PDFდეტექტივიწიგნები

აკა მორჩილაძე – ამბავი ვეფხვისა და ასისთავისა

ამბავი ვეფხვისა და ასისთავისა

აღმოსავლური დეტექტივი

“ამ უზარმაზარ იმპერიას სელჯუკებისას მართავდა უწიგნური სულტანი მალიქ-შაჰ. ნიზამ ალ-მულკს მდივნების მთელი ლაშქარი ჰყავდა… საერთოდ ბრძენი ნიზამ ალ-მულკიც არ ერიდებოდა საკანცელარიო მიწერ-მოწერას… რაც ხშირად იწერება, იმას ნაკლებ პატივსა სცემსო ხალხი”.

კონსტანტინე გამსახურდია

“დავით აღმაშენებელი”, გვ. 105

“ – ეს რა ქალაქია?

   – თიფლისი.

   – მე ბითლისიდან მოვდივარ, თიფლისი  

   და ბითლისი ძმები არიან.”

 “საიდ ნურის ცხოვრება”

ეპილოგი

პირველსავე სოფელში უბრალო ცხენი იყიდა ნურადინ ფრიდონმა. დაიფარა ძვირფასი სამოსი ჯვალოთი და ხურჯინი გადაჰკიდა იმ ცხენს.

და მიდიოდა ქალაქიდან ქალაქს, შეისვენებდა წყლისპირებზე და ხურჯინის ცალ უბეს ჩაჰკიდებდა წყალში. შეღამებულზე გახსნიდა ქისას და მოისროდა ერთ კენჭს და ცოტავდებოდა ნაქსოვი ქისა, მცირე და მცირე ხდებოდა.

მალევე მოუწია ნურადინ ფრიდონს ალკაზ აქიმის დარიგების ასრულება – წაიძრო ბეჭედი ნეკა თითიდან და გადაყლაპა, ვინაიდან კვამლი და ცეცხლი იდგა ყოველ ქალაქში და ალაყაფებზე შრებოდა ამირათა და ყადითა თავები. ბაზრის მოედნებზე კი დასცინოდნენ კიდით კიდის სულტანს და სულტნის ყოველ კაცს სცემდნენ ჯოხებით.

და რომ გამოჩნდა ბაღდადი და ბჭენი მისნი, პირველად კვამლი გამოჩნდა მის თავზე და მერე ბჭენი და ნურადინ ფრიდონმა შეაყენა ცხენი და მიხვდა, რომ მართლაც, დასკდა საზღვარნი, გაიბლანდა ყოველი ნაკერი მიწის ხალათზე და აღარავინ არის მხილველი რამისა, ხოლო ვარსკვლავთმრიცხველნი მიწას უცქერენ და არა მნათობთა ნელ ცეკვას.

და მაინც ჰკრა დეზი იმ ბებერს და მიაყენა გალავანთან.

– ვინ ხარ, რა გინდა? – ჰკითხა გუშაგმა.

– ასისთავი ნურადინ ფრიდონი, – ჯვალო გადაიძრო მხედარმა, – გახსენ ალაყაფი.

– ვისი ასისთავი ხარ?

– სულტნისა.

– და ვინ არის ახლა სულტნად ბაღდადში? – თვალი მოჭუტა გუშაგმა, – რამდენი დღეა მოდიხარ აქეთ?

კვამლი იყო ქალაქის თავზე და ნურადინ ფრიდონს მოესმა გალავნის კედლიდან:

– ალი ბეგ, ჰასან, აქ რას დამიყარეთ ეს თავები? ყვავთა მწყემსი ვარ?

– თავები თორემ… მოჭრილი თავი მოჭრილი თავია და მეტი არაფერი. დიდვეზირისა იქნება, სულტნისა, თუ ჩემი, ვინ უყურებს?

– გაეპასუხა გუშაგი.

ერთხანს ასე იდგა ნურადინ ფრიდონი, მერე ხურჯინი ახსნა ცხენს, ალაყაფთან მიაგდო, მიაფურთხა ბაღდადის კარს და გაქუსლა სამხრეთისაკენ.

თავი მერვე

თუ ასისთავს, თუნდაც შეჯავშნული ბეჭით, შეუმტვრევია კარიბჭე რომელიმე ეგვიპტურ ქალაქისა და მერე სისხლმდინარს წაუტეხია მკლავში მოხვედრილი ისარი, იმას არ გაუჭირდება ერთი, თუნდ დიდვეზირსავით ჭკვიანი აქიმის სახლის კარის გამტვრევა.

ჭოტი ვერ დაგიშლის ამას, რადგანაც ხელობა ასისთავისა არის სწორედ მტვრევა დაკეტილი კარისა და სარდალთათვის გზის მოსუფთავება.

და როდესაც ესმა დაურიდებელი კაკუნი ნურადინ ფრიდონს, ხელუკუღმა ჩამოიცილა გზად გადაღობილი აქიმის ჭოტი და დაეკითხა:

– ვინ ხარ?

ჭოტმა იცოდა, როგორ დააკაკუნებდა ალკაზ აქიმი, ასისთავმა – არა.

– აქიმისგან ვარ, ამბავი მაქვს, – მოესმა მღელვარე პასუხი.

– მითხარი.

– ყურში სათქმელად დამაბარა, – ამის გამგონმა ნურადინ ფრიდონმა ერთი გამოხედა გაბღენძილ და უძლურ ჭოტს, უკან დაიხია, გამოქანდა და ბეჭით შეასკდა კარს.

ჭოტმა თითქოს რაღაც თქვა. ასისთავმა კი მხარზე მოისვა ხელი და შეხედა მოსულს.

– შენ?

– მე ვარ თავაზა. ამბების დამტარებელი ქალაქ ბითლისში. ჩემი უბე სავსეა ამბებით. აბგაში კი სამოსი მიდევს, – მიუგო თავაზამ.

– რა სამოსია?

– მღვდლისა. უნდა ჩაიცვა და გამომყვე. არ ეგების, აგრე მორთული დადიოდეს უცხო კაცი უცხო ქალაქში. ზემოდანვე გადაიცვამ. ქრისტიანი მლოცველის ჯვალოა. ესეც თავსაბურავი.

– არ ჩავიცმევ. ვინ უნდა მიცნოს? არ არის წესი ურჯულოდ მორთვა.

– ვინ უნდა გიცნოს? რომ ვერ გიცნობენ, ეგ არის სწორედ. მთვრალი მეთარე, ან რაინდის კახპა, ვერავინ გიცნობს და ოქრომკერდი კი მოსჭრის თვალს, მეტად ბაღდადურია ის, რაც გაცვია. მზეში თვალსა ჭრის, უამინდობის ჟამს კი არაფერში მოგეხმარება.

– რა დაგაბარა ალკაზ აქიმმა?

– არც არაფერი. ერთგან უნდა გაგიძღვე.

– ხიფათში ხომ არ გაჰყო თავი?

თავაზამ ჩაიხითხითა.

– სადა თქმულა ბრძენის ხიფათი?

– შენ ხომ მპარავი ხარ? – ნურადინ ფრიდონს გუშინდელი ბიჭი გაახსენდა.

– ვისთვის ქურდი და ვისთვისაც ხელის მომნაცვლებელი. ბევრი კენჭი დაგრჩა მაგ ქისაში? ჩაიცვი ესა

ჭოტმა თითქოს კიდევ თქვა რაღაც.

მერე ისინი სადღაც მიდიოდნენ. თავაზა წინ უძღვოდა. ნურადინ ფრიდონი თავსაბურავს შიგნიდან ხედავდა – ფერი არ ჰქონდა ამ ქალაქს. ენახა ქალაქები სულ სხვადასხვა ფერისა. აქ ფერს ვერ ამჩნევდა. და მაშინ პირველად იფიქრა ნურადინ ფრიდონმა: “რად გინდა მთელი ქვეყანა? თუ ბაღდადში ზიხარ, რას გაჩუქებს ბითლისი? რად გინდა აქაური სპილენძის ფული, თუ ფეხებს ოქროს ტაშტში იბან?”

ქუჩები ქვისა იყო, ოღონდ თითქოსდა არც იყო ქუჩები, არამედ ქანდარბაზთაგან გაბმული თოკები, ვინაიდან ნურადინ ფრიდონს გაუჭირდა მათზე ფეხის მოკიდება და უდარდელი სვლა.

– საით გადმოკარგულა ალკაზ აქიმი? – ერთი მოიხედა უკან და დაინახა, რომ დაბლა გაფენილიყო მთელი ქალაქი. გარშემო კი ხის, გამომშრალი და თითქოს ნახანძრალი სახლები იდგა. ზუსტად ისე, ფქვილი რომ დაჰყარო, ქანდარბაზთა გაბმულ თოკზე. თითქოს ვიღაცას დაეფერხთა ეს ქუჩები, დალაგებული ერთს რომელსამე ხალიჩაზე და რაც შერჩენოდა, შერჩენოდა.

თავაზამ გასწია ერთ კარზე ჩამოფარებული უფერო ფარდა და უთხრა:

– აი, ჩაიხანა, იღლია ღვთისა. აქ დაველოდებით.

არავინ იყო მსახურის გარდა, რომელსაც დაიმახსოვრებდი ულვაშსავით გადაგრეხილი წარბებით. და მპარავმა უთხრა:

– თითო შესარგებული მოგვართვი.

ფიალები იყო უბრალო, დაბზარული, არც ქაშანური, არც ფაიფური, თიხა.

– კარგად ნადუღებია და დარიჩინიც ბლომად გაურევიათ.

– განა ჩაია?

– ამაზედ გემრიელი ჩაი მიწაზე არ იპოვება. ეს გახლავთ ჩაი ჩინმაჩინისა, თავშესაქცევი და გრილი.

– არ მინახავს ასეთი ჩაი.

– ჩინმაჩინისა გახლავს, – ამ სიტყვებზე თავაზამ თამამად მოხვრიპა ფიალიდან.

– ურჯულოთა სათრობს ხომ არ მთავაზობ? – ფიალას დააცქერდა ნურადინ ფრიდონი.

– სათრობი აქ იმდენია, რაღა ამ სიმაღლეს ამოვივლიდით?

და როდესაც შესვეს ხუთ-ხუთი ნაყენი ჩინმაჩინისა, ნურადინ ფრიდონს გულის ყაფაზის გამსხვრევა მოესურვა, აევსო გვამი იმგვარი ბედნიერებით, რომ აღარ უფიქრია, ჩაიხანაში იჯდა თუ სირაჯხანაში, თუმც კი არ გაეგონა, რაი არს სირაჯხანა.

– ეს გახლავს იღლია ღვთისა, – გაიმეორა თავაზამ და უთხრა – შუადღის ნიშანი უკვე იყო. სად არის აქიმი? ფარსაგი რამ არ მზადდებოდეს, ვინაიდან ხიფათია ცოცხალი ვეფხვის გაყვანა ბითლისიდან. ორი ათასი მარჩილი დაგიჯდება ეს საქმე.

– ქაიროს კარიბჭეს ჩამოღება… ზედ ნიშნის დასმას როდი ვამბობ. ვეფხვი… განა აქ არის? ორი ათასი, მარჩილი…

– მაშ რას ვუზივართ, აქა? მაგრამ თუ არ მოვიდა აქიმი, აქ მოვისვენებთ დაღამებამდე და მერე წავალთ.

– სადა?

– იქ, სადაც ვეფხვი აბია. მერე კი უნდა გაიხადო ეგ ჯვალო და შენი დამასკური ხმალი გამოაჩინო. ოღონდ ეგ არის, ეგ ქისა ახლა რომ შემალული გაქვს, შემტყობინებელს დარჩება.

– სად არის ესა?

– ერთი სასახლის თავლაში.

– განა ეს ისეთი ქალაქია, რომ ვეფხვზე ამხედრება ძალუძთ? ვეფხვი თავლაში! გამიგონია, ინდო მხარეში…

– თავლაც არ ეთქმის, თხების საჩეხი უფროა…

და როდესაც შესვეს ორ-ორი კიდევ, თავაზამ ბალიში შეუსწორა ფერდთან ნურადინ ფრიდონს:

– მოვისვენოთ ცოტა ხნით, ლაშქრობის წინა… ჰე-ჰე.

გაისმა ამ დროს ჟღერა თარისა და ქამანჩასი და წაიყვანა ამ ხმამ ნურადინ ფრიდონი ტკბილ სამყაროში.

– ქიღინავ! – დაიძახა თავაზამ, – ქიღინავ, ეგ გასანთლული თოკი აქ მოიტანე, ერთი კოხტად გავკოჭოთ ხალიფას ძმაი.

– ეს რა ქისაა? – სთქვა მსახურმა – ჰი, კენჭებით არის სავსე. ოქრო სად  ღაა?

– უშვი ხელი მაგ ქისას, – თავაზამ დამალა თავისი წყენა. – ოქრო და ვერცხლი მდინარეებად მოედინება, მხოლოდ ფაცერი დაგვრჩა გასამართი. აქ უდარაჯე, მე წავალ, ვნახავ, ხომ არ დამშრალა მარჩილის წყარო.

თავი მეათე

“ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი… ეს დიდი, ფირუზია, ქვემოთ კი ლალი, გარშემო იაგუნდების ბაღჩა გაუწყვიათ”, – ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი არც კი უსმენდა მის ლაპარაკს, თვალი გაჰქცეოდა საუცხოოდ გაწყობილ ჯიღისკენ, თავზე რომ ეხურა სტუმარს, – “ეს როდის იყო, ქრისტიანები რომ ამგვარი პატიოსანი თვლებით ირთავდნენ სამოსს? საჭურჭლეს წაწყდომია სადღაც”. მერე თალიბ თანი ათვალიერებდა მის ცვილით გაწყობილ, მოხდენილად გაწკეპილ შავ ულვაშს.

ვარსკვლავთმრიცხველი დააბნია ეგოდენ განთქმული და საშიშარი კაცის უცაბედმა სტუმრობამ. ღირსეული ვერც სკამი შესთავაზა, ვერც ბალიში.

– ბევრი უნდა გელაპარაკო, – უთხრა ჭაშნაგირმა, რომელსაც არავინ ახლდა და თუ ვინმე ახლდა, ქუჩაზე ელოდებოდა, – გაგიგონია, ვინცა ვარ

და ქისა დააგდო მაგიდაზე:

– კიდევ ორ ასეთს მიიღებ, თუ დაწვრილებით ილაპარაკებ.

თალიბ თანს, ჩვეულებისამებრ, მოუსვენრობამ აურია გონება, ისეთი ხმაურობა ასტეხა მის თავში, რომ აღარაფერი ესმოდა.

– ამ სარკმლიდან უყურებ ცას?

– მეორეც არის, – მიუგო ვარსკვლავთმრიცხველმა დაგვიანებით. – ანდა… აი, აქ, ბანს გადავხდი ხოლმე…

– რა ნიშნებს მეტყვი? ნიშნები მსურს ვიცოდე ქვეყნისა, დღევანდელ საღამოსი და ჩემი… ნიშნები ამ ქალაქის თავზე.

– ამისთვის საჭიროა შენი ვარსკვლავი, მოწყალეო ვაზირო, – თქვა თალიბ თანმა და გადასწვდა იმ დღის ჩანიშნულებს.

– ჩემი ვარსკვლავი? – გაოცდა ჭაშნაგირი. – იცნობ მეფის ვარსკვლავთმრიცხველ ალ აფარს? იმას არასოდეს უკითხავს ჩემი ვარსკვლავი.

– ჩანს, იცის… მეფეთა ოთახებში მრავალი ქაღალდია შენახული.

– არ ვიცი ჩემი ვარსკვლავი, – გუნება წაუხდა მუშტარს, – ის მაინც მითხარი წვრილად, ქალაქისა რა იცი, ქვეყნისას რას გამცნობენ მაღლა დალაგებული ნიშნები? და მეტად გარკვევით მელაპარაკე. რატომ ლუღლუღებ, განა ვინმე გაბრალებს რამეს?

– აქ ჩააცქერდი, – გამოერკვა თალიბ თანი და ფარატინი გაუშალა წინ. – ზოგ კაცს იოლად დაატარებს თავისი ვარსკვლავი, ზოგსაც ნაკლებად. ვისაც იოლად მოერევა, იმისი ცხოვრება და იღბალი ვარსკვლავის საჭეს მიჰყვება.

– შენ რა მეფსალმუნე ბერსავით მაშინებ? ვიცი ეს ლაპარაკი. თუკი უფლის სახელსა სცნობ ფარად და საქმედ შენად, აღარ უნდა გჭირდებოდეს მისნებთან სიარული. დიდი ცოდვაა ესა. მაგრამ, აი, ამ ქისებსაც ტყუილად არ ვარიგებ. შენ გეტყვი, თალიბ თან, ეგებ ერთადაც ჩავეფლოთ სადმე კუპრში, მაგრამ მანამდე საჭიროა ჩემთვის მაგ ვერაგ მნათობთა ფიქრების ცოდნა. მეფეს სჭირდება ასე, რადგან ცხოვრება განუწყვეტელი ცვლილება არის და მხოლოდ სამეფო ფიქრით ვერ გასწვდები ხვალინდელ დღეს.

– მე სხვა რჯულის ვარ, – თქვა თალიბ თანმა, – ჩვენ ვერ შევხვდებით იქ…

– სად არის საზღვარი ჩვენს რჯულთა შორის? გამიგონია, რომ რჯულთა საზვარი არ არსებობს. ჩემთვის ჩემი რჯულია ერთი და უსაზღვრო, სულტნისთვის მისი. მაგრამ მიწაზე ჩვენ საზღვარი გვაქვს, ეგებ არცა სჩანს ეს საზღვარი, მაგრამ თავს ვერ დაიმალავს. აი, ამიტომ მოვედი აქა…

– რჯული უსაზღვროა, როგორც ცა… ამ ქალაქისა კი შემიძლია გითხრა ხვალის ამინდი…

– სხვა არაფერი?

– ამინდიდან მოგახსენებ ბევრის განწყობას. ვარსკვლავთაგან – თითოეულისას. გუშინ თან ვდევდი ამირას ვარსკვლავს. მისი ამბავი შემიძლია წარმოვსახო.

– მითხარი, თუმც, ჩემი მერჩივნა გამეგონა…

– შენი ვარსკვლავი…

მერე ჭაშნაგირი შემწვარ ბეჭს შეექცეოდა, ორ თითს ალბობდა ძმარში, მარილში ამოუსვამდა და ზემოდან გაუსვამდა ხორცს. შემოდგომისას ფიქრობდა. მეფესთან თათბირობა იმგვარ სურათებს სთავაზობდა, რომ შემოდგომამდე ვერაფერს გაამოძრავებდა ამ ქალაქში. ყრმა მეფე ჭკვიანი იყო, კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ მისი მრჩევლები, მოხუცნი. ან სად შეენახათ აგრე კოხტად თავიანთი თეთრი წვერები. ძნელბედობის ნავაზირალნი იყვნენ, მაშინ ხომ ბევრს წიწკნიდნენ წვერსა, ჩირაღდანსაც კი მიატაკებდნენ ზედა და გატრუსავდნენ, რათა ახალი წვერის მოზრდამდე ბნელში დაეტოვებინათ. წვერშეტრუსულნი ხომ არ გამოვიდოდნენ გარეთ? ეს მათ მოიფიქრეს – ამბავი ბითლისისა. მომარხულე ბებერმა მრჩევლებმა. აჰა, რამდენი ხანია უკვე, ნაბიჯ და ნაბიჯ. ეს მათ ამოირჩიეს ჭაშნაგირი სხვათა შორის, მას დაავალეს დაქრთამვა და მოთაფლვა მთელი ბითლისისა, რაიც აღსრულდა დიდებულად, იმგვარად, რომე ვერავინ იტყოდა ამ ქალაქში ამირა არის ამირაო. და ბოლო წყრთა, სულ ორიოდე წყრთა, რათა ბითლისი სამუდამოდ მოსწყდეს უშველებელ საბრძანებელს სულტნისას და იქმნას იმად, რაც იყო. ნაბიჯ და ნაბიჯ, ყრმა მეფე სწმენდდა თავის სამფლობელოს. ერთი დიდი რკინის ცოცხით აღეგავა ყოველი მტერი და მოშურნე მისი გვარისა და ქმნიდა ქვეყანას. ამ მიკარგულ ქვეყნის შუაგულში კი იდო ქალაქი – იდო ბითლისი თავის ჭიშკრითა და სულტნის ბეჭდით.

ეგებ სულტანს აღარც კი ახსოვს ამგვარი ქალაქის არსებობა?

სავსეა იგი ყოველგვარი სიკეთით, მაგრამ წაშლილა ბაღდადის ქაღალდებში. და ვინ არის ახლა სულტნად?

1 2 3 4შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button