ენიგმამეცნიერებარელიგიაუცნაურიფილოსოფიაფსიქოლოგია

არის თუ არა ღმერთი ტვინის „შემოქმედება”?

რუდი: მეგონა, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი.
გვენი: ლამის ჩავთვალე, რომ ჩემი შვილი ღმერთი იყო.
ბერნი: როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობდა, რომ მე იოსები ვიყავი, თავად კი მარიამი და ჩვენი პატარა ჩარლი – ქრისტე.

ეს ადამიანები იტანჯებიან ტვინის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაავადებით – ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთთან ჰქონდათ კავშირი. მათი უჩვეულო მდგომარეობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად ჩაწვდნენ რწმენასა და ადამიანის გონებას. შედეგად მკვლევარები სვამენ ყველაზე ამაფორიაქებელ კითხვას – შესაძლებელია თუ არა, ტვინის ფიზიკური სტრუქტურა გვაპროგრამებდეს ისე, რომ ღმერთის არსებობა დავიჯეროთ?

რუდი ეფოლტერი (სურათზე) მთელი ცხოვრებაა, იტანჯება საფეთქლის წილის ეპილეფსიის მძიმე ფორმით, იმდენად მძიმეთი, რომ 18 თვის ასაკში შეტევებისგან კინაღამ დაიღუპა. დაავადება მაშინ მწვავდება, როცა ტვინის საფეთქლის წილში შეინიშნება ნორმიდან გადახვეული ელექტრული აქტივობები.

– რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ხვდები, შემდეგ თავბრუ გეხვევა და ასე გრძელდება, სანამ ძირს არ დაეცემი და კრუნჩხვები არ დაგეწყება, რაც რამდენიმე წუთს გასტანს. ამ დროს შეიძლება ცნობიერება შეგინარჩუნდეს, ასევე შესაძლოა, გონება დაკარგო.
რუდი

საფეთქლის წილის ეპილეფსიას ერთი ძალიან უცნაური გვერდითი ეფექტი აქვს – პაციენტების მცირე ნაწილში ამ დაავადებამ შესაძლოა, რელიგიური ჰალუცინაციები გამოიწვიოს. ამ ხილვებმა მეცნიერებს უბიძგა, წინ წამოეწიათ საკითხი, რომელიც მანამდე არასდროს დასმულა. რუდი ყოველთვის ათეისტი იყო და ამას ღიად ადასტურებდა, მაგრამ 43 წლის ასაკში მას ძლიერი რელიგიური ხილვა ჰქონდა.

– ქროულის საავადმყოფოში (ინგლისი) საწოლში ვიწექი, როცა უეცრად მომეჩვენა, რომ ყველაფერი იცვლებოდა. ოთახი იმავე ზომისა იყო, მაგრამ რაღაც სხვად იქცეოდა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ამას უნდა შევბრძოლებოდი და ძალიან შევეცადე, გონებაზე ზეგავლენა მომეხდინა და ნორმალურ მდგომარეობას დავბრუნებოდი, რადგან ჩავთვალე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. შემდეგ მეგონა, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი. მითხრეს, რომ აქ მოხვედრის მიზეზი ჩემი ცხოვრება იყო – არ ვიყავი ღვთისმოშიში ქრისტიანი, არ მწამდა ღმერთის. ჩემთვის შოკისმომგვრელი გახლდათ იმის გააზრება, რომ ქრისტიანული რელიგია ჭეშმარიტება აღმოჩნდა. მომხდარის გამო ძალიან დავითრგუნე, ავღელდი და შევშფოთდი, განსაკუთრებით იმის გააზრების შემდეგ, რომ სამუდამოდ იქ დავრჩებოდი.
რუდი

რუდის საბედნიეროდ, ხილვა დასრულდა და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორებულა. ის ისევ მტკიცე ათეისტია.


რაც შეეხება გვენ ტაის, მას ჰალუცინაციები მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა. რუდისგან განსხვავებით, ის ძლიერი მორწმუნეა, ღვთისმოშიში კათოლიკე. წლების მანძილზე მისი ქმარი ბერნი მისი ხილვებით გამოწვეულ ეფექტებს საკუთარი თვალით ხედავდა. პირველი ხილვა თაფლობის თვის შემდეგ მოხდა, როცა გვენი საავადმყოფოში იყო.

– ის ჩამჩურჩულებდა, რომ პალატის იქით მდგომი ქალბატონი დემონი იყო. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა მისი ხილვების შესახებ შევიტყვე. იმ ქალბატონს მწვანე ტანისამოსი ეცვა, შესაძლოა, ამიტომ იფიქრა გვენმა მსგავსი რამ.
ბერნი

– გონებაში ეშმაკი წარმომიდგა და ძალიან საშიში შესახედაობა ჰქონდა. ამასთან, კაშკაშა სინათლე ახლდა და არა ისეთი სიბნელე, როგორც ჩვეულებრივი ხალხი აღიქვამს ხოლმე დემონურ ქმნილებებს. ძალიან ნათელი იყო, თუმცა გადამეტებული და შემაშინებელი.
გვენი

– ამის შემდეგ რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გვენს კრუნჩხვების სერია დაემართა ან მკურნალობის კურსმა ცუდი შედეგი გამოიღო, ამ დროს ის ისევ ეშმაკზე იწყებდა საუბარს.
ბერნი

წლების შემდეგ ეს ხილვები სრულად შეწყდა იმ მომენტამდე, სანამ გვენი დაორსულდებოდა. ორსულობის პერიოდი თითქოს კარგად მიდიოდა, პრობლემაც არ წარმოქმნილა.

– მანქანისკენ გავემართეთ და როცა ჩავსხედით, წყლის დაღვრა დამეწყო და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
გვენი

– მშობიარობის პროცესი დაიწყო და ჩვენი ვაჟი ჩარლზი ნახევრად გამოვიდა, მაგრამ ჭიპლარის ხვეული უჭერდა და თითქოს ახრჩობდა. საკეისრო კვეთის ჩატარება უკვე გვიანი იყო, თუმცა როცა ჩარლზი ბოლომდე გამოვიდა, დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის (გვენი) უბრალოდ იჯდა და იღიმოდა. მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა: «განა გასაოცარი არაა, რომ წმინდა ოჯახის წევრები ვართ?» მე გავოცდი: «წმინდა ოჯახი?» როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობდა, რომ მე იოსები ვიყავი, თავად კი მარიამი და ჩვენი პატარა ჩარლი – ქრისტე. ექიმებმა მკაცრად გამაფრთხილეს, რომ გვენი უნდა დაწოლილიყო ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმ მომენტში ძალიან შევშინდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა.
ბერნი

– ახლა, როცა უკან ვიყურები, ეს არის ყველაზე უცნაური რამ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ისიც კი არ ვიცი, მსგავსი რამ საერთოდ რატომ ვთქვი.
გვენი

რუდისა და გვენის ჰალუცინაციები ძალიან უცნაური ჩანს, თუმცა მკვლევარებში იზრდება იმედი, რომ მათი მდგომარეობის გამოკვლევით მიიღებენ პასუხებს ყველა დროის უდიდეს ფილოსოფიურ კითხვებზე. მაგალითად, საიდან იღებს სათავეს რელიგიური რწმენა?

ზებუნებრივი გამოცხადებები ყველა დიდი რელიგიის შემადგენელი ნაწილია. წინასწარმეტყველთა მიერ გაცხადებული ხილვები ქმნიდნენ კრედოებს, რომლისთვისაც ცხოვრობდნენ და იღუპებოდნენ სხვა ადამიანები. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ეს იყო ღმერთთან ურთიერთობის შემთხვევები. ათეისტების მოსაზრებით კი ეს სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენებისა და სოციალური ვითარების ნაყოფი. რაზეც არცერთ მხარეს არ უფიქრია, არის ის, რომ რელიგია შესაძლოა ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი იყოს ადამიანისა, როგორც ჭამის სურვილი, ძილი ან სექსის მოთხოვნილება. თუმცა სიტუაცია იცვლება და გასაღები შეიძლება საფეთქლის წილის ეპილეფსია აღმოჩნდეს.

მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია რელიგიური ჯგუფია, რომელთა შემადგენლობაშიც 17 მილიონზე მეტი წევრია. ეკლესიის არქივებში ინახება ისტორია, თუ როგორ დაიწყო მიმდინარეობამ არსებობა ახალგაზრდა ქალის ელენ უაიტის ხილვებით.

– ელენ უაიტი მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელია. მას უნიკალური გამოცხადებები ჰქონდა. რელიგიური ხილვები უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიისთვის.
მერლინ ბერტი, ადვენტისტთა კვლევის ცენტრის დირექტორი


ელენ უაიტი 1827 წელს დაიბადა და თავისი ცხოვრების მანძილზე 100 000 გვერდიანი ნაშრომი დაწერა თავისი რწმენის შესახებ. სწამდა რა, რომ ღმერთი შთააგონებდა, მან მკაცრი მორალური კოდექსი შეიმუშავა და განიხილა ყველა საკითხი, დაწყებული ჩაის სმის ცოდვისგან დამთავრებული მასტურბაციით. გარდა ამისა, დაწვრილებით წერდა თავის ასობით ინტენსიურ ხილვაზე.

– როცა ვლოცულობდი, ოთახში მსუბუქი სინათლე მოძრაობდა და ყვავილების სურნელის მსგავსი არომატი იგრძნობოდა, მე კი ვიცოდი, რომ ღმერთი ახლოს იყო.
ელენ უაიტი

ამ ხილვებმა მის მიმდევრებს ისეთი რწმენა ჩაუნერგა, მათ დაიჯერეს, რომ ელენი ღმერთისგან გამოგზავნილი მაცნე იყო. მაგრამ როცა მეცნიერებმა დაიწყეს ელენის წარსულის კვლევა, დაინტერესდნენ, იქნებ სინამდვილეში მას უბრალოდ საფეთქლის წილის ეპილეფსია აწუხებდა? რადგან ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რასაც ამ მდგომარეობის გამოწვევა შეეძლო. 9 წლის ასაკში სკოლიდან სახლში მიმავალ ელენს უფროსი გოგონა გამოეკიდა.

– მივიხედე, რომ მენახა, რამხელა მანძილი აშორებდა ჩემგან და იმ მომენტშივე ცხვირში ქვა მომხვდა. დამაბრმავებელმა და გასაოცარმა გრძნობამ მომიცვა და გონება დავკარგე. მოგვიანებით დედაჩემმა მითხრა, რომ 3 კვირის განმავლობაში საწოლში ერთ პოზაში ვიწექი. ცნობიერება რომ დამიბრუნდა, აღმოვაჩინე, რომ დიდხანს მძინებია. შოკირებული ვიყავი. ჩემი სახის თითოეული ნაკვთი თითქოს შეცვლილიყო.
ელენ უაიტი

ელენი იმდენად დაშავდა იმ შემთხვევის შედეგად, რომ სკოლაში სიარული და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მისი პიროვნული თვისებებიც მკვეთრად შეიცვალა. ის ძალზედ რელიგიური და მორალური ადამიანი გახდა. მალევე ცხოვრებაში პირველად გოგონას რელიგიური ხილვების სერია დაეწყო. როგორც წესი, ხილვები მოულოდნელად იწყებოდა, ელენს ეცვლებოდა სახის გამომეტყველება და ხშირად ზემოთ იცქირებოდა. ამ დროს ვერ გრძნობდა, რა ხდებოდა მის გარშემო.

პროფესორ გრეგორი ჰოლმსს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს პედიატრიული ნევროლოგიის დარგში, სჯერა, რომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, ელენს ხილვები თავის არეში მიყენებული დაზიანების შემდეგ რომ დაეწყო.

– თვალების გარშემო არსებული ძვლები საკმაოდ სუსტია, ამ არეში მდებარე ტვინის ქსოვილები კი – ძალიან მგრძნობიარე და ძვლების მყიფე ბუნების გამო მსგავს დარტყმას ვერ უძლებენ. ხშირად, როდესაც ადამიანს სახეში ქვა ხვდება, ტვინში სერიოზული ცვლილებები ეწყება, რადგან დარტყმის მომენტში ეს ორგანო წინ და უკან გადაადგილდება.
გრეგორი ჰოლმსი

პიროვნების ცვლილება, რელიგიურობისკენ მიდრეკილება და ხილვები არწმუნებს ჰოლმსს, რომ ელენ უაიტის შემთხვევაში ერთადერთი დიაგნოზის დასმა შეიძლება.

– მისი საქმის შესწავლა მიბიძგებს დასკვნისკენ, რომ დიდი ალბათობით მას საფეთქლის წილის ეპილეფსია აწუხებდა. აქედან გამომდინარე, ის სულიერი ხილვები, რაც ელენს დროგამოშვებით ჰქონდა, ნამდვილი არ იყო, არამედ დაავადების შეტევის შედეგს წარმოადგენდა.
გრეგორი ჰოლმსი

ეს გამანადგურებელი დასკვნაა მეშვიდე დღის ადვენტისტური მოძრაობის მიმდევართათვის, რომლებიც დღემდე ირწმუნებიან, რომ ელენ უაიტი ღმერთის შთაგონებით მოქმედებდა. მათი წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად ნევროლოგიცაა, ეწინააღმდეგება პროფესორ ჰოლმსის მოსაზრებას.

– მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ელენ უაიტის ხილვები არ იყო გამოწვეული საფეთქლის წილის ეპილეფსიით, რამდენიმეა. პირველი მიზეზი ისაა, რომ მან დაზიანება ცხვირის არეში მიიღო, რაც საფეთქლის მიდამოდან მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა, ხილვები სათავეს იღებს თავის ტრავმიდან 8 წლის შემდეგ და მასთან კავშირში რომ ყოფილიყო, 1-3 წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. და ბოლოს, ელენის ხილვები გრძელდებოდა 15 წუთიდან 3 საათამდე ან მეტხანს. უფრო ხანმოკლე ხილვა არასდროს ჰქონია, რაც ეპილეფსიის შემთხვევაში უჩვეულოა.
დოქტორი დანიელ გიანგი

დღესდღეობით შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ელენს საფეთქლის წილის ეპილეფსია, მაგრამ ხილვების ხანგრძლივობა და ტრავმიდან 8 წლის შემდეგ დაწყება ამ დარღვევასთან სრულიად თავსებადია.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ელენ უაიტს არ ეხება. ეჭვობენ, რომ მსგავსი მდგომარეობით სხვა რელიგიური ლიდერებიც იტანჯებოდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ დიდ რელიგიურ ლიდერებს საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევა სჭირდათ და ამის გამო ხილვები და მისტიკური შეგრძნებები ეწყებოდათ. გადმოცემის მიხედვით, პავლე მოციქულს დამასკოსკენ მიმავალ გზაზე ღმერთი გამოეცხადა დამაბრმავებელი სინათლის სახით. რას ვიტყვით მოსეზე, რომელმაც გაგვაცნო 10 მცნება, რომელსაც სწამდა, რომ ღმერთის ხმა ესმოდა და ეს ხმა ცეცხლმოდებული ბუჩქიდან მოდიოდა?

– ბევრი რელიგიური მისტიკოსი, მათ შორის პავლე მოციქულიც, აღწერენ ისეთ შეგრძნებებს, რაც ძალიან ჰგავს პაციენტების მონაყოლს, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, მას რაიმე სახის დარღვევა ჰქონოდა. ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ მოსესა და ბევრ ინდოელ რელიგიურ ლიდერს ტვინის საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევა ჰქონდათ, რის შედეგადაც განუვითარდათ ასეთი აზრები და მათი გონებრივი მხარე გამდიდრდა.
ვილეიანურ რამაჩანდრანი


ეპისკოპოსი სტივენ საიკსი მიიჩნევს, რომ ათასობით წლების შემდეგ თითქმის შეუძლებელია დაზუსტებით იმის გაგება, ჰქონდათ თუ არა უძველეს რელიგიურ ლიდერებს საფეთქლის წილის ეპილეფსია.

– მათი ქმედებების აღწერა ხდებოდა მათი ეპოქის ადამიანების მიერ, რომელთა აღქმა ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდა. დღეს ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ თითქოს წარსულში მცხოვრები ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მათ რელიგიური ხილვები ჰქონდათ და ამჟამად ჩვენი უსასრულო ცოდნიდან გამომდინარე ვიცით, რომ ისინი ეპილეფსიის ფორმით იტანჯებოდნენ. მე კი ამ საკითხის მიმართ ნაკლებად სკეპტიკური ვარ.
სტივენ საიკსი

შეიძლება, ჩვენ ვერასდროს გავიგოთ სიმართლე მოსესა და პავლეზე, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილეიანურ რამაჩანდრანმა გადაწყვიტა, გამოეკვლია კავშირი ტვინის საფეთქლის წილსა და რელიგიურ განცდებს შორის. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შეადარა სხვადასხვა ადამიანთა ტვინები, ტვინები, რომელთაგან ზოგს აღენიშნებოდა საფეთქლის წილის ეპილეფსია და ზოგს არა.

– პირველ რიგში გამოვიკვლიეთ ის მოხალისეები, რომლებსაც დარღვევა არ აღენიშნებოდათ. მათ თითის წვერებზე ორი ელექტროდი მივუერთეთ, რათა კანის წინააღმდეგობის ცვლილება გაგვეზომა. ამის საშუალებით დგინდება, როგორია მათი ოფლიანობის სიხშირე, როცა ეკრანზე სხვადასხვა სიტყვებს ნახულობენ. როცა ექსპერიმენტის ნორმალურ ობიექტს ვაჩვენებდი სიტყვას „მაგიდა”, ის ოფლს არ გამოყოფდა. მაგრამ სიტუაცია იცვლება მაშინ, როცა ჩნდება სიტყვა „სექსი”. ამ დროს იცვლება კანის წინააღმდეგობა, რომელსაც „გალვანურ რეაქციას” უწოდებენ. ახლა კი ისმის კითხვა: რა მოხდება, თუკი იგივე ექსპერიმენტს განვახორციელებთ საფეთქლის წილის ეპილეფსიან ადამიანებზე?
ვილეიანურ რამაჩანდრანი

ეპილეფსიან ადამიანებს აჩვენებდნენ სამი სხვადასხვა ჯგუფის – ნეიტრალური, სექსუალური და რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებს. პროფესორმა რამაჩანდრანმა აღმოაჩინა, რომ ნეიტრალური სიტყვები, როგორც მოსალოდნელი იყო, პატარა ემოციურ ეფექტს იწვევდნენ, თუმცა განცვიფრდა იმ შედეგით, რომელიც რელიგიური და სექსუალური ხასიათის სიტყვებით მიიღო.

– ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ ყოველთვის, როცა შეხედავდნენ რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად „ღმერთი”, ფიქსირდებოდა უზარმაზარი გალვანური რეაქცია. ამის საწინააღმდეგოდ, როცა ვაჩვენებდით სექსუალური ხასიათის სიტყვებს, შედეგი გაცილებით ნაკლები იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი რეაქცია მაღალი იყო ღმერთსა და რელიგიაზე და დაბალი – სექსზე, როცა ჩვეულებრივ ადამიანებში ეს პირიქითაა.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

ეს იყო პირველი სამედიცინო დასტური იმისა, რომ სხეულის ფიზიკური რეაქცია რელიგიურ გამოსახულებებზე პირდაპირ უკავშირდებოდა ტვინის საფეთქლის წილში მიმდინარე პროცესებს.

– რაც დავასკვენით, ის იყო, რომ საფეთქლის წილში არსებობს გარკვეული ნერვული უჯრედები, რომელთა აქტიურობა ამ პაციენტებში განსაკუთრებით გამოკვეთილი გახლდათ. ეს აქტიურობა კი როგორღაც ხელს უწყობდა რელიგიური და მისტიკური რწმენის განვითარებას. ამის შედეგად ადამიანი მიდრეკილი ხდება რელიგიისკენ.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

მეცნიერებს სჯერათ, რომ ის პროცესები, რაც საფეთქლის წილის ეპილეფსიანი პაციენტების გონებაში მიმდინარეობს, შესაძლებელია, უბრალოდ უფრო რთული და მკვეთრად გამოხატული ვარიანტი იყოს იმისა, რაც ჩვენს ტვინში ხდება. როგორც ჩანს, საფეთქლის წილი გასაღებია რელიგიური და სულიერი რწმენის საკითხის ამოხსნისკენ. ეს კვლევა, რომელიც სწავლობდა, როგორ გავლენას ახდენდა რელიგიური რწმენა ტვინზე, იქცა სრულიად ახალი მეცნიერული დარგის, ნეიროთეოლოგიის (სულიერი ნევროლოგია) შექმნის წინაპირობად.


ჩრდილოეთ კანადის შორეულ რეგიონში ერთმა მეცნიერმა გადაწყვიტა, ნეიროთეოლოგიის საკამათო საკითხი გადაეწყვიტა. დოქტორი მაიკლ პერსინგერი ირწმუნება, რომ საფეთქლის წილის სტიმულირებით მან მოახერხა, ხელოვნურად გამოეწვია რელიგიური შეგრძნებები თითქმის ყველა ცდაზე. დოქტორმა პერსინგერმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს საფეთქლების გარშემო. მისი თქმით, შესაძლებელია ტვინზე ისეთი ზემოქმედება, რომ რელიგიური სახის გამოცხადების ანალოგი წარმოიშვას.

– „ღმერთის მუზარადი” (იხ. სურ.) თავიდან შეიქმნა, როგორც ტვინის ნახევარსფეროების გარშემო სუსტი ელექტრომაგნიტური ველის წარმომშობი ხელსაწყო. სოლენოიდები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ასე რომ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგნიტური ველი გავიდეს მუზარადში და შესაბამისად, ტვინამდე მიაღწიოს.
მაიკლ პერსინგერი

სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დოქტორმა პერსინგერმა ცდის მონაწილე პირები სპეციალურ იზოლირებულ ოთახში შეიყვანა და თვალები აუხვია. დონ ჰილმა ნაკლებად იცოდა, რა ელოდა წინ, როცა ტესტირების ოთახში შეაბიჯა.


– იმ ოთახში რამდენიმე სახის შეგრძნება დამეუფლა – ხელები გამიგრილდა და დამეცვარა, გაუგებარი მიზეზების გამო შიში დამეუფლა, ყურებში ხმაურს ვგრძნობდი, ზურგის მიდამოში ენერგიის ტალღები მოძრაობდა და ზოგადად უხასიათოდ ვიყავი.
დონ ჰილი

მაგრამ როცა დოქტორმა პერსინგერმა დაიწყო მაგნიტური ველებით ზემოქმედება, დონს ძალიან უცნაური გრძნობა გაუჩნდა – გრძნობა, რომ ის მარტო არ იყო.

– მხრები დაძაბული მქონდა, ვიცოდი, რომ რეალურად ოთახში ვინმე ან რამე ვერ იქნებოდა, რადგან საღი აზრი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ვერ ვიშორებდი იმ შეგრძნებას, რომ იქ რაღაც იყო. რაღაც, რაც ჩასაფრებულიყო და მითვალთვალებდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი, თითქოს უკნიდან ვიღაც მომშტერებოდა. მაგრამ ეს ხომ გამორიცხული იყო? მე ისეთ ადგილას ვიმყოფებოდი, სადაც დაცული ვიყავი.
დონ ჰილი

დონმა თავის თავზე გამოსცადა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უცნაური ეფექტი – შეგრძნება, რომ ის მარტო არაა. დოქტორმა პერსინგერმა ამ მოვლენას „დასწრების შეგრძნება” უწოდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი მიზეზი ნამდვილად ელექტრომაგნიტური ველი იყო, დოქტორმა პერსინგერმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ველი ხან ირთვებოდა და ხან ითიშებოდა. დაზუსტებით არავინ იცოდა, რა იყო ექსპერიმენტის რეალური მიზანი, ისინი ფიქრობდნენ, რომ რელაქსაციას უკავშირდებოდა. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა – მექანიზმის ჩართვისას ადამიანების 80% რაღაცას გრძნობდა. დოქტორმა პერსინგერმა მომდევნო ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. მისი აზრით, ბუნებრივად წარმოშობილი ელექტრომაგნიტური ველები შესაძლოა, მსგავს შეგრძნებებს იწვევდნენ და ეს ახსნის არამარტო ღმერთისკენ მიდრეკილებას, არამედ სხვა ზებუნებრივ განცდებს – მაგალითად, მოჩვენებებთან დაკავშირებულს.

დოქტორ პერსინგერს დაუკავშირდა ერთი ადამიანი, რომელიც თავის გოგონაზე წუხდა. გოგონას, რომელსაც ხალხი გიჟად თვლიდა, საშინელი პრობლემები ჰქონდა ძილთან დაკავშირებით. ყოველ ღამეს მას ძალიან საშიში ზებუნებრივი შეგრძნებების გადატანა უწევდა. შიში თანდათან სულ უფრო ძლიერდებოდა, გოგონას სწამდა, რომ ოთახში მის გარდა კიდევ იყო სხვა ვიღაც სულის სახით და ამის გამო ეშინოდა შიგნით შესვლისა. დოქტორმა პერსინგერმა გადაწყვიტა, გოგონას სახლში წვეოდა. ის ფიქრობდა, რომ გოგონას ჰალუცინაციები იყო ფარული ელექტრომაგნიტური ველების მოქმედების შედეგი. მან და მისმა კოლეგამ, სტენ კორენმა გადაწყვიტეს, ამ ველების პირველწყარო ეპოვათ. გუნდმა გამოიყენა სპეციალური საზომი აპარატურა – პლასტმასის ყუთი და მასზე დახვეული სპილენძის მავთული.

– გარკვეულ სიტუაციებში ელექტრომაგნიტურმა ველებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ადამიანის ტვინზე, თუკი ის მგრძნობიარეა, და წარმოიშობა საკმაოდ ძლიერი შეგრძნებები, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ღმერთი ან გამოცხადება, რაც ინდივიდუალური ადამიანის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.
მაიკლ პერსინგერი

გოგონას საძინებელში მართლაც დაფიქსირდა ელექტრომაგნიტური ველის არსებობა. მის წყაროსაც ადვილად მიაგნეს – ეს მაღვიძარა რადიო-საათი აღმოჩნდა, რომელიც ზუსტად საწოლის გვერდზე იყო. გარდა ამისა, საათი იმავე პრინციპით მუშაობდა, რა პრინციპითაც – „დასწრების შეგრძნების” გამომწვევი მექანიზმი ლაბორატორიაში. დოქტორმა პერსინგერმა საათი ოთახიდან გაატანინა და ავბედითი კოშმარების სერიაც დასრულდა. ეს ისტორია თითქმის დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიგვითითებენ ზებუნებრივი ხილვებისა და ელექტრომაგნიტური ველების კავშირზე.

ერთ-ერთი გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა – ჩრდილოეთის ციალი – ხდება მაშინ, როცა მზეზე შტორმები იწყება. ამ შტორმებმა შეიძლება, გავლენა მოახდინონ დედამიწის მაგნიტურ ველზე და როცა ეს ხდება, «მოჩვენებების» დანახვის შემთხვევები მკვეთრად იზრდება. მეცნიერთა გარკვეული კატეგორიის რწმუნებით, ამ მოვლენამ შეიძლება ტვინის ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინოს.

– ჩვენ ვიცით, რომ გეომაგნიტური აქტიურობა გავლენას ახდენს საფეთქლის წილზე, რადგან სტატისტიკური მონაცემების კვლევისას ვნახულობთ, რომ საფეთქლის წილის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევები იზრდება მაშინ, როცა დედამიწაზე გლობალური გეომაგნიტური აქტიურობა ფიქსირდება.
მაიკლ პერსინგერი

დოქტორი პერსინგერი აყენებს მოსაზრებას, რომ სულიერი და რელიგიური შეგრძნებების უმეტესობა, თუ არა ყველა მათგანი, შესაძლოა აიხსნას ელექტრომაგნიტური ველების მიერ ტვინის საფეთქლის წილებზე ზემოქმედების ეფექტით.

– ჩემი კოლეგების უმეტესობა მეკითხება: «რატომ იკვლევ ამ საკითხს? ამაში ხომ არასდროს გადაგიხდიან ფულს? თანაც შენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დგება, რადგან იმ დეტალებს იძიებ, რომლებსაც არ უნდა შეეხო – რელიგიური გრძნობები, პარანორმალური შემთხვევები.. მათი შესწავლა უსარგებლოა, რადგან მეცნიერების სფეროს მიღმაა..» მე კი ასეთ კითხვას ვსვამ: «რატომაც არა? რატომ არ უნდა გამოვიკვლიო?» ექსპერიმენტული მეთოდი ყველაზე ძლიერი რამაა, რაც გაგვაჩნია, სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რა არის რეალობა და რა – არა.
მაიკლ პერსინგერი


BBC Horizon-მა გადაწყვიტა, დოქტორ პერსინგერის თეორიები და მექანიზმი გამოეცადა და მისი მეშვეობით რელიგიური შეგრძნებები გამოეწვია დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ათეისტის, პროფესორ რიჩარდ დოკინსის გონებაში. პროფესორ დოკინსის პოზიციით, ბრძოლა ათეიზმსა და რელიგიებს შორის სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა რეალობასა და უვიცობას შორის. შეძლებს დოქტორი პერსინგერი იმას, რაც ვერ შეძლეს რომის პაპმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა და დალაი-ლამამ?

დოქტორმა პერსინგერმა მეცნიერ დოკინსის ტვინზე სხვადასხვა სახის მაგნიტური ველებით ზემოქმედება გადაწყვიტა. თავიდან დოკინსი უჩვეულოს ვერაფერს გრძნობდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ცოტათი თავბრუ ეხვეოდა. ამის შემდეგ პერსინგერმა ველები საპირისპიროდ ანუ მარჯვნიდან მიმართა დოკინსის ტვინისკენ, რაზეც ექსპერიმენტის საცდელ ობიექტს უცნაური განცდა დაეუფლა. საბოლოოდ პერსინგერმა ველები ორივე მხრიდან მიმართა. დოკინსის თქმით, ცოტათი სუნთქვა გაუჭირდა, შემდეგ თითქოს მარცხენა ფეხი უმოძრავებდა, მარჯვენა კი ტოკავდა.

მთლიანობაში ექსპერიმენტი 40 წუთი გრძელდებოდა. პერსინგერის სამწუხაროდ, „დასწრების შეგრძნების” გამოწვევა ვერ მოხერხდა. დოკინსი ამბობდა, რომ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უკუნ სიბნელეში იყო და სასიამოვნოდ მოდუნდა.

– ძალიან დამწყდა გული. ჩემთვის ფრიად საინტერესო იქნებოდა, იგივე გამომეცადა, რასაც რელიგიური ადამიანები გრძნობენ, როგორადაც აღიქვამენ სამყაროს. ეს რომ მოხდარიყო, ძალიან გამიხარდებოდა.
რიჩარდ დოკინსი

თუმცა დოქტორი პერსინგერი მიიჩნევს, რომ რიჩარდ დოკინსზე განხორციელებული ექსპერიმენტის მარცხს თავისი განსაკუთრებული მიზეზი გააჩნია.

– რამდენიმე წლის წინ შევადგინეთ კითხვარი, რომელსაც „საფეთქლის წილის მგრძნობიარობა” ვუწოდეთ. აღმოვაჩინეთ მგრძნობიარობის უწყვეტი სპექტრი იმ ადამიანებიდან, ვისაც არ აქვს მგრძნობიარე საფეთქლის წილები იმ ადამიანებამდე, ვისაც ძალიან მგრძნობიარე აქვს. ეს სპექტრი სრულდება საფეთქლის წილის ეპილეფსიით დაავადებული შემთხვევებით. დოქტორ დოკინსის შემთხვევაში, მისი საფეთქლის წილის მგრძნობიარობა არის ძალიან დაბალი, გაცილებით დაბალი, ვიდრე საშუალო ადამიანებისა.
მაიკლ პერსინგერი

– რელიგიური შეგრძნებების განცდის უნარი ყველა ადამიანს სხვადასხვა დოზით აქვს განვითარებული. ძალიან საინტერესოა ის საკითხი, შესაძლებელია თუ არა, ადამიანს ჰქონდეს რელიგიურობის ტალანტი და არის თუ არა ეს მუსიკის ნიჭის მსგავსი, რომელიც ზოგს აქვს და ზოგს არა.
ეპისკოპოსი სტივენ საიკსი


მიუხედავად რიჩარდ დოკინსთან განცდილი მარცხისა, დოქტორ პერსინგერის მიერ 1000-ზე მეტ მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევამ მანამდე არსებულ ცდებზე უფრო დიდი ნაყოფი გამოიღო იმის დასადგენად, რა კავშირია რელიგიურ-მისტიკურ განცდებსა და ტვინის საფეთქლის წილს შორის. მაგრამ რელიგიური მორწმუნეები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ უზარმაზარი სხვაობაა მოტოციკლისტის ჩაფხუტის მსგავსი მოწყობილობის მიერ გამოწვეულ გრძნობებსა და ნამდვილ რელიგიურ შეგრძნებებს შორის.

ის, რაც თითქმის დანამდვილებითაა ცნობილი, ისაა, რომ რელიგიური გამოცხადებები გაცილებით უფრო რთული რამაა, ვიდრე ტვინის ცალკეული უბნის აქტივობა. დოქტორ პერსინგერის ნაშრომები მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ტვინისა და რწმენის ურთიერთკავშირი გაცილებით ღრმა საკითხია. მკვლევართა ჯგუფმა ამ საკითხის შესასწავლად უნიკალური მეთოდი შეიმუშავა. მათ გამოიკვლიეს, რა მოსდის ტვინს იმ მომენტში, როცა ძლიერი რელიგიური განცდა იწყება.

– მედიტაციის პროცესი, რომელიც საკმაოდ ღრმაა, შეიძლება აღიწეროს, როგორც ერთობის ერთ-ერთი სახე.
დოქტორი მაიკლ ბეიმი

მაიკლი ბუდისტია, იმ რწმენის მიმდევარი, რომელიც ადამიანებისგან მედიტაციის მეშვეობით სულიერ სამყაროში შეღწევას მოითხოვს.

– რაც უფრო მეტად დუნდები და თანდათან შლი იმ საზღვარს, რომელიც არსებობს შენსა და ნებისმიერ სხვა რამეს შორის, მით მეტად გრძნობ სამყაროსთან ერთიანობას და მით უფრო ნაკლებად გეუფლება მარტოობის განცდა.
მაიკლ ბეიმი

მკვლევარმა დოქტორმა ენდრიუ ნიუბერგმა შექმნა ტვინის აქტიურობის გადამღები ხელსაწყო, რომელიც ზუსტად დააფიქსირებს, რა ხდება მაიკლის გონებაში, როცა ის მედიტირებს.

– როცა ექსპერიმენტის ობიექტი ჩვენთან ლაბორატორიაში მოდის, პირველად, როგორც წესი, ჩუმ და წყნარ ოთახში შეგვყავს. აქ ისინი მედიტაციას იწყებენ. იმ ოთახში არც ჩვენ შევდივართ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყურადღების გადამტანი ფაქტორები. მათთან კონტაქტის ერთადერთი მეთოდი წვრილი სიმია, რომელიც მათ სიახლოვეს მდებარეობს. სიმის მოქაჩვა ნიშნავს, რომ ისინი მედიტაციის პიკში შედიან.
ენდრიუ ნიუბერგი


როცა მაიკლმა (სურათზე) სიმი მოქაჩა, მკვლევართა ჯგუფმა მის ორგანიზმში შეუშვა რადიოაქტიური ინდიკატორი, რომელიც ჯერ სისხლში გადავიდა, იქიდან კი ტვინში და შექმნა ზუსტი მონახაზი იმისა, თუ როგორ მოძრაობდა მაიკლის ტვინში სისხლი მედიტაციის აქტიური მომენტისას. შედეგებმა აჩვენა, რომ სხვა ექსპერიმენტების მსგავსად, საფეთქლის წილები აქაც თამაშობდნენ დიდ როლს, თუმცა ამჯერად სიტუაცია სხვანაირი იყო. როცა მაიკლმა მედიტაციის პიკს მიაღწია, ტვინის უბანს, რომელსაც პარიეტალურ წილს უწოდებენ, თანდათან სულ უფრო ნაკლები სისხლი მიეწოდებოდა. თითქოს ეს რეგიონი საერთოდ ითიშებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო – პარიეტალური წილები უზრუნველყოფენ, რომ დროისა და სივრცის სწორი აღქმა გვქონდეს.

– ტვინის ეს ნაწილი ამუშავებს მთლიან მგრძნობელობით ინფორმაციას და იყენებს მას, რომ საკუთარი თავის შეგრძნება გვქონდეს. როცა ადამიანები მედიტირებენ, ხშირად კარგავენ საკუთარი „მეს” აღქმის უნარს. სწორედ ეს ეფექტი შევნიშნეთ მედიტაციის პროცესზე დაკვირვებისას ექსპერიმენტში მონაწილე პირებში.
ენდრიუ ნიუბერგი

საკუთარი თავის შეგრძნების უნარის დაკარგვა მსოფლიოს დიდი რელიგიების ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს. ბუდისტები ცდილობენ, შეიგრძნონ სამყაროსთან ერთობა, ინდუისტები იბრძვიან, რათა მათი სული ღმერთს შეუერთდეს, კათოლიკეები კი „უნიო მისტიკის” (ღმერთთან სულიერი კავშირი) ძიებაში არიან. დოქტორი ნიუბერგი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ეს სრულიად განსხვავებული რელიგიები რეალურად ერთსა და იმავე რამეს აღწერდნენ? ამ თეორიის გამოსაცდელად მან ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის აქტიურობა გამოიკვლია ლოცვის მომენტში, რათა ენახა, იყო თუ არა მსგავსება მათსა და ბუდისტებს შორის.

– ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის ანალიზმა ასევე აჩვენა სისხლის მიწოდების შემცირება იმ უბნებზე, რომლებიც ორიენტაციაზე აგებენ პასუხს. ზუსტად ისე, როგორც ბუდისტი ბერების მედიტაციის შემთხვევაშია.
ენდრიუ ნიუბერგი

მიუხედავად იმისა, რომ ბუდისტებსა და კათოლიკეებს ძალიან განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებელი რწმენა და რელიგიური ტრადიციები აქვთ, მათი ტვინის რეაქცია მედიტაციასა და ლოცვაზე სრულიად იდენტურია. დოქტორ ნიუბერგის კვლევა წარმოადგენს პირველ ნათელ მეცნიერულ დადასტურებას, რომ რელიგიური რწმენის პროცესში ტვინის სხვადასხვა უბნები არიან ჩართულნი.

– ჩემი კვლევის შედეგები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ტვინში არსებობს სხვადასხვა სტრუქტურების ქსელი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და წარმოშობენ სულიერ შეგრძნებებს.
ენდრიუ ნიუბერგი

დოქტორ ნიუბერგისა და დოქტორ პერსინგერის კვლევების მნიშვნელობა უზარმაზარია. ისინი მიგვითითებენ, რომ ის, თუ რისი გვწამს ან როგორ, კონტროლდება ტვინის ფიზიკური სტრუქტურის მიერ. ეს კი აჩენს ახალ კითხვას: რატომ დაგვჭირდა ამ უნარის განვითარება? შესაძლოა, ამას მარტივი ევოლუციური ახსნა ჰქონდეს. კვლევები აჩვენებს, რომ მორწმუნეები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მეტად ჯანმრთელები არიან და უფრო მეტიც – ათეისტებზე ნაკლებად ემართებათ კიბო და გულის დაავადებები. რამდენად შესაძლებელია, რომ რელიგიური რწმენა წარმოიშვა, როგორც გადარჩენის მექანიზმი?

– თუკი დასვამთ კითხვას, რა არის რელიგიური რწმენის როლი გადარჩენის საკითხში, გამოვა, რომ არასწორ კითხვას სვამთ. რეალურად კითხვა ასე უნდა დაისვას: რა როლი აქვს გადარჩენის საკითხში ტვინის იმ რეგიონს, რომელიც განსაკუთრებულ პირობებში რელიგიურ რწმენას წარმოშობს?
რიჩარდ დოკინსი

თუკი რელიგიური რწმენა წარმოადგენს ევოლუციის ნაყოფს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთის რწმენა ბუნების ხრიკია? ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით ადრეა ნეიროთეოლოგიის, როგორც ადამიანების რწმენის მიზეზის ახსნის საშუალების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ტვინი მიდრეკილია რელიგიებისკენ, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთის ცნება შესაძლოა, უბრალოდ ტვინის ქიმიური აქტიურობის ნაყოფი იყოს.

– მარტო იმიტომ, რომ ტვინში არსებობს ციკლები, რომლებიც რელიგიური რწმენისადმი მიდრეკილს გვხდიან, არანაირად არ უარყოფს რელიგიური რწმენის მნიშვნელობას. შესაძლოა, ეს ღმერთის მიერ შემუშავებული მეთოდი იყოს, ერთგვარი ანტენა, რომელსაც ჩვენს ტვინში ათავსებს, რათა მისი აღქმა გაგვიადვილდეს. ეს კვლევები ნამდვილად არ უარყოფს ღმერთის არსებობას.
ვილეიანურ რამაჩანდრანი

– ფრიად გასაოცარი იქნებოდა, რომ არ აღმოგვეჩინა უფრო მეტი ფიზიკური და ქიმიური სახის ინფორმაცია სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც ქმნიან მთლიან პროცესს და წარმოადგენენ იმ შეგრძნების ნაწილს, რომელსაც ვიღებთ რელიგიური რწმენისგან. ვფიქრობ, რომ არც ქრისტიანებს და არც სხვა რელიგიის მიმდევრებს არ უნდა ეშინოდეთ მომდევნო კვლევებისა. უფრო მეტიც, მოთმინებით დაელოდონ ახალ ინფორმაციას და დაკვირვებით განიხილონ.
ეპისკოპოსი სტივენ საიკსი

ერთი რამ ეჭვგარეშეა: რელიგიისა და რწმენის წარმოშობის საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. ნეიროთეოლოგიურმა კვლევებმა გამოააშკარავა, რომ რელიგიის განხილვა მხოლოდ სულიერი შთაგონების ან სოციალური ვითარების პროდუქტის ჭრილში ზედმეტად მარტივი და მიამიტურია. გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენმა ტვინმა განავითარა სპეციფიკური სტრუქტურები, რომლებიც გვეხმარებიან, ვირწმუნოთ ღმერთის არსებობა. როგორც ჩანს, მიუხედავად იმ საკითხისა, არსებობს თუ არა ღმერთი, ჩვენი ტვინი მაინც განაგრძობს მის დაჯერებას, რადგან ასეა მოწყობილი.

– ადამიანის რელიგიური იმპულსი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაქრობა ძალიან ძნელია, რაც ერთგვარად მადარდიანებს. აშკარაა, რომ რელიგია უკიდურესად მტკიცეა.
რიჩარდ დოკინსი

– იმის გამო, რომ ადამიანის ტვინი ამგვარადაა მოწყობილი, ხოლო რელიგია და სულიერება მასში ჩაშენებულ ფუნქციას წარმოადგენს, ღმერთისა და რელიგიების ცნებები კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
ენდრიუ ნიუბერგი

მომზადებულია BBC Horizon-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button