საკითხავიფილოსოფია

მათე თევზაძე – კულტურა, როგორც თანაარსებობის აუცილებელი პირობა, თავისუფლების შეუზღუდავობის დაშვები

ზიგმუნდ ფროიდის “კულტურით უკმაყოფილების” მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” სტუდენტი

ფრაიბერგში 1856 წელს დაბადებულმა ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსმა, ნევროპათოლოგმა, ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა – ზიგმუნდ ფროიდმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზის, როგორც ფსიქოლოგიის ანალიტიკური დარგისა და მეცნიერების განვითარებას. ფროიდმა ძირითადად სამი კუთხიდან გააანალიზა ადამიანის ფსიქიკური აპარატი: ეკონომიკური, დინამიური თუ ტოპოლოგიური კუთხეებიდან. ფსიქიკის ეკონომიკური ფუნქცია მდგომარეობს ლიბიდოს, ანუ მთელ სისტემაში მოქმედი და მაცოცხლებელი სექსუალური პულსაციის, კონტროლისა და მის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებაში. ლიბიდოს აღგზნებადობა შესაძლებელია გაკონტროლდეს სუბლიმაციის (ზნეობრივი ამაღლების) გზით. დინამიური თვალსაზრისით, ფსიქიკური აპარატი ძალთა კომპენსირების ცენტრადაც შეიძლება განვიხილოთ, სადაც “ზე-მე” (“სუპერ-მე”)( შეიძლება, ვუწოდოთ მას “სინდისიც”) და ’’იგი’’ ( ’’იდი’’), ანუ არაცნობიერი ურთიერთბალანსირებას ახდენენ და რაც უფრო კომპენსირებულია ეს ორი ფსიქიკური უბანი, მით უფრო ჯანმრთელია ეგო, ანუ მე, ანუ ცნობიერი, რაციონალიზებადი ნაწილი ფსიქიკისა. ტოპოლოგიური თვალსაზრისით კი, ფსიქიკის სივრცობრივი მოდელი შეიძლება ასეც წარმოვადგინოთ: უკვე ზემოთხსენებული, სუპერ- ეგო, ანუ კულტურისა და საზოგადოებრივი პრინციპებით, ნორმატივებით შექმნილი მაკონტროლირებილი ორგანო არაცნობიერი სივრცისა, ეგო, ანუ ცნობიერი ნაწილი, რომელიც უშუალოდ ურთიერთობს გარე სამყაროსთან და არის შუალედური ნაწილი დანარჩენ ორს შორის და, ბოლოს, იგი, ანუ არაცნობიერი ნაწილი ფსიქიკური სივრცისა, რომლის ჯანსაღი კონტროლით, რომელსაც სუპერ-ეგო ახორციელებს, ვიღებთ ჯანმრთელ ცნობიერებას, ანუ ბალანსირებულ, თავისუფალ და ’’ეკონომიკურად აქტიურ’’ ფსიქიკას.

ზიგმუნდ ფროიდი ამ ნაშრომით ცდილობს, ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური თეორიის გამოყენებით აღწეროს კულტურისა და საზოგადოების განვითარების ეტაპები, ფუნდამენტური პრობლემები და გაანალიზოს იგი. უნდა ითქვას, რომ ამავე თემას ეძღვნება მისი ’’ტოტემი და ტაბუ’’ – შედარებით ადრეული ნაშრომი, ასევე, ’’ერთი ილუზიის მომავალი’’ და ა.შ…

’’მაშ, მოდით, დავსვათ შეკითხვა: რამ მისცა ბიძგი კულტურის განვითარებას, როგორ წარმოიშვა ის და რა მართავს მას?’’ – ამ სამი ძირითადი შეკითხვის პასუხადაც შეიძლება, ჩავთვალოთ წინამდებარე ნაშრომი. პირველ რიგში, ფროიდი პრეისტორიული მაგალითებით იწყებს თხრობას და განიხილავს საზოგადოების უმცირეს მოდელსა და მის უმციერეს რგოლს – ოჯახს, რაც, მისი აზრით, ჯერ კიდევ ანთროპოიდობის პერიოდში დამკვიდრდა და, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო გენიტალური დაკმაყოფილების სურვილთან, მოთხოვნილებასთან. შესაბამისად, ადრეულ პერიოდში, მამრს გაუჩნდა მდედრის, როგორც სექსუალური ობიექტის, ფლობის სურვილი; ხოლო, მდედრს, თავისმხრივ კი, საკუთარ უსუსურ ნაშიერებთან ყოფნისა და მათზე მზრუნველობის მოთხოვნილება, რაც სავსებით ბუნებრივია. თუმცა, აქ ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია ერთი ასპექტი: ’’ამ პრიმიტიულ ოჯახს ჯერ კიდევ აკლია კულტურის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. აქ, ოჯახის უფროსის და მამის ძალაუფლება შეუზღუდავია.” ეს კი იწვევს, შემდგომში, თანაცხოვრების შემდეგი საფეხურის – ძმური კავშირის დამყარებას, მამისადმი დაპირისპირებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის მიზნით.

ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი ’’კულტურის წინაპრებად’’ ეროსსა და ანანკეს მიიჩნევს. ეროსი – როგორც სიყვარულის, სიცოცხლის პირველსაწყისის ღვთაება (ბერძნულ მითოლოგიაში), რომელიც ფროიდისეულ ფსიქოლოგიაში ყველა ადამიანში არსებული ბუნებრივი ცხოვრების ინსტინქტია. ეს არის ცხოვრების შექმნის სურვილი და ის პროდუქტიულობისა და აღმშენებლობის წამახალისებელი ძალა. ეროსი ებრძვის თანატოსის დესტრუქციულ, მომაკვდინებელ ინსტინქტს. ეროსი ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია კულტურის განვითარებისა და გენეზისის. ხოლო, ანანკე – როგორც აუცილებლობისა და ბედისწერის ქალღმერთი (ბერძნული მითოლოგია), ამ შემთხვევაში, კულტურის აუცილებელი განვითარების მამოძრავებელი ძალაა ეროსთან ერთად.

კულტურის საფუძვლად ავტორი სიყვარულს, კერძოდ კი, ’’გენიტალურ სიყვარულს’’ მიიჩნევს, რაც ’’ყოველგვარი ბედნიერების პირველსახეა’’. ამასთან, ადამიანი არჩეულ სიყვარულის ობიექტზე დამოკიდებული ხდება, ძნელად გადააქვს და ეგუება მასთან განშორებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზთა გამო, განსაკუთრებით, ალბათ, ღალატის შემთხვევაში. თუმცა, ფსიქოანალიტიკოსი დასძენს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გენიტალურ – ვნებიან, ბობოქარ და მშფოთვარე სიყვარულს გარდაქმნიან თავშეკავებულ, გაწონასწორებულ და ნაზ გრძნობად. ისინი თავიანთ სიყვარულს ცალკეული ობიექტის მაგივრად ყველა არსებისაკენ თანაბრად მიმართავენ და ამ სახით გამოხატავენ ამ პირველსაწყისს: ’’ ძირითადი ღირებულება აღარ არის ’’უყვარდე’’, ის საკუთარი სიყვარულით ჩაენაცვლება.’’ამ შემთხვევაში, ავტორს მოყავს წმ. ფრანცისკ ასიზელის მაგალითი, რომელიც მოღვაწეობდა მე-13 საუკუნეში, ცხოვრობდა ღარიბებთან და კურნავდა ავადმყოფებს, უანგაროდ გასცემდა სიყვარულს, ისე, როგორც იესო ქრისტე ქადაგებდა და გვაძლევდა სიყვარულის მაგალითს. შემდგომში დააარსა ფრანცისკანული ორდენი. ავტორი, ასევე, დასძენს: ’’ეთიკური თვალსაზრისით (რომლის ღრმა მოტივები ჩვენთვის მალე გახდება ცნობილი), ყველაზე ამაღლებულ განცდას, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, სწორედ კაცთმოყვარეობისა და სამყაროს სიყვარულისთვის მზაობა წარმოადგენს.’’ თუმცა, მეორე მხრივ, მისი თვალთახედვით, განურჩევლად ყველაფრის სიყვარული უსამართლოა ’’ობიექტთან’’ მიმართებაში, რადგან ყველა ერთნაირად არაა სიყვარულის ღირსი.

ფროიდის აზრით, ’’მიზანშეკავებული სიყვარული’’ ისეთივე სავსებით გრძნობადი იყო საწყის ფორმებში, როგორც გენიტალური სიყვარული და ადამიანის არაცნობიერში ის ასეთადვე რჩება… ორივე სიყვარული სცდება ოჯახის ფარგლებს და ახლა კავშირებს ამყარებს, რაც თავისთავად იწვევს საზოგადოებისა და კულტურის გაფართოებას და პროგრესიას. სქესობრივ სიყვარულს ახალ ოჯახურ კავშირებამდე მივყავართ, ხოლო, მიზანშეკავებულ, ნაზ გრძნობას – ’’მეგობრობამდე’’. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურა განვითარების პროცესში ერთგვარ ანტაგონიზმში მოდის სიყვარულთან და, პირიქით. ზოგ შემთხვევაში, სიყვარული, როგორც მამოძრავებელი ძალა კულტურის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო კულტურა ხშირად სამართლიან და აუცილებელ, თუმცა, ხან ძალზე უსამართლო და ზღვარგადასულ შეზღუდვებსაც უყენებს სიყვარულს. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა საზოგადოების მიერ სქესობრივი ცხოვრების მკაცრ შეზღუდვებსა და მკაცრადვე განსაზღვრულ ნორმატივებში; როდესაც გარკვეულ კულტურულ სივრცეში ტაბურებულია გარკვეული თემები, რაც, უმეტესწილად, უკავშირდება ’’გენიტალურ სიყვარულის’’ სხვადასხვა შეზღუდვებსა და პრობლემებს.

ის, რომ კულტურა ზოგჯერ ზედმეტად და არაჯანსაღად ზღუდავს ფროიდის მიერ აღწერილ კულტურისვე მამოძრავებელ ძალას – სიყვარულს, ამას ბევრი რამ ადასტურებს, თუმცა, მეორე მხრივ, ზოგჯერ, სიყვარულიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება კულტურის სწრაფ განვითარებასა და გაფართოებას. მაგალითად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ანტაგონისტურად და უარყოფითად იყვნენ განწყობილნი საზოგადოების გაფართოების მიმართ, რადგანაც მამაკაცები საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვით კარგავდნენ ან, უკეთეს შემთხვევაში, უსუსტდებოდათ უნარი ყოფილიყვნენ კარგი პარტნიორი და მამაც, ანუ თავდაპირველი ოჯახური ცხოვრების გაგებით, სწყდებოდნენ ამ ორგანიზმს.

ფროიდი, ასევე, ეჭვის თვალით უყურებს პრინციპს, ’’გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი’’, რა თქმა უნდა, იგი ეჭქვეშ არ აყენებს მის ეთიკურობას, მაგრამ თვლის, რომ ეს ერთგვარად უტოპიურია და სიყვარულის გადანაწილება უცხო ადამიანთათვის ძალზე ძნელია, რადგან მათგან, სავარაუდოდ, საფრთხეს უნდა ველოდეთ. იგი ასე აფორმულირებს გამონათქვამს: გიყვარდეს მოყვასი შენი ისე, როგორც მას შენ უყვარხარ’’ და უფრო მართებულადაც მიიჩნევს ამ გამონათქვამს. მცნება’’გიყვარდეს მტერი შენი’’ უფრო დიდად აკვირვებს ავტორს, თუმცა იგი, საბოლოო ჯამში, ასკვნის, რომ ’’გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი’’ და ეს უკანასკნელი ძალზე ახლოს მდგარი მცნებებია. ამ მცნებას ფროიდი უფრო ’’Credo quia absurdum’’-ის (ლათინური სიტყვა, ქართულად – მწამს, რადგანაც აბსურდია) მსგავს შემთხვევად ასახელებს. თუმცა, სიყვარულის უნივერსალურობაზე შეიძლება კამათი, რადგან იგი, ალბათ ამოსავალი პრინციპია არსებობისა, მაგრამ ეს ახლა შორს წაგვიყვანს.

ფროიდის აზრით, ასეთი მოსიყვარულე არსება არ არის ადამიანი, მეტიც, მისი ლტოლვების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრესიისკენაა მიდრეკილი. ამ შემთხვევაში, ავსტრიელი ფსიქოლოგი, საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს კაცობრიობის მიერ ჩადენილი სისასტიკეებითა და დანაშაულებით, რაც ძირითადად გამოიხატებოდა უაზრო ომებსა თუ დაუნდობელი მმართველების მისწრაფებებში, რომლებსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. რაც, თავისთავად, კულტურის შემაფრხებელია, სწორედ ამიტომაც ხდება საჭირო იმ მეთოდების ხორცშესხმა რაც ადამიანის იდენთიფიკაციასა და მიზანშეკავებულ სასიყვარულო ურთიერტობებში გამოიხატება და იცავს თითოეულ ადამიანს ამგვარი აგრესიისაგან. მაგრამ, ასევე დაცული უნდა იყოს ერთგვარი ოქროს შუალედი, რათა ზედმეტად არ დაარღვიოს კულტურის განვითარებამ სიყვარულის მოქმედებისა და თითოეული ადამიანის თავისუფლება, რაც განაპირობებს კიდეც , შემდეგომში ამ თავისუფლების დაცვას.

ნაშრომში ფროიდი, ასევე, აკრიტიკებს კომუნისტების იდეებს, თითქოს ქონების ძალადობრივი გათანაბრებით შესაძლებელი იყოს ბოროტებისა და აგრესიის აღმოფხვრა. აქ, ფროიდი ამ კონცეფციას აკრიტიკებს არა ეკონომიკური კუთხით, არამედ ფსიქოანალიტიკური გააზრებით, იგი თვლის, რომ საკუთრების არსებობამდე გაცილებით ადრე ბატონობდა აგრესია და იგი ქონებასა და კერძო საკუთრებას არ მოუტანია. თუმცა, თუ გვაინერესებს კომუნისტური და სოციალისტური სისტემების ეკონმიკური ნაკლები, ამას კარგად და დასაბუთებულად ამოვიკითხავთ ფრიდრიხ ჰაიეკის ნაშრომში – ’’გზა ბატონყმობისკენ’’, სადაც ავტორი ნათლად აჩენს სოციალისტური სისტემების ძალმომრეობასა და არაბუნებრივ ჩარევას ეკონომიკაში, რაც შემდგომში საწინდარია, არა მხოლოდ, ეკონომიკური თავისუფლების დაკარგვისა, არამედ შემდგომში პოლიტიკური თუ, ზოგადად. პიროვნული თავისუფლების ეგზისტენციალური არსებობის დაკარგვისა და შემდგომში დიქტატორული და ტოტალიტარული, აგრესიულ-ძალადობრივი რეჟიმების მიღებისა. ასე რომ, კულტურა, ზოგჯერ, მცდარი განვითარების გამო, არა მხოლოდ, ლიბიდოზურ თავისუფლებას, არამედ აგრესიულობისთვის მსხვერპლის გაღებასაც ითხოვს, რაც ხშირად დიდად ეწინააღმდეგება ჩვენს ბედნიერებას.

საბოლოოდ, შეიძლება ვთქვთ, იმ აზრამდე მივდივართ, რომ კულტურის განვითარება განპირობებულია ეროსისა და თანატოსის მუდმივი ბრძოლი ფონზე, სადაც დესტრუქციულობის საწინააღმდეგოდ ეროსის კოსმიური ძალა გენეზისისა და განვითარების ხელშემწყობად გვევლინება, რაც კარგ შემთხვევებში გამოიხატება წონასწორობასა და ჰარმონიაში, სიცოცხლესა და კულტურის პროგრესში, რომელიც არ ზღუდავს თითოეული ადამიანის თავისუფლებას მხოლოდ იმ დონემდე, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლებები და, შესაბამისად, იცავს მათ, რათა არ მოხდეს მათი ერთმანეთში აღრევა და ერთის მიერ მეორის ჩაგვრა თუ ბატონობა.

***
გამოყენებული ლიტერატურა:

“შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”: ზიგმუნდ ფროიდი – ’’კულტურით უკმაყოფილება”.
ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი – ’’გზა ბატონყმობისკენ”
ივან მარტენის – “ფილოსოფიის ისტორია”, ზიგმუნდ ფროიდის ფილოსოფია, ფსიქოანალიზი.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი

2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button