ეპისტოლარული

ვაჟა-ფშაველა – “ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა”

ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა
(ზოგადი შენიშვნები)

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან. რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია, გაბედული. იმას, თუ ცოტა ოდნად აქვს ძალ-ღონე მსჯელობისა, ოდნავ მაინც ამოძრავებს გონებას და რაიმე აზრმა გაურბინა თავში, მაშინვე თავის თავი წარმოუდგება თვალწინ და თამამად იტყვის: ჰა, ვიპოვე, ნამდვილია! სწორედ ასეა. მაშ რად მომივიდა თავში ეს ფიქრი, თუ კი ნამდვილი არაა?! „მომივიდა ფიქრად“ იმისთვის სრულიად საკმაოა სიმართლის, სინათლის სათქმელად და დასამკვიდრებლად.

დიაღ, „მომივიდა ფიქრად“-ო, ამან ძალიან განზე გაშალა ჩვენში ფეხები: მოუვიდა ერთს ფიქრად პოეტი უნდა ვიყოვო და გახდა კიდეც; მოუვიდა მეორეს ფიქრად გაისტორიკება, გაისტორიკდა. მოუვიდა მესამეს ფიქრად უნდა საქართველოს საქმეთა მოთავედ გავხდეო, გახდა. მაშასადამე „ფიქრად მოსვლას“ ძალ-ღონე ჰქონია? აქვს და მაგრე! ფიქრად მოსვლა შეიცავს წადილს, ნდომას; თუ კაცმა არ მოინდომა, ვერაფერს გააკეთებს; ეს ცხადია: კოლუმბს, რომ ფიქრად არ მოსვლოდა კიდევ სხვა ქვეყანა უნდა არსებობდესო გარდა იმ ქვეყნებისა, რაც იმ დროის კაცობრიობამ იცოდა, ხომ არ ამოაჩენდა ამერიკას? ჰო, ეს მართალია, მაგრამ ის კოლუმბი იყო და ჩვენებური კოლუმბები სხვა ჯურის კოლუმბებია, ფიქრად არა კმარა მარტო, ფიქრს უნარიც უნდა შესწევდეს. ამას ესენი არ დაგიდევენ, რადგან მარტო „ფიქრად მოსვლაა“ საჭირო და სხვა არა-რა. რადა? მადა, რომ უკაცრავად თუ არ ვიქნები ამ სიტყვაზედ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კარგა მანძილზე უკანა დგას დაწინაურებულ ერთა საზოგადოებაზე და იმიტომ შეუძლიან იქ ყოველგვარმა რეგვენმა აზრმა, რეგვენმა კაცმა ინავარდოს. როცა საზოგადოებას მართალი სასწორ-საზომი არ უჭირავს ხელში და, ნუ, უკეთ რომ ვსთქვათ, სრულიადაც არ მოეპოვება ისინი, რა თქმა უნდა იმისთანა საზოგადოებისაგან ფულისა და გულის მოგება ადვილია: გირვანქა შეგიძლიან ათ გირვანქად ამუშავო, გოჯი – ადლად…

ეს „ფიქრად მოსვლა“ კიდევ რაც არის – არის, ჯანდაბას იმისი თავი და ტანი, უბედურება ისაა, ხანდახან მის ადგილს იჭერს ფ ი ქ რ ი ს ჩ ა ძ ა ხ ე ბ ა. ჩასძახებ და ამოგძახებს ქვევრივით. ნუთუ ეს კი ცუდი თვისებაა კაცის გონებისა, რომ სხვის ფიქრი მიიღოს, გაიზიაროს?! ესეც ისევ კაცზეა დამოკიდებული: იმ ჯურის ადამიანთათვის, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ, მეტად საშიშად მიგვაჩნია: ამ გვარს ხელს შეიძლება მადლიანმა კაცმა მრავალი მადლი ჩაადენინოს, მაგრამ უმადურმა და უმადლომ კი მრავალი ცოდვა, ბევრი სამავნეო; ამგვარი კაცნი სხვის ხელში იარაღად ხდებიან, მუშაობს იმათის საშუალებით სხვა, ერთი, ან ორი ადამიანი სჩარხავს თავის საქმეს, ბევრს შემთხვევაში, უკუღმართს, ქვეყნისთვის საზარალო, საზიანოს. ისინი მაინც საიმედონი არ არიან, არ არიან იმიტომ, რომ დღეს აგებულს ციხეს ხვალ წიხლსა ჰკრენ და დაშლიან. გუშინ, ვისაც, „ვაშა“-ს მიუძღვნიდენ, დღეს იმაზე „ჯვარს აცვითო“, იძახიან. რატომ? მიტომ, რომ დღეს სხვამ სხვა ფიქრი ჩასძახა…

–––––

ნუ გგონიათ ეს „ფიქრმოსული“ და ეს „ფიქრჩაძახებული“, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, ბრბო იყოს უსწავლელი, უმეცარი. არა, ისინი თავიანთ თავს „ინტელიგენციას“ ეძახიან. ეხლა თქვენ იფიქრეთ, თქვენ თითონ ივარაუდეთ რა აზრს შეიმუშავებს ამგვარი ინტელიგენცია თავის ქვეყნის შესახებ, ან რა გზას აირჩევს სავალად? იმათ ვერ მოვთხოვთ ვერაფერს პროგრამას მოქმედებისას, გარკვეულს შეთანხმებულს ჩვენის ცხოვრების საჭიროებასთან. ვერ მოვთხოვთ იმათ აგრეთვე აზრს, იდეას მართლა ჩვენის ქვეყნის სასარგებლოს და გამოსადეგს, რადგანაც თუ რამ უსწავლიათ, უფრო სხვა ერთა ცხოვრებისა, ისტორიისა, ვიდრე თავისა. რა აზრი მოეთხოვება ამგვარს ინტელიგენციას, როდესაც მან არ იცის წარსული თავის ერისა, არ იცის თვისება, ლტოლვილება იმის სულისა და გულისა, – არ იცნობს მის გონებრივს აგებულობას, არ იცის საზოგადოდ რომ ვსთქვათ, მისი სოციალური ყოფა-მდგომარეობა?! ამიტომ უცხო ერთა ცხოვრებაზე დაწერილის აზრს, მაშასადამე, ჩ ა ძ ა ხ ე ბ უ ლ ს ფ ი ქ რ ს იმეორებს… აზრებშიც გარჩევა როდი იციან: საპირადო, საოჯახო, კერძო აზრი საერო, საქვეყნო აზრად მიაჩნიათ. ქაიხოსროს მეცხვარე სჭირდებაო და უსათუოდ, მთელო საქართველოვ, უნდა თავსამტვრევად გაიხადო ეს საგანი – სესია ურჩევნია ქაიხოსროს მწყემსად თუ ბესია?! სხვა აზრი, სხვა ფიქრი რაღა საჭიროა ქვეყნისათვის. ამ საგანს უნდა მიაპყროს მთელი ძალა სულისა და გულისა. თუ ქვეყნისთვის ჰზრუნავ, თუ გინდა საქვეყნო საქმე აკეთო, შე კაი კაცო, უნდა თვით საგანი იყოს საქვეყნო; ქაიხოსრო ქვეყანა არ არის და არც სესია, ბესია წარმოადგენს საზოგადოებას; არც მწყემსობაა ისეთი შესანიშნავი და საძნელო რამ, მთელმა ქვეყანამ იმაზე იფიქროს. სულ სხვა საქმეა, პრეზიდენტად რომელი აჯობებს, სესია თუ ბესია. პრეზიდენტობა საქვეყნო საქმეა და საქვეყნო საქმის მმართველად ვინა გინდა არ გამოდგება, იმას ქვეყანა სთხოვს თანხას გონებრივს და ზნეობრივს; თუ ერთი ამათგანი აკლია, მაშინ უნდა თავისთვის იჯდეს კერაზე და არ ეჩხირებოდეს საქვეყნო საქმეში. ან კი ვინ ჩასჩხირავს? ვინ დააყენებს იმას ქვეყნის საქმეთა მმართველად და მესვეურად? თუ დააყენებენ, ისევ ფიქრმოსულნი, ფიქრჩაძახებულნი და არა საკუთარს ჭკუით მომქმედი ხალხის კრებული. ამავე ფიქრმოსულმა „ინტელიგენციამ“ მოიგონა ვითომდა ახალი აზრი: მეზობელ ერთან კეთილი გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ა ვ ი ქ ო ნ ი ო თ ო. ერთი ჰკითხეთ, როდის არა ჰქონია საქართველოს კეთილი განწყობილება ამ მეზობელ ერთან? ან როდის და ვის უფიქრია იმათი გაძევება საქართველოდამ ან გაჟლეტა?! ჯერ ურიები, დევნილნი მთელს ევროპაში, თავშესაფარს მხოლოდ საქართველოში პოულობდენ და ეს მეზობელი ერი ხომ დიდი ხანია, რაც ჩვენი მეზობელია და ჩვენ იმისი. ხოლო მეზობლობის წესს რომელიც დაარღვევს, იმას კი განსამართლება, განსჯა უნდა და არა ყვირილი: „მეზობლები ვართ, მეზობლებიო!“ ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!.. ამგვარი აზრების ქადაგებას არა უშავდა რა კიდევ, რომ ისეთის სხივით არა ჰმოსავდენ, თითქოს ქვეყნის წყლულთა წამალი მხოლოდ ეს არის და სხვა არარა, რომ მთელი ქვეყნის ფიქრს არ აშორებდენ უმთავრესი აზრიდამ, საგნიდამ და არ აცდენდენ ამ ასკუპდი-გადასკუპდის ცქერაში. ამ ვაჟბატონებმა ჯერ ის უნდა იცოდენ, რომ ერი შაერთებულად გენიოსია, იმას შაიძლება გარკვევით არ ესმოდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ უეჭველია, რომ გრძნობს კი. ან ეს რა ლოღიკაა: შეაძულო ან შეაყვარო რომელიმე ერი ან ცალკე პირი წერით ან ქადაგებით? ეს მხოლოდ მაშინ შაიძლება, როცა თვით ერს არა აქვს იმ ერთან ან იმ ცალკე პირთან დამოკიდებულება; შესთხზა ფაქტები დიდებისა და ძაგებისა და ამით ჩაჰრგო ერის გულში ის გრძნობა, რომელსაც შენ ელტვი, მაგრამ იქ კი, სადაც ერი თავის თვალითა ჰხედავს და მთელის თავის სხეულითა ჰგრძნობს, განძრახ „აზრების“ თესა ამაოდ დროს დაკარგვაა. ნუთუ იმათ არა ჰსმენიათ ჯერ ხალხური ლექსი, თვით ერის სიმღერა – „სიყვარული არ იქნება ძალითა“, რომელიც შაიძლება ასე შევცვალოთ „სიმძულვარეც არ იქნება ძალითა!“. ერთის სიტყვით რომ ვსთქვათ, ამ „ფიქრ მოსულთა“ ყოფა-ქცევა სწორედ ცხოველთა დამცველ საზოგადოების მისწრაფებას მაგონებს. იქნება მკითხველს არც კი უფიქრია როდისმე, რა დაფარული აზრი აქვს ამ საზოგადოებას, ცხოველთა შემბრალეს, მცველს და მფარველს? აი რა: კაცთა საზოგადოება ყოველი მხრიდამ დაფარული და დაზღვეულია, იქ ბედნიერება სდუღს და გადმოდის, მხოლოდ შთენილან უმწეოდ, უპატრონოდ, პირ-უტყვნი, რომელთაც უნდა ვექმნედ მცველად და პატრონადო.
მეტიღა იქნება ქვეყნისთვის თვალების ახვევა?

–––––

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. ეს ანდაზა სწორედ ჩვენს დამოკიდებულებას შაეფერება ამ მეზობელ ერთან. ქართველი ერი იმ თავიდამ მხვნელ-მთესველი ერია, მისი ძალ-ღონე დამოკიდებული იყო პურ-ღვინოზე და მათ მასაზრდოებელს დედამიწაზე. მართლაც, დედა-მიწა დიდი საუნჯეა ერისათვის, უტერიტორიოდ ერი ვერაფერი ერია, მის სიცოცხლეს მუდამ საფრთხე მოელის, საეჭვოა მისი მომავალი. როგორც უწყლოდ თევზი ვერ გასძლებს, ისე უტერიტორიოდ ერი. ჩვენი ძლიერება სწორედ ამაშია, დღეს კიდევ ამით უნდა მოგვწონდეს თავი, რომ მიწა-წყალი შევინარჩუნეთ. ერთის მხრივ თუ მამული გვეტყვის მადლობას ამისთვის, არ მომიძულეო, და არ დაიქსაქსენითო: მეორეს მხრით იმასვე უნდა ერთი ათად დაუბრუნოთ ეს მადლობა: ჩვენც დიდად გმადლობთ, რომ თავი შეგვაყვარე, ვერ გაგიმეტეთ დაგვეტოვებინე, დავქსაქსულიყვენით აქეთ-იქით…

მაგრამ, მაგარი ის არის, ამ ბოლო დროს ფულმა ყელი მოიღერა, გათამამდა, ფულის პატრონი თითონ დაგვიდგინეს ნიხრი მიწის ნაწარმოებისა. ამ ამბავს ჩვენმა ხალხმა კარგა ხანს ყური უგდო, ყური უგდო და ბოლოს გულიც მოუვიდა. ფული ძალა ყოფილაო იფიქრა, მერე ისეთი ძალა, რომელიც თავის ქეიფზე ათამაშებს მიწის მუშას და იმის ნაწარმოებს. მაშასადამე, ჩვენც უნდა ვეცადნეთ ეს ძალა შევიძინოთ, რომ სხვას არ გავეთელინოთ, არ გავესრესინოთო. ესენი „ფიქრ მოსულნი“ კი არა, უკვე ფიქრიანი ხალხია. დაარსდა ამ აზრით ღვინის მოვაჭრეთა საზოგადოება და არსდება კიდევ სხვა საკომერციო საზოგადოებანიც. ხომ აშკარაა ყვლასთვის, რომ ეს კეთილი საქმეა, სახელიანიც და სახრავიანიც. თითქმის დღეს ყველა შაგნებული ქართველი ამას იძახის: უნდა გავმდიდრდეთ, უნდა სიმდიდრე შევიძინოთ, უამისოდ ფონს ვერ გავალთ, ხსნა არ არის! ეს ნამდვილია, მოსაწონი, მაგრამ არ იქნება თუ არ ვსთქვი: ვეცადნეთ ფულის შეძენას მხოლოდ ისე კი, რომ ჩვენი ეროვნული იდეალი არ წავწყმიდოთ, სახსარი, ანუ საშუალება მიზნად არ გავიხადოთ და ის აზრი, რომელიც ჩვენმა ერმა უნდა განახორციელოს, მისი წადილი „ჩოთქზე“ არ ჩამოვარჩოთ…

ჩვეში ამასაც ხომ ამბობენ, მაგრამ ზოგები იმასაც გაიძახიან გაზეთის პირით, რომ: „სიმდიდრეს უფრო ბევრი ადამიანი დაუღუპია, ვიდრე სიღარიბესო“. ეს რომ ნამდვილი არ იყოს და მართლა სიღარიბე სჯობდეს სიმდიდრეს, ხომ კაცობრიობა სიმდიდრისთვის თავს აღარ აიტკივებდა. პროგრესი სიმდიდრემ დაბადა და პროგრესმა ხომ წინ წამოაყენა იდეა სათნოებისა, ძმობისა, ერთობისა, ერთხმობისა და სიყვარულისა, რაიც არ ძალუძს სიღარიბეს. სიღარიბე განხორციელებული უძლურებაა, გოდებაა, მომასწავებელი ყოველ გვარის უბედურებისა: მონებისა, გინა ავაზაკობისა და სხვა გვარის ბეჩაობისა. ღარიბი ქონებით ერი, უნდა ვიცოდეთ დაჭეშმარიტებით, რომ ყველაფრით ღარიბია და ამიტომ არც არის რაშიმე საიმედო და ხელსაყრელი.

–––––

საუბარმა მიგვიყვანა იქამდის, რომ არ შაიძლება ცოტა რამ განათლებაზედაც არა ვსთქვათ, ჩვენის ახალთაობის აღზრდაზედ. მომავალი ქვეყნისა იმათზეა დამოკიდებული. როგორიც შვილები ექმნებიან ჩვენს ქვეყანას, ისე წავა იმის საქმეც: უხეირონი იქნებიან – ქვეყნის ბედიც უხეიროდ ივლის და ხეირიანები იქნებიან, რა თქმა უნდა, ხეირიანად წაჰმართავენ ქვეყნის საქმეს.

დღეს აქამომდე ასე იყო და კიდევაც არის, თუმცა კი ამ აზრს შეგნებულის საზოგადოების გონებაში საძირკველი შაერყა, რომ შვილს იმიტომ ასწავლიან მშობლები, „მოხელე“ გამოვიდეს. რაც უფრო დიდ ჯამაგირიან ადგილს იშოვის იმათი შვილი, მით მშობლებიც და შვილიც მომეტებულად ბედნიერია. რაკი სწავლას ასეთი კომერციულის თვალით უცქერიან, რა თქმა უნდა, იმას ამისთანა ხალხის თვალში საკუთარი ძალა და ღირსება დაკარგული აქვს: ოღონდ ჯამაგირი აიღე „ჩინონიკი“ გერქვას და თუნდ ინჩიც არ იცოდე არაფერი უშავსო. აქ ისიც იგულისხმება: მხოლოდ თავის თავს კი არგე, ჯანდაბას ქვეყანაც და მისი სატკივარიო. იგულისხმება იმიტომ, რომ რის მაქნისია უსწავლელი, უბირი ადამიანი? რას არგებს ის ქვეყანას? როგორ შაიტყობს იგი ქვეყნის წყლულს, ქვეყნის საჭიროებას, თუ კი თვალები ახვეული ექნება?

ამ გვარად შვილების გაბედნიერებას, ვიმეორებ, ამ ოცი და ოცდაათის წლის წინად უფრო დიდი ბაზარი, ფართო მოედანი ჰქონდა სანავარდოდ. დროებაც იმისთანა იყო, მშობლებსაც მეტი არ მოეთხოვებოდათ. დღეს კი ბევრი იმათგანი დარწმუნდა, რომ „ჩინონიკობა“ ვერც მაგრე რიგად ამდიდრებს კაცსა და არც ისეთი საპატიო ხელობა ყოფილა, როგორც იმათ ეგონათ და ამიტომ დღეს ესენივე რომელიმე მოშაირის გახეხილს „სერთუკს“ უფრო თვალებს აშტერებენ, ვიდრე გენარლის „მუნდირს“.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button