ეპისტოლარული

სერგო ფარაჯანოვი – წერილები ზონიდან

1974-77 წლებში ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოგზავნილი ბარათების ნაწილი

მეუღლისადმი, შვილისადმი და დისადმი გაგზავნილი წერილებიდან
————————

* * *
(…) დაღუპვები – გაგარინი, ენგიბაროვი, თამაზ მელიავა, ედიტ პიაფი, ლეს კურბასი, ჟერარ ფილიპი, ციბულსკი, გუნდად დახოცილი ჩემი დეიდები და ბიძები – ჭაღარა ბაბუაწვერები. ყველაფერი თითქოსდა ამზადებდა ჩემს სიკვდილს. მაგრამ უც­ებ საიქიო – და მე ცოცხალი ვარ. ვცოცხლობ შიშსა და სიხარულში, რომ ვცოცხლობ, ვმეგობრობ, რაღაცას ვხედავ – სხვის ჭირ-ვარამს და ვუთანაგრძნობ მას, შევდივარ მასში, მჭირდება იგი და გამოვხატავ ამ ყველაფერს… მომხდარის შესახებ ვიცი, რომ შეუძლებელია ჩემი დაბრუნება ხელოვნებაში, თუ შესაძლებლის საზღვრებს არ გავწევ (…)
რა უცნაურია, რომ გნახე. სიზმარში, შავ ბალიშზე იწექით შენ და სურენჩიკი. მორიგეობით სწევდით თავებს და მთხოვდით: “არ დაგვტოვო”. მაგრამ ჩემსა და თქვენს შორის იყო პლასტმასის შუშა და სიჩუმე (…)
* * *
(…) დღეს ოთხშაბათია – ჩემი გამოსასვლელი დღე. ფანჯრის მიღმა ქარბუქია, საწყობის ჭვარტლი, მატარებლების კივილი. ყორნები ჩემი ციხე-სიმაგრის თავზე არ ჩხავიან. ქვისსატეხი ქშინავს. ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, დავმშვიდდე, შვილს და მეგობრებს მოვეხვიო წარმოსახვით (…)
მე არ ვიცი ჟარგონი. არ ვეწევი და არ ვსვამ ჩეფირს, არ ვიკეთებ სვირინგებს და არ “ვავრცელებ პარაშას” – ახალ ამბებს. მე­რე კიდევ, მათგან არავის სჯერა, რომ მე ს.ფ.ვარ. ისინი თვლიან, რომ ვარ ცნობილი რეჟისორის ძმა – აფერისტი და დამნაშა­ვე.
* * *
(…) ზეკები აღმერთებენ კატებს! ისინი მათ ეფერებიან, თამაშობენ მათთან, ხელით აჭმევენ საჭმელს, და რაც უფრო მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მით უფრო ნაზები და სენტიმენტალურები არიან (…)
* * *
სვეტლანა, გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლე­ბოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა რამ გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალი­ან დავალებული ვარ მათგან. ნაცრისფერს ვერ ვეგუებოდი. ყველაზე მოდური ფერია. დროის მოთხოვნა! (…)
* * *
(…) ამას წინათ მივიღე წერილი ნ.ი. კოზლოვსკაიასაგან. იგი ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო სკოლაში. ის ცოცხალია. ის პირველია, რომელმაც დამშოკა. დამშოკა მაშინ, როცა ხელების გრეხვით და თვალების კარკვლით ნერონზე, კართაგენსა და რამზესებზე მღეროდა და ვერ ხედავდა, რომ მოსწავლეები ტოვებდნენ კლასს. და ის თითისწვერებზე მიმოქროდა მერხებს შორის და ფხიზლდებოდა ზარისაგან, რომელიც გრგვინავდა სტაროსტა სირაკანის ხელში. მე ვერ ვპოულობ სიტყვებს და აზ­რებს, რათა ვუპასუხო მას. სიტყვები არ არსებობს. მხოლოდ ცრემლები. სკვორცოვმა, ჩემმა პედაგოგმა, იმ წერილზე, რომე­ლიც მას გავუგზავნე, ძალა ვერ გამონახა ეპასუხა, რადგან ჩემს წერილ-ისტერიკას გენიალურად თვლის (…)
* * *
(…) რა მომწონს და რა მინდა სინამდვილეში.
პირველი: “კინო, როგორც ცნება” ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. არის გასაოცარი თვინიერება და სიჩუმე. გაუცხოება და სწრაფვა თვით როკოკოს პასტორალისაკენ.
ამიტომაც აზრები დახეტიალობენ და ეძებენ გეოგრაფიას, ეძებენ სად და როგორ იცხოვრონ ქალაქებისა და ცივილიზაციისაგან მოშორებით, წყაროსთან და ნაყოფებთან, ანდა სტუმრობენ არტისტიზმისა და ავანტიურის მძვინვარე შიგანს.
* * *
(…) ვნახე “ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება” – “ციგანშჩინა”, უხამსობა და “აჩრდილიზმი”, ვერგაგებული და გაუაზრებელი. მგონი, უფრო “ავტორიტეტი გაემგზავრა ცას”. ტომა დაფასებული ბიუსტით, თანამედროვე სიმღერები და კაფე “რომანე”. ბო­ლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირს თავისი რაჯ კაპური ჰყავს. გორკის სტუდიიდან “ინდია-ფილმის” შექმნა შეიძლება.
(…) არაფერს არ ვწერ, არ ვხატავ… არ ვმღერი და არ ვცეკვავ… არ ვხედავ სიზმრებს… არ ვოცნებობ. მაკაშოვი (2) მართა­ლია… მან მე გამანადგურა.
(…)რაც უფრო შორდები კიევს, ცენზორები მით უფრო ფხიზლობენ. ეს ვინიცა არაა, სადაც ცენზორი კაცია. აქ ცენზორშები არ­იან! მე ისინი არ მინახავს…
ჩემი მასწავლებელი – ნინა ივანოვნა კოზლოვსკაია 85 წლისაა. მან მე ლექსები მომიძღვნა. ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. ნუთუ ვეღარ ვნახავ მას? იგი კამეაა, მუმიაა…
* * *
როზი!
მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია – ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონ­ტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან. და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ “თავისუფლებას”. განა ეს მისია არაა?
განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე “იზოლაცია”? აქ მე დღეში 36 კაპიკი ვღირვარ. 2 ზეწარი და 2 ბალიშისპირი მაქვს. კვირაში ერთხელ – კინო, აბანო! გაზეთი “ტრუდოვაია ჟიზნ” და სამუშაო! არცთუ ისე მძიმე. ცოცხი, ელექტროდები – რა, ძალიან ცუდია ეს?! რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს. და საერთოდ, რა არის კინო? გასართობი შინამოსამსახურეებისა

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button