ფაქტები ტარაკნებზე
ტარაკნების ტაქსონომიურ რიგში დაახლოებით 4500 სახეობა შედის და მათგან 30-ს ადამიანთა დასახლებებშიც შევხვდებით, 10 კი პარაზიტად ითვლება. მწერების კვალობაზე ტარაკნები ზოგჯერ საკმაოდ დიდები და მსხვილები არიან. უმეტესი მათგანი მცირე ზომისაა, თუმცა გიგანტურმა ავსტრალიურმა ტარაკანმა, იგივე მარტორქა ტარაკანმა, შეიძლება სიგრძეში 8 სმ-ს და წონაში 35 გრამს გადააჭარბოს, ასევე დაფიქსირებულია 50 გრამიანი ტარაკნების შემთხვევებიც. სხვა მწერების მსგავსად შთამომავლობის დასატოვებლად ეს არსებებიც წყვილდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება და მოპოვებულ სპერმას მდედრი მთელი ცხოვრება ინახავს. ტარაკნებს შეუძლიათ, მთელი თვე გაძლონ საკვების გარეშე, მაგრამ მხოლოდ 1 კვირა – უწყლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ღამის არსებები არიან, არ ეშინიათ სინათლის – გაქცევის მიზეზი რეალურად ჩვენ (ადამიანები) ვართ. ძლებენ თითქმის ყველანაირ პირობებში და თითქმის ნებისმიერ ადგილას.
● იატაკზე და საწოლზე მოსიარულე ტარაკანზე უარესი მხოლოდ მფრინავი ტარაკანი თუ იქნება. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ვერ დაფრინავს, თუმცა სურათზე გამოსახული გიგანტური სახეობის, „Megaloblatta longipennis”-ის გაშლილი ფრთების სიგრძე 185 მმ-ია, ანუ 18.5 სმ. მისი საბინადრო არეალი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა.
● სიკვდილის შემდეგ ტარაკნები აგრძელებენ სხეულიდან მეთანის გამოყოფას 18 საათის განმავლობაში. გლობალური მასშტაბით, გამოყოფილი მეთანის 20% მწერებზე მოდის. ეს კი ტარაკნებს აქცევს გლობალური დათბობის ერთ-ერთ ყველაზე ხელშემწყობ ფაქტორად. სხვა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტერმიტები და ძროხები.
● ველურ ბუნებაში მცხოვრები ტარაკნების უმეტესობა ჩიტების ან სხვა რომელიმე პატარა ცხოველის მუცელში ასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ სახლში მობინადრე ტარაკანი ხშირად იმიტომ კვდება, რომ ზურგზე დაცემის შემდეგ უბრალოდ ამობრუნებას ვეღარ ახერხებს. ბუნებაში არის ფოთლები და ხის ნაფოტები, ამიტომ მას აქვს რაიმე, რაზეც შეუძლია იმოძრავოს და მოეჭიდოს. სახლში კი, გაპრიალებულ იატაკზე, ეს არ გამოსდის. მწერების საწინააღმდეგო ზოგიერთი ნივთიერებები სწორედ ამ გზით მოქმედებენ – იწვევენ მასში კუნთების სპაზმს და უკარგავენ კოორდინაციის უნარს, რის შედეგადაც ტარაკანი ზურგზე ეცემა და კვდება.
● მიჩნეულია, რომ მადაგასკარის შიშინა ტარაკანი არის ერთადერთი მწერი, რომელიც ხმას გამოსცემს სასუნთქი ხვრელებიდან. სხვები, როგორც წესი, სხეულის სხვადასხვა ადგილების ხახუნით ქმნიან სპეციფიკურ ბგერებს. ამ ჯიშს ორი სხვადასხვა ტონალობის გამოცემა შეუძლია. ერთს მაშინ გამოსცემს, როცა მოწყენილია, მეორეს კი მაშინ, როცა ორი მამრი პირისპირ ხვდება ერთმანეთს. არიან საკმაოდ დიდები (5-8 სმ) და უფრთოები, ამიტომ პოპულარული შინაური ცხოველები არიან, იღებენ ფილმებშიც.
● ცნობილია, რომ ტარაკნებს გარკვეული პერიოდით სიცოცხლისთვის თავი არ სჭირდებათ. შედარებისთვის, ჩვენ, ადამიანები, თავს ვიყენებთ შემდეგი ძირითადი ფუნქციებისთვის: გვაქვს პირი და ცხვირი სასუნთქად, ვიკვებებით პირის მეშვეობით და რა თქმა უნდა, გვაქვს ტვინი სააზროვნოდ (თუმცა ამ ბოლო ფუნქციის საკითხში გამონაკლისებიც არსებობს). თავის მოკვეთა გამოიწვევს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვას, რაც თავის მხრივ, წნევას შეამცირებს და ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიმოქცევაზე უარყოფითად აისახება, საბოლოოდ კი ორგანიზმის სიკვდილით დასრულდება. რაც შეეხება ტარაკანს, ის სუნთქავს მთელ სხეულზე განლაგებული სასუნთქი მილებით, რომლებიც თავთან არაა კავშირში და არც ტვინის მიერ კონტროლდება. გარდა ამისა, მწერებს არ გააჩნიათ ძუძუმწოვართათვის დამახასიათებელი სისხლის წნევა და სისხლის დაკარგვით არ იხოცებიან. ხოლო თუკი ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ტარაკანს ერთი გაძღომა შეიძლება 1 თვეს თავისუფლად ეყოს.
● ალერგია ტარაკანზე პირველად აღწერეს 50 წლის წინ. ეს რეალური და საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. ტარაკნის ალერგენებია ექსკრემენტი და წვრილი ნაწილაკები, რომლებიც მკვდარი სხეულის ხრწნისას ჰაერში იფანტება და ადამიანის სასუნთქ სისტემაში ხვდება. გართულების შემთხვევაში ალერგია გადადის მწვავე ფაზაში და იწყება ასთმა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ასთმის გახშირებული შემთხვევების ბრალი ისაა, რომ ქალაქელი ბავშვები უმეტესწილად სახლში თამაშობენ და შესაბამისად, ალერგენებთან აქვთ შეხება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქალაქში მდებარე სახლში საშუალოდ 900-დან 330,000-მდე მწერი ბინადრობს. სეზონური ალერგიისგან განსხვავებით, ტარაკანზე ალერგია მთელი წელი გრძელდება.
● ჩვეულებრივი გერმანული ტარაკანი სიის სათავეში მყოფი ჯიშის ბიძაშვილია. ის ერთ-ერთი ყველაზე მომაბეზრებელი პარაზიტია. ცოცხლობენ 6-9 თვე და ამ პერიოდში მდედრი შეიძლება 8-ჯერ განაყოფიერდეს, რის შემდეგაც 30-40 კვერცხს დებს, რაც მთლიანობაში 240-320 შვილს უდრის. მათგან მხოლოდ 10-მა მდედრმა რომ გაიაროს იგივე გზა, რამდენიმე წელიწადში ათასობით იქნებიან. რეალურად კი 10-ზე მეტი იმეორებს განაყოფიერების გზას – საშუალო რიცხვი 100-ია.
● დაკვირვებები აჩვენებს, რომ ტარაკნები საკმაოდ სწრაფებიც არიან. დაფიქსირებულია ამერიკული ტარაკნის შედეგი – 3.2 კმ/სთ. რა თქმა უნდა, ამით დიდ ცხოველებს ვერ შეედრებიან, მაგრამ სხეულის ზომის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა რომ გადავიყვანოთ ავაზის ზომაში, 50 მილი/სთ-მდე (80 კმ/სთ) ავა, რითაც ხმელეთის უსწრაფეს არსებას მაინც ჩამორჩება. სისწრაფეში ხელშემწყობი ფაქტორებია კარგი მხედველობა და ანტენები.
● ხშირად ამბობენ, რომ ტარაკანი უძლებს რადიაციას და თუკი ადამიანები ერთმანეთს გაანადგურებენ ბირთვულ ომში, დედამიწას ტარაკნები დაიპყრობენ. მათ მართლაც შეუძლიათ რადიაციის დიდი დოზით ატანა, ტარაკნების სასიკვდილო დოზა ადამიანებისაზე 6-15-ჯერ მეტია. თუმცა ჩემპიონები ნამდვილად არ არიან, მათ ხილის ბუზები (დროზოფილები) ჯობნიან. ტარაკნების უჯრედები გაცილებით უფრო ნელა იყოფა, საშუალოდ კვირაში ერთხელ, ამიტომაც რადიაცია ნაკლებად მოქმედებს. ხოლო ადამიანების სისხლისა და იმუნური სისტემის უჯრედები მუდმივ განახლებაშია. ატომური ბომბის აფეთქება გაანადგურებს ახლომახლო არეალში მყოფ ყველა ადამიანს, მაგრამ ტარაკნების შემთხვევაში – მხოლოდ 1/4-ს. „დისქავერის” გადაცემა „Mythbusters”-ში ჩაატარეს ცდა, სადაც ტარაკანმა ადამიანის ზღვარზე 10-ჯერ მეტ რადიაციას გაუძლო, მაგრამ ორივეს (გვ)აჯობა ფქვილის ხოჭომ – მან ადამიანებზე 100-ჯერ მეტი აიტანა.