1.ბუნებითი მდგომარეობა და ბუნებითი უთანასწორობა
ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის თემა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა რუსოს წინამორბედ ისეთ ავტორებთან, როგორიც იყო ჰობსი, ლოკი მონტესკიე, შესაბამის გაგრძელებას და გამოყენებას პოვებს რუსოს დოქტრინაში. განათლების პრობლემებზე შექმნილ ნაშრომში, “ემილი ანუ აღზრდის შესახებ”, პირველი, რასაც ბავშვზე დაკვირვებისას აღმოაჩენს რუსო ბავშვზე დაკვირვებისას, არის მისი ბუნებითი თავისუფლება, რომელიც შემდგომში შეზღუდული უნდა გახდეს მრავალი საზოგადოებრივი პირობითობით და ათასგვარი პოლიტიკური მექანიზმებით. პირველი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელსაც რუსო წამოაყენებს “გააზრებებში ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობის შესახებ”, შეეხება, ერთი მხრივ, იმ უთანასწორობის ბუნებითად რომ არსებობს ადამიანებს შორის და მეორე მხრივ, იმ უთანასწორობას შორის გამიჯვნას, რომელიც გაჩენილია თავად ადამიანთა ძალისხმევით (1.31). კვლევის გავრცელებული მოდელის მიხედვით, ამ უკანასკნელის შესასწავლად, ჯერ უნდა განვიხილოთ ადამიანი პირველშობილი, დაუმახინჯებელი სახით და, მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა ვცადოთ გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს და როგორ შეიქმნა უთანასწორობა საზოგადოებაში.
ადამიანთა ყოფას ბუნებრივ მდგომარეობაში არეგულირებს ბუნებითი სამართალი. რას წარმოადგენს ის კონკრეტულად იოლი აღმოსაჩენი როდია, რადგან სხვადასხვა ავტორთან მის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ვპოულობთ. შესწავლის ერთი გზა გულისხმობს დაკვირვებას პირველყოფილ საზოგადოებაზე, მათი ცხოვრების წესის და ვალდებულებების ანალიზს. მეორე გზა იქნება, თუ ამ თემაზე შექმნილ პოლიტიკურ ლიტერატურას გვერდით გადავდებთ და დავაკვირდებით თავად ადამიანის სულის უმარტივეს იმპულსებს. ამ გზით აღმოვაჩენთ ორ უმთავრეს საწყისს, რომლებიც წინ უსწრებენ გონით აქტივობას.. ერთი მათგანი ადამიანს უბიძგებს იზრუნოს საკუთარ თვითშენარჩუნებაზე, მეორე კი ზიზღის გრძნობით აღგვავსებს, როდესაც ვხედავთ სხვა მგრძნობიარე არსების, განსაკუთრებით კი ჩვენი მსგავსი არსების დაღუპვას. თუ ამ ორ საწყისს, ფიქრობს რუსო, მესამეს, თანაცხოვრების პრინციპს დავუმატებთ, შეგვეძლება გამოვიყვანოთ ბუნებითი სამართლის ყველა დანარჩენი კანონი. ასე მაგალითად, მათი გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვიდრე ადამიანს არ გაუჩნდება თანაგრძნობისადმი ბუნებრივი შემაკავებელი იმპულსები, მანამდე ის ვნებას არ მიაყენებს სხვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იძულებულია თავი დაიცვას.
გამოკვლევამ ადამიანის ბუნებითი მდგომარეობის შესახებ, უნდა “დაიჭიროს” ის მომენტი, როდესაც ბუნებისა და ძალადობის ადგილი უფლებამ დაიკავა და პირველი ორი დაუქვემდებარა კანონს ისე, რომ ამას მოჰყვა სასწაული და უფრო ღონიერი დაემორჩილა უფრო სუსტს, ხოლო ხალხმა იყიდა წარმოსახვითი სიმშვიდის ბედნიერება. ამრიგად, მეთოდი, რომლის გამოყენებასაც რუსო პრობლემის ანალიზისათვის ცდილობს, გულისხმობს: ა) განყენებას ფაქტიური მასალიდან და ბ) არა იმდენად ისტორიაზე დაყრდნობას, არამედ დაშვებებს და და მათგან გამომდინარე პირობების კვლევას, რომლებიც საგანთა ბუნებას უფროშეესაბამება, ვიდრე ნამდვილ წარმოშობას. ამ გაფრთხილების ფონზე, რუსო ცდილობს გაკვრით მაინც შეეხოს იმ ავტორების თვალსაზრისს, რომლებიც ბუნებით მდგომარეობას იკვლევდნენ. ადამიანის ბუნებითი ყოფა მათ მიერ სხვადასხვანაირადაა დახატული. თუ ჰობსი მას წარმოიდგენდა ძალმომრეობის სფეროდ, გროციუსი და პუფენდორფი, პირიქით, თვლიდნენ, რომ ადამიანი ბუნებით ისეთი მფრთხალი არსებაა, რომ შეუძლებელია ის ძალადობის მომხრე იყოს. ადამიანის პირველი ნიშანი, რომლითაც რუსო ინტერესდება, არის ენა. ამ საკითხზე რუსოს ცალკეული გამონათქვამები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რუსო ადამიანის “ბუნებით მდგომარეობაზე” მსჯელობისას, მხედველობაში იქონიებს პირველყოფილი ადამიანის ყოფას, რომელიც იმთავითვე მჭერნეტყველი როდია. ენა, როგორც ამაში კონდილიაკის შრომები გვარწმუნებს, შეძენილია და თანაც ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე. თავის მხრივ, ენაზე მსჯელობა რუსოს ესაჭიროება დასკვნას — ბუნებამ ძალზე ცოტა რამ გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან დაახლოებულიყვნენ და ეგრძნოთ ურთიერთსაჭიროება. “შეუძლებელია წარმოვიდგინოთ — წერს რუსო — თუ რისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს მეორე ადამიანი უფრო მეტად, ვიდრე მაიმუნს ან მგელს ჭირდება თავისი მსგავსი” (1.62). თუკი რომელიმე ერთ ადამიანს მართლაც ჰქონდ ამგვარი საჭიროება, აუხსნელი რჩება, რამ უბიძგა კავშირზე წასასვლელად მეორეს. და ბოლოს, გადაულახავ პრობლემად რჩება ის, თუ როგორ მოახერხეს მათ მოლაპარაკება. ბოლოს, რუსო შემდეგნაირად აჯამებს თავის მოსაზრებებს ადამიანის პირველყოფილი არსებობის თაობაზე: ტყეში მაწანწალა ველური ადამიანი, სულაც არ გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით. მას არ ჰქონდა საცხოვრებელი, არ ჰქონდა ენა და არ საჭიროებდა თავის მსგავსებთან კონტაქტს თავის გასატანად. არ არსებობდა არც განათლება და არც პროგრესი. უნაყოფოდ მრავლდებოდნენ თაობები, რადგან თითოეული მათგანი იგივე წერტილიდან იწყებდა, საიდანაც წინამორბედი.
მთელი საუკუნეები მიედინებოდა პირველყოფილ ველურობაში: მოდგმა უკვე ბებერი იყო, როცა ადამიანი ბავშვად რჩებოდა. რუსო წერს: “მე გამუდმებით მიმტკიცებენ, რომ უფრო ძლიერი აუცილებლად დაჩაგრავდა ამ დროს უფრო სუსტს. მაგრამ მინდა ამიხსნან, თუ რას გულისხმობენ “ჩაგვრაში”. იმას, რომ ერთნი იბატონებენ ძალის გამოყენებით და მეორენი დაემორჩილებიან მათ ყველა სურვილს. მაგრამ ეს ხომ იგივე ვითარებაა, რომელსაც ჩვენს ირგვლივ მყოფთა შორის ვამჩნევ, თუმცა ვერ გამიგია, როგორ შეიძლება იგივე ვითარება ველურთა შორის არსებულიყო, რომელთათვისაც ბოლომდე გაუგებარი იქნებოდა, თუ რას ნიშნავს დამონება და ბატონობა” (1.70). შეგვიძლია დავუშვათ, რომ ერთმა ველურმა მეორეს წაართვა გამოქვაბული, ნანადირევი, მაგრამ გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია მან აიძულოს ვინმე მის სასარგებლოდ იმუშაოს, რადგან ამის მცდელობით ის თავს უფრო მძიმე დღეში ჩაიგდებს, ვიდრე მანამდე იყო. ის ხომ მუდმივად ჩემი ყარაული უნდა გახდეს, რომ არ გავიქცე, ან რაიმე არ მოვპარო, ან სულაც არ მოვკლა. რისკენაც რუსოს მსჯელობის წაყვანა სურს ის გახლავთ, რომ ბუნებით სიტუაციაში არ არსებობს ერთი ადამიანის მეორეზე ბატონობის მექანიზმები.
რუსო აკეთებს დასკვნას, რომ მონობა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდეს, რაც ადამიანებს გაუჩნდებათ ურთიერთსაჭიროება. იმისათვის, რომ ადამიანი დაიმონო, ის უნდა ჩააყენო ჯერ ისეთ მდგომარეობაში, რომ არსებობა გაუძნელდეს მეორე ადამიანის გარეშე. ბუნებრივ მდგომარეობაში ამგვარი რამ შეუძლებელია განხორციელდეს. ადამიანი თავისუფალია ყველაფრისაგან, მათ შორის კანონისაგანაც, ხოლო ძალის კანონი აქ არ მუშაობს.
როგორც ზემოთ ითქვა, არსებობს ორი სახის უთანასწორობა ადამიანებს შორის. ერთია ბუნებრივი, ანუ ფიზიკური უთანასწორობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობა, სხეულებრივი, თუ გონებრივი ძალები და, ა.შ. მეორეა პირობითი, ანუ პოლიტიკური უთანასწორობა. ის მყარდება ადამიანთა შორის გარკვეული კონვენციის საფუძველზე. ასე განისაზღვრება ვინ არის უფრო მდიდარი და ეს მდიდარი სხვებს აიძულებს მორჩილებას.
სამოქალაქო საზოგადოება შექმნა მან, ვინც პირველმა შემოღობა მიწის ნაკვეთი და თქვა _ “ეს ჩემია”! (1.72). ვინმე ღვთისნიერი რომ გამოჩენილიყო, ფიქრობს რუსო, რომელიც ღობეს მოარღვევდა და იტყოდა, რომ მიწა ყველასთვის საერთოა, ის გადაარჩენდა კაცობრიობას. მით უფრო, რომ ასეთ ხანაში “საკუთრებაზე” საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან უნდა გასულიყო საკმაო ხანი, რათა ადამიანს შესაბამისი იდეა გასჩენოდა. სინამდვილეში, ველური ადამიანის პირველი გრძნობა საკუთარი არსებობის შეგრძნება იყო, ხოლო მისი პირველი საზრუნავი თვითშენარჩუნება. შიმშილმა და სხვა გრძნობებმა ადამიანი აიძულა ეძებნა თვითშენარჩუნების გზები. პირველყოფილ ჯოგად ადამიანები გაერთიანდნენ უკეთესი ცხოვრების მიღწევის მოთხოვნილებით. აქედან გაჩნდა საერთო ინტერესების გაცნობიერება, რასაც მოსდევს ურთიერთვალდებულებების იდეა და ენის, კომუნიკაციის საჭიროება. ასე მოვდივართ ოჯახის იდეამდე, ხოლო ოჯახი უკვე თავად არის საკუთრების პირველი, თავისებური ფორმა, რადგან ოჯახი არის პატარა საზოაგდოება. გასათვალისწინებელია, რომ “საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში” რუსო ოჯახს საზოგადოების გარეთ აყენებს, რადგან დღევანდელ კონვენციონალურ საზოგადოებაშიც ოჯახი რჩება ერთადერთ ბუნებით ფორმად. მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილები წამოიზრდებიან, მათ შეუძლიათ ბუნებითი თავისუფლებით ისარგებლონ, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ მშობლებთან ცხოვრებას, ასეთი ოჯახი უკვე კონვენციონალურია (3.153).
სწორედ აქ ჩნდება პირველად საკუთრება: “იმ წუთიდან, როგორც კი ერთ ადამიანს გაუჩნდება მეორის საჭიროება, როგორც კი ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ძალზე სასარგებლოა ორ კაცზე მეატად საკუთრების მომოარაგება _ გაქრება თანასწორობა. შრომა აუცილებლობად იქცევა. საზოგადოების ამ მიმათულებით განვითარებას ხელი შეუწყო მეტალის აღმოჩენამ და სოფლის მეურნეობის განვითარებამ. მიწის განვითრებას თან ახლავს მისი დანაწილება. როგორც კი გააჩნდა საკუთრება მიწაზე, მაშინვე გაჩნდა სამართალიც, რომელსაც უნდა დაეკანონებინა ეს საკუთრება. რუსო აქ იმეორებს ლოკის დებულებას, რომ საკუთრება შრომის საფუძველზე წარმოიშვება, რადგან ადამიანს არაფერი ჰქონდა შრომის გარდა ნივთისათვის რომ მიემატებინა.
საკუთრების უფლება, როგორც რუსო ფიქრობს, განსხვავებულია იმ უფლებათაგან, რომლებიც ბუნებითი სამართლიდან გამომდინარეობენ. მას შემდეგ, რაც გაჩნდა საკუთრება, ავტომატურადვე არ გაჩენილა უთანასწორობა. ეს უკანასკნელი გაჩნდა მას შემდეგ, საკუთრებას დაემატა ბუნებითი უთანასწორობაც. სწორედ ამ ორი ელემენტის ერთიანობამ შეადგინა პოლიტიკური ანუ სამოქალაქო უთანასწორობა.
საზოგადოების განვითარების შემდგომ გზას რუსო ასე წარმოგვიდგენს: სიმდიდრის საწყისი წყაროების მიწა და საქონელი. მას შემდეგ, რაც საკუთრებამ მემეკვიდრეობითი ხასიათი მიიღო, მან ძალზე სწრაფად დაიწყო ზრდა. ადამიანთა სამფლობელოების შეხებაში მოსვლის შემდეგ, შემდგომი ზრდა მხოლოდ ერთმანეთის ხარჯზე იყო შესაძლებელი. აქედან, წარმოიშვა ძალადობა, ძარცვა, მეზობლების დამონება და მათი ქონების მითვისება. ადამიანთა შორის თანასწორობის დარღვევას მოჰყვა შეხლა-შემოხლა. დამკვიდრდა ძლიერის უფლება, რის შემდეგაც ვითარების შემდგომი სვლა ჰობსის, მუდმივი ომის სცენარით მიმდინარეობს. ომი სრულდება ადამიანთა გაერთიანებით, რომლის ინიციატორი მდიდარია. გაერთიანების შედგი არის პოლიტიკური ორგანიზმი. ჩნდებიან მმართველები და მართულები, რომელთა ურთიერთობას საფუძვლად უდევს ხელშეკრულება. ამ უკანასკნელით განისაზღვრება პოლიტიკური მმართველობა, რომელიც ისევ ხალხის არჩეულია, თუმცა ხელშეკრულების ორივე მხარეა ვალდებული დაიცვას მისით გათვალისწინებული კანონები. ადამიანებმა ხომ მმართველი აირჩიეს არა იმისათვის, რომ დამონებოდნენ, არამედ იმისათვის, თავიანთი თავისუფლების დასაცავად.
2. საზოგადოებრივი ხელშეკრულება
“ემილში” (წიგნი II, $35) რუსო ლაპარაკობს დაქვემდებარების ორ წესზე: ერთი არის ადამიანის დამოკიდებულება საგნებზე, ხოლო მეორე სხვა ადამიანებზე (რაც საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში იქმნება). პირველი დამოკიდებულება არაფერ ნაკლოვანს არ აჩენს ადამიანებში. რაც შეეხება მეორეს, თუ ის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში იქნა, აუცილებლად უბედურების წყაროდ იქცევა. ადამიანთა შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სამართალს, რომელიც მთლიანად კონვენციონალურ საფუძველაზეა ამოზრდილი. იმისათვის, რომ კონვენცია შედგეს, ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფლება ადამიანის ბუნებითი მახასიათებელია და მასზე უარის თქმა ადამიანურ ბუნებაზე უარის თქმას უტოლდება. მართალია, ადამიანებს არ შეუძლიათ ახალი ძალების შექმნა, მაგრამ მათ შეუძლიათ უკვე არსებული ძალების გაერთიანება და ერთი მიმართულებით წაყვანა.
ეს შესაძლებელია საზოგადოებრივი ხელშეკრულებით, რომლის მიზანია ასოციაციის ისეთი ფორმის პოვნა, რომელიც შემოსაზღვრავს და იცავს საერთო ძალით ასოციაციის თითოეულ წევრის პიროვნებას, და ქონებას და რომლის წყალობითაც, ყოველი ადამიანი, სხვებთან გაერთიანებით, ამავე დროს, ემორჩილება მხოლოდ საკუთარ თავს და ისეთივე თავისუფალი რჩება, როგორიც მანამდე იყო (3.160). რუსო აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ასეთი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ღია სახით, არ დაფიქსირებულა არსად. მაგრამ მისი პუნქტები იდენტურია ყველა დროში ყველა ხალხისათვის და ისინი მიღებულია ხმის ამოუღებლად. თუ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას განვეყენებით ყველა იმ პუნქტში, რომელიც არ შეადგენს მის არსებას, აღმოვაჩენთ, რომ ის დაიყვანება შემდეგ დებულებებამდე: ყოველი ჩვენთაგანი საერთო საკუთრებაში გადასცემს და უმორჩილებს თავის პიროვნებას და მთელ თავის ძალებს ერთიანი ნების უმაღლეს ხელმძღვანელობას, რის შედეგედაც, ყველა ჩვენთაგანი გადაიქცევა მთელის მოუწყვეტელ ნაწილად” (3.161).
ასე იქმნება პირობითი კოლექტიური მთელი, რომელიც იმდენი პირისაგან შედგება, რამდენიც ერთიანდება მასში. აღნიშნული აქტის ძალით, ეს მთელი იძენს თავის ერთიანობას, თავის საერთო მე-ს, სიცოცხლეს, და ნებას. ის არის იურიდიული პირი, სხვა პირთა გაერთიანებით შექმნილი, რომელიც ამიერიდან იწოდება სამოქალაქო საზოგადოებად, რესპუბლიკად ან პოლიტიკურ ორგანიზმად. ამ გაერთიანების წევრები პასიურ მდგომარეობაში მყოფს, მას უწოდებენ სახელმწიფოს, ხოლო აქტიურ მდგომარეობაში განხილულს კი სუვერენს. ერთიანობაში განხილული თავად ასოციაციის წევრები ხალხად იწოდება, ხოლო თუ მათ ცალ-ცალკე ავიღებთ, ისინი შეადგენენ მოქალაქეებს. მათვე შეიძლება ქვეშევრდომები ეწოდოთ იმდენად, რამდენადაც ისინი ამ სახელმწიფოს კანონებს ექვემდებარებიან. რუსო საზოგედოებრივი ხელშეკრულების კონსტიტუციაში განასხვავებს “ყველას ნებას” და “საერთო ნებას”. მხოლოდ ამ უკამასკნელს კრავს საერთო ინტერესები და მხოლოდ ეს უაკანასკნელი ქმნის ერთიან სუბიექტს მაშინ, როდესაც პირველი არის კერძო ინტერესების კრებული. სწორედ საერთო ნება ქმნის რუსოს თეორიის ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა სუვერენი.
რა სახის ცვლილებებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბუნებრივი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ მდგომარეობაზე გადასვლის შემთხვევაში? ადამიანში სამართლიანობის გრძნობა შეენაცვლება ინსტინქტს და ამით ადამიანის ქცევას ენიჭება ისეთი ზნეობრივი ხასიათი, რომელსაც ის აქამდე სრულიად მოკლებული იყო. მას შემდეგ, რაც სამართლის გრძნიბა შესცვლის მიდრეკილებებს, ვნებებზე ამაღლდება ვალდებულების გრძნობა. ასეთ პირობებში, ცხადია, ადამიანი დაკარგავს ბევრ თვისებას, რომელიც მანამდე, ბუნებრივ მდგომარეობაში ჰქონდა. თუმცა, ამასთანავე შეიძენს ბევრ ახალ ნიშანს, რომელი მას უფრო კეთილშობილს და უკეთეს მდგომარეობაში მყოფს გახდის.
პრაქტიკულად, სამოქალაქო ხელშეკრულება ადამიანს გამოგლეიჯს ცხოველურ ყოფას და შეზღუდული არსებიდან, გონიერ არსებად აქცევს. ადამიანი კარგავს ბუნებით თავისუფლებას, რომლის საზღვარსაც ინდივიდის ფიზიკური ძალა წარმოადგენდა და იძენს სამოქალაქო თავისუფლებას, რომელიც სართო ნებითაა შეზღუდული. დავურთოთ ამ სამოქალაქო თავისუფლებას მორალური თავისუფლება და მაშინ უფრო მეტი საფუძვლიანობით შეგვეძლება განვსაზღვროთ თავისუფლების ზოგადი ცნება, რადგან მორალური თვისუფლება არის ის, რაც ადამიანს აქცევს თავის თავის უფლად. მხოლოდ საკუთარი სურვილების და ვნებების კარნახით მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა მონობა მაშინ, როდესაც იმ კანონის მიხედვით მოქმედება, რომელიც თავად დაუდგინე საკუთარ თავს, არის ჭეშმარიტი თავისუფლება.
3.სუვერენის ცნება.
საზოგადოებრივი ხელშეკრულებით, ყოველი ინდივიდი შედის რა საკუთარ თავთან ხელშეკრულებაში, თავის თავზე იღებს, ასე ვთქვათ, ორმაგ ვალდებულებას ა) როგორც სუვერენის წევრი კერძო პირების მიმართ და ბ) როგორც სხელმწიფოს წევრი სუვერენის მიმართ. თუ ინდივიდი ორმაგ მიმართებაში იმყოფება ამით სუვერენთან, თავად სუვერენის მიმართება მხოლოდ ერთადგილიანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსოს მიხედვით სუვერენი თავად ხალხია, შეგვიძლია აქედან გამომდინარე გავიაზროთ მის კომპეტენცია, რომელიც ავტორის მიერ აღიწერება ასე: “რამდენადაც სუვერენს საკუთარი თავის განხილვა მხოლოდ ერთი მიმართებით შეუძლია, ის აღმოჩნდება კერძო პირის მდგომარეობაში და რადგანაც ეს ასეა, მაშინ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს არავითარი ძირითადი კანონი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა ხალხისათვის მთლიანობში. სავალდებულო მისთვის არ არის არც საზოგადოებრივი ხელშეკრულება”(3.162-163). თუმცა ხალხს შეუძლია აიღოს ვალდებულება უცხოს მიმართ, საკუთარი თვის მიმართ რაიმე ვალდებულების აღებას ხალხის მიერ რუსო გამორიცხავს. სუვერენი, რა თქმა უნდა, იქმნება საზოგადოებრივი ხელშეკრულებით, მაგრამ ამ ხელშეკრულებას მისთვის არა აქვს აუცილებელი ხასიათი. დე ჯურე მას შეუძლია ხელშეკრულების დარღვევა, დე ფაცტო არ დაარღვევს მას, რადგან იმ აქტის დარღვევა, რომლის წყალობითაც ის არსებობს, საკუთარი თავის განადგურებას ნიშნავს. სუვერენს არ გააჩნია არც საკუთარი თავის, არც მისი შემადგენელი ინდივიდების ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვა. ის არის ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიაც ხორციეკდება დე ფაცტო- დე ჯურე მხარეების სრული თახვედრა. მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს, სუვერენი ყოველთვის არის ის, რაც უნდა იყოს (3.163).
ნიშნავს თუ არა აღწერილი ვითარება ინდივიდის სრულ დაქვემდებარებას საზოგადოებისადმი? რუსო საპირისპიროში ცდილობს დაგვარწმუნოს. ინდივიდს, მისი აზრით, მაინც რჩება თავისუფალი ქმედების ველი. “ყოველ ინდივიდს — წერს ის — როგორც ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს თავისუფალი ნება, რომელიც საპირისპიროა, არ ემთხვევა საერთო ნებას, რომელიც აქვს მას როგორც მოქალაქეს. მისმა კერძო ინტერესებმა მას შეიძლება შთაუნერგონ განსხვავებული აზრი იმისაგან, რასაც საერთო ინტერესები მოითხოვს” (3.163). ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინდივიდს შეუძლია განუდგეს, არ დაეთანხმოს საერთო ნებას? რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? რუსოს აზრით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებსაც. თუ ვინმე უარს იტყვის დაემორჩილოს სერთო ნებას, მას საპირისპიროს აიძულებს მთელი ორგანიზმი, რაც იმას ნიშვანს, რომ მას აიძულებენ იყოს თავისუფალი. ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირობით. ყოველ მოქალაქეს, ხელშეკრულება უქვემდებარებს რა სამშობლოს, იმავდროულად ათავისუფლებს ყოველგვარი პირადი დამოკიდებულებისაგან. ეს ვითარება წარმოადგენს პოლიტიკური მანქანის საიდუმლოს და მის ძირითად მამოძრავებელ ძალას.
ასეთ შედეგებამდე მიდის რუსო ყოველ ინდივიდში ორგვარი ნების ფენომენის დაშვების შედეგად, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი. როგორც მოქალაქე, ინდივიდი ემორჩილება საერთო ნებას, მაგრამ ამავე დროს, მას როგორც ადამიანს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა გააჩნია. სინამდვილეში, რასაც აქ აღვნიშნავთ “ორი ნებით”, არის ორადგილიანი რელაცია — ერთი ინდივიდისა საკუთარ თავთან, მეორე კი სახელმწიფოსთან, ანუ სხვებთან. აღნიშნული რელაციის ბუნება, რომელიც მთლად ნათელი როდია რუსოს მსჯელობებში, იძენს შემდგომ დაკონკრეტებას სამოქალაქო სამართლის კონტექსტში. ამ ნორმების მიხედვით, არავის ევალება შეასრულოს ის ვალდებულებანი, რომელიც მან აიღო საკუთარი თავის წინაშე, რადგან ერთია ვალდებულება საკუთარ თავთან და მეორე ვალდებულება მთელთან რომლის წევრებიც ჩვენ ვართ. იგივე ვითარების ექსტრაპოლაცია ინდივიდუალური ადამიანიდან სუვერევზე, შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. კერძოდ, თუ მთელი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, მას ძალა ექნება ყველა ქვეშევრდომისათვის სუვერენთან მიმართებით, მაგრამ იგივე გადაწყვეტილება ვერავითარ ვალდებულებას ვერ დაადებს თავად სუვერენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნებოდა სიტუაცია რაღაც მსგავსი იმისა, როცა სუვერენს შეუძლია შემოიღოს კანონი, რომლისაგანაც ის ვერ გაათავისუფლებდა საკუთარ თავს, რაც ეწინააღმდეგება პოლიტიკური ორგანიზმის ბუნებას (3.162).
რა ქმნის ხელშეკრულების საზრისისმიერ საფუძველს? არსებობს თუ არა რაღაც ისეთი, რისკენაც მიმართულია ყველა მოქალაქის ძალისხმევა? რუსოს პასუხი დადებითია. ასეთი რამ არსებობს და სწორად ის ქმნის საზოგადოებრივი კავშირის საფუძველს. საზოგადოების სხვადასხვა წევრები ერთიანდებიან საერთო ინტერესების საფუძველზე, რომელთა მიზანსაც საერთო სიკეთე წარმოადგენს. თუ დავსვამთ კითხვას, რაში მდგომარეობს ხალხისათვის საერთო სიკეთე, რუსო მიუთითებს ორ ძირითად ფენომენზე _ თავისუფლებასა და თანასწორობაზე. თავისუფლებაზე, რადგან ყოველგვარი დამოკიდეულება, კერძო პირზე, ამცირებს სახელმწიფოს ძალას და თანასწორობაზე იმიტომ, რომ თავისუფლება ვერ იარსებებს მის გარეშე (3.188). სწორედ მის მისაღწევად იქმნება საერთო ნება, რომლის რეალიზაციასაც წარმოადგენს სუვერენი. “სუვერენიტეტი, რომელიც მხოლოდ საერთო ნების განხორციელებაა, არასდროს არ შეიძლება გაუცხოვდეს. სუვერენი სხვა არაფერია, თუ არა კოლექტიური არსება., რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ საკუთარი თავით. შავსებით შესაძლებელია ვინმესთვის ძალაუფლების გადაცემა, მაგრამ არა ნებისა” (3.168).
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ რუსოს თვალსაზრისი სუვერენის შესახებ თანდათანობით ისეთი შინაარსით ივსება, რომელიც უფრო ჰობსის აბსოლუტისტური თეორიისათვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სუვერენი რუსოსათვის არის ხალხი. რუსოს მტკიცება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების შესახებ, არ ფლობს დიდ დამარწმუნებელ ძალას იმ ტოტალობის ფონზე, რასაც შეადგენს ხალხი, როგორც სუვერენი. ინდივიდის ბედი რუსოს სახელმწიფოში კარგად ჩანს ერთ ასეთ ფრაგმენტში: “ვისაც საკუთარი სიცოცხლის შენერჩუნება სურს სხვის ხარჯზე, მზად უნდა იყოს მათთვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებად, თუ ეს საჭირი შეიქნა. … როდესაც მას ეუბნებიან ‘სახელმწიფოს სჭირდება რომ შენ მოკვდე’ — მაშინ ის უნდა მოკვდეს, რადგან მხოლოდ ამ პირობით ცხოვრობდა ის აქამდე უსაფრთხოდ და იმიტომაც, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ბუნების წყალობა კი არ არის, არამედ საჩუქარია, რომელიც გარკვეული პირობების ფასად მან მიიღო სახელმწიფოსაგან” (3.175).
სუვერენის ყოვლისმომცველი ძალაუფლება კიდევ უფრო მძიმდება მას შემდეგ, რაც რუსო უარს ამბობს იმაზე, რაც მონტესკიესათვის სამოქალაქო თავისუფლებათა ერთერთი მთავარი პირობა იყო – ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. რუსო აკრიტიკებს “ჩვენს პოლიტიკოსებს”, რომელთაც არ ესმით სუვერენის არსი და მიჯნავენ მის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ძალა და ნება. ანუ მიჯნავენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს. ამის შედეგად ერთმანეთშია აღრეული უმაღლესი ხელისუფლების გამოვლენის ფორმები და უმაღლესი ხელისუფლების ნაწილები. სუვერენი — როგორც ხალხის ნების გამოვლენა, როგორც უმაღლესი ხელისუფლება, დაუნაწევრებელია. ამისდა მიუხედავად, რუსო მაინც განასხვავებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის მხოლოდ ხალხს. რაც შეეხება მთავრობას, ის არის გამაშუალებელი ორგანიზმი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას ხალხსა და სუვერენს შორის, ახორციელებს როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკურ თავისუფლებებს.
4. სახელმწიფო
სახელმწიფოს რანგში რუსო განიხილავს რესპუბლიკის ცნებას. “რესპუბლიკა” რუსოს ენაზე ეწოდება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც იმართება დეპერსონალიზებული ხელისუფლებით, ანუ კანონებით. ამიტომ რესპუბლკა შეიძლება წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ დემოკრატიითა და არისტოკრატიით, არამედ ნებისმიერი მმართველობის ფორმით, რომელსაც საერთო ნება განაგებს, რომელის ფაქტიურად არის კიდეც კანონი. ეს კი ნიშნავს, რომ დაუშვებელია მმართველის მიერ საკუთარი თავის გაიგივება სუვერენთან. თავის მხრივ, კანონები მხოლოდ მოქალაქეთა ასოციაციის პირობებია. ყველა ორგანიზმი განწირულია სიკვდილისათვის და მათ შორის სახელმწიფოც.
სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ორგანიზმს, სხვა ორგანიზმების მსგავსად, არსებობისათვის ესაჭიროება შესაბამის სივრცე. რუსოს მსჯელობების მთელი წყება მიმართულია იმის დასადგენად, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ოპტიმალური ზომა. ამ ზომის გასარკვევად რუსოს შემოაქვს ორი კრიტერიუმი _ ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა. სახელმწიფოს ზომა გამოიყვანება ამ ორი ელემენტის კომბინაციიდან, რომელიც საკმაოდ მარტივი მსჯელობით დგინდება: “სახელმწიფოს შეადგენენ ადამიანები, ხოლო ადამიანებს კვებავს მიწა. ამრიგად, მიმართება მათ შორის უნდა იყოს ისეთი, რომ მიწა საკმარისი აღმოჩნდეს სახელმწიფოს მცხოვრებთა გამოსაკვებად, რომლებიც იმდენი უნდა იყვნენ, რამდენიც შეიძლება გამოიკვებოს ამ მიწით. ძალთა სწორედ ასეთი ბალანსი ქმნის მოსახლეობის ძალთა მაქსიმუმს” (3.186).
კანონების კონკრეტული სტრუქტურა განისაზღვრება იმ მიმართებებიდან, რომელსაც სახელმწიფო ამყარებს თავის თავთან და სხვასთან. სუვერენის სახელმწიფოსთან მიმართებიდან, მრავალი შუალედური ფორმის გავლით, გამოიყვანება პოლიტიკური კანონები. ისინი წარმოადგენენ ძირითად კანონებს. მიმართებათა მეორე ფორმას წარმოადგენენ ორგანიზმის ცალკეული წევრების მიმართება ერთმანეთთან, ანუ მიმართება მთალ ორგანიზმთან. ამ კანონების ბუნება ისეთია, რომ ყოველი მოქალაქე მართალია სრულიად დამოუკიდებელია მეორე მოქალაქისაგან, მაგრამ სამაგიეროდ დამოკიდებულია სამოქალაქო თემზე. ამ მიმართებიდან წარმოიშვება სამოქალაქო კანონები.
მესამე ტიპის მიმართება მყარდება ადამიანსა და კანონს შორის, დაუმორჩილებლობასა და სასჯელს შორის. ამ მიმართებიდან გამოიყვანება სისხლის სამართლის კანონები. თუმცა ეს კანონები განსაკუთრებული სახის კანონებს კი არ წარმოადგენენ, არამედ სხვა კანონებს ანიჭებენ განსაკუთრებულ სახეს. და ბოლოს, კანონების მეოთხე ტიპი, რომელიც ყველა მოქალაქეს გულში უნდა იყოს ჩადებული და, რომლებიც ჩამოთვლილთა შორის, რუსოს აზრით, ყველაზე უფრო მიშვნელოვანია, არის კანონები, რომლებიც გამოხატავენ სახელმწიფოს ჭეშმარიტ არსს, არის ზნეობა, ჩვეულებანი, საზოგადოებრივი აზრი (3.190-191).
პოლიტიკურ ორგანიზმში მამოძრავებელ ძალად განასხვავებენ ძალას და ნებას. ეს ორი ტერმინი რუსოს ასოცირებული აქვს პირველი აღმასრელებელ, ხოლო მეორე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და მხოლოდ ხალხს. რუსოს ეს მსჯელობა არის ერთგვარი პრელუდია მმართველობის ფორმების დასახასიათებლად. სუვერენს შეუძლია, ჯერ ერთი, მმართველობა გადასცეს მთელ ხალხს ან მის ნაწილს და ასეთ შემთხვევეში საქმე გვექნება დემოკრატიასთან. უნდა ითქვას, რომ რუსო მაინც და მაინც დიდი მოწონებით არ ეგებება დემოკრატიულ მმართველობას. ის ამბობს, რომ ნამდვილი დემოკრატია, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, არასდროს არსებულა და არც შეიძლებოდა არსებულიყო. ნამდვილი დემოკრატია უფრო ღმერთების კუთვნილებაა, ვიდრე ადამიანების. რუსოს არა მხოლოდ ჭეშმარიტი დემოკრატიის მიღწევა მიაჩნია შეუძლებლად, არამედ არ მოსწონს არც წარმომადგენლობითი ფორმა დემოკრატიისა. მას მიაჩნია, რომ ყოველი მოქალაქის ვალია უშუალოდ იყოს ჩართული სახელმწიფო საქმეებში. ამ მოთხოვნის თეორიული საფუძველი რუსოს არგუმენტაციაში ასე ჟღერს: “სუვერენიტეტი არ შეიძლება ვინმეს მიერ იყოს წარმოდგენილი ისევე, როგორც ის არ შეიძლება იყოს გაუცხოებული. ის არსებითად მდგომარეობს საერთო ნებაში, ხოლო ნებას კი არ შეიძლება წარმოადგენდეს სხვა” (3.221-222). აქედან რუსო ასკვნის, რომ ე.წ. “ხალხის დეპუტატები” სულაც არ არიან ხალხის წარმომადგენლები. რუსო უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ყოველი კანონი, რომელიც არ არის დამტკიცებული ხალხის მიერ, არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს კანონად.
იმ შემთხვევეში, როდესაც სუვერენი მმართველობას მიანდობს მცირე რაოდენობის ადამიანებს და მაშინ საქმე გვაქვს არისტოკრატიულ მმართველობასთან. არსებობს არისტოკრატიის რამდენიმე სახე: ბუნებრივი, არჩევითი და მემკვიდრეობითი. პირველი მათგანი დამახასიათებელი იყო ხალხთა ისტორიის განვითარების საწყის ეტაპზე. ამ ფორმებს შორის მესამე ფორმა რუსოს ყველაზე უფრო უვარგისად მიაჩნია, ხოლო მეორე ყველაზე უკეთესად, რადგან, საკუთრივი აზრით, სწორედ ისაა არისტოკრატია. თუ მმართველობა კონცენტრირებულია ერთადერთი მმართველის ხელში, მაშინ ქვეყანაში მონარქიული მმართველობაა. მონარქი რუსოსათვის არის კრებითი არსება, რომელიც წარმოდგენილია ფიზიკური პირის სახით.
მთავრობის დანიშვნა არ არის ხელშეკრულება. მთავრობის დანიშვნა კანონია (3.226). მთავრობის დანიშვნის აქტი შედგება ორი ქვემდებარე აქტისაგან. ეს გახლავთ ა)კანონის დადგენა და ბ)კანონის შესრულებისაგან. პირველით სუვერენი ადგენს სამთავრობო კორპუსის არსებობას, ხოლო მეორეთი ხალხი ასახელებს მთავრობას. ერთადერთი კანონი, რომელიც მოსახლეობის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს, არის საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ამ ასოციაციაში შესვლა მოპქალაქის თავისუფალი ნების აქტია და მას ვერავინ აიძულებს შეუერთდეს ასოციაციას. მაგრამ რა მოხდება, თუ საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადებისას აღმოჩნდებან ადამიანები, ვინც ამ ხელშეკრულების წინააღმდეგია? ეს, ფიქრობს რუსო, სულაც არ უშლის ხელს საზოგადოებრივი ხელშეკრულების განხორციელებას. მათი უარი ვერაფერს ავნებს ხელშეკრულებას, არამედ მხოლოდ ზღუდავს ხელშეკრულებაში მონაწილეთა რაოდენობას ამ პირების სახით. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეებივით იქნებიან, რადგან როგორც კი ჩამოყალიბდება სახელმწიფო, მაშინ ხელშეკრულებაში მონაწილეობაარმონაწილეობა, პრაქტიკულად საცხოვრებელი ადგილის შერჩევას უტოლდება.
რელიგიის საკითხებში რუსო არათანმიმდევრულია. ცნობილი ფაქტია, რომ მან მრწამსი გამოიცვალა და პროტესტანტიზმი კათოლიციზმზე გაცვალა. “აღსარებაში” რუსოს მიერ მხიარულად აღწერილი ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ რუსო სერიოზულად არ აღიქვამდა არც ერთს და არც მეორეს. რუსო ლაპარაკობს რწმენის საზოგადოებრივ აღმსარებლობაზე, რომლის სტატიებსაც სუვერენი უნდა ადგენდეს. სახელმწიფოს მართალია არ შეუძლია მათი რწმენის მოქალაქეებისათვის დავალდებულება, მაგრამ ის კი შეუძლია, რომ ქვეყნიდან გააძევოს ყველა, ვინც ამ რწმენის გარეთ დარჩება.