საკითხავი

მარიამ ფასუაშვილი – „თავისუფლებიდან ვალდებულებამდე“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I” სტუდენტი

რას არის თავისუფლება? ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა გულისხმობს გარე შეზღუდვების არ არსებობას. ეს არის ადამიანის უფლება გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე როგორც სურს. თავისუფლება არსებობს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის მიხედვით და თვითონ განსაზღვრავს თავის თავს მოქმედებისაკენ. და რა არის ვალდებულება? შეიძლება ითქვას რომ ეს ანტონიმური შინაარსის მატარებელი ცნებაა, ეს ზოგადი წესია, რომლის თანახმად გარკვეული ქმედებები უბრალოდ არაა ნებადართული, ანუ აკრძალულია.

ამ ორ ტერმინთან მიმართებაში, შინაარსობრივად სიტყვა „ეთიკა“ (ეთიკურობა) შუალედურ პოზიციას იკავებს. ახლა განვმარტოთ… ის ბერძნული სიტყვაა და „ზნეს“, „ჩვეულებას“ ნიშნავს. ეს არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ადამიანთა ქცევის ნორმებს სწავლობს. ეტიმოლოგიური განსაზღვრებით, იგი გარკვეულ ნორმათა ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს ყოფა-ქცევას. ეთიკა არის მოძღვრება მორალისა და ზნეობის, როგორც საზოგადოებრივი შეგნების ერთერთი ფორმის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ის აყალიბებს ზნეობრივი ნორმების თეორიულ კანონებს. ეს არის ჩვეულებაც, ხასიათიც, ზნეც, აზროვნების წესიც. ეს არის შნაგან მოთხოვნილებასა და გარემოს შეზღუდვებს შორის ოპტიმალური გადაწყვეტილება. მისი არსი წარმოადგენს მორალურ იდეალს, ფასეულობას.

ზნეობის პრობლემის დასმა და გადაწყვეტა. ჩანს ეს საკითხი ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქაში იყო აქტუალური და შესაბამისად ხაზგასმულიც. ეთიკურ შეხედულებებს აყალიბებს სოკრატე, შემდგომ ამ თემას განიხილავს პლატონი და დაახლოებით ოცდახუთი საუკუნის წინ ამ ტერმინს პირველად იყენებს არისტოტელე. საინტერესოა ის, რომ იგი ეთიკის მთავარ მიზნად და მოტივად ბედნიერებას ასახელებს, ამბობს რომ ესაა ადამიანის თვითრეალიზაცია, რომელიც გეხმარება დაინახო და დადგე ოქროს შუალედზე.

ახლა კი, ჰობსისეულად შევეცადოთ ამ მიმართულებისა თუ კონკრეტული ტერმინის განხილვასა და აღქმას. მოაზროვნე წერს, რომ თავისუფლება არის უფლება რაიმეს გაკეთების ან რაიმესაგან თავშეკავებისა. ხოლო კანონი არის სრულიად სხვა მხარე, ეს არის დადგენილება, ვალდებულება ქცევის ამათუიმ წესისა. ფილოსოფოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონი და უფლება ისევე
განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც მოვალეობა და თავისუფლება, რომლებიც არ შეიძლება ერთსა და იმავე საგანთან მიმართებაში გაიგივდეს.

ჰობსი გვესაუბრება მოთხოვნაზე, ანუ გონების ზოგად წესზე, რომელიც გულისხმობს, რომ I. ყოველი კაცი უნდა ესწრაფოდეს მშვიდობას, რამდენადაც მისი მოპოვების იმედი აქვს და II. თუ მშვიდობის მოპოვება არ ძალუძს, მას შეუძლია ომის ყველა ხერხი და გზა ეძებოს და გამოიყენოს. ამ წესის პირველი ნაწილი ბუნებით კანონს შეიცავს. მეორე ნაწილში კი – ბუნებითი უფლებაა მოცემული, ერთი შეხედვით ორი სრულიად საპირისპირო დებულება, თუმცა კონსესუსის მიღწევა მათ შორის მაინც შესაძლებელია.

ბუნების ამ ძირეული კანონიდან , რომლიც ყველა ადამიანისაგან მშვიდობის ძიებას მოითხოვს, გამომდინარეობს ე.წ. მეორე კანონი: „თუ სხვებსაც აღმოაჩნდათ იგივე სურვილი, ადამიანი მზად უნდა იყოს, რამდენადაც მშვიდობისა და თავდაცვისათვის საჭიროდ მიიჩნევს, ხელი აიღოს თავის საყოველთაო უფლებაზე და დაკმაყოფილდეს იმდენი თავისუფლებით სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რამდენსაც ის სხვა ადამიანებში დაუშვებს საკუთარი თავის მიმართ.

ვფიქრობ, „ოქროს შუალედსაც“ მივაგენით. ჩემი სუბიექტური აზრით, ჰობსის იდეოლოგიის ეს სეგმენტი ლოგიკური, რეალური, მისაღებია და ფასეულია. ის არც იდეალურის ძიებაში წარმოქმნილი ჰიპერბოლაა და არც ეგოისტური თავისუფლების აღიარება.

დღეს, ჩემი აზრით, იმასაც უკეთ ვაცნობიერებთ რომ „ქმედება იწვევს უკუქმედებას“, კეთილ საქმეს კეთილი პასუხი, ცუდს შესაბამისად ცუდი შედეგი მოსდევს. იქნებ, შუალედია საუკეთესო ალტერნატივა. შუალედი, რომელზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ, ე.წ. ოქროს შუალედი, იგივე ეთიკა. ეთიკის ნორმების მოტივის საუკეთესო გამოხატულებაა სახარების შემდეგი კანონი „მოექეცით სხვა ადამიანებს ისე როგორც თქვენ გინდათ მოგექცნენ“ .

ჰობსისეული მიდგომის ძირითადი ფასეულობა, ჩემი აზრით, სწორედ მშვიდობიანობაა, რომელიც თავის მხრივ გვაახლოებს სარწმუნოებრივ ეთიკასთან.

დრო იცვლება, იცვლება ჩვენი შეხედულებებიც ყველანაირ ეთიკასა და სხვადასხვა ნორმებზე, ამ ცვლილებებმა ბევრი ცუდი დატოვა წარსულში, მაგრამ ბევრი კარგიც წაშალა, თუმცა ესეც სადაო საკითხია, ვისთვის ცუდი და ვისთვის კარგი…

P.S.

ჩარჩოში ჩაგისვამთ ლამაზი სიტყვები,
და თავად ეთიკურ მორალზე ღაღადებთ.
მე ახლაც მაფიქრებს აზრები დინების,
რომ წესი ცხვრებსა აქვთ და არა თამადებს.

ჭაობათ აღგიქვამთ მტკნარი ზღვის ფიქრები.
უვნებელს სწამებთ და ბედკრულებს აყვავებთ.
ჰობსის ხომ მიგიპყროთ იდეამ ძიების.
არადა შეზღუდვებს ყოველმხრივ აძაგებთ.

და იქნებ ცოტათი გავაღოთ დილეგი.
მათივე გონება არ ვანდოთ ქარაგმებს.
ტრადიციულიც და ცოტა ცვლილების
ფორმა ხანდახან ვფიქრობ რომ ამართლებს…

არ ვარ გამოუსწორებელი პესიმისტი… უბრალოდ, დღეს საქმე ან ზედმეტ „თავისუფლებასთან“ ან ზედმეტ „ვალდებულებასთან“ გვაქვს, რამაც ერთგვარი პროტესტის შეგრძნება გამიღვიძა, ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ ორიოდე სტროფი დამაწერინა ..

კურსის ლექტორები:
თენგიზ ვერულავა, თაზო თოხაძე

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button