ისტორიაპიროვნება

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელმაც ქუთაისში იმოგზაურა?

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ…

ანა ლისტერი – იორკშირის მიწათმფლობელი და ბიზნესმენი პირველი თანამედროვე ღიად ლესბოსელი ქალი იყო.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ანა დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. მისი ჩანაწერები 1806-1840 წლების პერიოდს ეხება და 26 ტომს მოიცავს.

„მიყვარს მხოლოდ მშვენიერი სქესი. ჩემი გული ყველა სხვა სიყვარულის მიმართ გულგრილია“, – წერდა ანა თავის დღიურში.

დღიურები დიდი ხნის მერე გასაჯაროვდა, მისი სიკვდილის შემდეგ დაახლოებით 100 წლის შემდეგ. ოჯახს ეშინოდა, რომ ანას სასიყვარულო თავგადასავლების გამო სკანდალი გარანტირებული იქნებოდა, შედეგად კი მთელი ოჯახი შერცხვებოდა.

ანამ დღიურები საიმედო კოდით დაშიფრა. ისტორიკოსმა ჰელენ უაიტბრედმა კი რამდენიმე წელი დაშიფრულ ნაწერებს შეალია, საბოლოოდ კი ჯენტლმენი ჯეკის საიდუმლოს ფარდა აეხადა.

ვინ იყო ჯენტლმენი ჯეკი?

ანა ზაფხულშიც კი შავი კაბით, ჩექმით და ქუდით დადიოდა, მამაკაცური მიხრა-მოხრით დააბიჯებდა გალიფაქსის ქუჩებში. მის ზურგს უკან ჩურჩულებდნენ, თუმცა ის ამას მიჩვეული იყო. მას ანონიმურ წერილებს უგზავნიდნენ, სადაც ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, ქალის შესაფერისად მოქცეულიყო. თუმცა ის ამასაც მიეჩვია.

„ხალხი ყოველთვის ყურადღებას მაქცევს, როცა მათ შორის ვჩნდები, აღნიშნავენ, როგორ ვგავარ მამაკაცს“, წერდა ანა თავის დღიურებში.

კაცები კი ხუმრობით სთავაზობდნენ მას გულსა და ხელს, ერთ-ერთმა განსაკუთრებით ხუმარამ კი გამოაქვეყნა განცხადება ადგილობრივ გაზეთში, თითქოს, ანა საქმროს ეძებდა.

ანა ბავშვობიდან სხვანაირი იყო. 1791 წელს დაბადებული ის ყველზე უფროსი შვილი იყო ოჯახში. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. დედამ ის სკოლაში შვიდი წლის ასაკში გაგზავნა, თუმცა მასწავლებლები შიშობდნენ, რომ ანა სხვა გოგონებზე ცუდ გავლენას იქონიებდა, ამიტომაც ის მათგან განცალკევებით იძინებდა სხვენში.

ანამ არაჩვეულებრივი განათლება მიიღო: ბერძნული, ალგებრა, ფრანგული, მათემატიკა, გეოლოგია, ასტრონომია და ფილოსოფიას ბრწყინვალედ დაეუფლა. ამ დროისათვის ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აკრძალული იყო.

ანა ერთ რამეში ახალგაზრდობიდანვე დარწმუნდა: მას გოგონები მოსწონდა. მისი პირველი სიყვარული თანაკლასელი ელიზა რაინი გახლდათ, რომელთანაც ის სხვენში ატარებდა სკოლის დღეებს. ელიზა ბრიტანელი ქირურგის არაკანონიერი შვილი გახლდათ – ნახევრადინდოელი, რომელიც თავისი წარმოშობის გამო ისედაც გარიყული იყო სხვებისგან. გოგონები ორივენი დღიურებს აწარმოებდნენ, თავიანთ სექსუალურ ექსპერიმენტებს კი ერთი სიტყვით აღნიშნავდნენ, ეს იყო felix – ლათინურად „ბედნიერება“. ანამ თავიდანვე ჩამოაყალიბა თავისი დღიურისთვის კოდი: ის ძველი ბერძნული და ლათინური ასოებისგან, მათემატიკური სიმბოლოებით, პუნქტუაციისა და ზოდიაქოს ნიშნებისგან შედგებოდა.

მან თავიდანვე იცოდა, რა სურდა: იგი ოცნებობდა მდიდარი ყოფილიყო და პარტნიორი მოეძებნა, რომელიც თავისი სტატუსის შესაფერისი იქნებოდა.

ელიზა ფიქრობდა, რომ ისინი მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებდნენ, მაგრამ ანა სხვებთანაც აბამდა რომანებს. იმედგაცრუებისა და ეჭვიანობის გამო ელიზა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.

მარიანა და ვერა

ანა გიჟდებოდა კითხვაზე, გიჟდებოდა განათლებული, ლამაზი ქალების კომპანიაზე. საინტერესოა, რომ მას არასოდეს რცხვენოდა თავისი სექსუალური ორიენტაციის, რომელსაც ის საოცრებას უწოდებდა. ის სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ. აქედან ის დარწმუნდა, რომ უყვარდეს ქალები, სავსებით ბუნებრივია, ეს უფლება მას თავად ღმერთმა უბოძა. მას შეეძლო ქალების მოხიბვლა, ისინი კი ანას შინაგანი თვისებებითა და მანერებით იხიბლებოდნენ. თუმცა ანას ძალიან იშვიათად უყვარდებოდა ვინმე.

ერთ-ერთი მათგანი მარიანა ბელკომბი იყო. გოგონები ორივენი 20 წლისები იყვნენ, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ერთამენთს. ანა მარიანას თაფლობის თვეშიც ახლდა თან. თუმცა შიბდენ-ჰოლში დაბრუნების შემდეგ ანა აღშფოთებული წერდა თავის დღიურში შეყვარებულის შესახებ და მას „კანონიერ პროსტიტუციაშიც“ კი ადანაშაულებდა. ამის მიუხედავად, მარიანას გათხოვების შემდეგაც კი ისინი მარიანას ქმრის თანხმობით საყვარლებადაც დარჩნენ.

ანას მეორე დიდი სიყვარული ვერ ჰობარტი იყო, იგი ბუკინგემშირის მეხუთე ჰერცოგის და გახლდათ. ანა მაშინ დაახლოებით 30 წლის იყო, ისინი ერთად მოგზაურობდნენ და ერთობოდნენ. გოგონებს ჰქონდათ ყველაფერი – სიმდიდრეც და სტატუსიც, თუმცა ვერ ჰობარტიც გთხოვდა, ანა კი გულგატეხილი და სასოწარკვეთილი დატოვა.

ამ დაშორების შემდეგ კი ანა საბოლოოდ თავის სახლში დაბრუნდა.

„მე იკარუსს ვგავარ, ჩემი ბედი მისნაირად ფატალური არაა, თუმცა სადამდე შემიძლია ბედნიერების გარეშე ცხოვრება“, – წერდა ანა – „მე უკვე 41 წლის ვარ, ჩემი გული კი კვლავ სიყვარულს ეძებს, ნეტავ რით დასრულდება ეს?“

ენი უოკერი

ანას დღიურის ფურცლებზე ბოლო სახელი ენი უოკერი ჩნდება – ქალი, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. იგი 29 წლის იყო, მშვენიერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ანასთვის – იყო მდიდარი.

ანასთვის მოულოდნელად ენი უოკერმა ლისტერს საპასუხო სიყვარულით უპასუხა და სულ მალე ქალები საყვარლები გახდნენ. ანა უკვე ოცნებობდა ოჯახის შექმნაზე, თავის რჩეულთან ერთად ოჯახური წყვილივით მშვიდად ცხოვრებაზე. ის ამ დროისთვის შესანიშნავად უძღვებოდა ბიზნესს – იხდიდა გადასახადებს, აგროვებდა თანხას…

მათ ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყოთ. ქალებმა ერთმანეთი მემკვიდრეებად გამოაცხადეს, ქორწილიც კი გადაიხადეს წმინდა სამების ტაძარში.

ქალები ხშირად მოგზაურობდნენ. იყვნენ იტალიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, სკანდინავიაში, პირინეის ნახევარკუნძულზე და ალპებში. 1839 წელს ისინი რუსეთშიც ჩავიდნენ. საინტერესოა, რომ ანას ძალიან უნდოდა კავკასიის მონახულებაც და აი, 1840 წელს ისინი ქუთაისში, საქართველოში ჩამოვიდნენ.

”ჩრდილოეთით მაღალი მთები, ტყეებით დაფარული ბორცვები“ – წერდა ანა საქართველოს შესახებ.

ეს ანას მიერ გაკეთებული უკანასკნელი ჩანაწერია. მან და ენიმ დალიეს ჩაი და უკვე ათის ნახევრისთვის ლოგინში იწვა. 6 კვირის შემდეგ კი ანა შეუძლოდ შეიქნა. იგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბალზამირებული გვამი მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს.

ცხადია, მისი მემკვიდრე ენი უოკერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ლისტერებს ეს ფაქტი დიდად არ ანაღვლებდათ. მათ ექიმი, ადვოკატი და პოლიციელი მოისყიდეს, იპოვეს ენი და იარაღით დაემუქრნენ, რომ მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა. და რადგან ლისტერის ქვრივმა მათ ამაზე უარი განუცხადა, ისიც იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს, სადაც ანას პირველი სიყვარული, ელიზა იწვა.

დღეს, იმ ეკლესიაში, სადაც ანამ და ენიმ ჯვარი დაიწერეს, გამოკრულია დაფა, რომელსაც ცისარტყელას გამოსახულება ამშვენებს: „აქ ანა ლისტერმა, შიბდენ-ჰოლის მეპატრონემ, ლესბოსელმა მწერალმა ქალმა ჯვარი დაიწერა ენი უოკერზე“

Source
funtime.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button