Topკინემატოგრაფიასია

10 ფილმი 90-იანებიდან, რომელიც 10-ჯერ მაინც გაქვთ ნანახი

ფილმები გარდა იმისა, რომ საინტერესო სიუჟეტით, მსახიობებით, რეჟისურით და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით გვამახსოვრებენ თავს, ამასთანავე, ისინი მოგონებების შეგროვებაშიც გვეხმარებიან.

90-იანი წლების ადამიანებს ფილმებთან განსაკუთრებული მოგონებები აქვთ. ეს ის დრო იყო, როცა სერიალებისა, თუ კინოსურათების სანახავად იმ მეზობელთან მივდიოდით, რომელსაც უფრო დიდი ტელევიზორი, ან ჩუმად შეყვანილი ელექტროენერგიის წყარო ჰქონდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მკითხველებს შორისაც ბევრია ისეთი, რომლებსაც 90-იანების საკულტო ფილმები, „ტიტანიკი“, „მამაცი გული“ და სხვები სამეზობლოსთან ერთად აქვს ნანახი. ამ სტატიაში „ბნელი და ტკბილი“ 90-იანების ფილმებს გავიხსენებთ.

1. „მაკულატურა“ / Pulp Fiction

„მაკულატურა“ 1994 წელსაა გადაღებული და ის საკულტო სურათად მიიჩნევა. ეს არის ფილმი, რომლის ნახვაც ბევრს არასდროს ბეზრდება. კვენტინ ტარანტინოს შესანიშნავ ნამუშევარს, ახლაც სიამოვნებით უყურებენ. ალბათ, ფილმიდან ლეგენდარული ცეკვის შესრულება თავადაც გიცდიათ.

2. „შინდლერის სია“ / Schindler’s List

სტივენ სპილბერგმა ეს ლეგენდარული სურათი 1993 წელს გადაიღო და ფილმი დღემდე რჩება ბევრისთვის საყვარელ ნამუშევრად. მასში მეორე მსოფლიო ომის სისატიკეა აღწერილი. 90-იანებში მისი ნახვა ცხადია, ადამიანებს კიდევ უფრო მეტ სტრესს ჰმატებდა, თუმცა ამავდროულად, აფიქრებინებდა, რომ საზოგადოებას უფრო მძიმე პერიოდიც ჰქონდა გამოვლილი. ფილმი ბევრისთვის დღემდე ფავორიტია.

3. „ლამაზმანი“ / Pretty Woman

ეს ფილმი, დღემდე რომ სიამოვნებით ვუყურებთ, 1991 წელსაა გადაღებული. სექს მუშაკისა და ბიზნესმენის სიყვარულის ამბავი ბევრისთვის სრულიად უცხო და უცნაური იყო და ქართველ მაყურებელშიც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

4. „ხელმაკრატელა ედვარდი“ / Edward Scissorhands

გახსოვთ ჯონი დეპი ხელმაკრატელა ედვარდის როლში? კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი ძველი პერიოდიდან, რომელიც 90-იანების ნოსტალგიას გაგიჩენთ. ეს ფილმი ყველა დროს და ყველა ეპოქას უხდება.

5. „ფორესტ გამფი“ / Forrest Gump

კიდევ ერთი კლასიკა 90-იანი წლებიდან. „გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი“, – ალბათ, ყველას გახსოვთ ეს ფრაზა. ფილმი 1995 წელს გადაიღეს და მას დღემდე მაყურებლის დიდი აუდიტორია ჰყავს.

6. „ტიტანიკი“ / Titanic

„ტიტანიკი“ 90-იანების თინეიჯერი გოგონების მთავარი სიყვარული იყო. იშვიათად იპოვიდით იმ პერიოდში გოგონას, რომელსაც ფილმის პოსტერი ოთახში არ ჰქონდა გაკრული, რვეულების მწარმოებლები კი ფილმის კადრებს ყდებზე ბეჭდავდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, „ტიტანიკი“ იყო ფილმი, რომელიც 90-იანი წლების მოზარდთა განუყოფელი ნაწილი გახდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება. ალბათ ბევრ თქვენგანს ამ ფილმთან რაიმე განსაკუთრებული მოგონებაც აკავშირებს.

7. „მამაცი გული“ / Braveheart

გულწრფელად გვითხარით, რამდენჯერ გინახავთ ეს ფილმი? „მამაცი გული“ 90-იანი წლების სატელევიზიო ეთერის განუყოფელი ნაწილი იყო და ზოგჯერ ეთერში კვირაში რამდენჯერმეც კი უშვებდნენ. საოცარი ის არის, რომ ზოგიერთი მას ყოველ ჯერზე დიდი სიამოვნებით უყურებდა. შესაძლოა, ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლის თავგადასავლის ნახვა ახლაც მოინდომოთ.

8. „უკანასკნელი მოჰიკანი“ / The Last of the Mohicans

არ გვითხრათ, რომ ახლა, სადმე „უკანასკნელი მოჰიკანის“ მელოდია რომ მოისმინოთ მთელი ბავშვობა თვალწინ არ დაგიდგებათ. ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, 1992 წელს გადაღებული ფილმის ფანებს დღემდე მეხსიერებაში აქვთ ჩაბეჭდილი.

9. „ანჟელიკა“, „ანჟელიკა და მეფე“, „ანჟელიკა და სულთანი“ / Angelique Trilogy

თუკი ყოველ შაბათ-კვირას, „კავკასიის“ არხზე ანჟელიკასა და ჯოფრეი დე პეირაკის წარმოუდგენელი თავგადასავლებით სავსე სიყვარულის ისტორიისთვის არ გიყურებიათ, მაშინ გვიჩნდება კითხვა – სად გაატარეთ „ბნელი და ტკბილი“ 90-იანები?

10. „ერთხელ, ამერიკაში“ / Once Upon a Time in America

ეს სია ნამდვილად დაუსრულებელი იქნებოდა „ერთხელ, ამერიკაში“-ის გარეშე. 1984 წელს გადაღებული კლასიკური სურათი, ჩვენი მოგონებებიდან არასდროს გაქრება.

წყარო
https://feedc.com/user/unknownman

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button