ანდრაშ პეტეცის უცხოელები
ანდრაშ პეტეცი საშუალო თაობის უნგრელი მწერალია. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბუდაპეშტში, გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული და ორი რომანი: „დაბადების დღე“ და „უცხოელები. ოცდაათი წუთი ომის დაწყებამდე“. მისი ორივე რომანი ბავშვების თავგადასავალს შეეხება, „დაბადების დღის“ მთავარი პერსონაჟია ბიჭი, ხოლო უცხოელებისა – გოგონა, სახელად ანა. „დაბადების დღე“ შედარებით მარტივი რომანია, იგი შედგება მოკლე მოთხრობებისგან, რომელსაც რომანის მთავარი პერსონაჟი ტონი ზიეგლერი მოგვითხრობს, როგორც ბავშვობის დროინდელ თავგადასავლებს. ამ რომანს ახასიათებს თხრობის სისადავე და ბავშვური შთაბეჭდილებების მარტივად გააზრება და გადმოცემა. ისევე როგორც რომანში „უცხოელები“. აქაც აღწერილია ბავშვებისა და უფროსების ურთიერთდამოკიდებულება, დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის, რომელიც შვილების გამარჯვებით მთავრდება. ანა – უცხოელების მთავარი პერსონაჟი –უკანონო შვილია. არ იცის ვინ არის მისი მამა, დედა კი – მსუბუქი ყოფაქცევის ახალგაზრდა ქალია, ანას რთული ფსიქიკა აქვს, რასაც მისი ცხოვრების წესი განაპირობებს. იგი გამძაფრებით შეიგრძნობს დედამისის უარყოფით თვისებებს და ზოგჯერ მისი დედისამდი სიყვარული სიძულვილამდეც მიდის, იგი რამდენჯერმე ამბობს კიდეც, რომ არ უყვარს დედა, რომელიც მას ტყუილების ლაპარაკს და ამორალურ საქციელს აჩვევს. რომანი დაბადების დღე, უნგრეთის ცხოვრების შედარებით მშვიდ პერიოდს ასახავს. ხოლო უცხოელებში ასახულია დრო, როდესაც იმატებს უცხოელების შემოსვლა ქვეყანაში და იმატეს ტერაქტებმა. რომანში აღწერილია რამდენიმე ტერაქტი. ერთ–ერთ ტერაქტს ემსხვერპლა ანას დედა და გოგონა სრულიად მარტო დარჩა. მას მღვდელი პატრონობს. რომანში აღწერილი ბოლო ტერაქტი ჩვენი ვარაუდით, ბესლანის ტრაგედიის გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. რომანი ამ ტრაგედიის მსხვერპლთა საფლავების დასუფთავებით იწყება, სასაფლაოზე ერთმანეთს ხვდებიან ანა და მისი ყავარჯნიანი სკოლის მასწავლებელი, რომელიც ანას არ უყვარს და არც არასდროს ყვარებია. იგი ანას ვერ იცნობს და ანას კი არავითარი სურვილი არა აქვს გამოეცნაუროს მას. ანაც სასწაულით გადაურჩება ტერაქტს, სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს და უკვე ახალგაზრდა ქალად ქცეული თავისი დაღუპული მეგობრების სასაფლაოზე მიდის. მოქმედება ხდება უნგრეთის ერთ–ერთ პატარა ქალაქში, რომლის სახელწოდებაც ჩვენთვის უცნობია. ერთი შეხედვით აქ უნდა გვქონდეს მითოსური ადგილი და მითოსური მოქმედების დრო. თარგმნა დალილა ბედიანიძემ.