საკითხავი

მარიამ ვარდოშვილი, ანა ალშიბაია – “შევძლებთ ღმერთის საიდუმლოების ამოხსნას?!”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები (ბაკალავრიატი), კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

„…მისი(ღმერთის) უხილავი სრულყოფილება,წარუვალი
ძალა და ღვთაებრიობა,ქვეყნიერების დასაბამიდან
მისსავ ქმნილებებში ცნაურდება..“
“ეპისტოლე რომაელთა მიმართ“
პავლე მოციქული

„ჩემი მიზანი მარტივია,სრულიად შევიცნო სამყარო,რატომ
არის ის ისეთი,როგორიც არის და რატომ არსებობს საერთოდ“
სტივენ ჰოუკინგი

აგერ უკვე საუკუნეები კაცობრიობა ცდილობს გაერკვიოს მისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ დარჩენილ უცნაურობებში. სამყაროს შექმნა, მისი შემდგომი განვითარება და ცვლილება, კანონები, რომლებითაც ის იმართება (ან მართავენ მას), საკითხები, რომლის შესახებაც თითქოს არსებობს გარკვეული პასუხები, თუმცა ყოველი ახალი აღმოჩენა, მეცნიერების განვითარება გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს მათ. ამიტომაა, რომ დღემდე გასჯის საკითხია უმთავრესი და ფუნდამენტურიც კი, ნამდვილად არსებობს დრო და სივრცე? და თუ არსებობს როდის და რატომ შეიქმნა ის? ცვალებადია ისინი თუ მუდმივი? აბსოლუტურია თუ ფარდობითი?

ენტროპიის ზრდის კანონის მიხედვით, თანამედროვე კოსმოლოგია დროისა და სივრცის წარმოშობას სამყაროს შექმნასთან აკავშირებს და მის თანმდევად განიხილავს, ანუ დროსაც გააჩნია დასაბამი და ეს სამყაროს შექმნას ახლავს. ე.ი. მანამდე ის არ არსებობდა. საინეტრესოა, აღინიშნოს, რომ ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ ეს იდეა დიდი ხნით ადრე შესთავაზა ფილოსოფიურ_საღვთისმეტყველო საზოგადოებას. “შექმნამდე არ არსებობდა არანაირი დრო“ – აღნიშნავს ნეტარი ავგუსტინე “აღსარებაში“.

თუ გავიხსენებთ კვანტური მექანიკის ფიზიკას და მას დიდი აფეთქების თეორიას მივუყენებთ აღმოჩნდება, რომ სამყარო გაჩნდა არაფრისგან და თუ ვამბობთ, რომ სამყაროს შექმნა თავისთავად გულისხმობს დროისა და სივრცის შექმნასაც, გამოდის, რომ ისინიც არაფრისგან შეიქმნა, უსაწყისოდ.

წარსულში ადამიანი ფიქრობდა, რომ დრო მხოლოდ მოვლენების აღწერისთვისაა საჭირო, სივრცე კი – საგნების გადასაადგილებლად. მათი მთავარი დანიშნულებაც ეს იყო, ამიტომ ჩაღრმავება და ეჭვის შეტანა სულაც არ იყო აუცილებელი, ისინი ისეთი უნდა დაგეჯერებინა და მიგეღო, როგორებიც იყო. ეპისკოპოსი ბერკელი ფიქრობდა, რომ ყველა მატერიალური ობიექტი, ასევე სივრცეც და დროც არის ილუზია. ცნობილია დროის რეალისტური კონცეფცია: დრო სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილი, მისი ერთ-ერთი განზომილებაა, რომელშიც მოვლენები თანმიმდევრულად ხდება. ლაიბნიცისეული განსაზღვრებით, დრო, ისევე როგორც სივრცე და რიცხვი, ღმერთის მიერ მოვლენათა შედარებისა და განცალკევებისთვისაა შექმნილი.

აინშტაინის ფარდობითობის მეშვეობით ჩვენ წარმოდგენებში სივრცესა და დროზე რევოლუციური გარდატეხა მოხდა. კერძოდ, ნიუტონის თეორიაში თუ სინათლის იმპულსი გაგზავნილია ერთი ადგილიდან მეორეში, სხვადასხვა დამკვირვებელს შეუძლიათ შეთანხმება ამ მოგზაურობისა დროსთან (რამდენადაც ის აბსოლიტურია), მაგრამ ყოველთვის ვერ შეთანხმდებიან რა მანძილი გაირა ამ დროს სინათლემ (რაგდან ის არაა აბსოლიტური). ვინაიდან სინათლის სიჩქარე არის მანძილი გაყოფილი მის გასავლელად საჭირო დროზე, ამიტომ დამკვირვებლები ვერ მიიღებდნენ ერთნაირ სიჩქარეს სინათლის მოძრაობისათვის და შესაბამისად ვერ შეთანხმდებიან სინათლის მიერ განვლილ მანძილზე და ამისთვის საჭირო დროზე. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აინშტაინის კანონებმა ბოლო მოუღო სივრცეში აბსოლიტური მდებარეობის იდეას და ფარდობითობის თეორიამ გადააგდო აბსოლიტური დრო.

თანამედროვე ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოუკინგი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ცალსახად განისაზღვროს დროის ინტერვალი ორ მოვლენას შორის და რომ ეს დრო ერთნაირი იქნება, ვინც არ უნდა გაზომოს ის. ცხადია, ადამიანები ასე ფიქრობენ და ეს ასეცაა, მაგრამ არა ყველგან და ყველა საგნისთვის. ეს აზრი მუშაობს მაშინ, როცა საქმე გვაქვს დედამიწაზე არსებულ ნივთებთან ან ვარსკვლავებთან, რომლთა მოძრაობის სიჩქარე ჩამოუვარდება სინათლის სიჩქარეს. ხოლო ხსენებული შეხედულება არ სრულდება სინათლის სიჩქარის ან მასთან მიახლოებული სიჩქარეების შემთხვევაში. სინათლე კი მოძრაობს სასრული, მაგრამ ძალიან დიდი სიჩქარით.

აინშტაინმა აღმოაჩინა, რომ მოძრავ ათვლის სისტემაში დრო უფრო ნელა მიედინება ვიდრე უძრავში და რომ დრო და სივრცე ერთიანი რეალობის – სივრცე-დროის ნაწილებია. რაც იწვევს სხვა სიდიდეების – მასის, ენერგიის, იმპულსის ძალის – ფარდობითობას. შესაძლებელია, არსებობდეს არეები, რომელთაც ჩვენ ვერ ვაკვირდებით, რადგან გრავიტაცია ამრუდებს სივრცე-დროს, რომ მოძრავ ათვლის სისტემაში დრო უფრო ნელა მიედინება ვიდრე უძრავში.

ზოგადი რელატივიზმიდან გამომდინარეობს, რომ დრო ნელდება რაიმე სხეულის დედამიწის მსგავს მასიურ სხეულთან გავლისას. ეს ხდება იმიტომ, რომ არსებობს კავშირი სინათლის ენერგიასა და მის სიხშირეს შორის (სიხშირე-სინათლის ტალღების რიცხვი ერთ წამში), შესაბამისად, რაც მეტია ენერგია მით მეტია სიხშირე. როცა სინათლე მოძრაობს დედამიწის გრავიტაციულ ველში, იგი კარგავს ენერგიას და მისი სიხშირე მცირდება, შედეგად კი დედამიწის ზედაპირიდან მყოფი დამკვირვებლისათვის ყველაფერი მის ქვემოთ უფრო ნელა ხდება. სტივენ ჰოუკინგს ცნობილი მაგალითი მოჰყავს ტყუპებზე. ვთქვათ ტყუპებიდან ერთი საცხოვრებლად ავიდა მთაში, ხოლო მეორე დარჩა ზღვის დონეზე. პირველი მათგანი (ე.ი. მთაში მცხოვრები) უფრო მალე შევა ასაკში ვიდრე მეორე. ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზდება თუ ერთი ტყუპისცალი სინათლის სიჩქარესთან დაახლოებული მოძრავი კოსმოსური ხომალდით ხანგრძლივ მოგზაურობაში წავა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ის უფრო ახალგაზრდად გამოიყურება ვიდრე აქ დარჩენილი. ეს შემთხვევა ცნობილია „ტყუპების პარადოქსის“ სახელწოდებით. მაგარამ ის პარადოქსია, თუ ვიაზროვნებთ აბსოლიტური დროის კატეგორიებით. “რელატივიზმის თეორიაში არ არსებობს აბსოლიტური დრო, სამაგიეროდ თითოეულ პიროვნებას აქვს დროის საკუთარი საზომი, რომელიც დამოკიდებულია მისი მოძრაობის ხასიათზე“

საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრების საფუძველზე შეგვიძლია სივრცესა და დროზე ვთქვათ, რომ ისინი დინამიური სიდიდეებია: როცა სხეული მოძრაობს, ან ძალა მოქმედებს ეს გავლენას ახდენს სივრცისა და დროის სიმრუდეზე, და პირიქითაც. ისინი არამარტო მოქმედებენ, არამედ თვითონაც განიცდიან მოქმედებას ყველაფრისგან, რაც ხდება სამყაროში. ისევე როგორც შეუძლებელია რაიმე მოქმედებასა და მოვლენაზე ლაპარაკი ადგილისა და დროის გარეშე, ასევე შეუძლებელია ლაპარაკი სივრცესა და დროზე სამყაროს საზღვრებს გარეთ.

მეცნიერება პროგრესული და ცვალებადია. რაც დღეს ჭეშმარიტად ითვლება, შეიძლება ხვალ მცდარი აღმოჩნდეს. ისტორიას ბევრი ასეთი მაგალითი ახსოვს (თუნდაც, გეოცენტრიზმი, როდესაც საუკუნეების მანძილზე ადამიანი ფიქრობდა, რომ სამყაროს ცენტრში დედამიწაა მოთავსებული). ამით იმის თქმა გვინდა, რომ ამჟამად არსებული მოსაზრება სივრცესა და დროზე შეიძლება რამდენიმე ათეული წლის მერე არც ისე დამაჯერებლად ჟღერდეს.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button