როგორც ჩემი მოთხრობის გმირს – ლექსოს, ისე ყველა ადამიანს, მთელი ცხოვრების მანძილზე გვერდიდან არ გვშორდება მფარველი ანგელოსი, რომელიც კეთილი საქმეებისკენ გვიბიძგებს და სიყვარულით გვითბობს გულს. მთავარია, შევიგრძნოთ და მივიღოთ მისი ძალა და მადლი, მივენდოთ და ამ სიყვარულით ჩვენც გავთბეთ და სხვაც გავათბოთ.
ცისა და ლექსო გვამცნობენ: გვიყვარდეს მოყვასი და ჩვენც შეგვიყვარებს უფალი! სიყვარული და სიკეთე – აი, ლექსოს საოცარი სულიერების წარმატების გასაღები, რომელიც მან ცისასგან – მისი მფარველი ანგელოსისგან მოიპოვა. სწორედ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება დავძლიოთ და გამოვასწოროთ ჩვენი უარყოფითი თვისებები თუ შეცდომები.
თუ ჩემი თითოეული პატარა მკითხველი ლექსოსგან თუნდაც ერთ თვისებას მაინც მიიღებს და გაითავისებს, თავს დავიიმედებ, რომ ფუჭად არ მიშრომია, რომ ღვთის ნებითა და შეწევნით განხორციელებულმა ჩანაფიქრმა სწორი გზა იპოვა და სიკეთითა და სიყვარულით განათებული მომავლისკენ გაუძღვა ჩვენს პატარებს.
გზას დაგილოცავთ ღვთიური ძალით გაბრწყინებული და ქართული სულიერებით გაძლიერებული საქართველოსკენ!
მანანა წერეთელი
წინასიტყვაობა
თუ წიგნებიდან არა, ფილმებიდან მაინც, ყოველი თქვენგანი, ალბათ, კარგად იცნობს თქვენი ამერიკელი თუ ევროპელი თანატოლების საინტერესო თავგადასავლებს.
მოდით, ახლა თქვენს ქართველ თანატოლთან – ლექსოსთან ერთად იმოგზაურეთ რეალურ თუ კოსმოსურ სამყაროში. ალბათ, დაგაინტერესებთ ის ისტორიები, რომლებიც მასთან მოსული მფარველი ანგელოსის – ცისას შესაძლებლობებით არის თქვენ თვალწინ გადაშლილი.
არ გინდათ, მათთან ერთად ესტუმროთ საოცრებათა, სიკეთის, ბნელსა თუ სხვა პლანეტებს, მიწისქვეშეთში სძლიოთ ბოროტს – ჭურის ჭაობისფერ ურჩხულს, ოცნების პლანეტაზე შეხსნათ ზღაპრული ნატვრის ხის ათასფრად აელვარებული ლენტები და სივრცის ეკრანზე საკუთარი თვალით იხილოთ ქართველი ბავშვების ცხოვრება: ვატო მდიდრულ ოჯახში უზრუნველად იზრდება, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებს… პატარა გიგასა და მის დას – ნუცას საერთოდ არა აქვთ სახლი, საჭმელი და ბავშვური გართობა ენატრებათ, არსებობისთვის თვითონვე იბრძვიან და თითქმის არ უშვებენ შეცდომებს… ჯაბაც ძალიან მდიდარია, მაგრამ ეს სიმდიდრე დიდი ცოდვის გზით არის მოპოვებული – არ გაინტერესებთ, ეს ცოდვიანი სიმდიდრე რა განსაცდელში ჩააგდებს მას?! პატარა ფიქრიას მშობლები არ ჰყავს და დედის მოლოდინი სიკვდილის საფრთხეს უმზადებს; ღარიბი, მრავალრიცხოვანი ოჯახის დასახმარებლად, და-ძმებისთვის ტანსაცმლისა და საჭმლის საყიდელი ფულის საშოვნელად წასულ თორნიკეს ნაღმი აუფეთქდება… ხომ საინტერესოა, დააღწევს თუ არა თავს ლექსო ბნელი პლანეტის მესვეურთა ტყვეობას, როგორ შეიძლება დაბრუნდეს აფხაზეთიდან დევნილი დეა თავის საოცნებო მხარეში?!.
თუმცა, მარტო ეს არ არის…
თუ დაგაინტერესათ, გადაშალეთ ეს წიგნი და სივრცის ეკრანიც აკაშკაშდება!
,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ
მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ
სასუფეველში… და ვინც მიიღებს ერთ ამნაირ ბავშვს
ჩემი სახელით, მე მღებულობს’’ (მათე, 18,3-5).
პატარა ფერიას სტუმრობა
’’უფალია ჩვენი მფარველი…
რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა
შენზე – დაგიცვან ყველა შენს გზაზე’’ (ფსალმ. 90,11)
ლექსო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ნიჭიერი, კეთილი და მოსიყვარულე. თანატოლებისგან ღვთით ბოძებული ნიჭით გამოირჩეოდა – სათქმელის ლექსად თქმა იცოდა. ამხანაგებთან ბოლომდე ალალი, გულწრფელი და სამართლიანი იყო. ამიტომ ყველას განსაკუთრებით უყვარდა ეს მხიარული, შავთვალა და ფახულა წამწამებიანი ბიჭი.
მისი ოცნების სამყარო იყო გამჭირვალე ცა, ღრუბლის პაწაწინა თეთრი ფთილა, მზის ათასფერად აელვარებული სხივი და ერთმანეთზე მზრუნველი ფრინველები და ცხოველები. მაგრამ თითქოს მუდამ რაღაც აკლდა, რაღაც არ ჰყოფნიდა, ვიღაცას ეძებდა. სიზმრებში ტყეში გაზრდილი პატარა ველური ბიჭივით ხის ტოტებზე ხტომითა და ცხოველებთან თამაშით დაღლილს რომ გაეღვიძებოდა, დილის ლოცვას ჩაიგალობებდა, ჩაფიქრებული გამოაღებდა ფანჯარას და ალიონის გრილ, კამკამა ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავდა.
,,ნეტავი ნატვრა მანატრა, ეს ნატვრა ამიხდინაო,
მაგრამ რომ ვერა გავიგე, დარდი რამ გამიჩინაო?’’-
ჩაეკითხებოდა თავის თავს, შემდეგ დიდხანს, დიდხანს გასცქეროდა ცის სილურჯეს და ოცნებებში ფრთებს შეისხამდა:
ტოროლას ფრთებზე მსუბუქი იყო მისი ფრთები, ამიტომ უფრო შორს და მაღლა მიფრინავდა, ისე შორს, რომ ცის სიკამკამესაც კვეთდა. იქ, იმ სამყაროში კი მართლა საოცრად საინტერესო იყო ყველაფერი, ხან ერთი ციური მეტეორი ჩაუქროლებდა, ხან მეორე. პლანეტები კი უსაზღვრო იდუმალების სიკაშკაშეს აფრქვევდნენ და ანდამატივით მისკენ იზიდავდნენ. მაგრამ უფრო შორს ვეღარ მიფრინავდა…
ძალიან უჭირდა ასეთ ზღაპრულ სამყაროსთან განშორება, მაგრამ ყოველდღიურობა თავისას ითხოვდა და ისიც ნებდებოდა. ხელ-პირს დაიბანდა, ჩაიცვამდა, დედ-მამას ხელს დაუქნევდა, პატარა დას ჩაკოცნიდა და მხარზე გადაკიდებული ჩანთით სკოლისკენ გარბოდა. ,,ლექსო, ამოცანა ამომახსნევინე,’’ ,,ლექსო, მიკარნახე, რა!’’ ,,ლექსო, თემა დამაწერინე,’’ ,,ლექსო, წამო, ფეხბურთი ვითამაშოთ,’’ – სთხოვდნენ მეგობრები და ისიც დაუზარელი იყო, უყურადღებოდ არავის ტოვებდა. განსაკუთრებით თანატოლებს შორის მომხდარ უსიამოვნებებს ვერ იტანდა და ყველანაირად ცდილობდა, უმტკივნეულოდ და უხმაუროდ დაეშოშმინებინა საჩხუბრად აქოჩრილი მეგობრები. ახერხებდა კიდეც, რადგან მათ შორის წუთიერად ჩამოვარდნილ მტრობას სიკეთესა და სიყვარულს უპირისპირებდა.
ერთ კვირა დღეს კი მის ცხოვრებაში უჩვეულო, საკვირველი რამ მოხდა. ლექსოსთან მოვიდა ის, ვისაც ამდენ ხანს გაუთვითცნობიერებლად ელოდა, თუმცა, სჯობს ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ:
ლექსოს სამაგიდო წიგნი იყო ქართული ხალხური პოეზიის კრებული ’’მარგალიტნი და თვალნი პატიოსანნი’’. ხშირად ჩაიკითხავდა საუკუნოვან ლექსებს, თვალებს დახუჭავდა და გონებაში მათ ანალოგებს თხზავდა. იმ დღესაც მაგიდასთან იჯდა ჩაფიქრებული და ერთი სტროფის რითმას უკირკიტებდა, რაღაც არ მოსწონდა, მაგრამ ლექსების კრებულის დაუხმარებლად გადაეწყვიტა სიტყვებთან ჭიდილი. ბოლოს, მაინც იძულებული გახდა, საყვარელ ოქროსფერყდიან წიგნს გადასწვდომოდა, მაგრამ ხელი ჰაერში გაუშეშდა…
სქელყდიან კრებულზე ოქროსფერკაბიანი, ჰაეროვანი, თაფლისფერკულულებიანი პატარა გოგონა იჯდა და აციმციმებული ცისფერი თვალებით მას შესცქეროდა.
ლექსო დაიბნა, მაგრამ არ შეშინდა. ან კი როგორ უნდა შეშინებოდა ასეთი პაწაწინა, ლამაზი და სიფრიფანა არსებისა, რომელიც საოცარ ნათელს აფრქვევდა და თაფლისფერი კულულების შერხევით პაწია ზარების რეკვის მსგავს წკრიალა ხმას გამოსცემდა.
– გამარჯობა, ლექსო, მე ცისა ვარ! – კი არ უთხრა, დაიწკრიალა გოგონამ და გაიცინა. ლექსოს ასეთი სინათლე და სილამაზე ჯერ არ ენახა. იმდენად გაოცებული იყო, რომ მის გარდა ვერაფერს ხედავდა, თავი სიზმარში ეგონა და ეშინოდა, ეს ულამაზესი არსება მალე არ გამქრალიყო.
– არა, არ გავქრები, შენთან მოვედი და დარწმუნებული ვარ, დავმეგობრდებით, – მის ფიქრებს უპასუხა ცისამ, – მე კარგად გიცნობ, ვიცი, რა კეთილი ბიჭი ხარ და შენს სამყაროშიც მიმოგზაურია.
ლექსო ხმას ვერ იღებდა, გაოცებული, ფართოდ გახელილი თვალებით მიშტერებოდა და თავის დაქნევით ეთანხმებოდა.
– მე ყველაფერს ვხედავ, ხილულსა და უხილავს, ფიქრებიც მესმის, კიდევ ბევრი რამ შემიძლია, თანდათან ყველაფერს გეტყვი, – წკრიალებდა ცისა.
ლექსო, როგორც იქნა, გამოერკვა და, როცა პატარა ფერიას ცისფერ თვალებში გაოცებისგან აციმციმებული საკუთარი თვალები შენიშნა, გაუბედავად ჰკითხა:
– საიდან მოხვედი, ცისა?! – და თვითონვე დაასკვნა, – ალბათ, ციდან!
ამ აღმოჩენამ იმდენად გაახარა, რომ გაკვირვებაც გაქრა და დაბნეულობაც.
– მე შენი უხილავი სამყაროდან ვარ. სულ შენთან ვიყავი და მომავალშიც ერთად ვიქნებით, ამიერიდან მე და შენ ერთად ვიმოგზაურებთ ამ სამყაროში, ბევრ საინტერესოს გაიგებ და დაინახავ, შენი თანატოლების ცხოვრებასაც გაგაცნობ… მოკლედ, ნათქვამს ნანახი სჯობს. წამოხვალ ჩემთან? ხომ არ შეგეშინდება?
,,არ მეშინია, ცისაო,
ელვის და მეხის – ცისაო,
არცა წყლის, არც ნადირისა,
არც ვერაგობის მტრისაო,
მაშინებს მხოლოდ ძალა და
სიმხეცე ბოროტისაო,’’ –
გაუმხილა ცის ფერიას ლექსომ.
– სწორედ მაგიტომ მოვედი შენთან. მე გასწავლი, როგორ შეიძლება აჯობო ბოროტს.
* * *
თქვენი აზრით, რატომ მოვიდა ლექსოსთან ცისა?
რა განცდა დაგეუფლებოდათ, თქვენთანაც რომ მოსულიყო მფარველი ანგელოსი?
როგორ ფიქრობთ, რა თვისებებს უნდა ფლობდეთ, რომ თქვენთანაც მოვიდეს მფარველი ანგელოსი?
საოცრებათა სამყარო
’’ადიდეთ უფალი –
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა,
რამეთუ უკუნისამდეა წყალობა მისი’’ (ფსალმ.135,4)
ცისა წამოფრინდა და მისმა კაბამ ფერი იცვალა – ოქროსფერი კამკამა ცისფერი გახდა. ლექსო მიხვდა, რასაც შეეხებოდა ცისა, კაბაც იმის ფერს იღებდა. გოგონა ნაზად, პეპელასავით შეეხო ლექსოს ხელს და ლექსომ უეცრად საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, საყრდენი გამოეცალა ფეხქვეშ და გაოცება აღფრთოვანებით შეეცვალა – მას, ცისას მსგავსად, ჰაერში მსუბუქად მოძრაობა შეეძლო, რა თქმა უნდა, ფრთების გარეშე. ცისამ გაუღიმა, ხელი მაგრად ჩასჭიდა და გაიტაცა. ლექსო ზღაპრულმა სამყარომ შთანთქა.
მზის ათასფერად აელვარებულ სხივს შეუერთდნენ და იგრძნეს თუ არა მისი სითბო, ზეცისკენ აუყვნენ. ისე მსუბუქად და ლაღად მიქროდნენ სხივზე, როგორც ათასჯერ უსრიალია ლექსოს საბავშვო ბაღის ეზოში დადგმულ სასრიალოზე, მხოლოდ განსხვავება ის იყო, რომ ისინი დაღმართს კი არა, აღმართს მიუყვებოდნენ. ლექსო მჭევრმეტყველი არასდროს ყოფილა, ახლა მით უმეტეს, სულ დამუნჯდა. სამაგიეროდ, გული გამალებით უცემდა და გონება მთელი დატვირთვით აღიქვამდა სასწაულებს.
დაბლა ჩამოხედვის სურვილი არ გასჩენია, რადგან სინათლე და სითბო ანდამატივით ზევით იზიდავდა და ისინი უფრო და უფრო შორდებოდნენ მიწას. ჰაერში რხევისმაგვარი დაბრკოლებები იგრძნო და ცისას ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა. ცისამ მოხედა და გაუღიმა. მისი შეუპოვრობა და სილაღე ლექსოსაც გადაედო და შიში საბოლოოდ გაუქრა. მიხვდა, დედამიწის ატმოსფეროს სცილდებოდნენ. ,,რა სწრაფად გავიარეთ!” – გაუკვირდა ლექსოს და მხოლოდ ახლა მოიხედა უკან. დედამიწა სხვადასხვა ფერად შეღებილ უზარმაზარ ჭრელ ბურთს ჰგავდა.
– ნეტავ სად მივდივართ? – დაინტერესდა ლექსო, მაგრამ არაფერი უკითხავს, მისთვის სულერთი იყო, სად წაიყვანდა ცისა, ამ სამყაროში მას ყველაფერი აინტერესებდა.
– მზის სხივს არ მოვცილდეთ, ის დაგვიცავს, თან სითბო და სინათლე არ მოგვაკლდება… შეხედე, ლექსო, ასეთი რამ გინახავს? ნახე, რა ლამაზია!
ცისამ მარცხნივ გაახედა ლექსო. მართლაც, შორიდან, ზღაპრული სილამაზის წახნაგებიანი მეტეორი მოქროდა, რომლის წახნაგები მზის შუქს ირეკლავდა და სხვადასხვა ფერის მბრწყინავ სხივებს აფრქვევდა. ლექსომ მისი დაკვირვება დიდხანს ვერ შეძლო, რადგან ციურმა სხეულმა განსაცვიფრებელი სიჩქარით ჩაიქროლა და უსასრულობაში შთაინთქა.
– აბა, ახლა იქით გაიხედე, – მიანიშნა ცისამ. ლექსო გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ვარსკვლავედს, რომელიც ასევე სწრაფად მოძრაობდა და თან ფორმას იცვლიდა. მისგან მხოლოდ სამი ფერი იკვეთებოდა – ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი. ლექსომ შენიშნა, რომ ვარსკვლავედი სამი ვარსკვლავისგან შედგებოდა, რომლებიც ადგილს იცვლიდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებოდნენ. ვარსკვლავედს სწორედ ამიტომ ეცვლებოდა ფორმა – ის ხან სამკუთხედი იყო, ხან წრფივი.
უსასრულობაში გაუჩინარებული ვარსკვლავედი ლექსოს ახალმა საოცრებამ დაავიწყა. მათ პირდაპირ უზარმაზარი ვარსკვლავი სხვადასხვა ფერის სიკაშკაშით ფეთქავდა. დიახ, ფეთქავდა. იგი ხან იკუმშებოდა, ხან ფართოვდებოდა. გაფართოებისას დამაბრმავებელ სიწითლეს აფრქვევდა და მწველ სინათლეს გამოსცემდა. სიდიდით კი მზეს ეტოლებოდა. ლექსომ ჯერ მისგან მარჯვნივ, სივრცის ერთ მხარეს მოტოვებულ მზეს გახედა, შემდეგ – ფეთქებად ვარსკვლავს და ცისას გაოცებით ჰკითხა:
– მეორე მზეც ყოფილა, რატომ არა ჩანს ის დედამიწიდან?
– ეს ვარსკვლავია, ლექსო. მისი მსგავსი ბევრია სამყაროს უსაზღვროებაში. ის შედგენილობით თითქმის ისეთივეა, როგორიც მზე, ოღონდ მზესთან შედარებით ძალიან შორსაა დედამიწიდან, ამიტომ მბრწყინავ ვარსკვლავად მოჩანს.
– აქედან რომ ამხელა ჩანს, ალბათ, ზომით მზეზე დიდი იქნება… რა ლამაზია!
– მზისკენ შებრუნდი, ლექსო, მზისკენ, – შესძახა ცისამ, ლექსოს მსუბუქად უბიძგა და მარჯვნივ გაახედა.
მზის ირგვლივ სწრაფი ქროლვით მოძრაობდა კომეტა მბრწყინავი ნისლოვანი კუდით, თითქოს დიდ, ცეცხლწაკიდებულ ვარსკვლავს უამრავი წვრილი ვარსკვლავი მისდევდა უკან. ლექსომ შენიშნა, რომ კომეტის მბრწყინავი კუდი ნელ-ნელა ნაწილებად იყოფოდა. მალე ის უზარმაზარი ცეცხლოვანი მარაოსავით გაიშალა სივრცეში.
– ამას თქვენ კუდიან ვარსკვლავს უწოდებთ, – უხსნიდა ცისა და ღიმილით შესცქეროდა ამ სილამაზით გაშტერებამდე მოხიბლულ ლექსოს, თან სულ უფრო და უფრო ზევით მიაქროლებდა.
უცებ საშინელი ხმაური გაისმა. საოცრებებით გაოგნებული და სუნთქვაშეკრული ლექსო შეკრთა და იქით შებრუნდა, საიდანაც ხმა მოესმა. ორი განსაცვიფრებელი სიდიდის მეტეორი ერთმანეთს დაჯახებოდა და ნამსხვრევები სივრცეში იფანტებოდა, ზოგი კი მათკენაც მოექანებოდა. ლექსომ იმ მხარეს გადაინაცვლა, საიდანაც საშიშროება ემუქრებოდათ, რომ დაეცვა პატარა მეგობარი.
– ნუ გეშინია, ლექსო, სხივი ხომ გვიცავს, ჩვენამდე ვერ მოაღწევს! – დაამშვიდა ცისამ და გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ მეტეორები ისევ შეეჯახნენ ერთმანეთს და უფრო მეტი ნამსხვრევი დაიძრა მათკენ.
– ოჰ, აქ სხვა ამბავია! – შესძახა ცისამ და მეტეორებისკენ შებრუნდა. შეჯახება განმეორდა, ახლა უკვე ისეთი სიძლიერით, რომ საშინელი სისწრაფით გამოტყორცნილმა მოზრდილმა ნამსხვრევმა მზის სხივი გაკვეთა და მეგობრებს სულ ახლოს ჩაუქროლა.
– ააა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! – ცისა ერთ წერტილს მიაშტერდა სივრცეში, ლექსომ მის მზერას თვალი გააყოლა და უკან მოტოვებული, ახლა უკვე მთელი სიმრგვალით დანახული დედამიწა შენიშნა.
– უნდა ვიჩქაროთ, ლექსო, უნდა დავბრუნდეთ, მოგზაურობა სხვა დროს განვაგრძოთ, – ცისამ ხელი მაგრად ჩასჭიდა ლექსოს და დედამიწისკენ შემოაბრუნა, – არ შეგვნიშნოს, თორემ სხივს ჩაგვიქრობს, ჩვენ კი გაგვიჭირდება გამკლავება.
ლექსოს ძალიან დაენანა ზღაპრული სამყაროს მიტოვება, ამიტომ შეყოყმანდა, ჯერ დედამიწას დახედა, საიდანაც უხილავი მტერი უტევდა მათ, შემდეგ მზეს და გულდაწყვეტით შეევედრა ცისას:
– უკან არ დავბრუნდეთ, გეხვეწები!
ლექსოს თხოვნა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მეტეორები ისევ შეეჯახნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი თავბრუდამხვევი ტრიალით გამოექანა მათკენ, გაკვეთა სხივი და სივრცეში ჩაიკარგა.
– მგონი გადავრჩით! – ჩაიჩურჩულა ლექსომ და ცისა შეშფოთებით შეათვალიერა. ფერია მაინც იღიმებოდა, მისი სიმშვიდე კი ლექსოს ძალას მატებდა.
ისინი სწრაფად დაუყვნენ სხივს დედამიწისკენ.
– ეს როტია – არსება, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ცოდვებით საზრდოობს. მისი დამარცხება თითქმის შეუძლებელია მანამ, სანამ ადამიანები გონს არ მოეგებიან, – უხსნიდა ცისა დაბნეულ ლექსოს, – ის ჩვენ ვერ გვამჩნევს, რადგან სხივი გვფარავს, მაგრამ სხივი შენიშნა და მისი ჩაქრობა განიზრახა, რისთვისაც მეტეორები გამოიყენა… ვერ იტანს ნათელს, სითბოსა და სიკეთეს… უნდა ვიჩქაროთ, რომ სხივი მზეს შეუერთდეს და როტის გადაურჩეს.
ლექსო ყურადღებით უსმენდა და გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა უკან. მაინც ბედნიერებით სავსე იყო, რადგან ცისამ მისი ოცნება აახდინა – ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა შეაძლებინა. მალე ის ისევ თავის მაგიდასთან იჯდა, ცისა კი ოქროსფერი კაბით ოქროსფერყდიან წიგნზე წამოსკუპებულიყო და ცისფერი თვალების ციმციმით უცინოდა.
– ნუ მოიწყენ, მე ისევ მოვალ შენთან. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი, – ჩაიწკრიალა, ხელი დაუქნია დაღონებულ ლექსოს და გაუჩინარდა.
* * *
გაინტერესებთ კოსმოსური სამყარო? რამდენად იცნობთ მას?
რა იცით ციური სხეულების შესახებ?
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება როტის დამარცხება?
რატომ მოვიდა ცისა ლექსოსთან
’’შენმა ძმამ დღეში შვიდჯერ
რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს
და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე’’ (ლუკ. 17,4)
ლექსოსთვის იმდენად დაუჯერებელი იყო მის ცხოვრებაში ცისას გამოჩენა, რომ პატარა ფერიას გაუჩინარების შემდეგ, სიზმარში ნანახი და განცდილი ეგონა ყველაფერი. ძნელი აღმოჩნდა მისთვის უხილავი სამყაროს აღმოჩენა და, ამავდროულად, ყოველდღიურობასთან შეგუება, რისთვისაც რამდენიმე დღე დასჭირდა გონებაზე მოსასვლელად. ამასთან, შეამჩნია, რომ ცისას გამოჩენის შემდეგ, სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედა და მისი ასაკისთვის შეუფერებლად ფიქრობდა და იქცეოდა.
ლექსოს შინაგანი ცვლილებები, განცდები, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც მშობლებს და არც ხატიას – გოგონას, რომლის მხიარული, კეთილი ხასიათი და თავმდაბლობა გამორჩეულად იზიდავდა. მაინც ვერავის განდობოდა, რადგან ეშინოდა, არ დაუჯერებდნენ ან ყველაფერს მის ზედმეტ მეოცნებეობას დააბრალებდნენ. განსაკუთრებით ხატიასთვის უნდოდა ეთქვა სიმართლე, რადგან მათ შორის მოკრძალებული, გულწრფელი სულიერი კავშირი არსებობდა და არც დაფარული იყო რამე.
ასეთი ფიქრებით დაღლილს სიზმარში ცისა გამოეცხადა, გაუღიმა და ურჩია:
– ნუ ეტყვი სიმართლეს! რაც ნახე, ძნელად სარწმუნოა და ხატია მის დაჯერებას ვერ შეძლებს, რამაც თქვენს ურთიერთობაში შეიძლება ბზარი გააჩინოს.
– არ შემიძლია, ვერ მოვატყუებ!
– დავიცადოთ, ლექსო! ყველაფერს თავისი დრო აქვს… ახლა სიმართლე უფრო დაუჯერებელი იქნება, ვიდრე – ტყუილი. თანაც, ეს ხომ ტყუილი არ არის, უბრალოდ, დროებით არაფერს იტყვი იმაზე, რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის. კეთილშობილი ადამიანები წინდახედულად იქცევიან!
– კარგი! – დაეთანხმა ლექსო, – მხოლოდ დროებით… ხატიას აუცილებლად უნდა ვუთხრა სიმართლე!
დამშვიდებულს გამოეღვიძა და ჩვეული სიხალისით წავიდა სკოლაში. მზიანი, წყნარი დღე იყო და სკოლის წინ ბავშვების მხიარული ჟრიამული იდგა. ლექსო მეგობრებს შეუერთდა.
– რა მოხდა, ლექსო, შენსა და გუჯას შორის? – ჰკითხა ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა გიომ, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლაში რამდენიმე დღე არ ყოფილა.
– ისეთი არაფერი… – ხელი ისე ჩაიქნია ლექსომ, ვითომდა სალაპარაკოდ არც ღირსო, მერე გეტყვიო, ანიშნა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
ლექსო და გუჯა ფარული მეტოქეები იყვნენ, ორივეს ხატია მოსწონდა, რაც მათ ერთ კლასში ყოფნას ხელს უშლიდა. ლექსო ყველანაირად ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა გუჯასთან, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ხატიას არჩევანი გუჯას კიდევ უფრო აგრესიულს ხდიდა, თქმით კი არაფერს ამბობდა. მათ შორის ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა, ერთმა შემთხვევამ კი უფრო გაამწვავა:
ინგლისური ენის გაკვეთილზე გუჯა უხეშად შეელაპარაკა მასწავლებელს. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მოთმინებადაკარგულმა ქალმა დირექტორთან შესვლა მოსთხოვა.
– დირექტორთან არა, განათლების მინისტრთან წავიდეთ! – დამცინავად ჩაიცინა გუჯამ, – კარგი, რა, მასწ, თავი დამანებე, ჯერ ნერვები დაიმშვიდე და მერე მასწავლე ჭკუაც და ინგლისურიც, – შემდეგ მის გვერდზე მჯდომ ავთოს გადაულაპარაკა, – ამან ჩვენ რა უნდა გვასწავლოს, თვითონ… – ბოლო სიტყვები ისე ჩუმად თქვა, მხოლოდ ავთომ გაიგო. ძმაკაცებმა ხმამაღლა გადაიხარხარეს.
მასწავლებელი მიხვდა, რაც ჩაილაპარაკა გუჯამ, თავი ვეღარ შეიკავა და გასარტყმელად ხელი შემართა.
– აბა, აბა, მასწ., როგორ გეკადრება! – მუქარით სავსე დაცინვის კილოთი ხელი ჰაერშივე დაუჭირა გუჯამ და მაგრად მოუჭირა. ტკივილისაგან გამწარებულმა ქალმა ხელის გათავისუფლება სცადა, უკან დაიხია და წონასწორობადაკარგული მაგიდას დაეჯახა.
,,მაგარ ბიჭებად” ცნობილი გუჯა და ავთო, რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, სიცილით იჭაჭებოდნენ.
ლექსო და კახი მასწავლებელს მივარდნენ და წამოაყენეს. ლექსომ გუჯას უსაყვედურა:
– კარგი, რა გუჯა, აღარ გრცხვენია?!
– ნეტა შენ ვინ გეკითხება?!. რას ეჩრები?! – გაბრაზდა გუჯა და ავთოს რაღაც ანიშნა, – გაკვეთილების შემდეგ გნახავ და მოგელაპარაკები! – დაემუქრა, შუბლშეკრული წამოდგა და კარი გაიჯახუნა.
მართლაც, გაკვეთილების შემდეგ, სახლისკენ მიმავალ ლექსოსა და კახის წინ მოულოდნელად გუჯა, ავთო და მათი ,,ამფსონები’’ გადაუდგნენ და ინგლისური ენის მასწავლებლის დამცველ ,,კაი ბიჭს’’ ანგარიში მოსთხოვეს. ლექსოს სიტყვის თქმა არ აცალეს, თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს. ლექსო არ დაბნეულა და არც ვალში დარჩენილა. ჭიდაობაში კარგად გაწვრთნილმა თავის დაცვა შეძლო, მაგრამ ჩხუბი უთანასწორო იყო – ორი ექვსის წინააღმდეგ. ,,მაგარი ბიჭები’’ თანდათან უფრო აგრესიული ხდებოდნენ და კაცმა არ იცის, ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა, მათემატიკისა და ფიზკულტურის მასწავლებლები რომ არ გამოჩენილიყვნენ. მათთვის ინგლისური ენის მასწავლებელს ეცნობებინა გუჯას მუქარა. ,,მაგარი ბიჭები’’ იძულებული გახდნენ, დროებით დაშოშმინებულიყვნენ, მაგრამ აშკარა იყო, ისინი უკანდახევას არ აპირებდნენ.
რამდენიმე დღე გუჯა შორიდან უვლიდა ლექსოს. ის შემთხვევას ელოდა, რომ, როგორც თვითონ ამბობდა, ლექსოს ,,კაიბიჭობისთვის’’ წერტილი დაესვა.
ეს შემთხვევაც დადგა!..
ცისას გამოჩენამ ლექსოს თითქმის გადაავიწყა ის ჩხუბი და იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, გაკვეთილების დაწყებამდე მხიარულად ესაუბრებოდა მეგობრებს.
ამ დროს კი ბავშვების ერთ-ერთ ჯგუფს გუჯა და ავთო გამოეყვნენ და იქვე მდგარ, უცხოური მარკის ავტომანქანასთან შეჩერდნენ. ძმაკაცებმა ჩუმად დაზვერეს იქაურობა, მანქანას ირგვლივ შემოუარეს და აღმოაჩინეს, რომ მის მფლობელს კარი არ ჩაეკეტა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ გასაღებიც მანქანაში აღმოჩნდა. ჩანდა, მძღოლი აქვე ახლოს იქნებოდა. მანქანის გაღება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გუჯას თვალები ისე ეშმაკურად მოეჭუტა, აშკარა იყო, კარგი რამ არ ჩაეფიქრებინა.
– წამო, წამო, რა!.. თავი დაანებე, შარს არ გადავეყაროთ! – განზრახვას მიუხვდა ავთო და შებრუნდა.
– მოიცა!.. ერთი კარგი რამ მოვიფიქრე… თუ გამოგვივიდა, მაგარი იქნება! – შეაჩერა გუჯამ და მეგობრებთან მოსაუბრე ლექსოს ცივად გახედა…
ავთომ გუჯას მზერას თვალი გააყოლა და მაშინვე მიხვდა, ვის უმიზნებდა მისი ძმაკაცი.
– არ გინდა! – მოქაჩა სახელოზე ავთომ, – მანქანა ჩვენი მათემატიკის მასწავლებლისაა. სკოლაში იქნება შესული და შეიძლება წუთი წუთზე გამოჩნდეს… შარში გავეხვევით!
– ძალიან კარგი, თუ მათემატიკის მასწავლებლისაა!.. შენ რა, შეგეშინდა?! – დაცინვით გამოხედა გუჯამ მეგობარს და ბრძანების კილოთი გააფრთხილა – შენ აქ, კართან დადექი, იცოდე, წასვლა არ გაბედო! მე მალე მოვალ და რასაც გეტყვი, ის გააკეთე!
ავთომ შიშით მიმოიხედა და იმ ფიქრით, ,,მანქანასთან დგომით არაფერს დავაშავებო,’’ ძმაკაცის მკაცრ ტონს დაემორჩილა. გუჯა ლექსოს მიუახლოვდა და თავის გადაქნევით განზე გასვლა ანიშნა. ლექსო მისკენ წამოვიდა.
– შენთან სალაპარაკო მაქვს, წამო, აგერ, ჩემი ძმის მანქანაში ჩავსხდეთ.
ლექსომ საათს დახედა. ათი წუთი რჩებოდა გაკვეთილების დაწყებამდე, ,,მოვასწრებთო’’, გაიფიქრა და უთქმელად მიჰყვა. გუჯამ ისევ ქურდულად მოათვალიერა იქაურობა, ავთოს უკან ჩაჯდომა ანიშნა, ლექსოს წინა კარი გაუღო, თვითონ კი საჭესთან მოთავსდა.
– ხომ მაგარი მანქანაა, ჰა?! – დაცინვითა და თავმოწონებით ჩაეკითხა ლექსოს გუჯა.
– კარგი მოვლილია, მაგრამ ეტყობა, ძველი გამოშვებაა, – გაღიზიანება არ შეიმჩნია ლექსომ, მანქანის სალონი შეათვალიერა და გუჯას აგდებით ჰკითხა – რა გინდოდა?
– არც არაფერი! – ცივად ჩაიცინა გუჯამ, – უბრალოდ, სამაგიერო უნდა გადაგიხადო მეტიჩრობისთვის!.. მომწყინდა შენი კაიბიჭობა, ახლა ჩვენს რიგებში უნდა ჩაგწერო! – და მანქანის გასაღები გადაატრიალა. მანქანა ჯერ შეტორტმანდა, შემდეგ კი ნელა დაიძრა.
– გააჩერე, შენ ხომ მართვა არ იცი! – თითქმის ერთად შეჰყვირეს ლექსომ და ავთომ, მაგრამ უკვე გვიან იყო – მანქანამ სიჩქარეს უმატა, სისწრაფის გამო ნირშეცვლილმა გუჯამ კი საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ტროტუარზე ავარდა და ხეს დაეჯახა.
– გადავრჩით! – წამოიყვირა შეშინებულმა ლექსომ და გაკვირვებით გახედა მანქანიდან სასწრაფოდ გადამხტარ და გაქცეულ ბიჭებს, დაბნეული მხოლოდ იმას ხვდე¬ბო¬და, რომ ,,მაგარმა ბიჭებმა” შარში გახვიეს.
ამ დროს მათემატიკის მასწავლებელი დირექტორის კაბინეტში იჯდა და დაძაბული ელოდა, როდის დაამთავრებდა დირექტორი ტელეფონზე სკოლის პრობლემების შესახებ საუბარს, რომ ერთი დღით გათავისუფლება ეთხოვა.
დირექტორი კი გაღიზიანებული ჩანდა. დაწვრილებით განიხილავდა და დაბეჯითებით უმტკიცებდა ვიღაცას სკოლის სასიცოცხლო საკითხებს.
– რამდენი უგულისყურო და თავკერძა ადამიანი არსებობს ამქვეყნად, ელემენტარული კეთილშობილება რომ არ გააჩნია, – მათემატიკის მასწავლებლის გასაგონად, ყურმილზე ხელის დაფარებით ჩაილაპარაკა დირექტორმა და საუბარი განაგრძო.
მათემატიკის მასწავლებელი კი ძალიან ჩქარობდა. სწორედ ამიტომ დატოვა დაუფიქრებლად ღია მანქანა სკოლის შენობასთან იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებოდა. ,,ნეტა მანქანა ჩამეკეტაო”, ერთი კი გაიფიქრა და წამოდგა თუ არა, ღია ფანჯრიდან ბავშვების ჩოჩქოლი შემოესმა. გულმა ცუდი უაზრა, არ დაერიდა მოსაუბრე დირექტორის გაკვირვებულ მზერას, ღია ფანჯარას მივარდა და გადაიხედა.
აი, შემდეგ კი მართლა გააკვირვა დირექტორი. ხეს შეჯახებული მანქანის დანახვაზე ხელი გაბრაზებით დაარტყა ფანჯრის რაფას, ადგილს მოწყდა და კარიც გაიჯახუნა, უკან მოიტოვა შემცბარი, გაკვირვებული დირექტორი ხელში ცივად შერჩენილი ყურმილით.
იმ დღეს მათ კლასში არც ერთი გაკვეთილი არ ჩატარებულა. კლასი ორად გაიყო – უმრავლესობა ლექსოს იცავდა, დამბეზღებლად კი არავის სურდა გამოსულიყო. ბრალი ლექსოს ედებოდა, რადგან მოსწავლეების ხმაურზე გარეთ გამოსულმა მასწავლებლებმა მანქანაში მხოლოდ ის შენიშნეს. მთავარმა დამნაშავეებმა დროზე მოასწრეს დამტვრეული მანქანის მიტოვება, ისინი მხოლოდ რამდენიმე კლასელმა დაინახა, მათ შორის ხატიამაც.
დირექტორსა და მასწავლებლებს ძალიან უკვირდათ ამ საქმეში ლექსოს მონაწილეობა. ლექსო დუმდა, არ უნდოდა ,,მაგარი ბიჭების” მხილება, რითაც უფრო შეილახებოდა მათი არცთუ სახარბიელო სახელი და მკაცრი სასჯელიც არ ასცდებოდათ. ის კი შეიძლებოდა შედარებით იოლად გადარჩენილიყო.
– დათვურ სამსახურს უწევ! – არ დაეთანხმა ხატია, – მე ხომ დავინახე ყველაფერი, ჰოდა, მე ვიტყვი სიმართლეს. დარწმუნებული ვარ, დამიჯერებენ!
– არა, ხატია. მართალია, ძალიან ცუდად მექცევიან, მაგრამ მაინც არ მინდა სამაგიეროს გადახდა. არც მე მეხატებიან გულზე, მაგრამ მკაცრი სასჯელისთვის მაინც მენანებიან.
გულნატკენი ლექსო ხვდებოდა, რომ გუჯას მის მიმართ ასე უარყოფითად ხატიასადმი სიყვარული განაწყობდა, ავთოსთვის კი, ნამდვილად, არაფერი დაეშავებინა. ძალიან ებრძოდა თავს, რომ თანაკლასელებზე გაბრაზება სამაგიეროს გადახდის სურვილში არ გადაზრდოდა, რაც გონებას დაუბინდავდა და სწორ გამოსავალს ვერ აპოვნინებდა. ამ ფიქრებში ვერც კი გაიგონა, ზარი როდის დაირეკა.
კლასში უჩვეულო სიჩუმე იდგა. ჯერ მათემატიკის მასწავლებელმა შემოაღო კარი, ჩაფიქრებული მიუახლოვდა მაგიდას და დაჯდომა დააპირა თუ არა, კლასში დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე შემოვიდნენ. მათ აწითლებული, თითქმის აცრემლებული ახალგაზრდა დამრიგებელი შემოჰყვა, რომელიც იქვე კართან შეჩერდა. მოსწავლეები ფეხზე წამოდგნენ.
დირექტორი მაგიდასთან ჩამოჯდა, ყველას დაჯდომა ანიშნა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი ტონით დაიწყო:
– მოდით, გულახდილად ვისაუბროთ! ის, რაც დღეს მოხდა, უმნიშვნელო ამბავი არ არის, რადგან ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო… ბავშვებო, ჩვენ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ… იცოდეთ, რომ მთავარი ჩვენთვის თქვენი ბედი, თქვენი უსაფრთხოებაა!.. პასუხისმგებლობას არავინ გაურბის, მით უმეტეს, მამუკა მასწავლებელი, რომელსაც ღია მანქანა არ უნდა დაეტოვებინა ქუჩაში… – დირექტორს არც კი გაუხედავს აფორიაქებული მასწავლებლისკენ, ისე გააგრძელა – ჩვენ გვინდა მიზეზი გავარკვიოთ, რატომ მოხდა ასეთი რამ, თანაც სწორედ იმ მოსწავლისგან, ვისგანაც ამას არავინ ელოდა.
ლექსომ თავი ჩაღუნა, მაგრამ მაინც იგრძნო თანადგომის თბილი ტალღა თანაკლასელთა თვალებიდან.
დირექტორი კი დაკვირვებული მზერით ათვალიერებდა მოსწავლეებს. ის ალღოთი ხვდებოდა, ვინ იქნებოდა მთავარი დამნაშავე, მაგრამ ჯერ ფაქტებს ელოდა, რომ ბავშვებთან მართალი ყოფილიყო.
– ბავშვებო, მე ვაღიარებ დანაშაულს და გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი დაუდევრობა, რომელსაც შეიძლება ისეთი სავალალო შედეგი მოჰყოლოდა, მთელი სიცოცხლე ვერ მეპატიებინა ჩემი თავისთვის!.. – თავი ასწია მამუკა მასწავლებელმა, – შეცდომა ყველას მოგვდის, დიდსაც და პატარასაც. თუმცა, თქვენ პატარები აღარა ხართ… ყველაფერი ვეღარ გავითვალისწინე, მაგრამ… მაგრამ თქვენ ხომ იქ იდექით, ამიტომ თქვენი იმედი მქონდა… თქვენი ყურადღების იმედი… – მასწავლებელი შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა – ლექსო ამ საქმეში დამნაშავე არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ის საჭესთან არ იჯდა და მანქანასაც ვერ დაძრავდა.
– მართალია, არ იჯდა! – ვეღარ მოითმინა ხატიამ. ლექსომ გახედა და თვალებით შეეხვეწა, აღარაფერი თქვაო.
– მაშ, ვინ იჯდა საჭესთან? – ხატიას მიუბრუნდა დირექტორი და თვალებში მკაცრად ჩააშტერდა. ხატიამ წამწამები დაბნეულად აახამხამა, ქურდული მზერა ესროლა ცივად მომღიმარ გუჯასა და თავჩაღუნულ ავთოს და ,,არ ვიციო”, ჩაიბუტბუტა.
– ესე იგი, ყველანი იქ იდექით, მაგრამ ვერაფერი დაინახეთ! ამასთან, თქვენ ამტკიცებთ, რომ ლექსო საჭესთან არ იჯდა… კი, ბატონო, გეთანხმებით!.. მაგრამ მანქანაში რომ იყო? ესე იგი, დანაშაულში მონაწილეობდა! ასე რომ, ხელის დაფარება ვერ უშველის! – გაბრაზება ვეღარ დამალა დირექტორმა და წამოდგა.
– მასწავლებელო, ხატია იტყუება… იმიტომ, რომ ლექსოს მეგობარია… თორემ მაგან რა იცის, იჯდა თუ არა ლექსო საჭესთან?! – წამოდგა ავთოს წინ მჯდარი სალომე და ,,მაგარი ბიჭების” მადლიერი მზერაც დაიმსახურა.
სალომეს რამდენიმე თანაკლასელმა აუბა მხარი.
– მაგას ლექსო მოსწონს და იმიტომ იცავს.
– რა მოხდა ამისთანა, ხომ არ არსებობს ადამიანი, შეცდომა რომ არ მოუვიდეს?!
– როგორ არ გრცხვენიათ! – წამოხტა ლექსოს გვერდით მჯდომი რეზი და ,,მაგარი ბიჭების” დამცველებს შეუტია, – ძალიან კარგად იცით, ვინც იჯდა საჭესთან. შუბლზე ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, სხვაზე გადაბრალებას რომ ცდილობთ!..
– მე თქვენს ადგილზე ხმას ვერ ამოვიღებდი! – ახლა კახიმ დაიცვა ლექსო.
ბავშვები ახმაურდნენ. ყველას ერთად მოუნდა აზრის გამოთქმა.
თანაკლასელების ასეთმა დაპირისპირებამ ლექსოს გული ატკინა. წამოდგა და მდგომარეობის განმუხტვა სცადა, მათემატიკის მასწავლებელს შეევედრა:
– მამუკა მასწავლებელო, ბოდიშს გიხდით! მე ვთხოვ მამაჩემს და მანქანას შეგიკეთებთ… ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ ეს უნებლიე დანაშაული!.. ნება მომეცით, მე თვითონ გამოვასწორო ყველაფერი.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ლექსოს დიდსულოვნებამ კლასში სინანულის კორიანტელი დაატრიალა. გუჯას თავი ჩაეღუნა. ავთოს სახე ხელებით დაემალა. ვინ იცის, იქნებ ცრემლსაც მალავდა.
– რას ამბობ, ლექსო? – გულწრფელად შეწუხდა მამუკა მასწავლებელი, – ჯანდაბას მანქანა!.. მე თქვენი ბედი უფრო მაშფოთებს!
– ვიცი, მასწავლებელო, და ძალიან ვწუხვარ!..
ლექსო გაჩუმდა. მღელვარებისგან სულს ძლივს ითქვამდა, ,,ნერვიულობით შეიძლება რაიმე წამომცდეს, სჯობს გავჩუმდეო,’’ _ გაიფიქრა და დაჯდა.
– რა ლამაზად გამოძვრა! – წამოიძახა სალომემ, რამაც უკიდურესად დაძაბა მდგომარეობა. ბავშვები ისევ ახმაურდნენ, ზოგი წამოხტა კიდეც.
– ასეთი უარყოფითი ენერგიისთვის ჯერ პატარები ხართ! – იყვირა დირექტორმა, – მგონი მივაგენი სიმართლეს!.. _ ,,მაგარ ბიჭებს’’ და მის მომხრეებს გადახედა და ის იყო, რაღაც კიდევ უნდა ეთქვა, რომ კარი გაიღო და კლასში ინგლისური ენის მასწავლებელი შემოვიდა.
ყველა მას მიაჩერდა.
– სიმართლე აუცილებლად უნდა გაიგოთ… მე ყველაფერი დავინახე… – მიმართა ინგლისური ენის მასწავლებელმა კლასს და ამდენი გაფაციცებული თვალით შემკრთალმა სხაპასხუპით მიაყარა:
– დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, ღია ფანჯარასთან ვიდექი. რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე და მოვისმინე. სწორედ ფანჯარასთან მოიყვანა გუჯამ ლექსო. კარგად გავიგონე, რომ უთხრა: ,,შენთან საქმე მაქვს, წამო, ჩემი ძმის მანქანაში ჩავსხდეთ და ვილაპარაკოთო’’. მანქანასთან მათ ავთო უცდიდა… – უკვე ყველაფერი ნათელი იყო. დირექტორმა ისეთი თვალებით გახედა გუჯას და ავთოს, აშკარა იყო, ,,მაგარ ბიჭებს’’ მკაცრი სასჯელი არ ასცდებოდათ, შემდეგ ხელით ანიშნა, ამდგარიყვნენ და გამოსულიყვნენ.
– ესენი უნდა დაისაჯონ!.. – მიმართა დირექტორმა კლასის დამრიგებელს, – რაც ,,ივაჟკაცეს’’, არ ეყოთ, ახლა სხვისთვისაც უნდოდათ გადაებრალებინათ ყველაფერი… აუცილებლად უნდა მივიღოთ მკაცრი ზომები!.. ისინი უნდა მოვაშოროთ კლასსაც და, ალბათ, სკოლასაც!..
ლექსოს გულის ერთ კუნჭულში გაუხარდა სიმართლის გამოაშკარავება, მაგრამ მხოლოდ წამიერად. სინანულმა გონზე მოიყვანა, უცებ გაიაზრა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა დირექტორის სიტყვებს, გული შეეკუმშა, წამოხტა და მასწავლებლებს შეევედრა:
– ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ!.. მამუკა მასწავლებელმა თქვა, შეცდომა ყველას მოსდის – დიდსაც და პატარასაცო. მასწავლებელო, გევედრებით, მკაცრად ნუ დასჯით გუჯას და ავთოს ამ შეცდომისთვის!.. ისინი ხომ უკვე დაისაჯნენ! მათ ეს წინასწარი განზრახვით არ გაუკეთებიათ… ჩვენ, ყველას ძალიან გვიყვარს ისინი!..
ცრემლმორეულმა ლექსომ მის მარცხნივ მკვეთრი ნათება შენიშნა, იქით გაიხედა და შეკრთა – საკლასო ოთახის ფანჯრის რაფაზე მზის სხივში აციმციმებული ცისა შემომჯდარიყო და მას თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა. ლექსომ კლასი შეშფოთებით შეათვალიერა, აინტერესებდა, ხედავდნენ თუ არა ცისას. ფანჯრისკენ არავინ იყურებოდა, აშკარა იყო, ვერც ცისას ნათელს ამჩნევდა ვინმე.
კლასმა კი ლექსოს სიტყვები გაითავისა, ნელ-ნელა ყველა წამოდგა და თავჩაღუნული გაშეშდა დირექტორის წინ. ლექსომ ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა:
– ნუ დაგვაშორებთ, მასწავლებელო!.. ამდენი წელი, ერთად მოვდივართ და ძალიან გვეტკინება გული, თუ ისინი ჩვენთან აღარ იქნებიან… ჩვენ დავეხმარებით ავთოს და გუჯას და ნახავთ, როგორ შეიცვლებიან… ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ!
გაკვირვებულმა დირექტორმა სიყვარულით შეათვალიერა ლექსო და მთელი კლასი, ,,რა კარგი ბავშვები გვყოლიაო!’’ – გაიფიქრა და მათი დიდსულოვნებით გაოცებულ მასწავლებლებს მრავლისმეტყველი თვალებით გადახედა.
– კარგი, ბავშვებო! თქვენს თხოვნას გავითვალისწინებთ, მკაცრად არ დავსჯით, მაგრამ ამ საკითხს მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად აუცილებლად განვიხილავთ… – დირექტორს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ შეჩერდა, რადგან ,,მაგარი ბიჭები’’ ლექსოსკენ გაემართნენ. ჯერ ავთომ გაუწოდა ხელი მას, შემდეგ გუჯამ, ბოლოს კი ორივემ – ,,გვაპატიეო,’’ წაიჩურჩულა.
ცისამ კლასს გადაუფრინა და საოცარი ნათელი გადააფრქვია. შემდეგ ლექსოს პეპელასავით ნაზად ეამბორა შუბლზე, ,,ყოჩაღ, ლექსო! სწორედ ამიტომ მოვედი შენთანო!’’ – კი არ უთხრა, გააფიქრებინა, გაუღიმა და გაქრა.
,,განა სინათლე არა სჯობს
სიბნელეს შავის ღამისო?!
კარგი – გვინათებს გონებას,
ცუდმა – დაგვახრჩოს, ლამისო!
სიკეთის გარდა, არად ღირს
ჩვენი სიცოცხლე – წამისო!’’–
ლოცვასავით ჩაიგალობა ლექსომ და თავჩაღუნულ თანაკლასელებს მოეხვია.
კლასში სიკეთითა და სიყვარულით ავსილი საოცარი სიჩუმე იდგა. ხმის ამოღება არავის უნდოდა, რომ არ ჩაექროთ სულში ჩაღვრილი თბილი ჟრუანტელი.
დირექტორი ლექსოს მიუახლოვდა, ,,გაიზარდე, შვილოო!’’ ჩაიჩურჩულა, შუბლზე აკოცა და მასწავლებლებთან, გუჯასა და ავთოსთან ერთად საკლასო ოთახი დატოვა.
* * *
შენსა და შენს მეგობარს ერთი და იგივე გოგონა (ბიჭი) მოგწონთ, როგორ მოიქცევით?
გამოესარჩლებოდით თუ არა ინგლისურის მასწავლებელს?
მიუთითებდით თუ არა თქვენს თანაკლასელსა თუ მეგობარს მის შეცდომას? რა ფორმით?
როგორ მოიქცეოდით გუჯას ადგილზე?
შეძლებთ, აპატიოთ შეცდომა თანაკლასელს ან მეგობარს, თუკი ის გულწრფელად გთხოვთ პატიებას?
რა თვისებებს ავლენს ლექსო თანაკლასელებთან მიმართებაში?
თქვენი აზრით, სწორად მოიქცა ლექსო? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე?
ერთ შორეულ გალაქტიკაში
,,ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ
და ლანძღვას ლანძღვისა წილ, პირიქით,
აკურთხეთ, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ’’ (Iპეტრე, 3,9)
– ლექსო, იცი, დედამიწის მსგავსი პლანეტა კიდევ არსებობს ერთ შორეულ გალაქტიკაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ მოლაპარაკე ცხოველები და ფრინველები სახლობენ, – უთხრა ერთ კვირა დღეს მათემატიკის მწვანე წიგნზე შემომჯდარმა, თვალებაციმციმებულმა, ზურმუხტისფრად აელვარებულმა ცისამ ლექსოს.
ლექსოს ცნობისმოყვარეობისგან თვალები გაუფართოვდა.
– რა საინტერესოა!.. შეიძლება, მაჩვენო?
– რატომაც არა!
ცისამ ხელი ჩასჭიდა პატარა მეგობარს და ზევით გააქროლა.
– ერთი პატარა ვარსკვლავი ბევრ საოცრებას გვანახებს. მას ვარსო ჰქვია და ისევე ესმის ყველაფერი, როგორც ჩვენ, ოღონდ ვერ ლაპარაკობს. ნახავ, რა ლამაზია! – ზარების საამო წკრიალით უხსნიდა მოციმციმე ფერია ლექსოს.
ღრუბლებს რომ ასცდნენ, ლექსოს საოცარმა სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა, მწველ სინათლეს ვერ გაუძლო და თვალდახუჭული მიჰყვა ცისას. ძალიან მალე ცნობისმოყვარეობამ სძლია, თვალები ოდნავ გაახილა და გაოცებისგან სიხარულის შეძახილი ამოხდა. მათ წინ, სულ ახლოს, პატარა მნათობი ეკიდა ცაში, კაშკაშა და თბილი კომეტა – ხომალდი ვარსო. მას არც კარი ჰქონდა, არც სარკმელი, მაგრამ მეგობრებს არ გასჭირვებიათ მასში შესვლა. ცისა ოდნავ შეეხო თუ არა ვარსოს, ისინი ხომალდში აღმოჩნდნენ. აქ ლექსოს, ცისას დაუხმარებლად, თავისუფლად შეეძლო ემოძრავა. მან თვალი მოავლო კომეტას, იგი ბროლის წახნაგებიან ძვირფას კუბს ჰგავდა, კედლები გამჭვირვალე ჰქონდა, საიდანაც გარე სამყაროს დანახვა შეიძლებოდა.
როგორც კი შეფრინდნენ ხომალდში, იგი საოცარი სიჩქარით დაიძრა და უსასრულობაში შთაინთქა.
ლექსო გულაფართხალებული გასცქეროდა საშინელი სისწრაფით უკან მოტოვებულ ციურ სხეულებს. ისეთი სიჩქარით მიჰქროდნენ, შეუძლებელი იყო ცალკეული პლანეტისა თუ ვარსკვლავის დაკვირვება, მაგრამ ლექსოს არც თვალი ეღლებოდა და არც მათი თუნდაც უეცარი გაელვების დანახვა სწყინდებოდა.
დედამიწა უკვე პატარა ბურთივით მოჩანდა, როცა ცისამ განათებული პლანეტა დაანახა ლექსოს.
– ეს ვენერაა, დედამიწაზე გაცილებით თბილი პლანეტა. ის, დედამიწასთან შედარებით, უფრო ახლოსაა მზესთან, ამიტომ მასზე მეტი სითბო და სინათლეა. მაგრამ ამჯერად ჩვენ სრულიად საპირისპირო მხარეს მივქრივართ…
პატარა მეგობარმა დედამიწის მარცხნივ გაახედა ლექსო. უამრავ ვარსკვლავს შორის რამდენიმე პლანეტა მოჩანდა.
– ამ პლანეტებს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მარსია, მაგრამ ის უფრო შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწა, ამიტომ მასზე გაცილებით ნაკლები სითბო და სინათლეა. მარსის უკან ცივი პლანეტებია – იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი.
– ისინი ძალიან შორს არიან მზისგან, ალბათ, იქ წელიწადის ყველა დრო ზამთარი იქნება, – ისე ჩაილაპარაკა ლექსომ, რომ პლანეტებისთვის თვალი არ მოუცილებია.
– სამაგიეროდ, მზესთან ძალიან ახლოს არის მერკური და იქ წელიწადის ყველა დრო ზაფხულია, – გაუღიმა ცისამ, – მაგრამ მხოლოდ იმ ნახევარში, რომელიც მზისკენ არის მიქცეული. რადგან მეორე ნახევარს მზის სხივები ვეღარ ეფინება, იქ მუდამ წყვდიადია…
– რატომ? ეს პლანეტა, დედამიწის მსგავსად, არ ბრუნავს თავისი ღერძისა და მზის გარშემო?
– ყოჩაღ! – მოუწონა გამჭრიახობა ცისამ, – მერკურის ბრუნვის დრო თავისი ღერძისა და მზის ირგვლივ ერთი და იგივეა, ამიტომ ის მუდამ ერთი და იმავე ნახევრით არის შებრუნებული მზისკენ… უფრო დაწვრილებით სკოლაში ისწავლით…
ლექსო, ეს მზის სისტემაა, ჩვენ კი სულ სხვა სისტემისკენ მივფრინავთ. ასეთი სისტემა ცის უსაზღვროებაში ძალიან ბევრია.
– მზის სისტემაში უფრო მეტი პლანეტა რომ ყოფილა? დანარჩენები?..
– მე ის ძირითადი პლანეტები დაგანახე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად იცნობენ დედამიწელები, დანარჩენებსაც ნელ-ნელა გაგაცნობ.
ლექსომ ვერ გაარკვია, რამდენ ხანს მიფრინავდნენ. ბოლოს ერთ პლანეტას მიუახლოვდნენ და პატარა დედამიწელმა დაინახა თავისი პლანეტის ორეული – ისეთივე წყლიანი და ხმელეთიანი, მუქღრუბლიანი, უდაბნოებითა და თოვლიან-ყინულიანი ჩრდილოეთ-სამხრეთით. განსხვავება, ერთი შეხედვით, არ შეიმჩნეოდა. მხოლოდ მიახლოების დროს შენიშნა ლექსომ, რომ დედამიწის ორეულზე წყალი მეტი იყო, მიწა – ნაკლები.
– ჩვენ უხილავი ვიქნებით, ლექსო, არაფრის შეგეშინდეს! – გააფრთხილა ცისამ,– და იცოდე, შენ მათ ენას გაიგებ.
რა თქმა უნდა, აქ ქალაქებს ვერ ნახავდით, შესაბამისად – ვერც შენობებსა და სახლებს. იყო ტყეები, მინდვრები, მთები, ზღვები და ოკეანეები. იყვნენ ცხოველები და ფრინველები, ქვეწარმავლები, უძველესი ხანის გიგანტური რეპტილიები და თევზები – რა თქმა უნდა, ადამიანების გარეშე.
ცისა ლექსოს ერთი დიდი კონტინენტისკენ მიაქროლებდა.
ერთი ტყის პირას, დიდი მუხის ქვეშ შეისვენეს. წყნარი, მზიანი დღე იდგა. ცას მხოლოდ აქა-იქ შერჩენოდა ქულა ღრუბელი. მინდორში გაშლილ ყვავილებს ნელი სიო დანანავებდა ფრთაჭრელი პეპელასავით. ლექსო მთლიანად მინებდა ბუნების სიმშვიდეს და, მუხის ფესვებზე ჩამომჯდარი, ნეტარებით უსმენდა ათასგვარი ფრინველის ჟივჟივსა და გალობას.
უეცრად ტყეში უცნაური შრიალი გაისმა. ხეები აკვნესდნენ, ფრინველები აწიოკდნენ, ქვეწარმავლები გესლიანად ასისინდნენ. ,,ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად!’’– ისმოდა ყველა მხრიდან. ლექსომ შეშფოთებით მიმოიხედა და ცისას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. ცისა ერთ ადგილს მიშტერებოდა და ლექსოსაც იმ მხარეს მიანიშნებდა. ტყიდან უზარმაზარი ტირანოზავრი გამოვიდა ტოტების ლაწალუწით და მათკენ დაიძრა.
– არ შეგეშინდეს, ის ჩვენ ვერ გვხედავს! – შეახსენა ცისამ ფერდაკარგულ ლექსოს და გაუღიმა.
უკანა ძლიერ ფეხებზე შემდგარი ტირანოზავრი ნელა მოიწევდა მათკენ, მის ყოველ ნაბიჯზე კი მიწას ზანზარი გაჰქონდა.
– რამხელაა! – განცვიფრდა ლექსო.
– ის ყველაზე საშინელი მტაცებელი ცხოველი იყო დედამიწაზე. თქვენთან ტირანოზავრი თუ სხვა ნებისმიერი გიგანტური რეპტილია დიდი ხანია გადაშენდა. აქ კი, სამყაროში რაც ცხოველსა და ფრინველს უარსებია, ყველა სახეობაა და ყველა თავის გადარჩენისთვის იბრძვის. მოდი, მივყვეთ ამ ბოროტ მბრძანებელს და ვნახოთ, როგორ ცხოვრობს ის.
ტირანოზავრის თითო ნაბიჯის სიგრძე ოთხი მეტრი იქნებოდა და თუმცა უკანა ფეხებზე სირბილიც მშვენივრად შეეძლო, მაინც არ ჩქარობდა, მიდამოს სისხლძარღვებით დასერილი ბოროტი თვალებით ზვერავდა, ცხადი იყო, საკბილოს ეძებდა. მისი უზარმაზარი ტანი, საშინელ ყბებში ჩალაგებული ბასრი კბილები, რქოვანი ჯავშნით დაფარული ტანი და, რაც მთავარია, მტაცებლური, დაუნდობელი გული პლანეტაზე მბრძანებლობის ყველა უფლებას ანიჭებდა… და მბრძანებლობდა კიდეც! მისი არათუ დამმარცხებელი, წინააღმდეგობის გაწევის გამბედავიც კი ვერ მოიძებნებოდა ამ უზარმაზარ პლანეტაზე.
უცებ ფრთების ძლიერი შრიალისა და გამყინავი წივილის ხმამ გაკვეთა ჰაერი, რამაც ტირანოზავრი მკვეთრად შეაჩერა. მან, მისი უზარმაზარი აღნაგობისთვის შეუფერებელი სისწრაფით ასწია თავი და ფრინველს გახედა. ეს იყო ყველაზე დიდი ფრინველი, რომელიც კი ლექსოს ენახა.
– ეს უძველესი ხანის ფრინველია, რომელსაც ადამიანები მფრინავი ხვლიკის სახელით იცნობენ, მეცნიერები კი პტერანოდონს უწოდებენ. დააკვირდი, ლექსო, ხვლიკის გარდა, კიდევ რომელ ცხოველს მოგაგონებს?
– მგონი, ღამურას ჰგავს… ჰო, ჰო, უზარმაზარი ღამურას მახინჯი ასლია! – მიგნებამ გაახარა ლექსო.
ფრინველმა ფრთების ტყლაშუნით კიდევ ერთი წრე შეკრა ტირანოზავრის თავზე და წივილით ჩამოსძახა:
– ძმობილო, აქვე ახლოს ისეთი საკბილოა, შვილებს კარგად გამოვკვებავთ!
– საით? – თვალების ბრიალით ასძახა ტირანოზავრმა.
– გაგიძღვები, თუ ჩემთვისაც გაირჯები.
ტირანოზავრმა კარგად იცოდა, პტერანოდონს მიწაზე ნადირობა უჭირდა, მხოლოდ ჯოგიდან მოშორებულ ცხოველს თუ მოიხელთებდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა. ფრინველისთვის შეუფერებლად მოუქნელი და მძიმე სხეულის გამო, მას მიწიდან აფრენა უჭირდა. იმ შემთხვევაში, როცა ტირანოზავრი მისთვის ირჯებოდა, არც ის რჩებოდა ვალში, მაგრამ მისი მოპოვებული ნადავლი გაცილებით მცირე ულუფა იყო, არც ერთს არ ჰყოფნიდა. ამიტომ სთხოვდა ასე ხშირად დახმარებას ტირანოზავრს, თუმცა ნადირობაში თავისი წვლილი მაინც შეჰქონდა. ის ზევიდან დიდ ფართობს ზვერავდა და ტირანოზავრს წინასწარ აცნობებდა საკბილოს მოახლოებას, რაც წარმატებული ნადირობის გარანტია იყო. თუმცა ტირანოზავრი ხშირად ეშმაკობდა – ნადირობისას თვითონ კარგად დანაყრდებოდა, მას კი ნარჩენებს უტოვებდა.
– თანახმა ვარ! – დაცინვამ გაიჟღერა ტირანოზავრის ხმაში.
მფრინავ ხვლიკს ყურადღება არ მიუქცევია, იქნებ შეჩვეული იყო კიდეც მის მედიდურობას და იმ მიმართულებით გაფრინდა, საითაც მარტორქების ჯოგი ეგულებოდა. უკანა ძლიერ ფეხებზე შემდგარი ტირანოზავრიც სირბილით მიჰყვა.
კლდის იქით, რამდენიმე მარტორქა ნელა მოიზლაზნებოდა ტყისკენ. საფრთხეს ვერ გრძნობდნენ და არ ჩქარობდნენ. ტირანოზავრი კლდეს ამოეფარა და შეიცადა, სანამ მარტორქები მის სამალავს მოუახლოვდებოდნენ. მფრინავი ხვლიკიც კლდის წვერზე ჩამოჯდა და გაიტრუნა. დარწმუნებული იყო, მისმა ძმობილმა იცოდა თავისი საქმე.
მართლაც, კლდის სამალავიდან უეცრად გამოვარდნილი ტირანოზავრი ეცა ერთ მარტორქას და თავის უზარმაზარ ყბებში მოიქცია, ერთბაშად უნდოდა მისი გადასანსვლა, მაგრამ იმის შიშით, დანარჩენები ტყეში შემასწრებენო, გამოფატრული ნადავლი იქვე დააგდო და დამფრთხალ ნადირს გამოედევნა.
– მე არ დაგავიწყდე, ძმობილო! – შეახსენა მფრინავმა ხვლიკმა და მის რბოლას მიჰყვა. მარტორქები გარბოდნენ, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ლოდებს აწყდებოდნენ, იქცეოდნენ, დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ. სიხარბემ ტირანოზავრი დააბრმავა, კლდის ქიმს შეეჯახა და ჩამოცვენილმა ლოდებმა წუთიერად შეატორტმანა, უზარმაზარი სხეულის წონასწორობის აღდგენა გაუჭირდა და როცა გაიმართა, მარტორქები უკვე აღარ ჩანდნენ, ტყისთვის შეეფარებინათ თავი. რადგან ტყეში სირბილი კი არა, სიარულიც უჭირდა, მიხვდა, გამოდევნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ მობრუნდა და თავის ნადავლს მიაშურა. მაგრამ აქაც მოტყუვდა. მარტორქის ლეში მფრინავ ხვლიკს დაეთრია და თავისი ბუდისკენ მიაქროლებდა.
– ჰმ!.. ,,მე არ დაგავიწყდე, ძმობილო!’’ – ბოროტად გამოაჯავრა მფრინავ ხვლიკს ტირანოზავრმა და კბილების ღრჭიალით დაუმატა, – არ დამავიწყდები ,,ძმობილო!’’ მოგაგნებ და!…
გულაღრენილი ტირანოზავრი იმ მხარეს გაემართა, საითაც ფრინველი გაფრინდა მისი მოპოვებული ნადავლით. დიდხანს იარა, დიდხანს ირბინა, ისე მოინდომა, როგორც არასდროს, სიმაღლეებსაც კი არ შეუშინდა და მაინც მიაგნო მფრინავი ხვლიკის საბუდარს.
უზარმაზარ ბუდეში ერთი კვერცხი იდო და ერთი მართვე იჯდა, იქვე კი მარტორქის დაკორტნილი ძვლები ეყარა. კარგად დანაყრებულ მართვეს ნისკარტი ფრთის ქვეშ ამოედო და ტკბილად ეძინა. ტირანოზავრის ნაბიჯებისგან გამოწვეულმა ზანზარმა დააფრთხო, მაგრამ სხეულს ვერ მოერია, ტანი ვერ აითრია, ერთი კი შეფართხალდა და რომ მიხვდა, ვერსად გაიქცეოდა, აცახცახებულმა თავი ისევ ფრთის ქვეშ შერგო.
ტირანოზავრმა ყურადღებით დაზვერა იქაურობა. პტერანოდონი არსად ჩანდა, ეტყობოდა, თვითონ კარგად ვერ დანაყრდა და ისევ საკბილოს მოსაპოვებლად იყო წასული.
– ძალიან კარგი!… – ჩაიფრუტუნა ტირანოზავრმა, წინა ფეხით კვერცხი ჯერ ჩატეხა, შემდეგ მთიდან ხრამში გადააგდო, მოფართხალე მართვეს პირი დაავლო და დაგორებულ ლოდებზე ხტომით თავქვე დაეშვა.
მის პატარასაც ხომ არაფერი ეჭამა მთელი დღე და ვინ იცის, როგორი იმედით ელოდა მშობელს.
მზე ჩადიოდა, ტირანოზავრმა მთის ძირს რომ მიაღწია. შიმშილისაგან აწრიალებულ მის ნაშიერს შორს წასვლა ვერ გაებედა, იქვე დაძრწოდა ღმუილით. ტირანოზავრმა მას პირდაპირ დაღებულ, განიერ ყბებში ჩაუგდო მკვდარი მართვე და თვითონაც იქვე ჩაიჩოქა. დღეს მშიერი დარჩა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა სანადიროდ გასვლას, რადგან უკვე ღამდებოდა, თან ალღო კარნახობდა, რომ მისი ვერაგობა უპასუხოდ არ დარჩებოდა.
მართლაც, მალე ფრთების ძლიერი ტყლაშუნი შემოესმა და ფეხებზე წამოიმართა, საბრძოლველად მოემზადა, თან პატარა ტირანოზავრს მოფარებული ადგილისკენ ცხვირით უბიძგა.
– ეს რა ჰქენი, ტირანო, ეს იყო ჩვენი მეგობრობა?! – გაავებით ჩამოსძახა ფრინველმა.
– შენ რომ ნანადირევი მომპარე და მშიერი დამტოვე! – დაუღრინა ტირანოზავრმა, – არც შენ გცოდნია მეგობრობა!
– მთელი დღე არაფერი გვეჭამა მე და ჩემს მართვეს. ვიფიქრე, შენ კიდევ მოინადირებდი და ის პირველი ნანადირევი იმიტომ წავიღე… მე ვერ შემწვდი და მართვეზე იყარე ჯავრი?! მახინჯი ურჩხული ყოფილხარ და არ ვიცოდი!..
მფრინავმა ხვლიკმა გაავებული წივილით ისე ახლოს ჩაუქროლა ტირანოზავრს, რომ კინაღამ მის დაღებულ ხახაში მოხვდა. აშკარა იყო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ტირანოზავრმა კბილის გაკვრა მოასწრო და ცალი ფრთა დაუზიანა.
ტკივილმა ფრინველი უფრო გაამწარა, ძალ-ღონე მოიკრიბა, ხერხი იხმარა და ტირანოზავრის შემოსაბრუნებლად საპირისპირო მხარეს გაფრინდა. ტირანოზავრი მოტყუვდა, შვილს რამდენიმე ნაბიჯით დასცილდა და ფრინველისკენ შებრუნდა. მფრინავმა ხვლიკმა წრე შეკრა, უეცრად საშინელი წივილით მობრუნდა, პატარა რეპტილიისკენ ისარივით დაეშვა, კლანჭებში მოიქცია და ჰაერში აიტაცა.
ეს მისგან იმდენად მოულოდნელი იყო, ტირანოზავრი წამიერად გაოცდა, მაგრამ მალე მოეგო გონს და გაავებულ ფრინველს, თვითონაც გაავებული, უზარმაზარი ნახტომებით გამოედევნა.
– დაჭრილი ხარ, შორს ვერ წახვალ, მოგიხელთებ და გაგსრეს! – გაბოროტებული ცხოველი მუქარით ღრიალებდა და ქოშინით მისდევდა მფრინავ ხვლიკს, დროდადრო ჰაერში აღმუვლებულ ნაშიერს გახედავდა და თავს იმით ინუგეშებდა, რომ დაჭრილი ფრინველი ნელ-ნელა სისხლისგან დაიცლებოდა, ძალა გამოელეოდა და სადმე ჩამოვარდებოდა.
უკვე კარგად შებინდდა. სავსე მთვარემ დღესავით გაანათა ხმელეთი და ტალღებაქოჩრილი ოკეანე. სწორედ აზვირთებული ოკეანისკენ მიფრინავდა ფრინველი, თუმცა უკვე ეტყობოდა დაღლა, ნელ-ნელა დაბლა იწევდა. ტირანოზავრი რამდენჯერმე ახტა, შეეცადა კბილებში მოეგდო მტერი, მაგრამ ვერ შესწვდა. ფრინველს მაღალი მთებისკენ მიჰყავდა აღმუვლებული პატარა და მათ გამოდევნებული გონდაკარგული ცხოველი. ტირანოზავრს სიმაღლეზე ასვლა უჭირდა, ამიტომ სირბილი ვეღარ შეძლო და ჩამორჩა, თუმცა თვალი არ მოუშორებია და დაინახა, როგორ შეისვენა მთის წვერზე ბასრ კლანჭებში ნადავლმოქცეულმა ფრინველმა. პატარა ტირანოზავრს ისე ძლიერად ჰქონდა შემოჭერილი მტრის კლანჭები, რომ სუნთქვა უჭირდა და ნელ-ნელა სულს ღაფავდა.
ტირანოზავრი თავს არ ზოგავდა, ნელა, მაგრამ თავგანწირვით მიიწევდა მაღლა. მისი მძიმე ნაბიჯების ქვეშ მიწა იშლებოდა და ლოდები ცვიოდა. ფრინველი თითქოს უცდიდა, აფრენას არ ჩქარობდა და პატარა ტირანოზავრს უფრო და უფრო უჭერდა კლანჭებს. ახლა მისი ღმუილი კი არა, ხრიალიღა ისმოდა.
ტირანოზავრმა, როგორც იქნა, მიაღწია მთის წვერს. მფრინავი ხვლიკი იმ ლოდზე იჯდა, რომლის ქვეშ ციცაბო კლდე ჩაშლილიყო, კლდის ძირს კი ოკეანის ტალღები ეხეთქებოდა. ტირანოზავრი შეჩერდა, მიხვდა, ზღვაში გადაგდებას უპირებდა მის ნაშიერს მტერი. ფეხის გადადგმას ვეღარ ბედავდა, რადგან, მართალია, დასუსტებულ, მაგრამ კარგად დასვენებულ ფრინველს ერთი ფრთის შემოკვრით მაინც შეეძლო აფრენა და განზრახულის სისრულეში მოყვანა.
– დაანებე თავი, გაუშვი კლანჭები, ხომ ხედავ, ვეღარ სუნთქავს! – თვალები ბოროტად დააკვესა ტირანოზავრმა და ფრინველს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
– მეც ეგ მინდა, რომ აღარ ისუნთქოს, ჩემი მართვე ამას არ შეაჭამე? – ტირანოზავრის მოახლოება არ გამოპარვია მფრინავ ხვლიკს და თავდასხმისთვის მოემზადა, ფრთები შემართა.
– გაჩერდი!.. – დაუღრიალა გაავებულმა ცხოველმა, მაგრამ რომ მიხვდა, გაბრაზებით ვერას გახდებოდა, დათმობა ამჯობინა.
– რა გინდა, რას მთხოვ იმის სანაცვლოდ, რომ ჩემს პატარას თავი დაანებო?
– ჩემს მართვეს და ჩემს კვერცხს, რომლიდანაც სულ მალე მეორე უნდა დაბადებულიყო… დამიბრუნებ?
– ეგ შენც იცი, რომ აღარ შემიძლია, – კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტირანოზავრმა. ახლა ერთი ნახტომიღა დარჩენოდა და ფრინველს კბილებში მოიქცევდა… ემზადებოდა კიდეც ნახტომისთვის.
არც მფრინავი ხვლიკი იყო უყურადღებოდ. ის სწორედ ამ ნახტომს ელოდა, ამიტომ ფრთები გაშალა და გასაფრენად შეიმართა.
– ჰოდა, სწორედ ამიტომ შენი ნაშიერიც მოკვდება!
ფრინველის აფრენა და ტირანოზავრის ნახტომი ერთდროულად მოხდა. გაავებული ცხოველი კბილებით მისწვდა ფრინველის ფრთას, მაგრამ ისეთი დიდი ნახტომი გამოუვიდა, რომ მიწაზე ფეხი ვეღარ მოიკიდა, აფართხალებული ფრინველი კი დაითრია, მაგრამ მის კლანჭებში უკვე მოგუდული პატარა ვერ დააგდებინა და მისმა სიმძიმემ სამივე ოკეანისკენ ტყვიასავით დააქანა.
მთის მწვერვალიდან გადმოცვენილები და ერთმანეთს ჩაფრენილები რამდენიმე წუთში ოკეანემ შთანთქა.
ცისამ ლექსოს გახედა და პატარა დედამიწელის დიდ, შავ თვალებში კრიალა სევდა და სინანული ამოიკითხა. წამიერად მის თვალებშიც გაიელვა ლექსოს განწყობამ, მაგრამ მხოლოდ წამიერად, შემდეგ როგორც სჩვეოდა, თვალებმოჭუტვითა და კულულების წკრიალით გარშემო შემოუფრინა:
– გინდა, უფრო პატარა არსებების ცხოვრებაც ვნახოთ?
– არა! _ არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ლექსომ, – ნამდვილად არ მინდა, რადგან ვიცი, მათთანაც ასეთი დაუნდობელი ბრძოლა იქნება არსებობისთვის…
,,როცა ასეთი ლამაზი არის მთა, ტყე და ველიო,
ცხოველს მზე უყვარს, ჩიტს – ზეცა, ფუტკარს – ყვავილის წვენიო…
ნეტავ, რად არის ქვეყანა მაინც სასტიკი, ბნელიო?!
რად ებრძვის ერთი მეორეს, რად არის მისი მტერიო?!” –
სევდიანი თვალები მიაპყრო ლექსომ ცისას და თავი ჩაღუნა.
* * *
აქ წარმოდგენილი უძველესი ხანის ცხოველების გარდა, კიდევ რომელს იცნობთ?
დამნაშავე იყო თუ არა პტერანოდონი?
როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ტირანოზავრი, რომ ასეთ განსაცდელში არ ჩავარდნილიყო?
როგორ ფიქრობთ, რამ გააბოროტა ასე ტირანოზავრი?
თქვენი ფანტაზიით, როგორ აარიდებდით მათ ამ ტრაგიკულ დასასრულს?
ვატოს ბავშვობადაკარგული სამყარო
,,ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ
ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით” (ეფესელთა მიმ. 6,4)
წუთი აღარ იყო ლექსოს ცხოვრებაში, რომ ცისაზე არ ეფიქრა, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა ხელს ლოცვაში, სწავლასა და გართობაში, პირიქით, თითქოს მასზე ფიქრი ცხოვრებას უფრო მეტ სილამაზესა და შინაარსს სძენდა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა პატარა ფერიაზე, მით უფრო ამჩნევდა ცისასა და ხატიას შორის უხილავ მსგავსებას. ხატიას თაფლისფერი თვალების შუქი უფრო მეტად აგონებდა ცისას ცისფერი თვალების ციმციმს… მაგრამ მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა – მართალია, ხატია მუდამ მის გვერდით იყო, ცისა იშვიათად ჩნდებოდა მასთან, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფალი დრო მეტი ჰქონდა. ამიტომ ცის ფერია ყოველთვის ენატრებოდა და გულითა და გონებით მის მოსვლას ელოდა.
ერთ კვირა დღეს, ალიონზე, ღია ფანჯარასთან მჯდარმა, ცისას მომლოდინე, ოცნებებით გართულმა ლექსომ ჩათვლიმა. უცებ პატარა ზარების მხიარული წკრიალი შემოესმა და სიხარულით შეხტა. ცისა ფანჯრის თეთრად შეღებილ რაფაზე წამოსკუპებულიყო და თვალებმოჭუტული ეშმაკურად უღიმოდა. ამჯერად, მის კაბას თეთრი ფერი მიეღო, რომელიც საოცრად უხდებოდა.
,,ჩემო ლამაზო დაიკო, ანგელოსს როგორ ჰგავხარო!
ნუ დამღლი შენი ლოდინით, აქ დარჩი, ნუღარ წახვალო!”–
გულით შეევედრა ლექსო მონატრებულ ფერიას და მისი გამოჩენით გაცისკროვნებული თვალები შეანათა. ცისამ გაუცინა და ხელი ჩასჭიდა.
– ახლა ერთი შენი თანატოლის ცხოვრება მინდა გაჩვენო. ოღონდ იცოდე, უჩინარი ვიქნებით მანამ, სანამ მე შენთვის ხელი მექნება ჩაჭიდებული. როგორც კი ხელს გამიშვებ, ყველა დაგინახავს. ამიტომ ფრთხილად იყავი! – გააფრთხილა და ჰაერში აიტაცა.
ხელიხელჩაკიდებულმა მეგობრებმა ქალაქს გადაუფრინეს და ერთი ძალიან ლამაზი, მდიდრული სახლის აივანზე დაეშვნენ. აივნის კარი ღია იყო, ნიავი ფარდას არხევდა, რომლის იქითაც, ოთახის სიღრმეში, მდიდრულ, განიერ საწოლში უდარდელი ძილით ეძინა ლექსოს ტოლ ბიჭუნას.
– რა ლამაზი სახლია! – ჩურჩულით გამოხატა აღფრთოვანება ლექსომ.
– ნუ ჩურჩულებ, ლექსო, ხომ გითხარი, ჩვენ ვერავინ დაგვინახავს და, რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს საუბარს გაიგონებენ.
– რაღა დროს ძილია! – უკვე ხმამაღლა გაიკვირვა ლექსომ.
ცისას არაფერი უთქვამს, ოდნავ უბიძგა და ისინი ბინაში შეფრინდნენ. დიდ, ოვალურ მაგიდასთან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საუზმობდა, იქვე შუახნის ქალი ფუსფუსებდა. მეგობრები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ქალი ოჯახს ემსახურებოდა.
– სად არის ჩემი ბოტასები? ჩემი შორტები? – თვალების ფშვნეტით გამოვიდა ვატო საძინებელი ოთახიდან.
– გაიღვიძე, დედიკო? ლია, თუ შეიძლება, მოუძებნე, – სთხოვა ეკამ მოსამსახურეს და ანიშნა, საუზმეც მოუტანეო.
ლიამ წამოკრიფა უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი, ვატოს საწოლთან დაუწყო და საუზმეც გაუმზადა. ის კი ძვირფას მობილურ ტელეფონს ჩაშტერებოდა და შაბიამნისფერ ეკრანზე გამოსახულებებს ცვლიდა. შემდეგ მეგობრებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა – ,,ფული გაიჩითა. მოიფიქრეთ, სად წავიდეთ”. ასე, მობილურს ჩაშტერებული მაგიდას მიუჯდა და ჩანგალს დასწვდა.
– ჯერ პირი დაგებანა და ჩაგეცვა, – შენიშნა მამამ, – არ დაგავიწყდეს, თორმეტ საათზე მძღოლი მოგაკითხავს, ინგლისურზე უნდა წახვიდე!
ვატოს თითქოს არაფერი გაუგია, ჭამა დაიწყო. უცებ ტელეფონმა გაიწკრიალა, მეგობრები ატყობინებდნენ: ,,მაგარი პონტი გავჩითეთ, სამისთვის მოდი”. ის კი თორმეტი საათისთვის დანიშნულ ინგლისური ენის გაკვეთილზე ფიქრობდა და მისგან თავის დაძვრენის გზებს ეძებდა.
,,მერსედესი’’ დროზე ადრე შეჩერდა მწვანედ შეღებილ რკინის ჭიშკართან. მძღოლი მანქანაში დარჩა, ათლეტური აღნაგობის, მაღალი, ახალგაზრდა კაცი კი ეზოში შევიდა და კარებთან დადგა.
– ესენი ვინ არიან? – გაუკვირდა ლექსოს.
– ვატოს იცავენ, – მოკლედ უპასუხა ცისამ.
– ვისგან იცავენ?! – უფრო გაუკვირდა ლექსოს.
– სიმდიდრისგან.
ლექსომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა, ალბათ, მივხვდებიო.
ვატო მანქანაში ჩაჯდა. ჩაფიქრებული ჩანდა, კარგა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო:
– მოდით რა, ბიჭებო! არ მინდა ინგლისურის გაკვეთილზე ტვინის ჭყლეტა, წამო, ,,მაკდონალდსში’’ წავიდეთ.
– არ შეიძლება, უფლება არ გვაქვს! – მოკლედ უპასუხა მძღოლის გვერდზე მჯდომმა.
– მიდი, რა!.. რა უფლება, რის უფლება, მამაჩემი ვერაფერს გაიგებს, მასწავლებელი თუ დარეკავს, დედას მე ,,შევაბამ’’… მიდი, მიდი, რასაც გეუბნებით, ის გააკეთეთ! – გაბრაზდა ვატო.
დაძაბული ლექსო მოუთმენლად ელოდა, რა მოხდებოდა. ამ დროს ცისა მისკენ შებრუნდა და უთხრა:
– იცი, ის მცველი რას ფიქრობს? ჯიბეში ხუთ ლარზე მეტი არ მიდევს, ნეტა რას მოითხოვს, შევძლებ გადახდასო?
მანქანა ,,მაკდონალდსის’’ შენობასთან შეჩერდა. ვატო სწრაფად გადმოხტა, არ დაელოდა დაცვას, პირდაპირ მაგიდას მიუჯდა. მენიუდან თითქმის ყველაფერი შეუკვეთა და, სავსე მაგიდით კმაყოფილმა, კარებთან მდგარი მცველი თითით მოიხმო:
– მძღოლიც შემოიყვანე და დამეწვიეთ, – მედიდური კილო ჰქონდა. მცველი უთქმელად შებრუნდა და მალე მძღოლთან ერთად მაგიდას მიუჯდა.
– მიირთვით, მიირთვით, დღეს ჩემი სტუმრები ხართ, – ეუბნებოდა ვატო უხერხულად მჯდარ თანამესუფრეებს და სახე სიამაყით უბრწყინავდა.
ლექსო გაკვირვებული უყურებდა ამ გათამამებულ ,,დიდ კაცუნას’’ და ხმას ვერ იღებდა.
სუფრა თითქმის ხელუხლებელი დარჩა. ნაყინი გალღვა, ,,კოკა-კოლას’’ ბოთლები ისევ სავსე იყო. ვატომ ჯიბიდან ტყავის მოზრდილი საფულე ამოიღო, გახსნა და მცველსა და მძღოლს გაკვირვებისგან პირი ღია დარჩათ. საფულეში ვატოს დოლარები ჰქონდა. მან ამაყად გადაიხადა დანახარჯი და გარეთ გამოვიდა.
– ახლა წადით, ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე.
– ვერ წავალთ! სახლში უნდა მიგიყვანოთ, შემდეგ კი სადაც გინდა, იქ წადი, – გაღიზიანებით უთხრა მცველმა და მანქანისკენ მიუთითა. ვატო აღარ შეკამათებია, მიხვდა, მათ მოვალეობის შეუსრულებლობას ვერ აიძულებდა და მანქანაში ჩაჯდა.
– ინგლისურზე არ ვყოფილვარ, დღეს ხომ კვირაა და დამეზარა… – გააფრთხილა ვატომ დედა და მისი შეკრული წარბები რომ დაინახა, თითქმის ატირდა, – სულ სწავლა, სწავლა, დასვენება და მეგობრებთან გართობაც ხომ მინდაა!… დავიღალეე!..
– კარგი, დედიკო, წადი და გაერთე! – უცებ მოლბა დედა და თავზე აკოცა, – მე და მამაშენს დღეს დაგვაგვიანდება, იცოდე, შენც არ დააგვიანო, კარს ლია გაგიღებს.
ვატო უკვე კიბეზე ჩარბოდა. ზუსტად სამი საათისთვის ქუჩაში მდგარ მეგობრებს შეუერთდა, რომლებსაც უკვე გადაეწყვიტათ სამორინეში შესვლა. მათ კარგად იცოდნენ, რომ მათი ასაკის მოზარდებს იქ თამაშის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ დახმარება ერთ უფროს მეგობარს სთხოვეს და ოცი ლარის საფასურად სამორინეში შეყოლაზე დაითანხმეს.
– კარგი, მაგრამ აქ უფულოდ შემოსვლას რა აზრი აქვს? – იკითხა უფროსმა მეგობარმა.
– მერედა, ვინ გითხრა, რომ ფული არა გვაქვს?! მიდი, მიდი, შენ ითამაშე, ფული ჩვენზე იყოს! – ყველას მაგივრად უპასუხა ვატომ და ძმაკაცებს გადახედა. ბიჭებმა უთქმელად გაიკრეს ჯიბეზე ხელი, მაგრამ ოცდაათ ლარზე მეტი ვერ შეაგროვეს. ვატოს ჩაეცინა, ტყავის საფულედან ორმოცდაათი დოლარი ამოიღო და მეგობრებს ამაყად გადახედა.
– ამით დაიწყე… ვნახოთ, როგორ ,,გავქაჩავთ ’’… ოღონდ მოგების მხოლოდ ათ პროცენტს მიიღებ, დანარჩენი ჩვენ გვჭირდება.
თამაში თავიდანვე აზარტულად დაიწყო, ფორტუნა ჯერ მათ მხარეზე იყო და გარკვეული თანხის მოგებაც შეძლეს. ვატო ისე ჭკვიანურად კარნახობდა, რომ აშკარა იყო, ეს თამაში ხელეწიფებოდა. ის ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ ფულს დებდა, მაგრამ ბოლოს ერთბაშად მთელი თანხა წააგო. – ეეჰ! დღეს რაღაც არ გვიმართლებს!.. წავედით, წავედით, აღარ ღირს გაგრძელება. იმდენი კი დამრჩა, კაი ჩეხური ლუდი რომ დავლიოთ… წავედით, ბიჭებო!.
ოთხივე მხრებჩამოყრილი გამოვიდა სამორინედან, ვატო კი უდარდელად ათვალიერებდა მაღაზიის ვიტრინებში სასმელებს. ბოლოს ხუთი ბოთლი ჩეხური ლუდი აიღო, მეგობრებს ჩამოურიგა და ერთი მოფარებული, მყუდრო პატარა ბაღისკენ გაუძღვა, სადაც ჯიბიდან ,,მარლბოროს’’ კოლოფი დააძრო და ბიჭებს შესთავაზა.
– ეს ვინ ყოფილა! – გაკვირვებისგან ძლივს ამოიღო ხმა ლექსომ, – ნეტავ საიდან აქვს ამდენი ფული?!
ცისამ არაფერი უპასუხა, თუმცა, ეტყობოდა, კიდევ ბევრი რამ იცოდა.
ლექსოს კი ლაპარაკის სურვილიც აღარ ჰქონდა. მას ეცოდებოდა ვატო, რომელიც უმოწყალოდ კარგავდა ბავშვობის საუკეთესო წლებს და დრო მხოლოდ იმის ფიქრში გაჰყავდა, ფული სად დაეხარჯა, რომ ამით თავი მოეწონებინა თანატოლებისთვის.
ვატო ძალიან გვიან მივიდა სახლში. ცოტა ხნით ტელევიზორი ჩართო, მაგრამ მალე სავარძელში ჩაეძინა. ლიამ თავის საწოლთან მიიყვანა და ტანსაცმლის გახდაში მიეხმარა.
შუაღამე იქნებოდა, როცა მშობლები შინ დაბრუნდნენ. ვატოს უკვე ღრმა ძილით ეძინა. სანამ დედა მის საწოლ ოთახში შევიდოდა, ცისამ სიგარეტის კოლოფი ჯიბიდან ამოუცურა ვატოს. დედა შვილის საკოცნელად რომ დაიხარა, ძირს დაგდებული სიგარეტის კოლოფი დაინახა. შეკრთა, კოლოფი აიღო და შვილისთვის არც უკოცნია, ისე გავიდა ოთახიდან.
ლექსო ყველაფერს მიხვდა და ჰკითხა:
– ნეტავ შეძლებენ მის გამოსწორებას?
ცისამ პასუხის მაგივრად მსუბუქად უბიძგა და მეორე ოთახში გაიყვანა. დაბნეული დედა სიგარეტის კოლოფს ხელში ატრიალებდა და ვერ გადაეწყვიტა, სათქმელი როგორ ეთქვა მეუღლისთვის, რომელსაც კარადის უჯრა გამოეღო და შუბლშეკრული რაღაცას ეძებდა.
– ეკა, ფული მქონდა აქ შენახული, შენ ხომ არ აგიღია?.. დილისთვის მჭირდება…
– ფული?.. – უფრო დაიბნა ეკა, – რა ფული?!. რამდენი იყო?..
– ხუთასი დოლარი…
ლექსო და დედა ერთდროულად შეხტნენ, ორივეს ერთმა აზრმა გაუელვა თავში. ეკა სწრაფად შემოტრიალდა, შვილის ოთახში ჩქარი ნაბიჯით შევიდა, ჯიბეები ამოუტრიალა და წვრილად დახურდავებული ოცდაათი დოლარი და თვრამეტი ლარიღა იპოვა. დედა მძიმედ დაეშვა სკამზე და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
– წავედით, ლექსო, უკვე ძალიან გვიანაა! – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ცისამ.
ისინი გარეთ გამოფრინდნენ. ლექსომ ღრმად ამოისუნთქა და იგრძნო, როგორ მოეხსნა დაძაბულობა.
– ჩვენ ასეთ ბავშვებს ვერ ვენახვებით, რადგან მათ არ ვჭირდებით! – სინანული ვერ დაფარა ცის ფერიამ.
ლექსო დაღონდა.
– მეცოდება ვატო! ცუდი ბიჭი არ არის… ცისა, მას ახლა სჭირდება შენი დახმარება!..
– ჩვენ ის არ მიგვიტოვებია, ლექსო!.. მაგრამ ადამიანმა თვითონ უნდა მოინდომოს, მარტო ჩვენი დახმარება ვერ უშველის! რწმენის, სიკეთისა და სიყვარულის გზა ერთადერთია, რომელიც გადაარჩენს ამ სამყაროს… დაიმახსოვრე, შეცდომის გამოსწორება არასდროს არის გვიან, რადგან ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა!
ცისამ ლექსო თავის საწოლთან დატოვა, ჩვეული მხიარული წკრიალით ხელი დაუქნია და გაუჩინარდა.
ნანახმა ლექსო ისე დააფიქრა, ცისასთან განშორება აღარ უდარდია, ლოგინში ჩაწვა და თვალები დახუჭა. დიდხანს ფიქრობდა, ბოლოს კი, ძილ-ბურანში, დედის ალერსი იგრძნო, მისმა სითბომ ნეტარების ღიმილი მოჰგვარა, განცდილი დაავიწყა და ტკბილად ჩაეძინა.
* * *
მოგწონთ ვატოს ცხოვრება? რატომ?
თქვენი აზრით, რა აკლია მას?
რა არის ვატოს საქციელში მისი ასაკისთვის შეუფერებელი?
როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს უზრუნველმა და მდიდრულმა ცხოვრებამ?
ცისა ამბობს: ,,ადამიანმა თვითონ უნდა მოინდომოს, მარტო ჩვენი დახმარება ვერ უშველისო’’, როგორ გესმით მისი სიტყვები?
შეუძლია თუ არა ვატოს შეცდომების გამოსწორება?
ოცნების პლანეტა
,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა
რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადი,
იგი გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი’’ (მათ. 17, 20)
ცის უსასრულობის საიდუმლო ლექსოს ყოველთვის უსაზღვროდ აინტერესებდა. ამჯერადაც, სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, როცა ცისამ სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობა შესთავაზა.
– ჯერ ოცნების პლანეტას ვესტუმროთ, ლექსო, რომელიც ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან, თუმცა ყველაზე მიუწვდომელი და ფარულია. მას ისეთი გარსი აკრავს, რომელიც უხილავს ხდის, ამიტომ ადამიანებისთვის მისი მდებარეობა უცნობია.
ძალიან მალე ვარსო ზღაპრულად განათებულ, ათასფრად აელვარებულ პლანეტაზე დაეშვა. ლექსო ფრთხილად ადგამდა ფეხს აბრჭყვიალებულ სილაზე, რომელიც ბამბასავით რბილი და ფაფუკი იყო და წინ მიმავალ ცისას ძლივს ეწეოდა. აქაც არ სჭირდებოდა ცისას დახმარება, ისედაც თავისუფლად შეეძლო ფრენით გადაადგილება. გაფაციცებით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე იმყოფებოდა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დედამიწაზე სილამაზეს უკვე ნაკლებად შეიგრძნობენ, ან არ სცალიათ და დრო არ ჰყოფნით მის აღსაქმელად, ამიტომ იქ ღვთისგან ბოძებულ ზღაპრულად ლამაზ პეიზაჟებს ფერი აქვს დაკარგული. აქ კი დამაბრმავებელი იყო ფერთა ლიცლიცი, ანკარა ნაკადულიც კი სხვადასხვა ფერით აელვარებული მოედინებოდა. ხეები ხასხასა სიმწვანეს აფრქვევდნენ, მთები თეთრად ანთებული თოვლიანი მწვერვალებით გაოცებდათ. თითქოს ყველაფერი ნაცნობი, მაგრამ მაინც საკვირველი იყო. ლექსოს სულშიც ყველაფერი მღეროდა და ხარობდა.
უცებ ლექსოსა და ცისას უზარმაზარმა არწივმა ჩაუქროლა და მათ წინ დაეშვა. ლექსო შეკრთა და ცისას დასაცავად წინ გადაუდგა. არწივმა მკვესავი თვალები მინაბა, ვეებერთელა ფრთა ძირს კიბედ დააფინა და თავი დახარა. ლექსოს გაეღიმა და ცისასთან ერთად არწივის ზურგზე მოთავსდა. არწივი ნელა დაიძრა და მალე სივრცეში ლაღად გაშალა ფრთები. ლექსომაც ზევიდან გადმოხედა ყველაფერს. აი, აქ იყო ზღაპარიც და სინამდვილეც, ცხოვრებაც და ნეტარებაც. აქ იყო ის, რაც ამქვეყნად უნატრია ადამიანთა მოდგმას.
მალე არწივი ნელა დაეშვა თეთრგუმბათებიან მაღალ შენობასთან, რომელსაც ფანჯრებად ბროლის მინები ჰქონდა. შენობაში შესულ ლექსოს ფანჯრებიდან შემოჭრილმა ფერადმა სხივებმა თვალი მოსჭრა და ვერაფერი გაარჩია, მაგრამ უეცრად სხივებმა ნელ-ნელა უკანსვლა იწყეს და ლექსომ დაინახა განათებული დიდი დარბაზი, რომლის შუაგულში, დიდ ლამაზ სავარძელში, თეთრი ტანსაცმლით მოსილი, თეთრწვერა მოხუცი დაბრძანებულიყო. მოხუცმა თბილად გაუღიმა სტუმარს, თავისთან მოიხმო და გვერდით მოისვა. ლექსო თავს ისე გრძნობდა, თითქოს აქ მრავალჯერ იყო ნამყოფი, ამიტომ არაფერი ეუცხოებოდა.
– ლექსო, ჩვენს პლანეტას იშვიათად სტუმრობს შენნაირი სტუმარი. დანარჩენები მხოლოდ ოცნებებში მოგზაურობენ ჩვენთან და თავიანთ წარმოსახვაში ქმნიან იმ პეიზაჟებს, რაც შენ უკვე ნახე და რასაც კიდევ ნახავ. შენ, ალბათ, მიხვდი, ეს ქვეყანა ადამიანების მიერ არის შექმნილი, ოღონდ ლამაზი სულის მეოცნებე ადამიანების მიერ და მანამდე იარსებებს, სანამ დედამიწაზე კეთილი ადამიანები იქნებიან. შენ ჯერ ბევრი რამ გაქვს სანახავი… გაეცანი, რაზე ოცნებობენ ბავშვები, ხოლო თუ რომელიმეს რეალური ცხოვრების ნახვას მოიწადინებ, ცისა დაგეხმარება და გაჩვენებს.
ასე რომ, ჩვენო ძვირფასო სტუმარო, ეს ქვეყანა ახლა შენია. მიბრძანდი, დაათვალიერე ოცნების პლანეტა. ესეც იცოდე, მხოლოდ ერთი ოცნების ასრულების შესაძლებლობა გაქვს და აბა, შენ იცი, როგორ გამოიყენებ!
მოხუცმა ისევ თბილად გაუღიმა და გაქრა. ლექსო კი ერთ დიდ ჩუქურთმებიან კართან აღმოჩნდა. კარის გაღების დროს საოცარი მელოდია გაისმა, რომელმაც პლანეტის სტუმარს სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. გაფაციცებულმა ლექსომ მეორე დარბაზში სხვადასხვა ფერის ლენტებით აჭრელებული, ზღაპრულად აელვარებული ნატვრის ხე დაინახა. ის დაკვირვებით ათვალიერებდა ხეს, რომელიც ჩუმი, ლამაზი მელოდიით ირხეოდა და ნაირფერ სხივებს აფრქვევდა. ლექსო ფრთხილად შეეხო ერთ თეთრ ლენტს და შეკრთა – მის თვალწინ გადაიშალა დიდი მწვანე მინდორი, სადაც რამდენიმე მფრინავი თეთრი რაში დანავარდობდა. ერთი მათგანი მიუახლოვდა ლექსოს, თავი მოხდენილად დახარა მის წინაშე და სევდიანად ამცნო:
– რა ცოტანი ვართ, არა, ჩვენო სტუმარო?! თანამედროვე ბავშვები მფრინავ რაშებზე აღარ ოცნებობენ. მათ აი, ისინი უფრო აინტერესებთ, – და თავი საპირისპირო მხარეს გადააქნია.
ლექსომ იქით გაიხედა და ცაში მქროლავი მანქანები დაინახა, გული დაწყდა, მათი რიცხვი მფრინავ რაშებზე ასჯერ და ათასჯერ მეტი იყო. არადა, ქულა ღრუბელივით ფაფუკფრთებიანი რაშით ცაში ნავარდზე ხომ მასაც უოცნებია, ამიტომ გულიდან აღმოხდა:
– რა კარგი იქნებოდა, მეც თქვენთან ერთად მეფრინა!
რაშმა თეთრი ფაფარი შეარხია, დაიხარა, ლექსო ზურგზე შეისვა და გაფრინდა. ლექსოს გული გამალებით უცემდა, სიხარულით თრთოდა და აღტაცებით ყიჟინებდა. აგერ, ღრუბლებიც გაკვეთეს და ზევიდან გადმოხედეს პლანეტას. საოცარი მოგზაურობა იყო. ლექსო სულს ძლივს ითქვამდა და ცხენს ჰაერში გაშლილ თეთრ ფაფარზე ეალერსებოდა. თავი ერთ-ერთი ცნობილი ზღაპრის გმირად წარმოიდგინა და ძალიან გაუჭირდა ამ ოცნების დათმობა.
მიწაზე რომ დაეშვნენ, რაშმა ფრთა დაუშვა და პლანეტის სტუმარი ჩამოსვა. ლექსო კისერზე მოეხვია, აკოცა, შემობრუნდა და ისევ ნატვრის ხესთან აღმოჩნდა. ,,ნეტავ სხვა ლენტით რა ოცნებას ვნახავ?’’ – გაიფიქრა და კარგად შეათვალიერა ნატვრის ხე. ძალიან ბევრი ლენტი იყო მასზე ოცნებად გამოკვანძული. ვერც მოახერხებდა ამდენი ოცნების ნახვას, ამიტომ გამორჩეული ფერის რამდენიმე ლენტი შეარჩია. განსაკუთრებით ერთი ლაჟვარდისფერი ლენტი ბრწყინავდა და ციმციმებდა, თითქოს მოუთმენლად ითხოვდა გახსნას, მაგრამ ზევით ეკიდა და მისი შეხება ცოტა ძნელი აღმოჩნდა. ლექსო ფეხის წვერებზე აიწია და ის იყო, უნდა მისწვდომოდა, რომ ხელი ერთ ზურმუხტისფერ ლენტზე მოუხვდა და ისევ სივრცის უზარმაზარი ეკრანი გაჩნდა მის წინ:
ერთ ღარიბ ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა: ორი და და ერთი ძმა. ნიკა მისი თანატოლი იქნებოდა, ისიც ბეჯითი, მარჯვე და კეთილი ბიჭუნა იყო, მაგრამ საოცრად გულჩათხრობილი და სევდიანი. მათ დიდ ოჯახში მხოლოდ ნიკას დედა მუშაობდა და მისი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნიდათ, ამიტომ მუდამ უჭირდათ, სციოდათ და შიოდათ, არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ და არც აუცილებელი ნივთები. მამამ ბევრჯერ სცადა სამუშაოს შოვნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რაც დრო გადიოდა, იმედსაც კარგავდა და ბრძოლის უნარსაც. ბოლოს სმას მიეძალა. დალევის შემდეგ, ამდენი ნერვიულობის გამო, საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ უწევდა და უმიზეზოდ ჩხუბს იწყებდა. ასეთ დროს დები იმალებოდნენ. მხოლოდ ნიკა გაქვავდებოდა და ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. მას ძალიან უყვარდა მამა და უნდოდა რაიმე გაეკეთებინა, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ენახა. განერვიულებული კაცი ყველაფერს ამტვრევდა, მშობლებისა და ცოლის ხვეწნა-მუდარას აგრესიით პასუხობდა. იგი მხოლოდ ნიკას გულამოსკვნილ ტირილს მოჰყავდა გონს. თავზე ხელებს წაივლებდა, მძიმედ ამოიხვნეშებდა და ლოგინისკენ ბარბაცით გასწევდა.
შემდეგ თითქოს სიჩუმე დაისადგურებდა ოჯახში, მაგრამ ეს სიჩუმე იმ ხმაურზე მძიმე და აუტანელი იყო. მთელი ღამე დედის ჩუმი ქვითინი ესმოდა ნიკას და თვითონაც ვერ იძინებდა. საწოლზე მუხლმოყრილი ,,მამაო, ჩვენოს’’ ჩაიბუტბუტებდა, შემდეგ კი ცხვირამდე საბანწაფარებული, ფართოდ გახელილი თვალებით, ჭერში მოლიცლიცე ლანდებს შესცქეროდა, დედა ეცოდებოდა და მამაზე დარდობდა. დიდი კაცივით გამოსავალს ეძებდა, მაგრამ რადგან პატარა იყო, ვერაფრით შველოდა.
ფიქრით დაღლილი, ფანჯრიდან, ღამის სიბნელით მოსილ ცას გახედავდა, ,,ღმერთო, დაგვეხმარეო!’’ – ჩაიჩურჩულებდა და პირჯვარს კიდევ ერთხელ გადაიწერდა. შემდეგ კი მოძალებულ ძილს ნებდებოდა იმ იმედით, რომ ღმერთი უსაზღვროდ მოწყალე იყო – როცა იქნებოდა, მასაც გადმოხედავდა და აუცილებლად დაეხმარებოდა.
დრო გადიოდა. ნიკა კი ოცნებობდა და ოცნებობდა: აი, მამამ კარგი სამსახური იშოვა, იმდენს უხდიან, რომ ოჯახსაც ინახავს და ცოტაოდენ დანაზოგსაც აგროვებს, რომ დედას თბილი ჩექმა უყიდოს, ბებოს თვალების ოპერაცია გაუკეთოს, ბაბუს დამტვრეული სათვალე შეუცვალოს, დებს ნატვრა აუხდინოს და ჩოგბურთზე ატაროს… ნიკას კი არაფერი უნდა სიწყნარისა და კარგი განწყობის, დედისა და მამის სიყვარულისა და მხიარული ოჯახის მეტი. ნეტავ… ნეტავ… ნეტავ!.. ამ ნატვრას ისე მიეჩვია, ვეღარ იცილებდა გონებიდან, მისით იძინებდა და იღვიძებდა. თუმცა ცხოვრება მწარე იყო, დროდადრო, ნატვრასაც ავიწყებდა და ცრემლსაც აღვრევინებდა, მაგრამ რწმენას არ კარგავდა და გულში ღრმად ფესვგადგმულ იმედსაც თვალის ჩინივით უფრთხილ-დებოდა.
ლექსომ ყურადღებით მიადევნა თვალი ნიკას ცხოვრებას და გულნატკენმა მტკიცედ გადაწყვიტა, აეხდინა მისთვის ოცნება.
– ნუ იჩქარებ, ლექსო! კიდევ ერთი ლენტის გახსნა გინდოდა, ყველაზე ძალიან რომ კიაფობს ხეზე. ისიც ნახე და მერე გადაწყვიტე, – ურჩია ცისამ.
ლექსომ გაუღიმა და ლაჟვარდისფრად აელვარებულ ლენტს მისწვდა.
* * *
თქვენც ოცნებობთ?
თქვენ რაზე იოცნებებდით: ცაში მქროლავ რაშებზე თუ მანქანებზე?
როგორ ფიქრობთ, ნიკას აუხდება ოცნება? რატომ?
თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება ასრულდეს ოცნება?
ლაჟვარდისფერი ლენტის ამბავი
,,აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი.
გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში
ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს’’ (მათე, 18,10)
– განა რა უნდა მაჩვენოს ამ ლენტმა? რატომ შემაჩერა ცისამ? – უკვირდა ლექსოს და ერთი სული ჰქონდა, ენახა ლაჟვარდისფერი ლენტის ასეთი საოცარი სიკაშკაშის მიზეზი. სივრცის ეკრანზე დაწყებულმა ამბავმა ლექსო ცოტა დააბნია, მაგრამ მალე ყველაფერს მიხვდა და ყურადღებით მიადევნა თვალი პატარა გოგონას სევდიან ამბავს:
კოკისპირულად წვიმდა. შილიფად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდა დაცარიელებულ ტალახიან ქუჩას. კარგად შეფუთული, თბილ შალში გახვეული ჩვილი გოგონა მკერდზე მჭიდროდ მიეკრა, რომ წვიმისაგან დაეცვა. თვითონ სასოწარკვეთილს, თავიდან ფეხებამდე სველს, აღარც წვიმა ადარდებდა, აღარც ბუნებისა და ადამიანების სიცივე, ჩქარობდა, ეცემოდა, დგებოდა და მიდიოდა. როგორც იქნა, ერთ დიდ შენობამდე მიაღწია, შეშინებულმა გაიხედგამოიხედა, რომ დარწმუნდა, გარეთ არავინ იყო, ბავშვს გადახადა, აკოცა, ცოტა ხნით მის ყელთან ჩარგო სახე, მისი სურნელი კარგად შეისუნთქა, ,,მაპატიეო’’, – წაიჩურჩულა და უპატრონო ბავშვთა სახლის კარებთან ჩვილი ფრთხილად დააწვინა. შემდეგ ზარი დარეკა, ჯერ ნელ-ნელა, მერე კი სირბილით მოსცილდა იმ ადგილს და შენობის კუთხეში კედელს ტირილით მიასკდა. წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმაური მის ხმამაღალ ქვითინს ახშობდა და გარშემო დასადგურებული სიბნელე მის აკანკალებულ სხეულს ფარავდა…
კარი გაიღო. მოხუცმა აღმზრდელმა შეჰყვირა, მტირალ ბავშვს დასწვდა, გულში ჩაიკრა და იქაურობა მოათვალიერა. ,,ამ წვიმასა და სიბნელეში რას დავინახავო,’’ – ჩაილაპარაკა და კარები მიხურა. უპატრონო ბავშვთა სახლმა უპატრონა პატარა ფიქრიას. მისი მშობლების ვინაობა კი უცნობი დარჩა.
ფიქრია ჩუმი, მოკრძალებული და მოსიყვარულე ბავშვი გაიზარდა. შავ ძაფზე ჩამოკიდებულ პატარა ოქროს ჯვარს არასდროს იშორებდა, რადგან იცოდა, მხოლოდ ეს ერთადერთი ნივთი იყო დედის სახსოვარი. ყოველთვის სჯეროდა, რომ მასთანაც მოვიდოდა დედა, გულში ჩაიკრავდა, ,,ძალიან მიყვარხარ, მომენატრეო!” – ეტყოდა და წაიყვანდა.
,,რატომ მიმატოვა… ნეტავ სად არის… რატომ არ მოდის?’’ – ვინ იცის, მერამდენედ ეკითხებოდა თავის თავს და პასუხად ათას სხვადასხვა ვერსიას ირჩევდა, ყველანაირად ცდილობდა გაემართლებინა დედა: ,,ალბათ, ავად არის… არა, არა, ავად რად უნდა იყოს?! ალბათ, ამ ქალაქში აღარ ცხოვრობს, სამუშაოდ წავიდა და ვეღარ ბრუნდე¬ბა… შეიძლება, იმასაც ძალიან უჭირს!..” ამის გაფიქრებაზე დედა ეცოდებოდა და ტირილს იწყებდა. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ საკუთარი თავი ეცოდებოდა და უდედობა ატირებდა.
აღმზრდელი მუხლზე დაისვამდა ჩუმად მტირალ ფიქრიას, თაფლისფერ გრძელ თმას დაუვარცხნიდა, დაუწნავდა, ცრემლიან თვალებს დაუკოცნიდა და ,,მამაო ჩვენოს’’ ნანინასავით ჩაუმღერებდა. ფიქრიას ძალიან უყვარდა ლოცვა, თვითონაც ნელ-ნელა აჰყვებოდა, ,,…და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან!’’ – ყველაზე ძალიან ამ სიტყვების წარმოთქმა აიმედებდა, რადგან სწამდა, უფალი მის ვედრებას შეისმენდა, დედიკოს განსაცდელს აარიდებდა და მასთან მოიყვანდა.
დრო გადიოდა, დედა კი არ ჩანდა. ფიქრია რწმენას არ კარგავდა, ჯიუტად არ ნებდებოდა ბედის უკუღმართობას, ფანჯარასთან მჯდარი საათობით ოცნებობდა და დედას ელოდა. ისე მიეჩვია ოცნებას, რომ ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდა, მხოლოდ ამ ოცნებით ცხოვრობდა, დედას უკვე ხმამაღლა ელაპარაკებოდა და სიზმარშიც მას ხედავდა.
ერთხელ, ბავშვთა სახლის დირექტორმა ფიქრიას მისი შვილად აყვანის მსურველი ცოლ-ქმარი გააცნო. მიუხედავად მზრუნველი და თბილი დამოკიდებულებისა, ფიქრიასთვის ის ქალი უცხო იყო, საერთოდ არ ჰგავდა დედას, რომელიც მას თითქმის ყოველ ღამე ძილში ეფერებოდა. პატარა გოგონამ მხოლოდ ერთხელ გახედა ცოლ-ქმარს და, გულამოსკვნით აქვითინებულმა, სახე აღმზრდელის მკერდში ჩამალა.
– ვერაფერს გავაწყობთ, – მხრები აიჩეჩა შეწუხებულმა დირექტორმა, ფიქრიას სიყვარულით თავზე ხელი გადაუსვა და ცოლ-ქმარს კარისკენ გაუძღვა.
ფიქრიამ კი დედის ლოდინი განაგრძო.
მალე მისმა მეგობარმა გოგონამ მშობლები შეიძინა და ბავშვთა სახლი სამუდამოდ დატოვა. ფიქრია უკვე ვეღარ უძლებდა ამდენ ლოდინს. მისი პატარა გონებისთვის მოთმინება ტანჯვად იქცა, ჭამას უკლო, ძილითაც ცუდად ეძინა, გახდა და დარდიც უფრო მოეძალა. აღმზრდელები ძალიან განიცდიდნენ მის მდგომარეობას, ექიმსაც აჩვენეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ყველამ იცოდა მისი წამალი, მაგრამ არავის არაფერი შეეძლო. მხოლოდ მის გართობას ცდილობდნენ და იმედს იტოვებდნენ, რომ დროს იქნებ თავისი გაეტანა და ფიქრია მდგომარეობას შეგუებოდა.
ერთ წვიმიან ღამეს, როგორც ყოველთვის, ფიქრიას სიზმარში დედა ესიზმრა: იგი მასთან მოვიდა, მოეფერა, გულში ჩაიკრა, მის ყელში თავი ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა. არაფერი უთქვამს, ცრემლიანი თვალებით თითქოს პატიება სთხოვა, აკოცა და გრძელი თეთრი კაბის ფარფატით ნელ-ნელა სივრცეში გაუჩინარდა.
– არ წახვიდე, დედიკო, გეხვეწები, არ წახვიდეეე!… – ტირილით გაეღვიძა ფიქრიას, შეშლილივით წამოხტა, სიზმარი და სინამდვილე ერთმანეთში აერია და საღამურით გარეთ გავარდა, დედას გაეკიდა.
შეშინებულმა აღმზრდელმა ძლივს დაიჭირა გალუმპული ფიქრია ქუჩის ჭიშკართან, ხელში აიტაცა და სირბილით დააბრუნა სახლში. მეორე დღიდან ფიქრია მაღალმა სიცხეებმა, შემდეგ კი ფილტვების ანთებამ, ლოგინს მიაჯაჭვა. აღმზრდელებს გამორჩეულად უყვარდათ ეს ჭკვიანი, თბილი და მუდამ თვალცრემლიანი პატარა გოგონა და განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდნენ, მაგრამ თითქოს თვითონ ფიქრიას აღარ უნდოდა გამოჯანმრთელება, ავადმყოფობას მინებდა და ბრძოლას აღარ აპირებდა.
იმ დღესაც, ლექსომ ფიქრიას ოცნების ლენტი რომ გახსნა, გოგონას მაღალი სიცხე ჰქონდა. დასუსტებული ბავშვი ძილ-ბურანიდან ვერ გამოდიოდა და გაურკვეველ სიტყვებს ლუღლუღებდა. აღმზრდელი სასთუმალთან იდგა, ლოცულობდა და სევდიანად დაჰყურებდა საყვარელი გოგონას სიცხისგან გავარვარებულ სახეს. ,,ღმერთო, უშველეო!’’ – შეევედრა უფალს მოხუცი აღმზრდელი და ფიქრიას კოვზით წამალი ნელ-ნელა დაალევინა.
– დედა, დედიკო… არ წახვიდე, არ წახვიდეეე!… – ამოისლუკუნა ფიქრიამ და აქვითინდა.
– აღარ შემიძლია ამ ბავშვის ყურება! – ატირდა აღმზრდელიც და ღონემიხდილი ისევ ჩამოჯდა მის საწოლთან, – რომ არ ვიცი, რა გავაკეთო!
ლექსო ძალიან აღელვებული იყო. ,,რაც შეიძლება მალე უნდა ავუსრულო ფიქრიას ოცნება, თორემ ვინ იცის, რა მოხდება!’’ – გაიფიქრა და თვალებით ცისა მოძებნა.
– ლექსო, ის ლაჟვარდისფერი ლენტი მოხსენი ნატვრის ხეს, დანარჩენი რაც მოხდება, ისევ სივრცის ეკრანზე გამოჩნდება, – მიუხვდა გულის წადილს ცისა.
ლექსო ფეხის წვერებზე აიწია, მისწვდა ლენტს და სასწრაფოდ შეხსნა. ეკრანზე ერთი ოჯახი გამოჩნდა:
რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შვილი არ შეეძინა. ისინი ძალიან განიცდიდნენ, ექიმებსაც მიმართეს დასახმარებლად, მაგრამ რომ დარწმუნდნენ, შვილი არ ეყოლებოდათ, ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. რამდენიმე ბავშვთა სახლს მიაკითხეს, მაგრამ რატომღაც არჩევანი ვერც ერთ ბავშვზე ვერ შეაჩერეს. განსაკუთრებით ლელა ყოყმანობდა. ირაკლის უკვირდა მეუღლის საქციელი, მით უმეტეს, რომ ხედავდა, როგორ უყვარდა მას ბავშვები და როგორ ოცნებობდა, თვითონაც დედა გამხდარიყო.
ლელას უკანდახევასა და ყოყმანს თავისი მიზეზი ჰქონდა, რასაც ქმარს ვერ უმხელდა. ლელას ტყუპისცალი და ჰყავდა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას და რომელსაც 5-6 წლის წინ საშინელი განსაცდელი მოუვლინა ბედმა – საყვარელმა ადამიანმა არ ისურვა მისი ცოლობა და სწორედ მაშინ მიატოვა, როცა ახალგაზრდა ქალს თავი ბედნიერების მწვერვალზე ეგონა – იგი ბავშვს ელოდა. შეურაცხყოფილი და მიტოვებული ქალი არც მშობლებმა მიიღეს. განრისხებულმა მამამ არ აპატია შვილს მათი ტრადიციული ოჯახისთვის დამამცირებელი საქციელი და სახლიდან გააგდო. სოფელში გადახვეწილმა და ბებიასთან შეფარებულმა ქალმა მრავალი დამცირება, სულიერი ტკივილი და თეთრად გათენებული ღამე გადაიტანა. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი, ამ დიდ ქვეყანაზე მარტოდმარტო დარჩენილმა და უკურნებელი სენით დაავადებულმა, ჩვილი გოგონა ბავშვთა სახლში მალულად დატოვა…
შვილის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა და ისე სწრაფად გარდაიცვალა, მშობლებმა ვერ მოასწრეს მასთან შერიგება.
ლელა ძალიან განიცდიდა დის ამბავს, მამის მალულად ხანდახან მაინც ახერხებდა მის ნახვას და როგორც შეეძლო, თანაუგრძნობდა. გათხოვების შემდეგ კი ვერ გაბედა ქმრისთვის გაემხილა მათი ოჯახის ტკივილიანი საიდუმლო. მან იცოდა მხოლოდ ის, რომ ბავშვთა სახლში გაზრდილ მის დისშვილს დედის ოქროს ჯვარი ეკიდა გულზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცოდა, რომელ ბავშვთა სახლში იზრდებოდა პატარა გოგონა. ამიტომ ეძებდა მას, მაგრამ ვერ პოულობდა.
სწორედ იმ დღეს, ლექსომ ნატვრის ხეს ლაჟვარდისფერი ლენტი რომ შეხსნა, ლელამ ყველაფერი გაუმხილა ქმარს. ირაკლი შეძრა ამ ამბავმა და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება – ეშვილებინათ პატარა გოგონა. ლელას ტირილი წასკდა და ძლივს ამოიქვითინა:
– რომ არ ვიცი, რომელ ბავშვთა სახლშია?! არც სახელი ვიცი, არც გვარი… ყველაზე ძალიან კი იმის მეშინია, გაშვილებული არ იყოს უკვე…
ის ღამე ცოლ-ქმარმა თითქმის თეთრად გაათენა. დილისკენ ჩათვლემილ ლელას ესიზმრა თუ ხილვა ჰქონდა, ვერ გაარჩია: კოჭებამდე თეთრკაბიანი, ფეხშიშველი ტყუპისცალი ტირილით მიუყვებოდა გზას და თან მისკენ ხშირ-ხშირად იხედებოდა, თითქოს რაღაცას მიანიშნებდა. ლელა მისდევდა და ძლივს ეწეოდა. დიდხანს იარეს. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ შენობასთან გაჩერდნენ. ლელა შეჰყვა დას შენობაში და პატარა, გამხდარი გოგონა დაანახა, რომელიც ლოგინზე წამომჯდარიყო და დიდი, მეტყველი შავი თვალებით მის დას მისჩერებოდა. ბავშვმა ,,დედაო!’’ დაიძახა და ხელები მისკენ გაიწვდინა. უცებ ეს გამხდარი, პაწია ხელები ლელას კისერზე აღმოჩნდა შემოხვეული, მისი ტყუპისცალი კი ცრემლიანი ღიმილით გაუჩინარდა.
ლექსო მიხვდა, ეს ხილვა ცისას შესაძლებლობების კიდევ ერთი კეთილი გამოვლინება იყო და მადლიერებით სავსე ცრემლჩამდგარი თვალებით გახედა პატარა ფერიას. ცისამ გაუღიმა და ,,შეხედეო” – ეკრანზე მიანიშნა.
ლელას ტირილით გაეღვიძა და ირაკლის მაშინვე უამბო ეს საოცარი სიზმარი. თან, მისდა გასაოცრად, გაიხსენა ის გზა, რომელიც ბავშვთა სახლამდე მიიყვანდა.
ცოლ-ქმარმა იმ დღესვე მიაკითხა ბავშვთა სახლს. ოთახში შესული ლელას დანახვაზე ფიქრია აკანკალებული წამოჯდა და გაკვირვებული მიაშტერდა მას. შემდეგ გაფითრდა, ხელები გაშალა და მისუსტებული ხმით ამოიზლუქუნა:
– მოხვედი, დედიკოო!..
გაოგნებული ლელა აღელვებისგან თითქოს დამუნჯდა. ნელა მიუახლოვდა პატარას, ცრემლები მოსწმინდა და გულში ჩაიკრა. გოგონამ სლუკუნით უამბო ღამის სიზმარი:
– წუხელ სიზმარში გნახე… მოხვედი, თეთრი კაბა გეცვა და ტიროდი… მე ჩაგეხუტე და მა-შინვე გაჩერდი, მერე კი ისევ წახვედი… სხვა დროსაც მოდიოდი ხოლმე, მაგრამ ისევ მტოვებდი… ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და წამიყვანდი… ისევ ხომ აღარ დამტოვებ, დედიკო, ხომ წამიყვან?! – ცრემლითა და კითხვით სავსე თვალებით ამოხედა ლელას პატარამ.
ლელამ ყელში მოწოლილი ქვითინი ძლივს დაიოკა, გოგონას თვალები დაუკოცნა და მის ყურთან ჩაიკვნესა:
– მაპატიე, ასე რომ გაგტანჯე!.. აღარასოდეს, აღარასოდეს დაგტოვებ!..
კარებთან გაქვავებულ ირაკლის გულის ბაგაბუგი ფეხის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა. აღმზრდელები საწოლთან იდგნენ და ცრემლს ჩუმად იწმენდნენ.
ფიქრიას ლამაზ თვალებზე ცრემლი შეაშრა, ამდენი წლის მანძილზე პირველად გადაიკისკისა და ლელას ჩაეხვია.
ლექსო ტიროდა, გახარებული იყო, რომ ფიქრია გადარჩა. მერე ცისკენ აიხედა, ცრემლი მოიწმინდა და ამოიქვითინა:
,,ვინა თქვა, რომ გვიან ცხვება
ობლის კუთვნილი კვერიო?!
უსრულე, ღმერთო, ფიქრიას
ოცნება ათასფერიო!
გმადლობ, რომ განსაცდელისგან
სიკეთით დაგვიხსენიო!’’
შემდეგ ჩაფიქრდა, ცისას გახედა და გულმხურვალედ შეეხვეწა:
– ნიკაც ხომ ძალიან კარგი ბიჭია – კეთილი, სხვებზე მზრუნველი, მოსიყვარულე… გევედრები, ცისა, მასაც დაეხმარე!
ცისამ გარშემო რამდენჯერმე შემოუფრინა წრფელი გრძნობებით სიცილ-ტირილამდე მისულ ლექსოს, ოქროსფრად აელვარებულ ნაპერწკლებში გახვია და აცრემლებულ თვალებში ღიმილით ჩახედა:
– შენ, მართლაც, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ლექსო! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! უფალი უსაზღვროდ მოწყალეა და ვინც გულით სთხოვს ნატვრის ასრულებას, ვინც სიკეთით, სიყვარულითა და სხვაზე ზრუნვით იცხოვრებს, ყველას დაეხმარება… მთავარია, გწამდეთ! ამასთან, არ უნდა აჩქარდე, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მე კი ყოველთვის შენთან ვიქნები და ერთად გადავლახავთ ცხოვრების სირთულეებს!.. ახლა, ვფიქრობ, შინ დაბრუნების დროა, არა?
იმედმოცემული ლექსო უსიტყვოდ დაემორჩილა პატარა ანგელოზს, ხელი ჩასჭიდა და მათი მომლოდინე ვარსოს დახმარებით დედამიწისკენ დაეშვა.
* * *
რა თვისებებით გამოირჩევა პატარა ფიქრია სხვა აღსაზრდელებისგან?
რატომ აღარ ცდილობს ფიქრია ავადმყოფობასთან ბრძოლას?
თქვენი აზრით, რატომ აუხდა ფიქრიას ოცნება?
ვინ აუსრულა მას ოცნება?
თქვენი აზრით, რატომ ხვდებიან ბავშვები უპატრონო ბავშვთა სახლში?
ნისის გვირაბის საიდუმლო
,,ყოველივე გამოსცადეთ,
კეთილს ჩაეჭიდეთ’’ (1 თესალონიკ. მიმ. 5, 21)
– ძალიან საინტერესო მოგზაურობას გთავაზობ. შეიძლება ბევრ დაბრკოლებას წავაწყდეთ, მაგრამ შენ ხომ არაფრის გეშინია!.. ამჯერად ცაში კი არა, მიწის წიაღში ვიმოგზაურებთ.
ლექსო უსიტყვოდ უსმენდა ცისას და გულში ბავშვურად უხაროდა, რადგან ახალი საოცრებები ელოდა, რაც მას ძალიან, ძალიან უყვარდა.
ისინი მთებისკენ მიფრინავდნენ. ერთ ძალიან ლამაზ ხეობასთან დაბლა დაეშვნენ და ადამიანის თვალისგან დაფარულ საიდუმლო გვირაბთან აღმოჩნდნენ.
– რა დასანანია, რომ ადამიანებმა იციან ასეთი გვირაბის არსებობა და არ ცდილობენ, ამოხსნან მისი საიდუმლო!.. საქართველოში კი რამდენი რამ ჯერ ისევ შესასწავლი და ამოსაცნობია! – ცისა ლექსოს გვირაბის შესასვლელისკენ მიაქროლებდა.
მზით განათებული ხეობის შემდეგ ლექსომ გვირაბის სიბნელეს თვალი ვერ შეაჩვია და შეჩერდა.
– ცისა, რომ ვერაფერს ვხედავ! – შესჩივლა მეგობარს.
ცისას გაეცინა, ,,სულ დამავიწყდაო,” – მოუბოდიშა და აქამდე მუშტად შეკრული მარცხენა ხელი გაშალა. მისი ხელისგულიდან თითქოს პატარა მზე აინთო, ბურთად შეკრული სხივი გაიშალა და მათ გარშემო გვირაბი გაანათა.
– ეს ბურთაა, მზის პაწია სხივი, თავის შესაძლებლობებს მალე გაჩვენებს, ძალიან ერთგულია და ყველაფერი ესმის.
ბურთა, მართლაც, გვერდიდან არ შორდებოდა მეგობრებს და გზას უნათებდა.
ცისამ და ლექსომ ჯერ სიღრმისკენ, ქვიანი ბილიკის გასწვრივ იფრინეს, შემდეგ კი უფრო ღრმად ჩამავალი კიბეები შენიშნეს და ქვევით დაეშვნენ. ლექსოს უკვირდა, თანდათან, უფრო და უფრო შორდებოდნენ მიწის ზედაპირს, მაგრამ უჰაერობა არ აწუხებდა, პირიქით, უფრო თავისუფლად სუნთქავდა. თითქოს ჰაერი ნელ-ნელა ჟანგბადით მდიდრდებოდა, ლექსოც თავს უფრო ლაღად და მხნედ გრძნობდა.
როგორც იქნა, კიბეები დამთავრდა და ისინი ერთ დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ. დარბაზის ოთხივე კედელზე შეუმჩნევლად იყო ამოკვეთილი მჭიდროდ დაგმანული ქვის ფანჯრები, მაგრამ აშკარად ჩანდა, ისინი ფანჯრის კი არა, გასასვლელის მოვალეობას ასრულებდნენ. ლექსო დაკვირვებით ათვალიერებდა კედლებზე ამოკვეთილ გამოსახულებებს, რომელთა გაშიფვრაც, ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს ახდიდა ფარდას. აქვე იყო ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატები, რომელთა შორის ლექსომ კუს, გველის, სპილოს, ნიანგისა და სხვა ცხოველების გამოსახულებები ამოიცნო.
დარბაზის ბოლოს მეგობრებმა მკრთალად მოციმციმე იისფერი სხივი შენიშნეს, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ბურთას ნათებისგან. მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ სხივი ერთ-ერთი ფანჯრის ჩამომტვრეული კუთხის ჭუჭრუტანიდან ციმციმებდა.
– საინტერესოა, ამ ფანჯრების იქით რა არის! – ცნობისმოყვარეობა აწუხებდა ლექსოს. ცოტა ხნით უტრიალა ჭუჭრუტანას, შეიჭყიტა კიდეც, მაგრამ იისფერი ნათების მეტი ვერაფერი გაარჩია. საიდუმლოს ამოხსნის იმედი რომ გადაეწურა, ჭუჭრუტანა თითით მოსინჯა და შეკრთა. უეცრად ფანჯარა მძიმედ დაიძრა და ქვის ფილა ნელ-ნელა კედელში შევიდა. ლექსოს წინ ადამიანის სიმაღლე, ოთხკუთხედად გაჭრილი გვირაბი გამოჩნდა, რომელსაც სუსტად ეფინებოდა იისფერი შუქი. ლექსომ ცისას გაოცებული თვალებით გახედა, ცის ფერიამ ანიშნა და მეგობრები გვირაბში შეფრინდნენ. შორიდან წყლის ჩხრიალი და ჩუმი მელოდია ისმოდა. ეს ხმები ისე ერწყმოდა ერთმანეთს, რომ ლექსოს საოცარი სიმშვიდე და ენით აუწერელი გრძნობა დაეუფლა. ასე ეგონა, წონა დაკარგა, სამაგიეროდ, ზღაპრული ენერგია შეიძინა, რომლითაც მთასაც კი შეეჭიდებოდა.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო მატულობდა იისფერი შუქი. ბურთა ჩაქრა, დამრგვალდა და ცისას თმებში მოთავსდა, რადგან იგრძნო, მეგობრებს მისი დახმარება აღარ სჭირდებოდათ.
ეს გვირაბი შედარებით მოკლე აღმოჩნდა. იისფერი სხივის თვალისმომჭრელმა სიკაშკაშემ კინაღამ დააბრმავა ლექსო. ესე იგი, უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, საიდანაც შუქი გამოდიოდა. ამას ადასტურებდა წყლის მკვეთრი შხუილიც, რომელიც გვირაბის კედლის გასწვრივ, მეორე მხარეს ისმოდა. მალე ისინი კიდევ ერთ დარბაზში მოხვდნენ, სადაც შედარებით თავისუფლად შეიძლებოდა საგნების გარჩევა, რადგან იისფერი სხივი გარშემო დიდ სივრცეში იშლებოდა და თვალს აღარ სჭრიდა. ლექსომ მიმოიხედა. დარბაზს ოვალური ფორმა ჰქონდა, იისფერი სხივები კი ქვევიდან, მიწისა და ქვის იატაკიდან იფრქვეოდა, რის გამოც იატაკი იისფერ ღრუბელს წააგავდა.
დარბაზის ერთი ოვალური კედელი ჩაშლილი იყო და ჩანჩქერის ჩხრიალის ხმა სწორედ იქიდან შემოდიოდა. ზღაპრული სილამაზე იფრქვეოდა გარშემო – იატაკიდან ამოტყორცნილი სხივების გავლენით ჩანჩქერსაც იისფერი მიეღო. მელოდია კი საიდან ისმოდა, მეგობრებმა ვერ გაარკვიეს, ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს ჰაერი მღეროდა.
ლექსო თვალებს არ უჯერებდა. მიწის სიღრმეში თუ ასეთი სილამაზის ნახვა შეიძლებოდა, ვერც წარმოედგინა. ის გაოგნებული ათვალიერებდა დარბაზს და აღტაცების ჟრუანტელი უვლიდა.
უცებ შენიშნეს, რომ იმ გვირაბს, რითაც აქ შემოვიდნენ, გაგრძელება ჰქონდა, ოღონდ ჩანჩქერის იქით, მეორე მხარეს, ესე იგი, გზა რომ გაეგრძელებინათ, ჩანჩქერში უნდა გაევლოთ. ლექსომ ისევ ცისას შეხედა, რომელმაც გაუღიმა და გზის გაგრძელება ანიშნა. ბურთამ დაბრკოლება იგრძნო, ცისას თმებიდან გამოფრინდა და ლექსოს მკვეთრი ნარინჯისფერი ნათებით წინ გაუძღვა. ლექსო ჩანჩქერის ძლიერ დინებას არ შეუშინებია. ის ხომ ზღაპრული სამყაროს ზღაპრულ ძალას ფლობდა, ამიტომ თამამად შევიდა გამაყრუებლად მოჩხრიალე ნაკადში და… ჰოი, საოცრებავ! ისე განვლო ჩანჩქერი, არ დასველებულა, უფრო მეტიც, ასეთი ძლიერი ჩხრიალის მიუხედავად, მის გვერდით მფრინავი ცისას თაფლისფერი კულულების ზარისებური წკრიალიც კი ესმოდა.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით მეტად მცირდებოდა იისფერი ნათება, ბურთა კი თანდათან ზრდიდა სინათლეს. ეს გვირაბი ძალიან გრძელი აღმოჩნდა. დიდხანს იფრინეს. ლექსოს ძალიან აინტერესებდა, კიდევ რა სასწაული დახვდებოდა გვირაბის ბოლოს. როგორც იქნა, გვირაბი დამთავრდა და კიდევ ერთ უზარმაზარ დარბაზში აღმოჩნდნენ. ლექსომ დაკვირვებით მოათვალიერა იქაურობა და შენიშნა, რომ კედლები სავსე იყო ნახატებით, ხოლო დარბაზის ცენტრში, ქვის ფილებით ამაღლებულ ადგილზე, პატარა შენობა იდგა, რომელსაც არც კარი ჰქონდა და არც სარკმელი. ეტყობოდა, ეს დარბაზიც საუკუნეებს ითვლიდა, რადგან ყველაფერი მიწით იყო დაფარული.
ლექსო კედელს გაჰყვა და ნახატები ჩაათვალიერა. საოცარი სიდიდის ქვის კედელზე გამოსახული იყო უამრავი წელში მოხრილი და დაჩოქილი ადამიანი, რომლებიც უზარმაზარ ქვის ფილებს შეჭიდებოდნენ. მათ ჯოჯოხეთურ შრომას თვალს ადევნებდნენ მათრახითა და ხელკეტებით შეიარაღებული ზედამხედველები. აქა-იქ, დაცურებული ლოდების ქვეშ, რამდენიმე წაქცეული ადამიანი სულს ღაფავდა, მაგრამ არც ერთ ზედამხედველს მათი ბედი არ აინტერესებდა. იქვე გამოსახული იყო ნახევრად აგებული პირამიდა, რომელზეც ასევე უამრავი ადამიანი შრომობდა. მათ ზემოთ კი, ცაზე გაბრწყინებულ მნათობში, გრძელსამოსიანი, მაღალი მამაკაცი იდგა და მარჯვენა ხელით პირამიდისკენ უთითებდა. მისი სიძლიერე ნახატშიც კი იგრძნობოდა.
გაკვირვებულმა ლექსომ ცისას გახედა და დაეჭვებით ჰკითხა:
– ეს პირამიდაა?!. სადა ვართ ახლა?
– გამოიცანი, ლექსო. ეს ნამდვილად პირამიდაა. ჩვენ ეგვიპტეში ვართ. ახლა ერთ-ერთი პირამიდის ქვეშ, ერთ-ერთი ფარაონის სამარხთან ვიმყოფებით. აქ ყველაფერი, თვით სარკოფაგიც კი, რომელშიც უძლიერესი ფარაონი განისვენებს, ბაჯაღლო ოქროსგან არის დამზადებული.
– ამდენი საოცრების შემდეგ უკვე აღარაფერი გამიკვირდება! – დაამშვიდა ცისა ლექსომ და დარბაზის დათვალიერება განაგრძო, გონებაში კი მაინც გაუკვირდა: ,,სხვა კონტინენტზე ამოვყავით თავი… თან მიწისქვეშა გვირაბით!.. აი, საოცრებაც ამას ჰქვია!.. მე მეგონა, სასწაულები მარტო ცაში ხდებოდა!’’
– ეს სამყარო ამოუცნობი სასწაულია! – მის ფიქრებს უპასუხა ცისამ, – თქვენი პლანეტა კი მდიდარი, ძალიან მდიდარია… მას მიზანდასახულად და ადამიანის სასიკეთოდ უნდა გამოყენება… მაგრამ სამწუხაროდ, თქვენს პლანეტაზე უარყოფითი ენერგია უფრო და უფრო მატულობს, რომელმაც შეიძლება მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ლექსოს თვალებში შიშმა გაიელვა, რაც ცისას შეუმჩნეველი არ დარჩენია. მან მხიარული წკრიალით შეარხია კულულები, სხივები გაფანტა, ლექსოს ირგვლივ შემოუფრინა და ათასფრად აელვარებულ ნაპერწკლებში გახვია.
– სანამ ამქვეყნად სიკეთე და სიყვარული არსებობს, საშიში არაფერია! – და საუბრის თემა უცებ შეცვალა:
– ლექსო, პირამიდების შესახებ რა იცი?
– სკოლაში ვისწავლეთ, რომ ყველაზე დიდი პირამიდის სიმაღლე 140 მეტრზე მეტი იყო. სულ 70 პირამიდაა ეგვიპტეში. ისიც ვიცი, რომ ფარაონებს დიდძალ სიმდიდრეს ატანდნენ საფლავში, რადგან სწამდათ, ისინი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდნენ სიცოცხლეს…
მეგობრები დარბაზის ცენტრში აგებულ შენობასთან მივიდნენ. ლექსომ რამდენჯერმე შე-მოუარა მას, მაგრამ ვერ მიხვდა, საიდან იღებოდა. დასახმარებლად ცისას გახედა, ისიც უსიტყვოდ მიუხვდა და შენობის ერთ ნაწილს ხელით შეეხო. კედელი ორივე მხარეს ჭრიალით გაიხსნა. საშინელი მტვერი დადგა. ბურთა აგორდა, დატრიალდა და მტვერი წამში გააქრო. მათ წინ დიდი ოთახი გამოჩნდა, სადაც ძვირფასი ოქროს სარკოფაგი იდგა.
– აქ ჯერ ადამიანის ფეხი არ დადგმულა, – თქვა ცისამ და ლექსო მარჯვნივ გაახედა. სარკოფაგის თავთან იდგა ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ტახტი, იქვე კი მოოქრული სამეფო ეტლი ამაოდ ელოდა მბრძანებელს.
– ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ… – ლექსოს იისფერი ღრუბელი და ჩანჩქერი დაუდგა თვალწინ:
,,სასწაული ხომ ის იყო, უკან რომ დაგვრჩა გზასაო,
მართლაც, რომ ჩემი ქვეყანა არ შეედრება სხვასაო!’’ –
ჩაილაპარაკა და იმ გვირაბს გახედა, საიდანაც მოვიდნენ.
ცისას გაეღიმა, ხელი ჩასჭიდა ლექსოს და ისევ უკან, საქართველოსკენ მიმავალი გვირაბისკენ გაუძღვა.
* * *
თქვენი აზრით, რით არის საქართველო მდიდარი?
ნისის გვირაბის რომელი საოცრებით უფრო დაინტერესდით? რატომ?
კიდევ რა იცით ეგვიპტის პირამიდების შესახებ?
თქვენი აზრით, რატომ მატულობს ჩვენს პლანეტაზე უარყოფითი ენერგია?
როგორ შეიძლება გადავარჩინოთ პლანეტა?
ჭურის ჭაობისფერი ურჩხული
,,უფალია შენი მცველი, შენი მფარველი… უფალი
დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან~ (ფსალმ. 120-121),
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე
ბოროტს კეთილით’’ (რომაელთა მიმართ, 12, 21)
უკან დაბრუნებულები უფრო ჩქარობდნენ, თითქოს რაღაც ძალა ოვალური დარბაზისკენ იზიდავდა მათ. ,,რამხელა საიდუმლოს მალავს ეს გვირაბი!..” – ფიქრობდა ლექსო და ცისას წამითაც არ უშვებდა ხელს. როგორც იქნა, იისფერი ნათელიც გამოჩნდა და მალე ჩანჩქერის სასიამოვნო ჩხრიალიც შემოესმათ. ლექსომ ისევ შეიძინა ის ზღაპრული ენერგია, რომელსაც უკვე ვეღარ გრძნობდა. ეს ადგილი თითქოს ანდამატივით იყო, ლექსოს მისი დატოვება ძალიან გაუჭირდა. დიდხანს იფრინა იისფერ ღრუბელში ნეტარებით ავსილმა და ბოლოს დანანებით დატოვა ოვალური დარბაზი. მოდიოდა, მაგრამ ოდნავადაც ვერ გრძნობდა ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობითა და განცდილით დაღლას. თან სიამაყე და სიხარული დაუფლებოდა, რადგან ასეთ საოცარ საიდუმლოს სწორედ მისი მშობლიური მიწის წიაღი ინახავდა.
ბოლოს ისევ იმ დარბაზში აღმოჩნდნენ, საიდანაც გვირაბები გადიოდა და ცოტა ხნით შეჩერდნენ.
– აქ კიდევ ბევრი გვირაბია, ცისა. ნეტავ მათში რა საოცრებები იმალება?! – იკით¬ხა ლექსომ.
– დანარჩენი მერე ვნახოთ, ახლა კი დაბრუნების დროა, – შეახსენა ცისამ და გასასვლელისკენ პირი იბრუნა, მაგრამ ლექსოს გვირაბის დატოვება არ ეთმობოდა. ის გამოსახულებების დაკვირვებას აგრძელებდა, თან მტვერს აცლიდა, რომ უკეთესად გაერჩია ქვაზე შესრულებული ნახატები.
სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ლექსო კი არა, ცისაც არ ელოდა. უეცრად უცნაური შრიალი გაისმა, რომელიც სწრაფად ძლიერდებოდა. ლექსო მოსცილდა კედელს და გაიხედ-გამოიხედა, ვერ მიხვდა, საიდან მოდიოდა ეს ხმა, ამიტომ ინსტინქტურად ცისასკენ დაიხია. შრიალი გუგუნში გადაიზარდა და მოულოდნელად, დარბაზის მარჯვენა კუთხიდან, სპირალურად დახვეული, ვერცხლისფრად მოელვარე ქარბორბალა ამოიფრქვა. მისმა ბრუნვა-ტრიალმა საუკუნეებით მიყრილი მტვერი გამოაღვიძა, გააფთრებით აატრიალა, მტვერთან ერთად კი ლექსოც მსუბუქად მოსწყვიტა ადგილს და თან გაიტაცა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, ლექსომ და ცისამ გონს მოსვლა ვერ მოასწრეს და შებრძოლებაც ვერ შეძლეს. ქარბორბალამ ლექსო თავის ვერცხლისფერ სპირალში რომ დაიგულა, გუგუნი ცივი ხითხითით შეეცვალა, ნელ-ნელა უკან დაიხია და გაქრა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ცისა დაბნეული მისჩერებოდა იმ წერტილს, საიდანაც ქარბორბალაში გახვეული ლექსო გაუჩინარდა. ცოტა რამ იყო ისეთი, რასაც ვერ ხვდებოდა და ვერ უმკლავდებოდა მისი შესაძლებლობებით, ამიტომ დაიბნა. ერთი რამ კი აშკარა იყო – ძალიან საშიში მტერი ებრძოდა მათ. ახლა მთავარი იყო, ლექსოს დახმარებოდა და გაეთავისუფლებინა.
ბურთამ იყოჩაღა. სასწრაფოდ შემოეხვია ცისას და დამცავი შრე შეუქმნა, ამით აგრძნობინა, დრო არ უნდა დავკარგოთო. მეგობრები შეთანხმებულებივით ერთ გზას დაადგნენ – ეს იყო ბნელი, ვიწრო ხვრელი, რომლითაც უხილავი მტერი თავის ბუნაგში მიაქანებდა ლექსოს.
– მთავარია, არ შეშინდე, მთავარია, არ შეშინდე!.. – შორეული წკრიალი ჩაესმა ლექსოს და მიხვდა, ცისა მის დასახმარებლად მოიჩქაროდა. გონების წიაღში შემოღწეულმა ამ შეძახილმა ლექსოს ძალა შეჰმატა და დაბნეულობა ჩამოაცილა. ის უკვე დაკვირვებით ათვალიერებდა საშინელი სისწრაფით უკან მოტოვებულ ბნელ ხვრელს და მართალია, ვერაფერს ხედავდა, მაინც თავის დაძვრენის გზებს ეძებდა. რამდენჯერმე გაიბრძოლა, მაგრამ მიხვდა, რაც უფრო გაუძალიანდებოდა უხილავ მტერს, მით უფრო გაიხლართებოდა მის ბადეში. თანდათან, მართლაც, უფრო და უფრო ძლიერად ბორკავდა მას სპირალი, ამიტომ ბრძოლა, ჯერჯერობით, უაზრობად ჩათვალა. ქროლვის დროს თვალწინ დაუდგა მისი საყვარელი ზღაპრის გმირები. ისინი ხომ ჭკუითა და მოხერხებულობით მათზე გაცილებით დიდსა და ძლიერ მტერს უმკლავდებოდნენ. ისიც გაუყუჩდა სპირალის მარწუხებს და შემთხვევას დაელოდა, იქნებ მტერს შეცდომა დაეშვა და მას ეს თავის სასარგე¬ლოდ გამოეყენებინა.
ლექსოს მოეჩვენა, რომ ძალიან დიდხანს მიქროდნენ. როგორც იქნა, სიბნელე დამთავრდა, მაგრამ არცთუ გაჩახჩახებულ გარემოში მოხვდნენ. ლექსოს თავი ერთ უზარმაზარ ჭურში ეგონა, იმ განსხვავებით, რომ ამ ბნელეთის ჭურს უცნაური, ჭაობისფერი სინათლე მოჰფენოდა. როგორც კი შეჩერდნენ, ლექსომ თავისუფლება იგრძნო, გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა. სპირალისებური ქარიშხალი სადღაც გამქრალიყო, ლექსოს ირგვლივ კი ავისმომასწავებელი სიჩუმე და სიცარიელე გამეფებულიყო – არავითარი ცოცხალი არსება, არანაირი მოძრაობა, მხოლოდ ჭაობისფერი სიცარიელე. გასაქცევიც არსაით ჩანდა. ლექსომ ,,მამაო, ჩვენო’’ ჩაიჩურჩულა, პირჯვარი გადაიწერა და ღმერთს დახმარება შესთხოვა, თუმცა აფორიაქებულმა ერთ ადგილზე გაჩერება ვერ შეძლო და კედელს გაჰყვა, იქნებ სადმე გასასვლელი აღმოეჩინა, მოძრაობაში კი შიშის გრძნობაც დაეძლია.
მოულოდნელად პატარა მოძრავი არსება შენიშნა, რომელიც ჭურის მეორე მხრიდან მოფორთხავდა მისკენ. ჯერ ვერ გაარჩია, რა სულდგმული იყო. არც შეშინებულა, რადგან ძალიან პატარად მოეჩვენა და მიწისფერ ხვლიკად ჩათვალა. თვითონაც მისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ შეჩერდა, რადგან დაინახა, ეს არსება ნელ-ნელა როგორ იბერებოდა და იზრდებოდა. შეშინებულ ლექსოს გული გამალებით უცემდა, მაგრამ გონება არ ეთიშებოდა. ესეც ცისას დამსახურება იყო. ის შორიდანაც ცდილობდა, მისთვის გამძლეობა მიენიჭებინა, რომ შიშსა და დაბნეულობას საღი აზროვნების უნარი არ წაერთმია.
ლექსომ უკან დაიხია და უარესისთვის მოემზადა. ხვლიკი უკვე ნიანგად გადაქცეულიყო, მაგრამ მისდა საკვირველად, ზრდას მაინც აგრძელებდა. ჭურიც თითქოს უფრო და უფრო იზრდებოდა და ფართოვდებოდა. ნიანგი უცნაური შიშინით აგრძელებდა ზრდას, ჯერ რამდენიმეტონიანი ვეშაპის ტოლი გახდა, შემდეგ კი უზარმაზარი მთასავით წამოიმართა და ლექსო საშინელი, ამაზრზენი, ჭაობისფერი ურჩხულის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც ვერცხლისფერეშვებიანი გორილას თავი ედო პირდაპირ ტანზე. ლექსო სწრაფად იხევდა უკან და ცდილობდა, დრო მოეგო, იქნებ ცისას მოესწრო და მიხმარებოდა.
ჭურის ურჩხული კი გამყინავი თვალებით მისჩერებოდა და გულისამრევ სუნს აფრქვევდა ნესტოებიდან. უცებ ვეებერთელა ხორკლიანი თათით დასწვდა შიშით ძარღვებში სისხლგაყინულ ლექსოს და მუჭში მოიქცია, ცოტა ხანს უყურა, შემდეგ კი ისეთი სიძლიერით ამოიხრიალა, მთელ ჭურს ექოსავით მოედო:
– როგორ ვერ ვიტან შენნაირებს!.. ახლავე გაგსრეს!.. მაგრამ ჯერ უნდა დავტკბე შენი ფართხალით!.. რაც უფრო მეტ შენნაირს მოვსპობ, მით უფრო მეტი ძალა და ენერგია მომეცემა… – და ურჩხულმა ისე გადაიხარხარა, ბნელეთის ჭურმა ზანზარი დაიწყო, ამ ხარხარმა კი საშინელი ქარიშხალი გამოიწვია. ლექსო მუჭში რომ არ ყოფილიყო გამომწყვდეული, ქარიშხლის ძალა ბნელეთის უსასრულობაში ისე გადაკარგავდა, ცისას და ბურთას, ალბათ, გაუჭირდებოდათ მისი მიგნება. სწორედაც, რომ ,,ზოგი ჭირი მარგებელია”.
ყველაფერი რომ მიწყნარდა, ლექსომ ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით დაუყვირა ურჩხულს:
– მაინც როგორებს ვერ იტან, შე მახინჯო?..
– რა შენი საქმეა!.. რაც მთავარია, ძალიან გულუბრყვილო ხარ, შენი ფეხით რომ მოხვედი ჩემთან! ვერ ხედავ, რა ძლიერი ვარ? მე ხომ შენნაირებით ვსაზრდოობ და ვსულდგმულობ! რაც უფრო მეტს მოვიტყუებ, უფრო ძლიერი გავხდები, უფრო მალე შევძლებ ამ ბნელეთიდან ამოსვლას და იქ, თქვენს ბნელეთში ჩემი მიზნების განხორციელებას…
ლექსო მიხვდა, ურჩხულს რაღაცის თქმა გაუჭირდა. ამ დროს ცისას არცთუ შორეული ხმა ჩაესმა: ,,სიკეთეს და სინათლეს ვერ იტანს, ვერცერთ კარგ გრძნობას, რაც ადამიანებს ახასიათებთ.” გამოსავალი თითქმის მიგნებული იყო.
– შენ კი სულელი ყოფილხარ!.. იქ, ჩვენთან, ბნელეთი კი არა, სინათლეა, მზე და სითბო, იქ შენი ადგილი არ არის!.. – ლექსოს თვითონაც გაუკვირდა, ამდენი როგორ გავბედეო, მაგრამ მიხვდა, მისი ასეთი სიმამაცე ცისას დახმარების შედეგი იყო.
ურჩხული კვლავ ამაზრზენად ახარხარდა, მაგრამ ახლა უკვე ხანმოკლე და სუსტი იყო მისი გამყინავი სიცილი.
ლექსომ იგრძნო, სწორ გზაზე იდგა და მეტი შემართებით შეუტია:
– ვერაფერს გახდები!.. ვერც ზევით ამოსვლას შეძლებ და ვერც მე მაჯობებ, იმი¬ტომ რომ, მართალია, პატარა, მაგრამ შენზე ჭკვიანი და გონიერი ვარ!
ლექსომ დაინახა, როგორ შეტორტმანდა ურჩხული, მაგრამ მისი ბინძური თათები ისე მოეჭირა, სუნთქვა გაუძნელდა. დროის დაკარგვა უკვე აღარ შეიძლებოდა და ლექსომ სწრაფად მიაყარა:
– შენზე კეთილი ვარ!..
– შენზე დიდსულოვანი!
– ერთგული!
– სამართლიანი, მიმტევებელი, მამაცი, სხვებზე მზრუნველი!.. – ჩამოთვალა ლექსომ და შვება იგრძნო, რადგან ჭურის ეს ჭაობისფერი ურჩხული გმინვა-ხრიალით დაპატარავდა და ისევ რამდენიმეტონიანი ვეშაპის ტოლი გახდა. ლექსოც შედარებით ხალვათად გრძნობდა თავს მის მუჭში, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გათავისუფლდა, ამიტომ ჩამოთვლა გააგრძელა:
– მე ყველა მიყვარს!.. – ურჩხულმა ისეთი ძალით ამოიგუგუნა, ლექსოს კინაღამ გული გაუსკდა.
– მე დედა მყავს და ქვეყანას მირჩევნია! – დედის გახსენებაზე ლექსოს საოცარი სითბო ჩაეღვარა სხეულში და ტირილი მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან იგრძნო, რომ მტერი თითქმის დამარცხებული იყო და ჯერ აკანკალებული, შემდეგ კი მტკიცე ხმით მიაძახა:
,,მე ხომ დედა მყავს მშობელი –
შუქი აქვს ნათელ მზისაო.
დამიცავს ძალა უფლისა
და დედაშვილობისაო.’’
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ურჩხულმა ძალა დაკარგა, ნიანგისხელა გახდა და ლექსოც მისი ბინძური თათების ბორკილიდან გათავისუფლდა.
უეცრად ჭური ზღაპრული სიკაშკაშით აინთო და აბრდღვიალდა. ბურთას მთელი თავისი შესაძლებლობები გამოეყენებინა და სინათლის სხივებით ებრძოდა საშინელ მტერს. მართლაც, მისი სხივები და ლექსოს უკანასკნელი სიტყვები ურჩხულისთვის საბედისწერო გამოდგა. ის სულ დაპატარავდა, ბოლოს კი შიშინითა და გმინვა-ხრიალით გაქრა.
ცისამ ხელი ჩასჭიდა განცდილით დაღლილ ლექსოს და ზევით გააქროლა.
* * *
ლექსო განსაცდელიდან სწორ გამოსავალს პოულობს: რომელ ქართულ ანდაზას მიუსადაგებდით მის მიერ არჩეულ გზას?
რით საზრდოობს ჭურის ჭაობისფერი ურჩხული?
რა მიზანი აქვს ურჩხულს?
თქვენი აზრით, შეძლებს ურჩხული თავისი მიზნის მიღწევას?
რა არის საჭირო, რომ ის საბოლოოდ განადგურდეს?
დადებითი თვისებების ჩამონათვალში განსაკუთრებით რომელმა ძალამ გაამარჯვებინა ლექსოს?
ხელისგულზე დაგდებული ხუთთეთრიანი
,,და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს
ჩემი სახელით, მე მღებულობს’’ (მათე, 18,5)
– ის ჭაობისფერი ურჩხული როტი იყო? გახსოვს, ცაშიც რომ გვებრძოდა? – შეეკითხა ლექსო მისი საწერი მაგიდის კუთხეში ჩამომჯდარ ცისას ერთი კვირის შემდეგ. ცისას კაბას, მაგიდის ფერის შესაბამისად, წაბლისფერი მიეღო და ეს ფერიც, როგორც ყველა სხვა, საოცრად უხდებოდა. ცისა უდარდელად იქნევდა ფეხებს და თვალები, როგორც ყოველთვის, სიკეთით უციმციმებდა.
– როტის ჩვენ, ალბათ, ვერ გავუმკლავდებოდით, ლექსო… ის როტი არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ურჩხული იყო. შენ ძალიან ყოჩაღი ბიჭი ხარ!.. განსაცდელს პირისპირ რომ შეხვდები, არ დაიბნე და შიშით თვალები არ დახუჭო. გონება მოიკრიბე და ჭკუით დაუპირისპირდი; იცოდე, გამოსავალს ყოველთვის იპოვი და შენზე ძლიერ მტერსაც დაამარცხებ.
– ის ხომ საქართველოს მიწის სიღრმეშია!.. – ჩაფიქრდა ლექსო. ცისა მიუხვდა და დაამშვიდა:
– ისინი დედამიწის წიაღში ბატონობენ… ნუ გეშინია, საქართველოში, ჯერჯერობით, საკმარისი სითბო და სიყვარულია!.. ხომ გახსოვს, ყველაზე ძალიან რისი შეეშინდა ურჩხულს?!. კარგი, გვეყოფა მასზე ლაპარაკი, წავიდეთ, კვლავ შენი თანატოლების ცხოვრება ვნახოთ. შენ ხომ არ იცი, ლექსო, რომ ბევრი მათგანი ქუჩაში ცხოვრობს, ქუჩაში ათენებს და აღამებს… თუმცა, წავიდეთ და საკუთარი თვალით ნახავ ყველაფერს.
ხელიხელჩაკიდებული მეგობრები ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის კიბის ქვეშ, ნახევრად სარდაფის ერთ ოთახისმაგვარ სათავსოში მოხვდნენ, სადაც ნესტი და გაჭირვება სუფევდა. ოდესღაც შეღებილი, გაცრეცილი ხის კარები ბოლომდე არც იკეტებოდა, ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა, ამიტომ მასში მზის სინათლე ვერ აღწევდა. ლექსომ ძლივს გაარჩია ორი დაბალი, ფიცრებაყრილი ხის ტახტი და ფეხმოტეხილი, პატარა მაგიდა, რომელსაც ერთი მხრიდან დამტვრეული აგურები ჰქონდა შეწყობილი, რომ არ წაქცეულიყო. მაგიდაზე ელაგა ერთჯერადი ჭიქა, ცელოფანზე დადებული ძველი პურის ნაჭერი და წყლით სავსე ბოთლი. იქვე, ჭუჭყიანი ძველმანებით სავსე, ძველისძველი დაწნული კალათა იდგა. ერთ ტახტზე ახალგაზრდა, თმადაუვარცხნელი ქალი იჯდა და მაგიდაზე ნაღვენთში დამაგრებული სანთლის შუქზე ბავშვის ჭუჭყიან ტანსაცმელს აკერებდა. მეორე ტახტზე კი ორ ბავშვს – და-ძმას ეძინა. ქალი დროდადრო ბავშვებს გახედავდა და მკაცრი, გამყინავი ხმით აფრთხილებდა:
– ადექით, გაიღვიძეთ, რამდენჯერ უნდა გითხრათ, წასვლის დროა!
გოგონამ, რომელიც ლექსოს ტოლი იქნებოდა, ერთი-ორჯერ წამოიწია, შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ ძილს ვერ მოერია და ისევ მიწვა. პატარას, ასე ხუთიოდე წლის ბიჭუნას კი ღრმად ეძინა.
დედამ დაკერებული ტანსაცმელი კალათაში ჩაყარა, შემდეგ ტახტის ქვეშ არყის პატარა, ჭუჭყიანი ბოთლი მოძებნა, შეაჯანჯღარა და შიგ რომ ვერაფერი აღმოაჩინა, გაბრაზებით მოისროლა, ბავშვებს გაცეცხლებული თვალებით გახედა, მაგიდიდან წყლით სავსე ბოთლი აიღო და მძინარე და-ძმას გადაასხა.
შეშინებული ბავშვები ტირილ-ყვირილით წამოხტნენ და მაშინვე ჩაცმა დაიწყეს. ნუცა უფრო მარჯვე გამოდგა, პატარა ძმასაც მიეშველა, თან თვალი დედისკენ ეჭირა, კიდევ არ გაგვიბრაზდესო. გიგამ იცოდა, დედას მისი ტირილი უფრო გააღიზიანებდა, ამიტომ ცრემლებს იკავებდა, მაგრამ ტუჩი ისე ჰქონდა გადმობრუნებული, ძნელი მისახვედრი არ იყო, ყოველ წუთს შეიძლებოდა აღრიალებულიყო. ნუცამ ძლივს იპოვა ტახტის ქვეშ შეყრილი, გაცვეთილი, რამდენიმე ადგილას გამოგლეჯილი, უთასმებო ყელიანი ფეხსაცმელი და გიგას ფეხებთან დაუყარა – ,,შენ თვითონ ჩაიცვიო’’. პატარამ შებრუნებით ჩაყო ფეხები ფეხსაცმელში და მაგიდაზე დაგდებულ პურს წაეტანა. დედას არ გამოპარვია მისი მოძრაობა, პურისკენ გაწვდილ ხელში გამეტებით ჩაარტყა და ადგილ-ადგილ თვლებჩავარდნილი, ნაქსოვი ქუდი მიაჩეჩა. გიგამ ყელში მოწოლილი ტირილი ისევ ჩაყლაპა, ცრემლი თვალების სწრაფი ხამხამით გააქრო, ქუდი მოუხერხებლად ჩამოიფხატა და კარები გამოაღო.
დედამ პურს ხელი წამოავლო, ნუცას კარისკენ უხეშად უბიძგა და გარეთ გასულმა კარი ფეხით მიაჯახუნა. ქუჩაში პური სამ ნაწილად გაყო, ბავშვებსაც მიაწოდა და თვითონაც ჩაკბიჩა.
გიგა გამალებით ჭამდა პურის ნატეხს, მარცხენა ხელი პირთან გაეშალა, რომ ნამცეცები არ დაკარგვოდა და წინ წასულ დედას და დას არეული ნაბიჯებით მისდევდა. ჭამა მალე დაამთავრა, პაწია ხელისგულზე დაყრილი ნამცეცები ალოკა და საცოდავი თვალი გააყოლა მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილ ათასგვარ პურ-ფუნთუშეულს.
– დროზე გადმოადგი ფეხი! – უბრძანა დედამ და სახელოზე ისე მოქაჩა, გიგას ფეხი აერია და წაიქცა. შეშინებული პატარა უცებ წამოხტა, დედას გახედა და ჩქარი ნაბიჯით წამოეწია უკანმოუხედავად მიმავალთ. შემდეგ გვერდზეც კი აღარ გაუხედავს, ისე თავჩაქინდრული, უკუღმაჩაცმული ფეხსაცმელების ფრატუნით გაჰყვა მათ.
ლექსო გულნატკენი ადევნებდა თვალს სიღარიბისგან დაჩაგრულ ორ უმწეო პატარას და რაიმეს თქმის სურვილიც კი დაეკარგა.
მალე ისინი ერთ-ერთი მეტროს შესასვლელთან შეჩერდნენ და ისე დაიკავეს ადგილები, აშკარა იყო, შეჩვეული იყვნენ ასეთ ცხოვრებას. დედა და გიგა მეტროს ერთ მხარეს, ბორდიურზე ჩამოსხდნენ, ნუცა – მეორე მხარეს. გიგამ კარგად იცოდა თავისი საქმე, პირდაპირ ასფალტზე მოიკალათა, ჩამოფხატული ქუდი შეისწორა, ჭუჭყიანი ხელი მოწყალებისთვის გაიშვირა და მორჩილი, მუდარის გამომხატველი თვალებით გამვლელებს დააკვირდა. ჯერ გაუცნობიერებელი ინტუიციით, პატარა ბიჭუნა წინასწარ გრძნობდა, ვინ როდის დააპირებდა მოწყალების გაღებას და, მართალია, დიდად არ მოსწონდა თავისი საქმე, მაინც ცდილობდა, უფრო გულის ამაჩუყებლად, შესაბრალისად ეჩვენებინა თავი. ამისთვის ხანდახან ცრემლებსაც მოიშველიებდა, თუმცა ეს ცრემლები, უმეტეს შემთხვევაში, შიმშილით, სიცივით ან დედის უხეშობით იყო გამოწვეული, ამიტომ თამაში ძალიან იშვიათად სჭირდებოდა. მხოლოდ ოცამდე თვლა იცოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენთეთრიანს მისცემდნენ, ოცზე მეტი რომ შეუგროვდებოდა, გახარებული ჩაუჩხრიალებდა დედას ხელებში, რადგან იცოდა, ერთ ფუნთუშას დაიმსახურებდა.
მაგრამ იყო დღეები, როცა ათამდეც ვერ ადიოდა, მაშინ სამივე მხოლოდ ერთი პურით უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მათ შორის ყველაზე მეტს გიგა შოულობდა. მისი ლამაზი სახე, მოწყენილი, სევდიანი თვალები, ხშირად აცრემლებულიც, თითქმის ვერც ერთ გამვლელს ვერ ტოვებდა გულგრილს. არც თვითონ იყო აბეზარი ბავშვი, მიჯდებოდა თავისთვის და ხელგაწვდილი, უმეტესად თავჩაქინდრული, ზედმეტს არაფერს აკეთებდა. ხანდახან კი მწარედ ატირდებოდა, როცა მთელი დღის განმავლობაში ხელმოცარულს დედა დაუმსახურებლად წაუთაქებდა და წყევლასაც მიაყოლებდა. იმდენად არ სტკიოდა, რამდენადაც სწყინდა. მისი პატარა გონება ვერ აანალიზებდა, რატომ სჯიდა დედა, ის ხომ ყველა მის მოთხოვნას ასრულებდა.
უცებ ხალხში ნაცნობი სახე დალანდა და გაფაციცდა. ლამაზად ჩაცმული, შუახნის ქალი მოდიოდა მისკენ თბილი ღიმილით. გიგას გული აუფრთხიალდა. ასე იცოდა ყოველთვის, როცა ვინმე მის მიმართ სითბოს გამოამჟღავნებდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა და ძალიან აკლდა. სხვა დროსაც ამჩნევდა ამ ქალისგან ყურადღებას, თბილ გამოხედვას. ის ყოველთვის 50 თეთრს ჩუქნიდა. ქალი მიუახლოვდა, დაიხარა და თავზე ხელი გადაუსვა. შემდეგ ჩანთიდან ახალთახალი, ძალიან ლამაზი ნაქსოვი ქუდი ამოიღო, გიგას დაგლეჯილი ქუდი მოხადა და ახალი ქუდი დაახურა. გიგამ გაკვირვებული დიდი შავი თვალებით ამოხედა და ,,მადლობო” – უთხრა, თან ცალი ხელით ახალი ქუდი მოსინჯა. ასეთი რამ ჯერ არ განუცდია, არასდროს ჰქონია რაიმე ახალი, ლამაზი და გული სიხარულით კინაღამ გაუსკდა. ეს სიხარული სახეზე ისე ნათლად აღებეჭდა, ქალს გაეღიმა, ისევ მოეფერა, ხელში ერთი ლარიც ჩაუდო და ნელი ნაბიჯით მეტროში შევიდა.
გიგამ ფული მაგრად ჩაბღუჯა ხელში და დიდხანს უყურა მეტროს შესასვლელს, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა დედამისმა ახალი ქუდი უხეშად წაგლიჯა თავიდან და მუჭიც თითქმის ძალით გაუხსნა, რომ ლარიანი წაერთმია.
– მომეცი, ჩემი ქუდია!.. იმ ქალმა მაჩუქააა!.. – გული ამოუჯდა გიგას, რადგან მიხვდა, ის ქუდი მას აღარ დაუბრუნდებოდა.
– მშვენიერი ქუდი გაქვს, ახალი რად გინდა! – მკაცრად უთხრა დედამ, ატირებულ პატარას გვერდი აუარა და ჩქარი ნაბიჯით გაშორდა.
ნუცა შორიდან უყურებდა ყველაფერს, მაგრამ უფლება არ ჰქონდა, თავისი ადგილი მიეტოვებინა. როგორც კი დედა თვალსმოფარებული დაიგულა, ძმისკენ გაქანდა, მოეხვია და აკოცა.
– არ იტირო!.. აი, დიდი რომ გავიზრდები, უკეთესს გიყიდი… – შემდეგ დაფიქრდა და სასოწარკვეთილებით ამოიკვნესა, – რა გვეშველება ახლა?!. დედა ქუდს გაყიდის და დასალევს იყიდის, მერე კი გვცემს!..
გიგას შიშით ცრემლები შეაშრა თვალებზე და დას ორივე ხელი შემოხვია.
– გავიქცეთ, სადმე გავიქცეთ, თორემ გვცემს!..
– სად უნდა გავიქცეთ?! – თვითონაც აუცრემლდა თვალები ნუცას, მაგრამ თავი შეიკავა. მას მიაჩნდა, რადგან უფროსი იყო, პატარა ძმა უნდა დაეცვა და მაგალითიც ეჩვენებინა, – ჯერ დავიცადოთ, იქნებ არ დალიოს.
ნუცამ ხელებში ჩაბღუჯული ძველი ქუდი გამოართვა ძმას, მზრუნველად დაახურა, ხელისგულით ცრემლები მოწმინდა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
დედას უფრო მეტხანს შეაგვიანდა, ვიდრე ფიქრობდნენ. ბოლოს, როგორც იყო გამოჩნდა, არეული ნაბიჯით მოდიოდა, თან რაღაცას მალავდა. ნელა მიუახლოვდა გიგას და გვერდით მიუჯდა. პატარას მისკენ გახედვისაც კი ეშინოდა, იჯდა თავჩაღუნული და გაშლილ ხელისგულზე დაგდებულ ხუთთეთრიანს მიშტერებოდა.
ეს იყო ის ერთადერთი ხუთთეთრიანი, რომელსაც გიგა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და რომელიც ყოველთვის იდო მის პაწია ხელისგულზე, რომ უფრო მეტი მოეპოვებინა.
დედა დიდხანს იჯდა მის გვერდით ხმაამოუღებლად, თვალებდახუჭული ნელა ირწეოდა და ჩუმად რაღაც მელოდიას ღიღინებდა. შემდეგ თითქოს ცოტა გამოფხიზლდა, ჯიბიდან ნახევარი ძეხვი ამოიღო და გიგას ენის ბორძიკით უთხრა:
– დაუძახე შენს დას და ჭამეთ…
გიგას თვალები გაუფართოვდა. ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც ძეხვი არ ეჭამა, წამოხტა, ხელების ქნევით ნუცას გასძახა და ძეხვი ორად გაყო. ნუცამ მაშინვე მოირბინა, ძეხვის ერთი ნახევარი გამოართვა ძმას და ნერწყვმორეულმა გემრიელად ჩაკბიჩა. ლუკმა გადაყლაპული არ ჰქონდა, რომ მოქანავე დედას გახედა, შემდეგ მუჭში მოქცეულ ძეხვს დააშტერდა და უცებ მთელი თავისი ნაჭერი დედას გაუწოდა. გიგას ლუკმა გაუჩერდა პირში, დას გაკვირვებით ახედა, შემდეგ დედას დააკვირდა და თავისი წილი ძეხვიც, თუმცა სინანულით, მაგრამ მაინც, თვითონაც დედას გაუწოდა…
ქალმა წამოიწია, ორივეს დააშტერდა, ჯერ გიგას, მერე – ნუცას ხელი მოუთათუნა ლოყაზე, შემდეგ თვალები უფრო აემღვრა და წონასწორობადაკარგული ისევ თავის ადგილზე დაეხეთქა. დაჯდომისას რაღაც გარახუნდა ქვის ბორდიურზე, ქალმა ხელით მოსინჯა ჯიბეში შენახული ბოთლი, ამოიღო, მოიყუდა და ერთ დიდ ყლუპად მოსვა.
დედის ამღვრეულმა თვალებმა ნუცას უკან დაახევინა. ის ნელა შებრუნდა, ბოლო ლუკმა საცოდავად ჩაყლაპა და სირბილით დაუბრუნდა თავის ადგილს, მაგრამ მათთვის თვალი არ მოუცილებია. გოგონა დაძაბული აკვირდებოდა დედის მოძრაობას და გიგას ხელით ანიშნებდა – ,,წყნარად იჯექიო”. გიგას დის დარიგება არ სჭირდებოდა, შიშისაგან გაქვავებული იჯდა, მხოლოდ მისი მეტყველი თვალები მოწმობდა, რომ ცოცხალი იყო.
მათი დაძაბულობა ლექსოსაც გადაედო. ის მაგრად უჭერდა ცისას ხელს, თვალს არ აცილებდა ცხოვრებისგან გარიყულ ორ პატარას და გულით ნატრობდა, რაიმე შეძლებოდა, რომ მათ მიხმარებოდა. მაგრამ იმის გაფიქრებამ, რომ ამ შემთხვევაში უძლური იყო, ლექსოს საშინლად ატკინა გული და ცისას ვედრებით სავსე თვალებით შეხედა. ცისამ, როგორც ყოველთვის, მისი ფიქრები ამოიცნო, დაფიქრდა და ,,დავიცადოთო’’, – უთხრა. აშკარა იყო, ისიც თანაუგრძნობდა პატარა და-ძმას.
ამასობაში მოსაღამოვდა. გვიანი შემოდგომის ბინდმა საკმაო სუსხი მოიტანა. ბავშვებს შესცივდათ და მუდარით შეხედეს დედას, მაგრამ მის უაზრო, გამყინავ მზერას წააწყდნენ და მხრებჩამოყრილი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. ქვაზე ჩამომჯდარი გიგა სიცივისგან კანკალებდა და მოწყალებისთვის გაწვდილი ხელიც უთრთოდა. მისდა მოულოდნელად, ერთმა გამვლელმა ორმოცდაათი თეთრი დაუდო ხელისგულზე. გახარებულ პატარას დედისთვის უნდოდა მიეწოდებინა ხურდა, მაგრამ უცებ გაყინული ხელიდან გაუვარდა. მონეტა გაგორდა, იბზრიალა, იტრიალა და წყალსადენის თავდაუხურავ ჭაში ჩავარდა… აი, აქ მოხდა ის, რისიც ასე ეშინოდათ ბავშვებს. განრისხებული, არყით გონებადაბნელებული ქალი ეცა გიგას და უმოწყალოდ დაუწყო ცემა. შეშინებული და გულამომჯდარი ბავშვი ტირილით იხევდა უკან და ხელებით იფარავდა სახეს. დედა კი უგონოდ ურტყამდა და წყევლიდა. ნუცამ ორივე ხელი შემოხვია დედას უკნიდან და შეეცადა, შეეჩერებინა, მაგრამ გაავებულმა ქალმა მასაც ხელი ჰკრა. ნუცა ჯერ ბორდიურზე დაენარცხა, შემდეგ გადმოვარდა და ასფალტს სახით დაასკდა. თვალებში სინათლე რომ დაუბრუნდა, ცხვირიდან წამსკდარი სისხლი სახელოთი მოიწმინდა და ისევ დედას დაედევნა.
ხმაურზე ხალხიც შეგროვდა, მალე პოლიციის მანქანაც გამოჩნდა, მაგრამ ორმა პოლიციელმაც ვერ შეძლო მათი დანახვით კიდევ უფრო გააფთრებული ქალის შეჩერება. ერთ-ერთმა პოლიციელმა მოახერხა მისი შეპყრობა, მაგრამ ქალმა ძლიერად გაიწია, ხელიდან დაუსხლტა, ინერციით თავი ვეღარ შეიმაგრა და სწორედ იმ ჭაში ჩაყირავდა, სადაც მონეტა ჩავარდა.
ჭაში თავით ჩავარდნილი ქალი, ხალხის დახმარებით, მაშინვე ამოათრიეს პოლიციელებმა, ასფალტზე დააწვინეს და სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს… მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო…
შეშინებული, აცახცახებული, დალურჯებულ-დასისხლიანებული ბავშვები ერთმანეთს ეკვროდნენ და ტირილით დასცქეროდნენ დედის უსიცოცხლო სხეულს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა გარდაცვალება დაადასტურეს და გვამი მანქანაში მოათავსეს.
– საწყალი ბავშვები!.. რა ეშველებათ?!. ნეტავ მამა თუ ჰყავთ?.. – გაისმა აქა-იქ ხალხში.
პოლიციელებმა დაამშვიდეს დამფრთხალი ბავშვები, დაკითხეს და რომ გაიგეს, დედის მეტი არავინ ჰყავდათ, უპატრონო ბავშვთა სახლში გადასაყვანად მანქანისკენ გაუძღვნენ.
– ცისა, გეხვეწები, თუ შეგიძლია, რაღაცით დაეხმარე! – მიუბრუნდა გულდაწყვეტილი ლექსო პატარა მეგობარს და მაშინვე მიხვდა, ცისას ვედრება არ სჭირდებოდა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა დახმარება. დაფიქრებულმა ცის ფერიამ შეკრებილ ხალხს გადაუფრინა და საოცარი ნათელი გადააფრქვია.
ხალხის ჯგუფს შუახნის ლამაზი ქალი გამოეყო, პოლიციელებთან მივიდა, რაღაც აუხსნა და ბავშვებთან ერთად მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა. და-ძმამ მორიდებით შეათვალიერა გამამხნევებელი და მზრუნველი იერით მომღიმარი ქალი. მისმა სითბომ ბავშვებს იმედის პატარა სხივი შემატა, რამაც გულამოსკვნით ატირებულ გიგას გააბედვინა და ნაცნობ, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობ ქალს ჩაახუტა.
ისინი დიდხანს გააჩერეს პოლიციის განყოფილებაში. მობუზული ბავშვები კუთხეში მიმსხდარიყვნენ და შეშინებული ათვალიერებდნენ უცხო ხალხს და უცხო გარემოს. უცნობი ქალი რაღაცას დიდხანს ედავებოდა პოლიციელებს. რამდენჯერმე მობილური ტელეფონითაც ისაუბრა. ბოლოს, ზოგიერთი აუცილებელი საკითხის მოგვარების შემდეგ, როგორც იქნა, პატარებისკენ გაემართა, ორივეს ხელი ჩასჭიდა და პოლიციის მანქანით თავის სახლში გადაიყვანა.
გემოვნებით მოწყობილმა ბინამ, მშვიდმა გარემომ ბავშვები დააბნია. კუთხეში უძრავად მდგარნი გაფაციცებით ათვალიერებდნენ ყოველ კუთხე-კუნჭულს და ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ. ერთი სული ჰქონდათ, სადმე ჩამომსხდარიყვნენ და დაესვენათ, მაგრამ ასეთი სისუფთავისა და წესრიგის უნახავები, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავდნენ. ბოლოს, დაღლილობამ და ნერვიულობამ მაინც თავისი გაიტანა. გიგა სავარძლის კუთხეში უხერხულად ჩამოჯდა, თან თვალი კარადასთან მდგარი ქალისკენ გაექცა, ხომ არ გამიბრაზდებაო. ნუცამ ხელით ანიშნა, ადექიო. ქალმა პირსახოცები და თეთრეული აიღო და ბავშვებისკენ შემობრუნდა. შეშინებული გიგა სწრაფად წამოხტა, თავი ვეღარ შეიმაგრა და იატაკზე გაიშხლართა. ცრემლმორეულმა ქალმა მზრუნველად წამოაყენა ატირებული პატარა, ორივეს ხელი მოხვია და თბილად ჩაუჩურჩულა:
– ეცადეთ, დაივიწყოთ ყველაფერი… მე ვიზრუნებ თქვენზე! დღეიდან აღარ შეგცივდებათ, არ მოგშივდებათ და აღარც იმათხოვრებთ! ჩემი სიყვარული გაგათბობთ და ყველაფერს დაგავიწყებთ!.. ნუღარაფერზე იდარდებთ, რადგან ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა! მთავარია, პატიოსნები და კეთილები იყოთ!
მალე, დაბანილ, სუფთად ჩაცმულ და-ძმას ერთ დიდ საწოლში ეძინა, თუმცა სახეზე ჯერ კიდევ აღბეჭდვოდათ მათი ასაკისთვის შეუფერებელი სევდა-წუხილი. მათ სასთუმალთან კი დიდხანს იჯდა კეთილი ქალბატონი, რომელიც ჩუმი ალერსით შეჰყურებდა პატარებს.
,,რა მძიმე ხვედრი არგუნა
ცხოვრებამ პატარებსაო!
ბოლოს ხომ მაინც აჯობა
სინათლემ – ღამეს ბნელსაო!
დაივიწყებენ სიმწარეს,
მადლს შესწირავენ ღმერთსაო!” –
იმედმოცემული ხმით ამოთქვა ლექსომ, ცრემლიანი თვალები მუჭებით ამოიმშრალა და თვალებაციმციმებულ ცისას სიყვარულით გაუღიმა.
* * *
შეგინიშნავთ ქუჩაში მდგარი თქვენივე თანატოლი, რომელიც მოწყალებას ითხოვს?
რა გრძნობა გეუფლებათ მათი დანახვისას?
გიცდიათ მათი დახმარება? რა გზით?
იცნობთ უფლის მოწოდებას: `ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს~? რას გვეუბნება უფალი ამ სიტყვებით?
თქვენი აზრით, არ უყვარდა დედას თავისი შვილები? რატომ ექცეოდა მათ ასე?
რა თვისებებით გამოარჩევთ ნუცას და გიგას?
ქვიშის საათში მოქცეული სიცოცხლე
,,გამდიდრების მსურველები ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ
განუსჯელ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და
დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს… ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვია
ვერცხლისმოყვარეობა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ
რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს’’ (I ტიმოთ. მიმ., 6,9-10)
მართალია, ზამთარი კარს იყო მომდგარი, მაგრამ მაინც მშვენიერი მზიანი კვირა გათენდა. ცა იყო ლურჯი, ლურჯი, კამკამა, ცისას თვალების ფერი, რომელშიც ლექსოს არა მარტო საკუთარი თავის, თავისი შინაგანი განწყობის დანახვაც კი შეეძლო.
ზამთრისთვის უჩვეულოდ ლურჯმა ცამ და მზის სხივების ლიცლიცმა ლექსო მხიარულ განწყობაზე დააყენა, როგორც ყოველთვის, დილის ლოცვა ჩაიგალობა და მეოცნებე თვალები ცის უსაზღვროებას გაუსწორა. დარწმუნებული იყო, პატარა მეგობარი, დღეს, ახალი სიურპრიზით, აუცილებლად ეწვეოდა.
ალღომ არ უღალატა, მაგ¬რამ ცის ფერიამ, ამჯერად, მართლა სიურპრიზი მოუწყო. თავის საწერ მაგიდასთან, ოქროსფერყდიან საყვარელ წიგნში თავჩარგული ლექსო ძლიერმა ნათებამ შეაკრთო და მოულოდნელობისგან წიგნი ხელიდან გააგდებინა. ლექსოს წინ ცეცხლისფრად მოვარაყებული, ცისფრად აელვარებული სარკე გაჩნდა, რომელიც ჭახჭახა ნათელს აფრქვევდა. ლექსო არ დაბნეულა, რადგან ცისასთან ერთად ამდენი სასწაულის ნახვამ მოულოდნელობებს შეაჩვია. გაოცებისა და სიხარულისაგან აფართხალებული გული რომ დაიწყნარა, სარკეს დააკვირდა და მის შუაგულში არეკლილი გამოსახულებით მიხვდა, ცისა კიდევ ერთი მისი თანატოლის ცხოვრებას აცნობდა:
ჯაბას ოჯახი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ორ სართულზე განთავსებულ თანამედროვე ბინაში ცხოვრობდა. მაღალჭერიანი ოთახები მდიდრული ავეჯით იყო სავსე, ზედა სართულზე მარმარილოთი მოპირკეთებული ორი ხვეული კიბე ადიოდა.
ჯაბა დედამ პატარაობიდანვე მიატოვა და მეორე ქმარს გაჰყვა რუსეთში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ თუ გაიხსენებდა შვილს, ტელეფონით მოიკითხავდა და მოვალეობის მოხდას ისევ ერთი წლით გადადებდა. აღარც ჯაბას ენატრებოდა დედა. მისმა გულცივობამ, ოჯახის ყველა წევრთან ცივმა, დაძაბულმა ურთიერთობამ, მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვამ და სიმდიდრით გატაცებამ ჯაბაც ,,სულერთია’’ ბავშვად აქცია. ავადმყოფი ბებიისა და მომვლელი, უცხო ქალის ანაბარა ბიჭი სულ მარტო იყო, თავის გზადაკარგულ, უმეგობრო და დაცარიელებულ სამყაროში. მამას მისთვის თითქმის არ ეცალა, შინ გვიან ბრუნდებოდა და კვირიდან კვირამდე შვილს ხშირად ვერც ნახულობდა. სამაგიეროდ, მის განათლებაზე თავდაუზოგავად ზრუნავდა – რამდენიმე მასწავლებელი სახლში მოდიოდა, რის შედეგადაც ჯაბა საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს, ფიზიკასა და მათემატიკას. არც სხვა რამ აკლდა – ტანსაცმელი, საჭმელ-სასმელი, ფული, ძვირფასი მანქანით მომსახურება. ძალიან იშვიათად, კვირა დღეს, მამასახლში რჩებოდა, მაგრამ თავის კაბინეტში იყო საათობით გამოკეტილი და შვილს კარს არ უღებდა. ჯაბას მამის უყურადღებობა თავიდან აღიზიანებდა, ხშირად აცრემლებულიც კი მოსცილებია კაბინეტის კარს, მაგრამ ბოლოს ამასაც შეეჩვია.
მამა ქალაქში ცნობილი ექიმი იყო. მისი ხელფასი, რა თქმა უნდა, ასეთ კარგ პირობებს ვერ შეუქმნიდა ჯაბას. თავიდან მას სულ არ აინტერესებდა, საიდან მოდიოდა ასეთი უზრუნველყოფა. დრო გადიოდა, ჯაბა იზრდებოდა, უფრო მეტი კითხვა უჩნდებოდა, მაგრამ, რადგან მისი შეკითხვები უპასუხოდ რჩებოდა, თვითონ ცდილობდა მათ ამოხსნას, უფროსი ასაკის მოზარდებთან ურთიერთობდა და ნელ-ნელა ერკვეოდა იმ საკითხებში, რის გასაღებსაც ადრე ვერ პოულობდა…
ცამეტი წლის რომ გახდა, მამას უფრო დაუახლოვდა, შეიძლება ითქვას, დაუძმაკაცდა კიდეც. მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ერთ დღეს მამამ თავის სამსახურში დაიბარა და ჩანთაში პატარა შეკვრა ჩაუდო, თან გააფრთხილა:
– აბა, შენ იცი! საკუთარი თავივით გაუფრთხილდი, სახლში მიიტანე და ჩემს კაბინეტში, უჯრაში შემინახე. თან ეცადე, აქ არავინ შეგნიშნოს!
ჯაბა გაახარა იმ ფაქტმა, რომ მამას დასჭირდა და ისიც უნდა გამოსდგომოდა, ამიტომ მისი უჩვეულო ყურადღებით აფორიაქებულმა ყველაფერი სწორად შეასრულა. ამ დავალებას მეორე მოჰყვა, შემდეგ – მესამე, მეოთხე და ბოლოს ისე შეეჩვია, თვითონ სთავაზობდა მამას ვარიანტებს, როგორ გამოეტანა შეკვრა საავადმყოფოდან ისე, რომ ვერავინ ვერაფერს მიმხვდარიყო. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ უკითხავს, რა იყო შეკვრაში. ამას ალღოთი გრძნობდა, რომ ეს იქნებოდა ნარკოტიკი – საშუალება, რომელსაც უზრუნველი ცხოვრება მოჰქონდა მისთვის და მათი ოჯახისთვის, მაგრამ მამას საშინელი დანაშაულის შეცნობის არც ერთ გზას არ უტოვებდა, ისე სწრაფად მიაქანებდა უფსკრულისკენ. ამ უხილავ განსაცდელს, რა თქმა უნდა, ჯაბა ვერ გრძნობდა და არც იყო გასაკვირი, ის ამისთვის ჯერ პატარა იყო.
ციურ სარკეში ჯაბას ცხოვრებამ, ლექსოს თვალწინ, ძალიან სწრაფად ჩაიქროლა და ბოლოს თითქოს შეჩერდა. ლექსო უფრო გაფაციცდა.
ჯაბამ თვალი გაახილა თუ არა, პატარა მაღვიძარაზე აფარებული ალუბლისფერი კონვერტი შენიშნა. მაშინვე დასწვდა და გახსნა: ,,გუშინდელი შეკვრა ხომ იცი, სადაც დევს, აიღე და ამ მისამართზე მიდი. 3 საათისთვის ჩემი მძღოლი მოვა და წაგიყვანს. ანრი ბიძია იკითხე და მხოლოდ მას გადაეცი. დღეს ჩემთან აღარ დაგჭირდება მოსვლა… აბა, შენ იცი!’’ – წერდა მამა და იქვე მისამართს უთითებდა.
სამ საათამდე დიდი დრო იყო. ჯაბამ გადაწყვიტა, სკოლაში არ წასულიყო, ჩანთაში ორიოდე წიგნი ჩააგდო და მამის კაბინეტში შევიდა. კედელში შეუმჩნევლად დატანებული სეიფი მოხერხებულად გახსნა, შეკვრა გამოიღო, ჩანთაში ჩადო და სახლიდან გავიდა.
ცოტა ხანში, თავის სამ უფროს ძმაკაცს ჩუმად ელაპარაკებოდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ვინმე ნაცნობს არ შეემჩნია. ოთხივემ ერთად რაღაც მოილაპარაკა და მალე ერთ ბინაში განმარტოვდნენ. ჯაბამ შეკვრა ამოიღო და მაგიდაზე დადო.
– აი, ეს არის, რასაც გეუბნებოდით…
ბიჭებმა დიდი ინტერესით გახსნეს. მასში ვერცხლისფერ ქაღალდში საგულდაგულოდ შეხვეული წამლის ოცი პატარა შეკვრა აღმოჩნდა. ძმაკაცებს შორის ყველაზე უფროსმა ერთ-ერთის გახსნა დააპირა, მაგრამ ჯაბა ხელებში ეცა.
– არ გინდა, არ გახსნა… ერთ ადგილზე უნდა მივიტანო. შემდეგ წამოღებაზე აუცი¬ლებლად მოგიტანთ და მაშინ გავხსნათ…
ბიჭებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. უფროსი დაფიქრდა, თვალები ეშმაკურად მოჭუტა და შეკვრა თავის ადგილზე დააგდო.
– ძალიან კარგი… ვნახავთ, როგორი სიტყვის კაცი ხარ!.. ვისთან მიგაქვს?
– რა ვიცი, მამაჩემმა გამგზავნა… – და ჯაბამ წერილში მითითებული მისამართი დაასახელა.
– ვაა!.. – გაიკვირვეს ბიჭებმა, – ეს ხომ ჩვენი მეზობელი ძია ანრია… აი, თურმე, ვისგან ყიდულობს წამალს!..
– ეგ კიდევ, იცით, რა ფასად ყიდის?! ჩემი ძმა გააკოტრა… – თქვა ისევ მათ შორის ყველაზე უფროსმა, – რო გაგაცნო ჩემი ძმა, გაუჩალიჩებ წამალს?
– მე ვერა… მამაჩემი არ მომცემს მაგის ნებას.
– შენც ნუ ეტყვი… მამაშენისთვის სულერთი არ არის, ვინ იყიდის?! შენ პირდაპირ აქ მოიტან და ფულს ჩვენ მოგცემთ… ეგ არის და ეგ…
– რა ვიცი… ვიფიქრებ, – დაჰპირდა ჯაბა, შეკვრა ისევ გადაახვია და ჩანთაში საგულდაგულოდ შეინახა, – ახლა წავალ, ჩვენს მძღოლს სახლში უნდა დავხვდე.
დათქმულ დროს მძღოლი სადარბაზოსთან ელოდა ჯაბას. არც მას დაუგვიანია და სკოლის ჩანთით ხელში უკანა სავარძელზე მოთავსდა.
მითითებულ მისამართზე არავინ დახვდა. ცოტა ხანი შეიცადა და შემდეგ ისევ მანქანაში ჩაჯდა.
– სად წავიდეთ? – ჰკითხა მძღოლმა.
– მამასთან გადავრეკავ და გვეტყვის… – მოკლედ უპასუხა ჯაბამ და მობილური ტელეფონით მამას დაუკავშირდა, მითითებები მიიღო და ის იყო, ტელეფონი შეინახა, რომ მანქანის ფანჯარაზე აჩიმ მიუკაკუნა.
ჯაბამ ჩანთა მანქანაში დატოვა და ბიჭებთან მივიდა. აჩისთან ორი ახალგაზრდა იდგა.
– ვიცოდი, აქ იქნებოდი, – ჩაიცინა აჩიმ და ჯაბას ბიჭები გააცნო, – ჩემი ძმა და მისი მეგობარია… შენთან სალაპარაკო აქვთ, გვერდით გავიდეთ…
ჯაბა მიჰყვა. სახლის ერთ სადარბაზოში შევიდნენ თუ არა, აჩის ძმამ კატეგორიული ტონით პირდაპირ მოსთხოვა წამალი. ჯაბა შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია, ეშმაკობას მიმართა და აჩის მიუბრუნდა:
– მე ხომ გითხარი, რომ მეორე მოტანაზე მოგიტანდი… წამალი უკვე მივეცი ანრის.
ბიჭებმა ხმამაღლა დამცინავად გაიცინეს.
– ანრი სახლში არ არის და ნეტავ, ვის მიეცი წამალი?! ვერ მოგვატყუებ, სჯობს, წამალი მოგვცე და მშვიდობით მოვრჩეთ ყველაფერს! – შეუტია აჩის ძმის მეგობარმა და ხელში შავად აელვარებული პატარა იარაღი აათამაშა.
ჯაბას თვალები გაეყინა იარაღზე, მაგრამ არ დაბნეულა, პირიქით, უფრო გაცხოველებით აუმუშავდა გონება და თავის დაძვრენის გზა მოსინჯა.
– მამას გადავურეკავ და ვკითხავ… ტელეფონი მანქანაში მაქვს…
– მამა არა და, პოლიციასთან ხომ არ დარეკავდი?!.. შენ რა, არიფები გგონივართ?! აბა, ახლავე წამალი დატოვე და აქედან გაქრი!.. – გაბრაზდნენ უფროსები. აჩი ხმას არ იღებდა.
– ჰო, კარგი, კარგი… – დათმობა ამჯობინა ჯაბამ და ისევ აჩის მიუბრუნდა – შენც ხომ იცი, აჩი, წამალი სკოლის ჩანთით დამაქვს, ჩანთა კი მანქანაში დავტოვე… ახლავე მოგიტანთ… – დაფაცურდა უკვე მართლა დამფრთხალი.
ბიჭებმა მას შიში შეამჩნიეს და ნარკოტიკის მიღების იმედი მიეცათ.
– იცოდე, არაფერი მიჰქარო, თორემ!.. – ისევ ყველაზე უფროსმა შეუტია და იარაღი ნიკაპქვეშ მიაბჯინა – ერთად მივალთ მანქანასთან, ჩანთას წამლიანად გადმოგვცემ და მშვიდად ჩაჯდები, ისე, რომ მძღოლმა ვერაფერი შეგატყოს… მამაშენი თუ რამეს გკითხავს, იცოდე, არაფერს ეტყვი. მოატყუე, დამეკარგა-თქო… ჩვენი სახელი არ ახსენო, თორემ რაც მოგივა, მერე შენს თავს დააბრალე! გაიგე?.. კარგად გაიგე?!.
– ჰო, გავიგე, გავიგე!.. – შეშინებული ჯაბა თვალებდაელამებული შესცქეროდა ცივად ალაპლაპებულ იარაღს და ყელში მოწოლილ ბურთს ვეღარ ყლაპავდა.
– იცოდე, იარაღი დამიზნებული მექნება. ერთი ნაბიჯი რომ არასწორად გადადგა, მაშინვე გესვრი!.. – კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა ყველაზე უფროსმა და იარაღით მანქანისკენ უბიძგა.
ჯაბა ნელა წავიდა მანქანისკენ, თან გახურებულ გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა. ბოლოს ერთ გადაწყვეტილებაზე შეჩერდა, მანქანის კარი სწრაფად გამოაღო, უკან მომავალ ბიჭებს ფარულად გახედა, სწრაფად ჩაჯდა მძღოლის გვერდით და ასევე სწრაფად მიაყარა:
– ჩქარა წავედით, თემო ძია, ჩქარა!.. ჩაკეტე კარები და ფანჯრები!..
ამ ხნის მანძილზე მძღოლი ყურადღებით ადევნებდა თვალს ჯაბას. არ მოეწონა მისი მეგობრების დამცინავი, ავისმომასწავებელი გამომეტყველება და მანქანისკენ მომავალი ჯაბას შეშინებული სახე, ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მომზადებული იყო. ჯაბას სიტყვები არც ჰქონდა დამთავრებული, რომ მანქანა ტყვიასავით მოწყვიტა ადგილს და გაავებული ბიჭები მტვერში გაახვია.
ჯაბამ სული მოითქვა და უკან მოიხედა. ბიჭები იქვე მდგარ მანქანასთან სირბილით მივიდნენ, ჩასხდნენ და მათ გამოედევნენ. ეტყობოდათ, შემთხვევის ხელიდან გაშვებას არაფრით აპირებდნენ.
– მოგვდევენ… – საცოდავი გამომეტყველებით გახედა მძღოლს ჯაბამ და თავი ჩაღუნა.
მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა, თან გზისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე ჰკითხა:
– რა უნდათ შენგან? თუ გინდა, პირდაპირ პოლიციაში მივიდეთ!
– არა, პოლიციაში არა! – იყვირა ჯაბამ. მამასთან დარეკვას ვერ ბედავდა, რადგან სიმართლის გამხელის ეშინოდა. წუთიერი დაფიქრების შემდეგ, მიხვდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ამიტომ მობილური ამოიღო და მამის ნომერი აკრიფა. ტელეფონი დროებით გამორთული აღმოჩნდა – მამა, ალბათ, საოპერაციოში იქნებოდა შესული.
ჯაბამ ისევ უკან გაიხედა, მანქანა მათ კვალში ჩასდგომოდა და ცოტა ხანში გვერდითაც ამოუდგებოდა.
– უნდა დავუსხლტეთ, თემო ძია, გეხვეწები, უფრო ჩქარა, უფრო ჩქარა!.. – აღელვებით შეევედრა ჯაბა.
– აქ მეტი სიჩქარე არ შეიძლება, გაგვაჩერებენ… ბიჭო, აღარ იტყვი, რატომ მოგდევენ? – წამიერად გამოხედა მძღოლმა.
ჯაბას წამლის ამბავი არ უნდოდა გაემხილა მისთვის, რადგან მამას მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული. ახლა ხვდებოდა, რამხელა შეცდომა დაუშვა, ბიჭებს რომ ენდო, მაგრამ ეგონა, მისი მეგობრები იყვნენ და საიდუმლოს შეუნახავდნენ. არადა, რადგან სრულიად მარტო იყო, ძალიან უნდოდა, ვინმეს განდობოდა და ასეთი საიდუმლოს სიმძიმე ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.
ჩიხში იყო მოქცეული. მამას მისთვის არ ეცალა, გვერდით მხოლოდ მძღოლი ჰყავდა, რომელთანაც საკმაოდ შინაურულად გრძნობდა თავს. ფიქრის დროც აღარ იყო, ამიტომ გადაწყვიტა, მისთვის სიმართლე ეთქვა, იქნებ გამოსავალი ერთად უფრო ადვილად გამოენახათ.
მანქანებისგან ქუჩის დროებითი განტვირთვით ისარგებლეს მდევრებმა და გვერდით ამოუდგნენ. აჩის ძმა ხელით ანიშნებდა, გაეჩერებინათ. ჯაბამ ნერვიულობისგან ფრჩხილების კვნეტა დაიწყო, თან მძღოლს ემუდარებოდა:
– არ გააჩერო, თემო ძია, გეხვეწები, არ გააჩერო!.. მათ იარაღი აქვთ…
მძღოლი გააკვირვა მისმა სიტყვებმა. ისედაც დაძაბული, უფრო დაიძაბა და პატარა ბიჭს განცვიფრებით გამოხედა:
– რატომ? რატომ? რას გერჩიან?… თქვი, რაღას მალავ, შე კაი კაცო!..
– ჩანთაში ნარკოტიკი მაქვს, მამამ გამომატანა, სადაც ვიყავით, იქ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ის კაცი შინ არ დამხვდა… – მიაყარა ჯაბამ – მე კი ესენი ჩემი მეგობრები მეგონა და ყველაფერი ვუთხარი… მათ წამლის წართმევა უნდათ… – ამოიოხრა და ცრემლები გადმოსცვივდა.
მძღოლი შეშფოთდა.
– მამამ ნარკოტიკი შენ გამოგატანა?!. – და ჯაბას გაკვირვებით გამოხედა. წამიერმა უყურადღებობამ დააბნია, გვერდით მქროლავმა მანქანამაც შეავიწროვა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურზე შევარდა და ჯაბას მხრიდან გადატრიალდა…
ოპერაციიდან გამოსული გელა თავის კაბინეტში ისვენებდა, ექთანმა რომ მიუკაკუნა კარზე.
– ავარიის შედეგად დაზარალებული მამა-შვილი მოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა… – მოახსენა ექთანმა.
– გაარკვიეთ, ვინ არიან? პატრონი ახლავთ? ფული გადაიხადეს?
– ჯერ არავინ ახლავთ, ვინაობას არკვევენ.
– ჰოდა, როცა ყველაფერი დადგინდება, მერე დამიძახე… მანამდე ცოტას დავისვენებ.
ექთანს შეშფოთება და გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, მაგრამ სიტყვა ვეღარ შეჰკადრა და კარი გაიხურა.
გელა რბილი სავარძლის საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა. საერთოდ არ ფიქრობდა გაჭირვებაში მყოფ ორ ადამიანზე, რომელთა შორის უმცროსის სიცოცხლის წამები ქვიშის საათში მოქცეულიყო და წვეთ-წვეთად ითვლებოდა.
– ოპერაცია არ უნდა გამეკეთებინა, სანამ ფულს არ მოიტანდნენ, – მხოლოდ ამაზე წუხდა, – არა უშავს, ვაიძულებ… თუ არადა, მდგომარეობას გავურთულებ…
ამ ფიქრში ჩათვლიმა თუ ხილვა ჰქონდა, ვერ გაარჩია: მაღალი, თეთრსამოსიანი, წელზე თოკშემოჭერილი მამაკაცი მისკენ ზურგშექცევით იდგა, მაგრამ მის გასაგონად ამბობდა:
– ,,დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმინდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდანი კვლავ წმიდანობდეს…
აი, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა…’’
შეშინებული გამოერკვა და ირგვლივ მიმოიხედა. გული გამალებით უცემდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტვინის ერთი, ყველაზე მთავარი უჯრედი აუმუშავდა, რომელმაც ცხოვრებაზე სრულიად სხვა თვალით შეახედა, სრულიად სხვაგვარად დააფიქრა. ამ ხილვამ მასში ერთი ადამიანი მოკლა და მეორე დაბადა. ფიქრსა და განსჯაში ისევ კარზე კაკუნი შემოესმა.
– ბატონო გელა, პაციენტი ძალიან მძიმედაა, სასწრაფოდ თქვენი ჩარევაა საჭირო… მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ისინი მამა-შვილი არ ყოფილან… ჯერჯერობით, არც პატრონი ჩანს ვინმე…
გული შეეკუმშა, აქამდე რატომ გავჩერდიო, მაშინვე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა.
საოპერაციოში შესულმა პაციენტს დახედა და თვალთ დაუბნელდა – საოპერაციო მაგიდაზე მისი შვილი იწვა…
,,აი, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა…’’ – ექოდ წასული ეს სიტყვები ზარივით აგუგუნდა მამის გონებაში, გულის მწვავე ტკივილმა თვალებში სინათლე დააკარგვინა, მთელ სხეულში საშინელი სიცივე იგრძნო და მოცელილივით დავარდა იატაკზე…
ციურმა სარკემ ჯერ ბრწყინვალება დაკარგა, შემდეგ მთლიანად გაქრა. დაძაბული ლექსო გამოერკვა და გულდაწყვეტილმა მიიხედ-მოიხედა. ცისა არ ჩანდა, მაგრამ ლექსო გრძნობდა, რომ ის აქვე იყო, მის გვერდით და მასავით სტკიოდა გული.
,,ამ წუთის წუთისოფლისა
ავდარი სჯობნის დარსაო.
ბოლოს სვეგამწარებისა
ფიქრი არა აქვს კაცსაო!
ირჩიოს გზა სიკეთისა –
რადა მტრობს თავის თავსაო?!’’ –
ხმამაღლა იკითხა ლექსომ და ცისა თვალებით მოძებნა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა ცის ფერიამ ფარდა გასწია და ლექსოს დაფიქრებით გამოხედა.
– რა მოუვიდა ჯაბას, გადარჩა თუ არა? – მოუთმენლად მივარდა ლექსო პატარა მეგობარს.
– ჯაბა გადარჩა, მამამისი კი გულის შეტევით გარდაიცვალა, – გულდაწყვეტით უთხრა ფერიამ, ხელი დაუქნია და ცის უსასრულობაში გაუჩინარდა.
* * *
რატომ იქცა ჯაბა ,,სულერთია ’’ ბავშვად?
რა აკლდა და რა არ აკლდა მას?
რა შეცდომა დაუშვა მამამისმა? თვითონ ჯაბამ?
როგორ მოექცნენ მეგობრები ჯაბას?
თქვენი აზრით, რატომ ჩავარდა ის ასეთ განსაცდელში?
როგორ მოიქცეოდით ჯაბას ადგილზე?
სიკეთის პლანეტის თეთრი დედოფალი
,,ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე,
რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და
ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია’’ (მათე, 5,16)
– იცი, ცისა, ჩემს თანატოლებს რომ ვუყურებ, სულ ის მეოცნებე ბიჭი მახსენდება, ოცნების პლანეტაზე ზურმუხტისფერი ლენტის გახსნისას რომ ვადევნებდით თვალს. შენ ისეთი კეთილი ხარ, დარწმუნებული ვარ, დაეხმარებოდი, არა? – ჰკითხა ლექსომ და ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა ცისას.
პატარა ფერიამ მხიარულად ჩაიკისკისა და კულულების წკრიალით წამოფრინდა.
– მოდი, ასე მოვიქცეთ, ჯერ ნიკას ცხოვრება ვნახოთ, შემდეგ კი სიკეთის პლანეტას ვესტუმროთ. დროა, უფრო შორს წაგიყვანო.
გახარებულმა ლექსომ თავი დაუქნია და ორივე ხელი გაუწოდა.
ისინი ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ერთსართულიან კერძო ბინაში მოხვდნენ, რომელსაც სუფთად მოვლილი, პატარა ეზო ჰქონდა. ოჯახი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიდა, სამაგიეროდ, ყველაფერს გამრჯე კაცის ხელი ეტყობოდა. ბაბუა ეზოს უვლიდა, ბებია – სახლს, მათ შვილიშვილებიც ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით ნიკა ტრიალებდა ბაბუსთან, რომელიც ნარგავებს ფუთავდა, ზამთარში რომ არ გაყინულიყო. იქვე შავლაქებიანი თეთრი ლეკვი დარბოდა. ნიკა ახლა მამის სამსახურსა და ოჯახის სიწყნარეზე აღარ ოცნებობდა. დატვირთული იყო და ძალიან მოსწონდა თავისი მდგომარეობა. გაკვეთილების მომზადების შემდეგ ცურვაზე დადიოდა, მერე ბაბუს ეხმარებოდა, საღამოს კი დედა უცხო ენას ასწავლიდა. ყველაფრისთვის განსაზღვრული ჰქონდა დრო, ყველას ეფერებოდა და ყურადღებას უნაწილებდა. საღამოს მშვიდობის ღამეს უსურვებდა ოჯახის თითოეულ წევრს, ღმერთს მშვიდობასა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას შესთხოვდა და სანამ ძილი თავს წაართმევდა, ოცნებასაც ასწრებდა. მისი ოცნება ახლა ძალიან წააგავდა ლექსოს ოცნებას – სიკეთესა და სილამაზეზე ოცნებობდა, ცის სივრცეებში დანავარდობდა.
მამას დასალევად უკვე აღარ ეცალა. კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ ძალიან დატვირთული იყო და ოჯახისთვის მხოლოდ კვირა დღეს იცლიდა. დედას თბილად ეცვა და ნიკას მისი გაციების აღარ ეშინოდა. დები ჩოგბურთზე დადიოდნენ. ბებოს, თვალების ოპერაციის შემდეგ, თავისუფლად შეეძლო ოჯახში ფუსფუსი, ბაბუ კი ახალ სათვალეს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.
ნიკას მეტი არაფერი უნდოდა. ძალიან უყვარდა ოჯახის ყველა წევრი და ცდილობდა, ეს სიმშვიდე და სიმყუდროვე დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო.
ლექსო სიხარულს ვერ მალავდა.
– დამშვიდდი, ლექსო? – გაუღიმა ცისამ, – წავიდეთ, დროა!
მართალია, ნიკა ვერ დაინახავდა, მაგრამ ლექსომ ხელი მაინც დაუქნია მას და ისე გამოემშვიდობა. ძალიან მოსწონდა ნიკა და გულით უნდოდა მასთან მეგობრობა. ახლაც ვერ დამალა თავისი გულის წადილი და ცისას ჰკითხა:
– არ შეიძლება, მასთანაც რომ გამოჩნდე?
– ჩვენ ყველასთან ვართ უხილავად, ლექსო, თან ეს ნიკაზეა დამოკიდებული… ბევრი კითხვის პასუხს იქ გაიგებ, სადაც უნდა წაგიყვანო ახლა.
– სიკეთის პლანეტაზე?
– დიახ. სიკეთის პლანეტას ჩვენ თბილ პლანეტასაც ვუწოდებთ…
– თბილს?!. ჩვენი თბილისივით?! რა კარგია, ასეთი მსგავსება რომ არის!
– კი, მაგრამ იქ მხოლოდ სიკეთე და სითბოა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა. იქ არ იციან, რა არის შური და გაუტანლობა, ამპარტავნება, ღალატი და დამცირება…
– რა კარგია!.. ნეტავ ჩვენს პლანეტაზეც ასე იყოს!
– თქვენი პლანეტაც ასეთი იყო თავიდან, მერე გაბოროტდა ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვინც სუსტი აღმოჩნდა და როტის ენდო, მის მახეში გაება. არადა, თვითონ ხომ დარწმუნდი, რომ ბოროტის დამარცხება შეიძლება.
– როტის თითო-ოროლა ადამიანი ვერ მოერევა, არა? როგორი კეთილიც არ უნდა იყოს?!
– მართალია, ერთი და ორი ვერაფერს შეძლებს, მაგრამ თუ ბევრი დაუპირისპირდება, ნამდვილად დამარცხდება, თანაც არანაირი იარაღი საჭირო არ არის, მხოლოდ სიყვარული და სიკეთე, სიკეთე, სიკეთე… – ცისა შეჩერდა, გაუღიმა და ჰკითხა, – არ წავიდეთ?
ლექსომ თავი დაუქნია. ცის ფერიამ ხელი მაგრად ჩასჭიდა და ზევით გააქროლა, სადაც მათ ხომალდი ვარსო ელოდათ.
ვარსოს ბროლის კედლებიდან ლექსო გაფაციცებით ათვალიერებდა მზის სისტემას და, როგორც ყოველთვის, თვალს ვერ წყვეტდა უსაზღვროებაში გაბნეულ ათასგვარ ციურ სხეულს.
უცებ სივრცეში უზარმაზარი, ნისლოვანი სპირალი გამოჩნდა, რომელიც ფირუზისფრად ელავდა, და ვარსომაც გეზი მისკენ აიღო. თითქოს უსასრულო მორევმა შთანთქა, ისე გაუჩინარდნენ ისინი სპირალში. ლექსო, საკმაო ხანს, ხვეული ფთილების მეტს ვერაფერს ხედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, დამთავრდა ციური მორევი და ლექსოს უეცრად მოვარდნილმა სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა. პატარა დედამიწელი მკვეთრ ელვარებას რომ არ დაებრმავებინა, ვარსომ მას მოულოდნელი რამ შესთავაზა – ლექსოს წინ, ჰაერში, მუქად დაფერილი სათვალე გაჩნდა. ვარსოს ყურადღებამ ლექსოს თბილი ღიმილი მოჰგვარა, ,,მადლობო ’’, უთხრა და სათვალე გაიკეთა, თან გაფაციცებით გახედა უკან მოტოვებულ სივრცეს, მაგრამ სპირალის კვალიც კი ვერსად შენიშნა.
_ ჩვენ მზის სისტემა გავიარეთ და სულ სხვა გალაქტიკაში ვართ, რომელიც ადამიანებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. აქ არის ჩემი პლანეტა… აი, ისიც, – და ცისამ ლექსო იქით გაახედა.
სივრცეში საოცარი ნათების თეთრი პლანეტა ბრწყინავდა. ის სხვა მანათობელი პლანეტისგან კი არ იყო გასხივოსნებული, თვითონ ანათებდა, როგორც მზე, თუმცა მზესავით მცხუნვარე და გავარვარებული არ იყო. მისგან ზღაპრული ნათება, მაგრამ ზომიერი სითბო იფრქვეოდა. პლანეტის გარშემო ხილული, ნარინჯისფერი ორბიტა ტრიალებდა, რომელმაც მიახლოებისას ფერი შეიცვალა – თანდათან ოქროსფერი გახდა. ეს სიგნალი იყო: ორბიტა პლანეტის მესვეურთ ხომალდის მოახლოებას ანიშნებდა.
– ოქროსფერი გამაფრთხილებელი ფერია, რომელიც ხომალდის ან სხვა რომელიმე ციური სხეულის მოახლოებას მიანიშნებს, ცეცხლისფერი კი არასასურველი სტუმრის გამოჩენას ნიშნავს. მაშინ ორბიტა მტკიცე და შეუვალი ხდება, რითაც იცავს პლანეტას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, – უხსნიდა ცისა გაფაციცებულ ლექსოს.
ორბიტასთან მიახლოებისას ვარსომ ფერადი მელოდიური სხივი გაუშვა და შეჩერდა. მალე ორბიტა ნელ-ნელა გაიხსნა და ხომალდის წინ თოვლისფერი გზა გაჩნდა. ისინი სიკეთის პლანეტაზე რბილად დაეშვნენ. ლექსომ ირგვლივ მიმოიხედა. აქ, ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად, ვერსად შენიშნავდით მრავალსართულიან შენობებს. ცაში მქროლავი თვითმფრინავებისა და მიწაზე მოძრავი ავტომობილების მაგივრობას თოვლისფერი ღრუბლები ასრულებდნენ, რომლებიც პლანეტის ზედაპირთან ძალიან ახლოს დაფრინავდნენ. ირგვლივ, ძირითადად, თეთრი ფერი ჭარბობდა, თუმცა, არც სხვა ფერის ნაკლებობა იგრძნობოდა. აქა-იქ სოკოებივით გაბნეული პატარა სახლებიც სიქათქათით ელავდნენ. ზღაპრული სიმშვიდე და სილამაზე სუფევდა, რომელიც მხოლოდ სიყვარულისა და სითბოსთვის განგაწყობდათ. აქ არ იყო მზე, მაგრამ იყო კაშკაშა სინათლე და ზომიერი სითბო, იყო ამაყად თავაწეული, ნაირფერი ყვავილი და ნაყოფით დახუნძლული ათასგვარი ხეხილი.
ცისას და ლექსოს წინ თეთრი, პაწია ღრუბელი შეჩერდა და ნელ-ნელა ძირს დაეშვა. ლექსომ გაუბედავად შედგა ფეხი, არც კი სჯეროდა, შეძლებდა თუ არა ღრუბელი მათ გადაყვანას. ისინი რბილად მოთავსდნენ და ღრუბელიც სრიალით დაიძრა. ლექსოს ზღაპრული განცდა დაეუფლა, ისეთი მშვიდი და ნეტარი, როგორიც იქ, მიწის წიაღში, იმ იისფერი ნათების სამყაროში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ ყველაფერი თეთრ ფერში ჩაძირულიყო.
– ამ პლანეტას მე თეთრ პლანეტასაც დავარქმევდი, – ვერ დამალა ნანახით მიღებული შთაბეჭდილება ლექსომ.
– დედამიწაზე თეთრი ცივთან ასოცირდება, ლექსო, მაგრამ ჩვენთან თეთრი უფრო თბილია, სპეტაკი და ნათელი.
ისინი ერთ თეთრ კოშკთან შეჩერდნენ, რამდენიმე საფეხური აიარეს და დარბაზში შევიდნენ. დარბაზის შუაგულში, დიდ ოქროსფერ ტახტზე, თოვლისფერი კაბით მოსილი, ზღაპრული სილამაზის დედა-დედოფალი დაბრძანებულიყო და მომხიბვლელი თბილი ღიმილით შესცქეროდა პლანეტის სტუმარს. მის ირგვლივ ცისას მსგავსი, ისეთივე სხივმფრქვევი, ისეთივე წკრიალა, მაგრამ სხვადასხვა ფერის კულულებიანი რამდენიმე პატარა ფერია ფარფატებდა ჰაერში. დარბაზში ისეთი სითბო და სინათლე ლივლივებდა, ლექსოს დაძაბულობა მოეხსნა და თამამად გადადგა ნაბიჯი.
დედოფალმა ნატიფი თითებით ღრუბლის სავარძელზე მიანიშნა პლანეტის სტუმარს და უნაზესი მელოდიური ხმით შეეკითხა:
– ლექსო, მოგწონს ჩვენი პლანეტა?
,,რა საოცარია, ყველგან იციან ქართული!’’, გაიფიქრა ლექსომ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. შთაბეჭდილებებით თავბრუდახვეულს სულ დაავიწყდა, რომ ამ ზღაპრული პლანეტის მესვეურთ ფიქრების წაკითხვის უნარი ჰქონდათ.
დედა-დედოფალს გაეღიმა.
– ჩვენ ყველა ენა ვიცით და, საერთოდ, ყველაფერი ვიცით დედამიწის შესახებ… სამწუხაროა, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტი შავი ღრუბელი გროვდება თქვენი პლანეტის ირგვლივ და მეტი უარყოფითი ენერგია კვეთს მის სივრცეს… ჩვენ ყოველთვის ადამიანების გვერდით ვართ, ყველანაირად ვეხმარებით მათ, თუმცა ფარულად, მაგრამ მთელი მონდომებით და ძალიან განვიცდით, რომ ადამიანებში კვდება სიკეთისა და სითბოს გაცემის უნარი, სიყვარული და ერთგულება, თავმდაბლობა და მიმტევებლობა… ყველა ის გრძნობა, რაც აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის… შენ გამოიტანე დასკვნა, ჩვენო პატარა სტუმარო, რა საშიშროება შეიძლება დაემუქროს სიკეთედაკარგულ ადამიანებს!.. – დედა-დედოფალმა თავი დახარა, ცოტა ხნით შეჩერდა, შემდეგ კი მარცხენა ხელის თითებით სივრცეში წრე მოხაზა.
ლექსოს თვალწინ ჰაერში ოქროსფერი სხივებით შეკრული მზის ბადრო გაჩნდა, რომელიც ჯერ ძლიერი სიკაშკაშით აინთო, შემდეგ კი მის გულში დედამიწაზე მიმდინარე პროცესები გამოისახა. ტელევიზიის ეკრანზე ლექსო თითქმის ყოველდღე ხედავდა ამ საშინელ კადრებს: აი, ოკეანეში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევით გამოწვეულმა ტალღებმა ერთ ქვეყანაში ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მეორე ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვრების მიტაცების გამო, ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავენ; მესამეში – გვალვა და შიმშილი მუსრავს გაჭირვებულ ხალხს; მეოთხეში – ახალი, უკურნებელი დაავადებებით იხოცებიან; მეხუთეში – ნარკომაფია უფრო და უფრო მეტ ადამიანს იტყუებს თავის ბადეში, ნარკოტიკებით გონებას უბნელებს და მოწამლული ფულით ხრწნის, ძმას მოსაკლავად ამეტებინებს…
– შემაძრწუნებელია!.. – აღმოხდა სიკეთის პლანეტის დედოფალს, – რატომ აწამებენ ადამიანები საკუთარ თავს ასე?!. მაგრამ ყველაზე საშინელი აი, ესაა! – კვლავ ეკრანისკენ მიუთითა დედა-დედოფალმა.
მზის უკვე გაფერმკრთალებულ ბადროში ჩვილბავშვიანი ახალგაზრდა დედა გამოჩნდა, რომელიც ღამის სიბნელით გარემოცული და დაიმედებული, რომ უცხო თვალისგან შეუმჩნეველია, გაფაციცებული სადღაც მიიჩქარის. ის ქურდულად უახლოვდება ქუჩაში დადგმულ ნაგვის ბუნკერს და საკუთარ პირმშოს ისვრის მასში. გათავისუფლებული ქალი ხელებს კალთაზე იბერტყავს და მძიმე ტვირთმოცილებულივით გარბის. ბუნკერში კი ისმის დედისგან სასიკვდილოდ გამეტებული პაწია არსების საცოდავი, განწირული, სუსტი ტირილი – ურგები სიცოცხლის უკანასკნელი ამოძახილი.
ლექსომ თვალებზე ხელები აიფარა.
– ვიცი, ლექსო, შენთვის ჯერ ძალიან მძიმეა ამის დანახვა და გააზრება, მაგრამ ეს სინამდვილეა, რომელიც დედამიწაზე იშვიათად, თუმცა, მაინც ხდება… და რადგან ხდება, ესე იგი, ადამიანი უკვე დაცლილია იმ სიკეთისგან, რომლის გაძლიერებასაც ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ. აი, ამიტომ მოგიყვანა აქ ცისამ და ამიტომ მოდიან დედამიწაზე ჩვენი ფერიები. ჩვენ – თქვენი კეთილი ორეულები, ყველა ადამიანთან ვართ ცხადად თუ უხილავად, მაგრამ ყველა იმ დონეზე შეგვიცნობს, რა ზომისაცაა მასში სიკეთის მარცვალი. შენ ძალიან კეთილი ბიჭი ხარ და ამიტომ გეჩვენა ცისა. შენ ჩვენი დახმარებით, ბოროტი უკვე ვერაფერს დაგაკლებს, ძალიან დიდ ძალას ფლობ და გამიზნულად უნდა გამოიყენო ის… – აქ დედა-დედოფალი ისევ შეჩერდა, ჩაფიქრდა და ლექსოს თვალებში ჩახედა.
ლექსო თითქოს აღარ სუნთქავდა, ისე უსმენდა პლანეტის დედოფალს, რომლის თვალებიდან ისეთი თბილი სხივი მოდიოდა, რომ პატარა სტუმარმა ცხადად იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სხეულში რაღაც აქამდე განუცდელი ჟრუანტელი.
– ლექსო, შენ და შენმა თაობამ უნდა შეძლოთ ის, რისთვისაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ და ვერ შეძლეს. ჩვენ მუდამ თქვენთან ვიქნებით და დაგეხმარებით. მთავარია, არ შეგაშინოთ და არ შეგაცდინოთ ბოროტმა! იგრძენით თქვენი ძალა – სიკეთის ძალა, გიყვარდეთ მოყვასი და იზრუნეთ ერთმანეთზე!.. თუ ამას შეძლებთ, თქვენი პლანეტის უარყოფით ენერგიასაც გააცამტვერებთ და გადარჩებით… გადარჩებით… გადარჩებით!..
დედა-დედოფლის ბოლო სიტყვები ექოდ გამოსცა დარბაზის სივრცემ. ლექსოს ეგონა, ამ სიტყვების სიძლიერემ გაკვეთა მთელი გალაქტიკა და დედამიწამდე მიაღწია, რომ ადამიანები კიდევ ერთხელ გამოეფხიზლებინა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ადამიანები მშვიდად, ცივად, დაუფიქრებლად აგრძელებდნენ ცხოვრებას და ვერ ინაწილებდნენ დედამიწას საბატონოდ.
* * *
როგორ ფიქრობთ, რატომ უქმნიან ადამიანები საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ერთმანეთს?
რისთვის ებრძვიან ისინი ერთმანეთს? რატომ არის მათ შორის შური, ბოროტება, გაუტანლობა, დაბეზღება, შეუბრალებლობა?
რა არის ამ და სხვა უარყოფითი თვისებების გამომწვევი მიზეზი?
თქვენი აზრით, რა საშიშროება შეიძლება დაემუქროს სიკეთედაკარგულ ადამიანებს?
როგორ მიგაჩნიათ, ყველაზე დიდი ცოდვა რომელია მათ შორის, რაც ლექსოს ანახა დედა-დედოფალმა?
რა სურს დედა-დედოფალს? მისი სიტყვებით, ვინ და რა გადაარჩენს ჩვენს პლანეტას?
სამყარო მოულოდნელობებითაა სავსე
,,ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ
სულის მოკვლა არ ძალუძს. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ,
ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც’’ (მათე, 10,28)
ცისასთან შეხვედრის შემდეგ, ლექსო განსხვავებულად რომ აზროვნებდა, ცხადი იყო, დედა-დედოფლისგან წამოსულმა კი მეტი ძალა იგრძნო. თეთრი პლანეტის დედოფალმა ლექსოს სულსა და გონებაში სიწმინდის, სამყაროს სწორი ჭვრეტისა და ცხოვრების სირთულეების შეგნებულად გააზრების ძლიერი ნაკადი ჩაუღვარა. ამასთან, ლექსოს კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ძალა შესძინა – როცა ინატრებდა, რომ ვინმეს დახმარებოდა, თავისი დადებითი თვისებებიდან სხვისთვისაც შეეძლო მიენიჭებინა რაღაც ნაწილი ისე, რომ მას არაფერი დაკლებოდა. ამ ძალის შესახებ თვითონ ლექსომ არაფერი იცოდა, რადგან ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა მისი ბავშვური სიწმინდისა და სულიერებისათვის.
დაფიქრებული ლექსო დიდი ინტერესით აღარ ათვალიერებდა სივრცეში გაბნეულ ათასგვარ ციურ სხეულს, მხოლოდ დედა-დედოფლის ანგელოსური სახე ედგა თვალწინ…
ვარსო კი უსასრულობაში მიქროდა და თავბრუდამხვევი სისწრაფით შორდებოდა საოცნებო თეთრ პლანეტას. ცისა ხმას არ იღებდა, არ უნდოდა დაერღვია ლექსოს განმარტოება თავის ფიქრებთან.
უეცრად საშინელმა ბიძგმა მეგობრები ციური ხომალდის გამჭვირვალე კედელს მიანარცხა. ცისამ და ლექსომ გონს მოსვლა ვერც კი მოასწრეს, რომ ვარსომ წონასწორობა და მიმართულება დაკარგა, რაღაც უხილავი, უძლიერესი მიზიდულობის გავლენით მკვეთრად იცვალა გეზი და გაურკვეველი მიმართულებით გაქროლდა. ბიძგიც ამ მაგნიტური მიზიდულობით გამოწვეული უეცარი შემობრუნების მიზეზი იყო, რამაც ციური ხომალდი იძულებით მოსწყვიტა გზას დედამიწისკენ.
ლექსოს პატარა მეგობარი გაკვირვებული ჩანდა, თუმცა, რო¬გორც ყოველთვის, მშვიდი და ღიმილიანი იყო.
– ვარსო, რა ხდება? – ისე ჩაეკითხა ცისა ხომალდს, როგორც ლექსოს ესაუბრებოდა ხოლმე.
მათ წინ პატარა მრგვალი ეკრანი გაჩნდა, რომლითაც ვარსო თავის მგზავრებს სივრცეში იმ მიმართულებით განლაგებულ ციურ სხეულებსა და პლანეტებს უჩვენებდა, საითაც გასაოცარი სისწრაფით მიექანებოდნენ. ეკრანზე გარკვევით გამოჩნდა ელვისებურად დაკლაკნილი, მაგრამ არა ცეცხლოვანი, არამედ წვიმის ღრუბლისფერი მაგნიტური ველი. იგი ძალიან ჰგავდა გიგანტური ურჩხულის უზარმაზარ კლანჭებს, რომელიც პატარა მოკაშკაშე ხომალდს ჩაფრენოდა და ბნელ სივრცეში ჩაკარგული უცნობი პლანეტისკენ ეწეოდა.
– საით მივდივართ, ცისა? რა ჰქვია ამ პლანეტას? – ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე შეეკითხა ლექსო.
– ეს ბნელი პლანეტაა, – მოკლედ უპასუხა ცისამ და ეკრანზე სივრცის დაკვირვება განაგრძო.
– ვარსო, დამატებითი ენერგია გამოიყენე, იქნებ შევამციროთ ბნელი პლანეტის მიზიდულობის ძალა და დავუსხლტეთ მის კლანჭებს, – მიმართა ვარსოს ცისამ, ლექსოს კი ხელი ჩასჭიდა, რითაც აგრძნობინა, ჩვენ ერთად ვართ და ერთად დავძლევთ ყველანაირ გასაჭირსო.
ცისას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ვარსო ზღაპრულად აკაშკაშდა, მზესავით აინთო და გავარვარებული, თვალისმომჭრელი სხივების ნაკადით შემოიბურა. მის მწველ სიმხურვალეს ბნელმა პლანეტამ გრგვინვა და ცეცხლოვანი მეტეორების წვიმა დაატეხა თავს, რამაც ციური ხომალდის გაბრძოლება კინაღამ კატასტროფით დაამთავრა. ის ჯერ ზიგზაგისებურად, შემდეგ კი ბრუნვა-ტრიალით დაეშვა ბნელი პლანეტის უდაბნოსავით გამომშრალ ზედაპირზე. ბრძოლით დაღლილი, დროებით პოზიციებდაკარგული ვარსო მინავლდა, მაგრამ სულ არ ჩამქრალა. ისეთ სინათლეს მაინც გამოსცემდა, რომ ლექსოსა და ცისას კარგა მანძილზე მოეთვალიერებინათ ბნელი პლანეტის ზედაპირი.
– რა ვქნათ, ცისა? როგორ უნდა დავაღწიოთ თავი აქედან? – ლექსოს ხმაში შიში არ იგრძნობოდა, ის გამოსავალს ეძებდა.
– ვარსოს შესვენება და დაფიქრება ვაცალოთ, მერე კი ერთად გადავწყვიტოთ… თუ უხილავმა მტერმა გვაცალა ამდენი…
– რამდენი ხანი დასჭირდება ვარსოს ძალების აღსადგენად?
– გააჩნია… უნდა გაერკვეს, რამდენი ენერგია აქვს დაკარგული… მაგრამ, რადგან დამატებითი ენერგიაც დაკარგა, ვფიქრობ, საკმაო დრო დასჭირდება.
– ენერგიის აღსადგენად მარტო დასვენება საკმარისია? ჩვენ ვერ მივეხმარებით?
– ალბათ, ვერა. მას სინათლე და სითბო სჭირდება, აქ კი არც ერთია და არც მეორე.
ლექსომ დაკვირვებით მოათვალიერა პლანეტა. ირგვლივ მხოლოდ სიბნელე, გამოფიტული, დახეთქილი ზედაპირი და უსიამოვნო სიჩუმე იდგა.
ისინი ხომალდიდან გამოვიდნენ.
– ლექსო, ვარსოს არ მოსცილდე, ფრთხილად იყავი! – შეახსენა ცისამ, – სულ ცოტა ხნით დაგტოვებთ, იქნებ რაიმე აღმოვაჩინო, რაც დაგვეხმარება და აქედან გაგვაღწევინებს… ხომ არ შეგეშინდება?
ლექსომ გაუღიმა და უარის ნიშნად თავი გააქნია. ცისას გარეშე, ალბათ, გაუჭირდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ცისა მიხვდა, თავისი შესაძლებლობებით ლექსოს მეტი შეუპოვრობა მიანიჭა და დროებით გაუჩინარდა.
მარტო დარჩენილმა ლექსომ ვარსოს შემოუარა, რომ პლანეტას დაკვირვებოდა. მთა-ბორცვებიც კი არ ჩანდა თვალსაწიერზე, რომელიმე სულდგმულზე ან მცენარეზე ფიქრი ხომ ზედმეტი იყო. ,,არ შეიძლება, ვინმე არ ცხოვრობდეს აქ’’, გაიფიქრა ლექსომ.
თითქოს მისი ფიქრების გამოძახილი იყო, უეცრად ქარიშხალივით მოვარდა ყორნის ფორმის უზარმაზარი შავი ხომალდი და ლექსომ გაბრძოლებაც კი ვერ მოასწრო, ისე სწრაფად აღმოჩნდა მასში. დატყვევებამდე მხოლოდ ამოძრავებული და აციმციმებული ვარსოს დანახვა მოასწრო და მიხვდა, შერჩენილი ძალით როგორ გაიბრძოლა პატარა თბილმა ხომალდმა მის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერი შეძლო და ბედს შეურიგდა.
ლექსომ ,,შავი ყორანი’’ შეათვალიერა. ვერ მიხვდა, რა ძალამ შემოაგდო ამ საკანში, ან ვინ მართავდა ამ საშინელ ურჩხულს. ვერც იმას გრძნობდა, მოძრაობდა თუ არა იგი. საკანი ცარიელი იყო. ლექსომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და საკუთარი ნაბიჯის ხმა ეუცხოვა. სიჩუმეში იატაკი ბროლისებურად წკრიალებდა. დატყვევებულმა დედამიწელმა კედელზე მიაკაკუნა და შენიშნა, რომ ხომალდი სიფრიფანა, მაგრამ მტკიცე მასალისგან იყო აგებული. ,,ეს, ალბათ, დედამიწისთვის უცნობი იქნება’’, – გაიფიქრა და კედელს დაღონებული მიეყრდნო.
ლექსო ვერ მიხვდა, რამდენ ხანს მიფრინავდნენ. ბოლოს კედელში შეუმჩნევლად დატანებული კარი გაიღო და მის წინ კიბეები გამოჩნდა. ის ნელა დაუყვა კიბეებს, თან გაფაციცებით მოათვალიერა იქაურობა და შეშინებული შეჩერდა. მის წინ საწვიმარი ღრუბლისფერი, უშნოდ წაწვეტებული შენობებიანი, ნაცრისფერი შუქით განათებული ქალაქი გადაჭიმულიყო. ,,ხომ ვიეჭვე, რომ აქ ცხოვრება იქნებოდა, – გაიფიქრა ლექსომ, – მაგრამ ასეთ სინათლეს როგორ ეგუებიან ან რას ხედავენ, ნეტა?!’’
გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ რაღაც უხილავმა ძალამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და ერთი უზარმაზარი შენობის დიდ, რუხი ფერის დარბაზში აღმოჩნდა, რომელშიც ორ მწკრივად უძრავად მდგარი, ადამიანის მსგავსი ათიოდე არსება დაინახა. მათი სახეების გარჩევა ასეთ შუქზე ძალიან გაუჭირდა. პლანეტელები ლექსოს საპირისპირო მხარეს იყვნენ მიბრუნებული და ერთ წერტილს მიშტერებოდნენ, თითქოს ვიღაცას ელოდნენ. სწორედაც, რომ ელოდნენ. მალე მათ წინ კედელი გაიხსნა და ძალიან მაღალი, შავმოსასხამიანი, შავგვირგვინიანი მამაკაცი შემოვიდა. ლექსომ ვერც მისი სახე გაარჩია, მხოლოდ მიხვდა, ადამიანის მსგავსი იყო და ცოტათი დამშვიდდა. მამაკაცმა ხელით ანიშნა დანარჩენებს, გასცლოდნენ და ლექსოსკენ გამოემართა. ისედაც შეშინებულ ლექსოს გული უფრო აუჩქარდა და უკან დაიხია. გვირგვინიანმა მამაკაცმა შავი მოსასხამი ააფრიალა, რომლის სასწაულმოქმედი ძალით დარბაზში ნაცრისფერმა შუქმა იმატა და ლექსომ შეძლო გარკვევით მისი დანახვა. აშკარა იყო, მის წინ პლანეტის მბრძანებელი იდგა, რომელსაც ადამიანებისგან საკმაოდ განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა. უცნაურად დიდი, სავსე, მკვეთრი იისფერი თვალებითა და გამყინავი, გამჭოლი მზერით არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.
,,უსინათლო პლანეტაზე ჩვენნაირი თვალებით ვერაფერს დაინახავენ. ალბათ, სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი თვალები’’, – დაასკვნა ლექსომ. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ადამიანებთან შედარებით პლანეტელები გიგანტები იყვნენ. მბრძანებელს უთმო, ბრტყელი თავი, მოკლე ტანი და გრძელი კიდურები ჰქონდა. ჯარისკაცივით გამართული, ფართო ნაბიჯებით დადიოდა.
ბოლოს, პლანეტის მბრძანებლის ხელის მკვეთრი მოძრაობით ლექსო უეცრად ადგილს მოსწყდა და კედელში დატანებულ, გისოსებიან პატარა ოთახში აღმოჩნდა. მისდა გასაკვირად, კარიც მისი ხელის მოძრაობით ჩაიკეტა. ,,რა საოცარ ძალას ფლობენ, ასე ბუმბულივით რომ გადმომისროლა?!’’ – გაუკვირდა ლექსოს.
– რა გინდათ ჩემგან?.. მე თქვენი მტერი არა ვარ, გამიშვით ჩემს პლანეტაზე… – თითქმის დაუყვირა ლექსომ მბრძანებელს, მაგრამ მისი უმეტყველო სახის დანახვაზე იფიქრა, ჩემი ენა ვერ გაიგოო.
– ნეტა რა ენაზე ლაპარაკობენ? – ხმამაღლა ჩაეკითხა თავის თავს ლექსო, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილა, რადგან მბრძანებელს ამ ხნის მანძილზე სიტყვა კი არა, ბგერაც არ დასცდენია. აშკარა იყო, პლანეტელები ისეთ ფარულ, სასწაულმოქმედ ძალას ფლობდნენ, რომლითაც ერთმანეთს ხმოვანი ბგერების გარეშე, ხელის მოძრაობით ან უხილავი სიგნალებით გადასცემდნენ ინფორმაციას.
– ნეტა რა უნდათ ჩემგან? – უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გისოსებიან ოთახში გამომწყვდეული ლექსო საკუთარ თავს, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. ცისა და ვარსოც არ ჩანდნენ. პლანეტელებმაც მიატოვეს რაღაც დროის მანძილზე. ბოლოს, როგორც იქნა, ოთხი პლანეტელი გამოჩნდა. ისინიც მხედრული ნაბიჯებით მიუახლოვდნენ ტყვეს, ცოტა ხანს უყურეს გამჭოლი იისფერი თვალებით, შემდეგ ხელის აქნევით კარი გახსნეს და ლექსო რაღაც ძალამ აამოძრავა. ის წინ წავიდა, უკან პლანეტელები გაყვნენ. ლექსო ხვდებოდა, ისევ იმ უცნობ ძალას მიჰყავდა იქ, სადაც პლანეტის მბრძანებელს სურდა.
დიდი დარბაზის შემდეგ, გრძელი დერეფანი გაიარეს და ერთ ნაცრისფერ ოთახში შევიდნენ. ლექსო თავს ვეღარ აკონტროლებდა. ის მთლიანად დამორჩილებოდა პლანეტელთა ძალას. ოთახში შავ-თეთრეკრანიანი უცნაური ფორმის კომპიუტერები და სხვადასხვა აპარატურა იდგა. ლექსო სურვილის გარეშე საკუთარი ფეხით მივიდა ერთ დიდ სავარძელთან და დაჯდა. პლანეტელები აპარატურასთან განლაგდნენ. უეცრად ოთახი იისფერი შუქით გაივსო. ლექსოს გაუკვირდა. ეს იყო ერთადერთი ნათელი ფერი, რაც ამ პლანეტაზე შეინიშნებოდა. დიდ სავარძელში იძულებით მჯდომი პლანეტის ტყვე ფიქრებში ჩაიძირა: იისფერმა ნათებამ ჯერ ნისის გვირაბის სიღრმეში განცდილი იისფერი ნეტარება გაახსენა, მოგვრილმა სინანულმა ისევ იქ ყოფნა ანატრებინა, შემდეგ ასე უეცრად მიტოვებული მეგობრები – ცისა და ვარსო დაუდგა თვალწინ და გული გაიმაგრა: ,,ალბათ, სულ მალე გამომიხსნიან ტყვეობიდანო’’. ბოლოს კი, ამ უცხო პლანეტაზე, ამ უცნაური არსებების გარემოცვაში მარტოდმარტო დარჩენილს გული აუჩუყდა, დედა გაახსენდა და ტირილი მოუნდა. ერთი-ორი ცრემლიც გადმოუგორდა თვალებიდან, მაგრამ უეცრად გამოფხიზლდა, საკუთარ თავს არ მოუწონა სისუსტე, ცისას შეგონება მოაგონდა – ,,განსაცდელს პირისპირ რომ შეხვდები, არ დაიბნე… გონება მოიკრიბე და ჭკუით დაუპირისპირდი, იცოდე, გამოსავალს ყოველთვის იპოვი და შენზე ძლიერ მტერსაც დაამარცხებ!’’ – თითქოს ცისა წკრიალებდა მის ყურთან. ამ გახსენებამ ენერგია დაუბრუნა, გამოფხიზლდა და ირგვლივ უკვე სულ სხვა თვალით მოათვალიერა ყველაფერი. მიხვდა, პლანეტელები მასზე უარყოფითად მოქმედებდნენ, ენერგიას აცლიდნენ და აპარატურის დახმარებით იკვლევდნენ. ერთ ეკრანზე ლექსომ თავისი ფიქრების ანარეკლი შენიშნა და ყურადღება კიდევ უფრო დაძაბა. ეკრანზე მისი ფიქრები გამოისახა: ნისის სიღრმისეული იისფერი ნათება, ცისა და ვარსო, დედის მონატრებით აცრემლებული თვალები.
მოულოდნელად ერთ-ერთი პლანეტელი ლექსოსთან მივიდა, თვალებში ჩააშტერდა და მისი ზებუნებრივი ძალით გაშეშებულ ტყვეს თვალებიდან ცრემლი ფუნჯისმაგვარი საგნით მოწმინდა. შემდეგ დიდი ინტერესით ათვალიერა პატარა, გამჭვირვალე სინჯარაში მოთავსებული ცრემლები გამადიდებელი ხელსაწყოთი, თან თავის უხმო დაქნევით სხვებსაც მოუხმო. ოთხივე პლანეტელი გაფაციცებით ჩააჩერდა მათთვის უცნობსა და საკვირველ ორ პაწია წვეთს, რომლებიც ადამიანს თვალებიდან ჩამოუგორდა, თან დროგამოშვებით ერთმანეთს უხმოდ გადასცემდნენ ინფორმაციას.
– ესე იგი, თქვენ ტირილი არ შეგიძლიათ! – ისევ ხმამაღლა დაასკვნა ლექსომ, – ,,მაგრამ ის, ვისაც ტირილი არ შეუძლია, სასტიკი და დაუნდობელი იქნება! ’’ – ეს უკვე გაიფიქრა და შიშისგან შესცივდა. ,,არ მომკლავენ, უნდა შემისწავლონ… ჯერ ფიქრების ამოცნობით დაიწყეს, კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი… ადამიანს ხომ ძალიან რთული სხეული და უფრო რთული შინაგანი სამყარო აქვს… ესე იგი, დრო ბევრი მაქვს… ამიტომ აქედან თავის დაღწევაზე უნდა ვიფიქრო,’’ – მათი უყურადღებობით ისარგებლა ლექსომ და ფიქრი განაგრძო, – ,,ახლა ყურადღება ცრემლებზე აქვთ გადატანილი, ჩემს ფიქრებს ვერ ამოიცნობენ, უნდა ვიეშმაკო, ისეთ რამეზე ვიფიქრო, რაც კიდევ უფრო დააინტერესებთ, ამით დროს მოვიგებ… მე მგონი, ხალისიან ფერებზე, სინათლესა და მზის სხივებზე რომ ვიფიქრო, ყველაზე კარგი იქნება! ეს ხომ მათთვის უცხოა!.. იქნებ მანამდე ცისა და ვარსოც მომეშველონ…’’
ცისას და ვარსოს გახსენებისთანავე ოთახი უეცრად ისეთი ძლიერი შუქით განათდა, თითქოს თვითონ მზე შემოვიდაო. დაბნეულმა პლანეტელებმა კი არა, ლექსომაც ხელები აიფარა თვალებზე და ვერ დაინახა, ვინ მოწყვიტა სავარძელს ან როგორ აღმოჩნდა ბურთას სხივების გარემოცვაში.
ოთახში კი დამაბრმავებელი, მხურვალე სიკაშკაშე იდგა, რომლის ძალით ყველაფერი საშინელი ხმაურით სკდებოდა და იმსხვრეოდა. მწველ სინათლეს მიუჩვეველი პლანეტელები ღონემიხდილი ჩაჩოქილიყვნენ და მოულოდნელობისგან დაბნეულებს თვალებზე ხელი აეფარებინათ, რომ არ დაბრმავებულიყვნენ. ოთახში შემოვარდნილმა ბურთამ და მის¬მა მსგავსმა ათმა სხივმა თითქოს აგიზგიზებული ცეცხლი დაანთეს, რამაც მოძრაობის უნარწართმეულ პლანეტელებს სასწაულმოქმედი ძალა დაუკარგა.
გარეთ კი, ქალაქის თავზე, ვარსო მზესავით ანთებულიყო. გახარებულმა ლექსომ ბურთას სიკაშკაშიდან, ცისას დახმარებით, ვარსოში გადაინაცვლა. მწველი სინათლით დაბრმავებულ და მოულოდნელობისგან დაბნეულ პლანეტელებს კი არა მარტო ბრძოლის, წინააღმდეგობის უნარიც დაეკარგათ, რითაც კარგად ისარგებლეს ვარსომ და ცისამ და სასწრაფოდ გასცილდნენ ბნელ პლანეტას.
– ისინი კიდევ დიდხანს ვერ მოეგებიან გონს და ვერაფერს დაინახავენ, – წკრიალებდა ცისა და ლექსოს თვალებაციმციმებული შეჰყურებდა, – შეგეშინდა?
,,რა უცნაური ყოფილა ხალხი ამ პლანეტისაო!
ნაცრისფერ ბინდში ცხოვრობენ, სხივს ვერ იტანენ მზისაო.
ტირილის უცოდინართა გული ექნებათ ქვისაო…
მათ ხელში ტყვედ დარჩენილი, ვერ მოვერიე შიშსაო,’’ –
გაუმხილა ლექსომ მეგობარს და დაფიქრებულმა დაამატა:
– მართლა რა უცნაური ხალხი ყოფილა!.. რამდენჯერ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ეტყობა, ჩემი ენა ვერ გაიგეს… მე კი მეგონა, სხვა პლანეტებზე მცხოვრებლებს ყველაფრის გაგება შეეძლოთ…
– ისინი სასწაულმოქმედი ძალისა და ენერგიის მფლობელები არიან, მაგრამ არ ეს¬მით… ლექსო, შენ, ალბათ, არ დაკვირვებიხარ, მათ ყურები არ აქვთ, ამიტომ ვერ გაიგებდნენ შენს ლაპარაკს.
– ჰო, მართლაც, მათ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ… ერთმანეთს კი გადასცემდნენ ინფორმაციას… რამდენი საოცრება ყოფილა ამ სამყაროში!
დაფიქრებულმა ლექსომ სივრცის უსაზღვროებას გახედა. ძველებურად აკაშკაშებული ვარსო კი დედამიწისკენ მოქროდა.
* * *
რა გზა გამონახა ლექსომ ბნელი პლანეტის მესვეურთა გასამკლავებლად?
როგორ ფიქრობთ, სჯობნის თუ არა ,,ხერხი ღონეს’’?
რატომ ამბობს ლექსო ბნელ პლანეტელებზე, – ,,ტირილის უცოდინართა გული ექნებათ ქვისაო ’’? როდის ტირიან ადამიანები?
კეთილისა და ბოროტის ჭიდილში
,,ნეტარ არიან სულით ღარიბნი,
რამეთუ მათია სასუფეველი ცათა ’’ (მათე, 5,3)
,,უფალი ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს გულწრფელთათვის,
მოწყალე, შემბრალე და მართალი’’ (ფსალმ. 111,112,4)
– რატომ ხარ მოწყენილი? – დანახვისთანავე მიუხვდა დარდს ლექსო პატარა მეგობარს. ცისამ, როგორც ყოველთვის, სიყვარულით გაუღიმა, თუმცა მისი თვალების ციმციმსა და კულულების წკრიალს სიძლიერე დაჰკარგვოდა, ღიმილიც არ ჰქონდა ისეთი სხივმფენი, მას რომ ახასიათებდა.
– ბევრი რამ ხდება წუთისოფელში ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს! – თავი ჩაღუნა პატარა ფერიამ.
ლექსომ არაფერი ჰკითხა, მხოლოდ კითხვით სავსე თვალები მიაპყრო და დაელოდა.
– იცი, რა? შენ ეს უნდა ნახო, – წამოფრინდა უცებ ცისა, ხელი ჩასჭიდა ლექსოს და გააქროლა.
ერთ-ერთი სოფლის ერთ ძალიან ღარიბ ოჯახში მოხვდნენ. სოფლის განაპირას, ტყის მახლობლად მდგარ, ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლს ალაგ-ალაგ მორყეული და საფეხურებჩავარდნილი ხის კიბე ჰქონდა. სახლი ერთმანეთისგან ფარდით გაყოფილი მხოლოდ ორი ოთახისგან შედგებოდა… და ამ ორ ოთახში რვა სული ცხოვრობდა: მოხუცი, ინვალიდი ბებია, ავადმყოფი ცოლ-ქმარი და ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი – ყველაზე პატარა სამი წლის, დანარჩენები კი, დაახლოებით, ორ-ორი წლით უფროსები.
ლექსოს გული ატკინა ოჯახის სიღატაკემ, დასადგურებულმა მძიმე სიჩუმემ, რომელსაც ოდნავ არღვევდა ღვთისმშობლის ხატის წინ მდგარი ახალგაზრდა ქალის ჩუმი ლოცვა.
გულშეძრულმა ლექსომ ცისას გადახედა.
– ამ ოჯახის ხუთი შვილიდან უფროსი თორნიკეა. ის თორმეტი წლისაა… დედას კაცივით ედგა მხარში და პატარა და-ძმის გაზრდაში ეხმარებოდა.
– მერე?.. სად არის თორნიკე?.. – მხოლოდ ოთხი პატარა დათვალა ლექსომ.
– მერე? – ცისა ჩაფიქრდა, – ნათქვამს ნანახი სჯობს, მე შემიძლია ყველაფერი თავიდან გაჩვენო.
ისინი წამიერად თეთრ ბურუსში მოექცნენ, შემდეგ თითქოს ყველაფერი აირია, დატრიალდა, დაიბურა და… ისევ განათდა.
ისევ ის სახლი, ის სიღატაკე, რკინის ძველ საწოლში მწოლიარე ავადმყოფი მამაკაცი, მის გვერდით ძლივს მოფუთფუთე მოხუცი ქალი და ერთი განმასხვავებელი ნიშანი – პატარების ხმაური – ის, რაც ლექსოს ამ ოჯახში პირველად შემოსვლის დროს არ გაუგონია.
– დედა, ჩვენ წავედით, – გასძახა თორნიკემ მეორე ოთახში მყოფ დედას, თავის მომდევნო ძმას საყელო გაუსწორა და მასთან ერთად მორყეული კიბე ერთ საფეხურზე ფეხის დაკვრით ჩაირბინა.
დედამ კარიდან გახედა შვილებს, გულდაწყვეტით შეათვალიერა სკოლაში უჩანთოდ, უწიგნებოდ მიმავალი ძმები, რომლებსაც მეზობლების სამადლოდ მიცემული, მრავალჯერ დაკერებული ტანსაცმელი ეცვათ, ,,დროზე მოდითო’’, – გააფრთხილა და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა, რომ პატარა ნათია არ გაპარვოდა და კიბეზე არ დაგორებულიყო.
ძმები სკოლის ეზოში დასცილდნენ ერთმანეთს.
– არ დამელოდო, დღეს შვიდი გაკვეთილი მაქვსო, – მიაძახა თორნიკემ დაჩის და თავის მეგობრებს შეუერთდა.
ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო კლასში და მოსიყვარულე, წყნარი ბუნების გამო ყველას უყვარდა. წიგნებს მეგობრებისგან თხოულობდა და გაკვეთილებს ისე ამზადებდა, თან დაჩისაც ეხმარებოდა. არც შრომას თაკილობდა. დედას გვერდით ედგა ბაღისა და ბოსტნის მოვლაში. საღამოს კი მამას და ბებოს მიუჯდებოდა საწოლთან და მეზობლისგან ნათხოვარ, რამდენიმე დღის წინანდელ გაზეთს უკითხავდა.
იმ დღეს სკოლიდან დაბრუნებულ თორნიკეს დაჩი ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული დახვდა. გულშეწუხებული დედა მაგიდასთან იჯდა და დაჩის უსმენდა.
– ბიჭებთან ერთად დამცინა: ნახეთ, ნახეთ, რა მაგარი შარვალი აცვიაო!.. – სლუკუნებდა დაჩი, – ბიჭო, ვერ მიგვასწავლი, სად იყიდე, ჩვენც უნდა შევიძინოთო!.. თან სიცილით კვდებოდა და ბიჭებსაც აცინებდა.
თორნიკემ თვალი გააპარა ძმის შარვლისკენ – რამდენიმე ადგილას დაკერებული, გახუნებული შარვალი, მართლაც, კოჭებს კარგად აცილებული ჰქონდა დაჩის. თორნიკეს ტირილი ყელში მოაწვა, მაგრამ თავი შეიკავა და სკამზე ჩამოჯდა.
– მერე? – ჩაეკითხა დედა და ცრემლი ჩუმად მოიწმინდა.
– ვიჩხუბეთ… მაგრამ ჩემზე დიდია და მომერია… – ახლა უკვე აღრიალდა დაჩი.
– მაჩვენე, შვილო, ვინ არის… მე მოვუვლი იმას!.. – გაჭირვებით წამოჯდა საწოლზე მამა და ჩუსტებს დაუწყო ძებნა.
– შენ არა, მამა, შენ დაწექი… იმას მე მივხედავ, მე ვასწავლი ჭკუას!.. გეხვეწები, დაწექი! – ნელა დააწვინა მამა თორნიკემ.
– ადამიანი ტანსაცმლით არ იცნობა, მას სული უნდა ჰქონდეს ლამაზი… ტანსაცმელი კი არა, სული ტოვებს ნაკვალევს ამ წუთისოფელში, – ჩაიჩიფჩიფა კუთხეში მჯდომმა ბებიამ. თორნიკეს მისი სიტყვები გულში ჩარჩა.
დედას თავი არ აუწევია.
– დაჩი, ნუ ტირი, თორემ ნათია და ლუკაც იტირებენ! – შეეხვეწა თვითონაც ცრემლმორეული ანი ძმას და სატირლად მომზადებულ პატარა და-ძმას პურის ნატეხი გაუნაწილა. პატარებმა ხარბად დასტაცეს პურს ხელი და გემრიელად ჩაკბიჩეს.
– გაიხადე, შვილო, დაგიკერებ. – მძიმედ წამოდგა დედა.
– არ მინდა… აღარ წავალ სკოლაში, – ამოისლუკუნა დაჩიმ, მაგრამ გახდა მაინც დაიწყო.
იმ ღამით თორნიკეს ფიქრში გვიან ჩაეძინა, მაგრამ დილით მაინც ჩვეულებრივზე ადრე ადგა.
– ასე ადრე სად მიდიხარ, დედიკო? – ჰკითხა მეორე ოთახიდან გამოსულმა დედამ.
– ის ბიჭი უნდა ვნახო.
– თავი დაანებე, შვილო, ვიცი, ჩხუბს ვერ აიცდენ და რაიმე არ აუტეხო ან შენს თავს, ან იმას… მე ვნახავ დედამისს და დაველაპარაკები.
– ეგ არ უშველის…
– გეხვეწები, თორნიკე, შემიბრალეთ!.. დედა ვარ, მე უფრო ვნერვიულობ! – დედა მიხვდა, რომ თორნიკე გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, – მაშინ მეც შენთან ერთად წამოვალ, – თქვა და პასუხს აღარ დალოდებია, მეორე ოთახში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. თორნიკემ დრო იხელთა და გარეთ გავარდა.
სახლიდან გასულმა დედამ თორნიკე რომ ვეღარ დაინახა, პირდაპირ სკოლისკენ აიღო გეზი. თორნიკე არც სკოლაში დახვდა, არც მის მასწავლებლებსა და მეგობრებს ჰყავდათ ნანახი. მაშინ შეწუხებულმა დედამ იმ ბავშვის დედის ნახვა გადაწყვიტა, ასე ძალიან რომ გაანერვიულა მისი შვილები.
თორნიკეს კი სკოლიდან არც ისე შორს, შენობის უკან, ერთ მოფარებულ კუთხეში მიემწყვდია ზურა და, პერანგის საყელოთი დაჭერილს, თვალებს უბრიალებდა.
– რა გინდოდა ჩემი ძმისგან? რატომ სცემე? რაო, მოერიე შენზე პატარას? აბა, თუ ბიჭი ხარ, ჩემთან იჩხუბე!..
– ვინა ხარ, ძმაო, ხელი გამიშვი, შენი!.. – იხტიბარი არ გაიტეხა ზურამ და გაიბრძოლა, რომ ხელიდან როგორმე დასხლტომოდა, მაგრამ თორნიკეს მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული. ზურას შიში უკვე ეტყობოდა თვალებში.
– მე ვინა ვარ? – გაუკვირდა თორნიკეს და მეორე ხელითაც ჩაბღუჯა მისი საყელო – შენ თვითონ ვინა ხარ, ვინ მოგცა იმის უფლება, სხვებს დასცინო? რითი ხარ ჩემს ძმაზე მეტი?
– შენი ძმა მშიშარა ყოფილა, თვითონ ვერ მომერია და შენი თავი მომიქსია! – ვითომ, შენი სულაც არ მეშინიაო, დამცინავად ჩაიცინა ზურამ, – რა იყო, ძმაო, ტყუილი ვუთხარი? რა შარვალი აცვია, სასაცილო იყო და კარგადაც ვიცინეთ!
– რა შენი საქმეა, რა შარვალი აცვია?!. შენ ხომ ყველაფრით გჯობნის დაჩი, გინდა სწავლით, გინდა ვაჟკაცობით, თან არც მშიშარაა, ბიჭებმა მითხრეს, კაცურად იჩხუბაო და თუ ვერ მოგერია, იმიტომ, რომ შენზე პატარაა… შენ კი, გეტყობა, რა ბიჭიც ბრძანდები!.. იმდენიც კი არ იცი, რომ ადამიანი ტანსაცმლით არ იცნობა, მას სული უნდა ჰქონდეს ლამაზი! – გაიმეორა ბებიის სიტყვები თორნიკემ, – შენ კი როგორი სული გქონია, ასე ადვილად რომ შეგიძლია, გული ატკინო სხვას!.. უხ, შენი!.. – დასარტყმელად ხელი ასწია თორნიკემ. შეშინებული ზურა ჩაიკეცა და თავზე ხელები წაიფარა. ის იმ წუთში ისეთი საცოდავი შესახედი იყო, რომ თორნიკემ დასარტყმელად შემართული ხელი დაუშვა.
– ყოჩაღ, თორნიკე! – მოეწონა მისი საქციელი ლექსოს. უცებ მან ზურას თავზე პატარა ღამურას მსგავსი შავი ჩრდილი შენიშნა.
– ეს რა ჩრდილია, ცისა? – გაკვირვებით მიუბრუნდა ლექსო პატარა მეგობარს.
– ეგ სწორედ ის ბოროტია, ასე რომ ცდილობს ადამიანის დამორჩილებას… ჯერ პატარაა, თანდათან, ადამიანის ზრდასთან ერთად, ისიც იზრდება და უფრო მეტად ზემოქმედებს მასზე. სუსტი ნებისყოფის ადამიანები ადვილად ემორჩილებიან და საბოლოოდ მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.
ზურას ასეთი ლაჩრობით სიბრალულშეპარული თორნიკე კი ზევიდან დასცქეროდა მას.
– დამპირდი, რომ ამის შემდეგ არც ჩემს ძმას და არც სხვას არ დასცინებ, არადა, რაც მოგივა, მერე შენს თავს დააბრალე! – დაემუქრა ის საცოდავად მობუზულ ზურას, ხელი გაუშვა და ირონიული, მაგრამ მრავლისმეტყველი, მკაცრი გამომეტყველებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
ზურა მიხვდა, თავს ზევით ძალა აღარ იყო, უნდა დამორჩილებოდა, გასწორდა, საყელო შეისწორა და თავჩაღუნულმა ჩაიბურდღუნა:
– გპირდები…
– აი, ასე!.. ახლა აქედან მოუსვი, სანამ არ გადამიფიქრებია! – გააფრთხილა თორნიკემ, სწრაფად შებრუნებულ და გაქცეულ ზურას თვალი გააყოლა, თავი დანანებით გადააქნია და, სკოლის გვერდის ავლით, პირდაპირ სახლისკენ წავიდა.
შინ გულამოვარდნილმა მიირბინა, ტანსაცმელი გამოიცვალა თუ არა, ეზოდან უმცროსი დის ტირილი შემოესმა. ეზოში ჩასულ თორნიკეს ანიმ ატირებული ნათია შეაჩეჩა ხელში, ,,ვერ დავამშვიდეო’’, – შესჩივლა შეწუხებულმა. ანის მეზობლის მიცემული ერთადერთი კანფეტი პატარა და-ძმისთვის გაენაწილებინა. ნათია და ლუკა კი კანფეტის ნამცეცმა უფრო გააღიზიანა და სურვილმა გულამოსკვნით აატირა.
– კანფეტი კიდევ მინდაა… – შესჩივლა პატარა ნათიამ უფროს ძმას.
თორნიკემ იქვე მიწაზე მჯდარ და თავჩაღუნულ ლუკას გახედა, რომელიც რკინის პატარა ნაჭრით მიწას გაბრაზებით ჩიჩქნიდა, თან ჩუმად სლუკუნებდა და დროგამოშვებით მარჯვენა სახელოთი მოთხუპნულ სახეზე ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდდა. თორნიკე ლუკას მიუახლოვდა და ჩაეკითხა:
– რას აკეთებ?
– მაღაზიას ვაშენებ… ბევრი, ძალიან ბევრი კანფეტი უნდა გავყიდო… მეც მექნება და სხვა ბავშვებსაც ვაჭმევ…
საშინელი გულდაწყვეტა ყელში ბურთივით გაეჩხირა თორნიკეს და თვალებზე ცრემლებად მიასკდა. დიდი ძალა დასჭირდა, რომ არ აღრიალებულიყო, ცრემლები ჩუმად მოიწმინდა და:
– დღეს გიყიდით… აუცილებლად გიყიდით ბევრ კანფეტს, – დაჰპირდა პატარებს, ორივე ჩაკოცნა და უცებ მოწყდა ადგილს, ეზოდან სირბილით გავარდა. იქვე კიბეზე მჯდარი ანი უფროს ძმას გამოედევნა, ,,მეც წამოგყვები, სად მიდიხარო’’, – მიაძახა, კარგა ხანს სდია კიდეც, მაგრამ თორნიკემ ყურადღება რომ არ მიაქცია, შეჩერდა, დიდხანს უყურა სირბილით მიმავალ ძმას და როცა ის თვალს მიეფარა, სახლისკენ შემობრუნდა.
ამასობაში დედაც დაბრუნებულიყო, ბავშვებისთვის ხელი ჩაეკიდა და სახლში შეჰყავდა. სირბილით მომავალი ანის დანახვაზე შეჩერდა, დაელოდა და ჰკითხა:
– თორნიკე არ გინახავს? დაჩი სად არის?
– დაჩი სახლშია. თორნიკე კი, მგონი, მინდვრებისკენ გარბოდა… – გულამოვარდნილი ელაპარაკებოდა ანი დედას, – იცი, დედიკო, მე ვხვდები, რატომაც არ წავიდა თორნიკე სკოლაში… მინდორში ჯართს შეაგროვებს და დაჩის შარვალს უყიდის. აი, ნახავ, თუ არა…
– კარგი, დედიკო, შევიდეთ სახლში, ბავშვებს საჭმელი ვაჭამოთ, – გულჩათუთქვით თქვა დედამ, ყელში მობჯენილი ცრემლი გადაყლაპა და ამოოხვრით ჩაილაპარაკა, – ვაი, ჩემს თავს!.. წმიდაო გიორგი, შენ დაიფარე ჩემი თორნიკე! – ცას ახედა და პირჯვარი გადაიწერა.
დაჩი ხის ძველ ტახტზე მიგდებულიყო და კედელზე თითით რაღაცას ხაზავდა. ისე გულჩათხრობილი იწვა, ვერც ტახტზე აცოცებული პატარების ჯიკავმა და ჟივჟივმა მოიყვანა ხასიათზე.
– ნუღარ დარდობ, დაჩი, დაივიწყე, როგორმე, ყველაფერი და ადექი, საჭმელი ჭამე.
დედა მეორე ოთახში გავიდა. დაჩის ანი მიუჯდა, მოქაჩა და უჩურჩულა:
– ვჭამოთ და თორნიკე მოვძებნოთ… ჩვენც მივეხმაროთ…
დაჩიმ გამოხედა.
– სად წავიდა თორნიკე? – ჩურჩულითვე შეეკითხა დას და ტახტზე წამოჯდა.
–_ მე მგონი, მინდვრებში, ჯართის შესაგროვებლად.
ცოტა ხნის შემდეგ დაჩი და ანი მინდვრებისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ორივეს ერთი სურვილი ჰქონდა – დროზე მიესწროთ ძმისთვის, რომ ჯართის შეგროვებაში მიხმარებოდნენ.
სანამ მინდვრებისკენ გადაუხვევდნენ, ფართო გზატკეცილი უნდა გადაეკვეთათ. დაჩიმ გაიხედ-გამოიხედა და რადგან მანქანა ვერ შენიშნა, გზა სირბილით გადაჭრა. თან ანის ანიშნა, მომყევიო. ანის მისთვის არც შეუხედავს, ისე მიჰყვა სირბილით. გზის მოპირდაპირე მხარეს გადასული დაჩი შესახვევიდან გამოვარდნილი მანქანის დამუხრუჭების ხმამ ადგილზე გააქვავა. ის შეშინებული მობრუნდა, კოჭლობით მომავალ ანის ,,რა მოხდაო!’’ – შეუყვირა და იქვე ქვაზე ჩამოაჯინა, რომ მისი ნატკენი ფეხი ენახა.
დამუხრუჭებული უცხოური ფირმის ავტომანქანიდან გადმოსული, შავ კოსტიუმში გამოწყობილი, საკმაოდ შეშინებული ორი მამაკაცი მათკენ წამოვიდა. დამფრთხალმა ანიმ გაქცევა დააპირა, მაგრამ დაჩიმ შეაჩერა.
– როგორ შეგვაშინე, შვილო! ხომ არაფერი დაგშავებია?! – მზრუნველი იერით შეათვალიერა ანი ასაკით უფროსმა მამაკაცმა.
ანიმ თავი ჩაღუნა და ძლივს ამოთქვა:
– ოდნავ შემეხო მანქანა… კი წავიქეცი, მაგრამ არაფერი მტკენია, – და ხელი ნატკენ ფეხზე მოისვა.
უცნობმა მეორეს რაღაც ანიშნა. იმ კაცმა მანქანიდან პატარა ჩანთა მოიტანა, გახსნა და ბავშვებმა წამლების მთელი დასტა დაინახეს. შეშინებულმა ანიმ იკივლა:
– არ მინდა, ძია, არაფერი დამშავებია!
– ნუ გეშინია, პატარა ქალო, არ გატკენ! – თბილად ჩაულაპარაკა უცნობმა ანის და თავზე ხელი გადაუსვა, შემდეგ ნატკენი მუხლი გაუწმინდა და გადაუხვია.
– აი, ახლა კი მართლა არაფერია საშიში! – გაუცინა და ჯიბეში ქაღალდის ფული ჩაუკეცა, – ამით კანფეტები იყიდეთ შენ და შენმა ძმამ.
ანი შეცბა, ფულის უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. უცნობი მიუხვდა, ბავშვს ჯიბისკენ წაღებული ხელი დაუჭირა და სთხოვა:
– გეხვეწები, პატარა ქალო, უარს ნუ ეტყვი კეთილ ძიას, რომელსაც შენთვის რაიმეს ტკენა არც უფიქრია!
ანიმ დაჩის გახედა, ორივეს გაეცინა, უცნობს თითქმის ერთად გადაუხადეს მადლობა და ისევ გასაქცევად მოემზადნენ.
– მოიცათ, მოიცათ, ასე თავქუდმოგლეჯილები მაინც საით გარბოდით, არ მეტყვით? – დაინტერესდა უცნობი.
– უფროს ძმას უნდა მივეხმაროთ ჯართის…
,,შეგროვებაშიო’’, უნდოდა ეთქვა ანის, მაგრამ ძმის ხელის მოჭერა იგრძნო და გაჩუმდა. უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდათო, შეთანხმებულებივით, ერთად მოწყდნენ ად¬გილს.
კარგა ხანს ეძებეს უფროსი ძმა. ბოლოს, ერთ ნაგავსაყრელზე შენიშნეს და იქით გაიქცნენ. თორნიკეს უკვე საკმაო რაოდენობის ჯართი შეეგროვებინა და პატარა გორაკს გადასდგომოდა.
რაღაც ნიშნულის იქით, საშიში ზონა იწყებოდა. სოფელში ამბობდნენ, იქ რუსი სამხედროების საცდელი პოლიგონი იყო და შეიძლება ნაღმებიც კი დარჩათო. ამიტომ ამ ადგილებს ყველა გვერდს უვლიდა. ჯართი კი, მართლაც, ბევრი დაეტოვებინათ სამხედროებს. თორნიკეც სურვილს ებრძოდა, ისე იყო გულნატკენი, რომ შიში აღარ ახსოვდა, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა, რაც შეიძლება მეტი ჯართი მოეგროვებინა, რომ უმცროსი და-ძმებისთვის რამე ეყიდა და დედაც ცოტა დაემშვიდებინა. თან ძალიან, ძალიან უნდოდა დედის გაღიმებული სახე ენახა. ასეთ სურვილს ვერ გაუმკლავდა, რასაც მის თავზე მობორიალე შავი ჩრდილი კიდევ უფრო უძლიერებდა და საშიში ზონისკენ უბიძგებდა. ის, რა თქმა უნდა, ამ ჩრდილს ვერ ხედავდა და ვერც გრძნობდა, როგორ შემპარავად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა ბოროტს დაღუპვისკენ.
სამაგიეროდ, ლექსო ხედავდა ყველაფერს და გული გამალებით უცემდა. არ იცოდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომ საფრთხე აეცილებინა ამ კეთილი ბიჭისთვის. უეცრად თორნიკეს თავზე მოციმციმე ნათება შენიშნა და იმედი მიეცა, მიხვდა, თორნიკეს ანგელოსი მის გადასარჩენად იბრძოდა.
მაგრამ თორნიკე არ ემორჩილებოდა თავის ანგელოსს, რომელიც საფრთხის შიშს უძლიერებდა და ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლიდა. ამ ფიქრსა და ყოყმანში ძახილი შემოესმა და იქით გაიხედა.
– არ გადახვიდე, თორნიკე… არ გადახვიდეე!.. – მთელი ძალით უყვიროდნენ დაჩი და ანი და მისკენ მორბოდნენ.
ლექსომ ახლა და-ძმის თავზე შენიშნა მოციმციმე ნათება და მიხვდა, ამჯერად ანგელოსი მათი სახით აფრთხილებდა თორნიკეს. სამაგიეროდ, ბოროტი მაგრად იყო ჩაბღაუჭებული და მთელი მონდომებით უბიძგებდა საშიში ზონისკენ, თან ჯიუტად აფიქრებინებდა: ,,არ უნდა შემეშინდეს! არაფერი მოხდება, უფრო მეტი ჯართი უნდა მოვაგროვო, უფრო მეტ რაღაცასაც ვიყიდი… უფრო მეტი, უფრო მეტი!..’’ და თორნიკეც დაემორჩილა, ნაბიჯი ფრთხილად გადადგა, ორი მოზრდილი ნაჭერი აითრია, მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ არ შეეპუა და მოქაჩა.
– დაყარე, თორნიკე, და ფრთხილად გამოდი, გეხვეწები! – გულამოვარდნილმა მოირბინა დაჩიმ გორაკთან და შიშით გახედა უფროს ძმას, ნაბიჯის გადადგმა კი ვეღარ გაბედა.
– თქვენ აქეთ არ გადმოხვიდეთ, თორემ არ ვიცი, რას გიზამთ! – მკაცრად გააფრთხილა თორნიკემ და-ძმა.
– თორნიკე, ბევრი ჯართი შეგიგროვებია, გვეყოფა, გამოდი, გეხვეწები! მანდ ხომ ნაღმებია!.. – კიდევ ერთხელ შეეხვეწა დაჩი და ქოშინითა და კოჭლობით მოვარდნილ დას ხელი ჩაავლო, რომ იქით არ გადასულიყო.
დაძაბულმა ლექსომ, როგორც ყოველთვის, ცისას ვედრებით სავსე თვალებით გახედა. ცისა მიუხვდა, მაგრამ ,,ეს უკვე მოხდაო’’, შეახსენა.
თორნიკე კი ჯიუტად მოათრევდა რკინის უზარმაზარ ნაჭერს და უფრო მეტის დაგროვებაზე ფიქრობდა. უეცრად, რკინის ჩოჩიალისგან ავარდნილ მტვერში საოცარი ნათება დაინახა და გაშტერდა – მის წინ თეთრსამოსიანი, გასხივოსნებული, ულამაზესი ახალგაზრდა კაცი იდგა მახვილით ხელში, ზუსტად ისეთი, მისი საწოლის თავთან დაკიდულ წმიდა გიორგის ხატზე რომ იყო გამოსახული. მან თავისი თეთრი მოსასხამი გადააფარა პატარა ბიჭს და მისგან სულ რამდენიმე მეტრში აფეთქებულ ნაღმს მოარიდა. ეს წამიერი გაელვება მკვეთრად ჩაებეჭდა მეხსიერებაში ტკივილებისგან გულშეწუხებულ თორნიკეს და გონება დაკარგა…
ცრემლმომდგარმა ლექსომ შეშინებული ბავშვების კივილზე მათკენ გაქცეული უცნობი დაინახა, რომელსაც თავზე მოციმციმე ნათება დასტრიალებდა. ლექსოს იმედი მიეცა და თითქმის სუნთქვაშეკრულმა მიადევნა თვალი.
გზაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ანისა და დაჩის დამფრთხალმა და გაფაციცებულმა სახეებმა უცნობი კიდეც დააინტერესა და კიდეც შეაშფოთა, ამიტომ ჩაუდგა მათ კვალში. რადგან მანქანა ამ ადგილებში ვერ შემოვიდოდა, მამაკაცი ფეხით წამოსულიყო. მან შორიდან დაინახა ყველაფერი და თორნიკეს მისახმარებლად გამოიქცა, თან საშველად მძღოლს მოუხმო. ბავშვები ტირილ-ყვირილით მივარდნენ მას და დახმარება სთხოვეს.
– თქვენ აქ დარჩით, იმას მე გამოვიყვან! – უკვე ბრძანების კილოთი გააფრთხილა უცნობმა, შემოღობილს ფრთხილად გადააბიჯა, თორნიკეს დასწვდა და ხელში აიტაცა.
– თქვენ მშობლებს შეატყობინეთ, მას კი მე წავიყვან საავადმყოფოში, – დაარიგა ბავშვები, გონდაკარგული თორნიკე მანქანაში ფრთხილად ჩააწვინა, ერთი კი მოასწრო, აცახცახებული პატარებისთვის დაეძახა: ,,ნუ გეშინიათო’’, რომ მანქანა ადგილს მოწყდა და ავარდნილ მტვერში გაუჩინარდა.
გულნატკენმა ლექსომ ცისას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. პატარა ფერია, როგორც ყოველთვის, მიუხვდა და სევდიანად გაუღიმა.
– თორნიკე გადარჩა, მაგრამ მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. ის დედის ლოცვით მისმა ანგელოზმა იხსნა სიკვდილისგან… იმ კეთილ უცნობსაც სწორედ ამ ძალამ არ მიატოვებინა ბავშვები…
– რა კარგია, კეთილი ადამიანები რომ არსებობენ ამ ქვეყანაზე! – იმედიანად ჩაილაპარაკა ლექსომ.
– კი… მაგრამ მათი რიცხვი თანდათან მცირდება. ის, ვინც ფულს შოულობს, სიკეთის გაკეთების სურვილს კარგავს, ღარიბ ადამიანებს ივიწყებს და თავის ნაჭუჭში იკეტება… აი, ასე შორდებიან ისინი ერთმანეთს. ცალ-ცალკე და თან სიკეთედაკარგულებს ბოროტი ადვილად ერევა. ის ჩასაფრებულია, შემთხვევას ელის, რომ უფრო ადვილად დაიმორჩილოს და დაღუპოს ადამიანი?!.. აქაც შემთხვევით ისარგებლა, ეს შემთხვევა კი იმ ცხოვრებამ მოიტანა, რომელიც ადამიანებმა შექმნეს!..
* * *
რომელი ბიჭი იმსახურებს თქვენს სიმპათიას – დაჩი თუ ზურა? რატომ?
რა სიტყვები ჩაიჩიფჩიფა თორნიკეს ბებიამ? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ცხოვრებაში?
როგორც დაჩის ძმა, თქვენ როგორ მოიქცეოდით თორნიკეს ადგილზე?
შეშინებულსა და უკანდახეულ მეტოქეს როგორ მოექცეოდით?
როგორ ცდილობს ბოროტი თორნიკეს დაღუპვას?
ბოროტისა და კეთილის ჭიდილში რომელი იმარჯვებს?
რა ძალამ გადაარჩინა თორნიკე სიკვდილს?
სიცოცხლის ისტორია
,,ფუჭად არ მიგეღოთ ღმერთის მადლი, ვინაიდან ის ამბობს:
,,მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.
აი, ახლაა მოწყალების ჟამი, აი, ახლაა ხსნის დღე’’ (2კორინთ. მიმ. 6,2)
,,მე-17 საუკუნის დასაწყისი. ოსმალთა ლაშქარი ქართლს შემოესია. მეფე ლუარსაბი საზაფხულო სადგომს იყო ცხირეთის ციხეში, მტრის მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდა, ამიტომ მცირე ამალა ახლდა, ქართლისკენ მომავალი გზების სათვალთვალოდ კი რამდენიმე რაზმი გაეგზავნა.
ქართლის ასაოხრებლად მტრის 60 000-იან ურდოს გამაჰმადიანებული ქართველი ფერად-ფაშა მოუძღოდა~.
– მოღალატე ქართველები რომ არ ყოფილიყვნენ, მტერი ვერასდროს შემოაღწევდა საქართველოს მიწაზე, – გაიფიქრა ლექსომ, – სამაგიეროდ, უფრო მეტი, ბევრად მეტი თავდადებული ადამიანი ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. სწორედ მათმა თავგანწირვამ გადაარჩინა კიდეც ის, – დაასკვნა და ,,საქართველოს ისტორიის’’ კითხვა განაგრძო.
,,ოსმალთა ჯარმა გამოვლო ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მიადგა. მტერს მარჯვე გზით ცხირეთის ციხეზე უეცარი დაცემა, ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდება და შიდა ქართლის დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მანგლისი, ოძისი და კველთა გადაწვეს, მეფის მცირე ჯარი გაჟლიტეს და შეჩერდნენ. ცხირეთის გზა არ იცოდნენ და მეგზურს ეძებდნენ. ისიც მალე იპოვეს – კველთელი ახალგაზრდა მღვდელი თევდორე დაიჭირეს და მეგზურობა უბრძანეს…’’
– მღვდელი თევდორეს მსგავსმა ადამიანებმა, დიდმა რწმენამ და სიყვარულმა იხსნა საქართველო, – შემოესმა წიგნის კითხვით გართულ ლექსოს ცისას ხმა და შეკრთა. როგორც ყოველთვის, ცის ფერიას გამოჩენით გამოწვეული სიხარული ვერ დაფარა და გაბრწყინებული თვალებით მიესალმა ალუბლისფერი სავარძლის საზურგეზე ჩამომჯდარ ცისას.
ალუბლისფერი კაბითა და ოქროსფერი ნათელით მოსილი ცის ფერია ისე ღვიოდა, თითქოს ოთახში პატარა მზე შემოსულიყო.
,,რამდენჯერ შემოსევია ჩვენს მიწას მტრების ჯარიო!
რამდენჯერ აკვნესებულა ქართველთა დედო-ზარიო!
მტრის კვალზე ბევრჯერ უნახავთ ნასოფლარ-ნასახლარიო,
ქართველებს დიდხანს ეჭირათ ხელთ უქარქაშო ხმალიო,’’–
შესჩივლა ლექსომ პატარა მეგობარს და დაამატა, – საქართველოს ისტორიას რომ ვკითხულობ, ყოველთვის დარდი მეძალება!
– მთელი არსებობის მანძილზე ამ პატარა ქვეყანას რამდენიმე წელი ზედიზედ არ ჰქონია მშვიდობა, სულ მტრის მოლოდინში იყო… ახლა მშვიდობის პერიოდია, მაგრამ სხვა გზით ებრძვის ადამიანს ბოროტი…
– ვიცი… ურწმუნოებას, სიძულვილს, პატივმოყვარეობას, შუღლს თესავს და შთააგონებს, – თავი დახარა დაღონებულმა ლექსომ.
–სწორედ ისეთი ადამიანების სიმრავლე იხსნის ახლაც დედამიწას, როგორიც თევდორე მღვდელი იყო… – ცისა შეჩერდა, დაფიქრდა და უცებ წამოფრინდა, – გინდა, ისტორიის ეს მონაკვეთი შენი თვალით იხილო?
– როგორ?! განა ესეც შესაძლებელია?! – მართლა ძალიან გაუკვირდა ლექსოს.
ცისამ არაფერი უპასუხა, ხელი ჩასჭიდა და ჰაერში აიტაცა.
თბილისს რომ გასცდნენ, ლექსომ მცხეთის შუაგულში მოკიაფე შუქი შენიშნა. ეს არც მზის ათინათი იყო და არც ელექტრონათურა. სვეტიცხოვლის ტაძრის მიდამოებში საოცარი ნათება მიწის წიაღიდან ამოდიოდა.
– საკვირველია, ცისა, რამდენჯერ ვყოფილვარ მცხეთაში, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მინახავს!
,,ნეტავ საიდან ბრწყინდება
ეს სხივი საოცარიო?!
მზენათელ ქართულ მიწასა,
ღმერთო, დასწერე ჯვარიო!” –
ლოცვასავით აღმოხდა ლექსოს.
– მას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაინახავს, ლექსო. ამას ჩემი დახმარებით ხედავ. ეს დიდი ძალაა საქართველოსთვის და მას თვალის ჩინივით მოფრთხილება სჭირდება.
– მგონი, ვხვდები, ცისა! – შეჰყვირა უცებ ლექსომ, – აქ ხომ უფლის კვართია სიდონიასთან ერთად დამარხული, ალბათ, სწორედ მისგან მოდის ასეთი ზებუნებრივი ნათება!
ლექსოს სიხარულით გული აუჩქარდა.
ცისამ გაუღიმა, ხელი ჩასჭიდა და სწორედ იმ მიმართულებით გააქროლა, სადაც საუკუნეების წინ ოსმალთა უზარმაზარ ლაშქარს ერთმა ქართველმა გლეხმა თავგზა აუბნია, მისმა თავგანწირვამ კი ქართველებს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ ეყარათ ჯავრი მტერზე.
ქართლის სოფლებს რომ მიუახლოვდნენ, ცისას ზებუნებრივი ძალით, ცისარტყელას მსგავს შარავანდედში მოექცნენ, შემდეგ წამიერად თოვლისფერმა ნისლმა მოიცვა თვალსაწიერი და უეცრად დანახულმა ლექსო გააოცა – ის ზევიდან დაჰყურებდა ქართული სოფლების იავარქმნას, გადაწვა-განადგურებას. გაავებული მტრის რამდენიმეათასიანი ლაშქარი კი ქართლის გზებზე ისე მიიკლაკნებოდა, როგორც უზარმაზარი სისხლისმსმელი ურჩხული.
საქართველოს გადარჩენისთვის მხურვალედ მლოცველი, უფლის ჯვარცმის წინ ძირს გართხმული თევდორე ტაძარში შემოღწეულმა ცეცხლის კვამლმა, თანასოფლელთა მოთქმა-გოდებამ და ცხენების თქარათქურმა გამოაფხიზლა, სასწრაფოდ გამოვარდა ტაძრიდან და ეზოში მიგდებულ ცულს წამოავლო ხელი. ამ ერთი ცულით რას გახდებოდა სოფელში ჭიანჭველებივით მოდებულ ამდენ ურჯულოსთან, მაგრამ გულმა ტაძარში აღარ დააყენა, ანაფორის კალთები აიკეცა და სირბილით დაუყვა ბილიკს უკვე ნასოფლარისკენ. ნანახით გამწარებულმა და ჯავრით გულგასიებულმა ვერც კი შენიშნა, როგორ აღმოჩნდა ქართველთა სისხლით ჟინდაუმცხრალი ოსმალების ხელში. არ შემკრთალა, პირჯვარი გადაიწერა და შებრძოლება სცადა. ახალგაზრდა იყო, ძალაც შესწევდა, მაგრამ მტრის რამდენიმე მეომარს არ გასჭირვებია, უამრავი ცინიკურად ახარხარებული ოსმალოს გარემოცვაში მარტოდმარტო მოხვედრილი, თითქმის უიარაღო მღვდლის გათოკვა.
– სწორედ შენ გვჭირდები, – დამტვრეული ქართულით მიმართა სიბრაზისგან გალურჯებულ თევდორეს ერთმა ოსმალომ, – ცხირეთისკენ უნდა წაგვიძღვე! – უბრძანა და მათრახიც გადაუჭირა.
დიდმა სულიერმა მწუხარებამ ფიზიკური ტკივილი ვერც კი აგრძნობინა, არც დაუკვნესია, მხოლოდ გაავებული თვალებით გახედა მტერს და არაფერი თქვა. ისევ შემოჰკრეს მათრახი, ახლა ორმაგი სიძლიერით. წაბორძიკდა და მუხლზე დაეცა. არც ახლა დაუკვნესია, ცას ახედა და ფიქრში ღმერთს შეევედრა:
– უფალო, შემინდე მე ცოდვილს!.. უფალო, მიჩვენე გზა ხსნისა!.. – საკუთარი თავი არ ადარდებდა, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხსნის გზას ეძებდა.
უეცრად გონება გაუნათდა, მიხვდა – დიდი, უზომოდ დიდი საქმის გაკეთება შეეძლო საქართველოსთვის, სულიერი სიმშვიდე და სიმტკიცე იგრძნო, ფეხზე წამოდგა და მიღებული გადაწყვეტილებით აელვარებული თვალები მოავლო ურიცხვ მტერს. ,,ბევრნი ხართ, მაგრამ მაინც გაგჟლეტენ ქართველები’’, – გაიფიქრა, ხმამაღლა კი:
– გიჩვენებთ ცხირეთის გზას… წავიდეთ!.. – თქვა და ნელი ნაბიჯით დაიძრა. ურდოც აგორდა და ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალი ხმლების ჩხარაჩხურით მიჰყვა.
თევდორე დაფიქრებული მიუძღოდა მშობლიურ მიწაზე მტერს და აქამდე განუცდელი ჟრჟოლვა-ტკივილით ათვალიერებდა ყოველ კუთხე-კუნჭულს. თითქოს ახლა აეხილა თვალი: რა ლამაზი ყოფილა ყველაფერი, როგორ უხვად მოუცია ღმერთს ცაც და მიწაც, მთაც და ბარიც, მზეც და ნათელიც, რა საამურად გალობენ ჩიტები, როგორ მოხდენილად დაფარფატებენ პეპლები, აი, მტრისგან ჯერ კიდევ გაუთელავი მინდვრის ყვავილები – ყველაფერი სიცოცხლეს შეჰხარის, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი მოაბიჯებს ზანზარით, სისხლისფერ ოხშივარადენილი.
,,არა, მტერი სიჭარბით ვერ გვაჯობებს… ჩვენი იარაღი მომაკვდინებელია, ყველაფრის დამმარცხებელი… ჩვენი იარაღი სიყვარულია – ჩვენ ჩვენს მიწას ვიცავთ, ჩვენს მომავალს, ჩვენს წილ ნათელსა და მზეს… სხვისი არაფერი გვინდა, რაცა გვაქვს, იმით ვხარობთ…
გვედრებ უფალო! დაიფარე საქართველო ბოროტთაგან!.. დაე, იყოს ნება შენი!… მიიღე სული ჩემი საქართველოსთვის შეწირულ ზვარაკად… არ მეშინია, არ მეშინია, არ მეშინია!..’’ – დედო-ზარივით დაიგუგუნა ამ სიტყვებმა თევდორეს გონებაში და მეტი შემართება და მხნეობა იგრძნო. იცოდა, სიკვდილს ერთი ნაბიჯიღა აშორებდა, მაგრამ შიშს საერთოდ არ გრძნობდა. ის სავსე იყო სიცოცხლით. თითქოს მრავალი წელი ეცოცხლა და მისი მისია დაემთავრებინა.
– გმადლობ, უფალო, განსაცდელი რომ მომივლინე და ამ განსაცდელით სული ჩემი იხსენი!.. – ხმამაღლა ფიქრი გამოუვიდა ახალგაზრდა მღვდელს და ორივე მუხლზე ჩაიჩოქა. მაშინვე მათრახის მწვავე სისინი შემოესმა და გაუსაძლისი წვა იგრძნო ბეჭებსა და კისერზე.
– რატომ გაჩერდი?.. კიდევ შორსაა ცხირეთამდე?! – ისევ დამტვრეული ქართულით ჩაიხრიალა მის ყურთან ოსმალომ. თევდორემ გზაჯვარედინს გახედა. ცხირეთის გზა მარცხნივ იჭრებოდა, მან მარჯვნივ გადაუხვია.
– კიდევ დიდხანს გატარებთ… სანამ გონს მოხვალთ, მეფე გაიგებს მტრის შემოსვლას და საკადრისად გაგიმასპინძლდებათ… ოჰ, როგორ მინდა თქვენი ამოძუებული კუდის დანახვა!.. – თევდორეს ბრძოლის ჟინმა თვალებში ცეცხლი დაუნთო, ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ საგულდაგულოდ იყო გათოკილი და მხოლოდ მუშტებად შეკრული ხელებიღა შერჩა ზურგსუკან.
მიდიოდა და მიჰყავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის გასანადგურებლად მოსული მტერი. არ იცოდა, სადამდე ივლიდა, როდის მოვიდოდა გონს და როდის მიხვდებოდა სისხლისმსმელი ურჩხული, მოტყუებული რომ იყო. მთავარი, რაც ჩაიფიქრა, თითქმის შეასრულა, ახლა დრო უნდა მოეგო და კიდევ უფრო შორს გაეტყუებინა მტერი, რომ ქართველებს მათი განადგურების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მისცემოდათ.
დიდხანს იარეს. ბრძოლით, სიცხითა და შეუსვენებელი სიარულით დაღლილი ოსმალები ნელ-ნელა გონს მოდიოდნენ და რაღაცას ეჭვობდნენ.
– სად არის ცხირეთი?.. არა მგონია, ასე შორს იყოს… – თოკის მოქაჩვით შეაჩერა და შემოაბრუნა თევდორე ისევ იმ ოსმალომ, თვალებმოწკურულმა მათრახის ტარის ნიკაპზე მიბჯენით თავი ააწევინა და – სად არის ცხირეთი?!. – დაიღრიალა.
– იქ, სადაც უნდა იყოს!.. – გამარჯვებული იერითა და უკვე სულიერი სიმშვიდით ჩაიღიმილა მღვდელმა და მშობლიურ ველ-მინდვრებს, ალბათ, უკანასკნელად გახედა. იქვე, სულ ახლოს, მოგოგმანე მწყერს მოდარაჯე ქორი დააცხრა მოულოდნელად, კლანჭებში მოიქცია და გაიტაცა. თევდორეს იმ ბინდისფერი მწყერივით შეუფრთხიალდა გული და თვალები დახუჭა. არ უნდოდა დაენახა გააფთრებული მტრის სახე და მის თავზე აღმართული, მზეზე ალაპლაპებული მახვილი.
– უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!.. – მოასწრო თევდორემ ჩაჩურჩულება და ძლიერად მოქნეული ბასრპირიანი ხმალიც დაეშვა მისი თავისკენ.
,,სანამ თევდორე მტრის ლაშქარს სხვა გზით მიუძღოდა, მეფე ლუარსაბმა არა მარტო მტრის შემოსვლა შეიტყო, ციხეში გამაგრება და ჯარის შეკრებაც მოასწრო: მეზობელი სოფლებიდან ოთხასამდე მეომარი შეგროვდა, მეფის ჯარს რამდენიმე თავადიც შეუერთდა, ერთობლივი ძალით კი ქართველებმა მოულოდნელად შეუტიეს გზააბნეულსა და დაქანცულ მტერს…’’
– და კუდით ქვა ასროლინეს… – სიცილ-წკრიალით დაამთავრა ცისამ, ლექსომ კი იმედიანად ჩაიღიღინა:
,,არასდროს შეშინებულა ქართველთა ჯიში-გვარიო,
ნანგრევზე კვლავ აღუმართავთ სახლ-კარი და ტაძარიო,
სიმღერით კვლავ დაუწურავთ მტევანი საოცარიო,
ქართველებს მუდამ ფარავდათ ქრისტეს მადლი და ჯვარიო!’’
მეგობრები ისევ ოთახში ისხდნენ და ისევ ,,საქართველოს ისტორიას’’ ჩაჰკირკიტებდნენ. ისტორია კი გრძელდებოდა, იწერებოდა და იკითხებოდა ბევრი ტკივილით, ცოტა სიხარულით, მაგრამ სიცოცხლით – სიყვარულის ძალით გამარჯვებული სიცოცხლით.
* * *
იცნობთ სიდონიასა და უფლის კვართის ისტორიას?
საქართველოს ისტორიიდან, თევდორე მღვდლის გარდა, კიდევ რომელ სახელოვან ადამიანს იცნობთ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქართველი იყო და არა მეფე?
რა გრძნობამ დააძლევინა თევდორეს სიკვდილის შიში?
რა მოხდებოდა, თევდორეს მტრის ჯარისთვის კვალი რომ არ აებნია?
აუცილებლად დავბრუნდებით!
,,ღმერთის სასუფეველი მიეცემა ერს,
რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს’’ (მათე, 21,43)
ლექსოს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. ფერმკრთალი, სიფრიფანა, ცისფერთვალა დეა დამრიგებელმა შემოიყვანა და კლასს გააცნო. უცნობი თანატოლების გარემოცვით შემცბარი, სახეაწითლებული გოგონა ხატიამ მოისვა გვერდით და გამხნევების ნიშნად თბილად გაუღიმა. მიამიტი, კეთილი ბუნების დეა მოსწავლეებმა მალე შეითვისეს და დაიმეგობრეს. თუმცა მას თითქოს აშინებდა ახალ მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, მარტო დადიოდა და გულს არავის უხსნიდა, განსაკუთრებით ბიჭებს ერიდებოდა. მათი მხრიდან ზედმეტი სითამამის ან შეხუმრების დროს თვალები ცრემლებით ევსებოდა და შეშინებული გარბოდა.
დეას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი იყო, მამა – ქართველი, დედა კი აფხაზი ჰყავდა.
ერთ საღამოს, პატარა სკვერში, ხის სკამზე ჩამომჯდარი გიო ლექსოს გამოუტყდა, დეა ძალიან მომწონს, მაგრამ მას ჩემთან მეგობრობაც კი არ უნდაო.
– დეა გოგონებთანაც არ მეგობრობს, ნეტავ რატომ? – ჩაფიქრდა ლექსო.
– მოდი, ხატიას ვუთხრათ და სახლში დავაპატიჟებინოთ. უკეთ გავიცნობთ და უფრო დავუახლოვდებით კიდეც, – მოიფიქრა გიომ.
ეს გადაწყვეტილება ხატიას გაანდეს, ყველაფერი მოამზადეს, კიდევ რამდენიმე მეგობარს შეუთანხმდნენ და მეორე დღეს ხატიასთან შეიკრიბნენ.
დეა იმ საღამოს მათთან არ მივიდა.
არამცთუ გიო, ლექსოც გულდაწყვეტილი დაბრუნდა სახლში. რადგან შაბათი დღე იყო, ცოტა ხნით ტელევიზორს უყურა, შემდეგ კომპიუტერის პროგრამები გადაათვალიერა, გული ვერაფერს დაუდო, ხელი ჩაიქნია, დედას და მამას მშვიდობის ღამე უსურვა, პატარა და ჩაკოცნა და დასაძინებლად თავის ოთახში გავიდა.
რა იცოდა, რომ იქ სიურპრიზი ელოდა: ბალიშთან პატარა, ცისფერი ფოტოალბომი დახვდა. არ ეცნო, მას ასეთი ალბომი არ ჰქონდა, ამიტომ ცნობისმოყვარეობით ავსებულმა სასწრაფოდ აიღო და გადაშალა. მის ცისფრად აელვარებულ, აკაშკაშებულ ფურცლებზე, უმეტყველო, უძრავი სურათების მაგივრად, ცოცხალი კადრები ამოძრავდა. ლექსო მიხვდა, ცისა ახალ თავგადასავალს სთავაზობდა, მაგიდასთან ჩამოჯდა და კადრებს ინტერესით მიადევნა თვალი:
აფხაზეთის ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში, ერთ საკმაოდ დიდ და მოვლილ სახლში ორი ოჯახი ცხოვრობდა: შუახნის ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა, ახალდაქორწინებული წყვილი და სულ რამდენიმე თვის ბიჭუნა. ყველა პატარა რატის შეჰხაროდა, მის მომავალზე ზრუნავდა.
რატის მამა იმდენად ჰგავდა დეას, განსაკუთრებით ცისფერი თვალებით, რომ ლექსო მაშინვე მიხვდა – ის დეას ოჯახს ეცნობოდა, ამიტომ უფრო დაინტერესდა.
ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, გარეშე ძალების გავლენით, საუკუნეების განმავლობაში ერთად მცხოვრებ ხალხებს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა, ბოლოს კი ომში გადაიზარდა. ქართველები იძულებით ტოვებდნენ ძირძველ ადგილებს, საკუთარ ჭერს, წლობით ნალოლიავებს და შრომით შექმნილს.
ლექსოსთვის უკვე ნაცნობი ოჯახი საკუთარი სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებდა, რადგან მართალია, ხანდახან, ტყვიები მათ სახლსაც ხვდებოდა, მაგრამ ისინი მათკენ არ იყო მიმართული. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლები დაჟინებით სთხოვდნენ, ბავშვი წაეყვანათ და საჩქაროდ გასცლოდნენ იქაურობას, მაგრამ მტკიცე უარს იღებდნენ. რამდენჯერმე შეკამათდნენ კიდეც. ბოლოს მშობლებმა დათმეს იმ იმედით, რომ რადგან მათ ოჯახში აფხაზი ცხოვრობდა, ჯერჯერობით, საფრთხე არ ელოდათ.
დეას მამას კავშირი ჰქონდა როგორც აფხაზ, ისე ქართველ, ბავშვობისა და სკოლის მეგობრებთან. ისინი ხშირად მალულად იკრიბებოდნენ, თათბირობდნენ, კამათობდნენ და გამოსავალ გზებს ეძებდნენ, მაგრამ გამოსავალი არ ჩანდა, პირიქით, მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა.
დარჩენაც გაუსაძლისი გახდა. გარშემო თითქმის აღარავინ ცხოვრობდა, ბევრი ახლობელი თუ მეზობელი მათ თვალწინ იღუპებოდა, დაღუპულთა დამმარხავი კი არავინ იყო. დარდისა და ტკივილისგან გულდასერილები ღამით ჩუმად გამოდიოდნენ და უპატრონო მკვდრებს საფლავებს უთხრიდნენ. ეს საშიში იყო, ამიტომ ყოველთვის ძალიან ფრთხილობდნენ.
მაგრამ ერთ ღამეს, როცა მიწის გათხრა ჯერ არ დაემთავრებინათ, მათ რამდენიმე შეიარაღებული სამხედრო წამოადგათ თავზე. დეას მამა უთქმელად შებოჭეს და იარაღდამიზნებულს წაყვანა დაუპირეს. დეას დედა ტირილით მივარდა და რუსულ-აფხაზურად შეევედრა: ,,მე აფხაზი ვარ, ეს ჩემი ქმარია, გეხვეწებით, თავი დაანებეთ და მეტს აღარც დაგენახვებითო!’’ – და ქმრისკენ გაიწია. სამხედროებმა ავტომატის ცემით უხეშად ჩამოიცილეს ახალგაზრდა ქალი და იარაღის დამიზნებით რძალ-მამამთილს სახლისკენ წასვლა აიძულეს. დატყვევებულმა მოასწრო მათი გაფრთხილება: ,,აუცილებლად წადით, მე არ დამელოდოთო’’, მეტი აღარ ათქმევინეს, ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და მიზეზის აუხსნელად, უმისამართოდ წაიყვანეს.
ისედაც გამწარებულ ოჯახის წევრებს, იმ ღამის შემდეგ ცრემლი არ შეშრობიათ თვალზე. მართალია, გარეთ გამოსვლას ვეღარ ბედავდნენ, სურსათიც შემოელიათ და ტყვიით თუ არა, შიმშილით სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაინც ელოდნენ გაურკვეველი მიმართულებით წაყვანილ ტყვეს.
მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, გაეგოთ შვილის ადგილსამყოფელი და თუმცა ჯერ არ იცოდნენ, როგორ, მაგრამ თუნდაც სიკვდილის ფასად, მაინც დაეხსნათ ის. გამწარებული დედა, ყოველ დილა-საღამოს, აღმოსავლეთისკენ მუხლმოყრილი, ღვთისმშობლის ხატს ავედრებდა თავის ერთადერთ შვილს და ჩუმი ქვითინით ლოცვებს კითხულობდა.
დრო გადიოდა. ნაცემი და შიმშილით დაუძლურებული, სიკვდილის პირას მყოფი ტყვე ერთ ბნელ, ჭუჭყიან, ცივ სარდაფში ეგდო ვირთხების მძევლად. სანამ უგონოდ იყო, ვირთხებს მოესწროთ მისი სახის დაკბენა-დასახიჩრება, მაგრამ ღვთისა და დედის ლოცვის ძალით ახალგაზრდა ტყვე დროზე მოსულიყო გონს და როგორც შეეძლო, ვირთხების მოგერიებაც მოეხერხებინა. თუმცა, არ იცოდა, როდემდე შეძლებდა მათ გამკლავებას. წამების დროს მოტეხილი ფეხის ტკივილიც გულს უღონებდა. ღონემიხდილი ნელ-ნელა ბრძოლის უნარს კარგავდა და ბედსაც ურიგდებოდა. ალბათ, ასე ეწერა – ამ ბნელ სარდაფში სიკვდილი…
მაგრამ თურმე ცდებოდა.
ერთ უმთვარო ღამეს სარდაფის ძველი, ჟანგისგან შეჭმული რკინის კარი ჩუმად შეიღო და ნახევრად გონდაკარგული ტყვე ვიღაცეების მძლავრმა ხელებმა ბავშვივით აიტაცეს. შიმშილისა და ტკივილებისგან თვალებში სინათლედაკარგულმა მაინც გაარჩია თანშეზრდილი მეგობრების სახეები. აფხაზმა თანაკლასელებმა, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, შეძლეს, ჩუმად გამოეყვანათ ტყვე, პირველი დახმარება აღმოეჩინათ და ოჯახთან ერთად ქალაქიდან გაეპარებინათ.
მიდიოდნენ და თითქმის არაფერი მიჰქონდათ. რისთვისაც იშრომეს, იბრძოლეს, უკან მოიტოვეს, წინ კი დარდი, მოუშუშებელი ტკივილი და გაურკვეველი მომავალი ელოდათ. ურთულესი გზა განვლეს, მთები ფეხით გადმოლახეს, თოვლსა და ყინვაში პატარა ბავშვითა და დაკოჭლებული, დასახიჩრებული ახალგაზრდა კაცით, ღმერთის ანაბარა, გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ, ერთმანეთს მაინც ამხნევებდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ ორივე მხარე მალე მოეგებოდა გონს, ძმათა ომი მალე დამთავრდებოდა და უკან დაბრუნდებოდნენ.
თბილისში ჩამოსულები ერთ მიტოვებულ, დაუმთავრებელ შენობას შეეხიზნენ. არც ფული ჰქონდათ და არც – საჭმელი, არც – საწოლი და არც – საბანი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით ოდნავ მოითქვეს სული და ერთმანეთის სიყვარულით, გადარჩენისა და უკან დაბრუნების იმედით ცხოვრების გაგრძელებაც შეძლეს.
დეა თბილისში დაიბადა. მან მხოლოდ მშობლების, განსაკუთრებით კი ბებიის მონათხრობით იცოდა ყველაფერი და მშობლიური ქალაქი სამოთხედ ესახებოდა. როცა წამოიზარდა და მისმა ბავშვურმა გონებამ ყველაფრის გაანალიზება შეძლო, მასაც ოცნებად ექცა მშობლების ცრემლმორეულ მონატრებად ქცეულ აფხაზეთში დაბრუნება. განსაკუთრებით მაშინ უძლიერდებოდა ეს სურვილი, როცა მამის დასახიჩრებულ სახეზე დარდისა და ტკივილისგან აცრემლებულ თვალებს დაინახავდა. მან ყველაფერი იცოდა და სჯეროდა, მშობლიური კუთხის ნახვა მამას გამოაჯანმრთელებდა და სიცოცხლის უნარს დაუბრუნებდა. ამ რწმენის გასამტკიცებლად ხშირად ჩაეკითხებოდა ხან დედას, ხან – მამას, ხან – ბებია-ბაბუას:
– დავბრუნდებით?
პასუხიც ისეთი იყო, როგორიც გულით უნდოდა:
– აუცილებლად დავბრუნდებით!
ხშირად, ძალიან ხშირად აამბობინებდა ბებიას მშობლიური სახლ-კარის შესახებ: ყვავილნარით გალამაზებული, მწვანედ აბიბინებული ეზო, ციტრუსების ბაღი, ჭრელა-ჭრულა ფრინველების კრიახი, საკუთარი რძე და ყველი, ეზოში დაკლული გოჭით დამშვენებული სუფრა ახალ წელსა და დღესასწაულებზე, უამრავი ნათესავ-მეგობრით ახმაურებული ორსართულიანი სახლი…
დეა სევდიან თვალებს შეავლებდა აქა-იქ აგურჩამოშლილ კედლებს, უსწორმასწოროდ გაკრულ ფერდაკარგულ ქაღალდს, შეშის ღუმელისგან შებოლილ ჭერს, ძველ, აუცილებელ საოჯახო ნივთებს, ფანჯრის გაბზარულ მინას, რომლის იქით არც ეზო ჩანდა და არც ბაღი, არც ყვავილნარი და არც ჭრელა-ჭრულა ფრინველები… მხოლოდ უცხო ადამიანები და მანქანები მიმოდიოდნენ დაუსრულებლად…
დეა ჯიუტად გაიქნევდა თავს, წამოხტებოდა, ბებიას ცრემლჩამდგარ თვალებს დაუკოცნიდა და იმავე შეკითხვით თავს იიმედებდა:
– ხომ დავბრუნდებით, ბებია?
ვინ იცის მერამდენედ, პასუხსაც ერთსა და იმავეს იღებდა:
– აუცილებლად დავბრუნდებით!
ახლობლების მოსიყვარულე და მზრუნველი დეა სკოლაშიც კარგად სწავლობდა. ცდილობდა, ცხოვრებით ისედაც გაწამებული მშობლებისთვის ზედმეტი სადარდებელი აეცილებინა თავიდან, ამიტომ ფრთხილი და მორიდებული იყო, ყველას თვალებში შეჰყურებდა…
მაგრამ ერთმა შემთხვევამ ის მორიდებულ კი არა, მფრთხალ და გულჩათხრობილ ბავშვად აქცია, საკუთარი თავი და მამა შეაცოდა და გარშემომყოფ მოზარდებთან ურთიერთობის სურვილი დაუკარგა. აი, რა მოხდა:
ერთ კვირა დღეს, დეა და მამამისი სახლის ახლოს მდებარე პარკში, ხის სკამზე ისხდნენ და აფხაზეთზე საუბრობდნენ. დეა რაც უფრო იზრდებოდა, მით მეტი რამ ჰქონდა გასარკვევი და ასახსნელი, ამიტომ შეკითხვას შეკითხვაზე აყრიდა მამამისს. მამაც არ იღლებოდა და კმაყოფილი, მაგრამ სევდანარევი ღიმილით მის ინტერესს შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებდა.
საუბარში გართულებს დეას კლასელების ერთი ჯგუფი მიუახლოვდა. დეა წამოდგა და ღიმილით მიეგება მათ. კლასელებს თვალი გაექცათ დასახიჩრებული მამაკაცისკენ და დეას მისი ვინაობა გაოცებული სახით გამოჰკითხეს.
– ეს მამაჩემია… – შეუმჩნეველი შეკრთომით გააცნო დეამ და თვალები დახარა.
მას ყოველთვის აფიქრებდა მამის გაცნობა ამხანაგებისთვის, რადგან არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ ისინი სახედასახიჩრებულ და ინვალიდ კაცს. ალღოს არც უღალატია. ჯერ ერთმა ბიჭმა ჩაიქირქილა დამცინავად, მერე მეორემ, რამდენიმემ ხმამაღლა გაიცინა… გოგონებმა თავი კი შეიკავეს, მაგრამ მათ თვალებში მაინც შეინიშნებოდა გაკვირვება და დაცინვა.
დაბნეული და აცახცახებული დეა ადგილზე გააქვავა ამხანაგების უსულგულობამ, შემდეგ კი გულამოსკვნით აატირა. მის ტირილზე ყავარჯენს დაყრდნობილი მამა მძიმედ წამოიმართა და შეშფოთებით ჰკითხა:
– რა იყო, დეა, რა გატირებს?!
დეამ ცივად აქცია ზურგი კლასელებს, მამისკენ შემობრუნდა, გამოიქცა და აქვითინებული ჩაეხვია. მამამ ხელი მოხვია, თვალები დაუკოცნა და თუმცა არ იცოდა, რაში იყო საქმე, შეეცადა, დაემშვიდებინა ის. თან წამდაუწუმ ეკითხებოდა:
– რა მოხდა, შვილო, რა გითხრეს ასეთი?
დეამ თვალები მუშტებით ამოიწმინდა, მამას ქვევიდან ამოხედა და ინატრა:
– ნეტავ მალე დავბრუნდებოდეთ, მამიკო!
მამამ თავზე ხელი გადაუსვა და რწმენით სავსე ხმით კიდევ ერთხელ დაამშვიდა:
– აუცილებლად დავბრუნდებით, ჩემო პატარა!
თანაკლასელებს შორის უკვე სინანული იგრძნობოდა მომხდარის გამო, მაგრამ ზოგიერთი იხტიბარს მაინც არ იტეხდა და თავს იმართლებდა:
– რას ჰგავდა, ბიჭო, ,,უჟასებში’’ მინახავს ეგეთი ტიპები!
– ჰო, მართლაც, გუშინ ვნახე რაღაც ფილმი, ზუსტად იმ `როჟას~ ჰგავს!.. _ ცივად ჩაიცინა თმააბურძგნულმა ბიჭმა.
– კაი, რა, არც მთლად ეგეთი იყო…
– ეტყობა, იბრძოდა და…
– ბრძოლის კვალი მხოლოდ ფეხზე ეტყობოდა, აი, სახე კი, მართლა, რას უგავდა!
– მაგარი მეტიჩარა გოგოა ეს დეა და თუ ასეთი მამა ჰყავს, ნეტავ რა ამეტიჩრებს?! – ირონიით ჩაიქირქილა ერთმა გოგონამ, რომელსაც, აშკარა იყო, დეას გარეგნული და შინაგანი უპირატესობა შურდა.
– სულაც არ არის მეტიჩარა… – შეეკამათა მაღალი, შავგვრემანი ბიჭი, – შენ მაინც გჯობნის ყველაფერში… მამამისიც არცთუ ისე მახინჯია. მაგას, ეტყობა, რაღაც ავადმყოფობა გადაუტანია და სახე იმიტომ აქვს დამახინჯებული…
– ჰო, იცი? მგონი ნაყვავილარი სახე ჰქონდა… თვალები კი ძალიან ლამაზი აქვს, ეტყობა, ახალგაზრდობაში სიმპათიური კაცი იყო… ჩვენ კი როგორ დავცინეთ! – გული დაწყდა ქერა გოგონას და უკან, მამა-შვილისკენ დანანებით გაიხედა.
– ნეტა ერთი შენც!.. – ხელი აუქნია პირველმა ბიჭმა, – იქნებ ბოდიშიც მოვუხადოთ, ჰა, რას იტყვი?! – და გოგონას თვალები დაუბრიალა.
გოგონამ თავი ჩაღუნა.
ბავშვები თანდათან შორდებოდნენ როგორც გულნატკენ დეასა და მის დასახიჩრებულ მამას, ისე საუბრის თემასაც.
დეამ კი დედ-მამას არ გაუმხილა სინამდვილე, მაგრამ ჩაიღვენთა და ჩაიკეტა. დღითიდღე უფრო დამფრთხალი და სევდიანი ხდებოდა, სკოლაში წასვლის სურვილი სულ დაკარგა.
შვილისგან რომ ვერაფერი გაიგო, დედამ სკოლას მიაკითხა, ფრთხილად გამოკითხა მასწავლებლებსა და კლასელებს დეას შესახებ, იქნებ რაიმე გავარკვიოო, მაგრამ ამითაც რომ ვერაფერს მიაგნო, იძულებული გახდა, დეა სხვა, უფრო მოშორებულ სკოლაში გადაეყვანა.
გულნატკენმა ლექსომ ჩამქრალი ალბომი დახურა და ჩაფიქრდა. აუცილებელი იყო დეასთვის მეგობრობის რწმენის, გარშემომყოფთა თანადგომის დაბრუნება, მისი გახალისება. ამ ფიქრში გვიან ჩაეძინა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ცისა არ გამოჩენილა. ლექსო მიხვდა, მას თვითონ უნდა მოეძებნა გამოსავალი, მაგრამ როგორ, ჯერ არ იცოდა.
ერთ დღეს ლექსომ ხატიასა და თავის უახლოეს მეგობრებს დეას მამის ამბავი გაანდო, ოღონდ იცრუა, თითქოს შემთხვევით, მეზობლისგან გაიგო. ეს იყო იშვიათი ტყუილი, რომელსაც ლექსო მხოლოდ აუცილებელი, თან კეთილი საქმის გამო ამბობდა. მეგობრებმა დეას მამის ამბავი ძალიან განიცადეს, ერთად რაღაც ჩაიფიქრეს და ამ ჩანაფიქრის განხორციელება იმ დღესვე დაიწყეს:
ლექსომ გაკვეთილებზე რომ დაიგულა დეა, თვითონ დამრიგებელს გაეთავისუფლა, დეას მამას ესტუმრა და მეორე დღეს ისტორიის გაკვეთილზე მოსვლა მორიდებით სთხოვა. მისგან თანხმობა რომ მიიღო, ისტორიის მასწავლებელი დაიმარტოხელა და მასაც ყველაფერი გაანდო, თან მეგობრების გადაწყვეტილებაც ამცნო. ისტორიის მასწავლებელს თვალები აუცრემლდა, ,,რა კეთილშობილი ბავშვები ხართო!’’ – მოეფერა და თანადგომა აღუთქვა.
მეორე დღეს ისტორიის გაკვეთილი მთლიანად აფხაზეთის ომის საკითხებს დაეთმო. მასწავლებელი იმდენად ისტორიას არ განიხილავდა, რამდენადაც აფხაზი და ქართველი ხალხების საუკუნეობრივ თანადგომას, მათ სიყვარულსა და ერთგულებას მშობელი მიწისა და ერთმანეთისადმი.
დეა ხან ინტერესით უსმენდა, ხან თავს ჩაღუნავდა, ხან აცრემლებულ თვალებს მეგობრებს მოარიდებდა და ფანჯრიდან სივრცეს გაჰყურებდა. რა იცოდა, მეგობრები როგორი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მის განცდებს!
უცებ შეშფოთდა და აწრიალდა. მასწავლებელი სწორედ იმ საკითხს შეეხო, რაც მას ასე აფორიაქებდა:
_ ამ ომის ყველაზე მძიმე წუთებში აფხაზეთში იყვნენ ქართული ოჯახები, რომლებსაც ბოლო წუთებამდე არ მიუტოვებიათ მშობელი კუთხე. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, აფხაზი მოსახლეობის მხარდაჭერით, ისინი ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მალავდნენ სასიკვდილოდ განწირულ მოძმეებს, ბოლო ლუკმას უნაწილებდნენ ერთმანეთს და მიწას აყრიდნენ უპატრონო მიცვალებულებს.
ბევრმა ვაჟკაცმა საკუთარ თავზე გამოსცადა წამება, მათ შორის ვიცი ქართველი, რომელიც მტრების მიერ ბნელ სარდაფში გამოკეტილი, ნაწამები და ვირთხებისგან დაკბენილ-დასახიჩრებული აფხაზმა მეგობრებმა იხსნეს სიკვდილისგან. ის ვაჟკაცი დღეს ინვალიდია, რომელსაც მამაპაპისეული მიწა-წყლის დაკარგვა არ აკმარეს, დაასახიჩრეს და მშობლიური ქვეყნის ლტოლვილად აქციეს…
ბავშვებო, როგორ ფიქრობთ, მარტო საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის დაღუპულები არიან გმირები?! ნუთუ ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი რამ ნახეს და გამოცადეს, გმირობის ღირსი არ არიან?! ომის ქარცეცხლში გამოვლილები, ნატანჯი და ნაწამები ადამიანები ხომ ჩვენს პატივისცემასა და თანადგომას იმსახურებენ?
ამ სიტყვებით მასწავლებელი კარისკენ გაემართა, ფართოდ შეაღო და ყავარჯნიან მამაკაცს შემოუძღვა.
ბავშვები შეაშფოთა ახალგაზრდა მამაკაცის დასახიჩრებულმა სახემ. კლასი სიჩუმემ მოიცვა. დეა შეშინდა, თვალები ცრემლებით აევსო და გასაქცევად მოემზადა. ხატიამ დაასწრო, წამოდგა, დეას მამასთან მივიდა, აკოცა და ბავშვებისკენ მობრუნდა:
– ეს დეას მამაა, აფხაზეთში ნაწამები და მტრებისგან დასახიჩრებული, – შემდეგ ისევ ახალგაზრდა კაცს მიუბრუნდა და უთხრა: – თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც კი შეგეძლოთ. თქვენ ჩვენთვის გმირი ხართ!..
დეას მამამ ცრემლჩამდგარი თვალებით გაუღიმა ხატიას, თავზე ხელი გადაუსვა და საოცრად ხავერდოვანი ხმით კლასს მიმართა:
– ჩემო შვილებო, თბილისში საშინლად გულნატკენი და განაწამები ჩამოვედით, მაგრამ სულით არ დავცემულვართ და ღმერთის შეწევნის იმედი არ დაგვიკარგავს. ახლა, თქვენ რომ გიყურებთ, მივხვდი, გადაგვარჩინა რწმენამ, რომ მოვიდოდა ძლიერი თაობა, რომელიც ყველაფერს გამოასწორებდა…
ჩვენ არ გვინდოდა ომი… მე და ჩემს აფხაზ მეგობრებს იმ დღეებში კავშირი არ გაგვიწყვეტია ქართველებთან. სწორედ ამის გამო დამიჭირეს და მეგობრების გაცემის მიზნით მაწამეს… სწორედ იმ აფხაზმა მეგობრებმა მიხსნეს ტყვეობიდან და გადამარჩინეს სიკვდილს…
განა ეს ფაქტი არ კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ – ქართველები და აფხაზები ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვინაწილებდით ჭირსაც და ლხინსაც და ასეც ვიცხოვრებთ. ჩვენ ხომ ერთი ორგანიზმი ვართ!..
ასე იყო მუდამ – მტერი რომ ვერ გვერეოდა, ჩვენი დაყოფა-დაშლით ცდილობდა ჩვენზე გაბატონებას. ხანდახან აღწევდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ დროებით. ასე ხდება დღესაც. მართალია, ფიზიკურად მოგვწყვიტეს ერთმანეთს, მაგრამ მათ რა იციან, რა მტკიცეა ჩვენი ფესვები!..
თქვენ, ჩვენი მხარში დგომით, შეძლებთ გაამთლიანოთ გაწყვეტილი!.. თქვენი მეგობრობა ყველა საზღვარს გადალახავს!
მის ტანჯვაგამოვლილ, მაგრამ იმედით სავსე სიტყვებზე ჯერ ლექსო და გიო წამოდგნენ ფეხზე, შემდეგ მათი მეგობრები, ბოლოს ყველა ნელ-ნელა წამოიმართა. მათი ერთსულოვნება იყო სიყვარულის, თანადგომისა და გამარჯვების დასტური.
დეას მამის თვალებში იმედის სხივი აცრემლებულიყო…
მის მარჯვნივ კი, ჰაერში, გაცისკროვნებული ცისა ფარფატებდა და ჟრუანტელჩამდგარ ბავშვებს სიყვარულით უღიმოდა.
* * *
როგორ მიგაჩნიათ, სწორად მოიქცა დეას მამა განსაცდელის ჟამს?
რატომ ნატრობს დეა აფხაზეთში დაბრუნებას ასე ძლიერ, მას ხომ არც უნახავს მშობლიური კუთხე?
რამ აქცია დეა მფრთხალ და გულჩათხრობილ ბავშვად?
სწორად მოიქცნენ ლექსო და მისი თანაკლასელები? იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა დეას დახმარება?
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დაბრუნდეს დეა აფხაზეთში?