რეალურია თუ არა სტალინის დედის დაუჯერებელი მოგონებები?
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა წიგნად გამოსცეს სტალინის დედის მოგონებები, რომელიც 1935 წელს, თავად ეკატერინე (კეკე) გელაძის კარნახით, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი.
წიგნის გამოცემამდე სტალინის დედის მოგონებები მხოლოდ მკვლევარებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მკითხველს საშუალება ეძლევა პირველწყაროდან გაეცნოს სტალინის სიყმაწვილის ამსახველ ტექსტს, რომელიც ნათელს ჰფენს ბევრ ისეთ საყურადღებო დეტალს, რომელმაც გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი იმპერიის მმართველის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
როგორ მოხდა, რომ სტალინის დედის ეს მოგონებები აქამდე არ გამოქვეყნდა? ამ კითხვის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე ამბობს:
„წერილობითი სახით არქივში რამე დოკუმენტი დაცული არ არის, რომ „გრიფით საიდუმლო“ დაედოთ! საბჭოთა პერიოდში არ გამოქვეყნებულა და საბჭოთა პერიოდის შემდეგაც მისი გამოქვეყნების დიდი სურვილიც არავის გამოუჩენია. ანუ ვერ გაჩვენებთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, გამოქვეყნება აკრძალული იყო, მაგრამ ფაქტია, არ გამოქვეყნებულა და, ალბათ, საქმე გვაქვს შემთხვევითობასთან.“
დავით აფრასიძისგან განსხვავებით, საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი მიიჩნევს, რომ მოგონებები აქამდე სულ სხვა მიზეზით არ გამოქვეყნდა. ონიანის ვარაუდით, კეკეს არანაირი მოგონებები არ ჩაუწერია და რომც ჩაეწერა, სტალინის მითითებით მას მაშინვე გაანადგურებდნენ.
„მაშინ როცა სტალინის ოჯახზე, მის შვილებზე, შვილიშვილებზე, არათუ დედაზე, აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი როგორც უცხოური, ასევე საკავშირო პრესისთვის… ასეთ ფონზე სადმე სტალინის დედის ჩანაწერი რომ ყოფილიყო და არავის სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია! ეს არის აშკარად დადგმული ვიღაცის მიერ, კომერციული, პოლიტიკური თუ სხვა რაღაც გარემოებით გამოწვეული“.