Hi-TechNational Geographicსხვადასხვატექნოლოგიაუცნაური

ტრანსპორტირების ყველაზე უჩვეულო გზები (National Geographic)

A-დან B-მდე გადასაადგილებელი საშუალებებიდან ცოტაოდენს თუ ხვდა წილად ისეთი პოპულარობა, როგორიც პერსონალურ რეაქტიულ პაკეტს (Jet pack). გრავიტაციის დამამარცხებელი და საგზაო მოძრაობისგან ასარიდებელი მექანიზმი ხშირად ჩნდება კომიქსების წიგნებში, სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველებში, ჰოლივუდის ფილმებსა და საცირკო ნომრებში.

ლეონარდო და ვინჩის როტორები, ბაკმინისტერ ფულერის მსუბუქი მასალები და სამხედრო სტრატეგების პროექტები – ეს ის იდეებია, რომლებმაც უბიძგა გამომგონებლებს საჰაერო, მიწისა და წყლის ტრანსპორტის შექმნისკენ. ისეთ ფანტასტიკურ რამესაც კი, როგორიცაა ავტობუსი “ღამის რაინდი” ჰარი პოტერის სერიებიდან, შეიძლება მომავალში რეალური ანალოგი ჰქონდეს, რაც მგზავრობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. National Geographic-მა შეკრიბა ყველაზე გასაოცარი გამოგონებები, რომელთაგან ზოგი მომავლის ტექნოლოგიებს გააუმჯობესებს, ზოგი კი უბრალოდ საინტერესო იდეაა.

50 წლის წინ პიონერული რეაქტიული პაკეტის პილოტმა ჰაროლდ გრაჰამმა “Bell Aerosystems”-ის დამზადებული 60 კგ წონის “რაკეტიანი ქამრით” 34 მეტრზე აიწია ჰაერში. ეს იყო ადამიანის მიერ მართვადი პირველი ინდივიდუალური ფრენა რაკეტიანი ქამრით.

ეს ოცნება დღესაც ცოცხალი და რეალურია. ფოტოზე ჩანს მფრინავი, რომელიც კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში დანავარდობს. კომპანია სამ მოდელს აწარმოებს, თითოეული 80 კგ-ს იწონის. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხოლოდ გაწვრთნილ პილოტებზე იყიდება, დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში ან 18 კმ-ის მანძილზე დაფრინავს 76 მეტრის სიმაღლეზე.

სხვა მოდელები, რომლებიც დემონსტრაციისთვისაა, წყალბადის ზეჟანგზე (H2O2) მუშაობს და მათი ფრენის ხანგრძლივობა 1 წუთს შეადგენს. რბილი ანტისეპტიკური და თმის მათეთრებელი საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რაკეტის სატყორცნ ნივთიერებად (მართალია, არ იწვის, მაგრამ კატალიზატორთან ურთიერთქმედებისას შემადგენელ ნაწილებად იშლება). თუმცა როგორც საწვავის ალტერნატივას, წყალბადის ზეჟანგს უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგალითად ენერგიის რაოდენობა, რომელიც მის წარმოებას სჭირდება.


ავიღოთ პირადი ავტომობილების უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, გამოვაკლოთ ადამიანური მიდრეკილება გონებაგაფანტულობისკენ და დავუმატოთ ვირტუალური მძღოლი. რა იქნება შედეგი? ავტონომიური მანქანები, რომლებიც ეხმარებიან მგზავრებს სტრესის მოხსნაში და აუმჯობესებენ საგზაო მოძრაობას. ესაა იდეა უმძღოლო ავტომობილზე, რომელსაც ავტომწარმოებელი და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების მხრიდან თანდათან სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.

დემონსტრაციული მოდელები, რომლებიც შექმნეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Google, BMW, Volvo, General Motors, სტენფორდის უნივერსიტეტი და ა.შ, ჩვეულებრივ მანქანებს ჰგავს. მაგრამ დიზაინერებს ამ მხრივ ფუტურისტული იდეები აქვთ, მაგალითად ისეთი, როგორიც სურათზეა სან-ფრანცისკოს სამრეწველო იდეების მაღაზიიდან “Mike & Maaike”. მას Atnmbl ჰქვია და 7 ადგილი აქვს მგზავრებისთვის. მასში ვერ ნახავთ საჭეს, სამუხრუჭე პედალს, მძღოლის სავარძელს. შეუძლია იმუშაოს როგორც ელექტროენერგიაზე, ისე მზის ბატარეებზე და ჩანაფიქრის მიხედვით, 2040 წელს გამოვა წარმოებაში.

უმძღოლო მანქანების დატესტვა დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს გზატკეცილებზე. General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის ალან ტაუბის თქმით, ამ ათწლეულის ბოლოს მანქანებს ნაწილობრივ მაინც ექნებათ უნარი, ადამიანის გარეშე იმოძრაონ.

“შეიძლება ფიქრობთ, რომ მანქანის მართვა ძნელია, მაგრამ კომპიუტერისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს… თუ, რა თქმა უნდა, მასში საკმარისი რაოდენობის მონაცემია”, განაცხადა “გუგლის” დამფუძნებელმა ლარი ფეიჯმა. “ჩემი აზრით, ისინი უკეთ იმუშავებენ, ვიდრე საშუალო ადამიანები. უსაფრთხოების ხარისხიც უფრო მაღალი იქნება.”


რა საჭიროა საწვავი, როცა ორი მძლავრი ფრთით ხარ აღჭურვილი? ეს ის პრინციპია, რომლის დემონსტრირებასაც მრავალი ინჟინერი და ათლეტი პილოტი ახდენს. სურათზეა Gossamer Albatross. ის 1979 წელს გახდა ადამიანზე მომუშავე პირველი საფრენი აპარატი, რომელმაც ლა-მანშის სრუტეს (ინგლისის არხი) გადაუფრინა.

DuPont-ის დასპონსორებით გამომგონებელმა პოლ მაკკრიდიმ ააგო მსუბუქი ხომალდი ნახშირბადის ბოჭკოს მილებისგან, ბალსას ხისგან, სუფთა მაილარისა და კევლარისგან, ერთმანეთთან შესაკავშირებლად კი მავთულები და ქაფი გამოიყენა. “ალბატროსის” 36.2 კმ-იანი ფრენა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა – სავარაუდო დროზე ერთი საათით მეტხანს. 1959-1980 წლებში მაკკრიდიმ ადამიანებზე და მზის ენერგიაზე მომუშავე საფრენი აპარატების სერია შექმნა. 1971 წელს კი დააარსა კომპანია AeroVironment, რომელიც დღეს ცნობილია უპილოტო თვითმფრინავების სისტემებით და ელექტრომანქანების დამტენი მოწყობილობებით.


1800-იანების მიწურულს ნიუ ჯერსიში გამოჩნდა ტრანსპორტირების ახალი ექსპერიმენტული სისტემა, რომელიც თავდაყირა ველოსიპედს ჰგავდა და დაკიდული იყო 2.9 კმ სიგრძის რელსზე. ეს სისტემა გათვლილი იყო უფრო სწრაფად მგზავრობისთვის, ვიდრე ველოსიპედით იყო შესაძლებელი. დღესდღეობით ახალი ზელანდიის ქალაქ როტორუაში კომპანია “Shweeb”-ის მიერ ისევ გაცოცხლდა ერთრელსიან სარკინიგზო ხაზზე მოძრავი პედლიანი ტრანსპორტის იდეა.

2010 წლის სექტემბერში “გუგლმა” გამოყო 1 მილიონი დოლარი ამ სისტემის სწრაფად განვითარებისა და ქალაქურ გარემოში გავრცელებისთვის. “Shweeb”-ის სისტემა ამცირებს რხევის წინაღობას, მაგრამ ის უფრო შორსაც მიდის. მისი დიზაინი გათვლილია ქარის წინააღმდეგობის შემცირებაზეც, რადგან მგზავრები ტყვიის ფორმის კამერაში სხდებიან. ახალი ზელანდიური სისტემა 10 კმ-ს შეადგენს სიგრძეში და საავტომობილო გზიდან დაახლოებით 6 მეტრით მაღლაა.

“Shweeb”-ის ტრანსპორტით შესაძლებელია მგზავრობა დაბალი და მაღალი წნევის არეებში, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით. “Shweeb Holdings”-ის მენეჯერის, პიტერ კოსის თქმით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს “გუგლთან” და 2012 წლისთვის სიახლეებს უნდა ველოდოთ. მათი ამბიციაა ფართოდ ხელმისაწვდომი, ‘მწვანე’, ნაკლებად ხარჯიანი და სასიამოვნო ტრანსპორტის შექმნა, რომელიც სწრაფად გავრცელდება.


გაიცანით ამერიკული კუ: პირველი საბრძოლო წყალქვეშა ნავი, რომელიც 1775 წელს შეიქმნა იელის კოლეჯის სტუდენტის დევიდ ბაშნელის მიერ. მუხისა და რკინის ხომალდი სიმაღლეში 2.3 მეტრი იყო, სიგანეში კი 1.8 მეტრი. პილოტი ქოქავდა ორ პროპელერს და საჭით მანევრირებას ახდენდა. შეტევისთვის ოპერატორი ცეცხლს უკიდებდა პატრუქს, რომელიც დენთთან იყო მიერთებული.

როგორც აღმოჩნდა, ამერიკული კუს პირველი სამიზნის, ბრიტანული საომარი გემის კორპუსი სპილენძით იყო დაფარული. ამ და შემდეგმა ორმა მისიამ ამ მიზეზით მარცხი განიცადა.

ბაშნელის კუს მომავალი აღარ ჰქონდა სამხედრო ოპერაციებში, რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო სფეროზე. თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა. ავტომობილების კვლევის ცენტრის დირექტორი კრის გერდესი სტენფორდის უნივერსიტეტიდან Jeep-ს ასახელებს იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება სამხედრო ტრანსპორტმა გავლენა მოახდინოს მოქალაქეთა გადაადგილებაზე. “სამხედრო ტრანსპორტის სახიდან ჯიპი იქცა თავისუფლებისა და მოძრაობის სიმბოლოდ”, ამბობს ის.

Volkswagen Beetle-ის ფესვებიც კი თავდაცვის სფეროდან მოდის. ის გამოიყენებოდა გერმანელი სამხედროების მიერ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი წარმოება ბრიტანულმა არმიამ დაიწყო. ჯარისკაცებს დიდ ბრიტანეთში გადაჰქონდათ “ხოჭოები” და ამის გამო მალე ამ გერმანული მოდელის მანია დაიწყო.

დღესდღეობით აშშ-ის სამხედრო სამსახური აფინანსებს ბიოსაწვავებისა და მზის ენერგიის წარმოებას, ენერგიის დაზოგვის მეთოდებსა და სხვა მწვანე ტექნოლოგიებს. “დღეს ერთ ჯარისკაცს უფრო მეტი ტექნოლოგია გააჩნია, ვიდრე ჩემს 40 000 კაციან ჯარს 2000 წელს”, აცხადებს გენერალ-მაიორი ენტონი ჯექსონი. “როცა ომი მთავრდება, სამხედრო ტექნოლოგიები სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს ხოლმე.”


ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატის პატარა ზომის მოდელი ბულგარეთში, ქალაქ სოფიას ხელოვნების გალერეის გამოფენაში წარმოდგენას უქმნის მნახველებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფრენი მანქანის შესახებ. მონახაზი 1493 წელს გაკეთდა, დიზაინი სპირალის ფორმისაა, ტილოსა და რკინის მავთულებისგან გაკეთებული მბრუნავი ზედაპირი ადამიანის ძალით მუშაობდა.


სახლი, რუკა, სააბაზანო და მანქანა – ეს ოთხი რამ გამომგონებელმა ბაკმინისტერ ფულერმა ერთ კონცეპტში, Dymaxion-ში გააერთიანა. აქ მოდელის პირველი ვერსიაა, რომელიც 11 მგზავრს იტევდა, 200 კმ/სთ-მდე ადიოდა და 100 კმ-ში 8 ლიტრი ბენზინი სჭირდებოდა. შედარებისთვის, ყველაზე ეკონომიური მინივენები, რომლებიც 2012 წელს გამოვლენ ბაზარზე, 10 ლიტრზე მეტს მოიხმარენ.

სურათზე წარმოდგენილი სამსაბურავიანი Dymaxion 1933 წელს დამზადდა, ჰქონდა ფოლადის ჩარჩო და ხის ძარა, რომელიც ალუმინით იყო დაფარული. მოხატული ბრეზენტი სახურავის მაგივრობას სწევდა. მძღოლი დემონსტრაციისას მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, რამაც პოტენციური ინვესტორები დააფრთხო, ხოლო მსგავსი დიზაინი ფართოდ გავრცელებული არასდროს ყოფილა.

თუმცა დღეს თითოეული კილოგრამის მოკლება მნიშვნელოვანი შეღავათია და ავტომწარმოებელი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, ამ კონკურენციაში გამარჯვებულები გამოვიდნენ. “მსუბუქი წონა მანქანის დიზაინში უკიდურესად მნიშვნელოვანია საწვავის დასაზოგად. ეს ელექტრომობილებსაც უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის”, განაცხადა კრის გერდესმა. “არსებობს კონცეფცია სახელად «მასის დაშლა», რაც იმას გულისხმობს, რომ რაც უფრო მსუბუქია მანქანა, მით პატარა ძრავა სჭირდება მას, რაც საშუალებას იძლევა, ბატარეის ზომაც შემცირდეს, ეს კი დამატებითი შეღავათია წონისთვის”.


ჰარი პოტერის სერიებში გვხვდება სამსართულიანი ავტობუსი, რომელიც ტრანსპორტირების უჩვეულო სახეობას წარმოადგენს და ჯოხის აქნევაზე ჩნდება. დაივიწყეთ ტაქსი, ამ მანქანას შეუძლია, უკიდურესად შევიწროვდეს და მჭიდრო გასასვლელებში გააღწიოს, მგზავრებმა კი ცხელი შოკოლადით ისიამოვნონ.

ჯადოსნური ჯოხები სამწუხაროდ ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ავტობუსი “ღამის რაინდი” მომავლის კონცეფციების ერთ-ერთ ვარიანტს განასახიერებს. მსოფლიოს ქალაქებში გადაადგილების ყველაზე სწრაფ საშუალებად ტაქსი და მინიბუსები ითვლება. თუმცა ნიუ-იორკისა და მსგავსი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების მოსახლეობა აქტიურად ეტანება ავტობუსებს, რადგან ეს გადაადგილების უფრო იაფი საშუალებაა, ვიდრე ტაქსი, სადაც მძღოლი კერძო პირებს ემსახურება.

დიზელზე მომუშავე ავტობუსებიც კი უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ტაქსები, თუმცა დღევანდელი ავტობუსებიდან საკმაოდ ბევრი მუშაობს ბუნებრივ აირზე ან აირისა და ელექტროენერგიის ნაზავზე.


გერმანულმა კომპანია SkySails-მა 50 მილიონი ევრო მოიზიდა ავტომატური ფრანის სისტემების წარმოებაში, რომლებიც მოიცავს აღდგენისა და მართვის სისტემებს, თოკს, საკონტროლო პულტს და ბუქსირიან ფრანს, რომელიც ასობით მეტრის სიმაღლეზე ადის, რათა მამოძრავებელი ძალა გამოიმუშავოს.

ამ ტექნოლოგიას დღესდღეობით ათამდე გემი იყენებს. ქარის ბიძგის გამოყენება საწვავის თუნდაც მცირეოდენი წილით შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინდუსტრიაში, რომელიც პასუხისმგებელია 2007 წელს გამოყოფილი ნახშიროჟანგის 3.3%-ზე. საერთაშორისო გემების წილი ადამიანის მიზეზით გამოყოფილ ნახშიროჟანგში 2.7%-ია, რაც 2050 წლისთვის შეიძლება გაორმაგდეს ან სულაც გასამმაგდეს.


მაგნიტურად ლევიტაციური მაღალი სიჩქარის მატარებლის იდეა ჯერ კიდევ ადრეულ 1900-იანებში არსებობდა. კონცეპტი იყენებს მაგნიტურ ველებს, რათა მატარებელი რელსების ზემოთ გააჩეროს. ბორბლებსა და გზას შორის კონტაქტის არარსებობა უდრის ნაკლებ ხახუნს და თეორიულად ასეთი ტრანსპორტი ნაკლებად ხარჯიანია შენახვის მხრივ.

ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები მთელმა მსოფლიომ იხილა, განსაკუთრებით გერმანიასა და იაპონიაში ჩატარებული დემონსტრაციების დროს. საცდელი ვერსიებიდან 2 წლის შემდეგ, 2004 წელს, შანხაიში გაეშვა პირველი კომერციული მაგლევი. ის შანხაის აეროპორტს აკავშირებს ქალაქის საქმიან ნაწილთან და ავითარებს 431 კმ/სთ-ს.

თუმცა პროექტს საკმაოდ დიდი ხარჯები აქვს. 2008 წელს გერმანიამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა მიუნხენში 40 კმ-იანი მაგლევის გაყვანას, რადგან ხარჯი 3 მილიარდ ევროს გაცდა, მანამდე ნავარაუდევი 1.85 მილიარდის ნაცვლად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაგლევის დრო დამთავრდა. გაზაფხულზე იაპონიამ დაიწყო 9 ტრილიონი იენის (111.4 მილიარდი დოლარი) ღირებულებისა და 515 კმ სიგრძის ხაზის მშენებლობა ტოკიოსა და ოსაკას შორის, რომლის უმეტესი ნაწილიც მიწისქვეშ იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაგლევი ორ ქალაქს საბოლოოდ შეაკავშირებს 2045 წელს და მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთი იქნება (საშუალო სიჩქარე – 773 კმ/სთ).

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button