სხვადასხვა ეპოქაში ფილოსოფოსების, თეოლოგების, მეცნიერების და სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ იქმნებოდა არგუმენტები ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი უძველესი საფიქრალი და ყველაზე ხშირად განხილული თემაა კაცობრიობის ისტორიაში. პრობლემა ეხება როგორც მონოთეისტურ, ისე პოლითეისტურ იდეებს. არგუმენტები შეიძლება დაიყოს მეტაფიზიკურ, ლოგიკურ, ემპირიულ და სუბიექტურ კატეგორიებად. ღმერთის არსებობაზე ბჭობენ როგორც ფილოსოფიაში, ისე პოპულარულ კულტურაში.
დასავლურ სამყაროში ეს საკითხი პლატონისა და არისტოტელეს მიერ წამოიჭრა, მათი მოსაზრებები კოსმოლოგიურ არგუმენტებს წარმოადგენს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. მოგვიანებით ეპიკურემ წამოაყენა ბოროტების არსებობის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ცდილობდნენ თეოდიცეის მიმდევრები, მათ შორის წმინდა ანსელმო, ავიცენა და თომა აქვინელი. დეკარტე მოწყალე ღმერთის იდეით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ სამყაროში რაღაცას აქვს აზრი, კანტი კი მიიჩნევდა, რომ ღმერთის არსებობის დასაბუთება სიკეთის არსებობით შეიძლებოდა. შემდგომ პერიოდში ბევრმა სწავლულმა შემოიტანა ღმერთის საწინააღმდეგო არგუმენტები, მათ შორის იყვნენ დევიდ ჰიუმი, ნიცშე, ბერტრან რასელი. თანამედროვე ეპოქაში ღმერთის არსებობას ეჭვქვეშ აყენებენ ცნობილი ინტელექტუალები – სტივენ ჰოკინგი და რიჩარდ დოკინსი.
ათეისტების მოსაზრებით, ღმერთის არსებობის სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტები არადამაკმაყოფილებელია და არ შეიცავენ საკმარის მიზეზს, რომ ადამიანს რწმენა მიეცეს. თეისტების ნაწილი აღიარებს, რომ რწმენა რწმენად რჩება და მისი დამტკიცების ან უარყოფის მცდელობა ამაოა. ზოგიერთი რელიგია, მაგალითად ბუდიზმი, საერთოდ არ შეიცავს ღმერთის ცნებას და შესაბამისად, ეს პრობლემა ნაკლებად ეხება.
ღმერთის განსაზღვრება
თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში სიტყვა «ღმერთი», როგორც წესი, აღნიშნავს მონოთეისტურ, უზენაეს და უმთავრეს პიროვნულ არსებას, როგორც ამას ქრისტიანული და იუდაისტური ტრადიციები წარმოაჩენენ. კლასიკური თეიზმი ატარებს აზრს, რომ ღმერთი ფლობს ყველანაირი სახის შესაძლო სრულყოფილებას, მათ შორის ყოვლისმცოდნეობას, ყოვლისშემძლეობასა და ყოვლისმოყვარულობას. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ბუნების შესახებ მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, კლასიკური თეისტები თვლიან, რომ ღმერთის ზუსტი აღწერა და განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ტრანსცენდენტულ არსებას ადამიანები ვერ ჩაწვდებიან. თანამედროვე კათოლიკე მღვდელს, მწერალსა და სწავლულს რობერტ ბარონს ასეთი ანალოგია მოჰყავს – ორგანზომილებიანი ობიექტი ვერ წარმოიდგენს სამგანზომილებიან ადამიანს.
კლასიკურ თეისტურ ფილოსოფიაში ღმერთის კონცეპტი განიხილება, როგორც „მთავარი მამოძრავებელი”, „უმიზეზო მიზეზი”, „უმაღლესი შემოქმედი” ან „ისეთი რამ, რომელზე დიდ[ებულ]იც ვერაფერი იქნება”. ამის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლური რელიგიური აზროვნება ღმერთს ხშირად პანთეისტურ ჭრილში განიხილავს, როგორც ძალას. მაგალითად, სპინოზა და მისი მიმდევრები ამ სიტყვის ფილოსოფიურ მნიშვნელობას ბუნების ძირითად პრინციპებს უთანაბრებდნენ.
აბრაამისეული რელიგიების გარეთ არსებული მონოთეიზმიც მსგავსად განიხილავს ღმერთს. ადვაიტა ვედანტას ინდუისტურ სკოლაში უმაღლესი რეალობა წარმოჩენილია, როგორც ერთადერთი, უცვლელი და მყარი არსება, სახელად ნირგუნა ბრაჰმა. ადვაიტურ ფილოსოფიას ასევე შემოაქვს საგუნა ბრაჰმას ან იშვარას ცნება, როგორც საშუალება, გააცნო ხალხს ბრაჰმა. იშვარას მიეწერება ისეთი თვისებები, როგორიცაა ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა და ყოვლისმოყვარულობა.
ზებუნებრივის არსებობის პრობლემა
ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მას მიეწერება გარკვეული სახის ზებუნებრივი ძალები. ზებუნებრივი არსებები კი შეიძლება არ გამოჩნდნენ ან გამოჩნდნენ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი განზრახვა. ამის მაგალითია ფილემონისა და ბავკიდის ისტორია: ზევსი და მისი შვილი ჰერმესი გლეხებად გამოეწყვნენ და ერთ-ერთ სოფელში დაიწყეს სიარული თავშესაფრის თხოვნით, რათა ხალხის გულკეთილობა გამოეცადათ. ერთადერთი ოჯახი, რომელმაც ისინი სახლში შეიპატიჟა, იყო ცოლ-ქმარი ფილემონი და ბავკიდი. მათ გულუხვად გაუშალეს სუფრა სტუმრებს და როცა ნახეს, რომ საჭმელი საერთოდ არ იკლებდა, მიხვდნენ, ვინ იყვნენ ეს გლეხები სინამდვილეში. ზევსმა ქალაქი გაანადგურა და მხოლოდ ცოლ-ქმარი გადაარჩინა, მათ კი თავიანთი ნებით ზევსის ტაძარში მსახურად ყოფნა აირჩიეს.
ღმერთის განსაზღვრების მიხედვით, ის არ წარმოადგენს ბუნებრივი წესრიგის ნაწილს, არამედ თავადაა ბუნებისა და ფიზიკის კანონების შემქმნელი. არისტოტელეს ფილოსოფიაში ღმერთის იდეა შემოდის განმარტების სახით, რათა მხარი დაუჭიროს მეცნიერულ დასკვნებს, შესაბამისად, ღმერთის ფლობაში არსებული ზებუნებრივი ძალები ბუნებრივი წესრიგის შემადგენელი ნაწილია, რადგან ბუნების შემოქმედი ღმერთია.
რელიგიური აპოლოგეტების ნაწილი ღმერთის ზებუნებრივი თვისებებით ხსნის იმას, რომ ემპირიული მეთოდებით ვერ დგინდება მისი არსებობა-არარსებობის საკითხი. კარლ პოპერის მეცნიერების ფილოსოფიაში ზებუნებრივი ღმერთის რწმენა მეცნიერული კვლევის სფეროს მიღმაა, რადგან პოზიტივიზმი არ წარმოადგენს ჭეშმარიტების შეცნობის უტყუარ მეთოდს ჩვენი შეგრძნებების და შესაბამისად, დაკვირვებაზე დაფუძნებული მეთოდების არასრულყოფილების გამო. ამერიკელი ბიოლოგი და პალეონტოლოგი სტივენ ჯეი გოულდიც იგივე პოზიციაზე იდგა იმ მოტივით, რომ მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა სფეროა და არ უნდა გადაიკვეთოს.
ლოგიკური პოზიტივიზმის მიმდევრები, მაგალითად რუდოლფ კარნაპი და ალფრედ ჯულს აიერი, ღმერთზე ნებისმიერი სახის საუბარს სრულ სისულელედ თვლიდნენ. ლოგიკური პოზიტივიზმისა და მსგავსი სკოლების სწავლულთათვის რელიგიურ და ტრანსცენდენტულ მოვლენებს ვერ ექნებათ ჭეშმარიტი ღირებულება, რადგან მეტაფიზიკური ნატურალიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმის ფილოსოფიური საფუძველი) ავტომატურად გამორიცხავს ზებუნებრივის არსებობის შესაძლებლობას და ყველაფერს ბუნების კანონებში აქცევს. ქრისტიანი ბიოლოგი სკოტ ტოდი აღნიშნავდა, რომ „თუნდაც ყველანაირი ინფორმაცია მიუთითებდეს მოაზროვნე შემოქმედზე, ეს ჰიპოთეზა მეცნიერებაში გამოირიცხება, რადგან არ წარმოადგენს ნატურალისტურ იდეას.” ეს არგუმენტი ზღუდავს მეცნიერების სფეროს ემპირიულ დაკვირვებამდე და ღმერთის ცნებას დაუმტკიცებელს ტოვებს.
არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ
აქვინელის 5 გზა
Summa Theologica-ს პირველ ნაწილში კათოლიკე მღვდელი თომა აქვინელი გვთავაზობს 5 პუნქტს თეიზმის მხარდასაჭერად. ისინი ემყარება არისტოტელეს ონტოლოგიას და იყენებს უსასრულო რეგრესის ტიპის არგუმენტებს. აქვინელს არ ჰქონია განზრახვად, დაემტკიცებინა ღმერთის არსებობა, მან უბრალოდ წამოაყენა 5 გზა, როგორც შესავალი, შემდგომში კი მასზე დააფუძნა თავისი ნაშრომის მომდევნო ნაწილი.
● უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი ასკვნის, რომ სამყაროში არსებული მოძრაობების სერიის ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს თავდაპირველი მამოძრავებელი. აქვინელი მხარდასაჭერად იმას იყენებდა, რომ ობიექტის ამოძრავებისთვის საჭიროა სხვა რამ, შესაბამისად სამყაროს დასაწყისში უნდა ყოფილიყო უძრავი მამოძრავებელი, ანუ ღმერთი.
● პირველადი მიზეზის არგუმენტი წინაპირობად იყენებს იმას, რომ არსება საკუთარ თავს ვერ წარმოქმნის (რადგან ამ შემთხვევაში უნდა ეარსება მანამდე, ვიდრე თავის თავს შექმნიდა და საბოლოოდ აბსურდი გამოდის), შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს მიზეზების უსასრულო ჯაჭვი, რისთვისაც საჭიროა შემოვიტანოთ თავდაპირველი, უმიზეზო მიზეზის ცნება, ანუ ღმერთი.
● კოსმოლოგიური არგუმენტი აცხადებს, რომ სამყაროში ყველაფერი შექმნილია, ამიტომ შესაძლებელია, ისინი არსებობდნენ ან არ არსებობდნენ. მაგრამ თუკი ეს ყველაფერს ეხება, მაშინ უნდა არსებულიყო დრო, როცა საერთოდ არაფერი იყო. ხოლო რადგანაც დღეს უამრავი რამ არსებობს, უნდა იყოს ისეთი რამ, რაც/ვინც არ წარმოშობილა სხვა რამისგან, არამედ თავად მისცა დასაბამი დანარჩენებს და ეს არის ღმერთი.
● საფეხურის არგუმენტი განიხილავს სიკეთის ხარისხებს. აქვინელი წერდა, რომ რაღაც ქმედებას კარგს ვეძახით იმიტომ, რომ ის ჰგავს უმაღლეს სიკეთეს. მაგალითი ბუნებაში: თუკი რაღაც არის ცხელი, ესეიგი ჰგავს იმას, რაც ყველაზე ცხელია. ამიტომ უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რაც თავისთავად იქნება სიკეთის უმაღლესი დონე და დასაბამს აძლევს სამყაროში არსებულ ყველანაირ სიკეთეს, ეს კი ღმერთია.
● ტელეოლოგიური არგუმენტი გამომდინარეობს სამყაროს მოწყობიდან. ისეთი რამეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტელექტი, მოქმედებენ რაღაც დანიშნულებით. აქვინელი მიიჩნევდა, რომ უინტელექტო საგანი ვერ შეასრულებს ბრძანებას რაიმის გაკეთების შესახებ, თუკი ის თავიდანვე არაა ამგვარად შექმნილი მოაზროვნე არსების მიერ, რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინტელექტუალური არსება, რომლის გამოც ყველა სხეული მიმართულია მიზნისკენ და ეს არის ღმერთი.
ონტოლოგიური არგუმენტი
ონტოლოგიური არგუმენტის ავტორები არიან ფილოსოფოსები, მათ შორის წმინდა ანსელმო და რენე დეკარტე. ამ არგუმენტის მიხედვით, ღმერთის არსებობა თვითცხადია. მისი მარტივი ფორმულირება ასეთია:
1. ღმერთი ყველაზე დიადი აღქმადი არსებაა.
2. არსებობა უფრო დიადია, ვიდრე არარსებობა.
3. შესაბამისად, ღმერთი არსებობს.
წმინდა ანსელმო ღმერთს განიხილავდა, როგორც უდიადეს არსებას, რომელსაც შეგვიძლია ჩავწვდეთ და რომელიც ჩვენს გონებაში არსებობს. ხოლო თუკი ყველაზე დიადი არსების წარმოდგენა შესაძლებელია გონებაში, ის უნდა არსებობდეს რეალობაშიც. შესაბამისად, არსება, რომელზე დიადიც აღქმადი არაა, არის ღმერთი. თომა აქვინელი აკრიტიკებდა ამ არგუმენტს, რადგან თუკი ღმერთი ტრანსცენდენტულია, მაშინ ის მიუწვდომელი და აღუქმელია ადამიანებისთვის. კანტი ამ არგუმენტს ლოგიკური მიდგომით უპირისპირდებოდა და ამბობდა, რომ ცნება «ღმერთი» მოიცავს ორ რამეს: ღმერთის იდეა და თავად ღმერთი. კანტი ასკვნიდა, რომ ონტოლოგიური მტკიცებულება არის ორაზროვანი და ემყარება სიტყვა «ღმერთის» ბუნდოვან განსაზღვრებას.
არგუმენტი ისტორიული მოვლენებიდან და პიროვნებებიდან
● ქრისტიანობასა და იუდაიზმში მიჩნეულია, რომ ღმერთი ისტორიის გამორჩეულ მომენტებში ერეოდა და მიმართულებას უცვლიდა მას. მაგალითად, ასე მოხდა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლისა და ებრაელთა ტომებისთვის 10 მცნების მიცემისას. აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ ეს არის ემპირიული სახის მტკიცებულება და რადგან არსებობს უამრავი მოწმე, შესაბამისად, ღმერთის არსებობაც რეალურია.
● იესოს აღდგომის არგუმენტი გვთავაზობს, რომ საკმარისი ისტორიული მტკიცებულება არსებობს იესოს არსებობის მხარდასაჭერად, ასევე იმისთვის, რომ ის ნამდვილად ღმერთის შვილი იყო. ამ ტიპის მსჯელობა მიეკუთვნება ქრისტოლოგიურ არგუმენტს.
● ისლამში ყურანის შთაგონებითა და გამოცხადებებით დაწერა (გადმოცემით, მუჰამედმა წერა-კითხვა არ იცოდა და ანგელოზი კარნახობდა, ის ხმამაღლა ამბობდა და სხვები იწერდნენ) მიჩნეულია მისი ღვთიური ავტორისა და შესაბამისად, ღმერთის არსებობის არგუმენტად.
● მსგავს მიდგომას იყენებენ მორმონები (უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია) იოსებ სმითისა და მორმონის წიგნთან მიმართებაში.
ინდუისტური არგუმენტები
ინდუისტური ფილოსოფიის ბევრი სკოლა ეთანხმება უზენაესი შემქმნელის, ბრაჰმას არსებობას, რამდენიმე კი უარყოფს. ვედანტას სკოლის მიხედვით, ღმერთის არსებობის ერთ-ერთი მტკიცებულებაა კარმა. ინდოელი ფილოსოფოსი ადი შანკარა, რომელმაც გააერთიანა ადვაიტა ვედანტას დოქტრინები, ამბობდა, რომ კარმის კანონები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ სამართლიანად და მათ სამართავად საჭიროა მოაზროვნე არსება, იგივე უზენაესი მაკონტროლებელი (იშვარა).
ადამიანის კარმული აქტები მისი დამსახურებებისა და დანაშაულების შედეგია. რადგანაც ცალკე აღებული კარმის კანონები არ წარმოადგენს მოაზროვნე და შეგნებულ მოვლენას, შანკარა ასკვნის, რომ უნდა არსებობდეს ცნობიერი არსება, რომელმაც ყველა ადამიანის ქმედება იცის და ეხმარება მათ საბოლოო მიზნისკენ სწრაფვაში. ის გავლენას ახდენს პიროვნების გარემოზე, რეინკარნირებულ სულებზე, ქმნის შესაბამის სხეულებს ხელახლა შობისთვის და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სულმა მისთვის შესაბამისი კარმული საფეხურები გაიაროს. შესაბამისად, რადგან არსებობს კარმის მაკონტროლებელი, ეს არის ღმერთი.
ხილვაზე დაფუძნებული არგუმენტები
ეს არგუმენტი მოწმეთა მონაყოლზეა დამყარებული და რომელიმე რელიგიის მოძღვრებების გამყარებას ემსახურება. ბრიტანელი ფილოსოფოსის რიჩარდ სუინბერნის მიხედვით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი არგუმენტები არ უნდა მიიღოს, თუკი საამისოდ არ არსებობს სერიოზული მიზეზები.
● მოწმის არგუმენტი გამომდინარეობს თანამედროვე და ზოგადად ისტორიაში მცხოვრები თვითმხილველების ნაამბობიდან. მისი ერთ-ერთი ვარიაციაა სასწაულების არგუმენტი, რომელიც ზებუნებრივ მოვლენებს ღმერთის არსებობის მხარდამჭერად აცხადებს.
● უმრავლესობის არგუმენტი იშველიებს ისტორიულ მონაცემებს და გვამცნობს, რომ თეიზმს ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა, ვიდრე ათეიზმს და ეს ხდებოდა პლანეტის მრავალ სხვადასხვა კუთხეში, რაც ღმერთის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს.
პიროვნულ განცდებზე დაფუძნებული არგუმენტები
● ღმერთის სასარგებლო არგუმენტად ხშირად გამოიყენება ისეთი შემთხვევები, როცა პიროვნების ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ღმერთის მსახური გახდა. მაგალითად, პავლე მოციქული წარსულში ქრისტიანებს დევნიდა, მოგვიანებით კი თავად გახდა ქრისტიანი დევნილი. გადმოცემის მიხედვით, მას ნერონის ბრძანებით მოკვეთეს თავი.
● შოტლანდიელი ფილოსოფოსი ტომას რაიდი მიიჩნევდა, რომ ღმერთისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი იმპულსია და სწორედ ამიტომაა ბევრი მორწმუნე ისე, რომ ხშირად არც ფიქრობენ ამ პოზიციის მიზეზებზე. შესაბამისად, ღმერთის არსებობაზე ჩვენი შეგრძნებები მიგვანიშნებენ.
● ბევრი თანამედროვე პროტესტანტი თეოლოგი ანალოგიურ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის დემონსტრირება ვერ მოხდება, რადგან ეს არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს შინაგანი გრძნობებით.
● მოდერნისტული ქრისტიანობა ასევე ემხრობა მოსაზრებას, რომ ღმერთის არსებობა არაა დემონსტრირებადი და ამისთვის ან ადამიანმა უნდა განავითაროს მასში დამალული ქვეცნობიერი შეგრძნებები ან თავად ღმერთი გამოეცხადოს პიროვნებას.
სხვა არგუმენტები
● ანთროპული არგუმენტი ასკვნის, რომ ძირითადი მოვლენები, როგორიცაა ადამიანის არსებობა, ყველაზე კარგად ღმერთის ცნების შემოტანით იხსნება.
● ტელეოლოგიური არგუმენტი სამყაროს წესრიგისა და სირთულის საკითხს აყენებს და გვთავაზობს, რომ მის მიღმა საჭიროა ღმერთის, როგორც შემქმნელის არსებობა. ამ არგუმენტს ორი ვერსია აქვს: პირველი იყენებს დიზაინისა და დიზაინერის ანალოგიას, მეორე კი ამბობს, რომ მიზანი მხოლოდ გონებაში ჩნდება.
● ინტელექტუალური დიზაინის ჰიპოთეზა ასკვნის, რომ სამყაროში მყოფ ცოცხალ არსებებს ზოგიერთი თვისება, მაგალითად ინფორმაციის წარმოქმნის უნარი, მოაზროვნე შემოქმედისგან აქვთ მიცემული. ამ არგუმენტს ძირითადად ქრისტიანები ემხრობიან.
● თეიზმის ერთ-ერთი არგუმენტი მატერიალიზმის წინააღმდეგ არის ისეთი რამეები, რასაც ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს – მორალი, სილამაზე, სიყვარული, რელიგიური გამოცხადებები და ა.შ.
● ტრანსცენდენტული არგუმენტი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ლოგიკა, მეცნიერება, ეთიკა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები ღმერთის გარეშე აზრს კარგავენ.
არგუმენტები ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ
ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები ცდილობენ, აჩვენონ, რომ ან ღმერთ(ებ)ის რომელიმე თვისების არსებობაა შეუძლებელი (მისი წინააღმდეგობრიობის, ისტორიულ-მეცნიერულ ფაქტებთან შეუსაბამობის ან აზრის არქონის გამო) ან უბრალოდ მიზეზები არაა საკმარისი, რომ მიუკერძოებელმა ადამიანმა რომელიმე ღმერთის ირწმუნოს.
ემპირიული არგუმენტები
● შეუთავსებელი გამოცხადებების არგუმენტი სადავოდ მიიჩნევს ისეთი ღმერთის არსებობას, როგორიც წარმოჩენილია რელიგიურ წმინდა წიგნებში – იუდაისტურ თანახში, ქრისტიანულ ბიბლიაში, მუსულმანურ ყურანში, ინდუისტურ ვედებში, მორმონის წიგნში ან ბაჰაისტურ ქითაბ აქდაში. ამის მიზეზია სხვადასხვა წიგნებში ან მხოლოდ ერთ წიგნში არსებული წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებთან.
● ბოროტების არსებობის პრობლემა – ღმერთი ყოვლისშემძლეცაა და კაცთმოყვარეც, მაგრამ ადამიანთა ტანჯვას უშვებს.
● მოუნათლავთა ბედი – ვისაც არაფერი სმენია კონკრეტულ რელიგიაზე და არც საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა მას, არ ეძლევა გადარჩენის შანსი, რაც უსამართლობა გამოდის.
● მწირი დიზაინის არგუმენტი – თუკი ღმერთმა შექმნა სიცოცხლის ყველა ფორმა, მათ შორის ადამიანებიც, გამოდის, რომ ამით არა მრავალფეროვანი, არამედ ღარიბული გემოვნება გამოავლინა, რადგან ისინი ერთმანეთს ჰგვანან.
● ურწმუნოების არგუმენტი – ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც მორწმუნეების სიმრავლე სურს, უფრო მეტს იღონებდა, რომ ადამიანებს მასში დასაჯერებლად მეტი მოტივი ჰქონოდათ.
● ოკამის სამართებლის არგუმენტი – რადგანაც ბუნებრივი (მეცნიერული) თეორიები ადეკვატურად ხსნიან რელიგიისა და ღმერთების რწმენის ისტორიული განვითარების საკითხს, ასეთი ზებუნებრივი არსებების მიმართ რწმენა გადაჭარბებულია და ნაკლებად მნიშვნელოვანი, სანამ არ გამოჩნდება მტკიცებულება ან რაიმე ფენომენის ასახსნელად მისი დახმარება არ გახდება საჭირო.
● რასელის ჩაიდნის ანალოგია – მორწმუნემ უნდა დაამტკიცოს ღმერთის არსებობა და არა ათეისტმა ღმერთის არარსებობა. მტკიცების ტვირთი თეისტებზეა, რადგან ღმერთის ცნება მათი შემოტანილია.
● სტივენ ჰოკინგი და ლეონარდ მლოდინოვი ერთობლივ წიგნში «დიადი დიზაინი» აყენებენ საკითხს: თუკი სამყაროს პირველმიზეზი ღმერთია, მაშინ ვინ ან რა არის ღმერთის შემქმნელი? ამ კითხვაზე თეისტების ძირითადი პასუხი არის ის, რომ აუცილებლად არსებობს რაღაც, რასაც არ სჭირდება შემქმნელი და ეს არის ღმერთი. თუმცა ავტორები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელია, კითხვებს პასუხი გაეცეს მხოლოდ მეცნიერების მეშვეობით და საქმეში არ ჩავრიოთ ღვთიური არსებები.
დედუქციური არგუმენტები
● მეცნიერი რიჩარდ დოკინსი წიგნში «ღმერთი, როგორც ილუზია» უპირისპირდება თეისტურ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, რადგანაც სამყარო ასეთი კომპლექსური და მოწესრიგებულია, მას შემქმნელი უნდა ჰყავდეს. დოკინსი ამბობს, რომ თუკი სამყარო ღმერთის შექმნილია, მაშინ ის სამყაროზე არანაკლებ კომპლექსური უნდა იყოს და ამ ლოგიკით, მას კიდევ უფრო რთული შემქმნელი ჰყავს, ღმერთის შემქმნელს – უფრო რთული და ა.შ. უსასრულობამდე. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ღმერთის იდეის შემოტანით კომპლექსურობის საკითხი არ იხსნება, რადგან გამოდის, რომ ყოველთვის არსებობდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საკითხზე დასაბუთებული ახსნა გააჩნია დარვინისეულ ევოლუციას და ბუნებრივ სელექციას, ოკამის სამართებლის პრინციპით, მეცნიერული ვერსიის არჩევა უფრო გონივრულია.
● ომნიპოტენციის პარადოქსი ყოვლისშემძლეობის არსებობის ლოგიკურ წინააღმდეგობას აჩვენებს. მისი მარტივი ფორმულირება ასეთია: „შეუძლია ღმერთს, იმდენად დიდი ქვა შექმნას, რომ ვერ აწიოს?” ან „შეუძლია ღმერთს, მასზე ძლიერი ვინმე შექმნას?” გარდა ამისა, ყოვლისშემძლე ღმერთს ეცოდინება ყველა ატომის მდებარეობა სამყაროს ~14 მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში, ისევე როგორც მის უსასრულო მომავალში. ამისთვის კი მისი მეხსიერება უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე სამყაროს სავარაუდო მდგომარეობების უსასრულო წყებაა.
● ჯოჯოხეთის არსებობის პრობლემა უსამართლოდ თვლის იმას, რომ სასრულ, რამდენიმე ათეული წლის ხანგრძლივობის სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულების გამო ადამიანს ესჯება სამუდამო ტანჯვა.
● თავისუფალი არჩევანის არგუმენტი წინააღმდეგობრივად თვლის იმას, რომ ადამიანი თავისუფალია და ამავე დროს, არსებობს ყოვლისმცოდნე ღმერთი. ამ არგუმენტის მიხედვით, თუკი ღმერთმა უკვე იცის მომავალი, მაშინ ადამიანი აუცილებლად იმას გააკეთებს, რაც ღმერთის გონებაში არსებულ ვარიანტშია და სხვა ვერსია გამორიცხულია, რაც ბედისწერა გამოდის და არა თავისუფალი არჩევანი.
● კოსმოლოგიური არგუმენტის („ქათამი ან კვერცხი”) წინააღმდეგ მიმართული ათეისტური არგუმენტი იღებს იმ მიდგომას, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი და ავრცელებს მას ღმერთზეც, შემდეგ კი მის შემქმნელზე და ა.შ. საბოლოოდ კი მიიღება შემქმნელთა უსასრულო ჯაჭვი და ეს მიდგომა ბათილდება.
● ანთროპული არგუმენტი ამტკიცებს, რომ თუკი ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და მორალურად სრულყოფილი, მაშინ შექმნიდა ზნეობრივად უფრო განვითარებულ არსებებს და არა ადამიანებს, რომლებიც მრავალ ბოროტებას სჩადიან.
ინდუქციური არგუმენტები
● „უმიზეზობის” არგუმენტი აყენებს მოსაზრებას, რომ თუკი ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე, მაშინ ის ფაქტობრივად არაფერს მოიმოქმედებს, მითუმეტეს სამყაროს არ შექმნის, რადგან საამისოდ არ ექნება მიზეზები – მოთხოვნილება, სურვილი, ნდომა, რაც ადამიანური თვისებებია.
● „ისტორიული ინდუქციის” არგუმენტი ასკვნის, რომ რადგანაც მრავალი თეისტური რელიგია (ძველი ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, სკანდინავიური, შუმერული, ინდიელების და ა.შ.) და მათი ნაქადაგარი ღმერთები საბოლოოდ ადამიანის ფანტაზია აღმოჩნდა, ხოლო რელიგიას მითოლოგიის სტატუსი მიეცა, შეგვიძლია, დღეს არსებული თეისტური მოძღვრებებიც მცდარად ჩავთვალოთ.
სუბიექტური არგუმენტები
● რელიგიები მოძღვრებებით ერთმანეთს უპირისპირდებიან და სხვადასხვანაირ ინფორმაციას გვაწვდიან ღმერთსა და მის სურვილებზე. ცხადია, ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება და დიდი ალბათობაა, რომ ყველა მათგანი მცდარი იყოს.
● იმედგაცრუების არგუმენტის მიხედვით, თუკი ღმერთს დახმარებას ვთხოვთ და ის არაფერს აკეთებს, არც იმის მიზეზი გვაქვს, რომ მისი გვწამდეს.
ინდუისტური არგუმენტები
ათეისტური ინდუისტური დოქტრინები აყენებენ არგუმენტებს შემოქმედი ღმერთის ან იშვარას არსებობის წინააღმდეგ. სამკხიას სკოლის სწავლების მიხედვით, ფილოსოფიური გაგებით ამ სისტემაში არ არსებობს შემოქმედი ღმერთის ადგილი. ხოლო იშვარას არსებობა არც დამტკიცებულია და ვერც მყარი დასტურის მიცემა შეიძლება, რომ ის ნამდვილად არსებობს. კლასიკური სამკხია უპირისპირდება ღმერთის იდეას მეტაფიზიკური თვალსაზრისით. მაგალითად, უცვლელი ღმერთი ვერ იქნება მუდმივად ცვალებადი სამყაროს ავტორი. მის მიხედვით, ღმერთის ცნების შემოტანა გარემო პირობებით იყო გამოწვეული. სამკხიას სუტრები ცდილობენ, აჩვენონ, რომ ღმერთის იდეა არის მიუწვდომელი და წინააღმდეგობრივი. სრულყოფილ ღმერთს არ უნდა სჭირდებოდეს სამყაროს შექმნა და თუკი მოტივი იყო სიკეთე, სამკხია სვამს კითხვას, რამდენადაა ეს მოწყალება, როცა დაუბადებელი უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ ტანჯვას არ განიცდის. შესაბამისად, კეთილმოსურნე შემოქმედი ღვთაება მხოლოდ ბედნიერ არსებებს უნდა ქმნიდეს, თანაც არა ისეთ ნაკლოვან სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
მიმამსას ინდუისტური სკოლის მომხრეები იმ აზრამდე მიდიან, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ღმერთის არსებობის დამტკიცებას ისახავს მიზნად, არასრულყოფილია. ისინი მიიჩნევენ, რომ არანაირი საჭიროება არ ყოფილა, სამყაროს შემოქმედის არსებობა პოსტულატად მიგვეჩნია, ისევე როგორც არაა ღმერთის საჭიროება იმისთვის, რომ რიტუალები დამტკიცებულად და აღიარებულად გამოცხადდეს. მიმამსას მიხედვით, ვედურ ლიტერატურაში დასახელებული ღმერთები არ არსებობენ იმ მანტრების გარეშე, რომლებშიც მათი სახელებია გაცხადებული. შესაბამისად მანტრების ძალაა სწორედ ის, რასაც ბევრი ღმერთების ძალად აღიქვამს.
დასკვნა
ერთ დასკვნამდე მისვლა შეუძლებელია და ამიტომ დღესდღეობით მრავალი პოზიცია არსებობს ღმერთის არსებობაზე. თეიზმი და ათეიზმი მოიცავს რწმენის (ან მისი ნაკლებობის/არქონის) საკითხს, გნოსტიციზმი და აგნოსტიციზმი კი ცოდნის სფეროს ეხება. ასევე არსებობს იგნოსტიციზმი, აპათეიზმი და თეიზმ-ათეიზმის სხვადასხვა ვარიაციები.
● თეისტური პოზიციით, სრულიად საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ ადამიანი მინიმუმ ერთი ღვთაების არსებობაში დარწმუნდეს ან არგუმენტები უმნიშვნელოა, რადგან ღმერთთან ურთიერთობა პიროვნულ დონეზე ხდება.
● ათეისტური მიდგომა არ მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად თეისტურ არგუმენტებს და ცალკეული ინდივიდების შეგრძნებები საკმარისად არ მიაჩნია წინააღმდეგობრიობისა და დამამტკიცებელი ფაქტების არარსებობის გამო, ამიტომ რწმენის არქონა ლოგიკურ პოზიციად ითვლება.
● ძლიერი (გნოსტიკური) ათეიზმი არის პოზიცია, რომ ღმერთები არ არსებობენ, რადგან თეიზმის ჭეშმარიტება ლოგიკურად გამორიცხულია იმ თვისებების გამო, რასაც ღმერთს მიაწერენ (ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისმოყვარულობა, ტრანსცენდენტულობა, ყოვლისმომცველობა) – მსგავსი იდეა მათთვის არის გაუგებარი, მიუწვდომელი ან აბსურდული.
● სუსტი ათეიზმი ორი მნიშვნელობით გამოიყენება: [1] ძლიერი ათეიზმის საწინააღმდეგოდ, რომ არის დაბალი შანსი თუნდაც ერთი ღმერთის არსებობისა ან [2] არც იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს და არც იმის, რომ არ არსებობს.
● თეიზმში მონოთეიზმისა და პოლითეიზმის გარდა რამდენიმე სხვა მიმართულებაც არსებობს. პანთეიზმი ბუნებასა და ღმერთს იდენტურად მოიაზრებს, უარყოფილია პერსონალური, რელიგიური ღმერთები. პანენთეიზმში ღმერთი შეიცავს სამყაროს და ის მისი ნაწილია, მაგრამ ღმერთი არაა სამყაროს იდენტური. დეიზმში სამყარო აღიქმება, როგორც უზენაესის შემოქმედება, მაგრამ უარყოფილია რელიგიური მოძღვრებები და მიჩნეულია, რომ ღმერთი არც ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და არც ბუნების კანონებში ერევა. უარყოფილია წინასწარმეტყველებები, სასწაულები და მსგავსი ზებუნებრივი მოვლენები. აპოთეოზი, იგივე აუტოთეიზმი ღმერთს ადამიანში მყოფად განიხილავს და ადამიანის ვალდებულებად მიიჩნევს, მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ, რადგან ამის მიღწევა შესაძლებელია. მისი მიმდევრები იშველიებენ ციტატებს იესოს, ბუდას, მაჰავირასა და სოკრატეს ნაშრომებიდან.
● აგნოსტიციზმი არის შეხედულება, რომ ზოგიერთი რამ – განსაკუთრებით ღმერთის არსებობა, რელიგიური და მეტაფიზიკური განცხადებები – ცოდნის მხრივ გადაუმოწმებელი და მიუწვდომელია. აგნოსტიციზმი არ განსაზღვრავს ადამიანის რწმენის საკითხს, აგნოსტიკოსი შეიძლება იყოს როგორც თეისტი, ისე ათეისტი.
● ძლიერი აგნოსტიციზმი შეუძლებლად თვლის იმის გაგებას, არსებობს თუ არა ერთი ღმერთი მაინც.
● სუსტი აგნოსტიციზმი დასაშვებად თვლის, რომ ამგვარი ცოდნა ოდესმე ხელმისაწვდომი გახდება.
● აგნოსტიკური თეიზმი, როგორც სახელიდან ჩანს, აერთიანებს თეიზმსა და აგნოსტიციზმს. აგნოსტიკოსი თეისტი თეიზმიდან იღებს მოსაზრებას, რომ მინიმუმ ერთი ღვთაება არსებობს, მაგრამ აერთიანებს მას აგნოსტიციზმთან და ამბობს, რომ მის/მათ არსებობაზე ცოდნა არ გაგვაჩნია.
● აგნოსტიკური ათეიზმი არის პოზიცია, რომ ღმერთ(ებ)ის არსებობაზე არ გაგვაჩნია ცოდნა, მაგრამ მათი რწმენა უსაფუძვლოა. შოტლანდიელი თეოლოგი და ფილოსოფოსი რობერტ ფლინტი შენიშნავს: „თუკი ადამიანი გულწრფელად ეძებდა ღმერთს, მაგრამ ვერ იპოვა, სრულიად ბუნებრივი და რაციონალურია, რომ მან დაკარგოს რწმენა. ის აღარ მიენდობა ზებუნებრივ რამეებს, არამედ მხოლოდ ადამიანის თვისებას, განსაჯოს მტკიცებულების სიძლიერე. ხოლო თუ უფრო შორს წავა, მივა დასკვნამდე, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია და მიხვდება, რომ ცოდნით ამას ვერ გაიგებს. შესაბამისად ის ბუნებრივად გახდება აგნოსტიკოსი და ამავე დროს ათეისტი, ანუ აგნოსტიკოს ათეისტი.”
● იგნოსტიციზმი, იგივე იგთეიზმი, არის პოზიცია, რომ ნებისმიერი თეოლოგიური მიდგომა (ასევე აგნოსტიციზმი და ათეიზმი) ზედმეტად ბევრ დასკვნას აკეთებს ღმერთის შესახებ. თავად ეს სიტყვა (ღმერთი) სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ერთაზროვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
● აპათეიზმი, იგივე პრაგმატული/პრაქტიკული ათეიზმი, ასკვნის, რომ ღმერთის არსებობის ან არარსებობის საკითხს არ გააჩნია პრაქტიკული ღირებულება, ან თუ გააჩნია – ძალიან მცირე. აპათეისტი თეოლოგიურ საკითხებს ეკიდება გულგრილად, უყურადღებოდ, უგულვებელყოფს და ნაკლებ ინტერესს იჩენს მის მიმართ. აპათეისტები აცხადებენ, რომ მათი ქცევა არ შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუკი ღმერთის არსებობა დამტკიცდება. ანალოგიური რამ მოხდება ათეიზმის გამარჯვების ვარიანტშიც.
● აპათიური აგნოსტიციზმი, იგივე პრაგმატული აგნოსტიციზმი, აცნობიერებს, რომ ათასობით წლების განმავლობაში არსებულმა დებატებმა ვერც დაამტკიცა და ვერც უარყო ღმერთ(ებ)ის არსებობა. ეს პოზიცია მოიცავს მოსაზრებას, რომ თუკი მინიმუმ ერთი ღმერთი არსებობს, მას ადამიანების ბედი არ ადარდებს, შესაბამისად, მის არსებობას კაცობრიობაზე პატარა გავლენა აქვს და თეოლოგიური კუთხით ნაკლები ყურადღება უნდა ეთმობოდეს.