მოკლე პასუხი ასეთია: არ გვინდა შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციური წყობა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების გარანტიას იძლევა.
გრძელი პასუხისათვის იქიდან უნდა დავიწყო, რა არის თეოკრატია. თეოკრატია სახელმწიფოს ისეთი ფორმაა, რომელშიც ქვეყანას ღმერთი მართავს თავისი წარმომადგენლების საშუალებით. კანონების წყარო მოქალაქეების ნება კი არა, რელიგიური კანონია. თეოკრატიაში ხშირად – მაგრამ არა აუცილებლად – რელიგია მმართველობის წყაროც არის. კულტურულად და გეოგრაფიულად ჩვენთვის ყველაზე ახლო თეოკრატია ბიზანტია იყო. ბიზანტიის იმპერატორი იყო ქრისტეს, ზეციური იმპერატორის მოადგილე დედამიწაზე. დასავლეთ საქრისტიანოში ამ მოადგილეობას ერთმანეთს ცვალებადი წარმატებით საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და რომის პაპი ეცილებოდნენ.
თანამედროვე თეოკრატია სეკულარიზაციის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის და თანამედროვე სახელმწიფოს წარმოშობის პროდუქტია. თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო XVII საუკუნეში დაიბადა იმის გაცნობიერებიდან, რომ ჭეშმარიტებაზე დავა ან მასზე მონოპოლია სახელმწიფოს საქმე არ არის. რელიგიური ომების გამოცდილებამ, სადაც უმცირესი დოგმატური განსხვავებების გამო ადამიანები იოლად ასალმებდნენ ერთმანეთს სიცოცხლეს (ბართლომეს ღამე მხოლოდ ერთი მაგალითია) აჩვენა, რომ სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ადამიანების მშვიდობიანად თანაცხოვრების მექანიზმი, სადაც, ვთქვათ, კათოლიკეს და პროტესტანტს შეეძლოთ თავიანთი რწმენა თავისუფლად გამოეხატათ. თანამედროვე სახელმწიფო ისე განვითარდა, რომ რელიგიამ მასში კერძო ფუნქცია შეიძინა, თუმცა არ გამქრალა. სეკულარული სახელმწიფო არ არის „უღმერთო“ ან ათეისტური სახელმწიფო. სეკულარულ სახელმწიფოში ყველა მორწმუნეს და ეკლესიას თვითგამოხატვის ყველა საშუალება აქვს (ძალადობრივის გარდა).
ვიღაცას მოულოდნელად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ მსოფლიოში „ტრადიციული“ თეოკრატია თიათქმის არ არსებობს. ყველაზე ძველი, ტიბეტური, XVII საუკუნისაა. ვატიკანი, სადაც პაპი ერთდროულადაა ეკლესიის და სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთში შემორჩენილი ბოლო თეოკრატიაა, რომელიც თავის არსებობას ბენიტო მუსოლინის უმადლის. ყველა ისლამური თეოკრატია XX საუკუნის პროდუქტია. თანამედროვე თეოკრატია ის არის, რასაც ბრიტანელი მეცნიერი ერიკ ჰობსბაუმი „გამოგონებულ ტრადიციას“ ეძახის.
თანამედროვე თეოკრატიებმა თანამედროვე სახელმწიფოს ინსტრუმენტები რელიგიური დოგმების დაკანონებისათვის გამოიყენეს. თუკი „კლასიკური“ თეოკრატია სახელმწიფო მმართველობის საკრალურ ლეგიტიმაციას ეყრდნობოდა, თანამედროვე თეოკრატიები რელიგიურ კანონს სძენენ სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ძალას, რომელიც მას ტრადიციულად არასოდეს გააჩნდა. თანამედროვე თეოკრატიული იდეა სწორედ ტრადიციის და რელიგიის დაკნინების მაჩვენებელია. როდესაც მორწმუნეს მხოლოდ ავტორიტეტით ვერ იმოჩილებ და ვერ აჯერებ, რომ „ეკლესიურად უნდა იცხოვროს“, ავტორიტეტს კანონის ძალით ანაცვლებ და ამჯერად ეკლესიური ცხოვრებისაკენ აიძულებ.
რადგანაც თეოკრატიაში კანონის წყარო რელიგიაა, ისინი, ვისაც არ უნდა რელიგიური წესით ან კანონით ცხოვრება, ავტომატურად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი, მაშინ, როდესაც სეკულარულ სახელმწიფოში მორწმუნეს ყველა საშუალება აქვს, რელიგიური წესით იცხოვროს.
რადგანაც თეოკრატიაში კანონის წყარო რელიგიაა, ამ საფუძველზე მიღებული კანონი იოლად შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს (და, როგორც წესი, მოდის კიდევაც) ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან. მაგალითისათვის: კაცს, როგორც წესი, ქალთან შედარებით უპირატესი უფლებები აქვს; რელიგიურ უმრავლესობას რელიგიურ უმცირესობასთან შედარებით მეტი უფლება აქვს და ა.შ.
საქართველოს შემთხვევაში თეოკრატია ორმაგად აბსურდულია. რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების შემდეგ ცდილობს, ეს კანონიკური სამართლის საერო სამართალში გადმოტანაა. თეოკრატიის ქართული ფორმა სინამდვილეში საპატრიარქოს აღმოსავლეთ საქრისტიანოსათვის გაუგონარი სურვილია, საერო ცხოვრების კანონები დააწესოს და სახელმწიფოს ცხოვრება წარმართოს. ვიღაცისთვის პატრიარქის სიტყვა დღესაც კანონზე მაღლა დგას, ხვალ კი საერთოდ მოუნდება, რომ კანონის ძალა შესძინოს.
თეოკრატია არ გვინდა იმიტომ, რომ ვიცით: საქართველოს კონსტიტუციის, ქართული კანონების ეთნო-რელიგიურ თარგზე გამოჭრა საქართველოს სახელმწიფოს ისევე დააზარალებს, როგორც 90-იანი წლების ეთნონაციონალიზმი; ის იქნება უმცირესობების ჩაგვრის და, აქედან გამომდინარე, კონფლიქტების პერმანენტული წყარო, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას მის უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
თეოკრატია არ გვინდა იმიტომ, რომ გვგონია: ყველა ადამიანი, განურჩევლად ეროვნების, კანის ფერის, რწმენის, სქესის, სექსუალორი ორიენტაციის დ ა.შ. თანასწორია კანონის წინაშე.
თეოკრატია არ გვინდა, იმიტომ რომ გვგონია: ადამიანისათვის განმსაზღველი ფასეულობა თავისუფლებაა, პირველ რიგში რწმენის, სინდისის და სიტყვის თავისუფლება.
აი ამას ნიშნავს „არა თეოკრატიას“.
წყარო: რადიო თავისუფლება