სხვადასხვა ენებში არსებობს სიტყვები, რომელთა თარგმნა დანარჩენ ენებზე თითქმის შუუძლებელია მათი განსაკუთრებულობის გამო. მათი უმეტესობა ისეთ მოვლენას გამოხატავს, რომელიც შესაძლოა, ბევრჯერ გამოგვიცდია, მაგრამ ერთი სიტყვით გამოხატვის საშუალება არ გვაქვს.
***
● L’esprit de l’escalier (ფრანგული)
ეს არის შემთხვევა, როცა სწორი პასუხი მოგივა თავში, მაგრამ უკვე გვიანია. მაგალითად, ვიღაცამ საზოგადოებაში მოგაყენა შეურაცხყოფა, ყველა ელოდა შენგან საპასუხო რამეს, მაგრამ შენ ან არაადეკვატური რამ უპასუხე, ან საერთოდ არაფერი. ამის შემდეგ გარბიხარ, ჩადიხარ კიბეებზე და სწორედ ამ დროს მოგდის თავში აზრად, რა უნდა გეთქვა მისთვის, რომ დაგემარცხებინა.
● Hygge (დანიური)
ეს არის რაც ყოველთვის გვინდა, მაგრამ იშვიათად გვაქვს. ეს არის სრული იგნორი იმის მიმართ, რაც გვაღიზიანებს, თავს გვაბეზრებს და ემოციურად გვაფორიაქებს და სანაცვლოდ სიამოვნების მიღება მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროსგან. Hygge-ის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები არის შობის დილა, ზაფხულის გრილ საღამოს დანიური სოსისის შეწვა ცეცხლზე და წვიმიან ღამეს სანთლების შუქზე ვახშმობა, როცა ბუხარიც ანთია.
● Kyoiku mama (იაპონური)
იაპონელი მშობლების სიმკაცრის ამბავი ბევრ ქვეყანაში ცნობილი ამბავია. Kyoiku mama ისეთი დედაა, რომელსაც შვილი ძალით მიჰყავს მასწავლებელთან, აიძულებს, დიდი დრო დაუთმოს გაკვეთილების მომზადებას, ასევე ფიზიკურ განვითარებას. ერთი სიტყვით, დედა, რომელიც ზედმეტად აქტიურად ერევა ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტში ვითომდა მის სასიკეთოდ და შესაძლოა, საბოლოოდ უარესს აკეთებს. ასეთები ხშირად გვხვდებიან იაპონურ ლიტერატურასა და ფილმებში.
● Uitwaaien (ჰოლანდიური)
უთარგმნელი სიტყვები ხშირად გამოხატავენ რომელიმე ერის თავისებურებებს. Uitwaaien სწორედ ასეთი სიტყვაა და აღნიშნავს ქარიან ამინდში სიამოვნების მიღების მიზნით სეირნობას. ჰოლანდიელებში ეს გავრცელებული ჩვევაა, მათი მტკიცებით, დაღლილობას აქრობს და გონებას ამშვიდებს.
● Bakku-shan (იაპონური)
მორიგი იაპონური სიტყვა, რომელიც გამოხატავს ნაცნობ მოვლენას. ბაკუ-შანი ნიშნავს ისეთ გოგონას, რომელიც უკნიდან ლამაზი ჩანს, მაგრამ წინა მხრიდან საპირისპიროა.
● Tingo (აღდგომის კუნძულები)
ეს ისეთი სიტყვაა, რომლის გამოყენებაც იმედია, ნაკლებად დაგჭირდებათ. აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც მეგობრის სახლიდან მისი ნებართვით „დროებით” გამოაქვს ნივთები სათითაოდ და არ ჩერდება, სანამ სახლს არ დააცარიელებს. წესით, ყველაზე მეტად „ქურდი” ესადაგება, თუმცა ქურდთან მეგობრობა ცოტა უცნაურია. როგორც ჩანს, აღდგომის კუნძულებზე ხშირი პრობლემაა.
● Zalatwic (პოლონური)
ეს არის მეგობრების, ქრთამის, პირადი კავშირების, მომხიბვლელობის გამოყენება რაიმე მიზნის მისაღწევად. მოკლედ, საქმის კეთება ყველანაირი გვერდითა და ზოგჯერ ბინძური ხერხებით, ოღონდ არა შრომით.
● Gigi rongak (მალაი)
Gigi rongak – სივრცე კბილებს შორის.
● Biritululo (ახალი გვინეა)
რას აკეთებთ კამათის დროს? ამტკიცებთ გაუთავებლად თქვენს პოზიციას? მიდიხართ დათმობაზე? ახალ გვინეაში კამათის მოსაგვარებლად ბირიტულულოს მიმართავენ. ეს არის ადგილობრივი ბოსტნეულის, იამის შედარება. ვინც უფრო დიდი იამი გაზარდა, გამარჯვებულიც ისაა.
● Ilunga (ბანტუს ენა, კონგო)
2004 წელს ეს სიტყვა აღიარეს ყველა ძნელად სათარგმნ სიტყვად. ეს არის ადამიანი, რომელიც პირველ ჯერზე შეურაცხყოფას გაპატიებს, მეორედაც ჩაყლაპავს, მაგრამ არა მესამედ.