ენიგმამეცნიერებაუცხოპლანეტელები

სტივენ ჰოკინგი უცხოპლანეტელების შესახებ

გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა: არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? თუ არსებობენ, სად შეიძლება მათი პოვნა? როგორ გამოიყურებიან? რისგან შედგებიან? არიან თუ არა ინტელექტუალურები? და თუკი მათ ვიპოვით, როგორი გავლენა ექნება ამას კაცობრიობაზე?

მსოფლიოს რომელ წერტილშიც გინდა ჩავიდე, ხალხი ყოველთვის მეკითხება: „არსებობენ უცხოპლანეტელები?” ეს კარგი კითხვაა, რადგან კავშირშია იმ საკითხთან, თუ როგორ მოვიაზრებთ ჩვენს ადგილს სამყაროში. ვართ თუ არა მარტონი ამ პატარა, მრგვალ ლურჯ ბურთულაზე? მე ვფიქრობ, რომ არა, ერთ-ერთი ფაქტის გამო – სამყარო დიდია, ძალიან დიდი. ჩვენი პლანეტა ერთი რიგითია მზის გარშემო მოძრავი 8 პლანეტიდან, მზე კი ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, უზარმაზარ სივრცეში არსებული 200 მილიარდი ვარსკვლავიდან ერთ-ერთია. ჩვენი გალაქტიკა იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ მისი აღქმაც კი მიჭირს. მაგრამ ირმის ნახტომიც კი ერთი პატარა წვეთია კოსმოსურ ოკეანეში, ერთ-ერთია 100 მილიარდი გალაქტიკიდან, რომლებიც ქმნიან უზარმაზარ ქსელს, გადაჭიმულს ყველა მიმართულებით.


ამ სისტემაზე თითოეული წერტილი გალაქტიკას აღნიშნავს, რაც არამარტო წარმოდგენას გვაძლევს სამყაროს ზომაზე, არამედ ძნელად დასაჯერებელს ხდის, რომ ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ. ასე რომ ჩემი მათემატიკური ტვინისთვის მხოლოდ რიცხვებიც კი სავსებით რაციონალურს ხდიან უცხოპლანეტელების არსებობას. მთავარი საკითხი იმის გაგებაა, თუ როგორ გამოიყურებიან ის არსებები, რომლებიც სამყაროს შორეულ წერტილში ცხოვრობენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და უკიდურესად დამაინტრიგებელი.

უცხოპლანეტური სიცოცხლე შეიძლება იყოს როგორც მარტივი მწვანე ლორწოს ფორმის, რომელიც ბევრს არაფერს აკეთებს, გარდა სხვა ცხოველებზე დაწვეთებისა, ისე უფრო რთული ორგანიზმიც. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლება არსებობდეს კოსმოსში. ასეთ მასიურ სამყაროში, ლოგიკურია დავინტერესდეთ, არსებობენ თუ არა მოაზროვნე ქმნილებები, ან სულაც ცივილიზებული საზოგადოებები, როგორსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ვხედავთ. მათგან ჩემი ფავორიტებია „ვარსკვლავური ომები” და „ვარსკვლავური გზა”, რომლებიც შესაძლოა, იმაზე ახლოს იყოს რეალობასთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყოველ შემთხვევაში, მათი სცენარი დამაჯერებელია.

თუმცა თუ ამაზე დიდხანს იფიქრებთ, მიხვდებით, რომ ესეც კი ზღუდავს შესაძლებლობების არეს. შესაძლოა, სიცოცხლის იმდენად უცნაური ფორმები არსებობდეს, რომ ჩვენ მათ ვერც კი აღვიქვამდეთ სიცოცხლედ. შესაძლოა, ვარსკვლავების ცენტრში საოცრად ეგზოტიკური არსებები იყვნენ ან სულაც მიკროორგანიზმების უზარმაზარი გაერთიანებები, რომლებიც კოსმოსური მტვრის ღრუბლებს ჰგვანან. შესაძლოა, უცხოპლანეტელები ისე ცოტახანს ცოცხლობენ და ისე სწრაფად კვდებიან, რომ მათი არსებობა თვალის დახამხამებას უდრის.

მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ, რა ვეძებოთ, ან სულაც სად ვეძებოთ ასეთ ვრცელ სამყაროში, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს? ინფორმაცია, რაც გვჭირდება, აქაა, ჩვენს პლანეტაზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი საბინადრო არის თავშესაფარი აქამდე ცნობილი სიცოცხლის ფორმებისა. ფიზიკის კანონები ყველგან ერთნაირად მოქმედებს, აქედან გამომდინარე, შეიძლება სიცოცხლის კანონებიც უნივერსალური იყოს. დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მიხედვით შეგვიძლია, შევადგინოთ სახელმძღვანელო, თუ როგორია სიცოცხლე და როგორ მუშაობს, მიუხედავად იმისა, სად ჩნდება ის.

პირველ თავს გადავყავართ წარსულში, 4.5 მილიარდი წლის უკან, როცა დედამიწა ძალიან ახალგაზრდა იყო. ჯერ კიდევ გამოცანაა, თუ რა იყო ბიძგი სიცოცხლის გასაჩენად, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია. მათგან ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, სიცოცხლე შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა „პირველყოფილი სუპის” გუბეებში, რომლებიც სავსე იყო ამინომჟავებით. ეს მოლეკულები ერთმანეთს ეჯახებოდნენ მილიონობით წლების მანძილზე, სანამ არ შეიქმნა სრულყოფილი კომბინაცია – იღბლიანი შემთხვევა, რომელიც სიცოცხლის ჯაჭვის დასაწყისი აღმოჩნდა.

ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ სიცოცხლემ სპონტანურად შექმნა თავისი თავი. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს ამ თეორიის პრობლემაა. ეს ლატარიის მოგებას ჰგავს, სადაც გამარჯვების ალბათობა ასტრონომიულად დაბალია, თუმცა ყოველ კვირას მაინც ვიღაც იგებს. მაგრამ არსებობს სხვა დამაინტრიგებელი იდეაც, რომელსაც „პანსპერმია” ჰქვია. მის მიხედვით, სიცოცხლე წარმოიშვა სადღაც სხვაგან და შემდეგ ასტეროიდების მეშვეობით ვრცელდებოდა პლანეტიდან პლანეტაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ქვის ნატეხები შეიცავდნენ გაყინულ ორგანიზმებს, რომლებსაც შეეძლოთ, აეტანათ ექსტრემალური ტემპერატურა და სივრცული ვაკუუმი. თუ ეს ასე იყო, შეიძლება ასტეროიდებს ახლაც გადაჰქონდეთ სიცოცხლის მარტივი ფორმები სხვა ადგილებში.


მიუხედავად იმისა, რომელი თეორიაა სწორი, სიცოცხლის წარმოშობის შემდგომ იწყება შემდეგი ეტაპი, მეორე თავი, რომელიც გადარჩენას ეხება. მასთან კავშირში ვართ მე, თქვენ და უცხოპლანეტელები, მას გააჩნია საკუთარი კანონები. გადარჩენა მოითხოვს ენერგიის წყაროს, რასაც ჩვენ საკვებს ვუწოდებთ. გამოკვების შემდეგ ცოცხალს ორგანიზმს შეუძლია თავისი მსგავსი გააჩინოს, რათა მოდგმა დაცული იყოს გადაშენებისგან. საბოლოოდ ამ პროცესს ევოლუციისკენ მივყავართ. ევოლუცია, რომელიც სამყაროს სხვა ადგილებშიც ხდება, წარმოშობს ცხოველებს, რომლებსაც ჩვენ ცოცხალ არსებებად აღვიქვამთ, თუნდაც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ.

უცხოპლანეტელებზე ნადირობის საქმეში შემდეგი ნაბიჯია ისეთი ადგილის ან ადგილების პოვნა, სადაც ორგანიზმებს ექნებოდათ საშუალება, მოეპოვებინათ საკვები, გამრავლებულიყვნენ და განვითარებულიყვნენ. ჩვენს ხელთ არსებული ცოდნიდან გამომდინარე ვიცით, რომ ამისთვის საჭიროა ერთი რამ – წყალი. ბევრი ადამიანის მსგავსად, წყალი ჩემთვისაც ლამაზი და მომაჯადოებელი რამაა. თუმცა ამის გარდა, ის ასევე წარმოადგენს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ყველანაირი ფორმის წყაროს, დაწყებული ბაქტერიებიდან დამთავრებული ლურჯი ვეშაპებით. თუკი წყალს ვიპოვით, შესაძლოა, მის ახლოს უცხოპლანეტელები სახლობდნენ. კარგი სიახლე ისაა, რომ წყალი საკმაოდ გავრცელებულია ღია სამყაროში. კოსმოსში გაყინული წყალი გაბნეულია სხვადასხვა ფორმით, პატარა კრისტალებიდან მთის ზომის კომეტებამდე. მაგრამ თხევადი წყლის არსებობისთვის შესაბამისი ტემპერატურაა საჭირო.

ნებისმიერი ვარსკვლავის გარშემო არსებობს რეგიონი, რომელიც არც ძალიან ცხელია და არც ძალიან ცივი, არამედ რაღაც საშუალო. ჩვენი მზის შემთხვევაში ამ ზონაში ორი პლანეტაა მოქცეული: დედამიწა და მარსი. სწორედ ამ მიზეზის გამო მივიჩნევ, რომ ერთ დღესაც ამ პლანეტას ვეწვევით. რობოტები მარსს 70-იანი წლებიდან იკვლევენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლეს მასზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულების აღმოჩენა. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა დავნებდეთ. მარსის ზედაპირის ქვეშ „ნასას” მარსმავალმა „Spirit”-მა აღმოაჩინა თეთრი მარილები, რომლებიც ფორმირდებიან თხევად წყალთან კონტაქტისას.

თანამგზავრულ ფოტოებზე ვხედავთ წყლის ნაკვალევსა და ეროზიის ისეთ ნიმუშებს, რომლებსაც მდინარეები და ოკეანეები იწვევენ. მარსის სიღრმეში შეიძლება ჯერ კიდევ იყოს სინესტე, სინესტე, რომელიც სიცოცხლის არსებობისთვის ხელის შემწყობია. იმედი მაქვს, ერთ დღეს გამოინახება საჭირო თანხა, რათა მარსზე ადამიანები გავგზავნოთ. ეს მთელი კაციობრიობის ყურადღებას მიიპყრობს, ისევე როგორც „აპოლოს” მთვარის მისიებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება 60-იან წლებში. თუკი ისინი შეძლებენ და თუნდაც მიკრობებს აღმოაჩენენ, ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენა.

მაგრამ თუნდაც მარსი უნაყოფო იყოს, არსებობს სხვა ადგილები, სადაც შეიძლება თხევადი წყალი ვეძებოთ. ერთ-ერთი მათგანი მარსიდან 50 მილიონი კმ-ის მოშორებითაა – პატარა იდუმალი თანამგზავრი, რომელიც გიგანტურ პლანეტა იუპიტერს უვლის გარს. ეს გახლავთ ევროპა.


ევროპა ძალიან პატარაა, დიამეტრში 3200 კმ-იც კი არაა. ამასთან ძალიან ცივია – ტემპერატურა აქ -160°C-ია. ევროპის მთელი ზედაპირი დაფარულია სქელი ყინულით, რომელიც სავარაუდოდ 24 კმ სიღრმისაა. თუმცა მას შესაძლოა, ზედაპირის ქვემოთ სითბოს წყარო გააჩნდეს. ევროპა იუპიტერის გარშემო 3.6 დღის ხანგრძლივობის წრეებს არტყამს და მისი ტრაექტორია კვერცხისებურია. იუპიტერის გრავიტაციული გავლენა მუდმივად იცვლება, რაც ევროპის ჯერ გაჭიმვას, შემდეგ კი შეკუმშვას იწვევს. ეს პროცესი თიხის მოზელვას ჰგავს, რათა მასალა გათბეს და დარბილდეს. წარმოქმნილი სითბო შეიძლება საკმარისი იყოს ყინულის ფენის ქვედა ნაწილის გასალღობად, რაც თხევადი წყლის ოკეანეს წარმოშობს და ზემოდან ყინულის მყარი ფენით იქნება დაცული. თუკი ეს ასეა, შეიძლება იქ ცხოვრობდნენ უცხოპლანეტელები – არსებები, რომლებიც განვითარდნენ, რათა აითვისონ ეს ბნელი და უძველესი წყლიანი სამყარო. მე ვფიქრობ, მათ ფიზიკურ მახასიათებლებზეც შეიძლება გვქონდეს მიახლოებითი წარმოდგენა.

აქ მყოფი უცხოპლანეტელები სავარაუდოდ ისევე იცურავებენ, როგორც ჩვენი ოკეანის ბინადრები, რადგან თხევადი წყალი ყველგან ერთნაირია. შესაძლოა, დედამიწის ღრმა წყლების ბევრი ბინადრის მსგავსად ისინი იყენებდნენ კანში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს, რათა წარმოქმნან სინათლე. ისინი შეიძლება კოლონიებსაც კი ქმნიდნენ და ერთად გადაადგილდებოდნენ. მაგრამ გინდაც განვითარებული ცხოველები იყვნენ ევროპის შუაგულში, ნაკლებად მგონია, ჩვენთან კონტაქტის დამყარებას შეეცადონ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც. მათ აბრეშუმის ჭიის პარკივით აკრავთ გარშემო 24 კმ სისქის ყინული, ასე რომ მათ წარმოდგენაც არ ექნებათ მის მიღმა არსებულ სამყაროზე. მათ საპოვნელად უნდა გაიგზავნოს მისია, რაც გაცილებით რისკიანი და ძვირი იქნება, ვიდრე მარსის შემთხვევაში. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ევროპას საიდუმლოებებს ფარდას ავხდით. თუმცა მანამდე ნამდვილად ღირს, განვაგრძოთ ჩვენი მოგზაურობა უცხოპლანეტელების ძიებაში, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბებში. ვფიქრობ, ამისთვის მზის სისტემას უნდა გავცდეთ და გავიჭრათ ღია კოსმოსში.

სამყაროში უამრავი ვარსკვლავია, მაგრამ აქამდე არავინ იცოდა, რამდენი მათგანის გარშემო მოძრაობდა პლანეტები, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, მათგან რამდენი იყო სიცოცხლისთვის ვარგისი. ამის გაგება რთულია, რადგან ვარსკვლავები დიდი ზომის და კაშკაშა ობიექტები არიან, პლანეტები კი – პატარა და ბნელი. მათ აღმოსაჩენად საჭიროა უდიდესი მასშტაბების ტექნოლოგია.


ჰავაიში მდებარე კეკის ბინოკულარული ტყუპი ტელესკოპები აღჭურვილია 10 მ დიამეტრის სარკით და წარმოადგენს ხმელეთზე არსებულ ერთ-ერთ უძლიერეს ტელესკოპს, რაც კი ოდესმე აგებულა. მაგრამ ამ უზარმაზარ მექანიზმსაც კი არ შეუძლია შორეული პლანეტების დანახვა. ამის ნაცვლად ის ეძებს ვარსკვლავებს, რომლებიც ადგილს იცვლიან, რაც მის გარშემო მოძრავი შეუმჩნეველი პლანეტის არსებობის მტკიცებულებაა.


უროს მტყორცნელი ამ პრინციპის დემონსტრირებას ახდენს. როცა ის უროს ტრიალს იწყებს, სიმძიმის გავლენით მისი სხეული ერთ წერტილზე კი არ ტრიალებს, არამედ დროდადრო ადგილს იცვლის. ზუსტად იგივე ხდება, როცა პლანეტა მისი მზის გარშემო მოძრაობს. პლანეტების შემჩნევა მაშინაც შეიძლება, როცა ისინი თავიანთ და ჩვენს ვარსკვლავს შორის აღმოჩნდებიან. პლანეტა იწვევს თავისი მზის დაბნელებას და გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ იმის დადგენაც კი შეგვიძლია, იმყოფება თუ არა ის სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში. პირველი შორეული პლანეტა 1995 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ მისი მსგავსი ასობით პლანეტა იპოვეს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩენაა. ჩვენ შეიძლება იმ დიდი ნახტომის ზღვარზე ვდგავართ, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს ჩვენს შეხედულებას სიცოცხლეზე და თავად მეცნიერებისთვისაც დიდი ტრიუმფი იქნება.

სადღაც კოსმოსში, შეიძლება არც ისე შორს, არის ქვის პლანეტა, რომელიც დედამიწას ჰგავს. პლანეტა თხევადი წყლით, სადაც არსებობს სიცოცხლე. ევოლუციის ძალის წყალობით აქ მყოფი უცხოპლანეტელები შესაძლოა საოცრად ნაცნობები იყვნენ, თუმცა არა – ერთი შეხედვით. უცხოპლანეტელებს, რომლებიც ჭამენ, უნდა ჰქონდეთ შინაგანი ხვრელი, ან უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, პირი. ასევე, თუკი ისინი მყარ ზედაპირზე ცხოვრობენ, სჭირდებათ ფეხები, რომლებიც შეიძლება დეტალებში განსხვავებული იყოს. ფეხები ხმელეთზე ყოფნისას საჭირო რამეა, განსაკუთრებით, თუკი ცხოველს კლდიან ზედაპირზე უწევს ცოცვა.

თუკი პლანეტა კარგადაა განათებული, თითქმის გარდაუვალია თვალების არსებობა. მათი მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმი ზუსტად შეიგრძნობს გარემოს. თვალების პოზიცია იგივე იქნება, რაც დედამიწაზეა – მსხვერპლ ცხოველებს თვალები ორივე მხარეს აქვთ, რათა მტაცებლის მოახლოება დროულად შენიშნონ. მტაცებლებს კი, მათ შორის უცხოპლანეტურებს, წინ მიმართული თვალები აქვთ, რათა ზუსტად განსაზღვრონ მანძილი ნადირობის პროცესში. სავარაუდოდ სწორედ ახლა უცხოპლანეტელებში მიმდინარეობს ბრძოლა სიცოცხლისა და სიკვდილისთვის, რაც სამყაროს ევოლუციური კანონების დამსახურებაა.

დედამიწის მსგავსი პლანეტები და იდუმალი ოკეანეები ერთადერთ ვარიანტს არ წარმოადგენენ სიცოცხლის არსებობისთვის. ჩვენ შეგვიძლია უფრო ღრმად გავიჭრათ სამყაროში, რათა აღმოვაჩინოთ უცხოპლანეტელთა სხვა სახეობები, არსებები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ჩვენგან, სიცოცხლე, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორიც აქამდე ვიცოდით.

საკუთარ თავს ხშირად ოპტიმისტად აღვიქვამ. ამიტომ ჩვენს უზარმაზარ, უძველეს სამყაროში, რომელიც უთვალავ გალაქტიკას შეიცავს, ფიზიკურად შესაძლებელი სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა შეიძლება არსებობდეს სადღაც. ასე რომ ისინი შესაძლოა იყვნენ, და უფრო სავარაუდოა, რომ იქნებიან ძალიან უცნაურები, რადგან გავლილი ექნებათ სხვანაირი ევოლუციური გზა. ისინი იქნებიან უცხოპლანეტელები, რომლებიც დამოკიდებული არ იქნებიან წყალზე, არამედ სხვა ქიმიურ ნივთიერებებზე. ერთ-ერთი ვარიანტი აზოტია. დედამიწაზე მას აირის ფორმა აქვს, მაგრამ როცა ძალიან ცივა, მაგალითად –200°C-ზე, ის თხევად მდგომარეობაში გადადის. შესაძლოა, სადმე არსებობდეს აზოტის ოკეანეების სამყარო, სადაც უცხოპლანეტელები ჩნდებიან ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც ადამიანს დაუყოვნებლივ მოკლავს. აქაურ სიცოცხლეს ჩვენგან განსხვავებული ნივთიერებები დასჭირდება საზრდოობისთვის.

ჩვენი სხეულის პირველი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, წყალია. საშუალო მამაკაცის სხეულში 30 ლიტრი წყალია. მოდი, წყალი შევცვალოთ აზოტით. წყლის გარდა სხეულში არის დაახლოებით 900 გრამი ფოსფორი, 230 გრამი მარილი, ლურსმნის გასაკეთებლად საკმარისი რკინა, 1.4 კგ კირი, ასევე 15 მიკროელემენტი, რომლებიც შესაძლოა, უცხოპლანეტური ბიოლოგიის შემადგენელი ნაწილიც იყოს. და ბოლოს, 20 კგ ნახშირბადი. მაგრამ რა მოხდება, თუკი ნახშირბადს გადავცვლით სხვა ნივთიერებაში, მაგალითად სილიკონში? მას ცოტათი განსხვავებული თვისებები აქვს, თუმცა იგივე ფუნქციის შესრულება შეუძლია. სწორი ინგრედიენტების შერჩევის შემთხვევაში უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე სიცოცხლის არსებობა სავსებით შესაძლებელია. თუ ეს მართლაც ასეა, ვფიქრობ, იქ ენერგია იშვიათობა იქნება, ამიტომ უცხოპლანეტელები ნელა იმოძრავებენ. ხოლო სხვა ვარიანტები კიდევ უფრო მეტად უცნაურია.

ასტრონომებმა, რომლებიც შორეულ პლანეტებს ეძებენ, აღმოაჩინეს, რომ ბევრი მათგანი გიგანტური აირის გროვაა, როგორც ჩვენი იუპიტერი და სატურნი. შესაძლოა, არსებობდნენ უცხოპლანეტელები, რომლებიც აირისგან შედგებიან. აქ მცხოვრებ უცხოპლანეტელებსაც სჭირდებათ ენერგიის წყარო. წარმოიდგინეთ, ისინი შეიძლება მოიხმარდნენ ჭექა-ქუხილის ენერგიას, რაც მსგავს პლანეტებზე ხშირია. თუკი ასეთი ექსტრემალური ფორმის სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია, მაშინ სიცოცხლე სამყაროს ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი რამ იყოს. ცხადია, რომ გაცილებით მეტია იმ პლანეტების რიცხვი, რომლებიც დასახლებადი ზონის მიღმა არიან, ვიდრე უშუალოდ ზონაში მყოფებისა. როგორც ჩანს, სიცოცხლე შეიძლება იყოს თითქმის ყველგან, საითაც კი გაიხედავთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სულაც არაა გადამწყვეტი ის საკითხი, თუ რისგან შედგებიან უცხოპლანეტელები, ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა შეუძლიათ მათ. ფიქრობენ თუ არა ისინი ჩვენნაირად კოსმოსის შესახებ? ცდილობენ თუ არა, ჩვენს მსგავსად ამოხსნან სამყაროს საიდუმლოებები? განვითარდნენ თუ არა ისინი ჩვენს მსგავსად და შეიძინეს თუ არა ინტელექტი?

თუკი სამყარო სავსეა ინტელექტუალური და კოსმოსში მოგზაური უცხოპლანეტელებით, ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი მაინც დაინტერესებული იქნება ჩვენით, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ისინი უკვე გვეწვივნენ. გადმოცემები უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების გატაცების შემთხვევებზე ჯერ კიდევ 1950-იანებში გახდა ჩვეულებრივი ამბავი, როცა სტუდენტი ვიყავი. სხვების მსგავსად მეც ხშირად ვუყურებდი B კატეგორიის (დაბალბიუჯეტიანი და კომერციაზე გათვლილი) ფილმებს. ისტორია ყოველთვის ერთნაირია: მარტოხელა ადამიანი ღამით გზაზე მშვიდად მიდის, როცა უცებ შემოვლით გზას აღმოაჩენს, მაგრამ მალე იკარგება. შემდეგ კი მფრინავი თეფში გამოჩნდება და მას იტაცებენ. მსგავსი ამბების მოსმენისას ყოველთვის ეჭვი მიპყრობდა. მოდი, შევხედოთ ამას უცხოპლანეტელების მხრიდან: რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს სამყაროს უზარმაზარი მონაკვეთების გავლას უმაღლესი ტექნოლოგიის საფრენი აპარატებით მხოლოდ იმისთვის, რომ მარტოსული მოგზაური მოიტაცო? ჩემი აზრით, უცხოპლანეტელები რომ მართლაც აქ იყვნენ, გაზეთები ამ ამბით აჭრელდებოდა. ხოლო თუკი მათ დაფარვაში მთავრობები არიან ჩარეულნი, ეს აშკარად უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.

უცხოპლანეტელებთან კონტაქტის არქონა სერიოზულ მეცნიერულ პრობლემას წარმოშობს – სად არიან ისინი? ჩვენ უკვე 40 წელზე მეტია, სამყაროს ვუსმენთ და ამ დროის განმავლობაში ვერაფერი ვიპოვეთ. ცხადია, გარდა ერთი უცნაური შემთხვევისა. 1977 წლის 16 აგვისტოს ოჰაიოში მდებარე რადიოტელესკოპმა დაიჭირა სიგნალი, რომელიც შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა. ტელესკოპი ცის სკანირებას ახდენდა დედამიწის ბრუნვის შესაბამისად. ერთხელ კი მან მიიღო სიგნალი, რომელმაც ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. მოგვიანებით მას „Wow!” უწოდეს.


სიგნალი წარმოადგენდა რადიოტალღების მტკიცე წყაროს, ზუსტად ისეთს, როგორიც შეიძლება უცხოპლანეტურმა რასამ გამოაგზავნოს, რადგან ის გადაადგილდება გზაში შემხვედრი დაბრკოლებების მიუხედავად. კომპიუტერმა სიგნალი ჩაიწერა 6 ციფრისა და ასოს სახით. ასტრონომმა ჯერი ეიმანმა განიხილა მონაცემები და კიდეზე ერთი სიტყვა დაწერა – Wow! შემდგომში ეიმანი და მისი კოლეგები ცის ამ მონაკვეთს მრავალჯერ დააკვირდნენ, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. სიგნალი „Wow!” გაუჩინარდა.

ეს მისტიკური ისტორია გვაჩვენებს, რომ უცხოპლანეტელებთან რადიოსიგნალების სახით კონტაქტის დამყარება ყოველთვის რთული იქნება. ასეთ უზარმაზარ სამყაროში გზავნილებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, რომ დანიშნულების ადგილს მიაღწიონ. აღმოჩნდა, რომ სიგნალი „Wow!” 200 სინათლის წლით დაშორებული სისტემიდან მოდიოდა. ასე რომ ჩვენამდე მოსვლაში მინიმუმ 200 წელი გავიდა. თუკი პასუხს გავუგზავნით, ამას დამატებითი 200 წელი დასჭირდება და ამ დროს შეიძლება დავიწყებულიც კი ჰქონდეთ, რომ ჩვენთან კონტაქტი სცადეს და სიგნალის მიღებას აღარ ცდილობდნენ. ან უფრო უარესი – შესაძლოა, ამ პერიოდში საკუთარი თავები გაანადგურეს. ადამიანთა მოდგმამ ძალიან სწრაფად აღმოაჩინა ატომური ბომბის ძალა. თუკი იგივე მოხდა ინტელექტუალური უცხოპლანეტელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შეიძლება, საკუთარი პლანეტა ააფეთქეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ E=MC². თუკი ცივილიზაციას მილიარდობით წლები სჭირდება ჩამოყალიბებისთვის და შემდეგ ერთ დღეში ნადგურდებიან, სამწუხაროდ თითქმის არ გვაქვს შანსი, რომ მათგან რაიმე პასუხი მივიღოთ. ისინი ძალიან შორს არიან ჩვენგან, რომ კონტაქტის დამყარება შეიძლებოდეს. თუმცა არსებობს ერთი და საბოლოო შესაძლებლობაც: უცხოპლანეტელები, რომლებსაც საკუთარი თავი არ გაუნადგურებიათ, სამყაროს კოლონიზაციის პროცესში არიან.

როცა საქმე ეხება განვითარებული ცივილიზებული უცხოპლანეტელების ძებნას, ადამიანებს 2 არჩევანი აქვთ: შეგვიძლია სიგნალებს ვუსმინოთ ან უფრო გავაქტიურდეთ და თავად ვამცნოთ მათ, რომ საუბარი გვსურს. თუმცა ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რას ვეტყვით. ჩემი აზრით, ეს სარისკო საქმეა, ინტელექტუალური სიცოცხლე შეიძლება გარდაიქმნას იმად, რასთან შეხვედრაც ნაკლებად მოგვინდება. ჩვენ, ადამიანებს, უკვე შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ევოლუციის კურსზე გავლენის მოხდენა. სავარაუდოდ იგივე ხდება განვითარებული არამიწიერი ცივილიზაციის შემთხვევაშიც. მათ შეიძლება შეჩერებული ჰქონდეთ დაბერების პროცესი და პოტენციურად უკვდავები იყვნენ. უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს მომენტი შესაძლოა მილიონობით წლების წინ გაიარეს. ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ თუკი ლოგიკურად მიუდგებით, უცხოპლანეტური ტექნოლოგია ჩვენთვის ისეთივე განსაცვიფრებელი იქნება, როგორც კოსმოსური ხომალდი – გამოქვაბულის ადამიანისთვის.


ჩემი წარმოდგენით, ისინი მასიურ ხომალდებში ცხოვრობენ და მათ ქვემოთ მდებარე პლანეტის მთელ რესურსებს მოიხმარენ. ასეთი განვითარებული უცხოპლანეტელები მომთაბარეები გახდებიან, მათი მიზანი იქნება გზაში შემხვედრი პლანეტების დაპყრობა და და კოლონიზება. ამ შემთხვევაში პლანეტებზე სასარგებლო ნივთიერებებსაც მოიპოვებენ, რათა ააგონ უფრო მეტი ხომალდი და მოგზაურობა განაგრძონ. ვინ იცის, სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი? სავარაუდოდ მათი შემზღუდავი მხოლოდ ენერგიის რაოდენობაა, რომლის მოპოვება-დამუშავებასაც ახერხებენ. თუმცა შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ენერგიის მიღების საშუალება მთლიანი ვარსკვლავისგან. ამისთვის ისინი გარს შემოერტყმებიან მას და ღია სივრცეში მილიონობით სარკეს გაშლიან, შემდეგ კი ერთი წერტილისკენ მიმართავენ, რათა ენერგია შეგროვდეს. ამხელა ძალას თავისუფლად შეუძლია, თავად სივრცე გაამრუდოს და შექმნას პორტალი, რომელიც ცნობილია, როგორც „ჭიის ხვრელი”. ეს პორტალი გზამკვეთის მსგავსი იქნება და საშუალებას მისცემს მათ, უზარმაზარი მანძილი თვალის დახამხამებაში დაფარონ.

თუკი უცხოპლანეტელები ოდესმე გვესტუმრებიან, ვფიქრობ შედეგი იგივე იქნება, რაც ქრისტეფორე კოლუმბის ჩასვლისას ამერიკის კონტინენტზე – ადგილობრივი მკვიდრი ამერიკელებისთვის ამას კარგი შედეგი არ მოჰყოლია.

მოგზაურობა, რომელიც დაიწყო წყლის ძიებით, გაგვიძღვა ისეთი შორეული ადგილებისკენ, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად არსებობენ. ადგილები, სადაც გარემო პირობები და ქიმიური ნივთიერებები ხელსაყრელია სიცოცხლის გაჩენისთვის და შემდეგ სიცოცხლე მრავალ სხვადასხვა ფორმად გარდაიქმნება. თუ ეს ასეა, პატარა მწვანე კაცუნები ძალიან იშვიათები იქნებიან. მაგრამ ისეთ მასიურ სივრცეში, როგორიც კოსმოსია, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ თავებს შევხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ საეჭვო და ნაკლებად მოსალოდნელი რამეები ნამდვილად შეიძლება მოხდეს და გამუდმებითაც ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ თუკი უცხოპლანეტელები გვეწვევიან, მათი განზრახვა მშვიდობიანი იქნება.

მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button