ბიბლიის გამოცანები: აღთქმის კიდობანზე ნადირობა
საუკუნეების მანძილზე აღთქმის კიდობანი მრავალი ადამიანისთვის იყო შიშისა და ცდუნების წყარო. ეს მოოქროვილი სკივრი ერთ დროს 10 მცნებას ინახავდა და მოსეს საშუალებას აძლევდა, უშუალო კონტაქტი დაემყარებინა ღმერთთან. ებრაელებს ხელთ ეპყრათ ის, როცა წმინდა მიწა დაიპყრეს, შემდეგ კი ტაძარი ააგეს და შიგ მოაქციეს. მალე კი აღთქმის კიდობანი უბრალოდ უჩინარდება ბიბლიიდან, რაც ალბათ ამ ამბავთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. ასეულობით წლების განმავლობაში ამ არტეფაქტით გატაცებული იყვნენ რაინდები, არქეოლოგები, შეშლილები და ფილმის რეჟისორები. შეუძლიათ თუ არა თანამედროვე სწავლულებს მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა? შესაძლებელია თუ არა კიდობნის ლეგენდარული შესაძლებლობების ახსნა?
იერუსალიმი მრავალი ადამიანისთვის წმინდა ქალაქია. მის შუაგულშია გორაკი, რომელსაც მორიას მთა ეწოდება. ამჟამად აქ მდებარეობს მეჩეთი სახელად „ქვის გუმბათი”. სწორედ აქედან ავიდა ზეცაში მუჰამედი და ამის გამო მუსლიმები ამ ადგილს პატივისცემით ეპყრობიან. მანამდე აქ იესო კურნავდა ბრმებსა და ავადმყოფებს, ამიტომ ქრისტიანებიც წმინდა მიწად თვლიან. 1000 წლით ადრე კი მეფე სოლომონმა მორიას მთაზე ტაძარი ააგო, რათა დაეცვა მისტიკური ნაკეთობა სახელად აღთქმის კიდობანი. როგორ მოხვდა აქ კიდობანი და როგორ გაქრა შემდგომ? – ეს ის კითხვებია, რომელიც მრავალ ადამიანს საგონებელში აგდებდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი რამ უბრალოდ გაუჩინარებულიყო? და რაც უფრო მთავარია – არსებობდა თუ არა ის რეალურად? რამდენად შესაძლებელია, რომ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდეს?
აღთქმის კიდობნის ისტორია იწყება 3000 წლის წინ. როგორც ძველი აღთქმა გვიამბობს, ერთი ადამიანი სინაის უდაბნოსკენ გაუძღვა დაახლოებით 2 მილიონ ებრაელს, რომლებსაც მალე მოუსვენრობა და მოუთმენლობა დაეუფლათ. ეს ადამიანი იყო მოსე, რომელმაც თავისი ხალხი მონობისგან გაათავისუფლა და ეგვიპტიდან გამოიყვანა. წითელი ზღვის შუაზე გაყოფის შემდეგ 3 თვე ხეტიალობდნენ და სინაის მთას მიადგნენ. ღმერთი აპირებდა, კაცობრიობისთვის ისეთი რამ ეჩუქებინა, რისი მსგავსიც მანამდე არავის ენახა. ძველ აღთქმაში შესული ასობით კანონისგან განსხვავებით, რომლებსაც ანალოგი სხვა კულტურებში მოეძებნებოდა, 10 მცნება გამორჩეული იყო. მთიდან მოსემ ჩამოიტანა 10 უნიკალური კანონი. თუკი გადახედავთ ჰამურაბის კანონებს, შეგხვდებათ მრავალი პარალელი, მათ შორის „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, რომელიც ბიბლიაში 1000 წლის შემდეგ ჩაიწერა. მაგრამ რაც შეეხება 10 მცნების ისტორიულ პრეცედენტს – მსგავსი რამ არ არსებობს.
10 მცნების გარდა მოსემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩამოიტანა – აღთქმის კიდობანი, სადაც ქვის ფიქალებზე ამოკვეთილ 10 მცნებას ინახავდა. კიდობანი წარმოადგენდა სატარებელ ხის სკივრს, რომელიც სიგრძეში ცოტათი აჭარბებდა 1 მეტრს, სიგანითა და სიმაღლით კი ნახევარ-ნახევარ მეტრს შეადგენდა. მასალად გამოყენებულ იქნა უკიდურესად მკვრივი ხე – აკაცია, შინგით და გარეთ კი მოოქროვდა. კიდობნის კუთხეებში დამაგრებული იყო 4-4 ოქროს რგოლი, სადაც ურთხელისგან გამოთლილ და ოქროთი მოჭედილ ძელებს უყრიდნენ, რათა გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყო. სახურავი წმინდა ოქროსგან იყო დამზადებული და ორივე კიდეზე ფრთიანი ანგელოზების, სახელად ქერუბიმების ოქროს ქანდაკებები განთავსდა პირით ერთმანეთისკენ.
აღთქმის კიდობნის ფუნქცია მოსეს ღმერთთან დაკავშირება იყო, თუმცა ზუსტად როგორ მოქმედებდა, ამაზე ბიბლია არ საუბრობს. ოქროს სახურავის ზემოთ, ქერუბიმებს შორის, მანათობელი ღრუბელი ჩნდებოდა, და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ღმერთს თავისი ხალხისთვის რაღაცის თქმა სურდა. ღმერთის ბრძანებით, კიდობნის ტარების უფლება ენიჭებოდათ მხოლოდ ლევის ტომის (ლევიან) მღვდლებს. მისი წონა დაახლოებით 100 კგ იყო, თუმცა ლეგენდის მიხედვით, ჰქონდა ლევიტაციის უნარი და მის დამტარებლებთან ერთად ჰაერში იწეოდა ხოლმე. არავის, მათ შორის არც ლევიან მღვდლებს, არ შეეძლო კიდობნის ყურება, ამიტომ მუდმივად ლურჯი ქსოვილითა და ცხოველის ტყავით ფარავდნენ ხოლმე.
კიდობანმა თავიდანვე გამოავლინა თავისი საშიში ბუნება: რამდენიმე დღეში მოსეს ორმა ძმიშვილმა მის წინ მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა, მაგრამ ცეცხლი მოედოთ და განადგურდნენ. ლეგენდის მიხედვით, ქერუბიმები მუდმივად ელვარებდნენ და ზედმეტად მიახლოებულ ადამიანებსა და ობიექტებს ანახშირებდნენ. 40 წლიანი მოგზაურობისა და ბრძოლების განმავლობაში აღთქმის კიდობანი ებრაელებს ყოველთვის წინ მიუძღოდა და მათ აღთქმული მიწა დაიპყრეს. კიდობნის წინა რიგებში განთავსება ყოველთვის უზრუნველყოფდა ებრაელთა მტრების დამარცხებას.
ერთმა უიღბლო ადამიანმა, სახელად ყუზამ, კიდობანს ხელი შეაშველა, რადგან ხარებმა კინაღამ გამოაგდეს, მაგრამ მაშინვე უსულოდ დაეცა. ამის შემდეგ მოსემ კიდობნის კარავში მოთავსება ბრძანა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხალხისგან დაეცვა, არამედ ხალხი დაეცვა მისგან.
აღთქმის კიდობნის პირველი და ყველაზე ცნობილი სამხედრო ტრიუმფი იერიქონის კედლების დაქცევა იყო. 6 დღის განმავლობაში ლევიანი მღვდლები კიდობანს ქალაქის გარშემო დღეში ერთხელ შემოატარებდნენ ხოლმე. მეშვიდე დღეს საბოლოო შემოვლა შეასრულეს და მესაყვირეებს ჩაბერვა უბრძანეს, რასაც კედლების დაუყოვნებელი ნგრევა მოჰყვა. 300 წლის შემდეგ კიდობანმა ებრაელები მიატოვა: როცა მღვდლებმა დაივიწყეს თავიანთი სამსხვერპლო მოვალეობები, კიდობანმა შეწყვიტა მათი დაცვა და ფილისტიმელთა წინააღმდეგ გამართულ დიდ ბრძოლაში ხელი მოეცარათ. დაიღუპა 30 000 ებრაელი, კიდობანი კი ფილისტიმელებმა იგდეს ხელთ, თუმცა 7 თვის შემდეგ უკან გამოაგზავნეს. მრავალ ფილისტიმელს სიმსივნე დაემართა და სიცოცხლეს გამოეთხოვა, გადარჩენილთა საცხოვრებლებს კი ვირთხები შეესივნენ. საბოლოოდ, მეფე დავითის ხელმძღვანელობით, ებრაელებმა შეძლეს ფილისტიმელთა დამარცხება და გაათავისუფლეს იერუსალიმი, რომელიც შემდეგ დედალაქი გახდა.
ღმერთი გამოეცხადა დავითს და ამცნო, რომ საჭირო იყო ტაძრის აგება, სადაც აღთქმის კიდობანი შეინახებოდა. თუმცა ტაძრის შენების საქმე მის შვილზე, სოლომონზე გადავიდა. ადგილმდებარეობად შეირჩა მორიას მთა – ქალაქის უმაღლესი წერტილი და ტერიტორია, სადაც, ლეგენდის მიხედვით, აბრაამმა კინაღამ მსხვერპლად შეწირა საკუთარი შვილი, ისააკი. ტაძრის სოლომონისეული ხედვა სრულიად განსხვავდებოდა დედამიწაზე არსებული ნაგებობებისგან. იყენებდნენ მხოლოდ საუკეთესო ქვასა და კედარს, ყველაზე მაღალი ადგილები კი 20 სართულისგან შედგებოდა. ამ ყველაფრის გადასახდელად სოლომონს იმხელა ვალი დაედო, რომ 20 სოფელი დაუთმო მეზობელ სამეფოს. სოლომონმა აღთქმის კიდობანი ტაძრის ცენტრში მოათავსა. მას შემდეგ მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, მიახლოებოდა წმიდათაწმიდას და ისიც კი იძულებული იყო, გუნდრუკის კმევით შესულიყო, რათა თავი დაეცვა ღმერთის გამოცხადებისას არსებული ბრწყინვალებისგან.
ამის შემდეგ აღთქმის კიდობანი რამდენჯერმეა ნახსენები ძველ აღთქმაში, თუმცა არა როგორც იარაღი ან კომუნიკაციის საშუალება. შემდეგ კი მისი ხსენება საერთოდ წყდება. აქ უკვე ვაწყდებით იმ პრობლემას, რომელიც, ბევრი მკვლევარის აზრით, ძველი აღთქმის უდიდესი გამოცანაა – როგორ შეიძლებოდა ებრაული რელიგიის უმთავრესი რელიკვია და ღმერთთან დამაკავშირებელი ობიექტი უბრალოდ გამქრალიყო?
დაკარგული აღთქმის კიდობნის ძიება უნდა დაიწყოს სოლომონის მიერ აგებული ტაძრით, სადაც ის ინახებოდა და რომელმაც იერუსალიმი უმნიშვნელოვანეს ადგილად აქცია. მაგრამ დღესდღეობით არ არსებობს ერთი არტეფაქტი ან ქვა, რომელიც მიგვანიშნებს, სად იდგა ტაძარი მორიას მთაზე. ცნობილი გოდების კედელი, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე წმინდა ადგილია დღევანდელი ებრაელებისთვის, წარმოადგენს კიდობნის გაუჩინარებიდან საუკუნეების შემდეგ აგებული მეორე ტაძრის ნარჩენს. იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც აქ ლოცულობს, ელის დროს, როცა მთაზე მდებარე მეჩეთი განადგურდება და მის ადგილს მესამე ტაძარი დაიკავებს.
თავდაპირველ ტაძარში კიდობანი მდებარეობდა ცენტრალურ და იდუმალ ადგილას – წმიდათაწმიდაში. ძველი აღთქმის მიხედვით, კიდობანი აქ ძვ.წ. 955 წელს დაბინავდა. მაგრამ ძვ.წ. 620 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტის ხსენება უბრალოდ წყდება და ისტორიიდან უჩინარდება. ერთი რამ ცხადია – მხოლოდ კატასტროფული მასშტაბის მოვლენას შეეძლო, კიდობნის დაკარგვა გამოეწვია.
ერთ-ერთი ვარიანტი ამ მოვლენის ასახსნელად არის ეგვიპტის ფარაონ შიშაკის თავდასხმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. სწორედ ეს მოვლენა იყო შთაგონება ინდიანა ჯონსის ერთ-ერთი სერიის, „დაკარგული კიდობნის მაძიებლების” გადასაღებად. სცენარის მიხედვით, ეგვიპტური წყაროები ადასტურებენ, რომ შიშაკის სახელით ცნობილი ფარაონი თავს დაესხა ისრაელს ქრისტეს შობამდე 1000 წელს და ტანისში დაბრუნებისას მრავალი ძვირფასეულობა გააყოლა ხელს. სწორედ აქ აღმოაჩენს ინდიანა ჯონსი სანუკვარ არტეფაქტს. თუმცა რეალობა გაცილებით სხვანაირია: შიშაკს არასდროს აუღია ქალაქი იერუსალიმი. ის სრულიად კმაყოფილდებოდა იმ ძვირფასეულობით, რასაც ხარკის სახით უგზავნიდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, მისთვის ოდესმე აღთქმის კიდობანი გაეგზავნათ. გარდა ამისა, ბიბლია ნათლად ამბობს, რომ კიდობანი ჯერ კიდევ ტაძარში იყო, როცა იოშიას დროს პასექს აღნიშნავდნენ, რაც 300 წლის შემდეგ იყო, ძვ.წ. 620 წელს.
სამი ათეული წლის შემდეგ, ძვ.წ. 587 წელს, დაიწყო ახალი უბედურება, რომელიც, მრავალი მკვლევარის აზრით, კიდობნის გაუჩინარების მიზეზს ხსნის. ქალაქი და ტაძარი დაარბიეს და გაძარცვეს ბაბილონელებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მეფე ნაბუქოდონოსორი. დრო სრულიად შესაბამისია და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ დროს განადგურდა კიდობანი, რაც დიდ გამოცანას წერტილს უსვამს. მაგრამ ასე იყო თუ არა რეალურად? ბაბილონელები არაჩვეულებრივი ბიუროკრატები იყვნენ, მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული აღრიცხვა და ჩანაწერების შენახვა. ისინი დეტალებში აღწერდნენ, თუ რა გამოჰქონდათ ტაძრიდან, სიაში კი აშკარად არაა ნახსენები აღთქმის კიდობანი – ტაძრის უმთავრესი ობიექტი. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კიდობანი მათ არ წაუღიათ. მაშ სად მოხვდა ეს ზებუნებრივი არტეფაქტი?
ვისაც დღემდე აქვს იმედი, რომ კიდობანი არ განადგურებულა და ჯერ კიდევ არსებობს, მიიჩნევს, რომ საფრთხის მოახლოებამდე ვიღაც საკმარისად გამბედავი აღმოჩნდა, ტაძარში შეიპარა და მალულად გაიტანა სანუკვარი ნივთი. იერუსალიმის და განსაკუთრებით მორიას მთის ქვემოთ მდებარე მიწისქვეშეთი სავსეა გვირაბებისა და გამოქვაბულების ქსელით. ზოგიერთის აზრით, მღვდლებმა კიდობანი მთის ქვეშ გადამალეს. სწორედ აქ ეძებდნენ მას ცნობილი კიდობანზე მონადირეები, მათ შორის ტამპლიერი რაინდები, მაგრამ მათი ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
მეორე მნიშვნელოვანი ადგილი კიდობნის საძიებლად არის იორდანიაში მდებარე ნევოს მთა. სწორედ აქ დამალა ის იერემიამ ძველი აღთქმის მიხედვით.
4. წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა.
5. მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი.
6. როცა მის კვალზე აქ მოვიდნენ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი.
7. როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ.
8. მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული.
9. ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის,
10. როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.წიგნი მეორე მაკაბელთა, თავი II
სხვები თვლიან, რომ კიდობანი იქაა, სადაც მკვდარი ზღვის გრაგნილები აღმოაჩინეს, ერთ-ერთ გამოქვაბულში. ერთი ხელნაწერი, რომელსაც „სპილენძის გრაგნილს” უწოდებენ, საუბრობს იქ დამალულ მრავალ საგანძურზე.
გრაგნილში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კიდობანზე მონადირე ვენდილ ჯონსმა 2 მილიონი დოლარი დახარჯა გათხრებში და ირწმუნებოდა, რომ მიაგნო ტაძრის წმინდა საცხებ ზეთსა და საკმეველს, მაგრამ კიდობანი არ დახვდა. იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგი ორენ გუტფელდი 5 სეზონის მანძილზე იკვლევდა გვირაბებს, რათა სპილენძის გრაგნილის მონაცემების სისწორე დაედგინა. სამწუხაროდ, ვერც მან მიაგნო რაიმე ხელმოსაჭიდს.
გამოცხადებით, წარმოსახვითა თუ ჰალუცინაციებით, ადამიანები ყოველთვის პოულობდნენ მიზეზებს, ეძებნათ კიდობანი ისე შორს, როგორიცაა ირლანდია, იაპონია და იუტას შტატი აშშ-ის დასავლეთში. მინიშნებად იყენებდნენ ეკლესიის ფანჯრებზე არსებულ გამოსახულებებსა და უძველეს რაინდთა ჩანაწერებს. მაგრამ იქნებ კიდობანი ადრეული პერიოდიდანვე ისეთ ტარიტორიაზე ინახება, რომელიც საკმაოდ ღია და თვალშისაცემი ადგილია? არსებობს ერთი ადგილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე პრეტენზიას აცხადებს კიდობნის მდებარეობაზე. ცხადია, სხვა მსგავსი შემთხვევებიც იყო, მაგრამ მხოლოდ აქ შეხვდებით ცოცხალ რელიგიას, რომელიც აღთქმის კიდობანზეა დაფუძნებული. ეს ადგილი გახლავთ ეთიოპია.
ეთიოპიის უძველეს დედაქალაქში, აქსუმში, მიწიდან ამოზიდულია იდუმალი მონუმენტები, რომლებსაც სტელები ეწოდებათ. ერთ-ერთი მათგანი წარსულში მარმარილოს ნაჭრით იყო ამოტვიფრული და 500 ტონას იწონის. თანამედროვე მეცნიერებისთვის გამოცანაა, როგორ მოხდა მასზე გამოსახულებების ამოკვეთა ან აზიდვა. აქ მყოფი მორწმუნეები გვამცნობენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა აღთქმის კიდობნის მეშვეობით. მათი თქმით, კიდობანი მოიპარა და აქ ჩამოიტანა მათმა ისტორიულმა მმართველმა, რაც საბას (შება) სამეფოს დედოფალსა და სოლომონ მეფეს შორის გაჩენილი ტრფობიდან წლების შემდეგ მოხდა.
ეთიოპიელ ქრისტიანთა კალენდარში ყველაზე პატივსაცემი დღესასწაულია ტიმკატი. მათთვის, ვინც მას აღნიშნავს, აღთქმის კიდობნის მდებარეობა სულაც არაა გამოცანა – ირწმუნებიან, რომ კიდობანი მათ ხელშია. ტიმკატის დროს მღვდლებს გამოაქვთ კიდობნის ასლები და ქუჩაში დაატარებენ, ხალხი კი მხიარულობს. ხოლო ნამდვილი არტეფაქტი, როგორც ისინი ამბობენ, ქალაქ აქსუმშია, წმინდა მარიამის სახელობის სიონურ ტაძარში.
ჟურნალისტმა გრემ ჰენკოკმა 20 წელი გაატარა კიდობნის ძიებაში და საბოლოოდ ეთიოპიელთა განცხადებებითაც დაინტერესდა. მისთვის ის ფაქტი, რომ კიდობანმა ეთიოპიურ კულტურაში ამხელა ადგილი დაიკავა და იმდენად მნიშვნელოვან რამედ იქცა, რომ ყველა ეთიოპიურ ტაძარში მისი ასლი დაამზადეს, უფრო დამაჯერებელს ხდის იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, კიდობანი ოდესმე ეთიოპიაში ყოფილიყო.
კებრა ნეგასტის, იგივე მეფეთა დიდების წიგნის მიხედვით, ძვ.წ. 1000 წელს შებას დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ძლევამოსილ და ბრძენ მეფეს – სოლომონს. დიპლომატია მალე გადაიზარდა ვნებაში და დედოფალი დაორსულდა. ეთიოპიაში დაბრუნების შემდეგ მას შეეძინა ვაჟი, სახელად მენელიქი. როცა წამოიზარდა, მენელიქი იერუსალიმში გაემგზავრა, რათა მამამისი ენახა და დაერწმუნებინა, ეთიოპიაში გამოეგზავნა მღვდელმთავართა შვილები. თუმცა ქალაქიდან გამოსვლისას, ღამის სიბნელეში, მენელიქმა ტაძრიდან კიდობანი მოიპარა და წმიდათაწმიდაში მისი ასლი დატოვა.
ბევრი სწავლული შენიშნავს ამ სცენართან დაკავშირებულ პრობლემებს. პირველ რიგში, არ არსებობს რაიმე სახის ისტორიული ჩანაწერი შებას დედოფალზე და თუკი რეალურად არსებობდა, არაბულ სამეფო საბადან იქნებოდა და არა ეთიოპიიდან. ან რატომ მისცემდა სოლომონი მის ნახევრად ეთიოპიელ ვაჟს ნებას, თან წაეღო იმ პერიოდის ყველაზე ძვირფასი რელიკვია? გრემ ჰენკოკი ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს მენელიქის ვერსიას, თუმცა რიგი მიზეზების გამო თვლის, რომ აღთქმის კიდობანი ეთიოპიაში ინახება.
ჰენკოკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ მღვდელმთავრებმა მოახერხეს კიდობნის გადარჩენა მანამ, სანამ იერუსალიმი აოხრდებოდა ძვ.წ. 587 წელს. თუმცა ის თვლის, რომ მღვდლები არა გარეშე საფრთხეს, არამედ შიდა არეულობას გაერიდნენ. ბაბილონელთა შემოსევამდე ათწლეულებით ადრე ძალაუფლება ხელთ იგდო სასტიკმა და ღვთისმგმობელმა მეფემ, სახელად მენაშემ. მან მიატოვა ებრაელთა რჯული და იმ დროისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ტაძრის წმიდათაწმიდაში წარმართული კერპი აღმართა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მღვდლები, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ ებრაული რელიგიის ტრადიციებს, კიდობანს ძველ ადგილას დატოვებდნენ, კერპის გვერდით. მაგრამ სად შეიძლებოდა წაეღოთ? ისრაელი უხიფათო ქვეყანად აღარ ითვლებოდა.
გრემ ჰენკოკის მოსაზრებით, ებრაელმა მღვდლებმა გეზი სამხრეთისკენ აიღეს, რადგან იცოდნენ, რომ ეგვიპტეში ცხოვრობდნენ სამშობლოდან გადასახლებული ღვთისმოშიში ებრაელები. უძველესი პაპირუსებიდან მეცნიერებმა დიდი ხანია, იციან, რომ ებრაელები ნილოსის სიახლოვეს იყვნენ დასახლებული. 1997 წელს პატარა კუნძულ ელეფანტინზე მათ აღმოაჩინეს ებრაული ტაძრის ნარჩენები, რომელიც ამ პერიოდით თარიღდებოდა. იმ დროს ეს იყო ისრაელის ტერიტორიის მიღმა არსებული ერთადერთი ებრაული ტაძარი და შესაძლოა, მისი დანიშნულება კიდობნის დაბინავება ყოფილიყო. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 400 წელს ეს ტაძარი სრულიად გაანადგურეს, თუმცა გათხრებისას ჩონჩხები არ აღმოუჩენიათ, რაც გრემს იმის იმედს აძლევს, რომ კიდობანი სხვაგან გადაიტანეს და კიდევ ერთხელ გაარიდეს უბედურ შემთხვევას. რაც შეეხება კუნძულ ელეფანტინის ებრაულ საზოგადოებას – ისინი უბრალოდ ქრებიან ისტორიიდან. თუმცა არ არსებობს მინიშნება, რომ ადგილი ჰქონდა მასიურ ხოცვა-ჟლეტას. შესაძლოა, ისინი გაერიდნენ კუნძულს და თან წაიღეს ძვირფასი რელიკვია. ისრაელს თავს ვერ შეაფარებდნენ, რადგან მას ერეტიკოსი მეფე მართავდა, აღარც ეგვიპტე იყო უსაფრთხო. მაშ სად შეიძლებოდა წასულიყვნენ?
ჰენკოკი მიიჩნევს, რომ ებრაელებმა გეზი აიღეს ეთიოპიისკენ – იმ ტერიტორიისკენ, სადაც ებრაელთა სხვა გადასახლებული ჯგუფი ცხოვრობდა. დაახლოებით იმავე დროს, როცა ელეფანტინის ტაძარი განადგურდა, აღთქმის კიდობანი აღმოჩნდა ტანას ტბაში მდებარე პატარა კუნძულზე. ამ მივიწყებულ კუნძულზე მდებარეობს ასევე მივიწყებული მონასტერი, სადაც ცხოვრობენ ქრისტიანი ბერები და მათი ტრადიციის მიხედვით, ისინი იცავდნენ კიდობანს 800 წლის განმავლობაში. ერთ დროს იუდევლები 350 წელს ქრისტიანებად მოინათლნენ და კიდობანი აქსუმში გაგზავნეს, სადაც დღემდე ინახება. გრემი თვლის, რომ საუკუნეების მანძილზე დაიკარგა ინფორმაცია, თუ როგორ აღმოჩნდა კიდობანი ეთიოპიელთა მფლობელობაში და შეიქმნა მენელიქის მითი, რათა ეს ხარვეზი გამოესწორებინათ.
ეთიოპია არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც აღთქმის კიდობანზე კონცენტრირებული რელიგია არსებობს და მორწმუნეები დღემდე მყარად იცავენ წეს-ჩვეულებებს. ისინი კიდობანს მცველსაც უნიშნავენ და ეს ადამიანი კიდობნის სამუდამო ტყვე ხდება – ის ვერასდროს დატოვებს ეკლესიას და მუდმივად უნდა უდარაჯოს წმინდა ნივთს. აღსანიშნავია ერთი უცნაურობა – მცველები საოცარი სისწრაფით იხოცებიან. სამი მათგანი, რომლებსაც ჰენკოკმა ინტერვიუ ჩამოართვა, 5 წელში გარდაიცვალა. ამასთან, ყველა მათგანი თვლიდა, რომ ზიანის წყარო თავად კიდობანი იყო. ბოლო მცველი სრულიად დარწმუნებულიყო იყო, რომ კიდობანთან სიახლოვის გამო ავადდებოდა, რადგან სწორედ აქედან დაეწყო მხედველობის დაქვეითება და ნელ-ნელა ბრმავდებოდა.
ჰენკოკმა იცის, რომ მისი თეორია ბევრი მკვლევარისთვის მიმზიდველია, თუმცა მაინც სკეპტიკურად უდგებიან საკითხს, რადგან უშუალოდ კიდობნის შემოწმების გარეშე მრავალი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.
რა ხდებოდა იერუსალიმში იმ დროს, როცა კიდობანი გაუჩინარდა? ეს იყო პერიოდი მისი ბოლო ხსენებიდან ბიბლიაში – ძვ.წ. 620 წელს – ტაძრის განადგურებამდე – ძვ.წ 587 წელს. თუკი მღვდელმთავრებმა კიდობანი გადამალეს, სად შეიძლებოდა შეენახათ? ზოგიერთის აზრით, ის სწორედ ტაძრის ქვეშაა, მაგრამ არავის შეუძლია გათხრების ჩატარება, რადგან მუსლიმები მთელ არეალს აკონტროლებენ და ამის უფლებას არავის მისცემენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი ამოიწურა. ტაძარში გათხრებს ჯერ კიდევ სახელგანთქმული ტამპლიერი რაინდები აწარმოებდნენ. ბევრს სჯერა, რომ მათ იპოვეს კიდობანი და სხვაგან გადამალეს.
ტამპლიერები თავიანთ თავს უწოდებდნენ „ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკ რაინდებს”. მათი ორდენი 1120 წელს დაარსდა, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომ, წარჩინებული ფრანგი პირების მიერ. მათი განცხადებით, წმინდა მიწაზე იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მუსლიმების მიერ დაპყრობილი იერუსალიმისკენ მიმავალი ევროპელი პილიგრიმების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. თუმცა ლეგენდა გვიამბობს, რომ რაინდებს საიდუმლო განზრახვა ჰქონდათ და მალე ძვირფასეულობაზე ნადირობა დაიწყეს. ისინი ტაძრის მთას საოცარი გულმოდგინებით თხრიდნენ, რადგან თალმუდის მუხლზე დაყრდნობით თვლიდნენ, რომ აღთქმის კიდობანი იქ ინახებოდა. თუმცა რა იპოვეს, ან ვერ იპოვეს, გამოცანად რჩება. მათი ორდენი მალე დაიშალა, რაინდები შეიპყრეს და აწამეს. 1300-იანებში მათ ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი და თითქმის მთლიანად გაწყვიტეს.
კიდობანზე მონადირეთა ნაწილი თვლის, რომ გონიერმა რაინდებმა საფრთხის მოახლოებამდე ოქროს სკივრის გადამალვა მოასწრეს და შესაძლოა, მინიშნებებიც კი დაგვიტოვეს, თუ სად უნდა ვეძებოთ. მათ შორისაა ჟურნალისტი გრემ ფილიპსი. მისი შთაგონება ინდიანა ჯონსის ფილმი იყო და გადაწყვიტა, გაერკვია, რეალურად არსებობდა თუ არა კიდობანი. პირველად ის იორდანიაში მდებარე შარას მთებს ეწვია. ადგილობრივი ბედუინების ლეგენდის მიხედვით, ინგლისელი რაინდების ჯგუფმა აქ აღმოაჩინა გასაოცარი განძი, რომელშიც შედიოდა გამორჩეული და საინტერესო ნივთი – ოქროს სკივრი. რაც დანამდვილებითაა ცნობილი, ისაა, რომ ტამპლიერები ინგლისში გამდიდრებული დაბრუნდნენ. შესაძლებელია თუ არა, აღთქმის კიდობანი ამ დროს მათ ხელთ ყოფილიყო? აქ უკვე საქმე რთულდება.
ფილიპსი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ეკლესიებში დატოვებულ სავარაუდო მინიშნებებს, რომლებსაც, მისი რწმენით, კიდობნამდე უნდა მიეყვანა მაძიებელი. პირველი იყო ჰარდვიკის ტაძარი (უორიკშირი, ინგლისი). სოფლის ძველ ცნობებში ფილიპსმა აღმოაჩინა 1192 წლის შესახებ არსებული ჩანაწერი, რომელიც წმინდა არტეფაქტებს ეხებოდა. ჰარდვიკის ტაძართან სამლოცველო აეგოთ, რათა შეენახათ „წმინდა რელიკვიები”. თუმცა დღეს ის რიგითი ეკლესიაა და იშვიათი წმინდა ნივთები მასში არ ინახება. შემდეგი გაჩერება იყო ყველა წმინდანთა ეკლესია სოფელ ბერტონ დასეტში (უორიკშირი). არ არსებობს ცნობა, რომ ეს ნაგებობა ტამპლიერთა ტაძარი იყო, თუმცა რეკონსტრუქციისას აღმოაჩინეს უცნაური ფრესკები, რომელზეც მამაკაცს მოჭრილი თავი უჭირავს. ცნობილია, რომ ტამპლიერი რაინდები იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილ თავს ეთაყვანებოდნენ.
გადმოცემის მიხედვით, მოყვარულმა ისტორიკოსმა ჯეიკობ ქოუვ-ჯონსმა ფრესკების მნიშვნელობა 1 საუკუნის წინ გაშიფრა და მინიშნებები გადაიტანა ლანგლიში მდებარე ეკლესიის დალაქავებულ მინის ფანჯრებზე. მას „ეპიფანიის ფანჯარას” უწოდებენ და მასზე გამოსახულია 3 მოგვის სტუმრობა იესოსთან და ოქროს, გუნდრუკისა და მურის მირთმევა. მოგვები მაძიებლები იყვნენ – ისინი იესოს დაბადების ადგილს ეძებდნენ და მიაგნეს კიდეც ვარსკვლავის მეშვეობით. გამოსახულებაზე ვარსკვლავიც არის, თუმცა ერთის მაგივრად ორი. გრემ ფილიპსის აზრით, ეს დეტალი – მიცარი და ალკორი დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან – განასახიერებს კიდობნის ორ ანგელოზს, რომლებიც, ტრადიციის მიხედვით, არიან მიქაელი და გაბრიელი. ვარსკვლავების გვერდზე არის ორი ასო – ბ და მ.
ეპიფანია, როგორც წესი, 6 იანვარს აღინიშნება. გადმოცემის მიხედვით, შუაღამით მამალმა იყივლა, რათა იესოს დაბადება ემცნო ყველასთვის. ხოლო მეორე ფრინველი, რომელიც მამლის წინაა გამოსახული, ფენიქსია. ბერტონ დასეტის გორაკზე მდებარე გზის მაჩვენებელ შუქურას „ფენიქსის შუქურა” ეწოდება. ფილიპსი მას 6 იანვრის ღამეს ეწვია და დიდი დათვის ვარსკვლავების მიმართულებით წასვლისას აგურისგან აშენებულ პატარა თაღოვან ნაგებობას მიადგა, რომელიც ეპიფანიის ფანჯარაზე ვარსკვლავების ქვემოთაა გამოსახული. თუკი ფილიპსის მოსაზრება სწორია, აღთქმის კიდობანი მის სიახლოვეს უნდა იყოს დამარხული და მისი აღმოჩენა უდიდესი მოვლენა იქნება. თუმცა ფილიპსის ვერსიას არც ისე ბევრი ადამიანი ემხრობა.
ბერტონ დასეტში მდებარე ყველა წმინდანის ეკლესიის შესახებ არსებული ჩანაწერების მიხედვით, ფრესკები თითქმის უხილავი იყო მაშინ, როცა მოყვარულმა ისტორიკოსმა ჯეიკობ ქოუვ-ჯონსმა სავარაუდოდ გაშიფრა ისინი 1890-იან წლებში. კედელზე გამოსახული ნახატები მხოლოდ 1966 წელს გამოჩნდა, ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქოუვ-ჯონსი ნამდვილად ესტუმრა ლანგლის ეკლესიას და რაიმე შეხება ჰქონდა ეპიფანიის ფანჯარასთან. გარდა ამისა, გამოსახულებები შესრულებულია ტრადიციული იკონოგრაფიით, მამალსა და ფენიქსს კი ეპიფანიის თითქმის ყველა ფრესკასა და ხატზე შეხვდებით. გრემ ფილიპსის სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გათხრების ჩატარების უფლება არ მისცა. ამიტომ ეს ვერსია ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თუკი ვინმემ სადღაც მართლაც დამალა კიდობანი, როგორ შეიძლებოდა ასეთი ძლევამოსილი, დიდებული და ბრწყინვალე რამ შეუმჩნეველი დარჩენილიყო ამდენი ხანი, თუკი მას ზებუნებრივი ძალები არ დაუკარგავს? შესაძლებელია თუ არა, კიდობნის შესაძლებლობები აიხსნას ისე, რომ არ მიეცეს ზებუნებრივის სტატუსი? და თუკი დავადგენთ, რა იყო რეალურად კიდობანი, მოგვცემს თუ არა მინიშნებას, სად უნდა ვეძებოთ ის?
აღთქმის კიდობნის ყველაზე დიდი საიდუმლო მის ატრიბუტებს უკავშირდება – რატომ ჰქონდა ასეთი ფორმა? როგორ ახერხებდა რხევას, ელვარებას, ფრენას, ადამიანების დაწვასა და დაავადებას? მორწმუნეთათვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილია: აღთქმის კიდობანი ზუსტად ისაა, რასაც ძველი აღთქმა ამბობს, ანუ მოოქროვილი ყუთი, რომელიც 10 მცნებას ინახავდა და ასევე ღმერთთან ურთიერთობის საშუალება. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ თანამედროვე ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების მეშვეობით შესაძლებელია, აღთქმის კიდობანი აიხსნას, როგორც ჩვეულებრივი საგანი და მისი უნარები გავიმეოროთ კიდეც.
ერთ-ერთი ვერსიით, ის, რაც მოსემ კიდობანში მოათავსა, რადიოაქტიური ნივთიერება იყო. ვინც მას გახსნიდა, მალე იღუპებოდა, ვინც ახლოდან შეათვალიერებდა, საშინელი დაავადებები ემართებოდა. ხოლო მღვდლები, რომლებიც მას უახლოვდებოდნენ, სპეციალურ სამოსში იყვნენ გამოწყობილი, რათა თავი დაეცვათ. თუმცა რადიოაქტიურობის ცნება შემდეგი 3000 წელი ჯერ კიდევ უცნობი რამ იყო კაცობრიობისთვის. მაშ რამდენად რეალურია, რომ მოსეს მის შესახებ ცოდნოდა ან რადიოაქტიური ქვები ეპოვა?
არის სხვა ვერსიაც – კიდობნის სასიკვდილო შესაძლებლობებს გაცილებით მარტივი წყარო ჰქონდა – სტატიკური ელექტრობა. 1915 წელს ელექტროობის დარგის პიონერმა და ცნობილმა გამომგონებელმა ნიკოლა ტესლამ წამოაყენა ვარაუდი, რომ კიდობანი წარმოადგენდა კონდენსატორს – მოწყობილობას, რომელიც უზარმაზარ ელექტრულ მუხტებს ინახავდა.
კიდობნის დიდი ხნის მაძიებელმა, ავეჯის დამამზადებელმა და ჟურნალისტმა რიჩარდ ენდრიუსმა გადაწყვიტა, ოქსფორდის ფიზიკის ლაბორატორიის სპეციალისტთან ერთად ხელახლა აეგო კიდობანი, რათა ტესლას ვარიანტი გამოეცადა. კიდობნის დასამუხტად მათ გენერატორის დახმარება დასჭირდათ, თუმცა ამტკიცებენ, რომ წმინდა მიწის უდაბნოებში მარტივად იყო შესაძლებელი დიდი რაოდენობით სტატიკური ელექტრობის მიღება – მატყლის ქსოვილისგან დამზადებული გადასაფარებლის ოქროს ზედაპირზე ხახუნით.
ენდრიუსი ტესლას პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ კიდობანი იყო სტატიკური ელექტრობის უზარმაზარი საცავი და სწორედ ამით აიხსნება მოსეს ძმიშვილების სიკვდილი, რომლებსაც კიდობნისთვის შესაწირი ჰქონდათ მიტანილი. იგივე ეხება უიღბლო ყუზას, რომელმაც ხელით სცადა მისი შეჩერება, რათა ტარებისას ხარებს არ გადმოეგდოთ. შესაძლოა, გადასაფარებელი წინ და უკან მოძრაობდა და წარმოქმნიდა ელექტრულ მუხტებს, რომელთა ძაბვა 50 000-60 000 ვოლტს აღწევდა. ამიტომ როცა ყუზა შეეხო, მის ხელზე კიდობანში დაგროვებული მთელი ელექტროობა განიმუხტა. როგორც ბიბლია გვამცნობს, „იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან”.
60 000 ვოლტი ნამდვილად დიდი სიმძლავრეა, მაგრამ სანამ ვინმე არ ააგებს აღთქმის კიდობნის ზუსტ ასლს, წაიღებს უდაბნოში და დაუწყებს ხახუნს მატყლის ქსოვილითა და ცხოველის ტყავით, მანამდე დაუმტკიცებელი რჩება ვერსია, რომ აღთქმის კიდობანი უძველესი გიგანტური ელექტრობატარეა იყო. თანაც აქაც იგივე პრობლემა ჩნდება, რაც რადიოაქტიური ნივთიერების შემთხვევაში – ელექტროობა მხოლოდ 300 წლის წინ აღმოაჩინეს და არა 3000. ამიტომ ბიბლიის არქეოლოგების მიერ ძველი აღთქმის ობიექტის თანამედროვე ტექნოლოგიებით ახსნის ყველანაირი მცდელობა ჯერჯერობით უბრალოდ აზრს მოკლებულია.
რიჩარდ ენდრიუსის ვერსია აღთქმის კიდობნის ადგილმდებარეობაზე ემთხვევა გავრცელებულ ვერსიას – იერუსალიმს. მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანები ებღაუჭებოდნენ იმედს, რომ ტაძრის მღვდელმთავრებმა კიდობანი მთის ქვეშ გადამალეს. ეს კი ბიბლიაში მისი ბოლო ხსენების შემდეგ და ბაბილონელი დამპყრობლების მიერ იერუსალიმის გადაწვამდე პერიოდში უნდა მომხდარიყო, 30 წლიან შუალედში. სად შეიძლებოდა კიდობანი დაემალათ? როგორც რიჩარდ ენდრიუსი შენიშნავს, ბრწყინვალე, მოკაშკაშე და მანათობელი ობიექტის დამალვა ძალიან ძნელი იქნებოდა. წმიდათაწმიდადან კიდობნის ისე გამოტანა, რომ ვერავის შეემჩნია, მიწისქვეშა გზებით უნდა მომხდარიყო და ენდრიუსის თეორიით, დღემდე ტაძრის მთაში ინახება. მაგრამ ტამპლიერი რაინდები, რელიგიური ფანატიკოსები, მოყვარული მაძიებლები და გამოცდილი არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ამ ადგილს და ბევრჯერ გათხარეს მთის გარშემო და ქვემოთ მდებარე მიდამოები. ერთადერთი, რასაც მათ მიაგნეს, იყო ქალაქის ქვეშ არსებული რთული წყალგაყვანილობა. დღეს კი ტაძრის მთა მუსლიმების კონტროლის ქვეშაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის არქეოლოგიური გამოძიება კიდევ ჩატარდება.
აქედან კი მეცნიერებისა და რელიგიის გზა იყოფა, რადგან მორწმუნეები კიდობნის მომავალს აპოკალიფსურ ჭრილში ხედავენ. ისინი თვლიან, რომ დღეს კიდობანი არავის ვნებს, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს იმხელა ძალა, მთელი ახლო აღმოსავლეთი გაანადგუროს. ტაძრის მთის მორწმუნეთა ჯგუფის ლიდერის გერშონ სალომონის თქმით, კიდობანი თავისი ხალხისგან, ებრაელებისგან, ელის მორიგი ტაძრის აშენებას და რადგან 2000 წელი ლოდინშია, შეიძლება რაიმე ცუდი მოხდეს. ამიტომ ებრაელები მალე დაიბრუნებენ კიდობანს, აღადგენენ ტაძარს თავის ისტორიულ ადგილას და დადგება მესიის მოსვლის დროც. ამასთან სულაც არ აწუხებთ ის ფაქტი, რომ ამის განხორციელებისთვის საჭიროა მეჩეთ „ქვის გუმბათის” განადგურება. გერშონ სალომონი თანამოაზრეებთან ერთად ამზადებს ტაძრის პროექტს უწვრილეს დეტალებში, ბოლო სანთლის ჩათვლით. ის თვლის, რომ ისრაელის სათავეში მალე მოვა მორწმუნეებისგან შემდგარი ხელისუფლება, რომელიც მეჩეთს მოაშორებს. ეს კი ნამდვილად არაა ისეთი ხედვა, რომელიც მსოფლიო მშვიდობას შეესაბამება. ექსპერტთა ნაწილის აზრით, „ქვის გუმბათის” დანგრევა დიდი ალბათობით მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება. და ეს ყველაფერი ხდება იმ აღთქმის კიდობნის გამო, რომლის რეალურობის საკითხში მკვლევარები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან. მიუხედავად იმისა, საერთოდ არსებობდა თუ არა, კიდობანი დღემდე რჩება ადამიანთა სიკვდილის გამომწვევ ობიექტად.
მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.