ბიოგრაფიული

კარლ იუნგი

“კარლ გუსტავ იუნგის ცხოვრება, მოღვაწეობა”

კარლ გუსტავ იუნგი – დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში. იუნგი იხსენებდა, რომ მამა, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, მაგრამ შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიათებს. საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მის პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცაღა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა. ბავშვობიდანვე გულჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით “ინტროვერტი” უწოდა.

იუნგს მამამ ლათინური ასწავლა, დედამ კი მსოფლიოს ეგზოტიკური რელიგიები გააცნო ილუსტრირებული საბავშვო წიგნიდან, რომელშიც ყველაზე მეტად მას ინდური ღმერთების ისტორიები იტაცებდა. კარლ იუნგი იხსენებდა, 1887 წლის ზაფხულში, როდესაც ის 12 წლის იყო, მეგობარმა წააქცია, რის გამოც გონება დაკარგა. ეს შემთხვევა მას სკოლის გაცდენის მიზეზის მოძებნაში დაეხმარა. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც დავალების დაწერას ავალებდნენ, მშობლებს ატყუებდა თითქოს გული მისდიოდა და ცუდად იყო. ექიმებმა იფიქრეს, რომ ბავშვს ეპილესია სჭირდა, რაც დამატებით 6 თვიანი დასვენების მიზეზი გახდა. მოგვიანებით მან ყური მოკრა მამამისის საუბარს სტუმართან. მამას ძალიან აღელვებდა შვილის მომავალი, ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ვერასდროს მოახერხებდა მუშაობას და საკუთარ თავზე სრულყოფილად ზრუნვას. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ახალგაზრდა იუნგის ცხოვრებაში. ის უფრო სერიოზული გახდა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად შრომისმოყვარე იქნებოდა, დაიწყო ლათინურის მეცადინეობა. თავდაპირველმა მონდომებამ ძალიან დატვირთა მისი ორგანიზმი, მაგრამ მისმა მონდომებამ დაძლია ტრავმა. მალე სკოლაშიც დაბრუნდა.

თავდაპირველად იუნგმა მედიცინის სწავლა გადაწყვიტა, რაზეც შესაძლოა გავლენა იქონია მისმა ბაბუამ, რომელიც ქირურგი იყო. იუნგმა დაამთავრა ბაზელის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნაპოვნმა წიგნმა, რომელიც სპირიტუალისტურ მოვლენებს შეეხებოდა, სრულიად შეცვალა მისი ინტერესის სფერო. ამჯერად იუნგი ფსიქიატრიით დაინტერესდა. ის ეცნობოდა არსებულ ლიტერატურას და დროთა განმავლობაში დარწმუნდა, რომ ფსიქიატრია უნდა გამხდარიყო მისი ცხოვრებისეული მიზანი. 1900-1906 წლებში იუნგი მუშაობდა ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში ცნობილი ფსიქიატრის ე. ბლეილერის ასისტენტად. 1903 წელს კარლ იუნგმა დააარსა ლაბორატორია ექსპერიმენტული ფსიქიატრიისთვის. 1909 წლიდან მან მიატოვა ეს ლაბორატორია, რადგან კერძო პრაქტიკას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა.

1900-1913 წლებში იუნგი თანამშრომლობდა ფროიდთან. ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. იგი იყენებდა ფროიდის მიერ შემოღებულ თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას. ფროიდს და იუნგს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდათ, სადაც ორივენი დიდ აღტაცებას და პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი. იუნგი ფროიდს პირველად 1907 წელს შეხვდა. მათი პირველი შეხვედრა 13 საათს გრძელდებოდა.

ექიმი ფსიქიატრი იუნგი უკვე აღრმავებდა თავისუფალი ასოციაციების მეთოდს როგორც პაციენტთა კომპლექსებთან მიმყვან გზას. (თავისუფალი ასოციაცია: ფსიქოანალიტიკური მეთოდი რომლის თანახმადაც იმან ვისაც აანალიზებენ უნდა გამოხატოს და გამოთქვას ყველაფერი რაც მოუვა თავში რაიმეს უარყოფის გარეშე. არაცნობიერ ელემენტებს ავლენს სპონტანური კავშირი აზრებს შორის). ფროიდი იუნგს როგორც საკუთარ მემკვიდრეს აღიქვამდა, რომელსაც შეეძლო ფსიქოანალიზის მშენებლობის გაგრძელება. მათმა მეგობრობამ შეუწყო ხელი იუნგის დაწინაურებას და გაუთქვა სახელი იუნგს.

1910 წელს იუნგი გახდა ფსიქოანალიზის საერთაშორისო საზოგადოების პირველი თავმჯდომარე და ფსიქოანალიტიკური ჟურნალის რედაქტორი. 1904 წელს იუნგნმა გაიცნო პაციენტი საბინა შპილრეინ-შეფტელი, რომელთანაც შემდგომ ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა.

1911 წელს იუნგი გამოვიდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან და უარი თქვა თავის პრაქტიკაში ფსიქოანალიზის ტექნიკის გამოყენებაზე. მან შეიმუშავა საკუთარი თეორია და თერაპია, რომელსაც მან “ანალიტიკური ფსიქოლოგია” უწოდა. თავისი იდეებით მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში, არამედ ანთროპოლოგიაში, ეთნოლოგიაში, კულტუროლოგიაში, რელიგიის შედარებით ისტორიაში, პედაგოგიკასა და ლიტერატურაში. “ანალიტიკურ ფსიქოლოგიას ზოგი განიხილავდა როგორც დასავლეთის იოგას, ანუ ღმერთთან კავშირს, განთავისუფლების გზას, რაც კარლ იუნგზე აღმოსავლური ფილოსოფიისა და რელიგიის დიდ გავლენაზე მეტყველებს

1922 წელს იუნგმა ბოლინგენში ციურიხის ტბის ნაპირთან (კიუსნახტში საკუთარ სახლთან ახლოს) შეიძინა მამული და წლების განმავლობაში აშენებდა ე.წ. კოშკს. თავდაპირველად მას პრიმიტიული მრგვალი ქვის საცხოვრებლის სახე ჰქონდა. 1956 წელს კოშკმა მიიღო ერთგვარი პატარა ციხის სახე, ორი კოშკით, კაბინეტით, შემოღობილი ეზოთი.

მიუხედავად იმისა, რომ იუნგი აღიარებდა ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში არ ეთანხნმებოდა. იუნგის მონაყოლის მიხედვით, მათ ურთიერთობაში კრიზისი დაიწყო 1909 წლის გაზაფხულზე, ფროიდთან სტუმრობის დროს მომხდარი ინციდენტის გამო. იუნგი იხსენებს, რომ სტუმრობისას მან მეგობარს აზრი ჰკითხა პარაფსიქოლოგიაზე, რაზეც ფროიდს ტიპური მატერიალისტის პასუხი ჰქონდა. ასეთმა რეაქციამ იუნგი ძალიან გაანაწყენა, როგორც ის აღწერს ამ მომენტში იგრძნო დიაფრაგმის საოცარი წვა და ორივემ გაიგონა ტკაცუნის ხმა წიგნის კარადიდან. იუნგმა ფროიდს უთხრა, რომ ეს იყო იდეალური მაგალითი პარანორმალური მოვლენებისა, რაზეც თანხმობა არ მიიღო. მისი აზრით ეს ხმა ორი ანალიტიკოსის შეხვედრის შედეგად წარმოქმნილმა ენერგიამ გამოიწვია. იუნგმა ივარაუდა, რომ რამდენიმე წამში ხმა განმეორდებოდა, რაც გამართლდა კიდეც. ფროიდი გაოცებული იყო და ამის შემდეგ გაუჩნდა უნდობლობის გრძნობა მეგობრის მიმართ. იუნგი ამ ფაქტს „კოლექტიური არაცნობიერის“ არსებობით ხსნიდა და ასეთ მოვლენებს სინქრონია დაარქვა.

მეორე პრობლემა გაჩნდა 1910 წელს, როდესაც ფროიდი ეცადა თავისი თეორია დაეპირისპირებინა ოკულტიზმისთვის, მაგრამ კარლ იუნგის თქმით, ამ მცდელობას მეცნიერებასთან კავშირი არ ჰქონდა და ფროიდის ამბიციით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ამ გაუგებრობისა, მათი მეგობრობა 1913 წლამდე გაგრძელდა. მიაჩნიათ, რომ მათი განხეთქილების მთავარი მიზეზი გახდა იუნგის ნაშრომი „ლიბიდოს მეტამორფოზები და სიმბოლოები“. ნაშრომში იუნგი უარყოფს ლიბიდოს ფროიდისეულ ინტერპრეტაციას უარყოფს.

იუნგი არაცნობიერის ღრმად შესასწავლად მოგზაურობდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ა.შ.შ-ში. მექსიკაში, კენიაში, ინდოეთში. ინდოეთში მას მიანიჭეს პანდიდის (გაცისკროვნებული, ბრძენი კაცი) წოდებას. იუნგი დაინტერესდა დაოიზმით, ბუდიზმით, აღმოსავლური ფილოსოფიით.

1921 წელს გამოვიდა მისი წიგნი “ფსიქოლოგიური ტიპები”, სადაც მან პირველად ჩამოაყალიბა ექსტრავერსიის და ინტროვერსიის ცნება, რომელმაც მყარად დამკვიდრდა ფსიქოლოგიაში. 1933 წელს იგი საერთაშორისო ფსიქოთერაპიული საზოგადოების პრეზიდენტია. 1933 წლიდან იგი საერთაშორისო ინტელექტუალური საზოგადოების “ერანოსის” ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელია. “ერანოსში” იგი იწყებს ყოველწლიური ლექციების ჩატარებას, სადაც ევროპის გამოჩენილი მეცნიერები, ფილოსოფოსები იკრიბებიან.

1935 წელს, იუნგი ციურიხში დაინიშნა შვეიცარიის პოლიტექნიკური სკოლის ფსიქოლოგიის პროფესორად. ამავე პერიოდში იგი გახდა შვეიცარიის გამოყენებითი ფსიქოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 1933-1942 წლებში ასწავლიდა ციურიხში, ხოლო 1944 წლიდან – ბაზელში. 1933-1939 წლებში გამოსცემდა “ფსიქოთერაპიისა და მონათესავე სფეროების ჟურნალს» (“Zentralblatt für Psychotherapie und ihre Grenzgebiete»), რომელიც მხარს უჭერდა წმინდა რასის შესახებ ნაცისტების ნაციონალურ და საშინაო პოლიტიკას, ხოლო “Mein Kampf”-დან ნაწყვეტები ნებისმიერი სტატიის სავალდებულო პროლოგი გახდა. ომის შემდეგ, იუნგმა შეწყვიტა ჟურნალთან თანამშრომლობა, ხოლო თავის ლოიალობას ჰიტლერის მიმართ ხსნიდა დროის მოთხოვნებით. 1948 წელს ერთ-ერთ მიცემულ ინტერვიუში ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გასამართლებლად მას გასამართლებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ “1933 წლიდან 1945 წლამდე პერიოდში მის კოლეგებს, მეგობრებს და პაციენტებს შორის ბევრი იყო ებრაელი”. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი მას ადანაშაულებდა ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობას, ჰაიდეგერისაგან განსხვავებით, იგი არასოდეს დაუგმიათ ოფიციალურად, და ჩვეულებრივ აგრძელებდა უნივერსიტეტში ლექციების კითხვას.

ამ პერიოდის პუბლიკაციებს შორის აღსანიშნავია: “მე-სა და ქვეცნობიერს შორის ურთიერთობა” («Die Beziehungen zwischen dem Ich und dem Unbewussten», 1928), “ფსიქოლოგია და რელიგია» («Psychologie und Religion», 1940), “ფსიქოლოგიის და განათლების შესახებ” (“Psychologie und Erziehung », 1946), “ქვეცნობიერის სახეები” (“Gestaltungen des Unbewussten”, 1950), “სულის სიმბოლიზმი” (“Symbolik des Geistes”, 1953), “ცნობიერების წარმოშობის შესახებ” (“Von den Wurzeln des Bewusstseins”, 1954).

1948 წლის აპრილში ციურიხში შეიქმნა კარლ იუნგის ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობდა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მისი მეთოდის მხარდამჭერებმა ინგლისში ჩამოაყალიბეს ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოება და სხვა მსგავსი საზოგადოებები ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესში), ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კარლ გუსტავ იუნგის გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1961 წლის 6 ივნისს, კიუსნახტში. დაკრძალეს ქალაქის პროტესტანტული ეკლესიის სასაფლაოზე.

***

კარლ გუსტავ იუნგი ასოციატიური ექსპერიმენტის შემქმნელია, ექსტრავერსიის და ინტროვერსიის ცნებების ჩამომყალიბებელი. მან შემოიღო არქეტიპის, კომპლექსის, კოლექტიური არაცნობიერის, ანიმუსის, ანიმის, პერსონს, თვითობის და ინდივიდუაციის ცნებები, რაც ძალიან დიდს ნიშნავს ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების განვითრებაში.

ფსიქიკის სტრუქტურა

იუნგის მიხედვით ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა მოიცავს 2 ფუნდამენტურ სფეროს: ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკა. ცნობიერება უმეტესად აღქმისა და გარემოში ორიენტაციის პროდუქტია, მაგრამ იუნგის აზრით, იგი არ შედგება მხოლოდ გრძნობითი მონაცემებისაგან, როგორც მე-19 საუკუნის ფსიქოლოგიას მიაჩნდა, არამედ ცნობიერება გამომდინარეობს არაცნობიერიდან. აქ ფროიდისა და იუნგის აზრები ერთმანეთისაგან გაყოფილია, კერძოდ, ფროიდი თვლიდა, რომ არაცნობიერს ქმნის ცნობიერი. ამის საპირისპიროდ იუნგი თვლის რომ არაცნობიერი ქმნის ცნობიერს და არაცნობიერს აქვს საკუთარი ავტონომნიური არსებობა. იუნგი ცნობიერებაში ანსხვავებს ორ ორიენტაციას: ექტო და ენდო ფსიქიკურ ფუნქციებს. რომ გაერკვე გარემოში უნდა გქონდეს ცნობიერება მიმართული გარეთ და შიგნით.

ექტოფუნქციებში შედის შეგრძნებები, აზროვნება, გრძნობები, ინტუიცია.

შეგრძნებები გულისხმობს საგნების არსებობის აღქმას (ამბობს რომ რაღაც საგანი არსებობს).

აზროვნება სწავლობს ამ საგანს, მსჯელობით შეიმეცნებს მას და ცნებას აყალიბებს (ამბობს რომ ეს არის საათი).

გრძნობა აფასებს საგანს იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობებს იწვევს იგი მასში (კარგი ან ცუდი საათია).

ინტუიცია – რადგანაც საგნები არსებობენ დროში და მათ აქვთ წარსული და მომავალი, მათზე ორიენტაცია ხორციელდება წინათგრძნობით, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამას მომავალში.

ეს ოთხი ფუნქცია ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით. გრძნობა და აზროვნება არის რაციონალური, ხოლო შეგრძნებები (აღქმა) და ინტუიცია არის ირაციონალური. იუნგი ირაციონალურში უმთავრესად გულისხმობს, რომ ინტუიცია და შეგრძნება რაციოს ფარგლებს გარეთაა. ჩვენ არ ვფიქრობთ და არ ვმსჯელობთ როცა აღვიქვამთ. ინტუიციის დროსაც ჩვენ არ ვფიქრობთ. იგი თავისით მოდის.

თუ აზროვნება (ინტელექტი წამყვანია), მაშინ მისი საპირისპირო მხარე გრძნობა განუვითარებელია. თუ ინტუიციაა წამყვანი, მაშინ შეგრძნებაა განუვითარებელი. ძლიერ ინტელექტუალურ ადამიანებში გრძნობები გროტესკული სენტიმენტალობის ფორმას ღებულობს, ხოლო გრძნობით ტიპებში ბრიყვი ინტელექტუალური შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით ვლინდება.

იმის მიხედვით თუ საითკენ არის მიმართული ჩვენი ინტერესი ანუ ლიბიდო, ადამიანი ცხოვრობს ან გარეგნულით ან შინაგანად. აქედან გამომდინარე, იგი ან ექსტრავერტია, ან ინტროვერტი.

ექსტრავერტის ლიბიდო, ანუ სასიცოცხლო ინტერესები საზრდოობს გარეგანი ობიექტებით. ინტროვერტს სასიცოცხლო ინტერესები, ლიბიდო, ენერგია მოსდის შინაგან სამყაროში ჩაღრმავებით. ექსტრავერტებს ახასიათებს გახსნილობა გარე სამყაროსთან, ხოლო ინტროვერტებს პირიქით – კონცენტრირება საკუთარ თავზე. ინტროვერტები არ არიან დამოკიდებულნი ობიექტზე. იუნგის მიერ შემოღებული ექსტრავერტის და ინტროვერტის ტერმინები ფსიქოლოგიური ტიპების აღწერისათის არ არის დოგმატური. მაგალითად, მაჰათმა განდი იყო ასკეტი (ინტროვერტი), ამავე დროს პოლიტიკოსიც (ექსტრავერტი).

როდესაც ფსიქიკის ოთხ ფუნქციას გავამრავლებთ ექსტრავერტზე და ინტროვერტზე მივიღებთ 8 ფუნქციას, ადამიანის 8 მახასიათებელს, ხოლო თუ რომელია დომინანტი ფუნქცია, მაშინ 16 ფუნქციას. შეიძლება ადამიანი იყოს ინტუიციური ტიპის (ექსტრავერტი ინტუიციური, ინტროვერტი ინტუიციური), ექსტრავერტი მოაზროვნე, ინტროვერტი მოაზროვნე, ექსტრავერტი გრძნობითი ტიპი, ინტროვერტი გრძნობითი ტიპი, შეგრძნებითი ექსტრავერტი, შეგრძნებითი ინტროვერტი.

ერთერთი იუნგიანელი ასე აღწერს ამ ტიპებს, რომლებიც წარმოსახვით წვეულებაზე უნდა მოვიდნენ: შესანიშნავი დიასახლისი გრძნობითი ექსტრავერტია, მისი მეუღლე, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი და ანტიკური ფერწერის ექსპერტი, წყნარი ჯენტლმენი შეგრძნებითი ინტროვერტია. ისინი უმასპინძლდებიან სტუმრებს. პირველი სტუმარი ნიჭით დაჯილდოვებული ადვოკატი, მოაზროვნე ექსტროვერტია. მეორე სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი შეგრძნებითი ექსტროვერტია, თავის ცოლთან ჩუმ ენიგმატურ მუსიკოსთან შეგრძნებით ინტროვერტთან ერთად. მათ მოჰყვება გამოჩენილი მეცნიერი, მოაზროვნე ინტროვერტი, რომელიც ცოლის, მისი ყოფილი მოსამსახურის გრძნობითი ექსტრავერტის გარეშე მოვიდა. აქ არის ცნობილი ინჟინერი, ინტუიტიური ექსტრავერტი. ყველა ამაოდ ელოდებოდა პოეტს ინტუიციურ ინტროვერტს, რომელსაც საერთოდ დაავიწყდა რომ მოპატიჟებული იყო (ინტუიციური ინტრივერტი ვერ ერკვევა, შეიძლება გასაღები დაკარგოს, რაღაც დარჩეს იმდენად ჩაღრმავებულია საკუთარ თავში).

ცნობიერი სფერო ექტოფსიქიკური ფუნქციებით არ შემოიფარგლება, მისი ენდოფსიქიკური მხარე მოიცავს მეხსიერებას, სუბიექტური ფენომენები, აფექტები და ინვაზიები (ფსიქიკაში უცებ აღაცის შემოჭრა, არ ვიცით რატომ).

მეხსიერება ხელს უწყობს არაცნობიერის რეპროდუცირებას

იუნგის აზრით, ფროიდი ზედმეტ ყურადღება აქცევს თავის თეორიაში სექსუალურობას და გადაწყვიტა ლიბიდოს ცნება უფრო გაეფართოებინა. იუნგისეული გაგებით ლიბიდო არის არა მხოლოდ სექსუალური არამედ საერთოდ სასიცოცხლო ფსიქიური ენერგია. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.

კარლ იუნგი არ ეთანხმებოდა კომპლექსების ფროიდისეულ ახსნას. მისი აზრით, ფროიდმა მთელი თავისი თეორია დააფუძნა ლიბიდოზე და ოიდიპოსის კომპლექსზე რომლებიც კვებავენ ყველა მის დემონსტრაციას და განსაკუთრებით ნევროზის დემონსტრაციას (ლიბიდო: სექსუალური ენერგია. ის მოიცავს ადამიანის სექსუალობას ბავშვობიდან სრულწლოვანებამდე და მის გავლენას ფსიქიზმზე; ოიდიპოსის კომპლექსი: ფროიდის აზრით ოიდიპოსის კომპლექსი არის ინდივიდის ფსიქიური კონსტრუქციის ცენტრალური მოვლენა. პატარა ბავშვს უნდა საწინააღმდეგო სქესის მშობელი და მას სძულს მისი მოწინააღმდეგე,მისი სქესის მშობელი. ამ ურთიერთობაში სიმბოლიზებული წადილების განცდა დიდ გავლენას მოახდენს მომავალ ურთიერთობებზე). იუნგი არ იზიარებს იმ აზრს რომლის თანახმადაც ლიბიდო როგორც სექსუალური ენერგია უნდა იყოს ფსიქიური განვითარების ცენტრალური კონცეფცია

იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია:

  • ეგო-ცნობიერების ცენტრი, პასუხს აგებს იდენტობაზე
  • პირადი არაცნობიერი-განდევნილი და დავიწყებული განცდები
  • კოლექტიური ქვეცნობიერი-წინაპრებისა და ადამიანამდე არსებული ცხოველისგან მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება

სადაც ახდენდა რელიგიური მითების და ლიტერატურების შედარებას. მან შესძლო კულტურათა მრავალფეროვნების უკან არსებული წარმოსახვის უნივერსალური, საყოველთაო სტრუქტურების ჩვენება. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც მოტივირებულია ადამიანის ქცევა. არქეტიპები კოლექტიურ არაცნობიერში არსებული აზროვნების უნივერსალური ფორმები, ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არც ჩვენი მოგონილი სახელებია და არც ფილოსოფიური ცნებები. ეს სიცოცხლის ნაწილებია, ხატები, რომლებიც გადაჯაჭვულია ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთან.

პერსონა არის ადამიანის ნიღაბი სოციალურ ურთიერთობებში. ანიმა და ანიმუსი – ადამიანში არსებული საპირისპირო სქესის არქეტიპია. ჩრდილი – ცხოველური ინსტიქტები. თვითობა – ადამიანის ცხოვრების აზრი.

ამ ცნებათა სისტემად გაერთიანების საქმეში იუნგს დაეხმარა საკუთარი კვლევები კულტურისა და რელიგიის ისტორიაში, ასევე მისი უმდიდრესი ფსიქო-თერაპიული პრაქტიკა.

იუნგმა შემოიღო ეკვივალენტობის და ენტროპიის პრინციპი. ეკვივალენტობის პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე ფასეულობა სუსტდება ან იკარგება, ფსიქიკური ენერგიის რაოდენობა არ იკარგება, იგი აღსდგება სხვა ფასეულობასთან ერთად. ენტროპიის პრინციპის მიხედვით, ფსიქიკაში ენერგიის განაწილება მიისწრაფის ბალანსისკენ, თანასწორობისკენ.

იუნგის მიხედვით არსებობს აზროვნების ორი ტიპი _ ლოგიკური და ინტუიციური. ლოგიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მიმართება გარე სამყაროსთან. იგი განსჯითა და გააზრებით მიმდინარეობს, რაც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას საჭიროებს. პირველ რიგში მასთან დაკავშირებულია მეცნიერება, ტექნიკა, ინდუსტრია, რაც რეალობის კონტროლის იარაღია. მხატვრული შემოქმედებისთვის, მითოლოგიისა და რელიგიისთვის კი აუცილებელია ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი წარმოსახვის უნარი. ასეთი აზროვნება არახელსაყრელია გარე სამყაროსთან შეგუებისთვის, რადგან იგი სცილდება რეალობას და გადადის ფანტაზიისა და ოცნების სამყაროში.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუნგის განკარგულებაში იყო უნიკალური დარბაზი ღია ცის ქვეშ ლაგო მაჟორის მახლობლად, სადაც ყოველ წლიურად თავს იყრიდნენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალფეროვანი მოხსენებებითა და დისკუსიების გასამართავად, რომლებიც ეხმიანებოდა იუნგის მოსაზრებებს. სიცოცხლის ბოლო წლებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი შრომები პირველად სწორედ ამ შეკრებებზე წარმოადგინა სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

აღსანიშნავია ასევე იუნგის პარანორმალური თვისებებისადმი მიდრეკილება. მაგალითად, მას ღამით გამოაღვიძა თავის ტკივილმა, როგორც გაირკვა დილით დაახლოებით იმავე დროს მისმა ერთერთმა პაციენტმა მოიკლა თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლით. ასევე იუნგისა და ფროიდის პირველი შეხვედრისას, ორივე ფსიქოლოგმა მკაფიოდ გაიგონა რაღაც ძლიერი ხმა, რომელიც წიგნების კარადის მხრიდან მოისმოდა. იუნგმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ორი ანალიტიკოსის შეხვედრის შედეგად წარმოქმნილი ენერგია იყო და რომ ის განმეორდებოდა და მართლაც ხმა განმეორდა. შესაძლოა ეს ყოველივე დამთხვევა იყო, მაგრამ იუნგი თვლიდა, რომ ეს იყო კოლექტიური არაცნობიერის გამოხატულება და ასეთ მოვლენებს სინქრონია დაარქვა. ასევე აღსანიშნავია, რომ იუნგის სიკვდილის ღამეს რამდენიმე მისმა მოწაფემ ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი ნახა.

მოამზადა თენგიზ ვერულავამ

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button