ფაქტები

ფაქტები მეტამფეტამინზე

5 წლის განმავლობაში ამერიკული სერიალი „Breaking Bad” უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და თითოეულ სერიას ტელევიზიით მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მთავარი პერსონაჟი ქიმიკოსი ვოლტერ უაითია, რომელიც სკოლის მასწავლებლიდან მეტამფეტამინის დამამზადებლად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში საკმარისადაა ნაჩვენები ამ ბიზნესთან დაკავშირებული ხიფათი და მეტამფეტამინის უარყოფითი მხარეები, რეალობა გაცილებით უცნაურია. ზოგი რამ კი რეალობაში უფრო სხვანაირადაა, ვიდრე სერიალშია აღწერილი.


● ისტორია
1887 წელს მეცნიერებმა პირველად მიიღეს ეფედრინი ერთ-ერთი ბუჩქისგან, რომელსაც ბოტანიკოსები Ephedra sinica-ს უწოდებენ. ეს მცენარე ჩინურ მედიცინაში ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა. 1919 წელს იაპონელმა ქიმიკოსებმა მცენარის აქტიურ ქიმიკატს შეურიეს წითელი ფოსფორი და იოდი და ამგვარად მიიღეს კრისტალური მეტამფეტამინი.

1930-იან წლებში ექიმები მეტამფეტამინს ასთმისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ იყენებდნენ. ხალხმა მალე შენიშნა, რომ ეს უცნაური სტიმულანტი მათ მადას უკარგავდა, სამაგიეროდ ენერგიას მატებდა და კონცენტრირებაში ეხმარებოდათ. მეორე მსოფლიო ომში ადოლფ ჰიტლერი მეტამფეტამინის გავრცელებას უწყობდა ხელს, რათა ჯარისკაცები მუდმივად მხნედ და ფხიზლად ყოფილიყვნენ. მხოლოდ 1940 წელს, 4 თვის განმავლობაში, ჯარისკაცებს მიეწოდათ 35 მილიონი აბი.

1945-1950 წლებში იაპონიაში დაიწყო მეტამფეტამინის ეპიდემია, შემდეგ მოედო აზიის სხვა ქვეყნებს და გავრცელდა დასავლეთშიც. 1950-იანებში მეტამფეტამინს შეიცავდა პოპულარული გასახდომი აბები, რომლებსაც ხშირად მოიხმარდნენ დიასახლისები, სტუდენტები და სპორტსმენები. 1990-იანებში გამოიგონეს დამზადების ახალი მეთოდი, რომლითაც მიიღეს 6-ჯერ უფრო ძლიერი მეტამფეტამინი.


● დამზადება
განსხვავებით კოკაინისგან, ჰეროინისა და მარიხუანასგან, როცა ნარკოტიკის მთავარი ინგრედიენტი მცენარის ნაყოფშია, მეტამფეტამინის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მის დასამზადებლად საჭიროა წინამორბედი ნარკოტიკების დამუშავება. მისმა კომპონენტებმა, როგორიცაა ეფედრინი ან ფსევდოეფედრინი, ასევე დეკონგესტანტებმა, როგორიცაა მაგალითად სუდაფედი, წინასწარ უნდა გაიარონ ქიმიური რეაქციები, რათა ნარკოტიკებად იქცნენ.

მსოფლიოში სულ რამდენიმე ლაბორატორიაა, სადაც ამ ქიმიკატების დამზადება შეუზღუდავად შეიძლება. ყველაზე დიდი რაოდენობით მეტამფეტამინს მექსიკური ნარკოკარტელების დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიები ამზადებენ. მათ ერთი უიკენდის მანძილზე 20-25 კგ პროდუქტის მიღებაც კი შეუძლიათ.

რაც შეეხება „ფრილანსერებს”, რომლებიც ნარკოტიკებს სახლში ამზადებენ, დეკონგესტანტებს აფთიაქებიდან იპარავენ და ურევენ ტოქსიკურ გამხსნელ ნივთიერებებსა და ქიმიკატებს, რომლებიც ბუნებით სწრაფაქროლადები და ფეთქებადები არიან. შესაბამისად დამზადების პროცესი სახიფათოა, შემდეგ დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების მოცილება და მოწმენდა კი საკმაოდ რთულია.


● ლურჯი კრისტალები
„Breaking Bad”-ის სერიებში ვოლტერის საფირმო ნიშანი ფერია – მის მიერ დამზადებული ნარკოტიკი იმდენად სუფთაა, რომ კრისტალებს ლურჯი ფერი აქვს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა – წმინდა მეტამფეტამინი თეთრი ან გამჭვირვალეა, რადგან ირეკლავს ხილული სინათლის ყველა ტალღას.

ნარკოტიკი რამდენად სუფთაა, დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე. მცირე ოდენობის ქიმიკატებმაც კი შეიძლება მას ფერი შეუცვალოს. სისუფთავე კი, შეიძლება ითქვას, იგივე ერთგვაროვნებაა. მაგალითად, თუკი მეტამფეტამინი 90%-ით სუფთაა, ესეიგი მხოლოდ 10%-ია სხვა ქიმიკატები.

თუმცა ლურჯი მეტამფეტამინი სულაც არაა მითი. რამდენიმე წლის წინ მართლაც გამოდიოდა მსგავსი რამ და „სმურფის ნარკოტიკი” ერქვა. ეს იყო მეტამფეტამინი, რომელსაც აფერადებდნენ პიგმენტებით ან საღებავებით. მისი მოქმედების შედეგები იგივეა, როგორიც თეთრის.


● მსგავსი ნარკოტიკები
მეტამფეტამინი იმ სტიმულანტებს ენათესავება, რომლებსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიური მდგომარეობის მქონე ბავშვებს უნიშნავენ. ამფეტამინის ტიპის სტიმულანტებს, როგორიცაა ადერალი და რიტალინი, გააჩნიათ მეტამფეტამინის მსგავსი ეფექტები, სხეული კი მეტამფეტამინს გადამუშავების დროს ამფეტამინად აქცევს. თუმცა არალეგალური მეტამფეტამინი გადის ორმაგი მეთილაციის პროცესს (ნაცვლად ერთჯერადისა), რის გამოც ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებს მას და ეფექტიც მეტად ძლიერია.


● კავშირი ხორცთან
მეტამფეტამინი ფართოდ მოედო შუადასავლურ შტატებს, როგორიცაა მისური, კენტუკი და ტენესი. ექსპერტების თქმით, მეტამფეტამინმა შეაღწია ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებშიც და კარგად მოიკიდა ფეხი. ამერიკაში ასეთი სამუშაოები საკმაოდ დაძაბული და სახიფათოა – მუშებს უწევთ ქათმების, ძროხების ან ღორების დამუშავება დიდი სიჩქარით (წუთში 140 ქათმამდე). ხორცის წარმოების პროცესში მუშები უნდა იყვნენ ფხიზლები, სწრაფები და გამჭრიახები, რასაც მეტამფეტამინის მეშვეობით აღწევენ. იგივე ქარხნები დისტრიბუტორის როლს თამაშობენ მექსიკური კარტელებისთვის – ემიგრანტი მუშები მთელ ქვეყანაში გადაადგილდებიან ქარხნიდან ქარხანაში და ამგვარად ავრცელებენ ნარკოტიკს.


● ზემოქმედება ტვინზე
მეტამფეტამინი ზრდის ტვინის მიერ ქიმიკატ დოპამინის გამომუშავებას, რაც ასტიმულირებს მოტივაციას, სიამოვნების განცდასა და მოტორულ ფუნქციებს. ტვინის რეგიონებში დოპამინის სწრაფი გამოყოფა იწვევს ეიფორიის შეგრძნებას. ხანგრძლივ პერიოდში მეტამფეტამინის გავლენა მნიშვნელოვნად ცვლის ტვინის სტრუქტურას. დროთა განმავლობაში ტვინი ნარკოტიკის გარეშე მცირე დოპამინს გამოყოფს, რის გამოც სუსტდება მოტორული უნარები და ვერბალური სწავლის შესაძლებლობა. კვლევები ასევე აჩვენებს სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს ემოციებსა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ არეებში, რაც შესაბამის პრობლემებს წარმოშობს. ძალიან ძნელია დამოკიდებულებასთან ბრძოლაც. მას შემდეგაც კი, რაც ორგანიზმი ამ ნარკოტიკს გადაეჩვევა, ბევრს ინსტინქტურად ისევ აქვს მასზე ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.


● სხვა უარყოფითი ეფექტები
მეტამფეტამინის ხანგრძლივ პერიოდში მოხმარებას მკვეთრად უარყოფითი შედეგები მოაქვს. სისხლძარღვები ვიწროვდება და ბოლოს ნადგურდება, ანელებს და შემდეგ აჩერებს ორგანიზმის უნარს, აღადგინოს დაზიანებული ქსოვილები, იწვევს კანის სწრაფ დაბერებას. მომხმარებლებს ზოგჯერ აქვთ ჰალუცინაციები, ეჩვენებათ, რომ კანქვეშ მწერები დაღოღავენ, რის გამოც ძლიერად იჩქმეტენ და ადგილ-ადგილ სერავენ, რაც ცხადია, ჭრილობების გაჩენას იწვევს. სწრაფად კარგავენ წონას, აქვთ არარეგულარული გულისცემა, ჰიპერთერმია (ორგანიზმის ზედმეტად გახურება), უძილობა, ადვილად ღიზიანდებიან. ორსულობის პერიოდში მოხმარებისას მეტამფეტამინი აღწევს პლაცენტამდე და გადადის სარძევე ჯირკვლებშიც.

მეტამფეტამინი აშრობს სანერწყვე ჯირკვლებს, რაც პირში არსებულ მჟავებს უადვილებს კბილების მინანქრისა და ღრძილების დაზიანებას, ჩნდება ღრმულები. მეტამფეტამინზე დამოკიდებულებს ახასიათებთ კბილებზე გაჩენილი ბზარები, ასევე ნარკოტიკის ზემოქმედების პერიოდში ძლიერი მიდრეკილება ტკბილი საჭმლისკენ, რაც პრობლემას მხოლოდ აუარესებს. საბოლოოდ რჩებათ დამსხვრეული და დაცვენილი კბილები, რისი დემონსტრირებაც ხშირად ხდება მეტამფეტამინის საწინააღმდეგო რეკლამებსა და კამპანიებში.


● რეალური ვოლტერ უაითი
ასეთი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი მართლაც არსებობს და სერიალის პერსონაჟის მსგავსად, მეტამფეტამინს ამზადებდა. 10 წლის განმავლობაში ის მთელ ალაბამაში საუკეთესო იყო და პარტნიორთან ერთად მიმდებარე არეალში ყველაზე სუფთა მეტამფეტამინს ქმნიდა. საქმიანობა 1998 წელს დაიწყო და დღეში რამდენიმე ათას დოლარს შოულობდა. თუმცა მას არც სიმსივნე სჭირს და არც საკუთარი ქვისლი ეძებდა. ოჯახთან დაშორების გამო ცოლი გაეყარა და შვილებთანაც უთანხმოება შეექმნა. ადვოკატმა საქმიანობის შეწყვეტა ურჩია, რადგან პოლიცია აქტიურად ეძებდა მას. 2008 წელს აიყვანეს კიდეც.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button