ენიგმამეცნიერება

ის, რაც დარვინმა არ იცოდა

ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვან სამყაროში, სადაც სახეობების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ის რიცხვი, სადამდე დათვლაც შეგვიძლია. მაგალითისთვის ავიღოთ მალავის ტბა. მასში ბინადრობს ასობით სხვადასხვა თევზი, რომლებსაც დედამიწის სხვა ვერცერთ ადგილას ვერ ნახავთ. რატომ ამდენი? რატომ ასეთი განსხვავებული?

150 წლის წინ ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა წიგნი „სახეობათა წარმოშობა”. ამ დიდ წიგნში მან დასვა სწორი კითხვა – საიდან მოდის ეს მრავალფეროვნება? – და გასცა სწორი პასუხი – ეს ევოლუციის შედეგი უნდა იყოს. დარვინმა წამოაყენა მოსაზრება, რომ სახეობები დასაბამს უდებენ სხვა სახეობებს და ამგვარად ხდება ცვლილებები. ცვლილებები უმნიშვნელო და უჩინარია, მაგრამ დროის დიდ პერიოდში მიიღება ეფექტური შედეგი.

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის დარვინისეული ახსნა ისეთი მაცდუნებელი და ამავე დროს მარტივი იყო, რომ დღეს მისი მართებულობა უკვე აშკარაა. თუმცა დარვინის მოსაზრება, თუ როგორ მუშაობს ევოლუცია, სავსე იყო სუსტი წერტილებით. მისი ლოგიკური საფუძველი მყარი არ ყოფილა, მტკიცებულებები კი არც ისე ძლიერი გახლდათ. არსებობდა მრავალი რამ, რაც მან არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა. დარვინს სჯეროდა, რომ მეცნიერთა მომავალი თაობები დაასრულებდნენ მის ნამუშევარს და მისეული ხედვის ჭეშმარიტებას დაამტკიცებდნენ. სწორედ ეს ხდებოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში და თავად ევოლუციის თეორიამაც განიცადა ევოლუცია. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და ფართოა, ვიდრე დარვინი ოდესმე წარმოიდგენდა.

ნაწილი I: ბრძოლა გადარჩენისთვის

1835 წლის სექტემბერში ჩარლზ დარვინი გალაპაგოსის არქიპელაგს ეწვია და გააკეთა ის, რასაც ყოველთვის აკეთებდა უცნობ ადგილზე ჩასვლისას – აიღო სანადირო თოფი და ფრინველების შეგროვება დაიწყო. გალაპაგოსის ბევრ ბინადარ შორის, რომლებიც დარვინმა დაიჭირა, დაჭრა და თავი მოუყარა, იყო 4 კაჭკაჭი. თითოეული მათგანი სხვადასხვა კუნძულზე ბინადრობდა და უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა დანარჩენებისგან ნისკარტის ფორმით, ბუმბულის ფერითა და სხეულის ზომით. სწორედ ამ განსხვავებების გამო დაფიქრდა დარვინი პირველად, შესაძლებელი იყო თუ არა, სახეობას დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განეცადა?

დარვინმა ივარაუდა, რომ ეს ფრინველები ერთი სახეობის სხვადასხვა ვარიანტებს წარმოადგენდნენ და შესაბამისად, უნდა ჰყოლოდათ საერთო წინაპარი – კაჭკაჭი, რომელიც გალაპაგოსზე მრავალი წლის წინ ბინადრობდა. ეს გახლდათ დარვინის ეჭვი, მაგრამ როგორ დაემტკიცებინა? მას არ შეეძლო, ხელახლა შეექმნა ჰიპოთეტური წინაპარი, რადგან ის უკვე გადაშენებული იყო. ამიტომ მან ის გააკეთა, რასაც მეცნიერები აკეთებენ, როცა საკმარისი მონაცემები არ გააჩნიათ: მიმართა ანალოგიის მეთოდს.

დარვინმა მტრედების მოშენება დაიწყო. მისთვის ეს ევოლუციის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა. ისინი აჩვენებდნენ, თუ როგორ შეიძლება დროის გარკვეულ პერიოდში ნებისმიერი არსება გარდაიქმნას ისეთ რამედ, რაც ძალიან განსხვავდება მისი წინაპრისგან.


როგორი არადამაჯერებელიც გინდა ჩანდეს, ფოტოზე გამოსახული ცის ეს ყველა არისტოკრატი პლებეური მტრედის შთამომავალია. დაბადებისას მტრედები მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სე­ლექ­ცი­ო­ნე­რები ირჩევენ მათ, რომლებსაც გადარჩენისა და გამრავლებისთვის სასარგებლო მახასიათებლები აქვთ, დანარჩენებს კი წუნს ადებენ. ეს სასურველი თვისებები თაობიდან თაობაში მტკიცდება და ძლიერდება და ფრინველები შედარებით სწრაფად ვითარდებიან. დარვინის თქმით, ბუნებაც ასე მუშაობს. ის უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ მახასიათებლებს, დანარჩენებს კი თანდათან აქრობს. ამ პროცესს დარვინმა ბუნებრივი გადარჩევა უწოდა. ეს ხსნის იმ საკითხს, თუ რატომ არის „სახეობათა წარმოშობის” პირველი თავი მტრედებზე და არა ბუნების საოცრებებზე.

დარვინს ერთი პრობლემა ჰქონდა. ბუნებრივი სელექცია მისი თეორიის ქვაკუთხედი იყო, ევოლუციის ძრავა, მაგრამ მაინც ბუნდოვანი რჩებოდა ის საკითხი, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. დარვინი ამბობდა, რომ არსებობდა ბუნების ომი: ყველგან შიმშილი, ძალადობა და სიკვდილი იყო გამეფებული. სახეობები და ცალკეული ორგანიზმები არსებობისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმული. ძლიერი გადარჩება და მრავლდება, სუსტი კი მარცხდება და ნადგურდება. საკმარისი ვარიაციის პირობებში ეს გადარჩენითი მექანიზმები ნელ და მზარდ ცვლილებებს წარმოშობს. ეს იყო ბუნებრივ გადარჩევაზე დამყარებული ევოლუციის თეორია, რომელიც ჩარლზ დარვინმა ახსნა თავის წიგნში. მაგრამ შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს? მიგნებული ჰქონდა თუ არა დარვინს სწორი გზისთვის?

მრავალი რელიგიური მიმდინარეობა სიძულვილით ეკიდებოდა ევოლუციის იდეას, მაგრამ არც დარვინის დროის მეცნიერები ყოფილან მაინცდამაინც დარწმუნებული. მათ შორის აღსანიშნავია რიჩარდ ოუენი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „სახეობათა წარმოშობის” განხილვა დაწერა. ოუენი პალეონტოლოგიის სფეროში მოღვაწეობდა, მისი შემოტანილია სიტყვა „დინოზავრი”. ის თვლიდა, რომ სახეობები ცვლილებას განიცდიან წყვეტილად და უეცრად, ამაში კი ჩარეულია ღვთიური კანონი, ხოლო გარკვეულ პერიოდებში ხდება დიდი კატასტროფა და ისინი ნადგურდებიან. მას ეზიზღებოდა დარვინის ევოლუცია, რომელშიც ღმერთის ადგილი არ იყო.

რიჩარდ ოუენის განხილვაში აშკარად იგრძნობოდა გულისწყრომა და ცინიზმი, ლანძღავდა დარვინს და აქებდა საკუთარ თავს. „ბატონი დარვინის ნაჩქარევი დასკვნები ამცირებს მეცნიერებას. მან არაფერი იცის ნამარხების შესახებ, რომ იქთიოზავრები ჩნდებიან ქვედა იურულ პერიოდში, რჩებიან უცვლელად და შემდეგ უბრალოდ ქრებიან. აქ ევოლუციის არანაირი ნიშანი არაა.” დარვინის თეორიის მიხედვით, ნამარხებში აშკარა მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო მკვეთრი ცვლილებებისა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად ისე ჩანდა, თითქოს სახეობები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. ამგვარი ნაპრალები ევოლუციის თეორიას საეჭვოს ხდიდა. ბუნებრივი გადარჩევის მტკიცებულებები აქ უბრალოდ არ იყო. დარვინის მეგობრებიც კი ეჭვებში იყვნენ ჩავარდნილი.


ტომას ჰენრი ჰაქსლი ლონდონის საიმპერიო კოლეჯში მუშაობდა. დარვინის იდეების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის გამო მას „დარვინის ბულდოგი” უწოდეს. ჰაქსლიმ ასევე განიხილა „სახეობათა წარმოშობა”: „ეს არაჩვეულებრივი ნაშრომია და კარგად ასაბუთებს ევოლუციას.” შემდეგ კი უბრუნდება ბუნებრივ სელექციას და ამბობს: „დიახ, ეს ლოგიკურია, დიახ, ეს მარტივია, მაგრამ უნახავს თუ არა რეალურად ბატონ დარვინს, როგორ წარმოიშობიან სელექციით ახალი სახეობები? საერთოდ შეუძლია თუ არა მას იმის დამტკიცება, რომ ბუნებრივი გადარჩევა არსებობს? არა, ეს უბრალოდ ჰიპოთეზაა, შეიძლება საუკეთესო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბატონ დარვინს თავისი მოსაზრება არ დაუმტკიცებია.”

ჰაქსლი ამბობდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის დანახვა შეუძლებელია, სხვები მიიჩნევდნენ, რომ მსგავსი რამ არ არსებობდა და ლოგიკური გადმოსახედიდან ხარვეზებს შეიცავდა. დარვინის შეხედულება ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემაზე ასეთი იყო: ვთქვათ, ერთ მშობელს აქვს მუქი ბუმბული, ბეწვი ან კანი, ხოლო მეორე რძესავით თეთრია, მათი შთამომავლობა რაღაც შუალედური იქნება. ერთი შეხედვით, ეს იდეა გონივრული ჩანს, ადამიანის კანის ფერიც ამ პრინციპით მიიღება. მაგრამ დარვინი თეორიულ მახეში გაება და მას დაუპირისპირდა შოტლანდიელი ინჟინერი ფლემინგ ჯენკინი. „წარმოიდგინეთ, რომ თეთრკანიანი ადამიანი ჩადის ნეგროიდთა კუნძულზე. ის, ცხადია, მეფედ იქცევა. მას ეყოლება ბევრი ნეგროიდი ცოლი და გახდება მულატი შვილების მამა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი გმირი, მისი ყავისფერი შთამომავლები თანდათან ისევ გამუქდებიან. რამდენიმე თაობაში მის მიერ გადაცემული ნიშან-თვისებები უკვალოდ გაქრება.”

დროებით რომ დავაიგნოროთ ნაშრომში არსებული რასიზმი, რადგან ეს 1860-იანი წლების შოტლანდია იყო, დავინახავთ, რომ ჯენკინი სწორად მსჯელობდა: ვარიაცია ევოლუციის შემადგენელი ნაწილია და თუკი მისი განმტკიცება არ ხდება, ბუნებრივი გადარჩევა ვერ იმოქმედებს. ჯენკინის გამოწვევა სერიოზული იყო, დარვინს კი პასუხი არ ჰქონდა. ან როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა? მისი თეორია მოითხოვდა გარკვეულ სისტემას, მემკვიდრეობის ისეთ კანონს, სადაც ცვლილებები არ უჩინარდებოდა, არამედ თაობებში მყარად იდგამდა ფესვებს. და ჯერ კიდევ არავინ იცოდა დაზუსტებით, არსებობის შემთხვევაში ეს სისტემა როგორ იმოქმედებდა. დარვინს ესმოდა ეს ყველაფერი და საუბრობდა კიდეც მის შესახებ თავის ნაშრომში.

„სახეობათა წარმოშობაში” ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ალბათ VI თავია. მას „თეორიის სირთულეებს” უწოდებენ. წარმოუდგენელი გულწრფელობითა და პატიოსნებით ჩარლზ დარვინი თვალწინ გვიშლის თავისი თეორიის ყველა სისუსტეს. ის გვამცნობს ყველა მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ცდებოდეს, შემდეგ კი ეხება მეცნიერთა მომავალ თაობებს, რათა მათ გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც მის თეორიას თან ახლავს.

ბევრმა არ იცის, რომ ჩარლზ დარვინი პირველი ევოლუციონისტი არ ყოფილა. „სახეობათა წარმოშობამდე” 50 წლით ადრე ერთმა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა წარმოადგინა ევოლუციის თეორია, თუმცა დარვინთან შედარებით უფრო ნაკლებად გამართული და დალაგებული. მისი სახელია ჟან ბატისტ ლამარკი. ლამარკი ზოოლოგიის პროფესორი იყო ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ქალაქ პარიზში. მან თავისი იდეები ევოლუციის შესახებ გამოაქვეყნა იმ წელს, როცა დაიბადა დარვინი (1809 წ). თუმცა მისი ვერსია საკმაოდ განსხვავებული იყო.


ლამარკი ამბობდა, რომ როდესაც ნებისმიერი ცხოველი იყენებს რომელიმე ორგანოს, ეს ორგანო ხდება უფრო ძლიერი და დიდი. ეს აშკარაა: ყველამ ვიცით, რომ სისტემატური ვარჯიში აუმჯობესებს ჩვენი სხეულის ფორმას და ეს ეხება სხვა არსებებსაც. მაგრამ ლამარკი უფრო შორს წავიდა – ის თვლიდა, რომ ეს ცვლილებები, რომელსაც ორგანიზმი სიცოცხლის მანძილზე იძენდა, გადაეცემოდა შთამომავლობას. ხოლო შეძენილი თვისებების მემკვიდრეობით მიღება ევოლუციის ძრავა უნდა ყოფილიყო. ლამარკიზმის სიმბოლო ჟირაფია. ლამარკის მიხედვით, ჟირაფის ზოგიერთმა წინაპარმა კისერი დაჭიმა, რათა უფრო მაღლა მყოფ ფოთლებს მისწვდომოდა. ეს გაჭიმული კისერი გადაეცა შთამომავლობას, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად დაჭიმეს და ამის შედეგად დღეს ყველა ჟირაფს გრძელი კისერი აქვს.

ჟირაფის კისერი კლიშეა და მას იყენებენ ყველა სახელმძღვანელოში, სადაც დარვინისეული და ლამარკისეული ევოლუციების განსხვავებაა აღწერილი. მაგრამ თუკი დაკვირვებით წაიკითხავთ, თუ რას წერს დარვინი თავისი წიგნის მეექვსე გამოცემაში, მიხვდებით, რომ სიტუაცია სრულიად სხვაგვარია. თავიდან ის იწყებს ბუნებრივი გადარჩევით, რაც ჟირაფის კისრის წარმოშობის მიზეზია. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთ რამეს ამატებს: სხეულის ნაწილების აქტიურად გამოყენების შედეგად გამოწვეული ეფექტების მემკვიდრეობით გადაცემას. სხეულის ნაწილების აქტიურად გამოყენება – ეს წმინდა ლამარკისეული იდეაა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დარვინი ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად „დარვინისეული” გახდა? პასუხი დადებითია. როგორც ჩანს, ბუნებრივი გადარჩევა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი მექანიზმი, როგორც მას თავიდან ეგონა. არის თუ არა ეს საკუთარ იდეებზე უარის თქმა? არა, ეს მხოლოდ გულწრფელობაა იმ მოხუცი ადამიანის მხრიდან, რომელიც სამყაროს შეცნობას ცდილობდა.

დარვინი გარდაიცვალა 1882 წლის აპრილში. მას სურდა, მშვიდად დაემარხათ თავის სახლთან ახლოს კენტის საგრაფოში, მაგრამ მისმა მხარდამჭერებმა დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გამართეს. მათ აგნოსტიკოსი მეცნიერი ახალი სეკულარული მატერიალისტური ეპოქის წმინდანად აქციეს. იწყებოდა ჩარლზ რობერტ დარვინის აპოთეოზი. ის დიდ ბრიტანელად შეირაცხა. დარვინმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლე ბუნების კანონების შედეგი იყო. მაგრამ რა იყო ეს კანონები? ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ევოლუცია ფაქტი იყო, ხოლო ბუნებრივი გადარჩევა – არა.


ვიდრე დარვინი მშვიდად განისვენებდა, მისი მიმდევრების ნაწილი აქტიურ კვლევას აგრძელებდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ჰოლანდიელი ბოტანიკოსი ჰუგო დე ფრიზი. დარვინისგან შთაგონებული, ის ეძებდა საჭირო ორგანიზმს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიდა მემკვიდრეობის საკითხებს და საბოლოოდ იპოვა კიდეც. მან აირჩია მცენარე სახელად Oenothera lamarckiana. მებაღეები მას იცნობენ, როგორც საღამოს ფურისულას, რადგან მისი ყვავილი შებინდებისას იფურჩქნება. მისი პოვნა შეიძლება იმ დიუნებზე, რომლებიც ჰოლანდიას ზღვისგან იცავს. დე ფრიზმა აღმოაჩინა, რომ Oenothera lamarckiana ხანდახან ისეთ შთამომავლობას იძლეოდა, რომელიც მისგან ძლიერ განსხვავდებოდა – ჰქონდა სხვანაირი ღერო, ფოთლები და ყვავილი. ამასთან ეს ახალი ცვლილებები მყარი იყო, ისევე როგორც ახალი სახეობის შემთხვევაში. ტერმინის შემოღების საჭიროების გამო ამ ვარიაციებს დე ფრიზმა „მუტაცია” უწოდა.

ამ აღმოჩენიდან მალევე დე ფრიზი ამსტერდამის ბოტანიკური ბაღების დირექტორად დაინიშნა. მან შეაჯვარა და გაამრავლა 53 000-ზე მეტი Oenothera. როგორც კვლევებიდან ჩანდა, მუტაციების მეშვეობით შესაძლებელი იყო სრულიად ახალი მცენარეების მიღება. უფრო მეტიც – დე ფრიზის თქმით, მუტაცია ახალ სახეობებსაც კი წარმოშობდა. ეს ყველაფერი საკმაოდ არადარვინისეული იყო. სახეობათა წარმოშობა მოითხოვდა მხოლოდ ერთ რამეს: მუტაციას. დე ფრიზმა ამას „მუტაციის თეორია” უწოდა და ამით გახდა კიდეც ცნობილი. როგორც ის ამბობდა, ლამარკისთვის სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი მოვლენა იყო, დარვინისთვის – მეცნიერული კვლევის საგანი, ხოლო დე ფრიზისთვის (მას უყვარდა საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი) – ექსპერიმენტული ძიების სფერო. ის, რასაც დე ფრიზი და მისი დროის სხვა ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, იყო ის, რომ Oenothera lamarckiana გენეტიკურ იშვიათობას წარმოადგენდა. ძალიან ცოტაა ისეთი ორგანიზმების რიცხვი, რომლებშიც ასე ეფექტურად ხდება მუტაციები. დე ფრიზმა თავისი თეორია დააფუძნა ერთ ძალიან უცნაურ სახეობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მუტაციონიზმის აღზევებაში. მალე სხვა მეცნიერებმაც დაიწყეს ბუნების უცნაურობათა კვლევა.

კემბრიჯელმა ბიოლოგმა უილიამ ბეიტსონმა გამოაქვეყნა ვარიაციების კვლევასთან დაკავშირებული მასალები. ორთავიანი კუები, გოგონები 4 ყურითა და 8 თითიანი ხელებით – წარსულში მსგავსი რამეები შუა საუკუნეების მონსტრებად ითვლებოდა და მათზე საოცრებათა წიგნებში წერდნენ, ევოლუციის ეპოქაში კი კვლევის ობიექტებად იქცნენ. მუტაცია იყო რეალური შემოქმედებითი ძალა, რომელიც ევოლუციის მიღმა იმალებოდა, ხოლო ბუნებრივი გადარჩევის საჭიროება, მუტაციის თეორიის მომხრეთა აზრით, აღარ არსებობდა.

ლონდონი, 1909 წელი. დარვინი გარდაცვლილია, მისი თეორია კი 50 წლისაა. ბუნების ისტორიის მუზეუმს გამოფენილი აქვს დარვინის შემოქმედება: ნიმუშები, წერილები, ხელნაწერები. 50 წლისთავის აღნიშვნის საუცხოო ზეიმი ზუსტად შეესაბამება იმ ადამიანს, რომელმაც კაცობრიობას ევოლუციის თეორია აჩუქა. მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ერთი რაღაც, რის ჩვენებაზეც ორგანიზატორები უარს ამბობდნენ: ბუნებრივი გადარჩევა. 1909 წლისთვის მეცნიერული საზოგადოება დარვინის თეორიის მოწინააღმდეგედ იყო ჩამოყალიბებული. ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუცია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

ნაწილი II: დარვინის აღორძინება

იმ დროს, როცა დარვინიზმი ჯერ კიდევ სუსტდებოდა და პოპულარობას კარგავდა, მოულოდნელად მისი აღორძინების ხანა დაიწყო. ამჯერად თავად დარვინის კრიტიკოსები აღმოჩნდნენ კრიტიკის ქვეშ, ავანგარდის ლიდერი კი ავგუსტ ვაისმანი იყო. ვაისმანი გახლდათ ექიმი, ბიოლოგი და უდიდესი დარვინისტი. მან ბუნებრივი გადარჩევის საკითხი გამოაცოცხლა და ისევ დღის სინათლეზე გამოიტანა, თავისი მოსაზრების მხარდასაჭერად კი გამოიყენა მწერი, რომელსაც Papilio dardanus ეწოდება.


Papilio dardanus პეპელაა, რომელიც მთელ აფრიკაში ბინადრობს. მის მდედრობით წარმომადგენლებს მიმიკრიის თვისება გააჩნიათ – ემსგავსებიან ისეთ სახეობებს, რომლებთანაც კავშირი არ აქვთ. მრავალი თაობის განმავლობაში მდედრი Papilio dardanus-ები ვითარდებოდნენ, მათი ფრთების ფორმა და ფერი ტრანსფორმაციას განიცდიდა, რისი მიზეზიც საკმაოდ ნათელია: ფრინველები პეპლებით იკვებებიან, რის გამოც ბევრმა პეპელამ საშინელი გემოს მქონე თავდაცვითი ქიმიკატები გამოიმუშავა. Papilio dardanus-ს ეს არ შეეძლო, ამიტომ ემსგავსებოდა იმ სახეობებს, რომლებსაც შეეძლოთ და ამგვარად ფრინველებს ატყუებდა. ვაისმანი ამბობდა: „ესაა იმის მტკიცებულება, რომ დარვინი მართალი იყო. მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევას, რომელიც უსასრულოდ მცირე ნაბიჯებით მოქმედი ნელი და ფაქიზი ხელოვანია, შეეძლო ასე დაემსგავსებინა ერთმანეთისთვის ორი პეპელა, რომლებსაც ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ.”

ჰუგო დე ფრიზი და მისი მომხრე მუტაციონისტები ამტკიცებდნენ, რომ სახეობები უეცრად წარმოიშობიან ცალკეული სერიოზული მუტაციის შედეგად. არა, ამბობდა ვაისმანი. ისინი ძალიან ნელა ვითარდებიან და ამაში ჩარეულია მრავალი პატარა მუტაცია. ბუნებრივი გადარჩევა კი დახვეწილი ძალაა, ისევე დახვეწილი, როგორც პეპლის ფრთებზე არსებული ლაქები. თუმცა ვიასმანის რისხვის მთავარი ობიექტი იყო სხვა დიდი ანტიდარვინისტული თეორია – ლამარკიზმი. მან იცოდა, რომ სპერმა და კვერცხუჯრედი ინახავს მემკვიდრეობისთვის საჭირო მასალებს, მაგრამ საიდან ჩნდება ისინი რეალურად?

ემბრიონში უჯრედების გაჩენასა და სიკვდილზე დაკვირვებით ვაისმანი მიხვდა, რომ უჯრედები, რომლებიც სპერმასა და კვერცხუჯრედს ქმნიდნენ, სხეულის სხვა უჯრედებისგან სწრაფად იზოლირდებოდნენ. ისინი ქმნიდნენ ახალ შთამომავლობას. ვაისმანის თქმით, ამის გამო იყო, რომ შეძენილი თვისებები არ გადაეცემოდა მომავალ თაობებს, ამიტომ იყო ლამარკი არასწორი და ჟირაფებიც ამაოდ ჭიმავდნენ კისერს. ორგანიზმი შეიძლება იბრძოდეს, იტანჯებოდეს, იძაბებოდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება – ასეთი იყო ვაისმანის პოზიცია. მაგრამ ის უფრო შორს წავიდა. ვაისმანი ირწმუნებოდა, რომ მემკვიდრეობითი მასალები ფიზიკური რამ იყო და ყოველ სპერმასა და კვერცხუჯრედში მდებარეობდა. ამ მასალებს მან „ჩანასახოვანი პლაზმა” უწოდა. უფრო ახლოდან დაკვირვებისას მისმა თანამედროვეებმა ჩანასახოვან პლაზმაში შენიშნეს გარკვეული ნაწილაკები – ქრომოსომები. გამრავლებისას ახლოს მყოფ სხვადასხვა ქრომოსომებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, თუმცა არასდროს ერთიანდებიან – ისინი ხელუხლებლად რჩებიან. ამან დაადასტურა ის, რასაც 3 ათწლეულით ადრე ამბობდა ავგუსტინელთა ორდენის ბერი.


გრეგორ მენდელი გმირ მეცნიერად ითვლება. ის მუხუდოების გამრავლებაზე მუშაობდა მორავულ მონასტერში და ერთ-ერთ გაზეთში ორი ბრწყინვალე სტატია გამოაქვეყნა. მენდელი მალე ბრნოს მონასტრის აბატად (წინამძღვარი) დაინიშნა. მან ექსპერიმენტები მიატოვა და მისი ნაშრომები მალე დაივიწყეს, ხოლო როცა გარდაიცვალა, ხელნაწერები დაწვეს. 1900 წელს, როცა მისი ექსპერიმენტების შედეგები ხელახლა აღმოაჩინეს და გამოაქვეყნეს, მენდელი ლეგენდად იქცა. ყოველ თაობაში მუხუდოების ნაყოფის დათვლითა და პროპორციების ანგარიშით მან აღმოაჩინა ისეთი რამ, რასაც ვერავინ ამჩნევდა, მათ შორის თავად დარვინიც: კანონი, რომელიც მართავს მემკვიდრეობას თითქმის ყველა ცოცხალ არსებაში. ის ხსნიდა, როგორ გადაეცემოდა შტრიხები შთამომავლობას. ეს კანონები წარმოადგენდა სწორედ იმ სისტემას, რომელიც ბუნებრივ გადარჩევას სჭირდებოდა. ის იძლეოდა მემკვიდრეობით მრავალფეროვნებას, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა ბუნებრივი გადარჩევა.

ჰერტფორდშირის საგრაფოში მდებარე როტამსტედის სასოფლო-სამეურნეო კვლევის ინსტიტუტი ცნობილი გახდა ექსპერიმენტებით, რომელთა მიზანიც იყო სასუქების ეფექტის დადგენა მოსავალზე. ექსპერიმენტები 1840-იან წლებში დაიწყო, ყოველ წელს ნიმუშებს აგროვებდნენ და ინახავდნენ. 1919 წელს კი ანალიზისთვის დაიქირავეს კემბრიჯის ახალგაზრდა მათემატიკოსი. მისი სახელი გახლდათ რონალდ ეილმერ ფიშერი – ვუნდერკინდი და მრავალი ნიჭის პატრონი. გამომდინარე იქიდან, რომ მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა და მიოპია (ახლომხედველობა) სჭირდა, შეეძლო მათემატიკური პრობლემების ვიზუალიზაცია და ზეპირი ანგარიში. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი არ აღფრთოვანდებოდა სასოფლო-სამეურნეო მოსავლის რაოდენობის გამოთვლებით, მაგრამ ასე არ იყო – მას მოსწონდა ეს საქმე. სამუშაოზე ხვდებოდა უამრავი რიცხვი, რომელთა დალაგებას ვერავინ ახერხებდა. ფიშერისთვის კი პრობლემა არ იყო – მან სტატისტიკის ახალი ფორმა გამოიგონა. როცა პრობლემის გადაწყვეტას ეხებოდა საქმე, მას შეეძლო მათემატიკის სრულიად ახალი დარგიც კი შეექმნა.

ფიშერის ინტერესის სფერო უფრო შორს მიდიოდა, ვიდრე ნათესები და მოსავალი იყო. მას აინტერესებდა ევგენიკა და წუხდა იმ საკითხზე, რომ ბრიტანელები თანდათან სულ უფრო გონებაჩლუნგები ხდებოდნენ. ღარიბი, უპასუხისმგებლო და სულელი ადამიანები რაოდენობრივად უფრო სწრაფად მატულობდნენ, ვიდრე მდიდრები, ყაირათიანები და სხარტი აზროვნების მქონეები. ის მოუწოდებდა ხალხს, დაქორწინებულიყვნენ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებზე და ჰყოლოდათ ბევრი შვილი, რათა ეს ტენდენცია შეცვლილიყო. თავად ფიშერს 8 შვილი ჰყავდა. თუმცა ცხადია, ეს მოსაზრება აბსურდული იყო. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ერის ჯამური IQ მუდმივად იკლებდა. თუმცა ევგენიკით გატაცებამ ფიშერი ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა.

საღამოობით, კორელაციური კოეფიციენტების დაანგარიშებასა და ბავშვებთან თამაშის პერიოდებს შორის, ფიშერი ბუნებრივ გადარჩევაზე ფიქრობდა. ფიშერისთვის ბუნებრივი გადარჩევა იყო ისეთივე ძალა, როგორც ტალღები, რომლებიც სანაპიროს ეხეთქებიან. ზოგჯერ ისინი შეუბრალებლად მძვინვარებენ, ზოგჯერ კი ნაზად მოძრაობენ. სწორედ ასე შეიძლებოდა, ბუნებრივი გადარჩევაც ძლიერი ან სუსტი ყოფილიყო, თუმცა არასდროს უჩინარდებოდა. სანაპიროს როლში ამ შემთხვევაში სახეობებში არსებული ვარიაციები იყო – ხდებოდა მათი გაცხრილვა, დაჯგუფება და დახარისხება, რაც ევოლუციის მოქმედების პრინციპს წარმოადგენდა. ამ იდეებს ფიშერმა „ბუნებრივი გადარჩევის ფუნდამენტური თეორემა” უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო უმაღლესი კანონი ბიოლოგიის მეცნიერებაში. მასშტაბების, ძალისა და საყოველთაოობის მხრივ ის თერმოდინამიკის მეორე კანონსაც კი შეადარა.

ფიშერმა ბუნებრივი სელექცია ფორმულად აქცია. თუმცა ფორმულა არაფერია, თუ მას არ გააჩნია მხარდამჭერი მონაცემები. საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად მოქმედებს და რაიმე სასარგებლოს ამბობს ცოცხალ, მსუნთქავ, გამრავლებად არსებებზე. ამ ყველაფერს მივყავართ ერთფეროვანი გარეგნობის მქონე არყის ჩრჩილამდე (Biston betularia).


იყო დრო, როცა არყის ჩრჩილს წინწკლებიანი სპილოს ძვლის შეფერილობა ჰქონდა, რაც ერთგვარი ადაპტაცია გახლდათ, ახდენდა ჩრჩილის კამუფლაჟს ტყის ხავსზე ყოფნის დროს და იცავდა მასზე მონადირე ფრინველებისგან. მაგრამ შემდეგ სამრეწველო რევოლუცია დაიწყო. გამონაბოლქვი ანადგურებდა ხავსს და აშავებდა ხეებს. ჩრჩილებს აღარ ჰქონდათ კამუფლაჟის უნარი და ადვილად მოსაპოვებელი გახდნენ ჩიტებისთვის. ამიტომაც მათ დაიწყეს განვითარება, თანაც სწრაფად. ახალმა, მუქმა ფორმამ დაიწყო გავრცელება და 1950-იან წლებში ისინი უკვე მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ბინადრობდნენ.

ბიოლოგი ბერნარდ კეტლუელი ატარებდა ექსპერიმენტებს და ითვლიდა ბუნებრივი გადარჩევის ძალასა და ცვლილების სიხშირეს. მან დაადგინა, რომ ცხოველების, მცენარეებისა და ადამიანების ნიშან-თვისებები მუდმივ ზემოქმედებას განიცდიდნენ და შესაბამის პირობებში 50 თაობაში ერთი შტრიხი მთლიანად იცვლებოდა მეორეთი. მრავალ ნიშან-თვისებაზე ასეთი ზემოქმედება კი ახალი სახეობების განვითარებას იწვევდა.

არყის ჩრჩილიც აგრძელებდა განვითარებას. 1956 წელს შემოღებული სუფთა ჰაერის აქტის შედეგად ცა და ხეები გამონაბოლქვისგან გაიწმინდა. მუქი ჩრჩილები ისევ გაუჩინარდნენ და დაბრუნდნენ ღია შეფერილობის ჩრჩილები. ევოლუცია ამჯერად საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. როგორც აღმოჩნდა, ბუნებრივი გადარჩევა უბრალოდ კი არ არსებობდა, არამედ გაცილებით ძლიერი იყო, ევოლუცია კი უფრო სწრაფი, ვიდრე ეს დარვინს წარმოედგინა.

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მალავის ტბა დარვინისტების საოცნებო ადგილია. აფრიკის სამი უდიდესი ტბიდან ერთ-ერთი დევიდ ლივინგსტონმა მაშინ აღმოაჩინა, როცა „სახეობათა წარმოშობის” ბეჭდვა იწყებოდა. მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის აღმოჩენას, თუ რამდენად საოცარი თევზები ბინადრობდნენ ამ ტბაში. ისინი წარმოადგენენ დარვინის თეორიის ძალიან მარტივ, ამავე დროს ლამაზ მტკიცებულებას. თუკი მათ შორის გაცურავთ, ადვილად შეამჩნევთ, რამდენად განსხვავებულნი არიან. მათ აქვთ სხეულის სხვადასხვა ფორმა, პირი და კბილები, შეფერილობა და შეწყვილების ტრადიციები, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ერთი ტაქსონომიური ოჯახის, ციხლიდების წევრები არიან.


2 მილიონი წლის წინ ციხლიდი მალავის ტბაში აღმოჩნდა და გამრავლება დაიწყო. დროთა განმავლობაში წყლის დონე ხან იმატებდა, ხან კლებულობდა, ქმნიდა სხვადასხვა საარსებო პირობებს თავისი უნიკალური რესურსებით და თითოეულ მონაკვეთში იქმნებოდა ციხლიდების განსხვავებული ჯგუფები. ამჟამად კი აქ მყოფი სახეობების რაოდენობა 400-500-ს, შეიძლება 600-საც აღწევს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ევროპის ან მთელი ამერიკის ტბებში მობინადრე თევზების სახეობები. მაგრამ მთავარი მაინც არა მათი რაოდენობა, არამედ მრავალფეროვნებაა. ზოგიერთი მათგანი პატარა კბილებით ხავსებს გლეჯს საკვებად, ზოგი ქვიშაში ეფლობა თავით, პირს აღებს და ქინქლებს ისრუტავს, ზოგიერთი კი ბასრი კბილებითაა აღჭურვილი და სხვა თევზებზე ნადირობს. და მიუხედავად ამისა, მათ საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ევოლუციური მოვლენაა, რომელიც ამ პლანეტაზე მომხდარა მისი არსებობის ისტორიაში.

1950-იანი წლების მიწურულს ევოლუციის თეორიას ახალი ფორმულა ჰქონდა – ბუნებრივი გადარჩევის, იზოლაციის, მენდელისეული მემკვიდრეობისა და მათემატიკური თეორიის ჯამი. მას „ნეოდარვინისტული სინთეზი” ეწოდა. ფორმულა მთლად დარვინისეული არ ყოფილა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. „სახეობათა წარმოშობის” 100 წლისთავზე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დარვინის ხედვამ გაიმარჯვა. ყველა დარვინის მომხრე იყო და შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც კი, ვიდრე თვითონ დარვინი.

მიუხედავად იმისა, რომ დარვინის თეორია მეორე საუკუნეში გადადიოდა, რიგი ანომალიები ამოუხსნელი რჩებოდა. ბუნებრივმა გადარჩევამ გაიმარჯვა, მაგრამ ცხოველთა ზოგიერთი ქცევის ახსნა მხოლოდ მისი მეშვეობით ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი იყო ალტრუიზმი. რატომ უნდა ახასიათებდეს ზოგიერთ ცხოველს უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის, როცა ის ცხოვრობს ისეთ სამყაროში, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის?


ტერმიტები შეთანხმებულად მოქმედებენ და აფრიკულ მდელოებზე უზარმაზარ ბორცვებს აგებენ. ტერმიტების ბუდის შენებაში მონაწილეობს მილიონობით ალტრუისტი – ჯარისკაცები და მუშები, რომელთა სიცოცხლე ემსახურება დედოფლის დაცვასა და გამოკვებას. ისინი ერთგვარი საჭურისები არიან ტერმიტულ სახელმწიფოში და მათი არსებობის ახსნა საკმაოდ რთულია. დარვინისტული ლოგიკის მიხედვით, ცოცხალი არსებების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს ბუნებრივი გადარჩევა, რათა გაზარდოს მათი გამრავლების შანსები. მიუხედავად ამისა, ტერმიტების ნაწილი უნაყოფოა – მათ არ შეუძლიათ შთამომავლობის დატოვება. ისინი მუდმივად სხვას ემსახურებიან და სავარაუდოდ არც ჯილდოს იღებენ ამისთვის. რატომ?

1964 წელს ზოოლოგმა ბილ ჰამილტონმა ალტრუიზმის პრობლემასთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაძლო ახსნა, რომელიც განმარტავდა სოციალური მწერების არსებობის მიზეზს. ჰამილტონი მიხვდა, რომ ნებისმიერი კოლონიის წევრები ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირში იყვნენ. შესაბამისად, მათ ჰქონდათ საერთო გენები და დედოფალი გენების გამრავლებას მისი შეხედულებისამებრ ახდენდა. გასაღებიც ეს იყო – ბუნებრივი გადარჩევა მნიშვნელობას ანიჭებდა არა ინდივიდების, არამედ გენების ბედს. ჯარისკაცი ტერმიტები თავიანთ სიცოცხლეს წირავდნენ დედოფლის სასარგებლოდ, რადგან მას მათი გენები ჰქონდა. დედოფლისადმი ცხოვრების მიძღვნით უფრო მეტად მრავლდებოდა მისი და შესაბამისად, ჯარისკაცთა გენები, ვიდრე ისინი ამას დედოფლისგან დამოუკიდებლად მოახერხებდნენ. ამ აღმოჩენამ სერიოზულად გააფართოვა დარვინიზმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას – სოციობიოლოგიას, როგორც უწოდებდა მას ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ედვარდ უილსონი. ხოლო ოქსფორდის მეცნიერმა რიჩარდ დოკინსმა სლოგანიც მოუფიქრა – ეგოისტური გენი.

სოციობიოლოგები ბუნებრივი გადარჩევის დახმარებით ხსნიდნენ ყველანაირ უცნაურ ქმედებას, რაც ცხოველებს ახასიათებდათ. თანაც არა ინდივიდების, არამედ მათი გენების განხილვით. არც ადამიანებში იყო განსხვავებული სიტუაცია – ჩვენი ქმედებებიც იხსნება იმ გენეტიკური პროგრამებით, რომლებიც ბუნებრივმა გადარჩევამ ჩამოაყალიბა. ცხადი გახდა, რომ სოციობიოლოგიის ტრიუმფი იწყებოდა, რაც თავისთავად ნიშნავდა ბუნებრივი გადარჩევის გამარჯვებას. ძალა, რომელიც დარვინის დროს სუსტი და დროებითი ეგონათ, ამჯერად ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი იყო. თუმცა დარვინმა უფრო მეტი რამ დაგვიტოვა, ვიდრე ბუნებრივი გადარჩევა და ევოლუციის მექანიზმია – მან გვითხრა, რომ სიცოცხლის ისტორია იყო შთამბეჭდავი ძალებისა და მასშტაბების ამბავი, რომელიც ჩვენ უნდა აღმოგვეჩინა.

* მომზადებულია BBC-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

გაგრძელება : ის, რაც დარვინმა არ იცოდა

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button