ენიგმაუცნაური

შეთქმულების თეორიები #2

მორიგი რამდენიმე შეთქმულების თეორია.

წინა ნაწილი: შეთქმულების თეორიები

 


● პრეზიდენტის საიდუმლო წიგნი
ეს თეორია გამოყენებულია ფილმში „National Treasure: Book of Secrets”. მისი მიხედვით, აშშ-ის ყველა პრეზიდენტს, ვაშინგტონიდან ობამას ჩათვლით, გადაეცემათ წიგნი, რომელშიც ინახება საზოგადოებისთვის უცნობი მრავალი ფაქტი თუ ისტორია. წიგნის ადგილმდებარეობა ცნობილია მხოლოდ პრეზიდენტისა და კონგრესის ბიბლიოთეკარისთვის. ასე რომ თუკი პრეზიდენტს მოკლავენ, ბიბლიოთეკარი მის შემცვლელს გადასცემს ინფორმაციას. ყოველთვის, როცა პრეზიდენტი ასრულებს მოღვაწეობას, წიგნის მდებარეობა იცვლება.

ყველაზე გავრცელებული ვერსიებით, წიგნი შეიცავს დაფარულ სიმართლეს უცხოპლანეტელებზე, რომლებიც როსველში, ნიუ-მექსიკოსა და რენდლშემის საჰაერო ბაზაზე (დიდი ბრიტანეთი) გამოიკვლიეს, ასევე ჯონ კენედისა და რობერტ კენედის მკვლელობებზე, წმინდა გრაალის ადგილმდებარეობაზე, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ისა და ნაცისტური გერმანიის კავშირზე და უფრო მეტიც – ანტიქრისტეს ვინაობაზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რა კავშირია პრეზიდენტსა და ანტიქრისტეს შორის, არიან თუ არა ისინი ერთმანეთის მოკავშირეები და ანაღვლებს თუ არა აშშ-ს მსოფლიოს ბედი. არსებობს განცხადებები, რომ წიგნში წინასწარ იყო ჩაწერილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ, ასევე გვიამბობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც რუსეთში მოხდება, რასაც შემდგომ მოყვება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეაში შეჭრა და III მსოფლიო ომი.


● ოსამა ბინ ლადენი ცოცხალია
იშვიათია, შეთქმულების თეორია ისე სწრაფად გავრცელებულიყოს, როგორც ეს მოხდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ. თეორიის მიხედვით, ბინ ლადენი გადაურჩა თავდასხმას და უფრო მეტიც – იმ მომენტში იქ საერთოდ არ იმყოფებოდა. ეჭვები განსაკუთრებით გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ თეთრმა სახლმა უარი განაცხადა ტერორისტის გვამის ფოტოების გავრცელებაზე. პრეზიდენტის მხრიდან ამას მოყვა ახსნა, რომ ფოტოების გავრცელება გარდაცვლილის ერთგვარი დამცირება იქნებოდა და აშშ-ს არ აქვს მიზნად, მსოფლიოს აჩვენოს თავისი ძალაულება და შიში ჩაუნერგოს. მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ხალხის ეჭვს, რომ ეს შემთხვევა რეალურად ფარსი იყო. პოლიტიკოსებმა ფოტოები აღწერეს, როგორც ძალიან შემზარავი და სისხლიანი – გვამს შუბლი გაგლეჯილი აქვს და ტვინის ნაწილები მოჩანს. მაგრამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, ეს პოლიტიკოსებიც სიყალბის თანამონაწილეები არიან. ოსამა ბინ ლადენი რეალურად ცოცხალია და იმალება ისეთ ადგილას, სადაც არავინ დაუწყებს ძებნას – აშშ-ში.


● ყველაფრის წამალი
სავარაუდოდ ამ თეორიის წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა მაიკლ კრაიტონის ნოველამ „შტამი «ანდრომედა»”. ამ წიგნში ერთ-ერთი პერსონაჟი უამბობს მეორეს აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ზესაიდუმლო სამედიცინო კვლევა-ძიების პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნიკალური წამალი შექმნეს. ამ წამალს არამარტო შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიების გამრავლება შეაჩეროს, არამედ ანადგურებს მეცნიერებისთვის ცნობილ ყველანაირ პათოგენს, თანაც არ გააჩნია უკუეფექტები. თეორიის მომხრეები ამობენ, რომ კრაიტონი რეალურ ფაქტს გვიამბობს, მას შეეშინდა პირდაპირ თქმის და ლიტერატურული მეთოდით მოგვაწოდა. ნაწარმოებში წამლის სახელი დასახელებული არაა, მაგრამ აღწერილია, როგორ სპობს კიბოს რამდენიმე დღეში, სრულად აქრობს შიდსის, სიფილისის, ჰერპეს სიმპლექსის, ენცეფალიტის, ცოფისა და სხვა მრავალი დაავადების ვირუსებს.

პერსონაჟი, რომელიც წამალს აღწერს, ასევე აღნიშნავს, რომ ექიმებს მისი ბაზარზე გატანა სურდათ, მაგრამ ხელი შეუშალათ ერთმა გარემოებამ – როცა პაციენტებს მისი მიწოდება შეუწყვიტეს, რამდენიმე კვირაში ყველა მათგანი უცნაური დაავადებებით დაიღუპა – ტვინი დნობას იწყებდა, ყველა ორგანოს მეტასტაზები უჩნდებოდა, ღვიძლი თხელდებოდა და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, წამალი სულაც არ ყოფილა უკუეფექტების გარეშე. საქმე იმაშია, რომ მკურნალობისას ორგანიზმს არ სჭირდებოდა იმუნური სისტემის მუშაობა და მისი ფუნქციონირება წყდებოდა. ხოლო წამლის მიღების შეწყვეტისას ნებისმიერ სუსტ ბაქტერიასა და ვირუსს სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ ასეთი წამალი ნამდვილად არსებობს და ხალხზეც გამოიცადა, მაგრამ ფართოდ ხელმისაწვდომი არ გაუხდიათ, რადგან ეს გამოიწვევს ექიმების ოფისების დაცარიელებას.


● დიდი გრიმუარი
ეს თეორია ეფუძნება ცნობებს, რომ არსებობს წიგნი „დიდი გრიმუარი”, რომელსაც ასევე ეწოდება „წითელი დრაკონი” და „სატანის სახარება”. ამჟამად ის კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაშია და ცნობისმოყვარეებს მასზე წვდომის საშუალება არ აქვთ. რაც ფაქტებიდან გამომდინარე ვიცით, ისაა, რომ ეს წიგნი იერუსალიმში, სოლომონის აკლდამაში აღმოაჩინეს 1750 წელს და დაწერილია ბიბლიურ ებრაულზე ან არამეულზე. მანუსკრიპტი დათარიღებულია მე-18 საუკუნით, თუმცა თავად ტექსტის მიხედვით, ის 1522 წელს დაიწერა. თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ ეს ხელნაწერი რეალურად ასლია და ორიგინალი 1200-იანებში ან უფრო ადრე შეიქმნა.

ყველაზე ადრეულ ცნობებს ამ წიგნზე ვხვდებით ჰონორიუს თებეელის ნაწერებში, თუმცა თავად ამ პიროვნების რეალურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ის შესაძლოა ყოფილიყო რომის პაპი ჰონორიუს III (1148-1227). ჰონორიუს თებეელს მიაწერენ ნაშრომს „ჰონორიუსის ფიცის ქვეშ დაწერილი წიგნი”, რომლისგანაც შემდგომ შეიქმნა დიდი გრიმუარი, ან შეიძლება ითქვას, თავად არის დიდი გრიმუარი.

შეთქმულების თეორია ამბობს, რომ ჰონორიუს თებეელი იყო ხორცშესხმული სატანა ან ბოროტი ძალა ჰყავდა ჩასახლებული. წიგნი შეიცავს ინსტრუქციას, როგორ გამოვიძახოთ სატანა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თავად სიტყვა „გრიმუარი” მაგიურ წიგნს აღნიშნავს. წიგნის მრავალი ასლი არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მაგრამ თეორიის მომხრეთა თქმით, მათგან არცერთია ორიგინალის ჭეშმარიტი კოპიო. წიგნი პოპულარულია ჰაიტის ვუდუს მიმდევრებში და იქაურები ირწმუნებიან, რომ გრიმუარს აქტიურად იყენებენ შელოცვებისა და რიტუალებისთვის.

თეორიის მომხრეები ირწმუნებიან, რომ დიდი გრიმუარი ზებუნებრივი ნივთია, შეუძლებელია მისი დაწვა, დაჭრა, დახევა, გახვრეტა და სხვა ნებისმიერი სახის ზიანის მიყენება თუ განადგურება. რადგანაც წიგნის ავტორი სატანაა, იძლევა იშვიათ ინფორმაციასაც – ბიბლიური სასწაულების გაშიფვრა, წმინდა ნივთების ადგილმდებარეობა და ა.შ. რადგანაც წიგნი კათოლიკე ეკლესიის ხელშია, თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ პაპები საწყის ეტაპზე ადამიანები არიან, მაგრამ ტიტულის მიღების შემდეგ სატანისგან შეპყრობილი ხდებიან.


● ებრაელების ბატონობა მსოფლიოზე
ეს თეორია ძირითადად ეფუძნება 1903 წელს გამოქვეყნებულ ბროშურას „სიონის ბრძენთა ოქმები”, რომელიც, ზოგის აზრით, შექმნილია ანტიებრაული საზოგადოების მიერ და მასში აღწერილი გეგმა ებრაელების მიერ მსოფლიოზე გაბატონების მცდელობისა წარმოადგენს სიყალბეს. მრავალმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ დოკუმენტი ფარსია, თუმცა მათ საპირისპიროდ არც ისე ცოტა კვლევა აცხადებს მას რეალურად და ფაქტობრივად. ტექსტს პოპულარიზაციას უწევდნენ რუსეთის რევოლუციური მიმდინარეობის მოწინააღმდეგეები, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გახდა. 1920 წლიდან აქტიურად გავრცელდა დასავლურ სამყაროშიც. ოქმების ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტები იყო დიდი დეპრესია და ნაციზმის აღზევება.


● ხელოვნური მიწისძვრა
არსებობს მოსაზრებები, რომ 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამი სულაც არ იყო ბუნების ძალების დემონსტრირება, არამედ მისი გამომწვევი გახლდათ „ცუნამის ბომბი” – ბირთვული იარაღი, რომელიც სტრატეგიულ პოზიციაზე განათავსეს ოკეანის სიღრმეში. შესაძლოა, ასეთი იარაღი სულაც არ იყოს ფანტაზიის სფერო, რადგან მის შექმნაზე ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდნენ. არქივიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, მსგავსი ცდები ახალ ზელანდიაში განხორციელდა 1944 და 1945 წლებში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კი მსგავს ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ინტერესები 2004 წლის კატასტროფამდე გამოხატა. 1997 წელს თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი ამტკიცებდა, რომ „სხვები ეკოლოგიური ტიპის ტერორიზმზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც გავლენას მოახდენენ კლიმატზე, გამოიწვევენ მიწისძვრასა და ვულკანებს ელექტრომაგნიტური ტალღებით. ასე რომ მრავალი ცბიერი გონებაა ჩართული საქმეში, რათა ერებს შიში და ტერორი მოუტანონ. ეს სავსებით რეალური რამაა და სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა.”


● ზონა 51
ზონა 51 (Area 51) ფიგურირებს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა შეთქმულების თეორიაში, მას მრავლად შეხვდებით ფილმებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც. ფაქტი ისაა, რომ Area 51 სავსებით რეალურია და ერთ-ერთი აქტიური ადგილია, რომელსაც Google Earth-ით ათვალიერებენ. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიხედვით, მის ახლოს ან თავად ზონის ტერიტორიაზე საჰაერო რეისის განხორციელება არავის ძალუძს, თუკი წინასწარ ნებართვას არ აიღებს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

არსებობს სხვადასხვა სახის სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც ცდილობენ ახსნან, თუ რა ხდება აქ რეალურად. ერთ-ერთ მათგანში „ყოფილი თანამშრომელიც” მოიწვეს, რომლის გარეგნობაც დაფარეს (თუმცა არა ხმა). მისი თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტული საფრენი ხომალდები გამოიცდებიან. შეთქმულების თეორია ამბობს, რომ აქ ხდება უცხოპლანეტელებთან დაკავშირება, დედამიწაზე აღმოჩენილი თუ დაშვებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენელთა გამოკვლევა, საიდუმლო ზეთანამედროვე ტექნოლოგიებზე მუშაობა, რაც შესაძლოა, სხვა პლანეტიდან ჩამოსულთა დახმარებით ხდებოდეს, ამინდის კონტროლის, ტელეპორტაციის, დროში მოგზაურობის მექანიზმების შექმნა, ასევე თათბირი ერთიან მსოფლიო მმართველობაზე. 2004 წელს ვინმე დენ ბურიში ირწმუნებოდა, რომ ზონა 51-ში მუშაობდა და უცხოპლანეტური ვირუსის კლონირებასთან დაკავშირებულ საქმეში იყო ჩართული. 1996 წელს კი 71 წლის მექანიკოს-ინჟინერი აცხადებდა, რომ ქმნიდა დისკოს ფორმის მფრინავ სიმულატორს, რომელიც დაფუძნებული იყო დედამიწაზე ჩამოვარდნილ ხომალდზე და გამოიყენებოდა ამერიკელ პილოტთა სავარჯიშოდ.


● HAARP
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე დედამიწის იონოსფეროს შესწავლისა და ანტისარაკეტო სისტემების შემუშავების პროგრამა „HAARP” ნამდვილად არსებობს. მას აფინანსებს აშშ-ის საჰაერო ძალები, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები, ალასკას უნივერსიტეტი და თავდაცვის მოწინავე კვლევა-ძიების პროექტების სააგენტო (DARPA). როდესაც პროექტი ორგანიზებულია სახელმწიფოს ინიციატივით, ეხება ახალი ტიპის ტექნოლოგიებს და მხარდაჭერა აქვს ამდენი სერიოზული ორგანიზაციისგან, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს რაიმე სახის შეთქმულების თეორია.

შეთქმულების თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ HAARP-ის ფორმალური აღწერა მისი საქმიანობის შესახებ რეალურად სიცრუეა, რათა დამალონ თავიანთი ჭეშმარიტი მიზნები. თეორიის მიხედვით, HAARP-ი მუშაობს სხივური ტიპის იარაღზე, რომლის გამომგონებელიც არის სერბი მეცნიერი ნიკოლა ტესლა და ეს იარაღი მუდმივად უმჯობესდება ორგანიზაციის წევრთა მიერ. თეორია ამბობს, რომ იონოსფეროს კვლევა მთლად სიცრუე არაა, უბრალოდ ეს ხორციელდება იმისთვის, რომ მტრის საფრენი ხომალდების ჩამოსაგდები ტექნოლოგიები შეიქმნას, ასევე ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ალასკაზე მდებარე ბაზაზე გამოიცდება. შეთქმულების თეორია უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ HAARP-ი რეალობად აქცევს ტესლას თეორიულ გამოგონებას „სასიკვდილო სხივს”, რომელიც საკმაოდ მძლავრი გამანადგურებელი იარაღი იქნება (ტესლას თქმით, მოწყობილობა ამოქმედებისას გამოტყორცნიდა ენერგიის მძლავრ ნაკადს, რომელიც მაშინვე ჩამოაგდებდა მტრის 10 000 თვითმფრინავს 320 კმ მანძილზე) და მისი მეშვეობით დედამიწის ნებისმიერ წერტილში წყალბადის ბომბის აფეთქების მსგავსი ეფექტი მიიღება.


● ზეწოლა უფასო ენერგიაზე
სერბი მეცნიერი ნიკოლა ტესლა ირწმუნებოდა, რომ უფასო ენერგია ნამდვილად რეალურია და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ამ იდეის განხორციელებას. შეთქმულების თეორიის მიხედვით, მან მოახერხა კიდეც ეს მათემატიკისა და მექანიკის პრინციპების მეშვეობით სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ FBI შეიჭრა მის სახლში და ყველა მისი ნაშრომი და მოწყობილობები წაიღო (რაც ნამდვილად მოხდა), უფასო ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები კი დალუქეს და ფართო საზოგადოებისგან დამალეს.

უფასო ენერგიის კონცეპტი, მარტივად რომ ვთქვათ, ასეთია: მექანიზმს მიეწოდება X რაოდენობის ენერგია და სანაცვლოდ ის იძლევა X+1 რაოდენობას. ერთი შეხედვით, ეს ეწინააღმდეგება ენერგიის შენახვის კანონს, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ენერგიის შექმნა ან განადგურება. ტესლას სჯეროდა, რომ ეს კანონი მცდარი იყო. მან შექმნა მოწყობილობა – რეზონანსული ტრანსფორმერი, რომლის მეშვეობითაც უფასო ენერგიის მანქანა რეალობად უნდა ქცეულიყო.

თუკი ეს შესაძლებელია, მაშინ მთელი პლანეტის მომარაგება შესაძლებელი გახდება ენერგიის მხოლოდ ერთი წყაროთი, მაგალითად ატომური ელექტროსადგურით და მას საკმარისი ძალა ექნება, რომ დედამიწის ყველა მაცხოვრებლის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ტესლა ირწმუნებოდა, რომ შესაძლებელი იყო სამყაროში გაბნეული ენერგიის მოხმარება და ის ძალა, რომელიც პლანეტებს ვარსკვლავების გარშემო ატრიალებდა, მალე ჩვენს მექანიზმებს აამუშავებდა.

შეთქმულების თეორიის მიხედვით, მთავრობა მუდმივ ზეწოლას ახორციელებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებსა და ახალი ტიპის ტექნოლოგიებზე, როგორიცაა მზის ენერგიის ბატარეები, ელექტრომობილები, ბიოსაწვავი და ა.შ. მათ არ სურთ დაკარგონ უზარმაზარი შემოსავალი, რომელიც მოქალაქეთა გადასახადებიდან მიეწოდებათ, ტესლას იდეის განხორციელების შემთხვევაში კი შეიძლება ნათურის ასანთებად საჭირო ენერგია ისე გარდაიქმნას, რომ მთელი პლანეტა გაანათოს.


● უცხოპლანეტელთა ბაზა ანტარქტიდის ქვეშ
თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის ყინულის ქვეშ ან უცხოპლანეტელები ცხოვრობენ, ან მათი უძველესი ცივილიზაციის ნაშთები ინახება. მათ სპეციალურად შექმნეს ყინული, რომ თავიანთი საქმიანობა შეენიღბათ და თუკი ისევ იქ არიან, ატარებენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს, მათ შორის მათი ემბრიონების ადამიანის სხეულში გადატანაზე.

მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიას მხარდამჭერი არგუმენტიც აქვს – პირი რეისის რუკა, რომელიც 1513 წელსაა შექმნილი. პირი რეისი იყო არაბი ადმირალი და მეკობრე, რომელმაც შექმნა პირველი მსოფლიო რუკა და მასზე აღნიშნა სამხრეთ ატლანტის ოკეანის დიდი ნაწილი. ის იმდენად ზუსტია, რომ თეორიის მომხრეთა თქმით, არაა შექმნილი რეისის მიერ, არამედ უცხოპლანეტელების შემოქმედებაა და სწორედ ამიტომაა მასზე დატანილი ანტარქტიდის სანაპიროც. ანტარქტიდის სანაპირო ხაზის დანახვა დღესდღეობით შეუძლებელია, რადგან მას 1 მილის სისქის ყინული ფარავს.

მაშ საიდან იცოდა პირი რეისმა ანტარქტიდის სანაპირო ხაზის შესახებ? ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა თუ უბრალოდ ვარაუდი იყო? „ნასამ” მრავალჯერ გადაუღო X სხივებით კონტინენტს და შექმნა ინფრაწითელი სატელიტური ფოტოები მას შემდეგ, რაც ხელოვნური თანამგზავრები გაეშვნენ და მათი მონახაზები მნიშვნელოვნად ემთხვევა მე-16 საუკუნის რუკას. წარმოიშვა ვარაუდი, რომ ის ნაყალბევია და შექმნილია 1800-იან წლებში, რადგან ყინულოვანი კონტინენტის კვლევა მე-18-19 საუკუნეებში დაიწყო.

დაზუსტებული ცნობა დღემდე არ არსებობს. საიდან იცოდა პირი რეისმა ანტარქტიდაზე, როცა ოფიციალურად მისი არსებობა 1820 წელს დამტკიცდა, ხოლო სანაპირო ხაზი გაცილებით გვიან შეისწავლეს? არიან თუ არა მართლები ის მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ რუკაზე აღნიშნული ანტარქტიდა რეალურად სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილია? მალავს თუ არა „ნასა” უცხოპლანეტელთა ბაზასა და არამიწიერ სუპერტექნოლოგიას? ჯერჯერობით ეს საკითხები მხოლოდ ვარაუდების დონეზე რჩება.


● ბიბლიური კოდები
თეორიის მიხედვით, იუდო-ქრისტიანულ ბიბლიაში ჩაშიფრულია გაფრთხილებები, რომლებიც გვამბობენ მომავალ უბედურ შემთხვევებზე, როგორიცაა აბრაამ ლინკოლნისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობები, 9 სექტემბრის ტერაქტი, მსოფლიოს აღსასრული, ანტიქრისტეს ვინაობა, ანტიქრისტეს შობისა და გამეფების ადგილი და ა.შ.

ბიბლიური კოდის აღმოსაჩენად საჭიროა ტექსტის წაკითხვა გარკვეული თანმიმდევრობით, მაგალითად, ყოველი მეორე, მეოთხე, მეათე და ა.შ. ასო. თეორიას განსაკუთრებულ პოპულარობას მატებს ის ფაქტი, რომ ამ საკითხით დაკავებული იყო ისააკ ნიუტონი. ის ცდილობდა, რაიმე სახის წინასწარმეტყველება აღმოეჩინა, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი იპოვა. თუმცა ის პირველი არ ყოფილა, მანამდე ბიბლიური კოდების გაშიფვრას მე-13-14 საუკუნის კაბალისტი, ესპანელი რაბინი ბაჰია ბენ აშერი ცდილობდა.

ამის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი ცნობა მეოცე საუკუნემდე არ გვხვდება. მეოცე საუკუნეში სუპერკომპიუტერების გამოჩენამ შეთქმულების თეორიას ახალი მიმართულება მისცა. ამ მექანიზმებს შეეძლოთ, ადამიანის დახმარების გარეშე მოკლე დროში ამოეკრიფათ ასოები. არის ცნობები, რომ აღმოაჩინეს მინიშნებები 9/11-ზე ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ტყუპი კოშკები”, „განადგურებული”, „ბინ ლადენი”, „ალ-ქაიდა”, „პენტაგონი”, „2011 წლის 11 სექტემბერი” და ა.შ. ასევე ლინკოლნისა და კენედის მკვლელობებზე: „ოსვალდი”, „ბუთი”, „გასროლა”, „შეთქმულება” და ა.შ.

ყველაზე დიდ კრიტიკას ეს თეორია იმის გამო იღებს, რომ ჯერჯერობით მისი მეშვეობით არ მომხდარა რაიმე მოვლენის წინასწარმეტყველება. ამაზე თეორიის მომხრეებს ის არგუმენტი აქვთ, რომ თუკი ადამიანმა წინასწარ არ იცის, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდება, ნაკლებად სავარაუდოა, ბიბლიაში ნაპოვნი სიტყვები სწორად გაშიფროს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button