სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?
ილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდა რეალურად მის ზემოთ.
არისტარქემ დახატა სქემები, რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურ დამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველა ფიქრობდა, არამედ გარს უვლიდა მზეს. ამის გააზრება ყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება.
არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი, რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები, უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა – სამყარო მექანიზმია, რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთა აღქმაც ადამიანის გონებისთვის შესაძლებელია.
მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლება აიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომაა ასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით.
ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩოგბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს, როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს, ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა, რომ არ იცვლებიან, ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტო ბურთის ტრაექტორიას, არამედ პლანეტების მოძრაობას და ნებისმიერ სხვა რამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით, ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები.
თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდება შემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.
1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმა აზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესად გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამან მაინც ვერ შეცვალა გრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცა და დიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმა რელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდა და თუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი, რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი და ვარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიც იყო მაგალითად გალილეო გალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს და მიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.
გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა, ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა – პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმა იფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა, მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო.
ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეო შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა, რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზად იქცა და ავტომატურად შეასუსტა რელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობა სიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა თავის ნაშრომზე, იმავდროულად ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”.
შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა – დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრო მეტად ამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს, თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას, ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიც ცაში ცხოვრობს. მეცნიერება არ უარყოფს რელიგიას, უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცა რამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს, შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არა ღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?
1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით, სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლია მისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედება იყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან არ შემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ და ამოხსნან, როგორ გაჩნდა სამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სამყაროს სირთულისა და მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.
პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერია ყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში და ზემოთ კოსმოსში. მტვერი, ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდ არეზე არიან გადაჭიმულნი – წარმოადგენენ მატერიას.
მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ, არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთ მზეს და ენერგიას იგრძნობთ სახეზე, ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება.
ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით.
მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათ ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადად შევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით.
ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურად გაჩნდა იმ მოვლენის დროს, რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა, მასთან ერთად კი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიით სავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარ სივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია, სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმა შექმნა ენერგიაც და სივრცეც, დიდი აფეთქება კი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერება სხვა ვარიანტს გვთავაზობს.
ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.
დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას, რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნება ხვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება, რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება.
როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვა უზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულად გაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური და ნეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია, სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის.
თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობა გახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულო ქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყარო თითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს.
ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულია მთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს, არსებობს თუ არა ღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის, მაშინ სულაც არაა საჭირო ღმერთის ცნების შემოტანა მისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა, ისღა გვრჩება, გავარკვიოთ, რა ან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემა თითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.
როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისით გაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა მასალა, როგორიცაა ყავის მარცვლები, წყალი, შესაძლოა რძეცა და შაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას, ჩავალთ რძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურ დონეზე და შემდეგ სუბატომურზე, თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაც რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.
ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და სივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყო ადგილი, სადაც შეინახებოდა უარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნა თუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთა ფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა?
გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნების შემოტანა, რათა ავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილად არ მსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი, რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ რაღაცამ, შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ.
წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა, ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა მთებში. მაგრამ წვიმა საიდანღა გაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ, რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა, ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთ მზეზე. რა არის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი, სახელად ბირთვული სინთეზი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი და ამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება.
ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან, როგორაა სამყაროში დრო და სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო. ეს იდეა რომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.
ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა.
სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანად ანულებს და გვამცნობს, როგორ შექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა. ამ წერტილში მოქცეულია მთელი სამყარო, სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა, რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ, ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ, რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ დიდ აფეთქებამდელ დროზე, რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი და არც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაც შეუპოვრად ვეძებდით, რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობა დასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ დაიწყეს სამყაროს მასასა და ენერგიაზე მოქმედმა ბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე.
ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.
ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.
მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.