მარიამ ქსოვრელი Mariam Qsovreli – ბიოგრაფია
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, გერმანისტი, პოეტი, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ყოფილი კოლეგიის წევრი, ვაიმარის გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. დაიბადა 1956 წელს თბილისში. ბავშვობა გაატარა სოფ. კავთისხევში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის 58-ე საშუალო სკოლა, 1978-ში _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში ვიტალი დარსანიასთან ერთად შეასრულა პწკარედული თარგმანი გერმანულიდან ლ. ალიმონაკის წიგნისთვის _ ლაო-ძი, „დაო დე ძინი“ (1983), შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მისივე წიგნისთვის „უპანიშადები“ (გამოიცა 1997-ში), გარკვეული ნაწილი. 1991 წლიდან აქვეყნებს საკუთარ თარგმანებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: გერმანული ლირიკის ნიმუშები (მათი ნაწილი გამოქვეყნებულია იმდროინდელ ლიტერატურულ გაზეთებში), სელმა ლაგერლოფის მოთხრობები (ჟურნალები „რიწა“ და „დროშა“), ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“ (ჟურნალი «საუნჯე», 1993 წ.), ფრიდრიხ ჰოლდერლინის „იმედი მომავალ საუკუნეთა“ (1999 წ.), გრ. რობაქიძის „წერილები ნიკოს კაზანძაკისისადმი“ (დაიბეჭდა თამარ მესხის წიგნში „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“, 1996), ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“ (2001 და 2009 წწ.), „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“ (2009). ორი უკანასკნელი გამოცემა შესრულებულია გამომცემლობის „სიესტას“ მიერ.
1996 წელს გამოაქვეყნა საკუთარი ლექსების კრებული.
2003 წელში ქართულიდან გერმანულ ენაზე თარგმნა რუსი ავტორის დურნოვოს წერილი „საქართველოს ეკლესიის აკლება“, ასევე ნათარგმნი აქვს რუსული ენიდან მართლმადიდებლური შინაარსის მასალები.
1993-2009 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.