელისათვის ხომ სიკვდილის ტოლფასი იყო. თავის მხრივ ჯაგნელიძეც იმუქრებოდა თურმე: მაგ თქვენ სასახელო ხელაშვილს მალე გათოკილს ჩამოვატარებო! მაღაროსკარში, ზემოთ, ეკლესიის სიახლოვეს, დღესაც დგას იმ დროს ერთადერთი ორსართულიანი “მთავრობის სახლი”, რომელშიც განთავსებული იყო ყველა დაწესებულება _ საბჭო, მილიცია, მაღაზია, აფთიაქი, ფოსტა და სხვა. მილიციის უფროსსაც, კომისარსაც იქვე ჰქონდა თურმე ოთახი. ერთ მზიან დილას ჯაგნელიძე პირის დასაბანად რომ იყო მაღაროულაზე გადასული, თავს კარაბინმომარჯვებული მიხა წამოადგა: _ ახლა შენ აიყარე “მაუზერიო”. ჯაგნელიძეს მოსწრება უცდია, მაგრამ მიხას ვერ დაასწრებდა. სისხლით დაბანა პირი ხალხის სისხლის მსმელს. გამოქცეული შევარდა მილიციაში. იქ დახვდა ჯაგნელიძის ხელისბიჭი, მილიციელი იოსებ ბოძაშვილი. დაჰყვირა იმას: _ ამათ ვის ემსახურები, არა გრცხვენიანო?! სადა აქვს ჯაგნელიძეს ჩემი `მაუზერიო~? შევარდა მის ოთახში, წიხლით ჩაამტვრია კარადის კარი, კომოდი და იპოვა თავისი “მაუზერი”. ამ ამბებზე იოსებ ბოძაშვილს ლექსი უთქვამს:

“მამაძაღლმა ხელაშვილმა, დახე, რა გვიყვაო,
ჩვენი კოლა კომისარი კარზე მოგვიკლაო,
მე კამოდს ვეფარებოდი, თავზე დამადგაო:
– ჯაგნელიძემ ჩემ “მაუზერს”, მითხარ, რა უქნაო?!
ხელაშვილ მოგახელვინებს, ბალღო, მაიცაო!
შიფანერკა და კამოდი _ ორივ გატეხაო,
ამაიღო “მაუზერი”, გადაიკიდაო,
კიბეზე ჩამოთამაშდა: “როგორ მიხდებაო?!”

მიხამ საბჭოთა წითელი დროშა ჩამოგლიჯა, მოახტა სამსახურში იმ დროს მისული ალექსი მისრიაშვილის, თავის ბავშვობის მეგობრის ცხენს, არაგვში გავარდა, ცხენი იქ დატოვა, თვითონ კი ტყეში შევარდა. ამ დროს მაღაროულას გაღმა მდგარ, ოქრომჭედელ დავით ჯანაშვილის სახლში, რომელიც უკვე ჩამორთმეული იყო, ხელაშვილის შესაპყრობად მოყვანილი სამოცი მილიციელი იდგა. ხელაშვილის ნათქვამი ხალხმა ასე “გადა ამუშავა”:

“მაღაროსკარში შევვარდი, როგორც მშიერა მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია,
სამოცსავ თოფებ ავყარე, ზურგზე ვადინე მტვერია,
ავი და შაუსმინარი, მაუკალ კამისერია,
შავჯექ და გამოვაქციე მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე: “ხელა ვარ _ კომუნისტების მტერია!”

ხელაშვილისაგან ასე თავსლაფდასხმული მილიციელები რით იმართლებდნენ თავს, თუ არა იმით, რომ დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინათ, ხელაშვილის გაქცევაში ვიღაც დაედანაშაულებინათ. ეს, რა თქმა უნდა, მისრიაშვილი იყო, რაკი ხელაშვილი მისი ცხენით გაიქცა. სტაცეს ხელი და დუშეთში ჩაიყვანეს. იქვე დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს და ჩვეული მეთოდით საფლავი თავისი ხელით გაათხრევინეს. მისი ამბავი უკვე მიხა ხელაშვილმა გალექსა და ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში. იქ არის ასეთი სიტყვები:

“ხელშეკრულს ჩამოგავლევენ, მისრიაშვილო, ხმიანო,
მთის წვერებს დაემშვიდობე, ხე-ქვანიც მოგტირიანო…
იფიქრე: გამომიშვებენ, დამკითხვენ, გამომცდიანო.
დახვრეტას გადაგიწყვეტენ, რა დიდხანს დაგაცდიანო,
შენის სიცოცხლით, ვაჟკაცო, სამარეს გაგითხრიანო,
ჩასწევ და ამოიგმინე, მანძილავ ხარო, რქიანო.
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო.
როდის დადგება ზაფხული, “ვინტოვკავ”, აგახმიანო,
ბევრაის დედა ვატირო, ბევრ უჭკო დავაჭკვიანო,
ამამყრელი ვარ ჯავრისა, ხელაშვილს მეძახიანო.”

ერთხელ უკვე აწიოკებული მიხას ოჯახი აფხუშოში იყო გამოხიზნული და-სიძესთან. იცოდა, ამ ამბის შემდეგ იქაც იგივე ელოდათ. მთა-მთა და ტყე-ტყე სირბილით მიაღწია, გააფრთხილა, რომ დამალულიყვნენ. მეორე დღეს ტყიდან უცქეროდნენ, როგორ არბევდა მილიცია მათ სახლ-კარს. გამოიტანეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა, საქონელი გარეკეს. რამდენხანს გაძლებდნენ ტყეში? მილიციასა და ფშაველ კომკავშირლებს ჩარგლისკენ მიმავალი ყველა გზა ჰქონიათ შეკრული. ხელაშვილის დედას აუკიდებია სახედრისათვის ახლობლებისათვის მისაბარებლად შერჩეული ნივთები, ტანსაცმელი. ხოდასთან ახლოს დაუჭერიათ და წამებაში შემოჰკვდომიათ, _ გვითხარი, სად არის შენი ყაჩაღი შვილიო.

“სადრარა ვიყავ, დედაო, როცა შენ გაგიჭირდაო,
დაგკრავდენ, დაიკვნესებდი, დაინატრებდი შვილსაო,
ხელშიით გგლეჯდენ სუდარსა ჯაგებში გადაჩრილსაო.
დედა მომიკლეს ფშავლებმა სამოც-ოთხმოცი წლისაო…
მტერიც არ შამხვდა მტრისფერი, ვარ უბედურის დღისაო.”

ვერ ბედავდნენ ჩარგლელნი მიხას დედის დასაფლავებას. მიხამ გააბედვინა. ტყიდან დაუნახავს, საფიხვნოს ყოფილან რაღაცაზე სათათბიროდ შეკრებილნი. მივარდნილა ორივე ხელში იარაღშემართული, _ დედა მომიკალით და დამარხვა არ გინდათო? დამარხეთ როგორც წესია, თორემ განანებთო! მერე კოჭუკუღმა წასულა, აუფარებია მურყნიანი. ჩარგლელებს ყველა წესი დაუყენებიათ მიხას დედისთვის და საფლავიც ეკლესიასთან გაუთხრიათ. საფლავში დედის ჩასვენების წინ მოსულა მიხა, დედა დაუტირებია და ისე მძიმედ წასულა, იქნებ ვინმემ გაბედოს და ზურგში მაინც მესროლოსო. უთქვამს კიდეც ვიღაცას, მოდი ვესროლოთო. ვიღაცა გასჯავრებია: _ ჯერ მოხუცი დედაკაცის მოკვლით დაგვედო საყვედური, ახლა ხელაშვილიც გინდათ დაამატოთო?!

ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა სიმკაცრით ამოქმედდებოდა “ჩეკა” ჯაგნელიძის მოკვლის შემდეგ. იჭერდნენ და მაღაროსკარშივე ხვრეტდნენ ხელაშვილის მასპინძლობაში ეჭვმიტანილ ნათესავებსა თუ მეგობრებს. იყო მუქარა და დაპირებები ხელაშვილის საღალატოდ. ზოგმა ვერ გაუძლო, ვერც ხელაშვილის ღალატი იკისრა და თავისი ხელით მოიკლა თავი. მაგრამ მოღალატესაც რა გამოლევს და ეს ღალატი აკისრებინეს ხელაშვილისთვის ყველაზე მისანდობელ ჩარგლელ ძმაკაცებს _ ლუკა მარცვალაშვილსა და ლევან გარსევანაშვილს. ერთხანობას ლუკაც მიხასთან ერთად ყოფილა ტყეში თავგარიდებული. მერე შერიგებია მთავრობას, კომკავშირში მიუღიათ. ის ჩარგლის სათავე უბანში _ ხოდაში ცხოვრობდა. მასთან დღისითაც კი შეუმჩნევლად შეიძლებოდა
შესვლა და გასვლა.

1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს, ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად “გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:

_ ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!

ლუკას ძალიან შეუცხადებია, დამჯდარა, ტირილი დაუწყია:

_ მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.

ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაშიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია _ როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.

“შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანაშვილი და იმანაც “ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას _ შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო. გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომცდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელა შვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშო რებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრე ბოდა.

ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა. ზოგის თქმით, ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: _ მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხე დარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა.

გასაოცარი დამთხვევაა! მიხა ხელაშვილი 1925 წლის 25 იანვარს მოკლეს, რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა.

მიხა ხელაშვილის მხოლოდ რამდენიმე ლექსია ხალხურ სიტყვიერებაში ცნობილი და ისიც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნა ტყიდან ახლობლებს, მეგობრებს ფანდურზე დასამღერებლად. მათგან დამღერებული კი, თუ ამას ვინმე გაბედავდა, მაშინვე ვრცელდებოდა ხალხში. თვით მიხას ეს არც კი სჯეროდა, ამიტომ ნატრობდა: “ნეტავი, ჩემო სიტყვებო, ხალხშიაც გაჰ ქვეყნდებოდეო”. იცოდა, რომ კომუნისტები აკრძალავდნენ მის სახელს, მის ხსენებას და ხალხს შეაძულებდნენ როგორც “ყაჩაღს”, როგორც “ხალხის მტერს”. მისი ლექსების უმეტესობა რჩებოდა მის განუყრელ ტყავის ჩანთაში, დიდ, საკანცელარიო დავთრის ფურცლებზე, გადაუთეთ რებლად ნაწერი.

მიხა ხელაშვილს, პოეტური ნიჭის გარდა, იმთავითვე მიუპყრია ხალხის ყურადღება, როგორც კარგ ყმას. კარგი ყმის სახელს კი მხოლოდ ის იმსახურებდა, ვინც მხოლოდ “თავის ჯამს არ ჩასცქერდა”, არამედ თემსოფლისათვის ზრუნავდა, სამშობლოს საკეთილდღეოდ იღვწოდა, თავს სწირავდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრისათვის, ბარისაგან მოწყვეტილ და თითქოსდა მიყრუებულ მთიელებში უფრო მეტი იყო სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვიდრე ბარის და, თუნდაც, თბილისის საზოგადოებაში. მაშინ, როდესაც ხევსურეთი აღდგა, გამოსვლები იყო ცალკეულ პერიფერიებშიც, დედაქალაქი დუმდა. ეს ყველაფერი ასახულია მიხა ხელაშვილის ლექსებში.

არავინ ყოფილა ვაჟა-ფშაველას ისეთი ღირსეული მიმდევარი, როგორიც მიხა ხელაშვილი იყო. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ბუნების აღწერაში, ბუნების სურათების ხატვაში, იქამდე, რომ ზოგი ლექსის სათაურიც კი ვაჟა-ფშაველასაგან აქვს ნასესხები (“არაგვს”, “მთანი მაღალნი”, “ქეიფი” და სხვა). მშობლიური მთის სიყვარული ნასეს ხებად არ ჩაითვლება. მთის ყველა მცხოვრებს მშობლიური მთა-ველი, კლდე-ღრეც კი გასაოცარი სიყვარულით უყვარს. ასეთი მიბაძვა დამწყები, ნიჭიერი მწერლისაგან მოსალოდნელიც არის და გამართლებულიც, სანამ თავის ხმას, თავის გზას იპოვის. თვით ვაჟაც ილია ჭავჭავაძის მიმბაძველი იყო ადრეულ ასაკში.

მისი პირველი ლექსები ილიას სრული გავლენითა და მიბაძვით არის დაწერილი, მაგრამ მალევე იპოვა თავისი ხმა. ხელაშვილიც იპოვიდა, რომ დასცლოდა, მით უფრო, თუ ისწავლიდა კიდეც, მისი სახით საქართველოს კიდევ ერთი დიდი პოეტი ეყოლებოდა. თუმცა გარკვეულწილად მას ნაპოვნიც ჰქონდა ეს გზა. ეს იყო ხალხური შემოქმედების გზა. მისი “გაქვეყნებული” ლექსები ამ მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს. ამიტომ გაითავისა ისინი ხალხმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ სრულიად ახალგაზრდა მიხა ხელაშვილს ჭარბად ჰქონდა მომადლებული მოქალაქეობრივი შეგნება. იგი მტკიცედ იდგა იმ ეროვნული დამოუკიდებლობის გზაზე, რომელიც გა მოიარეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, სახელოვანმა მეფეებმა, რომელზეც დაეცნენ ილია, ვაჟა, აკაკი და რომელზეც იდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამიტომ არის მიხას ლექსების დიდი ნაწილი სწორედ პატრიოტულ თემაზე შექმ ნილი. ერთ-ერთი ლექსი პირდაპირ ასე აქვს დასათაურებული: “სამშობლოს საშველად”. აქედან გამომდინარე, იგი აღფრთოვანებული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილით, მისი იდეალური ქართველკაცობით, გმირული შემართებითა და ქვეყნისათვის თავდადებით. ბევრ ლექსში ასხამს ხოტბა-დიდებას.

“ჰა გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსი, ხარ მარდი “კამანდარია…”

ამ პატარა რაზმით ხომ სამარცხვინო მარცხი აგემა ქაქუცამ კომუნისტთა კარგად შეიარაღებულ ჯარებს ჯერ კახეთში და მერე საარაგვოზე, რომელი ბრძოლების მონაწილე მიხა ხელაშვილიც იყო.

კომუნისტები იმ დროს (და შემდეგაც) ჩაგრულთათვის ამომავალ მზედ სახავდნენ ლენინს, კაცობრიობის ბედნიერების მომტანად და ამაში აჯერებდნენ კიდეც “მასებს”. მიხა ხელაშვილი კი, ვითომდა უბირი მთიელი, მაშინვე შესანიშნავად, შეუმცდარად გაერკვა სიტუაციაში, მაშინვე დაინახა ის, რისი დანახვისთვისაც რუსეთის წითელი იმპერიის ხალხებს ლამის ერთი საუკუნე დასჭირდა:

“შენს სურათს, ახალო “ქრისტევ”, ერს თაყვანს აცემინებენ,
ვით პირველყოფილ კერპისთვის, ყველას თავს ახრევინებენ,
შენის სახელის წიგნაკებს სოფლებში არბენინებენ,
ვინც არ გილოცავს, იმ პირებს “ჩეკაში” ათმენინებენ,
მარქსისტთა სახარებასა წირვაზე ასმენინებენ,
თვითონ სახსნილოს მიირთმენ, სხვებს მარხვას აჭერინებენ,
მზაზედა სვლეპენ სხვის შრომას, მშრომელს კი აცქერინებენ,
შენნი მიმდევნი შენს სიტყვით ხალხს ერთურთს ათელვინებენ…”
(“სურათი”)

ამ სახელმწიფოებრივ რანგში აყვანილ უზნეობასთან დაპირისპირების გამოძახილია მიხა ხელაშვილის შემოქმედების კიდევ ერთი მოტივი _ სასულიერო. რელიგიურ თემაზე შექმნილი ლექსები (“ლოცვა წმიდისა ეფრემისა”, “აღდგომის დღე”, “ღმერთო მაღალო, შემინდვენ” და სხვა) განპირობებული იყო იმ გულიანი ღვთისმსახურებით, რომელსაც ის ეწეოდა. სიწმიდისა და მაღალი ზნეობრი ობის პოზიციებზე დგომა კი სრულ შეუსაბამობაში მოვიდა ღვთის მგმობელი, ანტირელიგიური კომუნისტების მორალთან, უფრო სწორად, ამორალურო ბასთან. ეს იქცა მიხა ხელაშვილის ტრაგედიად, ისევე, როგორც სამშობლოს სიყვარულით ანთებული ბევრი მამულიშვილისათვის. მან მეტეორივით გაიელვა იმდროინდელი სიბნელით მოცულ საქართველოს ცაზე და ნათელს მონატ რებული ხალხის მზერაში ჩატოვა თავისი კვალი.

* * *

მიხა ხელაშვილის “ლექსო, ამოგთქომ” პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა შეიტანა 1934 წელს გამოცემულ “ხალხურ პოეზიაში”. ლექსი მისთვის ვანო ხორნაულს მიუწოდებია. ავტორის დასახელება კი იმ დროს არ შეიძლებოდა, თვით ლექსის კრებულში შეტანაც დიდ გაბედულებას მოითხოვდა და ამისთანების გაბედვას შესწირა კიდეც სიცოცხლე კოტეტიშვილმა 1937 წელს. მეორედ ეს ლექსი და “ჯორი”, რომლებიც თავის დროზე მიხას ფანდურზე დასამღერებლად გამოუგზავნია, “ფშავ-ხევსურულ პოეზიაში” შეიტანა 1949 წელს ვანო ხორნაულმა. მახსოვს, შინაურ სტუმრიანობისას მამაჩემი ამ ლექსებს დაამღერებდა ფანდურზე და მიხა ხელაშვილის შესანდობარს მოაყოლებდა თვალმოცრემლიანებული. ერთი რამ კი არასდროს გაუმხელია და მეც გვიან, როცა მამა ცოცხალი აღარ იყო (1993 წელს გარდაიცვალა), მაშინ გავიგე თამარ ხელაშვილისაგან. თურმე, მიხა რა დღესაც მოკლეს, იმ დღეს ახმეტის მხარეს აპირებდა გადასვლას. იანვარში ძნელია დათოვ ლილი მთის გადავლა, მითუმეტეს ზედმეტი ბარგით. თავისი ტყავის ჩანთა წინა დღეს თავისი დისთვის, სალომესათვის დაუტოვებია აფხუშოში: _ თუ მომკლეს, ვანო ხორნაულს ჩააბარეთ, ის მიმიხედავსო. რა ნდობა ჰქონდა ეგეთი ცხრამეტი წლის ბიჭისა? მამას წამოუღია ის ნაწერები, თავისთან რაცა ჰქონდა, ისიც დაუმატებია, საიმედოდ შეუფუთია და ჩვენი სახლის გაღმა, ღრმა ეხში შეუმალავს. ბალღებს, იმის შიშით თურმე, რომ იქ ძრომიალი არ დაგვეწყო, გვეტყოდა: ეშმაკიანია ის ეხი, არ შეძვ რეთ, თორემ დაიხელთებითო. შეძრომა კი არა, იქ სიახლოვეს გავლისაც გვეშინოდა.

1965 წელს თამარ ხელაშვილი, რომელიც ქვემოქედში იყო გათხოვილი (დღესაც იქ ცხოვრობს), მისულა მამაჩემთან და უთქვამს: _ მამიდა სალომესაგან ვიცი, მამაჩემის ლექსები რომ ჩაგიბარებია და თუ კიდევ სადმე რამე გაქვს, გადამაწერინეო. სხვასთან ვისთანაც რამე მეგულებოდა, ყველას ცეცხლში ჩაუწვავსო.

_ მამაშენის ნაწერები, აი, იმ გაღმა ეხში ამა და ამ ადგილას არი ჩამალული, გამოიტანე და წაიღე, შენ მოუარე. იქნება დადგეს დრო და გამოცემაც მოხერხდეს. ახლა კი ამ ამბავს ნურავისთან იტყვიო. 1961 წელს კახეთის დიდ ფოლკლორისტულ ექსპედიციაში მონაწილეობის დროს პანკისში ჩემი ბიძაშვილის, გოდერძი ხორნაულის ოჯახში აღმოვაჩინე მიხა ხელაშვილისა და მისი ძმის, პავლე ხელაშვილის ლექსების საერთო რვეული. გასაიდუმლოების მიზნით თავფურცელი ამოხეული ჰქონდა. ასევე საიდუმლოდ გადმოვწერეთ მე და, მაშინ ჩემმა საცოლემ, ნანა კოტე ტიშვილმა ეს ლექსები. ჩემი ბიძაშვილის მეუღლე ბაბალე კულალაღაშვილი მიხა ხელაშვილის ნათლული იყო. ის 1998 წელს გარდაიცვალა. თან ჩაუყოლებიათ პავლეს გამოთლილი საგრეხელა, მას რომ უჩუქებია ძმის ნათლულისათვის. ასეთი ლექსი ეწერა საგრეხელზე:

“ბაბალე, ჩვენო ნათლულო,
ამ საგრეხელას შენ გიძღვნი!
შიგ ტარის კოჭი ატარე,
რო მოვკვდე, გულით მიტირე,
ზედ ცრემლი გადმომაყარე!”

პავლე ხელაშვილი გერმანიასთან ომში ჭლექით დაავადებულა. სამკურნალოდ რომ გამოუშვიათ, ფრონტზე აღარ დაბრუნებულა, ტყისთვის შეუფარებია თავი. შემორიგებული ციმბირში გადაუსახლებიათ და იქ გარდაცვლილა. ლექსების რვეული გროზნოში წაუღია გადასაწერად გოდერძის ქისტი ძმადნაფიცის ქალიშვილს. ომის დროს იქ დამწვარა რვეული. ისე რომ, გადავარჩინეთ პავლეს ლექსები. ამჯერად ამ კრებულში არ შეგვაქვს ისინი, თუმცა მიხას ლექსებს ბევრად არ ჩამოუვარდებიან.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვანო ხორნაულის მიერ მიწოდებული ერთი ლექსი პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა ჩართო თავის კრებულში (1934 წ.). შემ დეგ ვანო ხორნაულმა თავის წიგნში (1949 წ.) შეიტანა მიხა ხელაშვილის ორი ლექსი “მ. ახადელის” ფსევდონიმით. უფრო მოგ ვიანებით (1970 წელს) ალექსი ოჩიაურმა შვიდი ლექსი შეიტანა თავის “ფშავხევსურულ პოეზიაში” უკვე ავტორის დასახელებით. მიხა ხელაშვილის ლექსების პირველი მცირე კრებული (ხალხში არსებული ლექსების) 1989 წელს გამოსცა უსამართლოდ მივიწყებულ მამულიშვილთა დიდმა ქომაგმა ედიშერ გიორგაძემ. ეს გამოცემა გაიმეორეს 1993 და 2000 წლებში. სამწუხაროდ, გამოცემიდან გამოცემაში უცვლელად გადადიოდა ის ფაქტობრივი და ენობრივი შეცდომები, რაც პირველ გამოცემაში იყო დაშვებული.

* * *
მამაჩემის არქივის გარჩევისას კიდევ აღმოვაჩინე მიხა ხელაშვილის ლექსები. კრებულის შედგენა გადავწყვიტე, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი. და, აი, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა ხელაშვილის ლექსების გამოცემისა, თუკი მას მე შევადგენდი. ეს ახალგაზრდა აღმოჩნდა სანდრო შანიძე. ეს ის ახალგაზრდაა, რომლის ქველმოქმედებით საზეიმოდ გაიხსნა 2005 წლის 6 აგვისტოს ბარისახოს ეთნო გრა ფიული მუზეუმი. მან დააფინანსა აგრეთვე ჩემი 600 გვერდიანი წიგნი “მზიანი რწმენის საუფლო”.

მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და შევუდექი მუშაობას. ჩემი მეუღლე ნანა კოტეტიშვილი ფოლკლორის განყოფილების არქივში მასალის მოძიებას შეუდგა. და ვუკავშირდი ბაჩანას შვილი შვილების _ ლამარა და ზაზა რაზიკაშვილების ოჯახებს. მათი ბებია იყო მიხა ხელა შვილის და სალომე. მათგან გავიგე, რომ საჯარო ბიბლი ოთე კის თანამშრომ ლებიც მუშაობდნენ ხელაშვილის ლექსების კრებულზე. თურმე, ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების თანამშრომელს (ამჟამად დირექ ტორის მოადგილეს) ლევან თაქ თაქიშვილს სრულიად შემთხვევით, გადასაყრელად ჩამოწერილი არ ქივის ნაწილში შეუმჩნევია მამაჩე მის ხელით გადაწერილი მიხა ხელაშვილის ლექსების საერთო რვეული. თამარ ხელა შვილისაგანაც ჩამოუტანიათ მამაჩემისეული მასალა და შესდგომიან მუშაობას დალი მაჩაიძესთან ერთად. კრებულზე მუშაობა, გასაგები მიზეზების გამო, გა უგრძელდათ… გადაწყდა, ამ საქ მი სთვის ერთობლივად მოგვება თავი.

და აი, ქართულ საზოგადოებას საშუალება აქვს გაეცნოს მიხა ხელაშვილის ლექსების პირველ სრულ კრებულს. მასში შესული ლექსების დიდი წილი (თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი) აქამდის ცნობილი არ ყოფილა. მიუხედავად ჩვენი ყოველმხრივი მცდელობისა, წიგნი უნაკლო ვერ იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, თუკი რაიმე იცის მიხას შესახებ, თუ ვინმესთან შემონახულია ან სხვაგვარად იცის ხელაშვილის ლექსები, მოგვაწოდეთ წიგნის შემდგომი გამოცემების სრულყოფისათვის.

* * *
P.S.

წიგნი უკვე აწყობილი და საბეჭდად გამზადებული იყო, როცა ქართველთა ცხოვრებაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა: საფრანგეთიდან, ლევილის (ქართველთა) სასაფლაოდან ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ევროპის დახმარებით მალე დაბრუნების, სამშობლოს ხსნის მოიმედეს 75 წელი შეაგვიანდა. რუს დამპყრობთაგან “ბანდის მეთაურად” მონათლული და განდევნილი ეროვნულ გმირად დაუბრუნდა იმ საფიცარ მიწას, რომლის ფეხქვეშ გათელვის დარდმაც უდროოდ დაასამარა უცხო მხარეში. სიკვდილის წინ (1930 წელს) ანდერძი დაუტოვებია: ჩემს ნეშტს კომუნისტები საქართველოში არ ჩაგასვენებინებთ, მაგრამ იქნება დამწვათ და ფერფლი მაინც მოაბნიოთ ჩემს მატანშიო. და, აი, ახლა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში გახდა შესაძლებელი გმირის სურვილის აღსრულება, რადგან თანდათან წაღმა დგება ბოროტების იმპერიისა და მისგან გამოყვანილი კაციჭამი ებისაგან თავდაყირა დაყენებული ზნეობა, სწორდება უსირც ხვილო ტყუილსა და ცილისწამებაზე აგებული “სამართალი” და ქვეყანა.

კიდევ ერთი ქართველი დაუბრუნდა მისთვის სათაყვანებელ მამულს, მის ხსოვნაწაუშლელ ერს. ცოცხალთ კი არა, მკვდართაც შესძრავდა ის გრძნობა, რითაც ქართველები შეეგებნენ სამშობლოს ბედუკუღმართობით უცხოეთში გადაკარგული შვილის ნეშტს, თორემ მის უკვდავ სახელს ხომ გულით ატარებდა მალულად თუ ხილულად. შეიძვროდა ქაქუცას რაზმის ლომგულ მებრძოლთა ტყვიით განათოსებული ძვლებიც. მგებრთაგან უთუოდ პირველი მიხა ხელაშვილის სული შეეგებებოდა თავისი სათაყვანებელი ბელადის სულს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს სამშობლოსათვის თავშეწირული ყველა ქართველის სული!

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button