7 საუკუნის წინ გაუჩინარებული იდუმალი ტომი, რომელიც ამოუხსნელ უნარს ფლობდა
უგანდის დედაქალაქ კამპალაში, ლუზირის ბორცვზე განლაგებულ ციხეში პატიმრები საძირკვლის ქვეშ სარდაფს თხრიდნენ. ეს ამბავი თითქმის ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. ეს დავალება მათ ციხის ადმინისტრაციამ მისცა, რომელსაც დამხმარე სათავსოების მოწყობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მიწის თხრის დროს ერთი პატიმრის წერაქვი მოულოდნელად მკვრივ საგანს მოხვდა – ეს იყო ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულება. ნაპოვნი კერამიკული ფიგურის ნაწილი აღმოჩნდა. იქვე იპოვეს სხეულისა და კიდურების ფრაგმენტებიც. შავკანიანმა ტუსაღებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს: ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ნაპოვნი სკულპტურა უბედურებას მოასწავებდა.
ფიგურა უცნაური აღმოჩნდა – თავი წინ გამოწეული ნიკაპით, უცნობი რასის ცხვირით, ვარცხნილობით, რომელიც საოცრად წააგავდა მოსამართლის პარიკს და თავზეც თითქოს პატარა ბალიში ედო.
გათხრების ადგილას თავების სხვა გამოსახულებებიც იპოვეს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ეს ნაკეთობები წააგავდა იდუმალებით მოცულ კიდევ ერთ ადგილას – ბიგტო-ბია-მუგენიში (ანუ მუგენის ფორტში) აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს.
მუგენის ფორტი უგანდის დასავლეთში არსებული მდინარის, კატონგის ნაპირას განლაგებული ძველი გამაგრებული ადგილის ნანგრევებია. ლეგენდის თანახმად, მუგენიში ბაჩვეზის ტომი ცხოვრობდა, რომელთა სახელიც იდუმალების საფარველში იყო გახვეული. ისინი თავიანთი ცოდნითა და უნარებით ყველა მეზობელ ტომს აკვირვებდნენ და ისეთ რამეებს სჩადიოდნენ, რასაც, აფრიკელების თქმით, ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ გააკეთებდა – თავისუფლად გადაევლებოდნენ ტბას, ადიოდნენ უმაღლეს მწვერვალებზე, კურნავდნენ ნებისმიერ ავადმყოფობას. იცოდნენ ისეთი მოვლენების შესახებაც, რომლებიც იმ ადგილებიდან ძალიან შორს ხდებოდა.
ბაჩვეზის ტომის ისტორია უეცრად შეწყდა, ისინი მოულოდნელად გაუჩინარდნენ. სამაგიეროდ, მათი შენობების ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგებმა იპოვეს ნივთები, რომლებიც დროით ემთხვეოდა ბაჩვეზის ხანას, მაგრამ სრულიად განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა ცნობილი ნაკეთობებისგან.
ვერტიკალური ორმოების რაოდენობა დაახლოებით ორასამდეა. მათი სიგანე მეტრ-ნახევრია, სიღრმე სამიდან სამოცდაათ მეტრამდე და მათი უმეტესობა მთლიანად კლდოვან ქანებშია ამოკვეთილი. ორმოები გარკვეული წესრიგით არის განლაგებული და არ იძლევა არავითარ პასუხს კითხვაზე, როგორც შეიძლებოდა აფრიკელთა რომელიმე ტომს ისინი ამოეკვეთა – მათ საამისო იარაღები არ გააჩნიათ და არც არასოდეს ჰქონიათ.
სად გაქრნენ ეს ადამიანები? მეცნიერებს პასუხი დღემდე არ აქვთ. შემორჩენილ თიხის ფიგურებს შორის ყველაზე უკეთ შემონახული სწორედ „ლუზირელი ადამიანის“ თავია. ძნელი სათქმელია, რამდენად ჰგავს სკულპტურა მის შემოქმედ ტომის ხალხს, მაგრამ ის მაინც სიმბოლოა, რომელიც ამოუხსნელი ცოდნის მფლობელი ადამიანებისგან შემოგვრჩა.
ბაჩვეზის ტომმა დაახლოებით XIV საუკუნისთვის შეწყვიტა არსებობა, მაგრამ შავკანიანთა შორის თაობიდან თაობას გადაეცემოდა თქმულებები თეთრკანიან მძლავრ ხალხზე. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 1863 წელს ევროპელების გამოჩენამ უგანდელები ლამის შოკში ჩააგდო – ზანგებმა ისინი ლეგენდარულ ბაჩვეზებად მიიღეს!
წყარო: etanews.ge