ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი და ავადმყოფი

    მართალია, ძველად ომი რომ ატყდებოდა, მთელი სიმძიმე, პირველ რიგში, დიდი ხალხის შვილებს აწვებოდა, მაგრამ ომი ყოველთვის ხომ არ იყო და მთელს დროს, ძველად, დიდგვაროვანთა შვილები უქმად ატარებდნენ. ჯირითით, ნადირობით, თამაშით, არშიყობით და ამისთანებით ირთობდნენ თავს. ასეთ ახალგაზრდებს ეკუთვნოდა ერთი ძალიან დიდი კაცის შვილი. შესახედავად ამას კაცის შვილი არ სჯობდა, მაგრამ გართობის მეტს არას აკეთებდა და არც იცოდა.

    ამ ვაჟს შეუყვარდა ერთი მასავით დიდებულის შვილი. გოგომ იცოდა ამ ვაჟის ხასიათი, არ უნდოდა, პატრონიც უარზე იყო, მაგრამ ამ ვაჟმა, რომელსაც სილამაზით ვერავინ შეედრებოდა, თავისი ქცევით ქალს თავი შეაყვარა. ამ გოგოსავით ლამაზი, ყოველნაირად კარგი, ყველას საფიცარი და საყვარელი ამ სახელმწიფოში არავინ იყო. რამდენადაც ამ ვაჟის უწესობა ყველას პირზე ეკერა, ეს ქალი ყველას საქებარი გახლდათ. ისინი ხასიათით ისე არ გავდნენ ერთმანეთს, როგორც ზღვა და მთა. მაგრამ სიყვარულმა მაინც თავისი ქნა და ქალი ამ ვაჟს გაჰყვა.

    ერთხანს ცოლ-ქმარი, როგორც შეყვარებულ ცოლსა და ქმარს შვენოდა, ისე ცხოვრობდა, მაგრამ მალე ჩვეულებამ მაინც თავისი ქნა. ვაჟმა დაივიწყა, რომ ის ცოლიანი იყო და როგორც ძველად დადიოდა თავქარიანად, ისე დაიწყო სიარული სხვა გოგოებთან და ქალებთან. ცოლს ყოველდღე მოსდიოდა ამბავი, შეწუხდა ამაზე ქალი. წუხილი მალე ტირილში გადავიდა, ტირილი – სევდაში, სანთელივით დღედაღამ დნობა დაიწყო გოგომ, მაგრამ რა ექნა? იმ დროს ქმარს დიდი უფლება ჰქონდა ცოლზე.

    როგორც გოგოს ახლობლები, ისე ყველა წუხდა და ტიროდა ამ ამბავს, მაგრამ ვის რა უნდა ექნა? გოგო ოდნავ მაინც რომ ვაჟის ხასიათისა ყოფილიყო, მაშინ ამ ზომით არ იდარდებდა. მაგრამ ქალი ციდან ჩამოსული ანგელოზივით წესიერი იყო. მუდმივმა სევდამ და ტირილმა ქალი დააავადა. ბოლოს ვაჟი დაუახლოვდა ერთ გოგოს, რომელიც მასავით თავქარიანი იყო და ხასიათს ნამდვილად შეუწყობდა. გავრცელდა ხმა, რომ ვაჟს ეს გოგო უნდა შეერთო, როდესაც ცოლი მოუკვდებოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ბიჭი არც ერთ მზაკვარს და ჯადოქარს არ ტოვებდა, რათა მისი ცოლი როგორმე მალე მომკვდარიყო მზაკვრობით ან სხვა ჯადოსნური მოქმედებით.

    ასეთი საშინელი ამბავი რომ გაიგო გოგომ, სიკვდილის პირას მივიდა, არც სვამდა, არც ჭამდა. დღევანდელზე უარესად ხვალაა. მოდის დღე და ღამე მილეთის ხალხი, ყველა ცხელი ცრემლით იმდუღრება, მაგრამ რა ქნან? ეს არაა ისეთი ავადმყოფობა, რომლის წამლობა შეიძლებოდეს. ბევრს ეუბნებიან ბიჭს, ცდილობენ ჩააგონონ, ეჩიჩინებიან, მაგრამ რა გაუვათ ასეთ შეუსმენელთან და ჯიუტთან? ბიჭს ერთი სული აქვს, როდის მოკვდება მისი ცოლი, რომ მალე მოიყვანოს ახალი შეყვარებული.

    როგორც ქალის ახლობელნი, ისე ყველანი ცდილობენ დაეხმარონ რამეთი. დღედაღამ ლოცულობენ და ღმერთს ეხვეწებიან. იმ დროს მკითხაობას, რა თქმა უნდა, დიდი გასავალი ჰქონდა. როცა მკითხავს აკითხვინეს, მას უთქვამს, რომ სამი ღმერთისთვის თითო კრავი შეეწირათ და შეიძლებოდა გოგოს სევდა გადაყროდა. იმ დროს კრავის შოვნას რა უნდოდა. ამოურჩევიათ უკეთესი კრავები და მიუყვანიათ გოგოსთან. შემდეგ უნდა დაეკლათ. როდესაც ავადმყოფმა ნახა კრავები, გაუხარდა და წამოჯდომა და კრავებთან თამაში მოინდომა. შემდეგ იკითხა, თუ რისთვის უნდოდათ ეს კრავები. უთხრეს, რომ ღვთისთვის შესაწირავად იყვნენ მოყვანილი. – არა, ამათ კაცი დანას როგორ გამოუსვამს ყელში? თუ ჩემი სიკვდილი გინდათ, დაჰკალით, მორჩენა თუ გინდათ, ხანდახან მაჩვენეთო. დაუჯერეს გოგოს. თქვეს: რადგან ნახვა გაუხარდა, კიდევ გაუხარდებაო.

    ქალი მთლად სიკვდილის პირას მივიდა – საცაა სული უნდა ამოხდეს. მოდის ქალი და კაცი, მოსვენება არ არის დღე და ღამე, ყველა ცხელი ცრემლით ტირის. ცხენი რომ გაჭენდება, ისეთი დარბაზი სავსეა ხალხით. ამ ვაჟს რომ საცოლედ მიაჩნია, ის ქალიც აქ გამოპრანჭულა. ყოველ წუთს ელიან სულის ამოხდომას. ყველა ხმაგაკმენდილია. ყველას შეუჩერებლად ჩამოსდის ცრემლი. უეცრად ისეთმა ხმამ შესძრა ჰაერი, მიწაზე მავალ კაცს რომ არასოდეს გაუგონია. მომაკვდავმა ამოიხვნეშა და გაიღიმა. ხმა გაძლიერდა, მაგრამ ასეთი ტკბილი ხმა ვისი იყო და საიდან მოდიოდა, კაცმა არ იცოდა. ყველა იმას ფიქრობდა, რომ ქალი ახლა მოკვდება და ღმერთები მის სულს გალობით წაიყვანენ ცაზეო. უცებ ერთმა მოხუცებულმა კაცმა მბრძანებელი ხმით შესძახა: -დაიჩოქეთ! ოქროს კრავი მოდის. კრავი გაჩნდა სახლის კართან, ჯიქურ ავადმყოფთან მივიდა, დადგა უკანა ფეხებზე და წინა ფეხები ავადმყოფის საბანზე დადო. ქალი წამოჯდა. კრავი შემობრუნდა და კარისკენ წავიდა. – რა ლამაზია, ჩემთანაც მოდი, შენი ჭირიმე, – თქვა კაცს საცოლედ რომ მიაჩნდა, იმ გოგომ და კრავს დაჭერა მოუნდომა. უნდოდა ჩაეხუტებინა, მაგრამ კრავმა განი უქნა და არ გაიკარა. – მე დავიჭერ, ჭირიმე, – თქვა ვაჟმა და წინ გადაუდგა კრავს. კრავი გაჩერდა. ვაჟმა ხელი მოჰკიდა. როდესაც ქალმაც ხელი მოჰკიდა, ორივე კისერმოტეხილებივით მიწაზე დაეცა. კართან რომ მივიდა, კრავი გაუჩინარდა. მომაკვდავი გოგო და ვაჟი ოთახიდან გაიყვანეს. ვაჟის ცოლი ისე წამოდგა, თითქოს არასოდეს ყოფილიყო ავად და არც რამე გაჭირვება გადაეტანოს.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button