ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ტონბა-ვარჩხილი და ქაჩალი კაციიი

    ყოფილა ერთი ქაჩალი კაცი. როგორც შუა ხელისგულზე არაა თმა, ისე ერთ ღერ თმას ვერ იპოვიდით მის თავზე და, გარდა ამისა, თავი მუწუკებით ჰქონია დაფარული. ვიღაცამ ურჩია თურმე ამ კაცს, ტონბა-ვარჩხილში დაიბანე თავი, მუწუკებსაც მოგირჩენს და თმასაც ამოგიყვანსო. ქაჩალი იყო ეს კაცი, თორემ, სხვა მხრივ, ნაკლი არაფერი ჰქონდა და საქმეც კარგად მისდიოდა. თავისი ამბავი ამ კაცს გაუნდვია ერთი მოკეთე მეცხვარისათვის, რომელიც ყოველ ზაფხულს მთაში მიერეკებოდა საქონელს. მეცხვარეს, რომელმაც კარგად იცოდა ტონბა-ვარჩხილის ამბავი, დიდად არ გახარებია ეს, მაგრამ მოკეთისთვის უარი ვერ უთქვამს და დაპირებია, თან წაგიყვანო.

    როდესაც მოვიდა მთაზე წასვლის დრო და მეცხვარემ საქონელი აყარა, ქაჩალი კაცი საგზლიანად გაჰყვა მეცხვარეს. ტონბა-ვარჩხილთან რომ მივიდნენ, მეცხვარემ ქაჩალს უთხრა:

    – ესაა ტონბა-ვარჩხილი. ახლა ღმერთს შეევედრე და თავი დაიბანე გადმომდინარე წყალში. სავსე ტონბა წყალთან არ მიხვიდე, თორემ შეიძლება წყალი იძრეს და ქვეყანა დაიქცეს.

    – კი, ბატონო, კი, შენი ჭირიმე, – უთხრა ქაჩალმა კაცმა. ჯერ დაიბანა ხელი და პირი, მერე ღმერთს შეევედრა და, ბოლოს, თავი დაიბანა. გადაისვა თავზე ხელი, თმის ნასახიც არ ჩანდა, მეორეჯერ დაიბანა, მაგრამ არაფერი მომხდარა. კიდევ დაიბანა მესამედ, მაგრამ ახლაც არ იძვრის თმა მის მოტვლეპილ თავზე. შემდეგ ადგა და თავი მთლიანად ჩაჰყო წყალში; რამდენ ხანსაც შეეძლო გაძლება, გააჩერა, მაგრამ არც ახლა მომხდარა რამე.

    – ასე რატომაც მოხდა, ვიცი, – თქვა ქაჩალმა, – იმ კაცმა მითხრა, ტონბა-ვარჩხილში დაიბანეო, თორემ მისგან რომ გადმოდინდება იმ წყალში დაიბანეო კი არ უთქვამს. რაც მოსახდენია მოხდეს, ტონბა-ვარჩხილში უნდა დავიბანო.

    – ნუ იზამ მაგას, წყალი იძვრის და დავიღუპებით. თმის ამოყვანას თავი დაანებე, არ ქნა მაგი, თორემ თავის ტყავიც არ გაგყვება აქედან, – უთხრა მეცხვარემ.

    – თავი დამანებე, კაცო. ქვეყანას რა დააქცევს. თუ დაიქცევა, დაიქცეს. იგი წავიდა ტონბა-ვარჩხილის ნაპირისაკენ თავის დასაბანად. უშლიდა მეცხვარე, მაგრამ არ დაიჯერა ამ კაცმა. მაშინ მეცხვარე მოუბრუნდა ბიჭებს და უთხრა: «აბა, აყარეთ საქონელი, მალე გარეკეთ».

    წაიწია ამ კაცმა ცოტა წინ და დაიწყო თავის ბანა. შუადღეა. ისეთი დღეა, რომ ცაზე მუშტის ოდენა ღრუბელიც არ ჩანს. უეცრად მოვიდა შხეფი, გაჩნდა ღრუბელი და გავარდა მეხი. ჯერ ტკვარცალი დაიწყო მსხვილ-მსხვილმა წვიმამ და ამას მოაყოლა ნიგოზის კაკლის სიმსხო სეტყვა. დაუშინა და დაუშინა. იქცევა ქვეყანა. მეცხვარემ თავზე წამოიხურა ნაბადი და გაიქცა ცხვრების მხარეს. ღელვა დაიწყო ტონბა-ვარჩხილმა. მცირე ხანი რომ გავიდა, გაიელვა და დღე ისევ მოწმენდილი გახდა. მეცხვარემ თავის ცხვრებს მიაშურა, ყველა გამწყდარიყო. როცა ისევ მივიდა ტონბა-ვარჩხილთან – იგი დაწყნარებული დახვდა, ხოლო ქაჩალი კაცი წყალს გამოერიყა და ქვასთან ეგდო მკვდარი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button